ალენ დელონი

ალენ დელონი 

მსოფლიო კინოს ისტორიაში ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა მსახიობი გამოჩენისთანავე იპყრობს მილიონობი მაყურებლის ყურადღებას და არა მხოლოდ ყურადღებას. ალენ დელონი მრავალი თაობის კერპად და მამაკაცური სილამაზის ეტალონად იქცა. ყველაფერ ამას კი თითქმის ორმოცდაათწლიანი ძალზედ წარმატებული სამსახიობო კარიერა გასდევდა, რაც 73 ფილმში შესრულებული სხვადასხვა ხასიათის როლებით აღინიშნა.
(მოამზადა ნინო მაღალაშვილმა, 2005 წელი)


...25 წლის მანძილზე მუდამ იმას ვაკეთებდი, რაც მსურდა, როცა მსურდა და ვისთანაც მსურდა... აბსოლუტურ ძალაუფლებას ვფლობდი... დღეს ის აღარ გამაჩნია. 
...ისეთ ადამიანს, როგორც მე ვარ, არ პატიობენ თავისუფლებას; მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, რაც მავანთ შურს და სიძულვილს იწვევდა.
...ვიცოდი, რომ ჩემი დიდება ოდესღაც დასრულდებოდა, მაგრამ, რაც უფრო ხშირად ვამბობდი ამას, მით მეტად ვცდილობდი ჩემი საქმე გამეგრძელებინა...
... ჩემი ცხოვრება უამრავი ბედნიერი წამითაა სავსე!

Alain Delon

დაიბადა 1935 წლის 9 ნოემბერს, პარიზის გარეუბან სო-ში

მშობლები:
მამა - ფაბიენ დელონი, პატარა კინოდარბაზ "რეგინას" მფლობელი ბურგ-ლა-რეინში.
დედა - ედიტ არნოლდი, ფარმაცევტი.

ცოლები:
ატალი კანოვას-დელონი - ფოტომოდელი, მსახიობი, რეჟისორი.
როზალი ვან ბრემენი - ჰოლანდიელი მანეკენი.

შვილები:
ენტონი (პირველი ცოლისგან) - მომღერალი და მსახიობი
ანა და ალენ-ფაბიენი (მეორე ცოლისგან).

განათლება - არანაირი.


ალენ დელონის ცხოვრება დეტექტიურ-ავანტიურისტულ რომანს წააგავს, თავად ფილმები დელონის მონაწილეობით კი ამ ცხოვრების საუკეთესო ილუსტრაციაა.
იგი იმდენად რთული პიროვნებაა, რომ მასში თანაბრად არის შერწყმული როგორც დადებითი, ისე საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისებაც და სწორედ ამითაა ეს კაცი საინტერესო (....თუ არ ჩავთვლით მის სამსახიობო ოსტატობას).
ალენ დელონის ცხოვრება მძაფრსიუჟეტიანი ფილმის იდეალურ სცენარად გამოდგებოდა, მით უმეტეს, რომ მისი რეალური ბიოგრაფიის საფუძველზე შექმნილი და გამოცემულია ბულვარული რომანი სამ ტომად.
სამოც წელს გადაცილებული მსახიობი საკმაოდ პესიმისტურ განცხადებებს აკეთებს, რაც უმეტესად მის მომავალს შეეხება. 1996 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ალენ დელონმა აღნიშნა: "25 წლის მანძილზე მუდამ იმას ვაკეთებდი, რაც მსურდა, როცა მსურდა და ვისთანაც მსურდა... აბსოლუტურ ძალაუფლებას ვფლობდი... დღეს ის აღარ გამაჩნია."
და კიდევ: 
"ისეთ ადამიანს, როგორც მე ვარ, არ პატიობენ თავისუფლებას; მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, რაც მავანთ შურს და სიძულვილს იწვევდა. ადამიანურად ეს გასაგებია... მე შემიძლია კინოს გარეშე ცხოვრება, ამისთვის 40 წელი ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ ჩემი დიდება ოდესღაც დასრულდებოდა, მაგრამ, რაც უფრო ხშირად ვამბობდი ამას, მით მეტად ვცდილობდი ჩემი საქმე გამეგრძელებინა. ასე რომ, თუ იძულებული გავხდები, გავჩერდე, ჩემი ღვაწლი მაინც დარჩება.
ჩემი ცხოვრება ხომ უამრავი ბედნიერი წამითაა სავსე!"


ზემოთ სიტყვა "ადამიანური" შემთხვევით არ გვიხსენებია: ალენ დელონის მრავალი ქმედება საკმაოდ ექსცენტრიულია, რაც მის პიროვნულ თვისებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ქმედებების ახსნა შესაძლებელია მისი ადამიანური ბუნებიდან, აღზრდიდან გამომდინარე. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსგავსი რამ არც არასოდეს არსებობდა, მაგრამ სწორედ ამაშია მისი, როგორც ნიჭერი მსახიობის, პროდიუსერის, წარმატებული ბიზნესმენის, უბრალოდ ადამიანის საიდუმლო...

ასე დაიწყო რომანი სახელწოებით "ალენ დელონი"

ალენ დელონი მისი ნამდვილი სახელი და გვარია; მცირე მეწარმის, ფაბიენ დელონისა და ფარმაცევტ ედიტ არნოლდის ვაჟი ბავშვობაში თავს დაჩაგრულად გრძნობდა. მარტოსულობის შეგრძნება მის ცხოვრებას მუდამ თან სდევდა. მავანნი ამტკიცებენ, რომ დელონების გვარი კორსიკული წამოშობისაა და სწორედ ამით ხსნიან ალენის განსაკუთრებულ ინტერესს კრიმინალური სამყაროს და ბიზნესის ბობოლების მიმართ... ვინ იცის.... შეიძლება ამაში სიმართლისა ნატამალიც ურევია....
დელონის მშობლებს ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ; დედამისი მალე გაშორდა ქმარს და ხორცის მაღაზიის მეპატრონეს, პოლ ბულონს, გაჰყვა ცოლად; ალენი კი თერთმეტ წლამდე საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ ფრენეში, ნათესავების ოჯახში იზრდებოდა. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ დედამ ბავშვი გასაზრდელად ერთ უშვილო ცოლ-ქმარს მიაბარა, რომლებიც მაშინ დაიხოცნენ, როცა ალენს 11 წელი შეუსრულდა.
სწავლისადმი ინტერესით ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, არასოდეს გამოირჩეოდა, რასაც ხელს უწყობდა მისი გამუდმებული გადასვლა სკოლიდან სკოლაში (სრულიად გაუგებარი მიზნით) და, როგორც თავად მსხიობი აღნიშნავს, მან დაწყებითი განათლების მისაღებ გზაზე (მგონი!) ჩვიდმეტი სკოლა გამოიცვალა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მამამ ალენი წმ. ნიკოლას ინტერნეტში არ მიიყვანა. იქ თავაშვებულ ყმაწვილს ერთხანს მოეწონა კიდეც გარემო და მათემატიკას და საღვთო სჯულსაც მიეძალა. ინტერნეტის ხელმძღვანელობას იმდენად მოეწონა მისი სიბეჯითე, რომ შეეცადნენ მისგან ღვთისმსახური აღეზარდათ, მაგრამ ალენს სულაც არ სურდა სასულიერო კარიერა და მის გულშემატკივარ პედაგოგებს სადღაც გაექცა. ხუთი დღის შემდეგ იგი დაიჭრეს, მაგრამ ვეღარაფრით დააბრუნეს ინტერნატში.... ასე დასრულდა მისი სწავლა-განათლება.
დანარჩენი "ცოდნა" ალენ დელონმა მამინაცვლის საყასბოში შეიძინა.
* * *
ბავშვობაში ალენს კინო საერთოდ არ აინტერესებდა. დედა, რომელიც საკმაოდ ლამაზი ქალი გახლდათ, ამაყობდა უფროსი ვაჟის გარეგნობით. ახალგაზრდობაში ედიტი კინომსახიობობობაზედაც კი ოცნებობდა, მაგრამ, რადგან ოცნება ვერ აისრულა, მთელ იმედებს ალენზე ამყარებდა. ამ უკანასკნელს კი კინოს სახელის გაგონება საერთოდ არ სურდა, თუმცა ხანდახან უყურებდა ამერიკულ ფილმებს ჯონ გარფილდის, მარლონ ბრანდოს და კერი გრანტის მონაწილეობით, ხოლო ინდოჩინეთში ყოფნისას ჟაკ ბეკერის ფილმი "ხელი არ ახლო ნადავლს" სამუდამოდ დაამახსოვრდა. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ სულ მალე ღვთაებრივი ნიჭერებით მოსილ ჟან გაბენს გაიცნობდა და მასთან ერთად ფილმშიც ითამაშებდა.

ზოგიერთი კონკრეტული ფაქტი

ალენ დელონოს 1935 წლის 9 ნოემბერს დაიბადა, ზოდიაქოთი ღრიანკალია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ღრიანკალი პირქუში და იდუმალია, უცნაური თვისებებისთ გამორჩევა, ბუნებით შემნოქმედია და, როგორც მალე ყველა დარწმუნდა, ალენ დელონსაც ეს თვისებები ახასიათებს. გარდა ამისა, ღიანკალი საკმაოდ მტკიცე ნებისყოფისაა, რაც ასე დელონის ბუნების განმსაზღვრელი ნიშანია და რაც ნათლად გამოვლინდა მთელ მის საქმიანობაში, როგორც კინოში, ისე ბიზნესში. თუმცა ზოგიერთი მისი მეგობარი აღნიშნავდა, რომ დელოს გაუწონასწორებელი ხასიათი ჰქონდა და ხშირად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ. ამავე დროს რრიანკალი ჭკვიანია, იოლად ეგუება გარემო პირობებს და ასევე იოლად იძნეს მტრებს. თავად დელონს უთქვამს:
" მე ღრიანკალი ვარ, მომხიბვლელი ბუნება და საძაგელი, უჟმური ხასიათი მაქვს, რამაც ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება შემახვედრა. ადამიანებთან, ვისთანაც ვმუშაობ, მკაცრი ვარ, მაგრამ ასეთივე მკაცრი ვარ საკუთარი თავის მიმართაც".
თუმცა დელონისთვის დამახასიათებელი ავანტიურიზმი და პრაგმატიზმი, განსაკუთრებით მისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ღრიანკალის ნიშანს არ შეესაბამება. მართალია, ეს თვისებები წლების მანძლზე ტრანსფორმაციას განიცდიდა, მაგრამ მათ მაინც მოახდინეს გავლენა დელონის მთელ ცხოვრებაზე.
* * *
ექსტრავაგანტური ფაბიენ დელონი (ალენის მამა) უფროსი ვაჟის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არასოდეს იჩენდა. მის მეორე ცოლს უკვე ჰყავდა შვილი პირველი ქორწინებიდან, მალე ალენს ნახევარძმაც შეეძინა - ჟან-ფრანსუა, რომელსაც ალენი შემდგომში დაეხმარა, კინოში რეჟისორის ასისტენტად ემუშავა; ალენს მეგობრული ურთიერთობა უფრო თავის ნახევარდასთან, მარი-კლოდთან, ჰქონდა, რომელსაც სახლში დიდის ეძახდნენ.
როგორც ითქვა, 11 წლამდე ალენი პატარა ქალაქ ფრენეში იზრდებოდა. ამ ქალაქში იყო საპყრობილე და პატარა ალენი ხშირად ხედავდა, როგორ შეჰყავდათ მასში პატიმრები. მაშინ იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი მომავალი გმირებიც მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩნდებოდნენ.
თავნება ალენს ხშირად უხდებოდა სკოლის შეცვლა. ერთხანს ინიში, ინტერნეტში სწავლობდა, შემდეგ ბევრშ, წმ.ნიკოლოზის ინტერნატში გადაიყვანეს (.... ეს უკვე ვიცით). ინტერნეტში გამეფებული მკაცრი რეჟიმი ალენს ხშრად აიძულებდა, გაქცევაზე ეფიქრა. ასეც მოიქცა და მეგობართან ერთად ამერიკაში გაპარვა დააპირა, მაგრამ პოლიციამ მალე იპოვა ისინი და უკან დააბრუნა. "საშინელი და ძალიან უბედური ბავშვია" - განაცხადა მისმა განაწყენებულმა მოძღვარმა ალენის შესახებ. ეს ფრაზა მომავალ მსახიობს სამუდამოდ დაამახსოვრდა.
ინტერნატიდან მორიგი გაძევების შემდეგ ალენი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ მასთან თავს ცუდად გრძნობდა; პატარა მიზეზიც საკმარისი იყო, რომ შინიდან გაქცეულიყო, დედის ზრუნვა მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ შვილი მაძღარი და ჩაცმულ-დახურული ჰყოლოდა, რაც ბავშვს არ აკმაყოფილებდა. იგი მუდამ აღნიშნავდა, რომ დედობრივი სითბო და ალერსი არასოდეს განუცდია.
- არ სურს სკოლაში სწავლა?
- არც არის საჭირო. არასრული საშალო განათლების დიპლომიც საკმარისია. 
- მამინაცვლის მსგავსად ყასბობა სურს? 
- ძალიან კარგი!
...მაგრამ ალენმა მაინც იბეჯითა და სპეციალური სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღო. რაც მოსწონდა, იმას ბრწყინვალედ აკეთებდა, მაგალითად, შესანიშნავად ახარისხებდა ხორცს. მოგვიანებით ალენ დელონი აღნიშნავდა, რომ იგი ერთადერთი ფრანგი მსახიობია, რომელიც პროფესიონალურად ჭრის შაშხს და ცომში გახვეულ პაშტეტსაც დიდებულად ამზადებს. 
ამ პერიოდში იგი სპორტმა გაიტაცა; მისი კუმირები ავტომრბოლელები ფაუსტო კოპი, მიო კორადა და მოკრივე მერსელ სერდანი იყვნენ. ერთხანს ველოტრეკზეც ვარჯიშობდა, შემდეგ კი კრივის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, რაც "როკო და მის ძმებში" კრივის სცენების გადაღებისას ძალიან გამოადგა. აი, რას ამბობს წლების შემდეგ ალენ დელონი:
"კრივი ყოველთვის მიყვარდა. ისეთ ჩემპიონებს, როგოერებიც არიან რეი სუგარ რობინსონი ან კასიუს კლეი, მოძრაობის თავისებური მანერა ახასისთებთ. მე სწორედ ასეთი კრივი მომწონს. როკოს როლზე მუშაობისას ძალიან კარგ პედაგოგთან, კორსიკელ ჩიოკთან ვმეცადინეობდი. იგი საფრანგეთის ჩემპიონი გახლდათ. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოს, მაგალითად, სოვერი ძალიან მშიშარა იყო. ეს რომ არა, მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა; თუმცა რინგის მიღმა საკმაოდ უშიშარი იყო. ბევრი მოკრივე განიცდის შიშს, ისინი ყველაზე ჭკვიანები და ნიჭერები არიან იმიტომ, რომ ყველაფერს კარგად გრძნობენ... ერთი სიტყვით, მე ჩიოკის სკოლაში აღმოვჩნდი; სხვათა შორის, "როკოში" კრივის სცენაში სწორედ სოვერია ჩემი მოწინააღმდეგე. მან მასწავლა კრივში ისეთი მოძრაობა, რომელიც ცეკვას წააგავს. კინო რომ მიმეტოვებინა, მოკრივე გავხდებოდი და, როგორც მოყვარული, ოლიმპიადებზე ვივლიდი"
საბედნიეროდ ალენ დელონ კინო არ მიუტოვებია...

დედის მიმართ საკმაოდ ცუდი მოგონებები აქვს, შემთხვევით არ განაცხადა მოგვიანებით:
"იცით, რა არის უდედოდ დარჩენა, როცა დედა მიგატოვებს, შემდეგ კი შემთხვევით იგებ, რომ მან დაწერა წიგნი, სადაც ყვება, როგორ ვუყვარდი, როგორ ზრუნავდა ჩემზე; ასეთ რამეს არავის ვუსურვებ".
ალენ დელონს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს წიგნი არ დაბეჭდილიყო, თუმცა იგი მოგვიანებით აღიარებს, ბავშვობაში მშობლებს ალერსით რომ გაენებივრებინათ, მისგან "ვარსკვლავი" არ დადგებოდა, მაგრამ დღეს მსახიობი დედ-მამას ხშირად სითბოთი და სიყვარულით იხსენებს. მას წლები დასჭირდა საიმისოდ, რომ უკეთ გაეგო მშობლებისთვის, მიეტევებინა უყურადღებობა და საკუთარი დამოკიდებულება მათ მიმართ კრიტიკულადაც კი შეეფასებინა.
ახლა კი იმ დროს დავუბრუნდეთ, როცა მომავალი მსახიობი მამინაცვლის ფარდულში მუშაობდა. თეთრ ქუდსა და წინსაფარში გამოწყობილი სიმპათიური ყმაწვილი დაუფარავ აღფრთოვანებას იწვევდა, მას კი ერთი სული ჰქონდა, ყასბის დანა შორს მოესროლა; მას საკუთარი ცხოვრება სურდა.
50-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის ქალაქებში აფიშები გამოჩნდა, რომლებიც ახალგაზრდებს ნახევარ წელიწადში გამანადგურებელი ავიაციის პილოტად გახდომას სთავაზობდნენ. ალენი მითითებულ მისამართზე გაეშურა, მაგრამ დააგვიანა, მიღება დამთავრებული იყო. მორიგი მიღება კი მხოლოდ სამი თვის შემდეგ შედგებოდა და ალენს საოცრად დასწყდა გული.

1952 წელი

ინდოჩინეთში "ვიტების" წინააღმდეგ "ბინძური ომი" მიმდინარეობდა; "ვიტებს" ფრანგები ვიეტნამელ პატრიოტებს ეძახდნენ, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ფრანგული არმია ზედიზედ მარცხდებოდა; საფრანგეთს საზარბაზნე ხორცი შემოაკლდა. დაიწყო მოხალისეთა შეგროვება, რომელთაც შეიარაღებული ძალების რიგები უნდა შეევსოთ. 
ალენ დელონის ვიეტნამში მოხვედრის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთი ლეგენდის თანახმად, დელონმა ასაკი დამალა და ისე მოხვდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში (ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო). მეორე ლეგენდა გვამცნობს, რომ საამისოდ მშობლების თანხმობა იყო საჭირო, რაც მათ საეჭვოდ იოლად მისცეს. რატომ? შვილის თავიდან მოშორება ხომ არ სურდათ? მესამე ვერსიით, დელონი როგორღაც დაითანხმეს, ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის ხუთი წლით გაგრძელების შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. ამაზე მიანიშნებს თავის მემუარებში სიმონა სინიორე. იგი წერს, რომ "კუდერის ქვრივის" გადაღებებზე ალენი უყვებოდა, როგოე აიძულეს, 17 წლის ასაკში მოხალისედ ემსახურა საზღვაო-ქვეით ფლოტში. აიძლეს... მაგრამ ალენს იმდენად მოაბეზრა თავის დედის გაუთავებელმა ბუზღუნმა ოჯახში "ზედმეტი მჭამელის" თაობაზე, რომ დელონმა ეს წინადადება არ გააპროტესტა. გემით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მან ვიეტნამში ამოყო თავი. ყველგან არტილერიის გამაყრუებელი გრუხუნი ისმოდა, წყალში ნაღმები დაცურავდნენ. მართალია, ნაცნობებიც ნახა, მაგრამ ირგვლივ სიკვდილის აჩრდილი გამეფებულიყო, თანაც მკაცრ დისციპლინას უნდა დამორჩილებოდა, რომლის წინააღმდეგ ალენ დელონი მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
ერთხელ ალენმა, მეგობრებთან ერთად, თვითნებურად დატოვა ფლოტი და მოპარული "ჯიპით" საიგონისკენ გაისეირნა. ეს გასეირნება ავარიით დამთავრდა. გაპარულები პოლიციამ დაიჭირა და ორი თვით დააპატიმრა.
დღეს ალენ დელონი ამბობს, რომ ჯარში სამსახურმა დიდი გავლენა მოახდინა მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე; ჯარი მისთვის ცხოვრების საუკეთესო სკოლა იყო: "ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჯარში თავს ბედნიერად ვგრძნობდი. იქ საოცარი მეწგობრები შევიძინე. რომ არა კინო, ინდოჩინეთში დავბრუნდებოდი და სამხედრო პირი ვიქნებოდი".
მაგრამ ალენს არც მოკრივეობა ეწერა და არც ჯარიკაცობა.
* * *
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ალენ დელონს შინ დაბრუნება არ უჩქარია. ის მარსელში ჩავიდა და პორტში დაიწყო მუშაობა. სიმპათიური ყმაწვილი მხოლოდ გოგონების ყურადღებას როდი იქცევდა; მარსელი ხომ საფრანგეთის ერთ-ერთ კრიმინალურ ქალაქად არის ცნობილი, ამიტომაც მას ხშირად უხდებოდა ადგილობრივი "ავტორიტეტების" მიერ შემოთავაზებული წინადადებების იგნორირება. მარსელშივე გაგრძელდა მისი ურთიერთობა ჯერ კიდევ ტულონში გაცნობილ ფრანსუა მარკანტონისთან, რომელიც 1973 წელს "მარკოვიჩის საქმეში" ფიგურირებდა. დელონს მასთან ძალზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. დედა უკმაყოფილო გახლდათ შვილის ცხოვრების სტილით. იგი ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო, ალენი ოჯახს მატერიალურად დახმარებოდა. დედის აზრით, ალენი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო შინ და საყასბოში ემუშავა. ამის სანაცვლოდ კი "მოსიყვარულე დედა" შვილს მოტოროლერის ყიდვას პირდებოდა.

ასე მოვიდა ალენ დელონი კინოში

მარსელში შეხვდა ალენ დელონი შეხვდა ჰოლივუდიდან ჩამოსულ ჰარი ვილსონს, რომელსაც ტალანტების აღმოჩენის იშვიათი უნარი ჰქონდა და რომელმაც მომავალ ვარსკვლავს კინოში გადაღება შესთავაზა. ალენისთვის ეს წინადადება მოულოდნელი იყო, მეტიც - წარმოუდგენელი. ვილსონის თქმით, იგი რომში უნდა ჩასულიყო სასინჯ გადაღებებზე ფილმისთვის "მშვიდობით, იარაღო!", რომლის რეჟისორად ჩარლზ ვიდორი იყო მიწვეული. ალენს სინჯების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა; მას ეს პროცესი ჩვეულებრივი გამოცდა ეგონა, რაც საშინლად არ უყვარდა, მაგრამ გარისკვა მაინც გადაწყვიტა; საამისოდ ღირდა რომში ჩასვლა, თუნდაც ჩაფლავებულიყო... და დელონი რომში, ჩინეჩიტას სტუდიას ეწვია. როდესაც გრიმს უკეთებდნენ, ისეთმა პანიკამ შეიპყრო, მსგავსი ვიეტნამშიც არ განეცადა. გადასაღებ მოედანზე დამფრთხალი და დაბნეული გამოიყურებოდა; რეპლიკებს ყალბი ხმით პასუხობდა, მაგრამ, როგორც კი ხელში პისტოლეტი ჩაუდეს, მაშინვე უჩვეულო თავდაჯერებულობა იგრძნო. პროფესიონალები მოხვდნენ, რომ მათ წინ ნიჭიერი ახალგაზრდა იდგა და სტუდია "მეოცე საუკუნე ფოქსთან" შვიდწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თან არწმუნებდნენ - ასეთი დიდებული შანსი ხელიდან არ გაუშვა. ენის უცოდინრობა პრობლემა არ იყო, პარიზში ინგლისური ენის კურსებზე სიარულის ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებდნენ, მაგრამ დელონი მაშინვე არ დასთანხმებია, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და პარიზში დაბრუნდა... იქ კინორეჟისორი ივ ალეგრე გაიცნო, რომელმაც დამწყებ მსახიობს ბრძნული რჩევა მისცა: "კარიერა სამშობლოში უნდა დაიწყო!" სიტყვა "კარიერა" ალენმა პირველად გაიგო; ალეგრემ მიიწვია იგი ფილმის - "როცა საქმეში ქალი ერევა" - სინჯებზე. ასეთია ალენ დელონის კინოში მოსვლის ერთ-ერთი ვერსია.
მეორე ვერსიის თანახმად, დელონმა საარსებო წყაროს მოსაპოვებლად პარიზის საბითუმო ბაზარში ღამის მტვირთავად დაიწყო მუშაობა. სენ-ჟერმენ-დე პრეს რაიონში გაიცნო თავისი თანატოლები: ჟან-პოლ ბელმონდო და ჟან-კლოდ ბრიალი, აგრეთვე, მსახიობი ბრიჯიტ ობერი, რომლებიც გმირობასა და დიდებაზე ოცნებობდნენ. მათი მეგობრობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდა. ჟან-კლოდ ბრიალიმ ალენს კანის კინოფესტივალზე "გასეირნება" შესთავაზა - იქნებ იქ ვინმეს მათთვის ყურადღება მიექცია? სწორედ კანის ბარში გაიცნო ალენმა გარი ვილსონი, რომელმაც რომში სინჯებზე ჩასვლა შესთავაზა. როგორც ითქვა, ეს ალენ დელონის კინოსთან შეხების მეორე ვერსია გახლავთ. პარიზში დაბრუნებულ ალენს ბრიალიმ ცნობილი მსახიობი ბერნარ ბლიე გააცნო. ეს დელონის ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი დეტალია. ბლიეს ალენის კბილა ვაჟი ჰყავდა, მას ძალიან მოეწონა სიმპათიური გამოუცდელი ყმაწვილი და სწორედ ბლიეს მეშვეობით გაიცნო ალენმა ალეგრე, რომელმაც დააკავა ფილმში "როცა საქმეში ქალი ერევა". ამ ფილმში ალენმა დაქირავებული მკვლელი განასახიერა, რომელიც "პროფესიული მოვალეობის" შესრულების დროს იღუპება. მსგავსი როლების შესრულება შემდგომში მას არაერთხელ მოუხდა; კამერის წინ ალენი გრაციოზული მხეცის მომხიბვლელობით მოძრაობდა, რაშიც ოდესღაც მიღებული კრივის გაკვეთილებიც დაეხმარა, მაგრამ ალენმა იცოდა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, როცა რეპლიკებს წარმოთქვამდა და მაინც არ ისურვა მსახიობ სიმონა ჟარნაკთან მეცადინეობა, რომელთანაც ბრიჯიტ ობერმა მიიყვანა. მოგვიანებით ალენ დელონი აღნიშნავდა, რომ პროფესიული ცოდნის უქონლობას ხელი არ შეუშლია მისთვის მისთვის კარიერის შექმნაში. რასაც ჟან გაბენის, ალან ლადას, ბერტ ლანკასტერის, ლინო ვემტურას მაგალითებიც ადასტურებდა.
მომდევნო კრიმინალურ კომედიაში - "იყავ ლამაზი და დადუმდი" - დელონმა ბელმონდოსთან ერთად კვლავ რაღაც აფიორაში მონაწილე გმირი განასახიერა. პროფესიონალი ბელმონდოს გვერდით, რომელსაც მიღებული ჰქონდა თეატრალური განათლება, დელონი არცთუ უმწეოდ გამოიყურებოდა. ალენს უკვე ერთი ჟანრის მსახიობად ქცევა "ემუქრებოდა", მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება...
ერთხელ ბრიალიმ რეჟისორი პიერ გასპარ-იუტი გააცნო, რომელიც მაქს ოფიულსის "ფლირტის" რიმეიკის გადაღებას აპირებდა, ფილმის სახელწოდება გახლდათ "კრისტინა". ლეიტენანტ ფრანც ლობჰაინერის როლზე რეჟისორს ახალგაზრდა მსახიობი სჭირდებოდა, რომელსაც იარაღის ხმარება უნდა შესძლებოდა. სასინჯი გადაღებებიდან დელონი უკმაყოფილო დაბრუნდა, მას მიაჩნდა, რომ ძალიან ცუდად ითამაშა, მაგრამ რეჟისორი სხვაგვარად ფიქრობდა. მას ძალიან მოეწონა საოცრად ფოტოგენიური ყმაწვილი მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო ოსტატობით დიდად ვერ დაიკვეხნიდა.
ალენმა შეიტყო, რომ "კრისტინას" გადაღებებში მას პარტნიორობას გაუწევდა როზმარი ალბახ-რეტი, მომავალში რომი შნაიდერად ცნობილი მშვენიერი გოგონა. ალენს წარმოდგენაც არ ჰქომდა. რომ რაინს გაღმა, ავსტრიაში, როზმარი (რომი) ძალიან პოპულარული იყო. წლების მანძილზე იგი ავსტრიაში ისეთ როლებს ასახიერებდა, რის გამოც გერმანელები და ავსტრიელები მას აღმერთებდნენ. მსახიობ გოგონას მობეზრებული ჰქონდა დაუსრულებლად ერთსა და იმავე ამპლუაში ყოფნა და სიხარულით დათანხმდა როლზე, რომელსაც ოდესღაც დედამისი, მაგდა შნაიდერი, ასრულებდა. მაგდა სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მისი შვილისთვის პარტნიორობა ვინმე დელონს გაეწია, მაგრამ რომი მაინც ვერ მოდრიკა; მან პარიზში საკუთარ ბედთან შეხვედრა გადაწყვიტა. თავის მხრივ ალენმაც არ იცოდა, "უცნობი გერმანელი" რა როლს ითამაშენდა მის მომავალ ცხოვრებაში; მხოლოდ ერთი რამ უწყოდა: მას გადაუხდიან 75 ათას ფრანკს, რაც ახალბედასთვის ცოტა ნამდვილად არ იყო, მაგრამ ცოტა არ იყო ამ უცხოელის ჰონორართან შედარებით 

დიდი რომანის დასაწყისი სახელწოდებით "რომი შნაიდერი"

არსებობს ლეგენდა, რომ რომის და ალენს პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. მოგვიანებით რომი შნაიდერი იხსენებდა, რომ როდესაც თვითმფრინავის ტრაპთან ალენი დაინახა, გულის სიღრმეში გაღიზიანდა: "მე დავინახე ახალგაზრდა კაცი - უფრო ლამაზი და მოწესრიგებული, ვიდრე ვისურვებდი". ალენი იმდენად ლამაზი იყო, რომ რომი უნებურად მის წინააღმდეგ განეწყო, ნამდვილად შეეშინდა, არ შეჰყვარებოდა იგი. ამ შეხვედრამდე გოგონას მრავალი რომანი ჰქონდა, ალენ დელონისთვის კი სულ ერთი იყო, რას იფიქრებდა მასზე რომი, უკვე ცნობილი მსახიობი. ალენმაც იცოდა საკუთარი თავის ფასი, მაგრამ ვინაიდან რომი მისი პარტნიორი გახლდათ, ალენი მის მიმართ მაინც მეტ თავაზიანობას იჩენდა, რაც რომის აღაშფოთებდა. ავსტრიელ მსახიობად ჩამოყალიბებულ მშვენიერ როზმარი ალბახტ–რეტის (...მცირე ხნის შემდეგ რომი შნაიდერს) პირველად უხდებოდა მუშაობა საზღვარგარეთ, უცნობ ადამიანებთან, რომელთა მენტალიტეტი მისთვის უცხო იყო. ეს "ტიპი" კი ძალიან აღიზიანებდა გადაღებებზე გამუდმებული დაგვიანებით, ირონიული მზერით, იმით, რომ ულამაზესი რომის მიმართ არასოდეს ამჟღავნებდა აღფრთოვანებას, რასაც აგრერიგად იყო მიჩვეული გერმანიაში. "ალენს ვერ ვიტანდი, ჩვენ შორის მუდმივად ფარული ომი მიმდინარეობდა" – იხსენებდა რომი შნაიდერი. მხოლოდ ჟან–კლოდ ბრიალი ამჩნევდა, რომ ალენის გარეშე რომი მოწყენილი იყო.
ისინი ბრიუსელში დაახლოვდნენ, განსაკუთრებით კი – ვენაში, გადაღებებისას, სადაც რომი ალენს გიდობას უწევდა და პრაქტიკულად გვერდიდან არ შორდებოდა. მაგდა შნაიდერი გაცოფებული იყო, მისი აზრით, რომი ამ ვიგინდარას კისერზე ეკიდებოდა, რომი უკვე მართლაც ვეღარ ძლებდა ალენის გარეშე და მალე პარიზში, მასთან გადასახლდა.
ასე დაიწყო ეს რომანი, რომელიც რომისთვის საბედიწერო აღმოჩნდა და რომელიც მისი უდროო დაღუპვის მიზეზადაც იქცა. 
რომის მშობლებს სკანდალი არ მოუწყვიათ, მაგრამ წერილობით მოსთხოვეს ალენს, რომისთან ურთიერთბა დაეკანონებინა, რაზეც ალენმა თანხმობა განაცხადა. მომავალ ნიშნობაზე, რის შესახებაც რომიმ არაფერი იცოდა, უამრავი სტუმარი და პრესის წარმომადგენელი იყო მოწვეული. მოგვიანებით რომი წერდა: "ნიშნობაზე გვქონდა საუბარი, მაგრამ ჯვრისწერაზე – არასოდეს. მე და ალენი ისედაც ცოლ–ქმარი ვიყავით და არავითარი ოფიციალური საბუთი საამისოდ არ გვჭირდებოდა." იქვე რომი იმ განხეთქილებაზე მიანიშნებდა, რომელიც მასსა და ალენს შორის უკვე არსებობდა.
რასაკვირველია, ამის მიზეზი მათი პროფესია გახლდათ, რის გამოც ისინი გამუდმებით შორს იყვნენ ერთმანეთისგან; ალენს სულ გადაღებები ჰქონდა, მის გარშემო გაუთავებლად ირეოდნენ პროდიუსერები და რეპორტიორები, რომის ყურადღებას არავინ აქცევდა, მას მხოლოდ პოპულარული მსახიობის მეგობარ ქალად მიიჩნევდნენ; ალენისთვის რომის განცდები გაუგებარი იყო, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და კამათით ავსებდნენ სასიყვარულო პაუზებს.
თავად ალენ დელონი მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით ხსნიდა მათი ურთიერთობის რღვევის მიზეზს: "რომი იმ კლასს მიეკუთვნებოდა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მძულდა; ჩემთვის შეუძლებელი იყო რომისთვის შემეცვლევინებინა აზროვნება, რომელსაც ოცი წლის მანძილზე გამუდმებით უჭედავდნენ ტვინში. ბუნებაში ორი რომი შნაიდერი არსებობდა: პირველი ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, მეორე კი საშინლად მძულდა." დღეს, როცა ალენი თავად იქცა ამ წრის წარმომადგენლად, რომელიც ადრე ასე აღიზიანებდა, მას შეუძლია კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ობიექტურად შეაფასოს მისი რომისადმი დამოკიდებულება, ის სისასტიკე და უსამართლობა, რომელსაც ოდესღაც საყვარელი ქალის მიმართი იჩენდა. მაშინ კი.... მაშინ მათ მხოლოდ ერთობლივი სამუშაო აკავშირებდათ.

სამნი სიყვარულის ნავში

1961 წელს რომის და ალენს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ლუკინო ვისკონტი, რომელსაც მაინცადამაინც გულზე არ ეხატებოდა რომი შნაიდერი, იღებდა ფილმს "როკო და მისი ძმები". ამ ფილმზე მუშაობისას ალენი და ვისკონტი დამეგობრდნენ. ეს მეგობრობა მხოლოდ შემოქმედებითი ხასიათის არ ყოფილა. ვისკონტის ჰომოსექსუალური ინტერესები ყველასათვის ცნობილი იყო, მიამიტი რომი კი ვერაფერს ამჩნევდა. მისი აზრით, "პიგმალიონი" (ვისკონტი) თავისი "გალატეას" (დელონი) გამო რომიზე ეჭვიანობდა. თავის მხრივ მაგდა შნაიდერი გერმანულ ჟურნალში წერდა: "რომი დელონს მამაკაცთან იყოფს". რომი იტანჯებოდა, ვისკონტი თავისი უტყუარი ალღოთი გრძნობდა მის მდგომარეობას; იგი აფასებდა რომის სილამაზეს, ნიჭს, ნებისყოფას, ვისკონტი შესანიშნავი ფსიქოლოგი გახლდათ და გადაწყვიტა, რომი და ალენი სპეექტაკლში ერთად დაეკავებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვისკონტი ბრწყინვალე რეჟისორი იყო, თავს მუდამ თეატრალად მიიჩნევდა. ეს გადაწყვეტილება ბრძნული და ამავე დროს მაზოხისტურიც იყო; რომის უხაროდა, მაგრამ მაინც შიში იპყრობდა, "ეს თვითმკვლელობა იქნება" – იმეორებდა იგი. რომი მანამდე არასოდეს მდგარა სცენაზე, ფრანგული არც ისე კარგად იცოდა, რომ არაკეთილმოსურნე თეატრალების სარკაზმი არ გამოეწვია; აქამდე თეატრში არც ალენს ეთამაშა, მაგრამ ვისკონტიმ მოახერხა მათი დაყოლიება. "ნუთუ გეშინია?" - ფრთხილად ეკითხებოდა ალენი რომის, იცოდა რა, რომ რომი ამ საყვედურს ვერ აიტანდა. ვისკონტი ხვდებოდა, რომ რომი და ალენი მის ჩანაფიქრს შესანიშნავად განახორციელებდნენ; მან გადაწყვიტა დაედგა სპექტაკლი სახელწოდებით "არ შეიძლება მას გარყვნილი ეწოდოს", რომელიც და-ძმის ინცესტუალური ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობდა. თავის მემუარულურ წიგნში "მე, რომი: ერთი ცხოვრების დღიური", რომი შნაიდერი დაწვრილებით აღწერდა რეპეტიციებს, იმ განცდებს, რომელთა დამალვაც მას უხდებოდა, როგორც არათეატრალურ მსახიობს. ვისკონტი რომის მკაცრ მოთხოვნებს უყენებდა და არწმუნებდა, რომ როლს შესანიშნავად გაართმევდა თავს; მართალიც აღმოჩნდა, - რომიმ ბრწყინვალედ შეასრულა ანაბელის როლი აღნიშნულ სპექტაკლში, ასაც ვერ ვიტყვით ალენ დელონზე. მომავალში რომი შესანიშნავ თეატრალურ მსახიობად ჩამოყალიბდა, ალენს კი საკმაოდ უჭირდა სცენაზე რეპლიკების წარმოთქმა, მოძრაობა, მაგრამ ამას ვისკონტი ყურადღებას არ აქცევდა. ალენმა და რომიმ ერთად 120 სპექტაკლი ითამაშეს და თანდათან ცხადი გახდა, რომ "სიყვარულის ნავი" ჩაძირვას იწყებდა, თუმცა საბოლოო განშორებამდე კიდევ ორი წელი რჩებოდა.
1963 წლის დასაწყისში რომი ჰოლივუდში გაემგზავრა გადაღებებზე. ალენმა იგი აეროპორტში გააცილა. ამერიკიდან პარიზში დაბრუნებულ რომის 40 შავი ვარდი წერილი დახვდა:
"ჩვენ დანიშნულები ვიყავით, თუმცა დაქორწინება ვერ მოვასწარით. ჩვენი პროფესია ერთად ყოფნაში ხელს გვიშლის. გიბრუნებ თავისუფლებას და გიტოვებ ჩემს გულს!"
ეს ფიასკო რომის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე აისახა. უფროსი ვაჟის დაღუპვისა და პირველი მეუღლის თვითმკვლელობის შემდეგ, რასაც თირკმლის მძიმე ოპერაცია მოჰყვა, რომიმ სმა დაიწყო, აუტანელი ტკივილების გასაყუჩებლად კი ნარკოტიკებს მიეძალა, ამის გამო ქალიშვილი სარა დედას დროებით დააშორეს. ულამაზესი ქალი თვალსა და ხელს შუა იღუპებოდა. 1982 წლის 29 მაისს რომი შნაიდერი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ალენ დელონი ამ ტრაგედიას ჟურნალ "პარი მატჩის" ფურცლებზე გამოეხმაურა. ეს აღსარება ძალზე მნიშვნელოვანია მისი ადამიანური ბუნების ამოსაცნობად.

მშვიდობით, ჩემო თოჯინა!

"შენ თავაწყვეტილი, დაუმორჩილებელი, მაგრამ მეტად მტკიცე ხასიათის ადამიანი იყავი. ვინ ახსნის - როგორები ვართ ჩვენ, მსახიობები? რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩვენ ვთამაშობთ ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ ვგავართ? იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, დიდი ნებისყოფა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაა საჭირო. ეს ძალიან ძნელია, როცა ირგვლივ უამრავი ადამიანი გახვევია და პროჟექტორების შუქი თვალს გჭრის. შენ ამბობდი, რომ ამ ცხოვრების არაფერი გაგეგებოდა, მაგრამ კინოში ყველაფრის გაკეთება შეგეძლო. არა, სხვები ამას ვერ გაიგებენ. რაც უფრო წარმატებულია მსახიობი, მით უბედურია ის პირად ცხოვრებაში. ამაზე მეტყველებს გრეტა გარბოს, მერილინ მონროს, რიტა ჰეიუორტოს და... შენი ბედი. ქალისთვის მსახიობობა ძალზე სახიფათო პროფესიაა, ამას ვამბობ, როგორც მამაკაცი და მსახიობი, რომელიც ყველაზე უკეთ გიცნობდა, რომელსაც სხვებზე მეტად ესმოდა შენი. აი, მსახიობები გაგვიგებენ, სხვები კი - ვერასოდეს, მათთვის შენ მითიური არსება ხარ; ცხადია, ეს ასეა, მითიურმა არსებამ იცის, რომ სხვებისთვის მხოლოდ მითა, ფასადია, რომელიც ხან სისია, ხან დედოფალია, ხან თოლია... შინ დაბრუნებული კი რომიდ გარდაიქმნება, ქალად, რომლის ცხოვრება სხვებისთვის შეუცნობელი იყო, რომელზეც უამრავ სისაძაგლეს წერდნენ, აკრიტიკებდნენ, უთვალთვალებდნენ. ეს მითი სრულიად მარტოა და თანდათან ცვდება, და რაც უფრო მძაფრად შეიგრძნობს, მით მეტად ეტანება ალკოჰოლს და დამაწყნარებლებს, რაც ჯერ საშიშ ჩვევად იქცევა, შემდეგ - ცხოვრების წესად, ბოლოს კი - აუცილებლობად და გული ჩერდება, რადგან დაიღალა. ეს იმ ქალის გულია, რომელიც ერთ საღამოს სასმელთან მარტო დარჩა...“
* * *
მაშინ ალენს არ დაუწერია, რომ რომიმ თავი მოიკლა. დელონი იხსენებდა, რომ თანაცხოვრების ხუთი წლის მანძლზე რომის იგი თოჯინას ეძახდა. გამსათხოვარ წერილშიც ასე მიმართა - მშვიდობით, ჩემო თოჯინა! ალენი ფიქრობდა, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ იცნობდა როზმარი ალბახტ-რეტის, რომი შნაიდერს, და ძალიან ცდებოდა. ასე რომ ყოფილიყო, ადვილად ვერ მიატოვებდა და არც 40 შავ ვარდს დაუტოვებდა გამომშვიდობების ნიშნად, რითაც დიდი ტკივილი მიაყენა "თავის თოჯინას".

ქალისადმი ნამდვილი სიყვარული (?!)

ქალისადმი ნამდვილი სიყვარული და პატივისცემა ალენ დელონმა მხოლოდ 50 წლის ასაკში ისწავლა, როცა როზალი ვან ბრემენმა ორი შვილი აჩუქა, რაშიც ალენი თავისი ცხოვრების არსს ხედავდა.
გამორიცხული არ არის, რომის კარიერა რომ დაეთმო და ალენისთვის შვილი გაეჩინა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, თუმცა.... ესეც ვარაუდია.
1996 წელს შმიდტის სპექტაკლ "იდუმალ ვარიაციებში" თამაშისას ალენმა საგრიმიოროში შესანიშნავი ფარჩის კაბა დაკიდა, რომელშიც რომი მასთან ერთად თამაშობდა პიესაში "რა სამწუხაროა, რომ ის კახპაა". რა იყო ეს - სენტიმენტალიზმი თუ ფეტიშიზმი? ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი ცხადია - რომი მისთვის დაუვიწყარია. იგი მუდამ აწუხებს ალენის სინდისს, როგორც სამახსოვრო საჩუქარი იმ მშვენიერებისა რომლითაც ოდესღაც ცხოვრებამ დააჯილდოვა.

კინოკარიერა

1959 წელს მისელ ბუარონის ფილმში "სუსტი ქალები" შესრულებული როლით ალენ დელონმა დაამტკიცა, რომ მას რთული სახასიათო როლების განსახიერება ხელეწიფებოდა. "კრისტინამ" დიდი აღიარება ვერ მოუტანა, მაგრამ კრიტიკამ "ახალ ჯეიმს დინად" მონათლა (რაც ძალიან აღიზიანებს). პრესა მის რომანზე რომი შნაიდერთან უფრო მეტს წერდა, ვიდრე განსახიერებულ როლებზე.
მიშელ ბუარონისთან მუშაობა ალენისთვის საინტერესო იყო. ბუარონის მომდევნო ფილმში "მოსწავლეთა გზა" კვლავ მთავარი როლი შეასრულა. ამ ფილმში ალენ დელონის პარტნიორები იყვნენ ბურვილი და ლინო ვენტურა, რომელთანაც შემდგომში არაერთხელ მოუხდა მუშაობა. ფილმის გადაღების დასრულებისთანავე ალენი იტალიაში დაბრუნდა, სადაც რენე კლემანი იღებდა ფილმს "თაკარა მზის ქვეშ". ტომ რიპლის როლს ალენ დელონი ასრულებდა. თავიდან კლემანს ჩაფიქრებული ჰქონდა, ალენი ფილიპ გრინლიფის როლზე დაემტკიცებინა, მაგრამ როცა სცენარი წაიკითხა, ალენმა კლემანს სთხოვა, რიპლის როლი მისთვის მიეცა. საამისოდ მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, თუმცა იცოდა, რომ რიპლის როლზე ჟაკ შარიე იყო დამტკიცებული. ალენმა მოურიდებლად სთხოვა დიდი რეჟისორს, რიპლის როლზე ის დაეკავებინა; მან საკმაოდ მყარი არგუმენტებით დაუსაბუთა კლემანს, რომ ჟაკ შარიე ამ როლისთვის შეუფერებელი იყო. ამ საუბარს პროდიუსერები - ძმები ხაკიმები და კლემანის მეუღლე ესწრებოდნენ. ხაკიმებმა დელონის თავხედობის გამო აღშფოთება ვერ დამალეს. როგორც დელონი იხსენებს, ისინი არამცთუ გაბრაზდნენ, არამედ გაცოფებულნი ბდღვინავდნენ. საუბარი ღამის ორ საათამდე გაგრძელდა და მოულოდნელად კლემანის მეუღლემ წარმოთქვა: "ძვირფასო, მგონი, ეს ახალგაზრდა მართალია". შემდეგ კლემანმა გადაღება სამი კვირით გადადო, რათა სცენარზე მუშაობა დაესრულებინა და ფილიპის როლისთვის მსახიობი მოეძებნა. ეს როლი ფილმში შესანიშნავად განასახიერა მორის რონემ, რომელმაც ის-ის იყო დაასრულა გადაღებები ლუი მალის ფილმში "ლიფტი ეშაფოტზე". ამ ფილმში მან და ჟანა მორომ ბრწყინვალე დუეტი შექმნეს. ყოველივე ამან ალენ დელონს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. მას უფლება არ ჰქონდა, კლემანისთვის იმედი გაეცრუებინა. ალენმა თავდაუზოგავად დაიწყო როლისთვის მზადება და შესანიშნავად შეასრულა ტომ რიპლის როლი, რისთვისაც კლემანის ქება დაიმსახურა.
რენე კლემანს ალენ დელონი მუდამ დიდი სითბოთი და პატივისცემით იხსენიებს. "კლემანი ისე დირიჟორობდა მსახიობებს, როგორც კარაიანი - ორკესტრს" - წერდა იგი. 1960 წელს ფილმმა კრიტიკისა და მაყურებლის ყურადღება მიიპყრო და მალე ყველა ალაპარაკდა ალენ დელონზე, როგორც ფრანგული კინოს ამომავალ ვარსკვლავზე, მაგრამ ალენს იმის დროც არ ჰქონდა, რომ წარმატებით დამტკბარიყო. მას კვლავ ელოდნენ რომში. ლუკინო ვისკონტი იღებდა ფილმს "როკო და მისი" ძმები, რომელმიც მთავარი როლი ალენს შესთავაზეს. ფილმის გადაღება ოთხი თვის მანძლზე მიმდინარეობდა. როკოს ურთულესი სახის შესაქმნელად ალენს დიდი შრომა დასჭირდა. ვისკონტი გამუდმებით უხსნიდა მას გმირის ხასიათს, რისთვისაც მაგალითად მოჰყავდა თომას მანის "იოსები და მისი ძმები", დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები". აი, რას წერს 1996 წელს ალენ დელონი ერთ-ერთ ჟურნალში: "ვისკონტი ესთეტი, ფანტაზიორი და არისტოკრატი გახლდათ. მის ფილმებში მთელი მისი ბუნება, წარმომავლობა, არისტოკრატული აღზრდა იყო გადმოცემული". დელონისთვის მალე ცხადი გახდა, რომ როკოს როლი მის სამსახიობო ბიოგრაფიაში საეტაპო იყო. იგი ძალიან ცდილობდა ვისკონტის ნდობა გაემართლებინა. ჰქონდა მას დრო. რომი შნაიდერზე ეფიქრა? როგორც ჩანს, ჰქონდა. არსებობს ფოტო, რომელზედაც მილანის სასტუმროში ალენისა და რომის ცელქობაა აღბეჭდილი. რომი ხანდახან ახერხებდა მილანში ალენთან ჩასვლას და მაშინ ისინი გადაღებებისგან თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ. რომი თავადაც ბევრს მუშაობდა გერმანიაში, მაგრამ, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, მაშინვე ალენისკენ მიეშურებოდა. ხანდახან ვისკონტი უკმაყოფილებას გამოხატავდა, რადგანაც მიაჩნდა, რომ რომი ალენს ყურადღებას უფანტავდა, ხელს უშლიდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, ეს ორი ადამიანი შეერთებინა, ოღონდ, არა ეკრანზე, არამედ სცენაზე (....ეს უკვე ითქვა).
მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა, მანამდე კი ალენს თავისი მეტრი - კლემანი - ელოდა, რომელიც იღებდა კომედიას "ცხოვრება მშვენიერია". შემდეგ ალენმა მიშელ ბუარონის ფილმში სახელწოდებით "ცნობილი სასიყვარულო ისტორიები" მიიღო მონაწილეობა, სადაც მას პარტნიორობას ბრიჯიტ ბარდო უწევდა. ამ სურათზე ალენი უგულოდ მუშაობდა, რაც აშკარად იგრძნობა. ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ბრიჯიტ ბარდო, თავის მემუარებში ალენ დელონთან მუშაობის პერიოდს ასე იხსენებს:
"დელონი ძალიან მაღიზიანებდა. გადაღებებზე საზიზღრად იქცეოდა, მხოლოდ თავის ლამაზ სახესა და ცისფერ თვალებზე ფიქრობდა და არა პარტნიორზე. ინტიმური სცენის გადაღებისას იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის თვალებში ეყურებინა, პროჟექტორისკენ იმზირებოდა, რომელიც ჩემ უკან იდგა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ მისი თვალების სილურჯე უკეთ წარმოჩენილიყო. მეც იმავეს ვაკეთებდი, მის საჭურველმტვირთველს ვუყურებდი, რომელსაც პიერ პასიმი ასახიერებდა. უკეთესს ვერც მოიფიქრებდი!. დელონი პროჟექტორს უხსნიდა სიყვარულს, მე კი - მის საჭურველმტვირთველს და კიდევ უკვირთ,  სკეტჩი ცუდი რატომ გამოვიდა. ჩემს ადგილზე ფარანი რომ მდგარიყო, იგივე მოხდებოდაკოქტეილი ბარდო-დელონი საკმაოდ უგემური აღმოჩნდა. ამის გახსენებაზე გული მწყდება, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ალენი ყველაზე სიმპათიური და ნიჭერი მსახიობია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჟან გაბენის ან სხვა დიდი მსახიობის ადგილი დაიკავოს. მისი ტალანტი უშრეტია, გარეგნულადაც შეიცვალა და ბუნებითაც, უფრო მკაცრი გახდა და გალამაზდა. როცა ახალგაზრდა, თანამედროვე გმირებზე ვფიქრობ, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ კინოს თავი დავანებე".
თუმცა მოგვიანებით, 1967 წელს ბარდომ დელონთან ისევ ითამაშა ლუი მალის ფილმში "სამი ნაბიჯი ღრუბლებში". ამ სურათში დელონის ნიჭმა კვლავ გაიბრწყინა და პარტნიორსაც გადასაღებ მოედანზე საკმაო ყურადღებას უთმობდა.
* * *
იმხანად ალენის ფიქრები კი კვლავ იტალიას დასტრიალებდა, სადაც იტალიური კინოს კიდევ ერთი "გრანდი", მიქელანჯელო ანტონიონი აპირებდა გადაეღო ახალი ფილმი სახელწოდებით "დაბნელება". ფილმში დელონს პარტნიორობას ანტონიონის მეუღლე, მონიკა ვიტი, უწევდა. ალენს უყვარდა ქერა ლამაზმანებთან თამაში, მაგრამ არ მოელოდა, რომ ანტონიონი ყურადღებას თავის ცოლზე გაამახვილებდა და არა მასზე. რეჟისორების ყურადღებით განებივრებული ალენი ამის გამო ანტონიონიზე ძალიან გაბრაზდა, ერთხანს მასთან თანამშრომლობას შემთხვევითობას უწოდებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგი დიდებული აღმოჩნდა. "დაბნელება" დელონისა და მონიკა ვიტის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. 
1962 წელს კანის ფესტივალზე ფილმი ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ეს იყო და ეს. დარბაზში უსტვენდნენ, ამერიკელებისგან განსხვავებით ფრანგები თავის უკმაყოფილებას ასე გამოხატავდნენ....
იმავე 1962 წელს ალენ დელონს სანუკვარი ოცნება აუხდა, მან ჟან გაბენთან ერთად ითამაშა ანრი ვერნეის ფილმში "მელოდია სარდაფიდან". როგორც კრიტიკამ აღნიშნა, ალენმა როლს კარგად გაართვა თავი. ალენი ხშირად ეპირფერებოდა "ბებერს", როგორც უწოდებდნენ გაბენს, ისმენდა მის რჩევებს, ხშირად სამსახურსაც სთავაზობდა, რაც კაპრიზულ გაბენს ძალიან სიამოვნებდა. დელონი ყურადღებით ისმენდა მის მონათხრობს, რჩევა-დარიგებებს. მაგალითად, გაბენმა ურჩია, ფული უძრავ ქონებაში დაებანდებინა, დელონმა ეს რჩევა ყურად იღო და მალე რამდენიმე მამულის მფლობელი გახდა. ასევე გაბენის რჩევით, დოღის ცხენები მოაშენა და რამდენიმე წლის შემდეგ დელონის და გაბენის ცხენები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. 

კვლავ იტალია

ამ პერიოდში დელონს იტალიასთან კვლავ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და იქ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ლუკინო ვისკონტიმ იგი ამჯერად ფილმ "ლეოპარდში მიიწვია მთავარ როლზე. 1963 წელს ამ ფილმმა კანის ფესტივალზე გრან-პრი მიიღო.
ამ აკორდით მთავრდებოდა ალენ დელონის ოთხწლიანი იტალიური ეპოპეა, რითაც ძალიან ამაყობდა. 26 წლის დელონის "საგანძურშია" ორი კლემანი, ორი ვისკონტი და ერთი ანტონიონი.
...მომავალს მსახიობი იმედიანად შეჰყურებდა, თუმცა პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - გაშორდა რომი შნაიდერს და, ყველასათვის მოულოდნელად, ცოლად შეირთო ფრანსის კანოვასი, შემდგომში ნატალია დელონის  სახელით ცნობილი მსახიობი, მაგრამ ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1970 წელს მათ ერთად ითამაშეს კომედიაში "ჩუმად, ბასებო". შემდგომში ნატალი დელონმა დამოუკიდებლად გააგრძელა კარიერა და, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე ფილმი თავად გადაიღო. 
1963 წელს ალენ დელონი კვლავ პარიზში დაბრუნდა, რათა ისევ მიეღო მონაწილეობა
ფილმში, რომელსაც რენე კლემანი იღებდა. უახლოესი ხუთი წლის მანძილზე მან იმუშავა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ რობერ ენრიკო, ჟან-პიერ მელვილი და ჟაკ დერიე.
უკვე აღვნიშნეთ, რომ ალენ დელონის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მეგობრისადმი ერთგულებაა. იგი მუდამ მადლიერია რენე კლემანისა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ალენის წარმატებაში. მათი თანამშრომლობა კლემანის სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვეტილა. როცა კლემანმა მიწვია იგი ფილმში "მძარცველები", რომელიც დელონისთვის არცთუ საინტერესო აღმოჩნდა, მან უარი მაინც ვერ აკადრა საყვარელ რეჟისორს.

ჰოლივუდი

მანამდე, სანამ 1967 წელს დელონი ითამაშებდა რობერ ენრიკოს ფილმში "თავგადასავლების მაძიებელნი", ბოლოსდაბოლოს აიხდინა ოცნება, აშშ-ში ემუშავა. 1965 წელს მან იგრძნო, რომ ჰოლივუდის დასაპყრობად მზად იყო, პასუხად შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება, დელონმა კითხვითვე უპასუხა: "რატომაც არა, თუ იქ შემიძლია შევხვდე ჩემთვის საინტერესო რეჟისორებს? ეს ჩემი შანსია და ხელიდან არ გავუშვებ! ძალიან გამიხარდებოდა, ტრიუფო ან გოდარი თუ მიმიწვევდნენ ფილმებში სათამაშოდ, მაგრამ ვინაიდან ასე არ ხდება, მზად ვარ, რალფ ნელსონთან ან ანტონი ასკვიტთან ვითამაშო"
ამ სიტყვებში აშკარად ჩანს ალენ დელონის გულისტკივილი იმის გამო, რომ "ახალი ტალღის" რეჟისორები მისით არ ინტერესდებოდნენ მაშინ, როცა ჟან-პოლ ბელმონდო თითქმის ყველა მათ ფილმში თამაშობდა, თუმცა გოდარმა მაინც მიიწვია იგი თავის ერთ-ერთ ფილმში.
* * *
ამერიკაში გასამგზავრებლად დელონი გულმოდგინედ ემზადებოდა; მან ფრანგი მწერლის, დრიე დე ლა როშელის რომან "მხედრის" ეკრანიზაციის უფლებაც კი იყიდა და იმედოვნებდა, რომ ამერიკელებს ამ რომანით დააინტერესებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, ჰოლივუდში ნაწარმოებს გულგრილად შეხვდნენ.
ნიუ-იორკში დელონი ახალშერთულ ცოლთან, ფრანსის კანოვასთან, ერთად ჩავიდა.
ფრანსისი ნატალი ბარტლემის სახელით ფოტოგრაფად მუშაობდა ერთ-ერთ მოდურ ღამის დაწესებულებაში. ერთხელ იქ დელონი მეგობრებთან ერთად მივიდა; იგი მოხიბლა ახალგაზრდა, ლამაზმა ქალმა, რომელიც რაღაცით მას წააგავდა და ამას ყველა აღნიშნავდა. ქალმა სავიზიტო ბარათი გაუწოდა: "ფოტო თუ დაგჭირდებათ, შემატყობინეთ!" ასე დაიწყო მათი მეგობრობა (...რომი შნაიდერთან ალენი უკვე აღარ ცხოვრობდა).
ამერიკაში დელონმა ორი წელი დაჰყო, ხანდახან საფრანგეთში ჩადიოდა. 1966 წლამდე ჰოლივუდში აპირებდა დარჩენას, მაგრამ ვეღარ გაძლო და პარიზში დაბრუნდა.
ჰოლივუდში დელონმა მონაწილეობა მიიღო განგსტერულ ფილმში - "ქურდად დაბადებული", ალჟირის შესახებ გადაღებულ სურათში - "დაკარგული რაზმი" და  კომედიაში - "ტეხასი მდინარის გასწვრივ", ეს იყო და ეს.
მალე ნატალის და ალენს ვაჟი, ენტონი, შეეძინათ.
ნატალი ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე ქალი აღმოჩნდა, რომლისთვისაც, დელონის მსგავსად, პირადი თავისუფლება და დამოუკიდებლობა უმთავრესი იყო. საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბავშვი ალენთან დარჩა. ყოფილმა მეუღლეებმა გადაწყვიტეს, ენტონის არაფერი სცოდნოდა მშობლების დაშორების შესახებ და არც ის უნდა ეგრძნო, რომ ერთ-ერთი მათგანი მის გვერდით არ იყო. ისინი ხშირად ერთად აღნიშნავდნენ დღესასწაულებს, თუმცა შვილთან ურთიერთობა ალენმა ვერ ააწყო, მაგრამ დღეს ალენ დელონი ამაყობს საკუთარი ვაჟიშვილით, რომელიც არა მხოლოდ მსახიობი გახდა, არამედ ბიზნესმენიც.

ქალების ფინალური ფეიერვერკი

რომისთან და ნატალისთან განშორების შემდეგ ალენი ერთ-ერთ წვეულებაზე მომხიბლავ ქერათმიან მსახიობ მირეი დარკთან ერთად გამოცხადდა (მისი ნამდვილი სახელია მირეი ეგროზი). მას საყოველთაო აღიარება მოუტანა განგსტერულმა ფილმმა სახელწოდებით "ჯაფი". მაღალი, ტანწერწეტა, გრძელფეხება ახალგაზრდა მსახიობი 60-70-იან წლებში ქალური მომხიბვლელობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ალენ დელონის ცხოვრებაში მირეიმ ხანგრძლივი დროით დაიმკვიდრა ადგილი. მათ ერთად 15 წელიწადზე მეტი იცხოვრეს, თუმცაღა ისევე, როგორც რომი შნაიდერის შემთხვევაში მოხდა, ალენი არ ჩქარობდა ურთიერთობის დაკანონებას. 1981 წელს. ფილმ "პოლიციელის ტყავისთვის" გადაღებისას ალენმა ახალგაზრდა მსახიობი ან პარიო აღმოაჩინა. 1984 წელს დელონის ცხოვრების თანამგზავრი გახდა კატრინ პირონი (ქალიშვილობაში ბლეინე), "ფორმულა-1"-ის მრბოლელ დიდიე პირონის ყოფილი მეუღლე, რომლის მოულოდნელმა დაღუპვამ დელონისა და კატრინის რომანის დაწყებას შეუწყო ხელი. მაგრამ ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1970 წლიდან იცნობდნენ, როცა კატრინი 18 წლის იყო. ძალიან გახმაურდა რომანი მაშინ ჯერ კიდევ დამწყებ მომღერალ პატრისია კაასთანაც...
* * *
1991 წლის გაზაფხულზე ალენ დელონი "საპატიო ლეგიონი" ორდენით დააჯილდოვეს. ჯილდოს გადაცემა ელისეს სასახლეში კიდევ ერთი მოვლენით აღინიშნა: ოფიციალურ მიღებაზე ალენ დელონი პირველად გამოცხადდა თავის ახალ მეუღლესთან, მშვენიერ როზალი ვან ბრეემენთან ერთად. როზალი ჰოლანდიელი მანეკენი გახლდათ, ლიცეუმში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. იგი არა მხოლოდ მომხიბვლელი გარეგნობით, არამედ საზოგადოებრივი მეცნიერებეის კარგი ცოდნითაც გამოირჩეოდა. შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ, ლათინურ,  ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს.... მაშინ, როცა ალენ დელონის თქმით, კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი უკან დარჩა, მსახიობს მხოლოდ ისღა სურდა, საკუთარი თავი ოჯახისა და შვილებისთვის მიეძღვნა, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ დელონის ოფიციალურ ცოლობამდე როზალიმ მას ორი შვილი აჩუქა - 1990 წელს ანა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ - ალენ-ფაბიენი.
...მაგრამ მისდა სამწუხაროდ, 1997 წელს როზალიმ მიატოვა უკვე სიბერეშეპარული ქალების გულთამპყრობელი და დელონის ფინანსურ პარტნიორს გაჰყვა ცოლად. ბავშვები მამასთან დარჩნენ. პირველ ხანებში ალენ დელონი დეპრესიამ შეიპყრო, მაგრამ, როგორც იტყვიან, დრო ყველაფრის მკურნალია...

ინტერვიუ ალენ დელონთან,
ჟურნალი “პარი მატჩი”, 2004 წელი

- ზოგიერთი თქვენი კოლეგა ამტკიცებს, რომ ალენ დელონი არა უბრალოდ მსახიობი, არამედ ბევრად მეტი - მითია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- შევეცდები, დავაზუსტო. მსახიობები ორ კატეგორიად იყოფიან: დიდ მსახიობებად და, უბრალოდ, მსახიობებად. მსახიობობა ჩვეულებრივი პროფესიაა, მისი შესწავლა შეიძლება. იქ, სადაც ჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ, დიდი მსახიობები ცხოვრობენ. მე არა მხოლოდ მითს მიწოდებენ, არამედ - ვარსკვლავსაც. გეთანხმებით, ჩემი დიდება ნაციონალურ საზღვრებს გასცდა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში მაღმერთებენ, რასაც ვერ ვიტყოდი საფრანგეთზე, რადგანაც ჩემს სამშობლოში უპირატესობას უიღბლოებს ანიჭებენ. მე ყოველთვის პირველობიაკენ ვისწრაფვოდი, არა მარტო განდიდების მანიის გამო, არამედ შრომით და დამსახურებით, თუ გნებავთ. მოკრივე რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდი. რაც შეეხება მითს, ეს მხოლოდ საზოგადოების გადასაწყვეტია. მისი საქმეა, შემოსოს თუ არა ვარსკვლავი მითიური საბურველით. ამ პროცესზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შემიძლია, თუმცა ვერც თავს მოვიკატუნებ და ვიტყვი, რომ მაყურებლის აღიარებას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიყვარული უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რადგანაც ჩემს მითად აღიარებას პროფესიულ წარმატებებს ვუკავშირებ. მოსკოვის კინოფესტივალზე სწორედ პროფესიული მიღწევებისთვის გადმომცეს პრიზი და ეს ჩემთვის უდიდესი ჯილდოა.
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად ვიდს მიუძღვის ამაში წვლილი?
- ალბათ, დედაჩემს. მამაჩემი უცნაური ადამიანი იყო, ავანტურისტი, მუდამ სამუშაოს ეძებდა. მან მაშინ მიგვატოვა, როცა ოთხი წლის ვიყავი. ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სახლში, რომელიც ციხის პირდაპირ მდებარეობდა. ბავშვობაში ფანჯრიდან გისოსების გარდა ვერაფერს ვხედავდი; დედა მეორედ გათხოვდა, ცოლად ყასაბს გაჰყვა და კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა. იგი მუდამ კინომსახიობობაზე ოცნებობდა. ჩემი სიყვარული კინოსადმი სწორედ მისი დამსახურებაა. ანგელოზის გარეგნობა მქონდა, მაგრამ ბუნებით ეშმაკეული ვიყავი, გაკვეთილების გაცდენაში ვერავინ მჯობნიდა. როცა 14 წლის ასაკში ამერიკაში გაქცევა გადავწყვიტე, ამის გამო სკოლის დირექტორი სამსახურიდან დაითხოვეს, მე კი სკოლიდან “მგლის ბილეთით” გამომიშვეს. იძულებული გავხდი, ყასბობა მესწავლა. ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი - ამ სახლი-ციხიდან, რაც შეიძლება, შორს გავქცეულიყავი.
- იმის წარმოდგენაც კი საზარელია, რომ, შესაძლოა, ოდესმე ყასაბი ყოფილიყავით. და მაინც... მოახერხეთ სახლიდან გაქცევა?
- როცა ბავშვობიდან გრძნობ, რომ არავის სჭირდები, ამან არ შეიძლება, შენს პიროვნებას კვალი არ დაამჩნიოს. გარეგნულად არ იცვლები, მაგრამ გულში მთელი სიცოცხლის მანძილზე ტკივილს ატარებ. როცა ოჯახში განვაცხადე, რომ ინდოჩინეთში, ომში წასვლას ვაპირებდი, მშობლები მაშინვე დამთანხმდნენ; ერთი სული მქონდა, მათი სახლი დამეტოვებინა. 17 წლის ასაკში ჭკუა არ მოგეკითხება, მშობლები ვალდებულნი არიან, გაგიფრთხილდნენ. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, მადლობა ღმერთს, გამიმართლა - ომიდან ცოცხალი და უვნებელი დავბრუნდი. ბევრი ჩემი თანამებრძოლი კი უცხო მიწაზე დარჩა. 21 წლის შევსრულდი, გარშემომყოფები კი მხოლოდ 16 წელს მაძლევდნენ. სახეზე არ მეწერა, რომ ადამიანები მყავდა მოკლული. როგორ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ  ბოლოსდაბოლოს ნორმალურ სამყაროში აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემს თანატოლებს, ჩემგან განსხვავებით, არასოდეს ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში. ისინი სულ სხვა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ. ინდოჩინეთის ჯუნგლებიდან იმიტომ გამოვედი, რომ პარიზის ჯუნგებში ამომეყო თავი, რომელიც ბევრად საზარელი აღმოჩნდა. ოფიციანტად მუშაობა რომ დავიწყე, თავს ნაპირზე გამორიყული თევზივით ვგრძნობდი. რომ არა კინო, აუცილებლად ვიეტნამში დავბრუნდებოდი და პროფესიონალი სამხედრო გავხდებოდი.
- საბედნიეროდ თქვენი ცხოვრება ასე არ წარიმართა. რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებში შე-მთხვევითობამ?
უდიდესი. მე ვიტყოდი, ნებისმიერი კარიერისთვის შანსი აუცილებელია. მთავარია, მისი გამოყენება შეგეძლოს. ბედს კუდში უნდა სტაცო ხელი. ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდობაში გეძლევა შანსი, მაგრამ მსახიობის პროფესიაში მომხიბვლელი გარეგნობა გადამწყვეტი არ არის. ერთხელ ჩემმა პირველმა პროდიუსერმა თქვა ჩემზე: “ის ძალიან ლამაზია, ამიტომ კარიერას ვერ შეიქმნის”. და მე მთელი სიცოცხლე გარშემომყოფებსაც და საკუთარ თავსაც ვუმტკიცებდი, რომ მხოლოდ ლამაზი კი არ ვიყავი, არამედ - ჭკვიანიც.... გადასაღებ მოედანზე ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდი.
- კინოში მამაცი პოლიციელის არაერთი როლი შეგისრულებიათ. სინამდვილეშიც ასეთი უშიშარი ხართ?
40 წლის მანძილზე ვინ აღარ განმისახიერებია, მაგრამ დღემდე მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემი გმირების თვისებებს მე მომაწერენ. ისინი ყოველთვის ისეთად აღმიქვამენ, როგორიც სინამდვილეში საერთოდ არ ვარ. არ მესმის, რატომ. ეს, ალბათ, ჩემი გარეგნობის ბრალია. ახალგაზრდობაში ჩემი თავი ძალიან ქალური მეჩვენებოდა, მაგრამ ქცევები მეტისმეტად უხეში და გამომწვევი მქონდა. ჩემს გარეგნობას მხოლოდ მაშინ შევეგუე, როდესაც ეკრანებზე ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ფილმი “აუზი” გამოვიდა. მაშინ 33 წლის ვიყავი და მოულოდნელად მივხვდი: ქრისტეს ასაკი, სამურაის სული და გმირი-საყვარლის გარეგნობა - აი, რაშია შეუსაბამობა, ამავე დროს სამსახიობო კოზირიც. ახლა, 70 წლის ასაკში, ყველაფერი წარსულშია. ქალების გულთამპყრობელი კაზანოვასგან მხოლოდ მოგონებები დარჩა.
- დაუჯერებელია!
- სწორედ ასეა. გოგონები წინანდებურად ხშირად მთხოვენ ავტოგრაფებს, მაგრამ, როგორც შემდეგ ირკვევა ხოლმე, არა თავისთვის, არამედ მათი დედიკოებისთვის.
- იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ქალი, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დაგიყენათ?
- ბევრი ქალი მიყვარდა, მეც ბევრს ვუყვარდი. ვცდილობდი, ქალისთვის, რომელიც იმ მომენტში ჩემ გვერდით იყო, მთლიანად მიმეძღვნა საკუთარი თავი, მისთვის ყველაზე უკეთესი ვყოფილიყავი, მაგრამ სინამდვილეში ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ოთხმა მათგანმა ითამაშა მთავარი როლი: ნატალი, ჩემი უფროსი ვაჟის, ენტონის, დედა არცთუ ურიგო მსახიობი დადგა. იგი ჩემთან ერთად მონაწილეობდა ფილმში “სამურაი”. ჩვენ მალე დავშორდით ერთმანეთს, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. რომი შნაიდერი... როცა ერთმანეთი გავიცანით, იგი ოცი წლის იყო, მაგრამ უკვე პოპულარული მსახიობი გახლდათ. რომი გენიალური არტისტი იყო. ის კინოპავილიონებში გაიზარდა და ხშირად რეალურ და გამოგონილ ცხოვრებას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა. კინოსტუდიებში თაყვანს სცემდნენ, შინ კი შეუვსებელი საგადასახადო უწყებები და შინამოსამსახურეებთან გაციებული ვახშმის გამო მორიგი ჩხუბი ელოდა. მისი რეალური ცხოვრების ტრაგედია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე კინორომანებისა... მირეი დარკი - ჩვენ ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ და დღემდე ვმეგობრობთ. გვყავდა საყვარელი ძაღლი, მანიუ. როცა მირეი წავიდა, ძაღლი ჩემთან დარჩა, მაგრამ ძალიან დარდობდა, საჭმელს არ ეკარებოდა. მირეის გამოჩენისთანავე მანიუ გამოცოცხლდებოდა, გამხიარულდებოდა, მაგრამ მირეი წავიდოდა და ძაღლიც მოიწყენდა. ბოლოს სიმსივნე გაუჩნდა და მოკვდა. ჩემს სახლში მუდამ ბევრი ძაღლი ცხოვრობს. დამოუკიდებლად განსაკუთრებული ჯიშიც კი გამოვიყვანე. ისინი ავადმყოფ ბავშვებს მაგონებენ, რომლებსაც უფალმა მხოლოდ 10-14 წლის სიცოცხლე არგუნა...
- თქვენს მეოთხე ცოლზე არაფერი გითქვამთ...
- როზალიზე უბრალოდ ვერ ვილაპარაკებ, მას ვაღმერთებ, რადგან ორი ანგელოზი მაჩუქა - ანუშკა და ალენ-ფაბიენი. ბავშვებმა ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინეს და ჯადოსნური შუქით გაანათეს. ოჯახური კერა ჩემთვის წმიდათაწმიდაა და ასეთი სახლი - თბილი, მყუდრო, ხალისიანი, როგორც იქნა მეღირსა. როზალი ტელესტუდიაში გავიცანი. ის იქ საცეკვაოდ მიიწვიეს, მე კი... უნდა მემღერა! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იტალიურ კომედიებში, მაგრამ ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს. ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. და აი, ათი წელია ერთად ვართ (....როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალენ დელონი დღეს კვლავ მარტოა. ის და როზალი ერთმანეთს დასცილდნენ).
- არც ისე დიდი ხნის წინ თქვენ და ჟან-პოლ ბელმონდომ ერთად ითამაშეთ ფილმში “ერთი შანსი ორისათვის”. რას იტყოდით თქვენი ერთობლივი მუშაობის შესახებ?
- ეს შესანიშნავი იყო. ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ.
- გადაღებების დროს ნერვიულობდით?
- გადაღებების წინ დიდხანს ვემზადები. შინაურებს ვთხოვ ხოლმე, თუ ამ დროს დამირეკავენ, მხოლოდ სასიამოვნო ამბები შემატყობინონ. ყოველთვის, როცა მესმის ბრძანება: “მოტორ!”, ვგრძნობ, რომ გული მიჩერდება, მაგრამ, როგორც კი სახეზე პროჟექტორების შუქს ვიგრძნობ, მაშინვე ვწყნარდები.... იწყება კორიდა! ბრძოლა! ჩემში მონადირის აზარტი იღვიძებს სულ სხვა საქმეა ტელევიზია. როცა პუბლიცისტურ გადაცემებში ვმონაწილეობ ან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ვიძლევი, ძალიან ვღელავ, მეშინია, მაყურებელი არ გავაწბილო. თუ იგი შენით აღფრთოვანებულია, უფლება არ გქვს, მოატყუო. აღფრთოვანება სიცოცხლის მოტორია. სამწუხაროდ, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისითაც აღფრთოვანებული ვიყავი, დღითიდღე მცირდება ისევე, როგორც მეგობართა წრე...
- ნუთუ მტკიცედ გადაწყვიტეთ, კინოს სამუდამოდ დაემშვიდობოთ?
- არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მე უკვე კინოისტორიის კუთვნილება ვარ. ჩემს ნამუშევართა რიცხვში 5-6 შედევრია, ამიტომ ძალიან, მეშინია, რომელიმე უინტერესო როლით მაყურებელს იმედი არ გავუცრუო.
რაც შეეხება კინოსთან დამშვიდობებას, ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, კარს ღიად ვტოვებ: თუ ნიკიტა მიხალკოვი ან ლუკ ბესონი მიმიწვევენ თავის ფილმებში, შეიძლება გადაწყვეტილება შევცვალო. ასეთ ტალანტებს უარს როგორ ვეტყვი?! - ჯერ ისევ სრულ ჭკუაზე ვარ!

ალენ დელონის საიდუმლო კავშირები

ორიოდე სიტყვა ბერნარ ვიოლეს წიგნის - “დელონის საიდუმლოებები” - შესახებ და პატარა ამბები დიდი ალენის ცხოვრებიდან

* * *
ავტორმა წიგნისა “დელონის საიდუმლოებები” ბერნარ ვიოლემ მრავალ რედაქვიას მიმართა თხოვნით ამ წიგნის დაბეჭდვის თაობაზე, მაგრამ ყველასგან სასტიკი უარი მიიღო. ბოლოს წიგნის დაბეჭდვა გამომცემლობა “გრასემ” გაბედა, თუმცა მანამდე წიგნის გმირს, ალენ დელონს, რეზიუმე გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა გამომცემლობას სასამართლოში უჩივლა, მაგრამ პროცესი წააგო. მიხედავად ამისა, გამომცემლობამ მაინც არ მოინდომა დელონთან ურთიერთობის გაფუჭება და პუბლიკაციაზე უარი განაცხადა.
* * *
გამომცემლობა “ფლამარიონმა” დელონისაგან მალულად დაიწყო წიგნის დასაბეჭდად მომზადება. როცა დელონის შესახებ წიგნი გამოიცა, ფრანგები გაკვირვებულნი დარჩნენ. მსოფლიო კინოს მოყვარულებს, რომლებიც დელონს იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ მსახიობს და წარმატებულ ბიზნესმენს, იმედი გაუცრუვდათ. წიგნის გმირი ამ მითისგან ძალიან შორს იყო. თუნდაც ქვესათაურები რად ღირდა:
“მეჟევეს მშფოთვარე ღამეები”
“დაუმორჩილებლობის მოდრეკა”
“ტყვია საფეთქელში”
“მაფიოზები”
ამ სიტყვებით იყო აჭრელებული კინოვარსკვლავის ბიოგრაფი. ოდესღაც თავად დელონმა აღიარა:
“ჩემი ცხოვრების ისტორია იმდენად უჩვეულოა, რომ არცერთ ჟურნალისტს არ ძალუძს მისი აღწერა”.
როგორც ჩანს, ბერნარ ვიოლემ გადაწყვიტა, ეს გამოწვევა მიეღო, მაგრამ დელონის ცხოვრების აღწერისას საკუთარ თავს ხშირად უსვამდა კითხვას: “სად იწყება რეალობა და სად მთავრედება ფანტაზია? ახალგაზრდობისას დელონი ხშირად ეთამაშებოდა ცეცხლს და ზოგჯერ ფრთებიც დასწვია”.
* * *
“...დელონის სიჭაბუკე თავგადასავლების მაძიებლის ფათერაკებისკენ დაუოკებელი ლტოლვაა. გავიხსენოთ თუნდაც ინდოჩინეთში “ჯიპის” გატაცება და ამის გამო ციხე, რვა თვის შემდეგ კი კვლავ დანაშაული - ამჯერად რევოლვერისა და რადიოგადამცემის გატაცება. სამხედრო მეთაურებს ერთი სული ჰქონდათ, ეს აბეზარი როგორმე მოეცილებინათ თავიდან...”
ასე იწყება თხრობა დელონის ცხოვრების შესახებ.
* * *
ბერნარ ვიოლემ იცოდა, რომ ალენ დელონი ბრძოლას დაუწყებდა, ამიტომ დიდ სიფრთხილეს იჩენდა და ყოველ თავის დასკვნას ფაქტებით ამყარებდა. თავისი გმირის ბიოგრაფიის შესწავლისას მან პარიზის პოლიციის განყოფილების ოქმებში აღმოაჩინა ცნობა იმის შესახებ, რომ ინდოჩინეთიდან პარიზში დაბრუნებული დელონი ხშირად ატარებდა დროს არა მხოლოდ მეძავებთან, არამედ ცნობილ ჰომოსექსუალისტ კარლოსთანაც. იგი მერეც არაერთხელ უნახავთ პარიზელი “ცისფერების” საზოგადოებაში.
* * *
ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებდა ჰენრი ვილსონიც, რომელმაც პირველმა აზიარა დელონი კინოს სამყაროს. ვილსონი ხშირად პატიჟებდა სახლში ახალგაზრდა მსახიობებს და მათთვის წვეულებებს მართავდა. ბოლოს იგი შიდსით დაიღუპა. დელონისთვის მან შეძლო ჰოლივუდში გამგზავრების საქმე მოეგვარებინა, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს გამგზავრება არ შედგა, რადგან სამშობლოში ალენს ზედიზედ სთავაზობდნენ როლებს. დელონის კარიერამ ელვისებური სისწრაფით დაიწყო აღმასვლა. როდესაც რომი შნაიდერს დაშორდა და ნატალი ბარტელემი შეირთო, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც ბერნარ ვიოლეს წიგნში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი. ეს გახლდათ წარმოშობით იუგოსლავიელი სტეფან მარკოვიჩი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასთან გარკვეული პრობლემები გააჩნდა, მან მალე შეძლო დელონის ნდობის მოპოვება და მათი მცველი გახდა. მარკოვიჩის იდუმალებით მოცული გარდაცვალება დღემდა გამოცანად რჩება. ვიოლე აშკარად მიანიშნებს, რომ ადვილად შესაძლებელია, დელონმა შეიტყო ნატალისა და მარკოვიჩის ურთიერთობის შესახებ. წიგნის ავტორი აღწერს სცენას, როდესაც დელონმა მოწმეების თანდასწრებით მარკოვიჩს პირდაპირ მიახალა:
“ჩემს გაქურდვას გაპატიებ, მაგრამ თუ გავიგებ, რომ ჩეს ცოლთან იწექი, მოგკლავ”.
* * *
1968 წლის ოქტომბერში ნაგავსაყრელზე მარკოვიჩის გვამი აღმოაჩინეს. მკვლელობაში დელონის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მარკოვიჩი მიანიშნებდა წერილში, რომელიც ძმას დაუტოვა. მაგრამ სასამართლომ ალენი გაამართლა, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, ხოლო დამნაშავედ ცნეს დელონის ძველი მეგობარი ფრანსუა მარკანტონი, მარსელის მაფიის მეთაური, რომელსაც მარკოვიჩი, აგრეთვე, მოიხსენიებდა წერილში. მაგრამ მარკანტონიმ თავისი ალიბი წარმოადგინა და საქმე მიაფუჩეჩეს. სასამართლოზე წარმოდგენილ იქნა ფოტოსურათები, სადაც თითქოს დელონი მამაკაცთა საზოგადოებაში ერთობ “საინტერესო” ვითარებაში იმყოფებოდა. გამომძიებლებს, აგრეთვე, ხელთ ჰქონდათ იმ ადამიანთა განცხადებები, რომლებიც აღწერდნენ დელონთან თავის შეხვედრებს. ამ ფაქტმა მსახიობის აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ არა - მისი დაპატიმრება.
* * *
ვიოლეს აზრით, ალენ დელონის ბიზნესში წარმატება ასევე მისმა მაფიასთან კავშირმა განაპირობა. დოღის, კრივის, და კაზინოს (დელონი ერთ-ერთი დიდი კაზინოს აქციათა მფლობელია) მოყვარულს არ შეიძლება არ ჰქონდეს სახიფათო კავშირები. თუმცა აზარტული ბიზნესი მუდამ არ ყოფილა წარმატებული.
* * *
საუკუნის მატჩმა კრივში კარლოს მონცონისა და ჟან-პიერ ბუტიეს შორის, რომელიც დელონის მიერ იყო ორგანიზებული, ჟურნალისთთა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მატჩის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი მაფიოზთა მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ ვიოლეს წიგნი დაწვრილებით შეისწავლეს ადვოკატებმა და იურისტებმა. მსახიობის ბიოგრაფიის “მწვავე ფაქტები” დოკუმენტურად იყო დადასტურებული, ამიტომაც დელონმა ვერაფერი გააწყო საიმისოდ, რომ წიგნის გამოცემა შეეფერხებინა. მსახიობის მისამართით პირდაპირი ბრალდებები წიგნში არ გვხვდებოდა. ვიოლე არ აკეთებს დასკვნებს, ამას მკითხველს მიანდობს. ავტორი აღწერს გარემოს, რომელშიც წარმოდგენილი არიან არა მარტო დელონი და კინოს მოღვაწენი, არამედ მარსელელი განგსტერები და ნაციონალისტ ლი პენის აპოლოგეტები.
* * *
როგორც ამბობენ, მალე გამოვა დელონის ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი წიგნი. მისი ავტორი გახლავთ არი ბულონი, ალენ დელონის პირველი შვილი, რომელიც მსახიობს გერმანელ მომღერალ და მანეკენ ნიკოსგან შეეძინა და რომლის შვილად აღიარებაც დელონმა არ ისურვა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, არი ბულონი ნამდვილად არ არის მისი შვილი და ეს ისტორია ჭორიკნების ფანტაზიის ნაყოფია.
* * *
ცხოველთა თავგამოდებულმა დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ კიდევ ერთი მომხრე შეიძინა - ეს მისი ძველი მეგობარი და პარტნიორი ალენ დელონია. ცოტა ხნის წინ ორმა მსოფლიო მასშტაბის კინოვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო მაწანწალა ძაღლების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციაში.
* * *
1990 წელს პარიზის გარეუბან სო-ს მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა აღედგინა კინოთეატრი “რეგინა”, რომელიც ერთდროს ალენ დელონის მამას ეკუთვნოდა.... (სხვათა შორის, ალენის დედამ, ედიტ არნოლდმა, სიცოცხლის ბოლო წლები ამ კინოთეატრში კონტროლიორად გაატარა...).
* * *
დღეისთვის დელონის შემოსავალი თვეში 60 ათას დოლარს შეადგენს. დაახლოებით ასეთივე შემოსავალი აქვთ ჟან-პოლ ბელმონდოს, კატრინ დენევს და იზაბელ აჯანის. თუმცა მსახიობს არ უყვარს იმ საქმიანობაზე საუბარი, რაც კინოს არ შეეხება, მაგრამ მაინც ცნობილია, რომ დელონი უშვებს პარფიუმერულ ნაწარმს, საათებს, ფლობს ავიაკომპანიას და ტანსაცმლის და ავეჯის მაღაზიათა ქსელებს. ითვლება რა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად, იგი ფულს აბანდებს უძრავ ქონებაში, უპირატესობას ანიჭებს ძველ ციხე-სიმაგრეებს, ყიდულობს ხელოვნების ნიმუშებს, იარაღსა და დოღის ცხენებს. რაც შეეხება საკვებს, ძალიან უყვარს ზღვის პროდუქტები, კიბორჩხალა სხვადასხვა სოუსით, ორი სახეობის თევზისაგან მომზადებული სუპი. ფორმის შესანარჩუნებლად დელონი დღეში სვამს არანაკლებ ორ ბოთლ ღვინოს, თანაც არა ჭიქით, არამედ პირდაპირ ბოთლიდან...
* * *
და კიდევ: ალენ დელონი საფრანგეთის კინოხელოვნების უმაღლესი ჯილდოს - “სეზარის” - ნომინანტი სამჯერ იყო და მხოლოდ ერთხელ შეძლო ხსენებული ჯილდოს დამსახურება 1985 წელს, 1977 და 1978 წლებში კი ხელი მოეცარა...


1 комментарий:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ОтветитьУдалить