ანი ჟირარდო


Annie Suzanne Girardot (1931-2011)



იგი საკუთარ თავს ყოველთვის ოპტიმისტად თვლიდა და სხვებსაც აიძულებდა, რომ იგი საკუთარ თავში დარწმუნებულ ძლიერ ქალად აღიარონ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ საფრა­ნგეთში ვერავინ შენიშნა, თუ როგორ ექცა ნამდვილ კოშმარად ანი ჟირარდოს ცხოვრების უკანასკნელი წლები. 

ანი გაუგონარ დეპრესიაშია ჩავარდნილი, დღეში რამოდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწევა, სულ აღარ ხმარობს კოსმეტიკას და არც საკუთარ გარეგნობას აქცევს ყურადღებას.



ფრანგები ხუმრობენ: "ანი ჟირარდოს სახე ახლა პარიზის რუკას ჰგავსო!.."

"დიახ, ძალიან მახინჯი ვარ, რადგან მე აღარავინ მყავს ისეთი, ვისთვისაც გალამაზება დამჭირდება" - ამბობს ანი ჟირარდო, რომელსაც ამ ბოლო დროს მეხსიერებამაც უღალატა და თეატრის დირექტორებმაც სწორედ ამიტომ აქციეს ზურგი - სპექტაკლი სკანდალად არ გვიქციოსო...

* * *

მათ ერთმანეთი "როკო და მისი ძმების" გადაღებებზე გაიცნეს.... თუმცა ჯერ ძველი ამბები გავიხსენოთ:
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ფილმამდე ათი წლით ადრე ანი სერიოზულად აპირებდა ბებიაქალობის პროფესიის დაუფლებას, თუმცა ეს მედიცინისადმი დაუოკებელი ლტოლვით სულაც არ იყო გამოწვეული. უბრალოდ დედამისი მუშაობდა ბებიაქალად და უმამოდ გაზრდილი ანი ცდილობდა ყველაფერში დედას დამგვანებოდა. ომისდროინდელი ბავშვობის ყველაზე მკაფიო მოგონებანი ანის ცხოვრებაში უკავშირდება არა შიმშილსა და შიშს, არამედ ღამეულ სატელეფონო ზარებს, როცა დედამისს მორიგ მშობიარე ქალთან უხმობდნენ; ანი მარტო რჩ­ე­ბოდა და წარმოიდგენდა ხოლმე - როცა გაიზრდება ისიც სერიოზული სახით დასწვდება ყურმილს და იკი­თხავს - "ჭინთვები უკვე დაეწყო?" - ამის შემდეგ კი შემოაჯდება ველოსიპედს და ღამეში გაუჩინარდება... სახლში კი, ალბათ, მისი პატარა გოგონაც მარტო და­რ­ჩება და გზის მაცქერალს თავზე დაათენდება.
კოლეჯის შემდეგ ანიმ მედდების სკოლაში განაგრძო სწავლა და ერთი უდღეური ბავშვის დაბადებასაც კი გაუძღვა, როგორც ნამდვილი ბებიაქალი. არა­და, მის გულში უკვე შეპარულიყო ოცნება მსახიობ­ო­ბ­აზე და თეთრ ხალათს სიჯიუტითღა დაატარებდა. დედა ხედავდა ყველაფერ ამას და ერთ მშვენიერ დღეს ანის განუცხადა: "წადი, სცადე ბედი, ოღონდ თუ მსახიობად ვერ ივარგებ, კლინიკაში დაბრუნება არ დაგავიწყდეს... აქ კარგი მედდა მაინც იქნებიო!"
და აი, ერთ კვირა დღეს, ანი ეკლესიაში კი არ წავიდა წირვა-ლოცვის მოსასმენად, არამედ მას თავად უსმენდნენ მიმღები კო­მისიის წევრები, როცა იგი იგავ-არ­აკს უკითხავდა მათ. გამომცდელები სიმპათიით განეწყვნენ გოგონასადმი და ამ უკან­ა­ს­კ­ნ­ელს ისღა დარჩა, რომ თეთრი ხალათი კლინიკის მთავარ მეურნეს ჩააბარა, თავად კი - ეს ჩვიდმეტი წლის წაბლისფერთმიანი მომხიბლავი არსება - გულმოდგინედ შეუდგა დღისით სასწავლო თეატრის ლე­ქ­ციებზე სიარულს, საღამოს კი - საათში ჩვიდმეტი ფრანკის საფასურად - კაბარე "როზ რუჟში" კანკანის ცეკვას.
ეს ის დრო იყო, როცა ანის "რომანებისათვის" არ ეცალა, ამგვარი წიაღსვლები მოგვიანებით დაიწყო, როცა მან, დრამატული სკოლის დამთავრებისთანავე, "კომედი ფრანსეზში" დაიწყო მოღვაწეობა. ფრანგი მსახიობისათვის ამ თეატრში მუშაობა იგივეს ნიშნავს, რომ კაცი ხელით ვარსკვლავს წაეპოტინოს, რადგან ეს მოასწავებს სტაბილურ კარიერას, მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილ მატერიალურ შემოსავალს. ანიმ კი ამ ყველაზე პრესტიჟულ ფრანგულ თეატრში მხოლოდ ორი წელი გაძლო და საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა იქიდან. მიზეზი კი, ალბათ, ის გახლდათ, რომ მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ორიოდე პაწია როლი ჟან გაბენისეულ ფილმებში და კინო მისთვის იმ საოცნებო სამყაროდ იყო ქცეული, სადაც ჩქეფდა სიცოცხლე, ზედმეტად აკადემიური "კომედი ფრანსეზისაგან" განსხვავებით.
ანი თითქოს ტყვეობას გაექცა!...ასე რომ, თავბრუდამხვევ ცხოვრებასა და ტრფიალში გადაშვებაში მას აღარავინ და აღარაფერი უშლიდა ხელს; მასაც მოეძალა ის სურვილი, რაც ამქვეყნად ყველა ქალს უმღვრევს გულსა და გონებას - ანისაც სურდა ნამდვილი მამაკაცის პოვნა! ანი ჟირარდოს შემთხვევაში კი მამაკაცის ფენომენი იმიტომაც იყო იდუმალებით მოცული, რომ იგი, როგორც ვთქვით, უმამოდ გა­ი­ზ­ა­რ­და და არავინ და არასოდეს ჰყო­ლია ისეთი, ვინც მასზე იზ­რ­უ­ნებდა და პატრონად დაუდგებოდა.
ვაი, რომ მის საარტისტო გარემ­ოში ასეთი არავინ გამოჩნდა და ანი იძულებული ხდება ორ-სამ პარ­ტნ­ი­ორთან ერთდროულ რომანებში გაებას, რათა რამდენიმე ნაწილობრივი მამაკაცისაგან ერთი `მთელის~ განცდა ჰქონდეს. მამაკაცთან პირველი შეხვედრისას ანი მის ხე­ლებს უყურებდა - თუ ხელები ლამაზი და დახვეწილი იყო, მას საყვარლების კანდიდატთა სიაში იწერდა. მას კი, ვინც იმხანად მისთვის არა­თუ საყვარლის, არა­მედ ქმრობის კანდიდატსაც კი წარმოადგენდა, კიდურები უკიდურესად მშვენიერი ჰქონდა, ეს სცენარისტი და რეჟისორი ნორბერ კარბონო გახლდათ. ანიმ მისგან ნიშნობის ბეჭედიც კი მიიღო, მათ ხანგრძლივი ცოლქმრული ცხოვრება ელოდათ წინ, მაგრამ უცებ... დიდმა ლუკინო ვის­კონტიმ ანის იტალიაში უხმო! მას `როკო და მისი ძმები~ ელოდნენ! 
ნორბერმა თავისი ლამაზი ხელებით ვერ შეძლო საცოლის დაკავება და მადამ ჟირარდო ბედისწერასთან შესახვედრად გაემგზავრა იტალიაში.
* * *
1960 წლის იანვარში ჟირარდო რომში ჩაფრინდა. პირველად მას მოეჩვენა, რომ გადასაღებ ჯგუფში მისი გამოჩენა არავის გაჰხარებია. როლისათვის სხვა მსახიობს ამზადებდნენ თურმე, რომელსაც ბოლო წუთს უარი უთქვამს და ვისკონტი იძულებული გამხდარა კანდიდატურა საფრანგეთში მოეძია; ამ ძიებაში იგი კაპრიზულ ალენ დელონსაც გადაჰყრია; გამოუცდელი ანი და თავნება ალენი კი კარგ იმედებს არ უსახავდნენ იტალიელ მაესტორს; ხოლო მისი თანამემამულე რენატო სალვატორე, რომელიც უკვე ვარსკვლავთა სიაში იყო ჩაწერილი ათიოდე "მუშურ-გლეხური" როლის შესრულების გამო, ნამდვილ დათვს ჰგ­ა­ვდა და ბრიყვივით გამოიყურებოდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო და ანიმ გაიფიქრა - პარიზში ხომ არ დავბრუნდეო?! იგი ყოველდღე ურეკავდა ნორბერს და "დათვების გარემოცვაში" ყოფნას შესჩიოდა... მაგრამ ვინ გაჰქცევია ბედისწერას?!  
...ორი თვის ჩასული იყო ანი იტალიაში, როცა უცებ... რენატო სალვატორემ მას მილანში გასეი­რ­ნ­ე­ბა შესთავაზა (ეს დღე, 19 მარტი, ანის მთელი ცხოვრება ემახსოვრება). მადამ ჟირარდო სულაც არ აპ­ირ­ე­ბდა ორი დღე ამ დათვის გვერდით ყოფნას, რო­მელმაც შესთავაზა ქალაქის ყველაზე მაღალ ტაძარზე აგიყვან და იქიდან საუცხოო პანორამის დაგანახვებო. 
...მილანში კი ამასობაში მზე გაბრდღვიალდა და რენატომაც თავის მშობლიურ ქალაქში თევზივით ჩაყვინთა: აქ მას ყველა კუთხე-კუნჭულში მიესვლებოდა, აქ მას ყველა შეჰხაროდა, აქ, დილიდან საღამომდე მშვენიერ ქალს, როგორც შეყვარებულს, ხელიხელჩაკიდულს დაასეირნებდა და საღამოდან დილამდე გრძნობდა, რომ მართლა შეყვარებულია!
...კაფეში რენატო თავად არჩევს ნამდვილ იტალიურ სადილს და ანის არც ეკითხება, ისე უკვეთავს ორ პორციას ორი ბოთლი საუკეთესო იტალიური ღვი­ნის თანხლებით; მას, მგონი, სულაც არ აღელვებს ანის გემოვნება და ქალს აჭმევს იმას, რაც მას უყვარს.
...რენატო საათობით დააბიჯებს მილანის ქუჩებში და არც-კი ახსენდება, რომ ანი მაღალ ქუსლებზეა შემომდგარი... მერე რა! - სამაგიეროდ, საყვარელ ქალს თავის საოცნებო ქალაქს აჩვენებს!
...აგერ, ვიღაც ბეხლეწებს პატარა ქურდბაცაცა ბიჭი დაუჭერიათ და უმოწყალოდ ურტყამენ... რენატოს აღარც ანი ახსოვს და აღარც სიყვარული!... ქუჩური ჩხუბი მისი სტიქიაა და ისიც ძიძგილაობის ორომტრიალში ეშვება... მერე რა, რომ ანი კივის და სახეზე ხე­ლებს იფარებს... სამაგიეროდ ბიჭუნა თავს აღწევს ბეხლეწების მუშტებს, თავად სალვატორეს კი კურტაკი ორ-სამ ადგილას გარღვეული  აქვს და სახეზეც ორიოდე ნაკაწრი ატყვია... სამაგიეროდ, უმშვენიერესმა ფრანგმა ქალმა საკუთარი თვალით ნახა ნამდვილი იტალიური მუშტიკრივი!...
ანი? ანი კი სულაც არ არის ის­ე­თი ქალი, ვინც რამოდენიმე თვა­ლთმაქცური "არას" შემდეგ ვნებიან "ჰო"-ს ეტყვის თავის რჩეულს... რა დროს თვალთმაქცობაა, როცა მთელი ცხოვრება ეძებდა კაცს (პატ­რ­ო­ნს!) და ახლა იგი მის წინ სახე­და­კ­ა­წრული დგას!...
ის ღამე იყო მათთვის პირველი და ხანგრძლივად გაწელილი ამ წუთისოფელში...
* * *
"როკო და მისი ძმები" მთელმა მს­ოფლიომ ნახა და შეიყვარა, მაგ­რ­ამ ანის და რენატოს ეს სულ არ აღელვებდათ, რადგან მათ თავისი სიყვარული ჰქონდათ საპატრო­ნ­ე­ბ­ელი. ვაჟი ყოველდღე რაღაც ახალს ნახულობდა ქალში და ყოველი აღმოჩენა მეტი ღირსებით ამკობდა მას. ვაჟს მოსწონდა, რომ მისი რჩ­ე­ული ქალი ნაკლებად იყო პრანჭვა-გრეხას გადაყოლილი, რომ მის სახეზე მაკიაჟის ნაკვალევიც კი არ ჩანდა; ის ერთადერთი სისუსტე კი, რაც ანის გადაჭერბებულ კაპრიზულობაში გამოიხატებოდა თეთრეულის მიმართ, ვაჟს სიამოვნებდა და აღაგზნებდა კიდეც... (სხვათა შორის, ოცდაათიოდე წლის შემდეგ ანი ჟირარდო ერთ საბჭოურ ფილმში გადა­ი­ღ­ეს, სადაც მის გმირს საბჭოელი ქალის შესაფერი უხ­ეში ბამბის ქსოვილით ნაკერი ბიუსტჰალტერი უნდა ეტარებინა, მაგრამ ანიმ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა: "სჯობს შიშველმა ვიარო, ვიდრე ეს პარაშუტი ჩავიცვაო").
ყველაზე მეტად კი რენატოს ის მოსწონდა, რომ ანი თანდათანობით ნამდვილ იტალიელ ქალს ემგვანებოდა: ბაზარში უზარმაზარი ჩანთით დადიოდა და დი­დ­ხანს და აზარტულად ევაჭრებოდა ნაირგვარ მეწვ­რილმანეებს!... გზად კი, თუ უპატრონო ძაღლს ან კატას დაინახავდა, აუცილებლად მოეფერებოდა და საჭმელსაც უხვად დაუყრიდა...
ის დღე, როცა რენატომ ანის ფეხმძიმობა შეიტყო, ნამდვილ ზეიმად იქცა, რადგან ახლა უკვე მათს ცოლ­ქმრობას აღარაფერი შეუშლიდა ხელს. ასე და ამრიგად, ანი ჟირარდო  სინიორა სალვატორეს ოფიციალური ტიტულით ფორტე დეი მარლიში გადაბარგდა და სულ მალე დაიბადა ჯულია - ცოცხალი თოჯინა!

შვილის შეძენის შემდეგ ანი ჟირარდომ სამი ულამაზესი წელი გაატარა იტალიაში. მას ცოტ-ცოტას ათამაშებდნენ ფილმებში იტალიელი რეჟისორები, მაგრამ იმხანად ანისთვის მთავარი მაინც რენატო და მისი თავქარიანი ცხოვრება იყო. ამ მართლაც-და ამ გიჟმაჟი იტალიელისათვის საერთოდ არ არსებობდა ისეთი ცნება, როგორიცაა სიფრთხილე.... ცხენები, თხილამურები, მანქანით თავაწყვეტილი ჯირითი რომის ქუჩებში - აი, ის თავბრუდამხვევი სტიქია, სადაც რენატო სიცოცხლის აზრს პოვებდა. ამ კაცის აზარტს საზღვარი არ გააჩნდა და ხასიათის ამ თვისებას მაშინაც კი ამჟღავნებდა, როცა პატარა ჯულიასთან ლოტოს თამაშობდა. ბანქოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ამგვარ გართობებში მისი უცვლელი პა­რტნიორი ადრიანო ჩელენტანო გახლდათ და ერთი ასეთი პაექრობისას ადრიანომ "მერსედესიც" კი წააგო რენატოსთან.
...ანის ამგვარი ცხოვრება არ შეეძლო... იგი მალე იღლებოდა თავაწყვეტელი რიტმისაგან.
არც სიყვარულში იყო მთლად დალაგებული რენატო სალვატორე. მას შეეძლო ყველაზე "ეკზოტიკურ" სიტუაციებში მოეთხოვა ანისგან ცოლქმრული ურთიერთობის აღსრულება და საოცარი ისაა, რომ ეს ვნება მასში კი არ იკლებდა, არამედ დღითიდღე მატულობდა და მთელი ცხოვრების მანძილზე შემორჩა.
რენატო მზრუნველი მეუღლე და მამა იყო, თუმცა ამ მზრუნველობას თავისებურად ამჟღავნებდა: ერთხელ ანი ჟირარდო მარკო ფერარის დასთანხმდა ერთი რიგით ფილმში მონაწილეობაზე; დაიწყო გადაღებები და მან რეჟისორთან საერთო ენა ვერაფრით გამონახა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ საღამოს, გადაღების შემდეგ, ანი აცრემლებული დაბრუნდა სახლში; ქალის ცრემლები საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ რენატოს სიგიჟე გამოეწვია; იგი შლეგივით გა­ვარდა მარკო ფერარისთან და მუშტიკრივით გაა­რკვია ანისთან დაკავშირებული კონფლიქტი... 
...დიახაც, რომ აღაფრთოვანებდა ანი ჟირარდოს ამგვარი მზრუნველობა... მაგრამ...
სამიოდე წლის შემდეგ გაირკვა, რომ ანის ოდნავ მოენატრა ნამდვილი კინო, რომ მას დიდი საქმის წამოწყება სურდა, რომ მცირე ხნით მაინც ეწადა რენატოს სიფიცხისაგან გაცლა და დამშვიდება. გამუდმებულმა აყალმაყალმა, ნასვამი ქმრის ხუშტურებმა  ხმაურიანმა აღსარებებმა ზღვარს მიაღწიეს და... სრულიად მოულოდნელად მარსელ კარნემ დიდი და საინტერესო როლი შესთავაზა ანის.
ცოლის გამგზავრების წინა საღამოს რენატო საგანგებოდ დათვრა და ანის წინაშე ვედრებით დაემხო - "არ წახვიდე, არ მიმატოვო"-ს ძახილით, მაგრამ ანი ჟირარდო წავიდა და იმ დღიდან მისი ახალი ცხოვრებაც დაიწყო. კვლავ ცვენაზე წამოვიდა როლები, კვლავ ალაპარაკდა პრესა, კვლავ გადმოვიდნენ შემოტევაზე ფოტოგრაფები... რენატო კი... რენატოს სულ უფრო ნაკლებად სთავაზობდნენ სამუშაოს, სულ უფრო ნაკლებად ხედავდა მას მაყურებელი; მას შეერყა ჯანმრთელობაც და თავმოყვარეობაც და ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ჟურნალისტმა იგი "მუსიე ჟირარდოდაც" კი მოიხსენია. თითქოს ეს იყოო საბაბი იმისა, რომ რენატოს ცოლის მიმართ უსიმპათიო გრძ­ნობები შემოეპარა. რენატო უმუშევარი დაწანწალებდა რომის ქუჩებში და ანის არც ბარათებზე პასუხობდა და არც პარიზიდან წამოსულ სატელეფონო ზარებზე ახდენდა რეაგირებას. 

...დასრულდა მორიგი გადაღება და ანიმ მორიგ სამუშაოს იტალიაში დაბრუნება არჩია. ჩაფრინდა რომში, მღელვარებისაგან აკანკალებულმა შეაღო ოდესღაც ბედნიერების მომტანი სახლის კარი, მაგრამ იქ არავინ დახვა. ანიმ უმალ შემოირბინა ახლომდებარე ბარ-რესტორნები, მაგრამ რენატოს კვალსაც ვერ მიაგნო... დილით ერთმა გულისხმიერმა ტაქსისტმა სიმთვრალისაგან გონსგადასული რენატო ძლივს აათრია კიბეებზე. ამ დღიდან დაიწყო ის კოშმარი, რასაც ცოლქმრული ურთიერთობის ნგრევა ჰქვია.  გიჟმაჟი იტალიელის დაკარგვა, შესაძლოა, არც იყო დიდი ტრაგედია, მაგრამ საშინელება აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ ეს "იტალიელი დათვიც" სუსტი და სულმოკლე არსება აღმოჩნდა. 
* * *
ანი მთელი ცხოვრება დაეძებდა ნამდვილ მამაკაცს, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, სადღაც ზევით, განგებას არ ჰქონდა გათვალისწინებული მისთვის ამგვარი მამრის გამეტება.
...თუმცა ყოველივე ამას ანი ჟირარდო ქვეცნობიერად გრძნობდა, რეალურად კი იძულებული შეიქნა დარჩენილიყო ქმართან და მისი, როგორც პირ­ოვნების, გადარჩენაზე ეზრუნა. ამ ხანში მრავალი პრობლემის წინაშე მოუხდა დგომა ქალს და იმედგაცრუებათა კასკადმა კვლავ საკმაო ენერგიით გადმოჩქეფა. და როცა მორიგ გადაღებებზე მიიწვიეს ანი ჟირადო პარიზში, მას ულტიმატუმიც წაუყენა მეუღლემ: ან პარიზი ან რომი! რა თქმა უნდა, პარიზი, მაგრამ რომი? რენატო? ჯულია? ეგებ მეორე ბავშვი გააჩინოს, რაც ყველას ყველაფერს დაავიწყებს და სუსტისა და ძლიერის გარჩევის დროს აღარ დაუტოვებს კოშმარში გახლართულ ცოლქმარს? 
რაღაც ამდაგვარი ჭიდილი საკუთარ თავთან აკვიატებული იდეასავით სდევდა უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მსახიობ ანი ჟირარდოს. ერთხელ, ნიუ-იორკში რომ იყო გადაღებებზე, ანის ძალიან მოუნდა სახლში დაბრუნება, მაგრამ სად იყო მისი სახლი?! პარიზში - ცარიელ ბინაში? რომში - ლოთ ქმართან? თუ კორტინო დ'ამპეცოში, სადაც ჯულია უკვე ნამდვილ იტალიელ ქალად იყო აღზრდილი?
პარიზში! მაინც პარიზში! ჩავიდა ანი ჟირარდო პარიზში, მიწვა თავის საყვარელ დივანზე, რომლის თავთით დროდადრო წკრიალებდა ტელეფონი და მიხვდა, რომ დაიღალა! დაიღალა საკუთარი თავისაგან, დაიღალა ცხოვრებისაგან, დაიღალა... რენატოსაგან, რომელმაც თითქოს გუმანით შეიტყოო, რომ ანი პარიზშია და ცოლს აუწკრიალა ტელეფონი - "რომში ჩამოდი, შენ მე მჭირდებიო". და ამას მოჰყვა არა არტისტული, არამედ რეალური ცხოვრებისეული პაუზა, რომლის ბოლოსაც ანი ჟირარდომ გულგრილი ტონით განუცხადა რენატო სალვატორეს - "ვერ ჩამოვალ, დავიღალე!"
დაიღალა ანი ჟირადო, მაგრამ არა კინოსათვის. მეორე დილით კვლავ აწკრიალდა ტელეფონი და კლოდ ლელუშმა სახელოვანი ფრანგი მსახიობი მორიგ გადაღებაზე მიიწვია.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლელუში ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ანის სამუშაოდ იხმობდა. ათი წლით ადრე ამ რეჟისორს ჟირარდო მუშაობისას ენახა და ფიცი მიუცია საკუთარი თავისთვის, რომ მასთან ერთად ფილმს გადაიღებდა. პირველი შეხვედრისთანავე კლოდმა გამაოგნებელი ვნებით შეხედა ანის, ამ უკანასკნელმაც უმალ შენიშნა, რომ კაცს საოცრად ლამაზი ხელები ჰქონდა... 
ლელუშს ჰყავდა ცოლი, ჟირარდოს კი - ქმარი, მაგრამ ამას რატომღაც ხელი არ შეუშლია მათთვის!

...კლოდ ლელუშმა ისეთი მამაკაცური მომხიბვლელობა გადმოაფრქვია საკმაოდ შეზღუდულ დროში, რაც არსად და არასოდეს ენახა უკვე ცხოვრებაგამოვლილ ანი ჟირარდოს. მიმდინარებდა გადაღებები და პარალელურად ვითარდებოდა ლელუშ-ჟირარდოს მშვიდი და მდორე რომანიც. გაზეთებში ამ "ნაზი წყვილის" სურათებმაც გაიელვას, რასაც საკმაო გულგრილობით შეხვდნენ ორივე, რადგან იცოდნენ, რომ გადაღებების დასრულებასთანავე  დასრულდებოდა მათი ტრფიალიც. ასეც მოხდა! სხვათა შორის, დიდი ხნის შემდეგ, როცა რენატო უკვე აღარ იყო ცოცხალი, ლელუშმა კვლავ მიიწვია ანი გადაღებებზე. ყველაფერი ის, რაც ადრე ხიბლავდა ამ კაცში ჟირარდოს, ახლა უკვე საოცრად აღიზიანებდა... ეს ხმადაბალი საუბარი, განაზებული ღიმილი, დახვეწილი მანერები... ყველაზე მეტად კი ლელუშის ვნებიანმა მზერამ გაახელა ქალი და ერთხელ, მთელი გადამღები ჯგუფის წინ ჟირარდომ უყვირა ლელუშს: "ნუ მიყურებ დამბლადაცემული ძროხასავით! ან მითხარი, რა გავაკეთო, ან გავიქცევი ამ ნაგვის ყუთიდან!"-ო 
* * *
...ხანგრძლივი განშორების შემდეგ რენატოს რომ ხვდებოდა ხოლმე, თავზეხელაღებულ იტალიელს თვალები ცრემლებით ევსებოდა. მან ყველაფერი იცოდა ცოლის წარმატებების შესახებ. იგი საათობით უყვებოდა, როგორ ელოდნენ ის და ჯულია ოჯახის დედის დაბრუნებას, რომ მას კინომ ზურგი აქცია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფილმად მაინც "როკო და მისი ძმები რჩება", ანი გამუდმებით უმტკიცებდა, რომ რენატოს წინ კიდევ დიდი მომავალი ელის, რომ იგი ღირსია მსოფლიო აღიარებისა, მაგრამ ქმარი ნაღვლიანად უღიმოდა, ჩანდა, რომ ეს იმედები მისთვის აუხდენელი ზღაპრის ტოლფასი იყო და უკვე აღარ ევედრებოდა, რომ დარჩენილიყო რომში, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
ახლა უკვე უმუშევარ რენატოს შეეძლო პარიზში გადაბარგებულიყო, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა ამის უფლებას. იგი პარიზში არ წავიდა მაშინ, როცა ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე მამაკაცი იყო და, მით უმეტეს არ გააკეთებდა ამას ახლა, როცა დაბერდა, თითქმის მთლად გალოთდა და როცა აღარაფრის შეცვლა არ შეეძლო.                
დრო გადიოდა და რენატოს ცხოვრებისაკენ შემობრუნება სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა შო­რეულ მირაჟს. ანი ორიოდე დღით ჩადიოდა მასთან რომში და კვლავ უბრუნდებოდა პარიზის გამოცა­რ­ი­ელებულ ბინას. ერთხელ ანიმ ბობ დეკუს საგანგებოდაც კი და­აწერინა პიესა რენატოსათვის და სპექტაკლის დადგმისათვის იმდენი სახსრები გაიღო, რომ გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა, მაგრამ ვერც ამან შემოაბრუნა მისი ქმარი ცხოვრებისაკენ.
რომიდან ყოველი დაბრუნების შემდეგ ანი ემოციურ განტვირთვას საჭიროებდა, რაც დაავიწყებდა მას იმ კაცს, ვინც მისი ცხოვრება გაუაზრებელი გზებით და მიმა­რ­თულებებით ატარა. ეს "განტვ­ი­რ­თ­ვა" კი თანდათანობით ალკო­ჰო­ლისა და ნარკოტიკებისაკენ გადა­ი­ხარა. იყო დრო, როცა ანი ჟირარდო რესტო­რნებიდან ვერ გამოჰყავდათ, სადაც იგი უზომო რაოდენობის საჭმელს ანადგურებდა, რასაც ისეთი ხანგრძლივობის შიმშილობა მოსდევდა, რომ მეგობრები სერიოზულად ზრუნავდნენ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე... იყო ასეთი დრო!
1988 წელს კი, ხმელთაშუა ზღვაზე ქალიშვილთან ერთად რომ ისვენებდა, ანი ჟირარდოს აცნობეს, რომ რენატო სალვატორე გარდაიცვალა. რა იგრძნო ქალმა? მხრებიდან ჩამოხსნა უზარმაზარი ტვირთისა, რასაც იგი მთელი ცხოვრება დაატარებდა პარიზსა და რომს შორის, მაგრამ ეს აზრი უმალ განიშორა ანიმ, რადგან იგრძნო, რომ რენატოს სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა მორიგი განშორება საყვარელ ადამიანთან!...
* * *

"მე აღარავინ მყავს ისეთი, ვისთვისაც გალამაზება დამჭირდება" - ამბობს ახლა ანი ჟირარდო და მისი სახე სულ უფრო მეტად ემსგავსება პარიზის რუკას.


Комментариев нет:

Отправить комментарий