суббота, 26 сентября 2015 г.

ჯულიეტა მაზინა



Giulietta Masina

დაიბადა
1920 წლის 22 თებერვალს
გარდაიცვალა
1994 წლის 23 მარტს


* * *
ფედერიკო ფელინის დაკრძალვის დღეს რომში ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ყველა ტელე და რადოსადგურმა შეწყვიტა მუშაობა. ადამიანთა მრავალათასიანი გუნდები აპლოდისმენტებით მიაცილებდნენ სამგლოვიარო კორტეჟს რომიდან პატარა ზღვისპირა ქალაქ რიმინიმდე, სადაც ფელინის საგვარეულო სამარხი მდებარეობს. მაესტრო ამ ქალაქში დაიბადა და იქვე მიაბარეს მიწას. 
ჯულიეტა მაზინა ცრემლებს არ მალავდა. იგი თანაგრძნობის სიტყვებს იმ უმწეო, მთელი მსოფლიოსათვის ნაცნობი ღიმილითა და გამოხედვით უსმენდა, რომლის შესახებაც მაესტრო ამბობდა - ეს გამოხედვა გზააბნეული ძაღლის მზერას ჰგავსო. 
ხუთი თვის შემდეგ, საავადმყოფოდან ახლადგამოსულმა მაზინამ იგივე გზა - რომიდან რიმინიმდე - ხელახლა განვლო და ფედერიკოს საფლავი მოინახულა... მეგობრები ამბობდნენ, რომ ფელინის სიკვდილის შემდეგ ჯულიეტა თითქმის აღარ ლაპარაკობდა და თუ ხმას ამოიღებდა - "ფედერიკოს გარეშე მე არ ვარსებობო!" - ამას თუ იტყოდა.

ერთი წლის შემდეგ ბომბი გასკდა...
"მე ფედერიკო ფელინის უკანასკნელი საყვარელი ქალი ვიყავი და მისმა ცოლმა, ჯულიეტა მაზინამ, იცოდა ეს" - განაცხადა ავტობიოგრაფიული რომანის - "სიყვარულის სახეობების" - პრეზენტაციაზე ჰოლანდიელმა მწერალმა ქალმა როზიტა სტენბოკმა.
ამ წიგნის სიუჟეტი ძალზედ მარტივია: 
ახალგაზრდა ქალი აღწერს რომაულ დოლცე ვიტა-ს (ტკბილ ცხოვრებას) და ამ ვოიაჟის დროს მას თან ახლავს მწერალი ედუარდე ("ჩოჩარას" ავტორის, ცნობილი მწერლის ალბერტო მორავიას პროტოტიპი) და ცნობილი რეჟისორი მარჩელო ლეონი (შესაბამისად _ ფედერიკო ფელინი). რომაული ორგიების აღწერისას მწერალი ქალი, ყოველგვარი რიდისა და ტაქტის გარეშე, ააშკარავებს მეტისმეტად ინტიმურ სცენებს. ერთ სცენაში  ედუარდე, მარჩელო და როზიტა "სასიყვარულო სამეულსაც" კი ადგენენ და მამაკაცები თანამიმდევრულად ტკბებიან ქალის მაცდუნებელი საამებლებით. გარდა ამისა, ეს მწერალი მდედრი იმასაც ამტკიცებს - ფედერიკო ბისექსუალი იყოო(?!)... ამ სკანდალურ წიგნს მცირეოდენ დამაჯერებლობას მხოლოდ ის ანიჭებს, რომ როზიტა სტენბოკი მართლაც დაახლოებული იყო ფელინისა და მაზინას ოჯახთან და ეპიზოდური როლიც კი შეასრულა ფილმში "ჯინჯერი და ფრედი".
იტალიელებმა ამ წიგნის გამოქვეყნება ეროვნული სიწმინდის შებღალვად მიიჩნიეს. ფელინი და მაზინა სიცოცხლეშივე შეიყვანეს აპენინების მკვიდრებმა ღმერთების პანთეონში, მათს სახელებს ყოველი იტალიელი მღელვარებითა და აღფრთოვანებით მოიხსენიებს. სტენბოკის წიგნმა კი ყველას ერთდროულად აუფორიაქა სამყარო და... ერთდროულადვე მიეცა დავიწყებას, რადგან იტალიას სჯეროდა, რომ ფელინი ნამდვილი მამაკაცი იყო და მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მსჯელობა მხოლოდ გადაბერებული შინაბერას ავადმყოფური წარმოსახვის შედეგი ან ფულის მოხვეჭის სურვილი იყო.
იტალიას აინტერესებდა მხოლოდ ის:
- ნამდვილად უყვარდათ თუ არა ერთმანეთი ღმერთებად შერაცხულ ამ ორ ადამიანს?
...თუ ფელინისა და მაზინას კავშირი მხოლოდ ბინძური გარიგება იყო ორი კარიერისტისა?
* * *
ფელინის ძალაინ უყვარდა თურმე საკუთარი მშობლების შესახებ არსებული სატრფიალო მითების თხრობა: 
ამბობენ - მის მშობლებსაც ძალიან ჰყვარებიათო ერთმანეთი...
პირველი მსოფლიო ომის დროს რიგით ურბანო ფელინის რომში მდიდარი ოჯახის შვილი შეჰყვარებია და გული და ხელი შეუთავაზებია მისთვის. როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, მომავალი სიდედრ-სიმამრი წინააღმდეგნი ყოფილან ქორწინებისა, მაგრამ ახალგაზრდებს ჩუმად დაუწერიათ ჯვარი და ურბანოს მშობლიურ მხარეში გაპარულან.
მაზინას მშობლებსაც ჰქონიათ თავისი რომანტიული თავგადასავალი: ჯულიეტას მამა, ჯეტანო, ყმაწვილობიდანვე დიდი იმედისმომცემი მევიოლინე ყოფილა, მაგრამ იმისათვის, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო, მიუტოვებია მუსიკა და მინერალური სასუქების ფაბრიკაში დაუწყია შავ მუშად მუშაობა.
ერთადერთი, რაც ფელინის არ მოსწონდა საკუთარი მშობლების თავგადასავლიდან იყო ის გაგრძელება, რაც რომანტიულ სიყვარულს მოჰყვა, ანუ: ბავშვები, ფული, ხელმომჭირნე  ცხოვრება. მას მტკიცედ სწამდა, რომ ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა მაცდუნებელი მანევრი, უბადრუკი დეკორაციები, რომლის მიღმაც იმალება სიცოცხლე... იმალება, რათა მის ზეიმზე, მის თვალისმომჭრელ ფეიერვერკთან მხოლოდ ღირსეული პიროვნებები მოხვედრილიყვნენ. ფედერიკო თავს იმის უფლებასაც კი აძლევდა, რომ რეალობა დაემახინჯებინა და ბავშვებისათვის მოეთხრო უცნაური ამბებით გაჯერებული თავგადასავლები; ასე მაგალითად, ფელინი სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ცხოვრებაში სამად სამი წიგნი აქვს წაკითხული, რომ არასოდეს უთამაშია ფეხბურთი, რომ სწავლა ჭირივით სძულდა... თხზავდა ათასგვარ წარმოსახულ სცენას მიწისქვეშა დილეგის შესახებ, სადაც ვითომდა ხშირად უწევდა დანაშაულის გამოსყიდვა ხორბლის მარცვლებზე დაჩოქილს...
რა თქმა უნდა, მაესტროს მეგობრებს ეს არ სჯეროდათ, რადგან კარგად ახსოვდათ, თუ როგორი ბეჯითი და თავაზიანი ბავშვი იყო იგი. არ იზიარებდნენ ამ თავზეხელაღებულ ფანტაზიას მისი ახლობლებიც და ყველგან და ყოველთვის ფედერიკოს ცრუპენტელობაზე ჭორაობდნენ. მათ, რა თქმა უნდა, არაფერი გაეგებოდათ იმისა, რომ სიცრუესა და ფანტაზიას შორის უზარმაზარი ზღვარია და არც არაფერი აქვთ საერთო...
ჯულიეტას კი ყველაფერი სჯეროდა...
მთელი გულწრფელობით შეიძლება ითქვას, რომ ფედერიკოს თავდავიწყებამდე შეუყვარდა ეს პატარა გოგონა, რადგან იგი მომავალ მაესტროს სრულ უფლებას აძლევდა წარმოსახვაში ეცხოვრა და, რაც მთავარი, სჯეროდა ყველაფრისა მის შეთხზულ თავგადასავლებში.
* * *
ჯულიეტამ გაცნობის დღიდანვე გაიაზრა ის, რომ ფედერიკოს ყველაზე მეტად სძულს ე.წ. "რეალური ცხოვრება" მთელი თავისი მდაბალი და უმარტივესი პრობლემატიკით. 
მათი ურთიერთობით დაინტერესებულ ადამიანებს უჭირდათ გაეგოთ, თუ სად მთავრდებოდა სინამდვილე და სად იწყებოდა თამაში. ნინო როტა იხსენებს, ერთხელ ფელინის სადილობისას რომ უთქვამს: "გახსოვს, ავსტრალიაში რომ ვიყავით ერთად, ჯულიეტა..." ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ფედერიკო და ჯულიეტა არასოდეს ყოფილან ავსტრალიაში, მაზინას კი მაგიდასთან მსხდომებისათვის ღიმილით გადაუხედავს და უპასუხია:"მახსოვს, ძვირფასო!... რა ლამაზი ბუნებაა, არა, იქ!"
ფედერიკომ და ჯულიეტამ ერთად გაითამაშეს ცხოვრების მხიარული სპექტაკლი, მოსაწყენი რეალობა კი ერთ დიდ თავგადასავლად აქციეს, სადაც ცხოვრება და კინო მონაცვლეობით ახალისებდნენ მათს ყოფას.
* * *
მათ ერთმანეთი 1943 წელს რადიოს სტუდიაში გაიცნეს. იმხანად, ყმაწვილობის ასაკიდან ახლად გამოსული  ჯულიეტა უკვე პოპულარულ წამყვანად ითვლებოდა პირდაპირ ეთერში და ერთი სეზონის განმავლობაში რომის ხუთი თეატრის სპექტაკლებში ახერხებდა მთავარი როლების თამაშს.
ფელინი ჯულიეტაზე სამი წლით უფროსი იყო, მუშაობდა კარიკატურისტად ერთ პატარა გაზეთში და მუსოლინის არმიაში სამსახურს თავს არიდებდა. გარდა ამისა წერდა სცენარსაც ("მორალდო ქალაქში") კინოსტუდიისათვის, რომელსაც დიქტატორის ვაჟი ხელმძღვანელობდა. 
ამ სცენარში ასეთი ამბავი იყო მოთხრობილი (თუმცა ფილმად არასოდეს არავის უქცევია ის):
მთავარი გმირს ცოლის შერთვა სურს და საამისოდ გოგონაც ჰყავს შერჩეული, მაგრამ მის გაცნობას ვერ ახერხებს და ბოლოს მოიფიქრებს, ვითომ სილამაზის კონკურსზე წარსადგენად მისი ფოტო სჭირდება და ამ მიზეზით ეწვევა სატრფოს. ნაცნობობა შედგება, რასაც საღამოს ერთად ვახშმობა მოჰყვება და ორიოდე კვირაში ეს ორი ახალგაზრდა ჯვარს იწერს...
ასევე მოიქცა ფედერიკო ცხოვრებაშიც: პოპულარულ მსახიობსა და რადიოდიქტორ ჯულიეტა მაზინას სთხოვა ფოტოსურათი (ვითომ სასინჯი გადაღებისთვის) და მეორე საღამოს უკვე ერთად წაბრძანდნენ რესტორანში.
"პირველად ფედერიკომ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე - იგონებს მაზინა - მხიარული ახალგაზრდა კაცად მომეჩვენა და სხვა არაფერი. რესტორანში წასვლამდე სახლში კარგად ვისადილე, რადგან ვთვლიდი, რომ საბრალო კარიკატურისტის ფული არ ექნებოდა კარგი მასპინძლობის გასაწევად." სანამ ფედრიკოს შეკვეთა გაუფორმებია, ჯულიას საგანგებოდ დაუთვალიერებია რესტორნის ინტერიერი და შიშის გრძნობა გასჩენია, რადგან ვერაფრით წარმოედგინა, რომ ფედერიკოს ამგვარი გარემოს შესაბამისი თანხა ექნებოდა ჯიბეში. ვახშმობის ბოლოს ანგარიში რომ წარუდგენიათ, ჯულიას პანიკის მოლოდინში თვალები დაუხუჭავს, მაგრამ ფედერიკოს ჯიბიდან ისეთი დასტა ამოუღია ბანკნოტებისა, რაც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე არ სჭერია ხელში, თუმცა მაზინა არასოდეს დაინტერესებულა იმით, თუ სად და როგორ იშოვა იმ საღამოს ფედერიკომ ფეული...
ორი კვირის შემდეგ ახლადშეუღლებული წყვილი ჯულიას მამიდასთან, ვია ლუტეციაზე მდებარე სახლში გადაბარგდა. ამ ქალმა (მამიდამ) ჯულია ოთხი წლის ასაკიდან გაზარდა და მანვე დაადგინა რა, რომ გოგონაში დიდი სამსახიობო ნიჭი იმალება, რომის ბოჰემურ ცხოვრებაშიც თავად შეიყვანა. ეს ქალი იმდენად ყოფილა დარწმუნებული ძმისშვილის ნიჭიერებაში, რომ იგი ჩვეულებრივ სკოლაშიც კი არ მიუბარებია... სწორედ ამ ქალის ზედამხედველობით მოუხდა ახაგაზრდა ფელინის საოჯახო ცხოვრების დაწყება.
საქორწინო ცერემონიალი ორიოდე თვის შემდეგ ჩაატარეს და ისიც ჩუმად, სადღაც ნახევრად ჩასარდაფებულ შენობაში, რადგან კათოლიკურ ეკლესიაში გამოჩენას ფედერიკო ერიდებოდა არმიაში გაწვევის შიშით. ყველაფერი ისე კონსპირაციულად მოუწყიათ, რომ "ავე მარია" მხოლოდ ერთ მეგობარ კაცს უმღერია ერთ ხმაში და ისიც ნახევარ ტონებში. 
საქორწინო რიტუალის შემდეგ ფედერიკო და ჯულია კინოთეატრ "გალერეაში" წავიდნენ და, მათდა გასაოცრად, დარბაზში შესვლისთანავე კონფერანსიემ მაყურებელს სთხოვა, რომ ახლადდაქორწინებულებს აპლოდისმენტებით შეხვედროდნენ!... მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ გამოუტყდა ფედერიკო მეუღლეს, რომ ეს ოვაცია მის მიერ ჩაფიქრებული საქორწინო საჩუქარი იყო, თუმცა არავინ იცის, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ეს აღიარება.
...თუმცა ის კი ფაქტია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ფედერიკო ჯულიას მხოლოდ სიურპრიზებს ჩუქნიდა და არასოდეს უფიქრია, რაიმე ძვირფასეულობა ან ფასეულობა მიეძღვნა მისთვის.
ყველაზე დიდი საჩუქარი კი, რა თქმა უნდა, იყო ორი როლი _ "კაბირიას ღამეებში" და "გზაში".
* * *
ქორწინებიდან ორიოდე თვეც არ იყო გასული, რომ ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოსწყდა. მეორე ფეხმძიმობა დასრულდა 1945 წელს ამქვეყნად ვაჟის მოვლინებით, რომელსაც ფედერიკომ მამის სახელი დაარქვა, მაგრამ ბავშვი ორი კვირაში მოკვდა. მეტი შვილი მათ აღარ ჰყოლიათ.
* * *
ქორწინებას პრაქტიკულად არ შეუშლია ხელი ფელინის ბოჰემური ცხოვრებისათვის. იგი კვლავაც ათევდა ღამეებს რედაქციებში და სამონტაჟო სტუდიებში. ჯულიეტამ კი ყველა მისი მეგობარი გაიცნო და სახლშიაც ხშირად მასპინძლობდა მათ მათ შორის ლამაზ-ლამაზ ქალებს, რომლებთან გაბმულ რომანებს ფედერიკო არასოდეს უმალავდა თურმე ცოლს.
ფელინის მეგობრები იხსენებენ, რომ თუკი ოდესმე დამნაშვე ყოფილა მაესტრო მეუღლის წინაშე, პირველად ამას სწორედ ეს უკანასკნელი იგებდა ქმრისავე აღსარებებიდან. მაზინა თავისი თავაშვებული ხასიათით და ბავშვური გულუბრყვილობით იდეალური მეწყვილე იყო ფელინისათვის, რადგან მასში დიდი რეჟისორი საიმედო საყრდენს და საკუთარი დაუკობელი ფანტაზიის გამოძახილს ხედავდა.
სწორედ მაზინა იყო ის ქალი, ვინც ფელინის რობერტო როსელინის თანაშემწედ მუშაობა გაუხერხა. მოგვიანებით ფელინი იტყვის - "როსელინი მხოლოდ მოძრაობის ის მომწესრიგებელი იყო, ვინც მე ქუჩაზე გადასვლაში დამეხმარაო".
_ "მერედა განა ეს ცოტას ნიშნავს?" _ უპასუხებს ჯულია.
დიახ, ასე დაიწყო დიდი რეჟისორის კარიერა, რასაც ასევე ჯულიას სტიმულირება დასჭირდა, რომელიც მანამ არ დაეხსნა, სანამ "ვარიეტეს ჩირაღდნების" სცენარი არ დააწერინა. ფილმისათვის ფულის შოვნაში კი როსელინი დაეხმარათ. და მას შემდეგ აუცილებლობად იქცა, რომ ყოველი ფილმის გადაღება, პირდაპირ თუ ირიბად, ჯულიეტას ინიციატივითა და მონაწილეობით დაწყებულიყო.
მათ ტრადიციად ექცათ, რომ ფილმის სცენარი დეტალურად მანამ განეხილათ, ვიდრე ფედრიკო მის დასწერად მაგიდას მიუჯდებოდა. დაიწერებოდა სცენარი და ჯულიეტა იწყებდა ვოიაჟს მეგობრებთან და კოლეგებთან, ეძებდა მსახიობებს, არჩევდა ნატურას და ყოველ გადასაღებ მოედანს საგულდაგულოდ აწყობდა.
პირველ ხანებში ფელინი მხოლოდ და მხოლოდ ჯულიას იღებდა ფილმებში, რადგან ორმა როლმა "კაბირიის ღამეებში" და "გზაში" ამ პატარა ქალის სახელი ცაში ატყორცნა. მაზინას უკვე დიად მსახიობს უწოდებდნენ, ადარებდნენ ჩარლი ჩაპლინს, ჰპირდებოდნენ "ოსკარებს" და ასტრონომიული ჰონორარებით დახუნძლულ კონტრაქტებს სთავაზობდნენ, მაგრამ ჰოლივუდის ყველა მაცდუნებელ წინადადებას მაზინა მტკიცე უარით ისტუმრებდა.
მეგობრები იხსენებენ, რომ ფილმზე მუშაობისას, ფელინისათვის ყველაზე ანგარიშგასაწევი სწორედ მეუღლის აზრი იყო. თუ ჯულია გადასაღებ მოედანზე არ იყო. ფედერიკო მას სახლში ურეკავდა და ყველა წვრილმანსაც კი მასთან ათანხმებდა.
თუმცა არც დავა იყო მათთვის უცხო ხილი, მაგრამ ისინი არასოდეს კამათობდნენ, როგორც რეჟისორი და მსახიობი, მათი შეხლა-შემოხლა არასოდეს სცილდებოდა ცოლქმრულ ფარგლებს და ერთმანეთს მხოლოდ ზედმეტ სიფიცხეს და მოუთმენლობას უწუნებდნენ.
* * *
ჯულიეტა მაზინას არასოდეს უცდია კინოვარსკვლავებისათვის დამახასიათებელი ცხოვრებითა და როლებით ეცხოვრა. მისი პროფესიონალური კარიერა ერთი რეჟისორის მიერ გადაღებული ოთხი ფილმით შემოიფარგლა და სწორედ ეს ტოვებს სინანულის გრძნობას, რადგან საქმე ეხება უბრწყინვალესი მსახიობის კარიერას, რაც ბევრად უფრო ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო.
* * *
დიახ, მრავალი ჭორი შეთხზეს ამ ორი დიდი ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ მათმა ურთიერთობამ გაუძლო დროს და დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ...
ჯულიეტა მაზინას და ფედრიკო ფელინის ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი!

Комментариев нет:

Отправить комментарий