суббота, 29 августа 2015 г.

იტალიური კინოს ყველაზე ლამაზი ქალი

კლაუდია კარდინალე 

Claudia Cardinale

დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ტუნისის დედაქალაქ ტუნისში, როგორც კლოდ ჟოზეფინ როზ კარდინალე.
დაბადებით - აფრიკელი, აღზრდით - ფრანგი, ეროვნებით - იტალიელი...
მთავარი ფილმები: "ლეოპარდი" (1963 წ. რეჟ. ლუკინო ვისკონტი), "81/2" (1963, რეჟ. ფედერიკო ფელინი), "ერთხელ ველურ დასავლეთში" (1969, სერჯო ლეონე), "ფიტცკარალდო" (1982, ვერნერ ჰერცოგი).
გადაღებულია მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში - "წითელი კარავი" (1971).

მის ანგარიშზე უკვე 95 კინოფილმი ითვლება და კვლავაც იღებს მონაწილეობას გადაღებებში, ოღონდ სატელევიზიო ფილმებში.

* * *
ეს იყო 50-იანი წლების დასაწყისში, ტუნისში რაღაც საქველმოქმედო მეჯლისი უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარალელურად ტუნისის ყვლაზე ლამაზი იტალიელი გოგონა უნდა აერჩიათ. დარბაზის შესასვლელთან კი იდგა გოგონა და მეჯლისის ბილეთებს ყიდდა... უცებ მას ვიღაც სწვდა და აღტაცებით შესძახა: "ულამაზესი გოგონა დარბაზში კი არა, მის გარეთააო" და გოგონა გონსაც არ იყო მოსული, რომ იგი მშვენიერ სამოსში გამოაწყეს და იმ მეჯლისის ულამაზესი ქალბატონის გვირგვინით შეამკეს... პრიზი კი გამარჯვებისათვის ვენეციის კინოფესტივალზე დასწრება გახლდათ... ასე მოხვდა ტუნისელი კლაუდია კარდინალე თავისი სამშობლოს უპირველეს კინოფორუმზე და მთელი ვენეციის ფოტორეპორტიორები თავს დაეხვივნენ მას და მაშინვე დაანათლეს ტიტული "ულამაზესი იტალიელი ქალისა", რაც კლაუდიამ შემდგომ მთელი სისრულით დაადასტურა...

არადა, წუთისოფლის ამგვარი ზღაპრული შემობრუნების პარალელურად კლაუდიას ცხოვრებაში საკმაოდ ბინძური ამბები განვითარდა... ვიღაც არისტოკრატმა ნაძირალამ აცდუნა იგი და ტუნისში დაბრუნებულმა გოგონამ ისღა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. ეს ამბავი კლაუდიას ცხოვრებისათვის ნამდვილად წარღვნის მაგვარი მოვლენა გახდა და იგი თვითმკვლელობისათვის გაემზადა, მაგრამ კინოს სამყაროში ახლადმოვლენილი ლამაზმანის სიკვდილს არავინ დაუშვებდა და ამიტომაც ერთმა უმსხვილესმა იტალიურმა კინოკომპანიამ კლაუდია სასწრაფოდ გააგზავნა გადაღებებზე რომში; კლაუდიას ფეხმძიმობის ამბავი კი დასამალი რომ ვეღარ შეიქნა, მან ყველაფერი პროდიუსერ ფრანკო კრისტალდის გაანდო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მშვენიერი გოგონა საღი და საღსალამათი შესდგომოდა კინოსამსახიობო კარიერას. კრისტალდიმ კლაუდია ლონდონში გაამგზავრა, მშობიარობის ყველანაირი ხარჯებიც თავად გაიღო და ახლადშობილი ბავშვი იტალიაში ჩამოიყვანა, როგორც კლაუდიას ძმა (...კლაუდიას დედაც წინასწარ იყო შემზადებული); სანაცვლოდ კი ფრანკო კრისტალდიმ კლაუდიას გული მოინადირა და მალე ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება დიდი ვერაფერი სახარბიელო აღმოჩნდა კლაუდიასათვის...
მალე კლუდიას ცხოვრებაში გამოჩნდა ლუკინო ვისკონტი, რომლის შესახებაც მან თქვა, რომ ამ რეჟისორს შეუძლია მსახიობად თვით ქვაც აქციოსო... თავის მხრივ არც ლუკინომ დაიშურა კლაუდიასათვის საქებარე სიტყვები და იტალიური კინოს ყველაზე ამაღელვებელი ქალი უწოდა; ასეა თუ ისე, მათ ერთმანეთი იპოვეს, არადა, ამ მშვენიერი ტუნისელის გულის მოგებას თვით ალბერტო მორავიაც ცდილობდა და მას "სიყვარულის ქალღმერთიც" კი უწოდა. თუმცა კლაუდიას ღირსებათა ყველაზე ორიგინალური შემფასებელი რეჟისორი დევიდ ნაივენი აღმოჩნდა, რომელმაც ერთხელ თქვა: "კლაუდია არის ყველაზე კარგი ქმნილება, რაც იტალიელებს შეუთავაზებიათ მსოფლიოსათვის, თუ, რა თქმა უნდა, მაკარონს არ ჩავთვლით"-ო.

იმპროვიზირებული ინტერვიუ

- უკვე თორმეტი წელია, რაც თქვენ კინო მიატოვეთ... რატომ მოხდა ეს?
- ყველაფერში ასაკია დამნაშავე... ახლაც მთავაზობენ როლებს, მაგრამ ეს უბრალოდ გაგრძელებაა ჩემი წარსულისა, მასში სიახლე არაფერია, მე კი გამუდმებით ძიებაში ვარ და ამიტომ მივაშურე თეატრს... იქ ჩემი სამსახიობო კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო.
- გახსოვთ, ჰოლივუდშიც რომ მიგიწვიეს?
- ეს 1963 წელს მოხდა; კონტრაქტის გაფორმებამდე მცირე ხნით მერილინ მონროს საგრიმიოროში მომიხდა ჩამოჯდომა...
- ეს ალბათ განგების ნება იყო, რადგან თქვენც მერილინივით სექს-ბომბის სახელი მოგაკერეს...
- ალბათ... მე ხმელთაშუაზღვისპირა ჰეტერადაც მომნათლეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არასოდეს ყოფილა რეალური ამბავი, რადგან მე არასოდეს გავშიშვლებულვარ კინოკამერის წინ...
- ძნელია ამის დაჯერება?!
- უნდა დაიჯეროთ, სხვა გზა არ გაქვთ.
- თქვენ ძალიან ბევრს ეწევით.
- ვიცი. ძალიან ბევრს ვეწევი; მე ეს თავადაც მიკვირს, რადგან თამბაქოს სუნს ვერ ვიტან... ერთხელ, "სანდრას" გადაღებებზე ლუკინო ვისკონტიმ მოისურვა, რომ ჩემს გმირს სიგარეტი მოეწია, მე მას დავუჯერე და ახლა სანანებლად მექცა ეს.
- თქვენს ბინაში უამრავი ყვავილებია.
- სადაც არ უნდა ვცხოვრობდე - სახლში თუ სასტუმროში - მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ბევრი ყვავილები მეხვიოს გარს... რაც უფრო მოწყენილი ვარ, მით უფრო დიდ თაიგულს ვაკეთებ ხოლმე და ეს სევდას მიქარვებს.
- რა არის თქვენთვის პარიზი?
- ჩემი ცხოვრება გამუდმებულ მგზავრობებში გავატარე და ძალზედ მიხარია, რომ ახლა პარიზში, ჩემს სახლში ვატარებ უმეტეს დროს. მე აქ ყველაფერი მიყვარს: ჩემი ბინა, მზე, სენა... ძალიან მიყვარს ამ მდინარის თვალთვალი, ეს რაღაცით ჩემს ცხოვრებას წააგავს...
- რომმა მოგაბეზრათ თავი?
- არა, მე პარიზში 1989 წელს ჩამოვედი გადაღებებზე; მაშინ ჩემი გოგონა 10 წლის იყო და ძალიან მინდოდა, რომ მას ფრანგულ სკოლაში ესწავლა... აი, ასე, ჩემი გოგონას წყალობით (სხვათა შორის მასაც კლაუდია ჰქვია) დავრჩი მე პარიზში.
- თქვენ ტუნისში ძალიან უყვარხართ...
- წარმოშობით მე აფრიკელი ვარ, იქ ჩემი წინაპრები დიდ ხნის წინ დასახლდნენ; სულ ახლახანს მე ჩემს "ძმასთან" ერთად ტუნისში მომიწია ჩასვლა და იქ გრანდიოზული შეხვედრა მომიწყეს, როგორც ეროვნულ გმირს. მეორე დღეს, პარიზში რომ დავბრუნდი, მე ვიღაც ტიპი ამედევნა და მოსვენებას არ მაძლევდა. მალე გაირკვა, რომ ისიც ტუნისელი იყო და მხოლოდ იმისათვის დამდევდა, რომ ორიოდ სიტყვა ეთქვა - "თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელი და დიდება ხართო". აფრიკამ დიდი კვალი დაამჩნია ჩემს ხასიათზე და ამას ყოველდღე და ყოველ წუთს ვგრძნობ.
- თქვენი შემხედვარე ადამიანი იფიქრებს, რომ დრო შეჩერებულია... თუმცა ადამიანები მაინც მიდიან აქედან, თუნდაც - მასტროიანი.
- ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო. მე და მარჩელოს ხომ დიდი შემოქმედებითი ბიოგრაფია გვაკავშირებდა. იგი დეკემბერში დაიღუპა, იანვარში კი ახალი ტელესერიალის გადაღება უნდა დაწყებულიყო ჩვენი მონაწილეობით...
- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით... თუნდაც ფრანკო კრისტალდი გავიხსენოთ.
- იგი ძალზედ ინტელიგენტური მამაკაცი იყო; მან დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე, მაგრამ ჩვენ ოჯახი კი არა რაღაც "ამერიკული" საქორწინო გარიგება გვქონდა და ყველაფერი კინოს მოთხოვნებს ემორჩილებოდა; მე არანაირი პირადი სურვილების ასრულების უფლება არ გამაჩნდა და თანდათან ვგრძნობდი, რომ ადამიანი კი არა კინოს მოსამსახურე გავხდი. მე კი ვერასოდეს შევეგუებოდი ტყვეობას...
- ...და ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრეთ.
- დიახ, სულ მალე ტუნისელი გოგონა აღმოჩნდა ისეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, როგორიც თუნდაც  მარლონ ბრანდოა... თუმცა ამერიკულმა ცხოვრებამ ჩემში ალერგია გამოიწვია; წარმოიდგინეთ, მე იქ მსუქან ქალს მეძახდნენ მაშინ, როცა წელის შემოწერილობა 50 სანტიმეტრზე მეტი არ მქონდა და ალენ დელონის ხელებშიაც კი ეტეოდა. ჩემგან გახდომას მოითხოვდნენ, რათა მათს ვარსკვლავებს დავმსგავსებოდი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და ამიტომაც მივატოვე ამერიკა...
- და მაინც ვინ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მამაკაცი?
- პასკალ სკიტიერი, ჩემი ქალიშვილის მამა.
- ჯორჯო არმანი?
- თხუთმეტი წელია ჩვენ მეგობრები ვართ და არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იგი ჩემთვის საგანგებოდ კერავს კაბას. მისი კაბა პირველად 1953 წელს ჩავიცვი კანის კინოფესტივალზე და მას შემდეგ მე მის გემოვნებაზე ვარ მთლიანად დაყრდნობილი; საკმარისია იხილოთ ჯორჯოს ვილა, რომ დარწმუნდეთ იმაში, თუ რა ესთეტია იგი. რა თქმა უნდა, მე სხვა კაბებიც მაქვს, მაგალითად ნინა რიჩისა, მაგრამ ჯორჯო არმანის ნახელავი ჩემში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევენ. ყველაზე საყვარელი კაბა კი არის ის, რომელიც 25 წლის წინ "ოსკარის" პრემიის მიღებისას მეცვა და იმედი  მაქვს, რომ მას ჩემი ქალიშვილიც ჩაიცვამს ქორწინების ცერემონიალზე...