среда, 10 сентября 2014 г.

სიუზენ სარანდონი

Susan Sarandon

დაიბადა 1946 წლის 4 ოქტომბერს

ნამდვილი სახელი და გვარი -
Susan Abigail Tomalin

...ჯულია რობერტსმა შლაპა თვალებამდე ჩამოიწია, რათა არავის ეცნო და ვაშინგტონ-პარკში ნაბიჯს აუჩქრა. გზად კი სულ იმას ფიქრობდა - "მაინც რა უნდა მოსვლოდა სიუზენს, ასე სასწრაფოდ რომ მიხმოო თავისთან?!"
არც მელანქოლია და არც ისტერიკა არასოდეს ყოფილა სარანდონისათვის დამახასითებელი. უფრო მეტიც - ჯულიას ყველა მეგობარს შორის, სიუზენი იყოერთადერთი, ვინც არასოდეს წუწუნებდა ზედმეტი წონისა თუ ნაოჭების გამო, პანიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! წარმატებული კარიერა, დიდი ჰონორარები, "ოსკარის" არაერთი ნომინაცია... ეს ყველაფერი სარანდონს საკმაოდ ჰქონდა. ამას ზედ ბედნიერი ქორწინებაც დაერთო ტიმ რობინსონთან და... 
ერთი სიტყვით, ამ ქალს საგანგაშო არაფერი არ უნდა შემთხვეოდა. 

ჯულიამ ნაბიჯს უმატა... კარი მას საშინაო ფორმაში გამოწყობილმა, თმაგაწეწილმა მასპინძელმა გაუღო, რომელიც ახლა ნამდვილად ჰგავდა 54 წლის ქალს. ჯულიას ძალიან უყვარდა სიუზენთან და ტიმთან სტუმრობა, აქ იყო ყველაფერი, რაც ადამიანურ ცხოვრებაზე მეტყველებდა და არა ჰოლივუდის ორი ვარსკვლავის ყოფაზე.
"ჩქარა მითხარი, რა მოხდა! - თითქმის უბრძანა ჯულიამ - სად არის ტიმი, სად არიან ბავშვები?! თქვენ  რა - იჩხუბეთ?!"
სიუზენმა გულგრილად გააბოლა სიგარეტი და სტუმარი დაამშვიდა - "ხომ იცი, ჩვენ არასოდეს ვჩხუბობთო". მას სხვა რამ ჰქონდა სათქმელი დაქალთან და ამის თქმამდე კარიკატურა გაუწოდა, სადაც იგი დიდი, უზარმაზარი მკერდით იყო გამოსახული და ჩვილის საფენებში გახვეულ ტიმს ძუძუს აჭმევდა.
"რა საზიზღრობაა!" - აღმოხდა რობერტსს.
სიუზენი კი კარადასთან მივიდა და ბრენდი გამოიღო.
"შენ რა, სმაც დაიწყე?!" - აღშფოთებას ვერ მალავდა ჯულია.
ასე დაიწყო სიუზენ სარანდონის მონოლგი:

"მთელი ცხოვრება ხალხის წინაშე ვთვალთმაქცობ, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ვარ, მაგრამ... მე ხომ მშვენივრად მესმის, რომ არავის სჯერა ბედნიერება იმ ოჯახისა, სადაც ცოლი ქმარზე 12 წლით უმცროსია... განა ყოფილა შემთხვევა, რომ ყმაწვილ უფლისწულს დედის ასაკის ქალზე ექორწინა?!..."
* * *

სარანდონმა და რობინსმა ერთმანეთი 1988 წელს გადაღებებზე გაიცნეს. სიუზენი მაშინ 42 წლის იყო; ტიმს იგი თავიდანვე მოეწონა, როგორც ქალი, მაგრამ უფრო საინტერესო ის იყო, რომ მრავლისმნახველ სიუზენსაც სატრფიალო დაბნეულობანი დასჩემდა. და აი, ერთხელ, ღამით ქალის ვაგონთან (გადაღებებზე) ჩრდილი გამოჩნდა, რომელმაც ფრთხილად დააკაკუნა კარზე.
"შენი კამათი რეჟისორთან სავსებით სამართლანად მიმაჩნიაო"... - მისვლის მიზეზად ამის თქმა არჩია კაცმა, ქალს კი გონებაში გაუელვა - "რომ ეთქვა შენი ახალი ვარცხნილობა მომეწონა, უკეთესი იქნებოდა". ასეა თუ ისე, იმ ღამემ "მშვიდობიანად" ჩაიარა და მას შემდეგ საოცარი რამ აღმოაჩინეს ტიმმა და სიუზენმა - მათი აზრები და მისწრაფებანი აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს (...ან სურდათ, დაემთხვიათ?!). განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებში "უქნევდნენ თავებს" ერთმანეთს და დღითიდღე ისახებოდა მეგობრობის კონტურები, მაგრამ არა რომანტიულისა, არამედ უფრო ნათესავურ-მშობლური შეფერილობისა.
* * *
"იგი დღემდე ჩემში საკუთარი დედის გაგრძელებას ხედავს!... - ეს უკვე სიუზენის მონოლოგიდანაა - ნაცნობობის პირველ ხანებში, ტიმი სულ დედაზე, მამაზე და თავის წინაპრებზე მიამბობდა გრძელ-გრძელ ამბებს, მე კი იმის შეხსენება მჭირდებოდა, რომ ჩვენს ურთიერთობას კოცნაც გაალამაზებდა.... აუცილებლად, თუმცა არც მე ვაკლებდი "პოლიტიკური ამბების" მიმოხილვას და შეხსენება შეხსენებადვე რჩებოდა...."
* * *
ყმაწვილქალობაში სიუზენი როლებით კი არა, წარმატებულად ჩატარებული სოციალურ-პოლიტიკური აქციებით იწონებდა თავს ("დედაჩემიც ასეთი იყოო" - სულ ეუბნებოდა ტიმი); სამართლიანობისათვის ბრძოლა ბავშვობიდანვე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი სიუს. ამერიკელ კათოლიკეთა ოჯახში აღზრდილი სიუზი ტომალინგი ადრეული ბავშვობიდანვე მონაზვნობისათვის ემზადებოდა. ნიუ-ჯერსის სასულიერო სკოლაში ამ გოგონას ყველაზე სერიოზულ და დაფიქრებულ მოსწავლეს უწოდებდნენ. თუმცა ეჭვებიც ღრღნიდნენ მის გულს და გონებას, რაც ღმერთისა და მისი შვილების ურთიერთობის კრიტიკაში გადაიზრდებოდა ხოლმე და ხშირად ამ სერიოზულ გოგონას გაკვეთილის დატოვება უხდებოდა მასწავლებლების უვიცობისა და არაკომპეტენტურობისა გამო. ასე დაუპირისპირდა სიუზი უსამართლობას, რის წინააღმდეგ ბრძოლაც ცხოვრების აზრად გაიხადა.
მალე მშობლები იძულებულნი გახდნენ გოგონა ჩვეულებრივ სკოლაში გადეყვანათ... აქ კი სიუზენმა თავი ისე იგრძნო, როგორც უცხოპლანეტელმა დედამიწელთა შორის: მისი მკაცრი იერი და სადა ჩაცმულობა სრულიად არ შეესაბამებოდა იმ პრანჭია თანაკლასელების იმიჯს, რაც მოკლე კაბებისა თუ სხვა "გამომწვევი ეფექტების" სიმრავლით ხასიათდებოდა. ამ გარემოში კვლავ პროტესტმა აღავსო სიუზის არსება - რატომაა, რომ ამ ზარმაც და მატყუარა გოგონებს უფრო სწყალობთ ბედი, ვიდრე მას, ვისაც ნაბიჯიც არასოდეს გადაუდგამს ღვთიური მორალის წინააღმდეგ?! რატომაა, რომ მათ თავს ევლებიან ანებივრებენ, ასაჩუქრებენ, თვითონ კი იძულებულია, გაკვეთილების შემდეგ სახლში გაიქცეს და პატარა და-ძმის (ისინი სულ რვანი იყვნენ) მოვლაში გაატაროს ლამაზი წლები... რატომ?!
ბუნებრივია, ამ შინაგან პროტესტს უკვალოდ არ ჩაუვლია და ერთ მშვენიერ დღეს სიუზიმ მოძღვარს განუცხადა, რომ რწმენა შეერყა... გარეგნულად კი ეს იმაში გამოიხატა, რომ ერთ მშვენიერ საღამოს გოგონა სახლში მინიკაბით და ცხვირში გარჭობილი რგოლით დაბრუნდა!... ასე და ამრიგად ქალიშვილობაში გადასულ სიუზის საკუთარი მორალი ჩამოუყალიბდა: რაკიღა ღმერთმა საკუთარი შვილები წუთისოფლის მაცდურობას ანდო, მათი სამართლიანი არსებობისათვის მას (სიუზის!) უნდა ეზრუნა!... ამ სარბიელზე გადადგმულმა პირველივე ნაბიჯებმა კი სავალალო შედეგი გამოიღეს - სიუზი დააპატიმრეს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამართული აქციისათვის...
სიუზენმა ჩვეულებრივი სკოლა მაინც დაასრულა და, როცა საკითხი მისი შემდგომი განთლების შესახებ დღის წესრიგში დადგა, მამის ავტორიტეტმა იმძლავრა და მან ქალიშვილი ვაშინგტონის კათოლიკურ უნივერსიტეტში გააგზავნა...
* * *
"დიახ, ჩემს შესახებ ყველა ამბობს - მსახიობის კვალობაზე ზედმეტად განათლებულია - კვლავ იმ მონოლოგს დავუბრუნდით - ტიმი კი იმასაც მიმტკიცებდა, რომ ქალი აუცილებლად განათლებული უნდა, როგორც დედამისი!"...
* * *
მსახიობი კი სრულიად შემთხვევით გახდა სიუზენ სარანდონი...
1969 წელს კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა სიუზენ ტომალინგმა მორიგი "პროტესტის" ნიშნად სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტ კრის სარანდონის ცოლობა ისურვა და ორიოდ დღეში აღასრულა კიდეც ეს სურვილი. ქორწინებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა კრისი ნიუ-იორკში მიიწვიეს გადაღებაზე და მან ახლადშერთული მეუღლეც თან წაიყვანა...
ფილმს ქალაქის პარკში იღებდნენ, სადაც კრისს ვიღაც გოგონა უნდა გაეცნო და მასთან რომანტიული ურთიერთობა დაემყარებინა. ყველაფერი მოფიქრებული იყო, მაგრამ რეჟისორი ვერაფრით ახერხებდა გოგონას როლის შემსრულებლის პოვნას და კრისი რეპეტიციის მიზნით პარტნიორის ტექსტს სიუზენს აკითხებდა. გადაღებები კარგა ხნის დაწყებული იყო, მსახიობს მსახიობზე ისტუმრებდა რეჟისორი, შესაფერის "გოგონას" კი ვერაფრით დაადგა თვალი. და აი, ერთ საღამოს, როცა მორიგი დუბლის გადასაღებად კრისი პარკში შეუშვეს, რეჟისორმა სიუზის უბრალოდ სთხოვა, რომ დახმარებოდა ქმარს და მასთან პატარა ეტიუდი გაეთამაშა.
"მე მსახიობი არ ვარ!" - საპროტესტო აქცია წამოიწყო სიუზენმა, მაგრამ რეჟისორმა დიდი კეთილგანწყობა ჩააქსოვა თავის მორიგ თხოვნაში და კათოლიკური უნივერსიტეტის (უკვე ყოფილი) სტუდენტი დასთანხმდა მას... 
"მის სიუზი, თქვენ დამტკიცებული ხართ ამ როლზე" - გაისმა რეჟისორის აღფრთოვანებული შეძახილი და იგი არც შემცდარა ამ არჩევანში, რადგან ეს ფილმი 70-იანი წლების კინოჰიტად იქცა!
* * *
ასე და ამრიგად, (უკვე) სიუზენ სარანდონს ნაირგვარი მოწვევა მოუვიდა ნაირგვარი პროდიუსერისაგან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიუ-იორკის ერთ-ერთმა თეატრმაც კი შესთავაზა მას როლი ბროდვეიზე. ეს რომ ყოფილიყო ვინმე მარსო ან ბესინჯერი, უმალ თავბრუ დაეხვეოდა და "ბროდვეი-ჰოლივუდების მორევში" გაუაზრებლად გადაეშვებოდა... სარანდონი კი სულაც არ აპირებდა სამსახიობო კარიერის მონობაში ყოფნას; იგი კვლავაც საპროტესტო აქციებზე ოცნებობდა და შესაბამის კომიტეტსა თუ კომისიას დაეძებდა, რათა მისი ეგიდით სადმე ერთხელ მაინც ეყვირა (ვთქვათ):  "ხელები შორს (ვთქვათ) იმ დაჩაგრული პიროვნებისაგან!"... 
რომლისგან?
ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია - ეყვირა! 
* * *
70-იანი წლების ფოტოებზე ჩანს, რომ სარანდონი აშკარად განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისაგან, იგი უფრო მოზრდილთა საზოგადოებაში არჩევდა ყოფნას და ბევრს მოგზაურობდა: ლონდონი, ამსტერდამი, ინდოეთი, ნეპალი... სწორედ ამ მარშრუტით დადიოდა იმხანად ამერიკელთა უმრავლესობა.
სიუზენს ძალიან უყვარდა ამსტერდამის ცნობილი რესტორანი ("ირმის ნახტომი"). აქ იატაკზე, სქელ ხალიჩებზე ისხდნენ, სანთლების შუქზე "ბალახს" ეწეოდნენ და საუბრობდნენ, საუბრობდნენ... ბუდიზმზე, ომის უაზრობაზე, ქალთა უფლებებზე და სხვა საკითხებზე. სწორედ ეს იყო ის ადგილი, რომელიც სიუზის ფემინისტური იდეებით კვებავდა და შთააგონებდა. ასე რომ, არაა გასაკვირი, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ვაშინგტონში დაბრუნებულმა "იდეურმა ქალმა" ქმართან დაშორება განიზრახა და დაშორდა კიდეც, თუმცა ქმრის გვარი დღემდე შეინარჩუნა.
* * *
ტიმ რობიმსთან შეხვედრამდე სიუზის უკვე მკაცრად ჰქონდა დადგენილი, რომ აღარასოდეს გათხოვდებოდა, რადგან ქორწინება "უფლის მიერ შეთხზული მორიგი ცდუნებაა ქალის დასამონებლად". მიუხედავად ამისა, ქალს მაინც სიამოვნებდა ტიმთან ერთად ოკეანის პირას სეირნობა და ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ მასთან გამართულ გაუთავებელ დისკუსიას დაუსრულებელი ადამიანური ალერსი ერჩია. ტიმი კი განაგრძობდა ცხოვრებისეულ პრობლემათა განხილვას და ქალს იმას უქებდა, რომ შვილის აღზრდა დამოუკიდებლად მოისურვა და საზოგადოების იმედზე არ დარჩა.
შვილი. ეს გახლდათ ოთხიოდე წლის გოგონა (ევა), რომელიც სიუზიმ მარტოსულობის სასოწარკვეთილებით შობა, მისი მამის მიმართ კი არანაირი სერიოზული განზრახვანი არ გააჩნდა. საერთოდ კი, გრძნობებს რომ აჰყოლოდა, მისი საქმე არცთუ კარგად წარიმართებოდა, რადგან მის "რომანულ სიაში" დიდი სიჭრელე შეინიშნებოდა: კევინ კოსტნერი, რიჩარდ გირი, შონ პენი... და ბევრი სხვა, ვისაც ნაკლებად იცნობს საზოგადოება. ყოველი ასეთი რომანი მოულოდნელად იწყებოდა და მალევე მთავრდებოდა, რადგან სიუზენისთვის გამუდმებული ცვლილებანი და დამოუკიდებლობა ცხოვრების აზრად იყო ქცეული. თუმცა იყო ერთი კაცი, რომელთან ურთიერთობას იგი ხანგრძლივად აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო...
სიყვარული. გალანტური და რაფინირებული ფრანგი რეჟისორი ლუი მალი იმხანად ჰოლივუდში თავისი ფილმისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. სიუზენს იგი სადღაც წვეულებაზე შეხვდა და მისგან "სნობის" ტიტული დაიმსახურა, რაზედაც გალანტურმა ფრანგმა ხელზე ხანგრძლივი კოცნით უპასუხა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ლუი მალმა სწორედ სარანდონი შეარჩია იმ როლისათვის, რაც ახალორლეანელი მეძავი ქალის განსახიერებას გულისხმობდა და... გადაღების პირველსავე დღეს იგრძნო, რომ ეს უკარება ქალი "ქალურად" უყურებდა მას. ამას ზედ დაერთო როლზე მუშაობის განცალკევებული პროცედურაც და შედეგად, მგონი, პირველად აბრიალდა სიუზენის არსებაში "შესაბამისი გრძნობა და ვნება".
მალი თავშეკავებას ინარჩუნებდა, სიუზი კი ცეცხლში იწვოდა და მისმა ნაცადმა "ფემინისტობამ", მგონი, პირველად მოუტანა ქალს სარგებელი, რადგან ერთ საღამოს თავად ეწვია ფრანგ რეჟისორს ბინაზე და განუცხადა:
"მე ჩვეული არ ვარ საკუთარი გრძნობების მალვას... ჩვენ ბავშვები არ ვართ... ჩვენ თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და... რა გვიშლის ხელს?! თუ წინააღმდეგი არ იქნებით... ჩვენ..." თუმცა, მიუხედავად "ფემინისტური სითამამისა", აშკარად იგრძნობოდა, რომ ქალი სრული მორჩილებისათვის მივიდა კაცთან. მართალია, იმ საღამოს არანაირი დაახლოება არ მოხდა მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი მაინც ერთად დასახლდნენ ერთ ოკეანისპირა ვილაში და "ფემინისტური იდეებით" ნასაზრდოებმა ქალმა ცხოვრებაში პირველად გაიაზრა, რომ ბედნიერება კაცთან თანასწორობა კი არა, ძლიერი სქესის მორჩილებაა. მისი ოცნებებიც სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა, მაგრამ ლუი მალი უცნაური კაცი აღმოჩნდა. ხშირად, სატრფიალო-სასიყვარულო ურთიერთობათა ნაცვლად იგი სიუზენს ნაირგვარი ეროტიული სამოსის ტარებას აიძულებდა. ერთხელ ამ კაცმა სიუზის აბაზანაში მაშინ შეუსწრო, როცა ქალი რაღაც ნელსაცხებლით იზელდა ტანს და ამ სცენამ მას აღფრთოვანება მოჰგვარა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად ასეთი მიზანსცენა შექმნა ფილმში "ატლანტიკ-სიტი", სადაც მთავარი როლის შემსრულებელ სიუზის საათობით აიძულებდა ბერტ ლანკასტერის თვალწინ შიშველი სხეული ნელსაცხებლით დაეზილა, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწია. შედეგს, რომლის გააზრება ბოლომდე მაინც ვერ შეძლო სიუზიმ.
ლუი მალი უკვე ორმოცდაათს მიღწეული კაცი გახლდათ და მისი ზღვარგადასული გრძნობიერება გამუდმებულ საზრდოს საჭიროებდა. სიუზენს დიდხანს არ ესმოდა, თუ რატომ აღიზიანებდა მის საყვარელ კაცს საოჯახო საქმიანობის დიდის გულმოდგინებით წარმართვა, სადილების კეთება, დილით ადრე ადგომა და, ვთქვათ, ქიმწმენდაში გაქცევა (და ასე შემდეგ).
კაცი ქალში იდეალურ საყვარელს ეძებდა, ქალს კი იდეალური ცოლობა სურდა... ერთად ყოფნის სამმა წელმა ისე ჩაიქროლა, რომ სიუზენს ერთხელაც არ მიუცია საყვარელი კაცისთვის ეჭვიანობის მიზეზე და, მგონი, ეს იყო მისი მთავარი შეცდომა!... 
ერთხელ, ლუი პარიზიდან ძალზედ ნაღვლიანი და ამავე დროს ძალზედ საზეიმო განწყობით დაბრუნდა და სიუზენს განუცხადა - "მგონი, დროა, ცოლი შევირთოო". ქალს სიხარულისგან სისხლი მოაწვა ყელში, მაგრამ, ეს გრძნობა იმავწამს სასოწარკვეთილებით შეიცვალა... 
ლუი მალი კენდის ბერგენზე აპირებდა დაქორწინებას და დაქორწინდა კიდეც.
* * *
შვილი კი სიუზენმა იტალიელი მწერლის და რეჟისორის ფრანკო ამურისაგან შეიძინა, თუმცა ამ საკითხს მან ხაზი არ გაუსვა თავის იმპროვიზირებულ მონოლოგში. ჩვენ კი შეგვიძლია დეტალები დავაზუსტოთ:
საყვარელ ფრანგთან დაშორების შემდეგ სიუზენი კვლავ საზოგადოებრივ საქმიანობას მიუბრუნდა და დაუფიქრებლად გაფრინდა ნიკარაგუაში მოშიმშილე ბავშვების დასახმარებლად. ნიკარაგუამ და იქ დახვედრილმა საზარელმა სცენებმა სიუზენს თითქმის გადაავწყა პირადი პრობლემები. ჯგუფის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, რომლებიც სიღატაკესა და სიბინძურეში მოარსებე ბავშვებს ახლოს ვერ ეკარებოდნენ, სიუზი თავად აჭმევდა ამ საბრალო არსებებს და ამ გამბედაობამ და გულისხმიერებამ ლამის იმსხვერპლა კიდეც უკვე სახელოვანი მსახიობი... სარანდონს მძიმე ინფექციური სენი შეეყარა. კრიზისის გავლის შემდეგ ექიმებმა მას უთხრეს, რომ მის ასაკში (37 წელი), ამ ავადმყოფობის შემდეგ, თითქმის გამორიცხული იყო შვილის გაჩენა...  ამ გაფრთხილებიდან ერთი წლის შემდეგ კი სიუზენი იტალიაში მოხვდა, სადაც ალბერტო ნეგრინომ მიიწვია გადაღებებზე (ფილმი - "მუსოლინი ანუ დუჩეს დაცემა"). სწორედ აქ, იტალიის უმშვენიერესი ცის ქვეშ, გამაოგნებელი ფრანკო არმურის წყალობით დაფეხმძიმდა ქალი და... კატეგორიულად განაცხადა, რომ ბავშვი უნდა გაეჩინა. 
* * *   
უცებ ტელეფონის ზარი გაისმა და სიუზენმა მონოლოგი შეწყვიტა. ჯულია რობერტსი ფიქრიანი თვალებით უმზერდა მეგობარს, რომელმაც ვიღაცას ჩასძახა ყურმილში, რომ მოგვიანებით დაერეკა, შემდეგ მორიგი ჭიქა შეივსეს გრძნობებს აყოლილმა ქალებმა და დაცლილი ბოთლის კვალობაზე შესაბამისი სიმთვრალეც იგრძნეს... დასაზუსტებელი დარჩა ტიმ რობინსის პრობლემა, რასაც ასეთი კომენტარი გაუკეთა მისმა ენაწყლიანმა ცოლმა
"ტიმს ჩემს მიმართ მხოლოდ ამაღლებული გრძნობები გააჩნდა, მას აღაფრთოვანებდა და შთააგონებდა ჩემი პიროვნება, ოღონდ ყოველივე ეს პატივისცემას შობდა და არა იმ გრძნობას, რაც მეგობრობას სიყვარულისგან განასხვავებს...."

ჯულია რობერტსმა საათს დახედა და აღმოჩნდა, რომ საღამო დასასრულს მიუახლოვდა და მას თავისი პირადი ცხოვრებისათვის ნაკლები დრო შემორჩა, თუმცა აქ მოსმენილი მონოლოგი მისთვისაც ერთგვარი ჭკუისსწავლება იყო, ანუ ის, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქალმა და რა საშუალებით დააკავოს თავის სიახლოვეს საყვარელი კაცი. დიახ, მისი უახლოესი მეგობარი, სახელოვანი მსახიობი სიუზენ სარანდონი მორიგი გზაჯვარედინის წინაშე აღმოჩნდა და თავისი ცხოვრებაც ამიტომ გაიხსენა...
უცებ კვლავ გაისმა ტელეფონის ზარი და დაქალებმა ერთმანეთს ეჭვის თვალით შეხედეს - ვითომ ტიმს გაახსენდა თავისი ოჯახი?! 
სიუზიმ ტელეფონის აპარატის ღილაკს დააჭირა ხელი და ორივე ქალის ყურს აღელვებული ტიმ რობინსის ხმა შემოესმა:    
"სიუზი, ძვირფასო, ახლა საშინაო ხალათის ყიდვას ვაპირებ და ვერაფრით გადამიწყვეტია რომელი შევარჩიო: ლურჯზოლიანი თუ სადა ყავისფერი?! შენ რას მირჩევ?"
ჯულიამ და სიუზენმა წამით შეხედეს ერთმანეთს და უცებ ერთდროულად გადაიხარხარეს - განა შეეძლოთ ამ საცოდავ არსებებს ქალის გარეშე ცხოვრება?!

გაზეთი "ფანტაზია", #237-238

Комментариев нет:

Отправить комментарий