воскресенье, 22 марта 2015 г.

ჯოდი ფოსტერი


Jodie Foster  
დაიბადა 1962 წლის 19 ნოემბერს ლოს-ანჯელესში
ნამდვილი სახელი და გვარი - ალისია კრისტიან ფოსტერი

ჯოდი ფოსტერი ჰოლივუდის კინოკრიტიკოსის ეველინ ფოსტერის ოჯახში დაიბადა. იგი ამ ქალბატონის რიგით მეოთხე შვილი გახლდათ, რომლებსაც დედა ქმრის გარეშე ზრდიდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეველინ ფოსტერს ყველა საკმაოდ ენერგიულ და ამდენად დამოუკიდებელ ქალბატონად იცნობდა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ შვილებს თავიდანვე შეუქმნა ყველა პირობა, რათა მასავით დამოუკიდებელი ადამიანები ყოფილიყვნენ, თუმცა ერთი წამითაც არ მოუდუნებია ყურადღება მათი კარიერის მიმართ. 
ჯოდი ფოსტერის კინოკარიერის დაწყებაც დედის მცდელობას უკავშირდება. ერთხელ, როცა იგი სამიოდე წლის იყო და ძლივს ლაპარაკობდა, დედამ იგი გადაღებებზე წაიყვანა, სადაც მის ერთადერთ ძმას, ბადის,  სარეკლამო რგოლში იღებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ იმის გამოისობით მოხდა, რომ ეველინს ბავშვის დამტოვებლი არავინ ჰყავდა და იძულებული იყო ეს სამი წლის გოგონა ყველგან თან ეტარებინა. და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, მოხდა სასწაული - კოსმეტიკური ფირმა "Coppertone"-ს მესვეურებს იმდენად მოეწონათ პატარა ალისია (შემდგომში ჯოდი), რომ სწორედ მისი გადაღება მოისურვეს თავისი პროდუქციის რეკლამირებისათვის.
...მას შემდეგ ჯოდი ფოსტერის კინოგადაღებები არ შეწყვეტილა!
რვა წლის ასაკისათვის იგი უკვე ორმოც სარეკლამო ფილმში იყო გადაღებული და ყოველთვის, როცა კი ჰოლივუდში პატარა გოგონას როლის შემსრულებელი დასჭირდებოდათ, თითქმის ყოველთვის მას იწვევდნენ. ასე გადაიღეს იგი რამოდენიმე "რიგით" ფილმში, რასაც პირველი სერიოზული სამუშაო - მთავარი როლი  - მოჰყვა ფილმში "ნაპოლეონი და სამანტა" (1972 წ.) და ამაში ყველაზე დიდი დამსახურება ჯოდის დედას, მადამ ეველინს მიუძღვის.
მალე ალისია (უკვე ჯოდი) ფოსტერი ნამდვილი "ამერიკელი გოგონას" სიმბოლოც კი გახდა და ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ როცა მუსიკალურ ფილმ "ტომ სოიერს" იღებდნენ, ამერიკელთათვის ერთობ საყვარელი და მისაბაძი ბეკი ტეტჩერის როლზე უყოყმანოდ მიიწვიეს სწორედ ჩვენი თხრობის გმირი.
* * *
ფოსტერის შემოქმედებაში ე.წ. "ბავშვური როლები" მაშინ დასრულდა, როცა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ იგი საკმაოდ გახმაურებულ ფილმში - "ალისა აქ აღარ ცხოვრობს" (1974 წ) - გადასაღებად მიიწვია. ამას ერთი წლის შემდეგ იმავე სკორსეზეს ფილმი "ტაქსისტი" მოჰყვა, სადაც ჯოდიმ პატარა მეძავი გოგონას როლი განასახიერა და პირველი "ოსკარიც" დაიმსახურა.
"ტაქსისტის" შემდეგ ჯოდიმ ბევრი დიდი თუ პატარა როლი ითამაშა, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დასამახსოვრებელი და მათში მონაწილეობა, შეიძლება ითქვას, ისევ დედამისის ახირებაა, რომელიც თანხმდებოდა ყველა როლზე, ოღონდ კი მისი ქალიშვილი ეკრანზე გამოჩენილიყო. ერთხელ, უკვე ზრდადასრულებულმა და პოპულარულმა ჯოდიმ ისიც კი დაიჩივლა, რომ დედამისი დღემდე დაიარება მის გადაღებებზე და განსაკუთრებით მუშაობის პირველ თვეს “აკონტროლებს”.
ასეა თუ ისე, დედამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჯოდი ფოსტერის კარიერაში და მან ისიც კი არ დაივიწყა, რომ მის ქალიშვილს სამოქალაქო პროფესიაც სჭირდებოდა... ყოველი შემთხვევისათვის. ასე, დედის გათვლა-გაანგარიშებით, მოხვდა ჯოდი ფოსტერი 1980 წელს იელის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც მან, ჩვენებური თქმისა, არ იყოს “წითელ დიპლომზე” დაამთავრა... თუმცა მთავარი მაინც კინო იყო და 1985 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯოდი კვლავ მთელი არსებით გადაეშვა კინოსამყაროში. 
თუმცა მანამდე ერთი ფაქტი მოხდა, რამაც ჯოდი ფოსტერი, არც მეტი არც ნაკლები, აშშ-ს ისტორიის სახელმძღვანელოში შეიყვანა. ეს მოხდა 1981 წელს, როცა ვინმე ჯონ ჰინკლიმ აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს ესროლა და... სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს ერთადერთი მიზნით გააკეთა - რათა ჯოდი ფოსტერის ყურადღება მიეპყრო!... 
თუმცა ისევ კინოს დავუბრუნდეთ, სადაც ჯოდის პირველი დიდი წარმატება, როგორც “ზრდადასრულებულ” მსახიობს, 1988 წელს ელოდა ჯონათან კაპლანის მიერ გადაღებულ ფილმში “მსჯავრდებული”. ამ ფილმისათვის მან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის “ოსკარი” დაიმსახურა. წარმატებათა ყალყზე მოქცეულმა მსახიობმა, როგორც ეს ხშირად ემართებათ ხოლმე მის კოლეგებს, თავადვე განიზრახა რეჟისორობა და 1991 წელს გადაიღო ფილმი “პატარა ადამიანის ამბავი”, სადაც თავადვე განასახიერა მთავარი როლი, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, რასაც მოჰყვა მისი კარიერის, ალბათ, ყველაზე წარმატებული როლი ფილმში “კრავთა დუმილი” (ენტონი ჰოპკინსთან ერთად). ამ როლმა ჯოდის მეორე “ოსკარი” და ამერიკული კინოს ელიტაში დამკვიდრება მოუტანა.
1994 წლიდან, როცა ჯოდის მყარი ფინანსური მდგომარეობა შეემნა, მან პროდიუსერობასაც მიჰყო ხელი და აქაც წარმატებას მიაღწია - მისმა ფილმა “ნელიმ” (სადაც თავად ჯოდი რაღაც თანამედროვე მაუგლის მსგავს პერსონაჟს ასახიერებდა) კიდევ ერთი “ოსკარი” მოუტანა მას, როგორც პროდიუსერს. 
* * *
...ჯოდის პირად ცხოვრებაზე კი საკმაოდ ორაზროვანი ჭორები დადის. პრესა დიდხანს წამლავდა მას და არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას უყენებდა “ბრალდებად”, თუმცა მან ეს "ბრალდებები" ნაწილობრივ გააბათილა  და 1998 წელს შობა ვაჟი, ჩარლზი... მამის ჩარევის გარეშე, ანუ მან ეს "ქალური აქტი" ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით განახორციელა. ამბობენ, რომ მან "ამ საქმისათვის” ისეთი დონორი შეარჩია, რომლის გონებრივი კოეფიციენტი 160-ს უდრის, თუმცა მისი სახელი დღემდე არ გამოუაშკარავებია...
დღეს ჯოდი ფოსტერი "დედობის" ნამდვილ სიმბოლოდაა მიჩნეული. არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი ვაჟის მომავალი უღრუბლო და უზრუნველყოფილი იქნება. "ოსკარებით" ხელდახვავებული მსახიობი არაფერს იშურებს შვილის აღზრდისათვის, ასე მაგალითად, მან 480 ათასი დოლარი გადაიხადა იმ ფანტასტიურ კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მის ბინაში დაამონტაჟეს და რაც მას საშუალებას აძლევს, შვილს ყველგან თვალი ადევნოს და არასოდეს გაწყვიტოს მასთან კავშირი თვით მაშინაც კი, როცა იგი საზღვარგარეთაა გადაღებებზე.
ერთხელ მსახიობმა (თავის ქვეყნის სტილში) იხუმრა - "მე იმდენად მომეწონა ფეხმძიმობა, რომ ამას პროფესიად გავიხდიდი, მასში ისეთივე დიდ ფულს რომ მიხდიდნენ, როგორც კინომსახიობობაშიო... ფეხმძიმობის ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერება იყოო ".
აი, ასეთია (ხუმარა) ჯოდი ფოსტერი!
* * *
პრესა კი კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალს ჯოდი ფოსტერის ახალ გატაცებას, რაც მის დიდ მეგობრობაში გამოიხატება მისი კინოგადაღებების კოორდინატორთან მისის ბერნჰარდთან. (იმავე) პრესის მონაცემებით დაქალები გამუდმებით ერთად არიან, ზღაპრულ ჰოლივუდურ რესტორნებშიც ერთად სადილობენ და... თუმცა კი ცდილობენ ნაკლები ყურადღება მიიპყრონ,  რასაც პრესა არაფრის დიდებით არ "თანხმდება"...
...თუმცა ეს ამერიკის პრესის პრობლემებია, ჩვენ კი უბრალოდ შევეცადეთ ჯოდი ფოსტერს გავცნობოდით ახლოს!...

ალ.ელერდაშვილი