пятница, 9 октября 2015 г.

მარლონ ბრანდო

Marlon Brando

დაიბადა 1924 წლის 3 აპრილს 
ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში

ე.წ. საშუალო სკოლა მარლონ ბრანდოს არ დაუმთავრებია. ნიუ-იორკზე ოცნებობდა და გადაბარგდა კიდეც იქ თავის დასთან და ხან სატვირთო მანქანის მძღოლად, ხან ლიმონათის გამყიდველად და ხან რად და ხან რად მუშაობდა. მსახიობობაზე ოცნებობდა და მალე სამსახიობო სტუდიაშიც შეძლო მოხვედრა (თან, რა თქმა უნდა მუშაობდა!); ფული ცოტა ჰქონდა, გარდერობში ერთი მაისური და ერთი ჯინსის შარვალი ეკიდა, მაგრამ ასეთი ცხოვრება მოსწონდა კიდეც, რადგან თავს თავისუფლად გრძნობდა და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალ ლამაზმანებთან ატარებდა დროს... სწორედ ასეთი მარლონ ბრანდო იხილა დრამატურგმა ტენესი უილიამსმა, რომელიც იმხანად, 1950 წელს, თავისი პიესისათვის "ტრამვაი - სურვილი" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. ამ, სტენლი კოვალსკის, როლზე ბრანდო დაუფიქრებლად გაამწესეს და... ამერიკელ ახალგაზრდობას სათაყვანოდ ახალი სექს-სიმბოლო გამოუჩნდა. ამავე როლით ბრანდო ჰოლივუდშიც მოხვდა, თუმცა იქაურ წესებს ვერანაირად აუღო ალღო და ამიტომაც მეტსახელად "ველური ბიჭი" შეარქვეს, რაც დღემდე შემორჩა მას. ახალგაზრდა ამერიკა კი წმინდანივით ეთაყვანებოდა თავის კერპს და მასზედ ცუდი არაფრის გაგონება არ სურდა ჰოლივუდის კოკობზიკებისაგან განსხვავებით, რომელთაც ამ გლეხუჭას სახელის ხსენებაზე ალერგია ემართებოდათ და წამდაუწუმ გაიძახოდნენ - "დანა-ჩანგლის ხმარებაც კი არ იცისო!"... არადა, ამ კინოინდუსტრიის ყველა შტატიანი ლამაზმანი მალულად ეკურკურებოდა და ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ "აქტიური ლაშქრობის" დასაწყებად. მარლონს კი უფრო უბრალო, ლათინური ან აზიური წარმოშობის შავტუხა გოგონები მოსწონდა და ამგვარ პარადოქსულობას თავადვე მარტივად ხსნიდა - ",მათში ჰოლივუდის ტურფების სიყალბე კი არა, ნამდვილი ცხოვრებააო ჩაქსოვილი!"
1957 წელს, ფილმ "საიმონის" გადაღებებზე ბრანდომ კინოპავილიონში თვალი მოჰკრა ინდოელ მსახიობს, ანა კაშფის, რომელსაც სწორედ ისეთი გრძელი თმა, ისეთი უძირო თვალები და ისეთი იდუმალი ღიმილი ჰქონდა, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არასდიდებით არ შეეძლო მარლონ ბრანდოს... და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, უნებლიე ყურადღება თავზეხელაღებულ სიყვარულში გადაიზარდა... დიახ, სწორედ ეს გახლდათ ის ერთადერთი ქალი, ვისთვისაც ღირდა ამქვეყნად ცხოვრება.
...მაგრამ ღირდა კი?!
ქორწინების მეორე დღესვე გაირკვა, რომ ანა კაშფი ვინმე უელსელი უილიამ პატრიკ ო,კალეგანის შვილი ყოფილა და ინდოეთში სულ ორიოდე წელი გაეტარებინა, სადაც თითოოროლა როლი ითამაშა თურმე და ჰოლივუდში ბედის საცდელად ჩაიყვანა მისმა გაიძვერა მამამ. მამა-შვილმა კონკრეტული სამიზნეც მალევე მოინიშნეს (მარლონ ბრანდოზე მოგახსენებთ), იცოდნენ რა ამ "ველური ბიჭის" ეკზოტიკური გემოვნების ამბავი და... შედეგმაც არ დააყოვნა! ასეა თუ ისე, ბრანდო მოტყუებული აღმოჩნდა და ერთხანს მდუმარედ იტანდა ამ შეურაცხყოფას, მაგრამ მზაკვრობით შექმნილი ოჯახის ტყვეობას ვეღარ გაუძლო და კვლავ მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების მორევში გადაეშვა. ეს, შესაძლოა, შურისძიებაც იყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ განცხადება განქორწინებაზე თავად "ინდოელმა პატარძალმა" შეიტანა, რომელმაც სასამართლოზე რატომღაც განაცხადა - "ბრანდოსთან თანაცხოვრება დოღის ცხენის ყოფას ჰგავსო", თუმცა ნამდვილი მიზეზი მაინც მისი ქმრის თავაშვებული ცხოვრება იყო, რომელიც მისთვის სასურველ აზიელ გოგონებთან თურმე მეუღლის საძინებელშიც კი იქცევდა თავს.
განქორწინებისათვის, რა თქმა უნდა, ანას ფეხმძიმობასაც არ შეუშლია ხელი და პირველი ქორწინების გაუქმება დაფიქსირდა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე ქორწინება - ბრანდომ ამჯერად სამხრეთამერიკელი მსახიობი მოვიტა კასტანედა დაისვა ცოლად... მეორის შემდეგ მესამეც ადვილი საქმე აღმოჩნდა და ვიეტნამელი ფრანდ ნგუენიც ჩაეწერა მარლონ ბრანდოს ცოლების სიაში. მეოთხე პუერტორიკოელი როტა მორენო გახლდათ, თუმცა ცხოვრების მთავარი ქალის ძიება კვლავ გაგრძელდა და ამ ძიებამ ბრანდო კუნძულ ტაიტიზე ჩაიყვანა, სადაც იგი მორიგ როლში უნდა გადაეღოთ ფილმში "ამბოხება ბაუნტიზე". ამ გადაღებებზე ბრანდოს შესთავზეს, რომ თავადვე შეერჩია პარტნიორი ქალი, საამისოდ თექვსმეტი კანდიდატურა წარუდგინეს და ნება დართეს მას, რომ ყოველ მათგანთან ერთი საღამო გაეტარებინა სასტუმროს ნომერში. არჩევანი საბოლოოდ ჭურჭლის მრეცხავ ტერიტა ტერიიპაიზე შეჩერდა... ამ უკანასკნელმა კი ბრანდოს მალე ბიჭი _ ტეოტა _ გაუჩინა.
აღნიშნული ფილმის გადაღებებზე მრავალჯერ იჩინა თავი ბრანდოს თავნებობამ (იგი არ სწავლობდა ტექსტს, გადაღებებზე უძინარი ცხადდებოდა, აბუჩად ეპყრობოდა რეჟისორის მითითებებს, ითხოვდა დამატებით ჰონორარებს...), რაც საბოლოო ჯამში სტუდიას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა. თავად ფილმმა კი დახარჯული თანხის ნახევარიც ვერ ამოიღო და ეს წარუმატებლობა, რა თქმა უნდა, ბრანდოს დაბრალდა. ჰოლივუდის მაგნატებს ეჭვი შეეპარათ ბრანდოს მონაცემებში, სკანდალი სკანდალს მოსდევდა, თავად მსახიობი კი სულაც არ ნაღვლობდა ამას და სულ მალე იგი ამერიკელ ინდიელთა მოქალაქეობრივი უფლებებისათვის მებრძოლთა რიგებში იხილეს (?!). იმავე ხანებში ბრანდო პათეტიკური სიტყვით წარდგა პუბლიკის წინაშე შავკანიანთა ლიდერის ჯეიმზ ჰატონის დაკრძალვაზე და სახალხოდ განაცხადა - "თეთრკანიანები საზიზღარი რასისტები არიანო!". ამ კამპანიებში მონაწილეობას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ პოლიციამ ბრანდოს 25 მლნ. დოლარის გადახდა მოსთხოვა შეგნებული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის.
არც ამას შეუწუხებია "ველური ბიჭი" და რასობრივი პრობლემების გადაჭრის პარალელურად პირველ ცოლთან ხანგრძლივი სასამართლო პროცესი გამართა მათი ვაჟის, კრისტიანის, თავისთან გადასაყვანად იმ მიზეზისა გამო, რომ დედის ამორალურ ქცევებს ბავშვის ფსიქიკის დაზიანება შეეძლო... ანა კაშფი დიდხანს გაიძახოდა - კრისტიანი დაიღუპებაო ბრანდოს მრავალრიცხოვან შვილებსა და საყვარლებშიო, მაგრამ მამამ პროცესი მაინც მოიგო და თავისი პირმშოს აღზრდა თავად იკისრა.
კინოში კი მარლონ ბრანდოსათვის წარუმატებლობათა სერია დაიწყო, თუმცა იმდენ ჰონორარს მაინც იღებდა, რომ ტაიტის ნაპრებთან რამოდენიმე პატარა კუნძული შეეძინა, სადაც ტარიტასთან ერთად სამოთხისებრ ცხოვრებაში ჩაეფლო. ჰოლივუდში იგი გადაავიწყდათ, კრიტიკოსებმა მისი კარიერა დასრულებულად ჩათვალეს... ბრანდო კი არაფრისდიდებით არ ეთანხმებოდა ამას და ელოდა თავის დროს. ეს დროც დადგა: ფრენსის ფორდ კოპოლა "ნათლიმამას" გადაღებისათვის ემზადებოდა და დონ კოლრეონეს როლისათვის მსახიობს ეძებდა. ამ ვითარებაში თავად ბრანდომ გამოიჩინა აქტიურობა და თავისსავე სახლში გადაღებული კინოსინჯებით ეწვია რეჟისორს. კოპოლა გაეცნო ამ სინჯებს და აღტაცებით შესძახა - "ნამდვილი იტალიელია, მაგრამ ვინააო ეს მსახიობი?!"
ეს მსახიობი მარლონ ბრანდო გახლდათ, რომლის თამაშმა დიდად შეუწყო ხელი "ნათლიმამას" საოცარ პოპულარობას და კრიტიკამ ერთხმად აღიარა ბრანდოს ტრიუმფალური დაბრუნება ჰოლივუდში.
..."ოსკარების" გადაცემის ცერემონიალზე მარლონ ბრანდოს სახელი რომ გამოაცხადეს, სცენაზე პატარა ინდოელი გოგონა ავიდა და განაცხდა - მისტერ ბრანდო პრემიის მიღებაზე უარს ამბობს ინდიელთა ჩაგვრის პროტესტის ნიშნადო. ამგვარი გაუგონარი დემარშის შემდეგ ჰოლივუდმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ბრანდოზე და ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი ù"უკანასკნელი ტანგო პარიზში" მართლაც მისი უკანასკნელი მნიშვნელოვანი კინონამუშევარი აღმოჩნდა.
ასე გამოიკეტა მარლონ ბრანდო საყვარელ ტაიტიზე 20 წლის განმავლობაში და 90-იანი წლების დასაწყისამდე თითმის აღარ გამოჩენილა აქტიურ კინოინდუსტრიაში. მისი უკანასკნელი სკანდალები კი შვილების ცხოვრებას უკავშირვება, რომელთა რიცხვი 11-ს აღწევს და სხვაობა პირველსა და უკანასკნელს შორის 42 წელია. ხუთი შვილი მას სამმა ცოლმა გაუჩინა, სამი გვატემალელმა დიასახლისმა კრიტინამ აჩუქა, სამი დანარჩენი კი შემთხვევითი რომანების წყალობით იშვნენ... თუმცა ის კი ყველგან და ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ მამა არცერთ მათგანს უყურადღებოდ არ ტოვებს და არც ფინანსურ დანაკარგებს ერიდება მათი ბედნიერებისათვის. 
...ყოველ საღამოს მარლონ ბრანდო სამხრეთის ზღვებში ჩაკარგული თავისი პატარა კუნძულის სანაპიროზე ზის და მოციმციმე ვარსკვლავებს შესცქერის... მის ყურთასმენას ქარის ნაზი შრიალიც სწვდება, ტალღების ჩუმი დუდუნიც ესმის, მაგრამ მას არაფერი ახსოვს ვარსკვლავების ციმციმის გარდა... 

..და თითქოს რაღაცას ელოდებაო...

воскресенье, 4 октября 2015 г.

მონიკა ვიტი

Monica Vitti (Maria Louisa Ceciarelli)

ნამდვილი სახელი მარია ლუიზა ჩეჩიარელი
დაიბადა 1931 წლის 4 ნოემბერს



...მშობლები მის უფროს ძმებს თავს დაჰკანკალებდნენ, პატარა მარია ლუიზას კი ისღა დარჩენოდა, რომ უფროსების სამოსი ბოლომდე გაეცვითა.
...იგი სიცილიაში დაიბადა, სადაც ქალს ერთადერთი მოვალეობა გააჩნია - მორჩილებდეს მამაკაცს და პატარა მარიაც გაუაზრებლად იზიარებდა ამ კანონს, თუმცა ასევე გაუაზრებლად, სადღაც კიბის ქვეშ შეიყუჟებოდა და ტიროდა ხოლმე...
თოთხმეტი წლის იყო, საკუთარ თავს რომ შეჰფიცა - მსახიობი გავხდები და არასოდეს გავთხოვდებიო! ჰოდა, წამოზრდილმა ძმებმა ფულის საშოვნელად ამერიკას რომ მიაშურეს, არც მარია ლუიზა ჩამორჩა მათ და რომში გაიქცა... სახელის საშოვნელად.
დრამატული ხელოვნების აკადემიაში იგი, რა თქმა უნდა, არ მიიღეს  - რაღაც მიზეზი მოუდეს ხმის სისუსტისა და მისთანების შესახებ, მაგრამ ყმაწვილქალში სიცილიელის ტემპერამენტმა იმძლავრა და იმდენი ექიმები მოიარა და იმდენი ცნობა შეაგროვა აბსოლუტური ჯანმრთელობის შესახებ, რომ თავისას მაინც მიაღწია და სამსახიობო სასწავლებელში ჩაირიცხა!
სახელი კი, უფრო სწორად ლამაზი, მაცდუნებელი ფსევდონიმი მალე იშოვა - მონიკა ვიტი! - ასე დაირქვა სიცილიელმა გოგონამ.
...ახალი ცხოვრების დაწყება ჯიბეცარიელს მოუხდა. საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობდა და დღეში ერთხელ თუ ახერხებდა ჭამას; სხვა არანაირ სიამეზე ოცნებაც კი არ შეეძლო, არადა, მისი თანაკურსელები სატრფიალო რომანების მორევში იყვნენ გადაშვებულნი და წამსაც არ ტოვებდნენ სიამტკბილობის გარეშე. სასწავლებლის პირველმა ლამაზმანმა რამონიმ თვით ჰემინგუეისთანაც კი მოახერხა რომანის გაბმა და დასვენების დღეებში მასთან პარიზში დაიარებოდა დროის გასატარებლად, იქიდან დაბრუნებული კი ისეთ ამბებს ყვებოდა, ადამიანს ეს ცხოვრება სიზმარი ეგონებოდა.
...თუმცა მონიკასთვის ყველაფერი უმკაცრესი სიცხადით ვითარდებოდა, რადგან მისი მსგავსი მაღალი, გამხდარი და ქერათმიანი ქალები უბრალოდ მოდაში არ იყო 50-იანი წლების გარიჟრაჟზე. საღამოობით იგი თეატრში გოლდონის პიესების პერსონაჟებს თამაშობდა, დღისით კინოსტუდიებში როლს დაეძებდა, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო იყო, რადგან იგი გარეგნულადაც კი არავის მოსწონდა.
ამასობაში 1957 წელიც დადგა და მონიკა მიიწვიეს კინოში, ოღონდ ერთი ინგლისელი მსახიობის გასახმოვანებლად...  იქ მან პირველად მოჰკრა ყური სახელს და გვარს, რომელიც ასევე ჟღერადი იყო - მიქელანჯელო ანტონიონი! - მაგრამ ისიც თქვეს, რომ ძალზედ ქედმაღალი და ამპარტავანი კაციაო...
იყოს რა! - გაიფიქრა მონიკამ და სამონტაჟო სტუდიისაკენ წავიდა მორიგი დუბლის ჩასაწერად და, როგორც განგებას უყვარს ხოლმე გახუმრება, ის ქედმაღალი ანტონიონიც იქ დახვდა და მორიდებული მსახიობი იმით შეაქო, რომ მისი დაბალი, მკერდისმიერი ხმა შეუქო და მოუწონა! ქალმა მადლობა მოუხადა კომპლიმენტისათვის და, თავადაც არ უწყოდა - როგორ რეჟისორი საღამოს თეატრში მიიწვია გოლდონის პიესის სანახავად...
- "მე უკვე ვნახეო ეს სპექტაკლი თქვენი მონაწილეობით" - გაუღიმა რეჟისორმა (...და ეს იყო დასაწყისი იმისა, რაც უნდა დაწყებულიყო!),  შემდეგ ისიც დაამატა - თქვენს სახეში არის ის, რასაც დიდი ხანიაო ვეძებ (?!)"
...მონიკამ ერთი სიტყვაც არ დაიჯერა ამ "ამპარტავანი" კაცისა, მაგრამ უნებლიედ გაიღიმა და მის ცხოვრებაში გაჩნდა ერთი ამოუცნობი იდუმალება - ამ კაცის გვერდით ყოფნისას მას სულ ღიმილი ეფინებოდა სახეზე... რატომ? ამის გაგება მონიკას არასოდეს ეწერა ცხოვრებაში.
* * *
მეგობრები და მოტრფიალე ქალები მას მიკელეს ეძახდნენ. იგი მზიურ ფერარეში დაიბადა, საკმაოდ შეძლებულ და განათლებულ ოჯახში. ამ ოჯახში ასეთი სახუმარო ლეგენდა არსებობდა, რომ თითქოს ისინი შვედეთის მეფის შთამომავლები არიან და ამიტომაც ევალებათ უზრუნველი ცხოვრება. ასეა თუ ისე, მიკელესათვის ყველა არისტოკრატული ოჯახის კარი ღია იყო, მით უმეტეს, რომ მდიდარ ქალბატონებს საკუთარი დახვეწილი მანერებით და ვიოლინოზე ვირტუოზული დაკვრით ჭკუას ართმევდა!
...განა შეეძლო ასეთ ადამიანთან გატოლება უბრალო სიცილიელ გოგონას?! არადა, XX საუკუნის შუა ხანების რომი უკვე თავისუფალი სიყვარულის მორევში ცურავდა და ქალები ისე იცვლიდნენ საყვარლებს, როგორც მოდაში ახლად შემოსულ ნეილონის წინდებს. მონიკას მეგობარი ქალები ჩანთაში ყოველთვის დაატარებდნენ ქალური სამოსის ინტიმურ დეტალებს იმ მოულოდნელი შემთხვევისათვის, რომლის გამოისობითაც შესაძლოა სადმე "სხვაგან" გაეთიათ ღამე!...
და 30 წელს მიღწეულ მონიკასაც გაუჩნდა ის პირველი გრძნობა, რაც მამაკაცთან სიახლოვის სურვილით იყო ნასაზრდოები!
რომში მაისის საღამოები შრიალებდნენ... ყოველ ბნელ კუთხეში შეყვარებულები იყვნენ შეყუჟულნი და ჩუმად ჟღურტულებდნენ, ამ დროს კი მონიკა და მიკელე სადმე კაფეში ისხდნენ (მეგობრების კომპანიასთან ერთად) და ხელოვნებაზე საუბრობდნენ, იქიდან გამოსულნი კი მორიდებით ართმევდნენ ერთმანეთს ხელს და სახლებისაკენ ეშურებოდნენ.
...თუმცა ერთი ასეთი საღამოს მსვლელობისას მონიკამ უნებლიედ გონება დაკარგა და გონსმოსულმა აღმოაჩინა, რომ მიკელეს მკლავზე იყო გადასვენებული; გონის წასვლა-დაბრუნება ამ შემთხვევაში აღარავის აინტერესებდა, რადგან მიკელემ უეცრად ჰკითხა, თუ სად აპირებდა ზაფხულის გატარებას და არც კი მოისმინა ქალის პასუხი, ისე შესთავაზა, რომ ერთად დაესვენათ სადმე სიცილიის მახლობელ კუნძულზე.
...მონიკას, რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს!
* * *
ისინი ზღვის პირას მდებარე ერთ მყუდრო სასტუმროში დასახლდნენ. მათთან ერთად იმხანად იტალიის არისტოკრატიის მცირეოდენი ნაწილიც ისვენებდა და მიკელეს მიეცა შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა თავისი დახვეწილი მანერები... მას ყველა აღტაცებით შესცქეროდა და შურდათ იმ ქალისა, ვინც ასეთ დიდებულ კაცს გვერდს უმშვენებდა დილიდან საღამომდე და ღამით...
ეს ქალი, რა თქმა უნდა მონკა იყო! მონიკა, რომლისთვისაც ეს სიზმარში გადასახლებას ჰგავდა და საიდანაც გამოღვიძებას არასოდეს ნატრობდა.
ერთ მშვენიერ დღეს კი მიკელემ განაცხადა, რომ რომში დაბრუნებას აპირებდა, მონიკა ევედრებოდა, ორიოდე დღე კიდევ დარჩენილიყვნენ, მაგრამ რეჟისორმა საქმეების მომიზეზებით მტკიცე უარი განაცხადა და მაშინ ქალი გაიქცა, ერთ უკაცრიელ ნაპირს მიაშურა და საღამომდე აღარ დაბრუნებულა. საღამოს კი მას მიკელემ მიაკითხა და ზღვის პირას განმარტოებული ქალი რომ შენიშნა, შორიდანვე შესძახა - "ჩვენ ამის შესახებ ფილმს გადავიღებთ!..."
* * *
ერთი კვირის თავზე რომში სულ სხვა მონიკა ვიტი დაბრუნდა. მეგობრები ვეღარ სცნობდნენ მას, ოცდაათი წლის შინაბერა ქალი ოციოდე წლის ყმაწვილქალს დამსგავსებოდა. მიკელე მისთვის უკვე ყველაფერი იყო: მეგობარი, ქმარი, საყვარელი, მამა.... და რეჟისორი!
ანტონიონი მისგან თითქოს ახალ ადამიანს აქანდაკებდა. იგი ასწავლიდა სიარულს, ლაპარაკს, შამპანურის ჭიქის სწორად დაჭერას და სუნთქვასაც კი... მონიკას ამ ადამიანის გვერდით თავი პატარა გოგონა ეგონა, რომელსაც ერთი რამ ევალებოდა  - კარგად ესწავლა და ჰყვარებოდა მასწავლებელი, ანტონიონის კი საკუთარი თავი მართლაც ღმერთად წარმოედგინა, რომელიც ქმნიდა მსახიობს და ქმნიდა ქალს.
დასაწყისისათვის ანტონიონიმ ქალს პატარა პიესა დაუწერა , რომლის მონოლოგებსაც ერთად სწავლობდნენ სადმე ტრევის შადრევანთან და თან იმ წარუმატებელ მცდელობას უყვებოდა, რაც მან გადაიტანა კინოში ერთი ლამაზმანის გამოისობით, რომელიც კი იყო იტალიის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, მაგრამ მსახიობობის ნატამალიც არ ეცხო. ახლა კი მონიკასთან ერთად აპირებდა ისეთი ფილმების შექმნას, რომელიც მთელ მსოფლიო კინოს ააფორიაქებდა...
* * *
მათი პირველი ფილმი იყო "თავგადასავლები", რომელსაც იტალიის სამხრეთში იღებდნენ. ეს მონიკას პირველი სერიოზული გამოცდა გახლდათ. არც მიკელესთვის იყო ადვილი გადასატანი ეს და იგი რაღაც სხვანაირი, უცხო ადამიანის სახითაც კი იმზირებოდა გარეშემოთში. ყოველთვის დამყოლი და ალერსიანი ანტონიონი გადაღებების დროს პირქუშ და უხეშ ადამიანს დაემსგავსა. ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა მას, თითქოს იგი ტაძარში იდგა და საზეიმო მესას ასრულებდა.
გადაღების პირველსავე დღეს მონიკამ სცადა, რაღაც ეკითხა როლის შესახებ, მაგრამ პასუხად მიიღო:
"დაიმახსოვრე მე მსახიობებს არასოდეს არაფერს ვუღეჭავ... დაივიწყე პერსონაჟის ფსიქოლოგია ამისთანა სისულეეები და საკუთარ ფანტაზიას მიენდე, თუ რა თქმა უნდა, გაგაჩნია ასეთი რამ!"

მონიკა მალე მიხვდა, რომ ანტონიონისთან კამათს არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან იგი თავიდანვე დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში და ყველაფერს გაწირავდა კამათში გასამარჯვებლად... თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ მათი პირველი ერთობლივი ფილმი მართლაც შედევრი გამოდგა და პრემიერის მეორე დღეს მონიკა უკვე კინოს ვარსკვლავად იყო შერაცხული.
* * *
თერთემეტი წლის განმავლობაში ანტონიონიმ მონიკასთან ერთად ოთხი ფილმი გადაიღო და ოთხივე მათგანი აღფრთოვანებით მიიღო ე.წ. ინტელექტუალური კინოს მოყვარულმა პუბლიკამ. პირველ მათგანში მონიკას პარტნიორობას ახალგაზრდა ალენ დელონი უწევდა. იმხანად უკვე პოპულარული ფრანგი კინოვარსკვლავი, რა თქმა უნდა, უარზე არ იყო უკვე მომხიბლავ ქალად შერაცხულ მონიკასთან სატრფიალო რომანი გაება, მაგრამ მას ამ საქმეში იმედი გაუცრუვდა; ყმაწვილი კაცის მრავალმნიშვნელოვან გამოხედვებს სიცილიელი ქალის არანაირი პასუხი არ ხვდებოდა, რადგან ამ ქალისათვის ამქვეყნად არსებობდა ერთადერთი მამაკაცი - მიქელანჯელო ანტონიონი - და სწმადა, რომ ისიც ერთადერთი ქალი იყო ამ პროვნებისთვის, მაგრამ საშინლად ცდებოდა ამაში...
თითქოს მთელი იტალიის ქალები - ნორჩი გოგონები თუ ქმარშვილდახუნძლული ქალბატონები - ანტონიონის გულის მოსაგებად დაიგეშნენო...
მიქელანჯელო მშვენივრად საუბრობდა ფრანგულად და ხშირად ჩადიოდა პარიზში, სადაც ფრანგი ქალებიც ისეთივე სურვილით მიისწრაფვოდნენ მისკენ, როგორც ზემოთხსენებული იტალიელები...
ანტონიონისთან თუნდაც ერთი საღამოს გატარებაზე ოცნებობდა ყველა... იმართებოდა დიდი წვეულებებიც, სადაც არაიშვიათად მონიკაც იყო მიწვეული, რადგან ისიც უკვე იმდენად პოპულარული იყო, რომ მასთან საღამოს გატარების მოსურნე სნობების რიცხვი საკმაო რაოდენობას აღწევდა. ასე რომ, მონიკა საკუთარი თვალით ხედავდა, თუ რა გზნებით ილტვოდნენ მისი მამაკაცისკენ სანადიროდ გამოსული ქალები...
არაერთხელ დაბრუნებულა სასტუმროში მონიკა მარტო და დილამდე ანტონიონის მოლოდინში ყოფილა, მაგრამ მას ყოველთვის ჰყოფნიდა იმის ნებისყოფა, რომ უგნური ქალური ისტერიკით არ დაეფრთხო საყვარელი მამაკაცი. მონიკა კარგად ხვდებოდა, რომ ეს კაცი პირველ რიგში ეკუთვნოდა საკუთარ თავს, საკუთარ იდეებსა და საკუთარ შემოქმედებას და მერე ნებისმიერ გარეშე პირს, თუნდაც მონიკა ვიტიდ გარდაქმნილ მარია ლუიზა ჩეჩიარელის. ერთადერთი საშუალება ამ პიროვნების დაკავებისა იყო ის, რომ არასოდეს დაგეკავებინა ის, იგი სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო, რათა ვინმეს მონობაში ყოფნა ესურვებინა!
* * *
კინოში კი ანტონიონი კვლავაც აბსოლუტურად ერთგული იყო მონიკასი. მიკელეს ყოველთვის აინტერესებდა ადამიანის ფსიქიკასთან მიმართებაში ჩატარებული ექსპერიმენტები და ამ მხრივ ემოციური სიცილიელი ქალის სამსახიობო ტემპერამენტი შესანიშნავი ნედლეული იყო მისთვის.
...სხვათა შორის, ფსიქოლოგ-ფსიქიატრთა საერთაშორისო კონგრესზე ერთხელ ანტონიონის სამეცნიერო ხარისხიც კი მიანიჭეს. ამგვარ გატაცება მომავალ რეჟისორს ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩნდა, როცა გენუაში სამოყვარულო ფილმს იღებდა სულიერად ავადმყოფთა სახლში. და აი, მორიგი მისი იდეაც ამგვარ ადამიანებს დაუკავშირდა და ამ საქმეში მონიკას მსგავსად არავინ იყო გამოსადეგი, რადგან ამ ქალს შეეძლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეცხოვრა გონებაშერყეულთა კლინიკაში და ზედმიწევნით შეესწავლა ამ ადამიანებისათვის დამახასიათებელი ფსიკიც და მიმიკაც...
როცა ფილმი "წითელი უდაბნო" ეკრანებზე გამოვიდა, ვიტის ერთმა ფსიქოლოგმა დაურეკა და უთხრა: "თქვენ დიდებული მსახიობი ხართ, მაგრამ ქუჩაში რომ შეგხვედროდით, აუცილებლად გირჩევდით მკურნალობის პროცესი ჩაგეტარებინათ ჩემთან..." მონიკას მხოლოდ გაეღმა, რადგან იგი უკვე ცხადლივ გრძნობდა, რომ თავად იგიც მის მიერ შექმნილი შეურაცხად პერსონაჟებს ემსგავსებოდა და ამის მიზეზი ისევ და ისევ მისი ოცნების მამაკაცი - მიქელანჯელო ანტონიონი იყო!
* * *
როლების შერჩევისას მონიკა ერთადერთხელ შეცდა - ერთხელ მას ინგლისელმა რეჟისორმა ჯოზეფ ლოუზიმ გამოუგზავნა სცენარი ფილმისათვის "მკვლელი ლამაზმანი"; მონიკამ სცენარის გადაკითხვისას აღტაცებით წამოიძახა - "ღმერთო ჩემო! ეს ხომ კაბაში შემოსილი ჯეიმზ ბონდიაო" - და უმალ გაეშურა სტუდიისაკენ. როცა სახლში ოდნავ შემთვრალი დაბრუნდა იმ შამპანიურით, რაც მან რეჟისორთან ერთად მიირთვა კონტრაქტის ხელმოწერის აღნიშვნისა გამო, მას ჩაფიქრებული ანტონიონი დახვდა, რომელმაც დიდხანს ისმინა ქალის აღტაცებული მონათხრობი მომავალი ფილმის შესახებ და ბოლოს ესღა თქვა - "შენ ახლა სხვა ფილმებში უნდა გამოამჟღავნო შენი ნიჭი, ჩემს ფილმებში შენ ამას ვეღარ მოახერხებო".
* * *
თავისი მორიგი ფილმი ანტონიონიმ მონიკას გარეშე გადაიღო; მან მთავარ როლზე ინგლისელი ვანესა რედგრეივი მიიწვია. ამ ხანებში რეჟისორი მორიგ შემოქმედებით აღმაფრენას განიცდიდა და საამისო ნედლეულს იგი ლონდონის ნისლიან პანორამაში დაეძებდა. ფილმი სარეკორდო ვადებში - 10 კვირის განმავლობაში შეიქმნა, მაგრამ მონიკასათვის ეს ორთვენახევარი მარადისობის ტოლფასად იქცა. ეჭვიანობისაგან გახელებული ქალი დღეში რამოდენიმეჯერ რეკავდა ლონდონში. მას შეეძლო ფიზიკური ღალატი ეპატიებინა მიკელესთვის, მაგრამ ახლა იგი ხედავდა, რომ მას, როგორც მსახიობსაც, უღალატეს. ანტონიონი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და პირველად, ამ ხნის განმავლობაში, მონიკა იძულებული გახდა დახმარებისათვის მშობლებთან წასულიყო, მაგრამ არც აქ დახვდა მას თანაგრძნობა, რადგან ჩეჩიარელების მთელი ოჯახი წინააღმდეგი იყო ამ მათთვის მიუღებელ მამაკაცთან კავშირსა და არც იმას იზიარებდნენ აღფრთოვანებით, რომ მათი ქალიშვილი კინოში ნაირნაირ როლებს ასრულებდა და (მათი აზრით!) თანდათან ბაზრის მაწანწალა კომედიანტს ემსგავსებოდა.
მიკელი კი მოულოდნელად გამოჩნდა. იგი არნახული შემოქმედებითი იდეებით იყო აღჭურვილი და მოკლე ხანში მონიკა ნიუ-იორკში წაიყვანა, სადაც ამ წყვილს იტალიის საელჩოში დიდი შეხვედრა მოუწყეს. ქალი იმ საღამოს ბედნიერად გამოიყურებოდა, მაგრამ ამის მიზეზი უფრი მისი პირადი აღიარება იყო, როგორც მსახიობისა და არა ის, რომ საყვარელ მამაკაცთან ყოფნა ანიჭებდა მონიკას სულიერ სიამესა და ამღლებულობას. ეს მაკაცი კი მას უბრალოდ ვეღარ ამჩნევდა და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მას ღრმად ჰქონდა გამჯდარი გონებაში ის აზრი, რომ მისივე ხელით შექმნილ-გამოძერწილი მსახიობი და ქალი - მონიკა ვიტი - მხოლოდ მცირედი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მისი ცხოვრებისა და სხვა აღარაფერი.
წვეულებიდან რომ ბრუნდებოდნენ, მონიკა მოულოდნელად ატირდა და მიკელი ახლაღა მიხვდა, რომ მის მიერ შექმნილი არსება სულიერად გაწამებულ, ნაწილ-ნაწილ დაშლილ და დაცლილ ქალად ქცეულიყო... მიხვდა ანტონიონი ამას და გუმანმა უკარნახა, რომ ერთადერთი საშველი მდგომარეობის გამოსწორებისა იყო ის, რომ მისთვის ცოლობა ეთხოვა (?!)
...მოულოდნელობისაგან მონიკას ხმა ჩაუწყდა, ათი წლის განმავლობაში ელოდა იგი ამ დღეს, როცა მას სინიორინა ანტონიონი დაერქმეოდა. ო. ღმერთო! რამდენი ქალი ოცნებობდა ამაზე და ახლა მხოლოდ მას ერგო ეს ბედნიერება! მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი მხოლოდ თანამოაზრეები და კოლეგები იყვნენ, თვით ინტიმური ურთიერთობანიც კი მხოლოდ მზადება იყო იმ საქმიანობისა, რაც მათ უახლოეს მომავალში ელოდათ. გარდა ყოველივე ამისა, მონიკა დაღლილიც იყო ამდენი მოლოდინისაგან და ამიტომაც გაუაზრებლად უპასუხა მიკელეს წინადადებას: "არ შემიძლია... გესმის?! არ შემიძლია...- და რატომღაც დაამატა - იქნებ ერთი წლის შემდეგ შევძლო?!"
* * *
ერთი წლის შემდეგ ისინი სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს, მშვიდად აკრიფეს გუდა-ნაბადი და რომის სხვადასხვა რაიონებში გადასახლდნენ.
თითოეულმა მათგანმა საკუთარი საქმე განაგრძო. ანტონიონი კვლავაც ქმნიდა შედევრებს, მონიკა კი კინოვარსკვლავის სტატუსით ატარებდა დღეებს. ვენეციის კინოფესტივალზე ერთხელ მონიკა ისეთი დეკოლტეთი გამოჩნდა, რომ კინოს ერთმა "ბებერმა მგელმა" შესძახა - "ოჰო! სინიორინა ვიტიმაც ისწავლა მამაკაცების ცდუნება!"
მთელი იტალია აღფრთოვანებით უმზერდა ამ, უკვე ასაკში გადამდგარ ქალს, რომელმაც მართლა გაუგო ცხოვრებას გემო, მაგრამ, როგორც ერთმა მისმა ახლო მეგობარმა ქალმა განუცხადა რეპორტიორს, მონიკა თურმე ხშირად ეუბნებოდა მას - "ეს ყველაფერი უაზრობაა! მიკელემ რომ კვლავ დამიძახოს, ყველაფერს მივატოვებ და გავიქცევიო მასთან!"
* * *
1990 წელს მონიკა ვიტიმ თავად გადაიღო თავისი პირველი და უკანასკნელი ფილმი, როგორც რეჟისორმა. ეს იყო ამბავი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც კინოკამერას დაეუფლება და რატომღაც საყვარლებთან და ქმრებთან გატარებული ინტიმური საღამოების გადაღებას დაიწყებს...
ეს ფილმი კანის ფესტივალზე აჩვენეს, მაყურებელთა შორის ანტონიონიც იყო!... ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს დერეფანში. ჭაღარა, ინსულტით გატანჯული ანტონიონი ახალგაზრდა ცოლის ხელზე იყო დაყრდნობილი და მონიკას რომ მოჰკრა თვალი, ლოყაზე მოუთათუნა ხელი და ძლივს წარმოთქვა - "ეს ლამაზი სანახაობა იყო!..."
პუბლიკამ მონიკა ყვავილებში ჩაკარგა, ქალი თითქოს ბედნიერი იყო, მაგრამ იგი რაღაც იდუმალი სევდით გასცქეროდა დერეფანს, სადაც წელში მოხრილი ანტონიონი გაუჩინარდა!...

суббота, 26 сентября 2015 г.

ჯულიეტა მაზინა



Giulietta Masina

დაიბადა
1920 წლის 22 თებერვალს
გარდაიცვალა
1994 წლის 23 მარტს


* * *
ფედერიკო ფელინის დაკრძალვის დღეს რომში ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ყველა ტელე და რადოსადგურმა შეწყვიტა მუშაობა. ადამიანთა მრავალათასიანი გუნდები აპლოდისმენტებით მიაცილებდნენ სამგლოვიარო კორტეჟს რომიდან პატარა ზღვისპირა ქალაქ რიმინიმდე, სადაც ფელინის საგვარეულო სამარხი მდებარეობს. მაესტრო ამ ქალაქში დაიბადა და იქვე მიაბარეს მიწას. 
ჯულიეტა მაზინა ცრემლებს არ მალავდა. იგი თანაგრძნობის სიტყვებს იმ უმწეო, მთელი მსოფლიოსათვის ნაცნობი ღიმილითა და გამოხედვით უსმენდა, რომლის შესახებაც მაესტრო ამბობდა - ეს გამოხედვა გზააბნეული ძაღლის მზერას ჰგავსო. 
ხუთი თვის შემდეგ, საავადმყოფოდან ახლადგამოსულმა მაზინამ იგივე გზა - რომიდან რიმინიმდე - ხელახლა განვლო და ფედერიკოს საფლავი მოინახულა... მეგობრები ამბობდნენ, რომ ფელინის სიკვდილის შემდეგ ჯულიეტა თითქმის აღარ ლაპარაკობდა და თუ ხმას ამოიღებდა - "ფედერიკოს გარეშე მე არ ვარსებობო!" - ამას თუ იტყოდა.

ერთი წლის შემდეგ ბომბი გასკდა...
"მე ფედერიკო ფელინის უკანასკნელი საყვარელი ქალი ვიყავი და მისმა ცოლმა, ჯულიეტა მაზინამ, იცოდა ეს" - განაცხადა ავტობიოგრაფიული რომანის - "სიყვარულის სახეობების" - პრეზენტაციაზე ჰოლანდიელმა მწერალმა ქალმა როზიტა სტენბოკმა.
ამ წიგნის სიუჟეტი ძალზედ მარტივია: 
ახალგაზრდა ქალი აღწერს რომაულ დოლცე ვიტა-ს (ტკბილ ცხოვრებას) და ამ ვოიაჟის დროს მას თან ახლავს მწერალი ედუარდე ("ჩოჩარას" ავტორის, ცნობილი მწერლის ალბერტო მორავიას პროტოტიპი) და ცნობილი რეჟისორი მარჩელო ლეონი (შესაბამისად _ ფედერიკო ფელინი). რომაული ორგიების აღწერისას მწერალი ქალი, ყოველგვარი რიდისა და ტაქტის გარეშე, ააშკარავებს მეტისმეტად ინტიმურ სცენებს. ერთ სცენაში  ედუარდე, მარჩელო და როზიტა "სასიყვარულო სამეულსაც" კი ადგენენ და მამაკაცები თანამიმდევრულად ტკბებიან ქალის მაცდუნებელი საამებლებით. გარდა ამისა, ეს მწერალი მდედრი იმასაც ამტკიცებს - ფედერიკო ბისექსუალი იყოო(?!)... ამ სკანდალურ წიგნს მცირეოდენ დამაჯერებლობას მხოლოდ ის ანიჭებს, რომ როზიტა სტენბოკი მართლაც დაახლოებული იყო ფელინისა და მაზინას ოჯახთან და ეპიზოდური როლიც კი შეასრულა ფილმში "ჯინჯერი და ფრედი".
იტალიელებმა ამ წიგნის გამოქვეყნება ეროვნული სიწმინდის შებღალვად მიიჩნიეს. ფელინი და მაზინა სიცოცხლეშივე შეიყვანეს აპენინების მკვიდრებმა ღმერთების პანთეონში, მათს სახელებს ყოველი იტალიელი მღელვარებითა და აღფრთოვანებით მოიხსენიებს. სტენბოკის წიგნმა კი ყველას ერთდროულად აუფორიაქა სამყარო და... ერთდროულადვე მიეცა დავიწყებას, რადგან იტალიას სჯეროდა, რომ ფელინი ნამდვილი მამაკაცი იყო და მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მსჯელობა მხოლოდ გადაბერებული შინაბერას ავადმყოფური წარმოსახვის შედეგი ან ფულის მოხვეჭის სურვილი იყო.
იტალიას აინტერესებდა მხოლოდ ის:
- ნამდვილად უყვარდათ თუ არა ერთმანეთი ღმერთებად შერაცხულ ამ ორ ადამიანს?
...თუ ფელინისა და მაზინას კავშირი მხოლოდ ბინძური გარიგება იყო ორი კარიერისტისა?
* * *
ფელინის ძალაინ უყვარდა თურმე საკუთარი მშობლების შესახებ არსებული სატრფიალო მითების თხრობა: 
ამბობენ - მის მშობლებსაც ძალიან ჰყვარებიათო ერთმანეთი...
პირველი მსოფლიო ომის დროს რიგით ურბანო ფელინის რომში მდიდარი ოჯახის შვილი შეჰყვარებია და გული და ხელი შეუთავაზებია მისთვის. როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, მომავალი სიდედრ-სიმამრი წინააღმდეგნი ყოფილან ქორწინებისა, მაგრამ ახალგაზრდებს ჩუმად დაუწერიათ ჯვარი და ურბანოს მშობლიურ მხარეში გაპარულან.
მაზინას მშობლებსაც ჰქონიათ თავისი რომანტიული თავგადასავალი: ჯულიეტას მამა, ჯეტანო, ყმაწვილობიდანვე დიდი იმედისმომცემი მევიოლინე ყოფილა, მაგრამ იმისათვის, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო, მიუტოვებია მუსიკა და მინერალური სასუქების ფაბრიკაში დაუწყია შავ მუშად მუშაობა.
ერთადერთი, რაც ფელინის არ მოსწონდა საკუთარი მშობლების თავგადასავლიდან იყო ის გაგრძელება, რაც რომანტიულ სიყვარულს მოჰყვა, ანუ: ბავშვები, ფული, ხელმომჭირნე  ცხოვრება. მას მტკიცედ სწამდა, რომ ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა მაცდუნებელი მანევრი, უბადრუკი დეკორაციები, რომლის მიღმაც იმალება სიცოცხლე... იმალება, რათა მის ზეიმზე, მის თვალისმომჭრელ ფეიერვერკთან მხოლოდ ღირსეული პიროვნებები მოხვედრილიყვნენ. ფედერიკო თავს იმის უფლებასაც კი აძლევდა, რომ რეალობა დაემახინჯებინა და ბავშვებისათვის მოეთხრო უცნაური ამბებით გაჯერებული თავგადასავლები; ასე მაგალითად, ფელინი სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ცხოვრებაში სამად სამი წიგნი აქვს წაკითხული, რომ არასოდეს უთამაშია ფეხბურთი, რომ სწავლა ჭირივით სძულდა... თხზავდა ათასგვარ წარმოსახულ სცენას მიწისქვეშა დილეგის შესახებ, სადაც ვითომდა ხშირად უწევდა დანაშაულის გამოსყიდვა ხორბლის მარცვლებზე დაჩოქილს...
რა თქმა უნდა, მაესტროს მეგობრებს ეს არ სჯეროდათ, რადგან კარგად ახსოვდათ, თუ როგორი ბეჯითი და თავაზიანი ბავშვი იყო იგი. არ იზიარებდნენ ამ თავზეხელაღებულ ფანტაზიას მისი ახლობლებიც და ყველგან და ყოველთვის ფედერიკოს ცრუპენტელობაზე ჭორაობდნენ. მათ, რა თქმა უნდა, არაფერი გაეგებოდათ იმისა, რომ სიცრუესა და ფანტაზიას შორის უზარმაზარი ზღვარია და არც არაფერი აქვთ საერთო...
ჯულიეტას კი ყველაფერი სჯეროდა...
მთელი გულწრფელობით შეიძლება ითქვას, რომ ფედერიკოს თავდავიწყებამდე შეუყვარდა ეს პატარა გოგონა, რადგან იგი მომავალ მაესტროს სრულ უფლებას აძლევდა წარმოსახვაში ეცხოვრა და, რაც მთავარი, სჯეროდა ყველაფრისა მის შეთხზულ თავგადასავლებში.
* * *
ჯულიეტამ გაცნობის დღიდანვე გაიაზრა ის, რომ ფედერიკოს ყველაზე მეტად სძულს ე.წ. "რეალური ცხოვრება" მთელი თავისი მდაბალი და უმარტივესი პრობლემატიკით. 
მათი ურთიერთობით დაინტერესებულ ადამიანებს უჭირდათ გაეგოთ, თუ სად მთავრდებოდა სინამდვილე და სად იწყებოდა თამაში. ნინო როტა იხსენებს, ერთხელ ფელინის სადილობისას რომ უთქვამს: "გახსოვს, ავსტრალიაში რომ ვიყავით ერთად, ჯულიეტა..." ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ფედერიკო და ჯულიეტა არასოდეს ყოფილან ავსტრალიაში, მაზინას კი მაგიდასთან მსხდომებისათვის ღიმილით გადაუხედავს და უპასუხია:"მახსოვს, ძვირფასო!... რა ლამაზი ბუნებაა, არა, იქ!"
ფედერიკომ და ჯულიეტამ ერთად გაითამაშეს ცხოვრების მხიარული სპექტაკლი, მოსაწყენი რეალობა კი ერთ დიდ თავგადასავლად აქციეს, სადაც ცხოვრება და კინო მონაცვლეობით ახალისებდნენ მათს ყოფას.
* * *
მათ ერთმანეთი 1943 წელს რადიოს სტუდიაში გაიცნეს. იმხანად, ყმაწვილობის ასაკიდან ახლად გამოსული  ჯულიეტა უკვე პოპულარულ წამყვანად ითვლებოდა პირდაპირ ეთერში და ერთი სეზონის განმავლობაში რომის ხუთი თეატრის სპექტაკლებში ახერხებდა მთავარი როლების თამაშს.
ფელინი ჯულიეტაზე სამი წლით უფროსი იყო, მუშაობდა კარიკატურისტად ერთ პატარა გაზეთში და მუსოლინის არმიაში სამსახურს თავს არიდებდა. გარდა ამისა წერდა სცენარსაც ("მორალდო ქალაქში") კინოსტუდიისათვის, რომელსაც დიქტატორის ვაჟი ხელმძღვანელობდა. 
ამ სცენარში ასეთი ამბავი იყო მოთხრობილი (თუმცა ფილმად არასოდეს არავის უქცევია ის):
მთავარი გმირს ცოლის შერთვა სურს და საამისოდ გოგონაც ჰყავს შერჩეული, მაგრამ მის გაცნობას ვერ ახერხებს და ბოლოს მოიფიქრებს, ვითომ სილამაზის კონკურსზე წარსადგენად მისი ფოტო სჭირდება და ამ მიზეზით ეწვევა სატრფოს. ნაცნობობა შედგება, რასაც საღამოს ერთად ვახშმობა მოჰყვება და ორიოდე კვირაში ეს ორი ახალგაზრდა ჯვარს იწერს...
ასევე მოიქცა ფედერიკო ცხოვრებაშიც: პოპულარულ მსახიობსა და რადიოდიქტორ ჯულიეტა მაზინას სთხოვა ფოტოსურათი (ვითომ სასინჯი გადაღებისთვის) და მეორე საღამოს უკვე ერთად წაბრძანდნენ რესტორანში.
"პირველად ფედერიკომ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე - იგონებს მაზინა - მხიარული ახალგაზრდა კაცად მომეჩვენა და სხვა არაფერი. რესტორანში წასვლამდე სახლში კარგად ვისადილე, რადგან ვთვლიდი, რომ საბრალო კარიკატურისტის ფული არ ექნებოდა კარგი მასპინძლობის გასაწევად." სანამ ფედრიკოს შეკვეთა გაუფორმებია, ჯულიას საგანგებოდ დაუთვალიერებია რესტორნის ინტერიერი და შიშის გრძნობა გასჩენია, რადგან ვერაფრით წარმოედგინა, რომ ფედერიკოს ამგვარი გარემოს შესაბამისი თანხა ექნებოდა ჯიბეში. ვახშმობის ბოლოს ანგარიში რომ წარუდგენიათ, ჯულიას პანიკის მოლოდინში თვალები დაუხუჭავს, მაგრამ ფედერიკოს ჯიბიდან ისეთი დასტა ამოუღია ბანკნოტებისა, რაც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე არ სჭერია ხელში, თუმცა მაზინა არასოდეს დაინტერესებულა იმით, თუ სად და როგორ იშოვა იმ საღამოს ფედერიკომ ფეული...
ორი კვირის შემდეგ ახლადშეუღლებული წყვილი ჯულიას მამიდასთან, ვია ლუტეციაზე მდებარე სახლში გადაბარგდა. ამ ქალმა (მამიდამ) ჯულია ოთხი წლის ასაკიდან გაზარდა და მანვე დაადგინა რა, რომ გოგონაში დიდი სამსახიობო ნიჭი იმალება, რომის ბოჰემურ ცხოვრებაშიც თავად შეიყვანა. ეს ქალი იმდენად ყოფილა დარწმუნებული ძმისშვილის ნიჭიერებაში, რომ იგი ჩვეულებრივ სკოლაშიც კი არ მიუბარებია... სწორედ ამ ქალის ზედამხედველობით მოუხდა ახაგაზრდა ფელინის საოჯახო ცხოვრების დაწყება.
საქორწინო ცერემონიალი ორიოდე თვის შემდეგ ჩაატარეს და ისიც ჩუმად, სადღაც ნახევრად ჩასარდაფებულ შენობაში, რადგან კათოლიკურ ეკლესიაში გამოჩენას ფედერიკო ერიდებოდა არმიაში გაწვევის შიშით. ყველაფერი ისე კონსპირაციულად მოუწყიათ, რომ "ავე მარია" მხოლოდ ერთ მეგობარ კაცს უმღერია ერთ ხმაში და ისიც ნახევარ ტონებში. 
საქორწინო რიტუალის შემდეგ ფედერიკო და ჯულია კინოთეატრ "გალერეაში" წავიდნენ და, მათდა გასაოცრად, დარბაზში შესვლისთანავე კონფერანსიემ მაყურებელს სთხოვა, რომ ახლადდაქორწინებულებს აპლოდისმენტებით შეხვედროდნენ!... მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ გამოუტყდა ფედერიკო მეუღლეს, რომ ეს ოვაცია მის მიერ ჩაფიქრებული საქორწინო საჩუქარი იყო, თუმცა არავინ იცის, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ეს აღიარება.
...თუმცა ის კი ფაქტია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ფედერიკო ჯულიას მხოლოდ სიურპრიზებს ჩუქნიდა და არასოდეს უფიქრია, რაიმე ძვირფასეულობა ან ფასეულობა მიეძღვნა მისთვის.
ყველაზე დიდი საჩუქარი კი, რა თქმა უნდა, იყო ორი როლი _ "კაბირიას ღამეებში" და "გზაში".
* * *
ქორწინებიდან ორიოდე თვეც არ იყო გასული, რომ ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოსწყდა. მეორე ფეხმძიმობა დასრულდა 1945 წელს ამქვეყნად ვაჟის მოვლინებით, რომელსაც ფედერიკომ მამის სახელი დაარქვა, მაგრამ ბავშვი ორი კვირაში მოკვდა. მეტი შვილი მათ აღარ ჰყოლიათ.
* * *
ქორწინებას პრაქტიკულად არ შეუშლია ხელი ფელინის ბოჰემური ცხოვრებისათვის. იგი კვლავაც ათევდა ღამეებს რედაქციებში და სამონტაჟო სტუდიებში. ჯულიეტამ კი ყველა მისი მეგობარი გაიცნო და სახლშიაც ხშირად მასპინძლობდა მათ მათ შორის ლამაზ-ლამაზ ქალებს, რომლებთან გაბმულ რომანებს ფედერიკო არასოდეს უმალავდა თურმე ცოლს.
ფელინის მეგობრები იხსენებენ, რომ თუკი ოდესმე დამნაშვე ყოფილა მაესტრო მეუღლის წინაშე, პირველად ამას სწორედ ეს უკანასკნელი იგებდა ქმრისავე აღსარებებიდან. მაზინა თავისი თავაშვებული ხასიათით და ბავშვური გულუბრყვილობით იდეალური მეწყვილე იყო ფელინისათვის, რადგან მასში დიდი რეჟისორი საიმედო საყრდენს და საკუთარი დაუკობელი ფანტაზიის გამოძახილს ხედავდა.
სწორედ მაზინა იყო ის ქალი, ვინც ფელინის რობერტო როსელინის თანაშემწედ მუშაობა გაუხერხა. მოგვიანებით ფელინი იტყვის - "როსელინი მხოლოდ მოძრაობის ის მომწესრიგებელი იყო, ვინც მე ქუჩაზე გადასვლაში დამეხმარაო".
_ "მერედა განა ეს ცოტას ნიშნავს?" _ უპასუხებს ჯულია.
დიახ, ასე დაიწყო დიდი რეჟისორის კარიერა, რასაც ასევე ჯულიას სტიმულირება დასჭირდა, რომელიც მანამ არ დაეხსნა, სანამ "ვარიეტეს ჩირაღდნების" სცენარი არ დააწერინა. ფილმისათვის ფულის შოვნაში კი როსელინი დაეხმარათ. და მას შემდეგ აუცილებლობად იქცა, რომ ყოველი ფილმის გადაღება, პირდაპირ თუ ირიბად, ჯულიეტას ინიციატივითა და მონაწილეობით დაწყებულიყო.
მათ ტრადიციად ექცათ, რომ ფილმის სცენარი დეტალურად მანამ განეხილათ, ვიდრე ფედრიკო მის დასწერად მაგიდას მიუჯდებოდა. დაიწერებოდა სცენარი და ჯულიეტა იწყებდა ვოიაჟს მეგობრებთან და კოლეგებთან, ეძებდა მსახიობებს, არჩევდა ნატურას და ყოველ გადასაღებ მოედანს საგულდაგულოდ აწყობდა.
პირველ ხანებში ფელინი მხოლოდ და მხოლოდ ჯულიას იღებდა ფილმებში, რადგან ორმა როლმა "კაბირიის ღამეებში" და "გზაში" ამ პატარა ქალის სახელი ცაში ატყორცნა. მაზინას უკვე დიად მსახიობს უწოდებდნენ, ადარებდნენ ჩარლი ჩაპლინს, ჰპირდებოდნენ "ოსკარებს" და ასტრონომიული ჰონორარებით დახუნძლულ კონტრაქტებს სთავაზობდნენ, მაგრამ ჰოლივუდის ყველა მაცდუნებელ წინადადებას მაზინა მტკიცე უარით ისტუმრებდა.
მეგობრები იხსენებენ, რომ ფილმზე მუშაობისას, ფელინისათვის ყველაზე ანგარიშგასაწევი სწორედ მეუღლის აზრი იყო. თუ ჯულია გადასაღებ მოედანზე არ იყო. ფედერიკო მას სახლში ურეკავდა და ყველა წვრილმანსაც კი მასთან ათანხმებდა.
თუმცა არც დავა იყო მათთვის უცხო ხილი, მაგრამ ისინი არასოდეს კამათობდნენ, როგორც რეჟისორი და მსახიობი, მათი შეხლა-შემოხლა არასოდეს სცილდებოდა ცოლქმრულ ფარგლებს და ერთმანეთს მხოლოდ ზედმეტ სიფიცხეს და მოუთმენლობას უწუნებდნენ.
* * *
ჯულიეტა მაზინას არასოდეს უცდია კინოვარსკვლავებისათვის დამახასიათებელი ცხოვრებითა და როლებით ეცხოვრა. მისი პროფესიონალური კარიერა ერთი რეჟისორის მიერ გადაღებული ოთხი ფილმით შემოიფარგლა და სწორედ ეს ტოვებს სინანულის გრძნობას, რადგან საქმე ეხება უბრწყინვალესი მსახიობის კარიერას, რაც ბევრად უფრო ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო.
* * *
დიახ, მრავალი ჭორი შეთხზეს ამ ორი დიდი ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ მათმა ურთიერთობამ გაუძლო დროს და დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ...
ჯულიეტა მაზინას და ფედრიკო ფელინის ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი!

გრეის კელი

გრეის კელი (Grace Kelly) დაიბადა 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში. 

იმხანად მამამისი, ჯეკ კელი, ქალაქის ნამდვილი გმირი იყო. მის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თანამოქალაქენი. დაიწყო რა უბრალო კალატოზად მუშაობა, ჯეკი მალე გახდა საკუთარი ფირმის - `კელი. აგურის სამუშაოები~ - მფლობელი. სწორედ ამ ფირმამ გახადა მომავალი პრინცესას მამა მილიონერი. გარდა ამისა, ეს კაცი თავგამოდებული სპორტსმენი გახლდათ და 1920 წელს ოლიმპიური ჩემპიონიც კი გახდა ნიჩბოსნობაში, რამაც მისი პოპულარობა ერთი ათად გაზარდა. იგი საკუთარ ოთხ შვილსაც ნამდვილ სპორტსმენებად ზრდიდა და პირველი მწვრთნელიც თავად გახლდათ მათი.
მისი მეუღლე, მარგარეტ მაიერი, ნამდვილად შეეფერებოდა სახელოვან ქმარს თავისი მშვენიერებით - ეს იყო მაღალი, წარმოსადეგი ქერათმიანი ქალი, სათნო გამომეტყველებით და მტკიცე ხასიათით. მარგარეტი წარმოშობით გერმანელი იყო, მაგრამ გათხოვების შემდეგ ქმრის კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო და შვილებსაც რელიგიური სულისკვეთებით ზრდიდა.
* * *
პატარა გრეისს განსაკუთრებით მამა უყვარდა და მუდამ ცდილობდა მიებაძა მისთვის, მაგრამ მტკიცე ხასიათი და დასახული მიზნისათვის ბრძოლა ნამდვილად დედისაგან დაჰყვა.
ბუნებით კი გულჩათხრობილი და მეოცნებე ბავშვი ყოფილა და საათობით შეეძლო თურმე განმარტოებულს ეთამაშა თავის თოჯინებთან და მათთვის ნაირგვარი ამბები და პიესები შეეთხზა. მაგრამ, როგორც ითქვა, მამა სპორტულ გართობებს არ აკლებდა, მით უმეტეს, რომ გრეისი საოცრად მოქნილი და ელასტიური იყო, ამიტომაც მოწიფულ ასაკში სერიოზულადაც კი გაჰყვა ერთხანს ტანვარჯიშს. 
თუმცა მარტოობა და თავგადასავლების თხზვა უფრო იტაცებდა ჩვენი თხრობის გმირს, რასაც უდავოდ ხელს უწყობდა ბიძამისი, მსახიობი და დრამატურგი ჯორჯ კელი, რომლის ხელშეწყობითაც გადაეშვა იგი თეატრალურ სამყაროში, მაგრამ მანამდე სკოლა უნდა დაემთავრებინა, სადაც გოგონა 1934 წელს მიაბარეს. ეს იყო ნახევრად სასულიერო დანიშნულების სასწავლებელი, რასაც მეტად ამბიციური სახელი `ღვთისმშობლის აკადემია~ ერქვა და სადაც უმთავრესად დახვეწილი მანერების შესწავლაზე იყო გადატანილი ყურადღება. 
გასაკვირი არაა, რომ გრეისი თავისი მორჩილებითა და ზრდილობით გამოირჩეოდა, თუმცა რაიმე საგანგებო სწრაფვა მეცნიერებებისადმი მას არ გააჩნდა (...და არც არავინ აძალებდა) და მთავარი, რაც ამ `აკადემიიდან~ გამოიტანა, იყო უსაზღვრო რწმენა რელიგიური მოძღვრებებისა და სწავლებებისადმი.

თუმცა...
ყველა ამჩნევდა, რომ ამ უკარება და ცივი გოგონას ბუნებაში რაღაც ეშმაკი იმალებოდა, რაც აუცილებლად იჩენდა თავს... ოდესმე. ამასობაში მას გარდატეხის ასაკიც დაუდგა, ამასობაში მამამისიც დარწმუნდა, რომ ზედმეტ რელიგიურობას ზედმეტი სპორტულობა სჯობდა და სწავლების მერვე წელს გოგონა `აკადემიიდან~ გამოიყვანეს, თუმცა მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე გრეისს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი `დებთან~ და აღსარებისთვისაც მხოლოდ თავისი ბავშვობის მოძღვარ-მასწავლებლებთან დაიარებოდა.

14 წლის ასაკში
გრეის კელი სხვა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მას საშუალება მიეცა თავის თანატოლ ბიჭებთან ჰქონოდა ურთიერთობა, თუმცა რაიმე საგანგებო ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა, რადგან ამ ასაკში იგი მორცხვი, გამხდარი, სათვალიანი გოგონა გახლდათ, რითაც `(ჯერ კიდევ) ბრიყვი ბიჭუნების~ მოხიბვლა, დაგვეთანხმებით, შეუძლებელია, მაგრამ ეს საკითხი არ აღელვებდა გრეისს, რადგან იმ ეშმაკმა (ზემოთ რომ ვახსენეთ) სამზეოზე გამოსვლა ინება და გოგონას სამსახიობო გართობა-გატაცებისაკენ გაუფრიალა გონება. ჰოდა, მოხდა ის საოცრება, რაც ნიჭიერებას აუცილებლად სჭირდება ასამოქმედებლად, ანუ გრეის კელიმ პირველად იგრძნო, რომ სცენა და მასთან დაკავშირებული სამყარო არის ის გარემო, სადაც იგი თავისუფლად გარდაიქმნება სხვა ადამიანებად, რის გაკეთებასაც ვერასოდეს ახერხებდა ცხოვრებაში. ამიტომაც გადაწყვიტა მტკიცედ... _ მსახიობი უნდა გავხდე!
...ამასობაში კი, როგორც ემართებათ ხოლმე ქალებს, გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ, გრეის კელი მთელ ქალაქში უმშვენიერეს ყმაწვილქალად გადაიქცა.
...ამასობაში ის `ბრიყვი ბიჭუნებიც~ ჭაბუკებად ჩამოყალიბდნენ და 16 წლის გრეისს კარზე თაყვანისმცემელთა რიგი დაუდგა!
ყოველივე ამას კი მეტისმეტი ყურადღებით აკონტროლებდა ჯეკ კელი (უკვე მილიონერი მამამისი!), რომელიც უბრალო პაემანზე სიარულს არ უშლიდა შვილს, მაგრამ თუკი ვინმე რასმეს ზედმეტს მოისურვებდა და ცოლად შერთვას დაუპირებდა მის საგანძურს (...თითქოს მამასაც სჯეროდაო, რომ ეს გოგონა პრინცესა უნდა გამხდარიყო!), ყველა გზა და კარი იგმანებოდა და თავხედი თაყვანისმცემელი იქაურობას სამუდამოდ შორდებოდა. 
თუმცა არც გრეისს აკლდა კეთილგონიერება და არასოდეს გაიმეტებდა თავს ვინმე მეწვრილმანე სტივენის თუ კრივენისათვის, რადგან მას სხვა მომავალი ელოდა...
აკი მოგახსენეთ _ ეშმაკი სამზეოზე გამოვიდა!...

1947 წელს...
გრეის კელიმ საბოლოოდ დაასრულა დაწყებითი სწავლა-განათლების მიღება, მაგრამ რაიმე კონკრეტული, ახლოსამომავლო მიზანი კვლავაც არ გააჩნდა. ამა თუ იმ სამეცნიერო კოლეჯში სწავლის გაგრძელებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რადგან იქ მას ტყუილად უნდა დაეკარგა დრო (...რასაც ამერიკაში უფრთხილდებიან!), ამიტომაც მისი სახელოვანი ბიძის რჩევითა და რეკომენდაციით უკვე ქალიშვილობაში გადასული გრეისი ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიის მიმღებ კომისიას წარუდგინეს, სადაც მას, მართალია, შემწყნარებლურად მოუსმინეს, მაგრამ მაინც ჩარიცხეს, რადგან ამ შეუბღალავი მშვენიერების წინაშე თვით გულქვა პროფესორებიც საკუთარ უსუსურობას გრძნობდნენო... თითქოს.
ასე რომ, გრეის პატრისია კელიმ პირველი ნამდვილი ნაბიჯი გადადგა სამსახიობო ხელოვნებისკენ და...
ნიუ-იორკში, ეს მორცხვი და მორიდებული გოგონა, საზოგადოების მოყვარულ, თვალებაბრიალებულ ქალად იქცა, რომლის წვევაც ყველა თავყრილობისათვის საამო და საპატიო იყო. აქვე და ამასობაში პირველი მიჯნურიც გაიჩინა, მაღალი და წარმოსადეგი თანაკურსელი ჰერბი მილერი, რომლის დაპყრობამ კიდევ უფრო მყარი პრესტიჟი შეუქმნა აკადემიის სტუდენტთა თვალში. ნიუ-იორკი კი კიდევ იმითაა საოცარი თურმე, რომ ამ ქალაქში სრულიად მოულოდნელად შეიძლება ფოტომოდელიც გახდე (რატომაც არა?!), რის დასტურიც ჟურნალ `კოსმოპოლიტენის~ გარეკანზე მოხვედრაა. მას სთხოვდნენ რეკლამა გაეწია ამა თუ იმ სიგარეტის თუ საცვლებისათვის და გრეისიც სიამოვნებით თანხმდებოდა ამაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ გასართობს დიდი ფულიც მოჰქონდა. ამ ფულს კი იგი მამას უგზავნიდა, ვისაც ქალიშვილის ჩარევის გარეშეც შეეძლო სწავლის ხარჯები დაეფარა, მაგრამ გრეისი, და-ძმისაგან განსხვავებით, ყველაფრის გაკეთებას თავად ცდილობდა და არ სურდა ვალში დარჩენოდა მშობელ (მილიონერ) მამასაც კი!
ერთი სიტყვით, იმდენად ზღაპრულად და ჯადოსნურად მიემართებოდა მისი ცხოვრების გზა მწვერვალებისაკენ, რომ ნაცნობ-ახლობლებს, შურის ნაცვლად, შიშის გრძნობაც კი უჩნდებოდათ და ყველაფრის გამართლებას მის ფანტასტიურ მშვენიერებაში ეძებდნენ.
1948 წელს აკადემიის მკაცრმა პროფესორებმა გაცხრილეს სტუდენტები და დაიტოვეს მხოლოდ ისინი, ვისგანაც დიდ წარმატებას ელოდნენ (აკი გითხარით - დროს უფრთხილდებიან). რჩეულთა შორის იყო გრეის კელიც და იგი დონ რიჩარდსონის ჯგუფში ჩარიცხეს.
ეს ვიღაც რიჩარდსონი არავის დაამახსოვრებოდა ამქვეყნად, რომ არა გრეის კელისთან გაბმული მოულოდნელი რომანი და ის, რომ გრეისმა მასთან ქორწინებაზე თანხმობა გამოთქვა.
დიახ, ეს კაცი მიზანდასახული, ნიჭიერი პროფესიონალი გახლდათ, მაგრამ ისტორიას მაინც იმით შემორჩა. რომ პირველმა განიზრახა სერიოზულად გრეის კელიზე ქორწინება და თანხმობაც მიიღო, თუმცა ამას წინ აღდუგნენ ფილადელფიაში მცხოვრები მშობლები: მამამ, ჯეკ  კელიმ, ზედაც არ შეხედა ამ `პროფესიონალ მსახიობს~, დედამ კი სადღაც გამოჩხრიკა, რომ ეს დონ რიჩარდსონი ჯერაც ქორწინებაში იმყოფებოდა თავის პირველ (?) ცოლთან და, ბუნებრივია, ქალიშვილს მასთან კავშირის ქონა აუკრძალა.
გრეისი პირველად დაუპირისპირდა დედმამას, მაგრამ მშობლებმა თავისი გაიტანეს და უთხრეს მას, რომ ნიუ-იორკში აღარ გაუშვებდნენ...

ეს მოხდა 1949 წელს
გრეის კელის სიყვარული წაუხდა... 
ამავე წელს იგი პენსილვანიის თეატრში მიიწვიეს. 20 წლის გრეისმა ნამდვილი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო... ყველანაირად!
1949 წელს გრეის კელის ცხოვრებაში გამოჩნდა პირველი ნამდვილი (...და მერე როგორი ნამდვილი!) მონარქი _ თავად მოჰამედ რეზა ფეჰლევი - ირანის შაჰი!
ირანის შაჰმა გრეისს ცოლობა სთხოვა!
...მაგრამ გრეისმა შაჰის ცოლობას `არ გამოჰკრა ხელი~, რადგან მასზე მეტად თეატრი უყვარდა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, თეატრალური ხელოვნების მესვეურნი მანცადამაინც ვერ ახერხებდა მისი ნიჭისა და მშვენიერების წარმოჩენას და, მადლობა ღმერთს, ამასობაში იშვა და მომძლავრდა მისი უდიდებულესობა ტელევიზია, რომლის `ახლო პლანებსაც~ ნამდვილად გრეის კელის მსგავსი მზეთუნახავები სჭირდებოდა.
1950-53 წლებში გრეის კელიმ თითქმის სამოც ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა და მთელი ამერიკის საამბო და სათაყვანებელი ქალი გახდა. უფრო სწორად - `ვარსკვლავი~, რომლის ადგილიც იმხანად მხოლოდ ჰოლივუდი იყო.

ჰოლივუდში!
პირველ ფილმში 1951 წელს მიიღო მონაწილეობა. 1952 წელს კი ამ ფილმმა ყველა "ოსკარი" მოიგო და გრეის კელი (მერილინ მონროს ეპოქის დადგომამდე) ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებულ ვარსკვლავად იქცა.
1955 წელს იგი კიდევ ერთხელ წარდაგინეს `ოსკარზე~, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი ფილმისათვის `სოფლელი გოგონა~ და მან ეს პრემია დაიმსახურა კიდეც, თუმცა თავად ამ როლს საუკეთესოდ არ მიიჩნევდა. ასე და ამრიგად ამერიკის სუპერვარსკვლავად ქცეული კელი ამ ქვეყნის დელეგაციას ჩაუყენეს სათავეში, რომელსაც კანის ფესტივალში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ამ ფესტივალის ოფიციალური საცერემონიო ნაწილში გათვალისწინებული იყო ერთი ფორმალური მომენტი - მონაკოს პრინც რენიესთან სტუმრობა თავაზიანობის დასადასტურებლად. თავად გრეისს ეს ვიზიტი დიდად არ მოსწონდა, მაგრამ ჟურნალ "პარი მატჩის" გარეკანზე მოხვედრა ფრიად პრესტიჟული გახლდათ და (...სწორედ ამ ჟურნალმა მოაწყო ეს ვიზიტი) გრეისმაც დახარა თავი `კომერციული წინადადების~ წინაშე.

შეხვედრა შედგა
გრეის კელიმ და მონაკოს პრინცმა რენიე III-ემ ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი და ჟურნალის გარეკანისათვის გაუღიმეს კიდეც ურთიერთს.
ასე და ამრიგად, 1955 წლის მაისიდან ამ ორ პიროვნებას შორის გაცხოველებული მიმოწერა დაიწყო. რენიე მოხიბლული იყო იმით, რომ ეს უმშვენიერესი მსახიობი ქალი, სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, უაზროდ არ იპრანჭებოდა და თავი ღირსეულად ეჭირა, გრეისს კი ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდაო ამ კაცს.

სხვა რა უნდა სიყვარულს?!
1955 წლის მთელი ზაფხული მძიმე ფიქრებში გაატარა გრეისმა. იგი ხვდებოდა, რომ მიღებული `ოსკარი~ მისი შემოქმედების მწვერვალი იყო, რომ თავქარიანი რომანების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა; გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა ცხოვრებაში; ესმოდა, რომ მისი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით თხოვდებოდნენ; ხედავდა, რომ მერილინ მონრო მოდიოდა კინოში...
ამასობაში პრინცმა რენიე III-ემ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ `შესაბამისი მიზნით~ გრეისის მამას სწვეოდა ფილადელფიაში. მით უმეტეს რომ იგი უკვე 30 წელს გადაცილებული კაცი იყო და მონაკოს დინასტიური აუცილებლობა მისგან მემკვიდრის შექმნას ითხოვდა. ამ მიზნებისათვის კი გრეის კელიზე უკეთესი ქალი მას ამქვეყნად არ ეგულებოდა.
1955 წლის 25 დეკემბერს რენიე III თავის ამალით ჯეკ კელის სახლს ეწვია და ოფიციალური სურვილი გამოთქვა მის ქალიშვილზე ქორწინებისა. ფილადელფიელი მილიონერს რომ მოესურვა, მაინც ვეღარ აღუდგებოდა წინ ამ ქორწინებას, რადგან აქ მოქმედებდნენ არა მანიაკალურ-ამბიციური მისწრაფებანი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის ანგელოზები და გრეისის მშვენიერ ბაგეებსაც, თითქოს უნებლიედ, მაგრამ მტკიცედ წამოსცდა _ `თანახმა ვარ!~
1956 წლის 4 აპრილს გრეის კელი ხომალდ `კონსტიტუციით~ ამერიკიდან მონაკოში გაემგზავრა. ქორწილის ცერემონიალის გამართვა პრინცის პირად სამფლობელოში იყო განზრახული.
ქორწილი 1956 წლის 18 აპრილს შედგა.
გრეისმა თავად აირჩია საკუთარი ცხოვრების გზა და სხვაგან აღარსად ერთი ნაბიჯის გადადგმასაც აღარ აპირებდა.
მან აისრულა ოცნება, ცოლად გაჰყვა ნამდვილ უფლისწულს, ვისზედაც ყველა გოგონა ოცნებობს ბავშვობაში!
* * *
თაფლობის თვე ხმელთაშუაზღვისპირეთის შემოვლაში გაატარეს. მონაკოში დაბრუნებულებს ექიმებმა დაუდასტურეს, რომ პრინცესა გრეის კელი ფეხმძიმედ იყო. ზუსტად ცხრა თვეში იშვა კაროლინა ლუიზა მარგარიტა.
რენიე III-ეს კი ვაჟი უნდოდა და არც ამაში გაუტეხა გული მეუღლემ - ორი წლის შემდეგ მონაკოს ტახტს ღირსეული მემკვიდრე ალბერ ალექსანდრ ლუი პიერი აჩუქა.
რენიემ ბედნიერების მწვერვალები დალაშქრა.
* * *
1960 წელს გარდაიცვალა ჯეკ კელი, რაც დიდი ტრავმა იყო მისი მოყვარული ქალიშვილისთვის, და მან დედა და და-ძმა მონაკოში მიიწვია, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავის ყოფნა და ცხოვრება ტურისტთა უზომო ნაკადის ჩასვლას განაპირობებდა, ეს კი ამ ჯუჯა ქვეყნის ფინანსური წინსვლის წინაპირობა იყო.
გრეისმა აქტიური საქველმოქმედო საქმიანობაც წამოიწყო და მისი ხელშეწყობით მონაკოს წითელი ჯვარი მთელი მსოფლიოს ბავშვებს - პერუდან პაკისტანამდე - უწვდიდა დახმარების ხელს.
1965 წელს დაიბადა მთელი ოჯახის საყვარელი პრინცესა - სტეფანია მარია ელიზავეტა.
1967 წელს ოჯახი კიდევ ერთ შემატებას ელოდა, მაგრამ ამჯერად ნაყოფი დედის საშოშივე მოკვდა და ლამის ტრაგიკულად დასრულდა ნამდვილი ვარსკვლავის და ნამდვილი პრინცესას ცხოვრება.
* * *
1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი თავის უმცროს ქალიშვილ სტეფანიასთან ერთად მონაკოში გამგზავრებას აპირებდა. ამ დროისათვის სტეფანია უკვე 17 წლის იყო და რატომღაც სპორტული ავტომანქანების შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი დასჩემებოდა. გრეისმა თავად გადაწყვიტა საჭესთან დაჯდომა, რათა გზად ქალიშვილთან სერიოზული საუბარი გაება. მან იცოდა, რომ დიდი ვერაფერი მძღოლი იყო და გზაც რომ სახიფათო იყო, მაგრამ მაშინ, ამის შესახებ კი არა, გზასაცდენილი ქალიშვილის ბედზე ფიქრობდა... 
თუმცა გზას თავად გრეისი ასცდა...
მონაკოს სერპანტინად დახვეული გზა იქცა გრეისის საბედისწერო შეცდომად. ერთ-ერთ მოსახვევში მან ვერ დაიმორჩილა საკუთარი "როვერი" და ქალიშვილთან ერთად 45 მეტრი სიღრმის ხევში გადაიჩეხა.
დედა-შვილი საავადმყოფოში მოათავსეს.
სტეფანია მხოლოდ მცირეოდენ დაშავდა.
* * *
სამშაბათს 14 სექტემბერს ექიმმა შატლენმა გრეისის ქმარ-შვილს განუცხადა, რომ ქალის მდგომარეობა უიმედოა და ისინი იძულებულნი არიან ხელოვნური კვების აპარატი გამოთიშონ.
ასე და ამრიგად, გრეის პატრისია კელი, მისი უბრწყინვალესობა, თავადი გრეის მონაკოელი 1982 წლის 14 სექტემბერს, 52 წლის ასაკში აღესრულა.

ამბობენ  - მთელი მონაკო ტიროდაო იმ დღეს!
თავისი 52-წლიანი ცხოვრებით გრეის კელი ერთგვარ თილისმად იქცა მთელი თავისი თაობისათვის. იგი ერთგვარ ხატად თუ მის მაგვარ მცნებად შემორჩა ისტორიას. 
მისი სახელი მითებითა და ლეგენდებით შეიმოსა, რადგან მას არასოდეს უღალატია თავისი ოცნებისათვის და დიდება ღირსებისამებრ დაიმსახურა.

среда, 9 сентября 2015 г.

მერილ სტრიპი

MERYL STREEP

დაიბადა 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ სამიტში.
* * *
მერილს ბავშვობიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული, რომ მშობლების საამაყო შვილი ყოფილიყო. ადრეულ ასაკშივე მან თმები თეთრად შეიღება, სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზები მოირგო და სასკოლო თეატრში ჩაეწერა. იგი სიმღერის მასწავლებელთანაც დადიოდა, რომელიც მას ძალზედ ნიჭიერად თვლიდა და ფულსაც კი არ ახდევინებდა გაკვეთილებში. ასე რომ, არავის გაჰკვირვებია, როცა მერილმა მსახიობობა გადაწყვიტა და იელის უნივერსიტეტი და შემდეგ დრამატული სკოლა დაამთავრა. 

1975 წლის შობის დღესასწაული
ეს დღესასწაული მერილს არასოდეს დაავიწყდება - სწორედ ამ დღეს დაურეკა მას ადგილობრივი თეატრის დირექტორმა და მონაზონი ქალის როლის თამაში შესთავაზა. იგი უკვე 26 წლის იყო და დიდი კარიერის იმედი გადაწურულიც კი ჰქონდა, მაგრამ... სასწაული მაინც მოხდა! მონაზონის როლმა მას სახელი გაუთქვა და სულ მალე ბროდვეის ორმა თეატრმა მიიწვია იგი შექსპირის პიესებში სათამაშოდ და ასე დაიწყო დიდი კარიერა, რასაც, ბუნებრივია, რომანული თავგადასავლებიც აედევნა თან. სხვათა შორის, იმხანად მისი პარტნიორი ჯერ კიდევ უცნობი (მაგრამ მაინც!) ალ პაჩინო იყო, მაგრამ მერილმა სხვა ირჩია გულის სწორად - ასევე მსახიობი ჯონ კეიზელი - და 1977 წლის შობას უკვე დაწყვილებული შეხვდა.

პირველი ფილმი
პირველი ფილმიც 1977 წელს ეწვია მას, ეს გახლდათ ფრედი ცინემანის "ჯულია". კინოკარიერასაც მიეცა სტარტი და მის იღბლიან გადაღებებსაც, რასაც იმხანად ჯერ კიდევ უცნობმა (მაგრამ მაინც!) რობერტ დე ნირომ შეუწყო ხელი. ამ უკანასკნელმა რეჟისორ მაიკლ ჩიმინოს ფილმისათვის "ირმებზე მონადირე" (...რაც ვიეტნამის ომს ეხება) მერილ სტრიპის გასინჯვა შესთავაზა. ჩიმინომ კი ფილმში არა მხოლოდ მერილი, არამედ მისი მეუღლეც დააკავა და ახლადშეუღლებულთა ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ... საზღვარი მაინც ბოგინობდა თურმე სადღაც მათს მახლობლად, რადგან ჯონ კეიზელს მოულოდნელად კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
მეუღლეებმა მაინც შეძლეს ფილმის დასრულება, სადაც ვიეტნამის ომში გაწამებული ჯარისკაცის ბედს სასიკვდილოდ განწირული მსახიობის ხვედრიც გადაეჯაჭვა და, ალბათ, ამიტომაც შეიძინა ასეთი დამაჯერებლობა ამ კინონამუშევარმა.
"ირმებზე მონადირემ" ოთხი "ოსკარი" დაიმსახურა, თავად სტრიპი კი "მეორე პლანის საუკეთესო მსახიობად" აღიარეს.

სიკვდილთან ბრძოლა
მერილი დარწმუნებული იყო, რომ გადაარჩენდა ჯონს და საამისოდ ძალას არ იშურებდა. იგი  ქმართან სავადმყოფოში გადასახლდა და პარალელურად მუშაობდა, განუზომლად ბევრს თამაშობდა კინოსა თუ ტელევიზიაში და არც უშედეგოდ, რადგან მისმა ერთ-ერთმა როლმა უმაღლესი სატელევიზიო პრემია "ემიც" კი დაიმსახურა. 
...საღამოობით კი სასთუმალთან ეჯდა საყვარელ ადამიანს და მის გასამხნევებლად ამა თუ იმ პიესის რეპეტიციასც კი გადიოდა, მაგრამ უკურნებელ სენთან ბრძოლამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ჯონ კეიზელი 1978 წლის 23 მარტს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ცხოვრება
დიდი ტრაგედიის და მარტოობის გამო მერილი თავისი ძმის მეგობართან, დონ ჰამერთან გადასახლდა, რომელიც ახალგაზრდობაში პიროვნულად მრავალი ნაკლისაგან კონსტრუირებული ყმაწვილი იყო, თუმცა კი თავს ხელოვანად თვლიდა და  ხისა და ლითონის ნაირგვარი კონსტრუქციების ფორმებს აკოწიწებდა. ამ კაცმა, ყველას გასაოცრად მერილის გულის მონადირება შეძლო და შედეგად, 1979 წლის 14 ნოემბერს მათ შეეძინათ პირველი შვილი (მას კიდევ სამი მოჰყვა) - ჰენრი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა უკვე ცნობილი მსახიობის ცხოვრება.
ასე დაიწყო მერილმა ბრძოლა ნაირგვარი საზოგადოებრივი განშტოებებით, თუნდაც: გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავისათვის და ატომური იარაღის აკრძალვისათვის  და, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტმა მას "წლის ყველაზე გამოჩენილი ქალის" ტიტული მიანიჭა, სამადლობელო სიტყვაში სრული გულწრფელობითა და პირდაპირობით ამხილა ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქალისადმი ფრივოლურ დამოკიდებულებაში.

პირველი ტრიუმფი
მიუხედავად როლების სიჭარბისა, მერილის პირველი ტრიუმფი მაინც 1979 წელს შედგა, როცა მან დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმში "კრამერი კრამერის წინააღმდეგ". ეს ძალზედ ძნელი როლი იყო მისთვის, რადგან მას ეკრანზე მცირე ხანს უწევდა ყოფნა იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი პარტია მაინც დასტინ ჰოფმანს მიჰყავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სტრიპმა დაამტკიცა, რომ უკეთესი თუ არა,  ღირსეული პარტნიორი მაინც იყო ჯერ არცთუ ისე ცნობილი (მაგრამ მაინც!) დასტინ ჰოფმანისა და გაიმარჯვა! გაიმარჯვა იმდენად, რომ მორიგი "ოსკარი" მოიპოვა.
დასტინ ჰოფმანთან კი მას მაინცადამაინც კარგი შემოქმედებითი ურთიერთობა ვერ გამოუვიდა იმ გაგებით, რომ "კრამერების" შემდეგ ყველა წინასწარმეტყველებდა ამ წყვილის შემდგომ ტრიუმფალურ სვლას ეკრანებზე, მაგრამ ეს ორი "ზვიგენი" რაღაც "არტისტული პრინციპების" გამო შეეჯახა ერთმანეთს (სადაც უპირატესობა უდავოდ დასტინს ჰქონდა) და, შესაძლოა, ამის შედეგიც იყო, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მერილ სტრიპი საერთოდ აღარ გამოჩენილა კინოში და, ასე ვთქვათ, სცენაზე გამოიკეტა.

"ფრანგი ლეიტენანტის ქალი"
ამ ფილმის გადაღებების დაწყებამდევე იყო ცნობილი, რომ კარელ რეისი მთავარი როლისათვის ვარაუდობდა მერილ სტრიპს და სხვას არავის მით უმეტეს, რომ მის პარტნიორად რეჟისორმა შეარჩია ჯერ კიდევ უცნობი (მაგრამ მაინც!) ჯერემი აირონსი, რომლის საწინააღმდეგო კაპრიზულად შერაცხულ მერილს არაფერი უნდა ჰქონოდა. 
...და რეჟისორი არ შეცდა! სტრიპ-აირონსის დუეტმა დიდებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ასე იშვა მორიგი შედევრი ჰოლივუდური კინოინდუსტრიისა.
ამ ფილმს კიდევ ორიოდე სხვა ნამუშევარი მოჰყვა, სადაც უკვე მერილის მხოლოდ ფანტასტიურ თამაშს ელოდნენ კინომოღვაწენი და არცერთ მათგანს არასოდეს გამტყუნებია მოლოდინი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მზადება იყო იმ მართლაც ფანტასტიურ-ფანტასმაგორიული, მაგრამ სრულიად ტრივიალური და, შეიძლება ითქვას, ყოფითი ფილმისა, რასაც ასევე უბრალო და უპრეტენზიო სახელი - "შეყვარებულები" - ჰქონდა.
1984 წელს დასრულდა ზემოთხსენებული ფილმის გადაღება. ფილმში მერილის პარტნიორი უკვე ცნობილი (და მერე როგორი ცნობილი!) რობერტ დე ნირო იყო. ათასობით ფილმი გადაუღიათ კინოს ასწლოვან ისტორიაში შეყვარებულების თუ სიყვარულით გამოწვეული ოჯახური ღალატის შესახებ, მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელმა დაიჯეროს ორი ადამიანის ერთად ყოფნის აუცილებლობა მრავალი წინაპირობაა საჭირო და უმთავრესი მათგანი მსახიობების დამაჯერებელი თამაშია, ანუ უნარი იმისა, რომ ტრივიალური ადიულტერი უზენაეს გრძნობამდე ამაღლდეს. ეს შეძლო სტრიპმა და შეძლო დე ნირომაც! ამიტომაც დღეს, როცა კინოხელოვნების "სატრფიალო" ნიმუშების დასახელებას სთავაზობენ კინომოყვარულებს, "შეყვარებულების" ხსენება არავის ავიწყდება სხვა შედევრების გვერდით.

* * *
ამერიკელ კინოკრიტკოსებს არასოდეს ეპარებოდათ ეჭვი მერილის განსაკუთრებულ ნიჭიერებაში, მაგრამ ისინი მიჩვეულნი იყვნენ ამ ქალის ხილვას ტრაგიკული პათოსით განმსჭვალულ ნამუშევრებში, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, როცა დაიწყეს გადაღება კომიკური ელფერით მოსილი ფილმისა, სადაც მერილს მრავალნაქმარევ-ნაყვარებ-გადანაყვარები ქალის როლი უნდა ეთმაშა, უნდა ყოფილიყო ცოლი იმ კაცისა, რომლის როლშიაც ტრაგიკომედიის გენია, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი (და მერე როგორი ცნობილი!) ჯეკ ნიკოლსონი სცდიდა ძალას....
დიახ! მერილ სტრიპმა კიდევ ერთხელ დაა¬მტკიცა, რომ მის ნიჭიერებას ამპლუა და საზღვარი არ გააჩნია და 1985 წელს ნიკოლსონის დაჩრდილვით (ეს უდავო ფაქტია) მორიგი წარმატება მოიპოვა.

"ნარშავი" (ЧЕРТОПОЛОХ, HEARTBURN)
მერილი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით და გამუდმებით ახალი როლებისა და განსხვავებული ხასიათის გმირებისაკენ ისწრაფვის. ასე მოხდა 1987 წელსაც, როცა მან უყოყმანოდ გამოთქვა თანხმობა ეთამაშა ბრაზილიელი კინორეჟისორის ექტორ ბაბენკოს ამერიკულ ფილმში "ნარშავი. აქ მას მთავარი როლი არ ჰქონია, რადგან წინა პლანზე ისევ და ისევ ჯეკ ნიკოლსონი იყო, მაგრამ ეს როლი მაინც საეტაპო აღმოჩნდა ჩვენი თხრობის გმირისათვის. მერილმა ამ ფილმში საძაგელი და საძულველი ქალის სახე შექმნა, რაც მანამდე არ ყოფილა მის პრაქტიკაში.
"ჰელენი (მერილის პერსონაჟი) მსახიობური გარდასახვის ფანტასტიური ნიმუშია" - ასე შეაფასა სტრიპის ნამუშევარი ნიკოლსონმა. მისი გმირის სიკვდილის სცენას რამდენიმე დუბლის გადაღება დასჭირდა, რომელთა ინტერვალებში მერილი გაუნძრევლად იწვა და საკუთარ თავს როლიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევდა. "რა სჭირს ამ ქალს?!" - გაოცებით ეკითხებოდა ოპერატორი რეჟისორს, ბაბენკო კი განაგრძობდა გადაღებას და მხოლოდ მაშინ, როცა სამუშაო დრო დასრულდა, მერილი ნელინელ, თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში უბრუნდებოდა ჩვეულ სამყაროს, სადაც იგი თითქოს ახალ ადამიანად დაბრუნდა.

აი, მსახიობი!
ეს ფრაზა ბრაზილიელ რეჟისორს აღმოხდა და იგივე გაიმეორეს 1988 წელს კანის ფესტივალის ჟიურის წევრებმაც, სადაც სტრიპის მორიგი ნამუშევარი იყო წარდგენილი ფილმში "ძახილი წყვდიადში. ამ ფილმში განსახიერებული როლისათვის მას წლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული მიენიჭა, არადა, მხოლოდ ფილმის სიუჟეტის გახსენებაც კმარა იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რა ოსტატობის გამოვლენაა საჭირო იმისათვის, რომ მაყურებლის სიმპათია დაიმსახუროს საკუთარი ჩვილი ბავშვის მკვლელობაში ბრალებულმა დედამ (სტრიპი სწორედ ამ ქალის როლს ასრულებს), რომელსაც მხოლოდ რვა წლის შემდეგ ეხსნება ეს საშინელი ბრალდება....

დიდი კომიკოსი (?!)
ცნობილია, რომ მერილ სტრიპისადმი საგანგებოდ თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას არასოდეს მალავს რობერტ დე ნირო. იგი ქედს იხრის ქალის ნიჭიერების წინაშე და აფასებს მას არა მხოლოდ, როგორც მსახიობს. "ეს ქალი დაბადებით კომიკოსია - თქვა ერთხელ დე ნირომ - იგი მომხიბვლელი ადამიანია, მასში უსაზღვრო მიმზიდველობაა დაბუდებული. ქალი მსახიობი კინოში ძირითადად იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყურება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ სილამაზესაა ადევნებული. მერილი კი სულ სხვა გზებით დადის და ამიტომაც გაოგნებამდე მიჰყავს პარტნიორებიც და გადამღები ჯგუფიც. იგი 30-იანი წლების მსახიობთა ტრადიციებს აგრძელებს, რომლებსაც სილამაზეზე მეტად პიროვნული ღირსებების გამოვლენა ევალებოდათ. მე ვიცნობ ერთადერთ მსახიობ ქალს, ეს არის მერილ სტრიპი" - ასკვნის რობერტ დე ნირო.

* * *
ზემოთ სადღაც გაკვრით ვახსენეთ, რომ მერილ სტრიპი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა 70-იან წლებში, თუმცა ამგვარ ცხოვრებასა და საქმიანობას ახლაც განაგრძობს.
ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ დასრულებული წარმატებული კამპანიის შემდეგ მსახიობმა ახალი ფრონტი გაშალა, ამჯერად მისი რისხვის საგანი საკვებში ნიტრატების არსებობა იყო. მან პირადად მიმართა თეთრ სახლს, რათა ამ ბრძოლაში დახმარება და მხ-არდაჭერა ამერიკის მთავრობისგანაც ჰქონოდა. "მე მინდა, რომ მაღაზიაში დამშვიდებული სინდისით ვიარო - განაცხადა სტრიპმა - არ მსურს, მაწუხებდეს იმის შიში, რომ ჩემსას თუ სხვის შვილებს კიბოთი დაავადება ემუქრება!" (ციტატის დასასრული).
დიდებულ მსახიობს ყოველთვის ახსოვს საკუთარი მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი ვალდებულებანი ხალხის წინაშე. "დიადი ნდობა იმისა, რომ სხვის "მე"-ს ჩაწვდე მხოლოდ მსახიობებს ხვდათ წილად - ამბობს სტრიპი - ამიტომაც სწორედ მათ ევალებათ ადამიანთა გულებს შორის კავშირის დამყარება. კინოს მე ყოველდღიური ცხოვრებიდან გავყავარ სადღაც განუსაზღვრელად უფრო დი და მნიშვნელოვან გარემოში... ადამიანურობაში! ესაა მთავრი ჩემს შემოქმედებაში".
* * *
გადასაღები მოედნის მიღმა კი მერილ სტ¬რიპი მშვიდ, მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწევა თავის ქალაქგარეთა მყუდრო, შეიძლება ითქვას, პატარა სახლში, რომელიც კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. აქ იგი ოთხ შვილს ზრდის - ორ ვაჟს და ორ ქალიშვილს. სახლს მხოლოდ ორი დამხმარე ხელი - მებაღე და ძიძა - ემსახურება, სხვა დანარჩენს ოჯახის წევრები უძღვებიან. კონექტიკუტის შტატში მერილის მეუღლეს დიდი სტუდია აქვს და გამუდმებით საქმეშია ჩაფლული, თავად მსახიობი კი ყოველ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოცნებაც კი არ შეეძლო ასეთ ჰარმონიულ ცხოვრებაზე, სადაც ოჯახი და კინემატოგრაფი სრულიად უმტკივნეულოდ თანასაზრდოობს. სტრიპი არც იმას მალავს, რომ ეთაყვანება თავის დაბრძენებულ და დაჭკვიანებულ მეუღლეს, სწორედ იმ დონ ჰამერს, ვინც არცთუ საამოდ მოვიხსენიეთ წერილის დასაწყისში.
...ქმრის გონზე მოყვანაც ერთ-ერთი ღირსებაა მერილ სტრიპისა, თუმცა ამას იგი სახალხოდ არ აცხადებს, რადგან ჟურნალისტები მისი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხედავენ ყველაფერს.

* * *
1999 წელს მერილ სტრიპი მორიგ "ოსკარზე" იყო წარდგენილი ფილმისათვის "ჭეშმარიტი ფასეულობა", მაგრამ, საერთო მხარდაჭერის მიუხედავად, პრემია მას არ ერგო. ამის გამო სახელოვან მსახიობს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და უფრო მეტად იმით გააოცა მისი თაყვანისმცემლები, რომ ყველას გასაგონად განაცხადა - "კინო ჩემთვის მხოლოდ ჰობია, რაც ოჯახური პრობლემებისაგან დასვენებაში მეხმარეობაო".
ჯერ არავის შეუტანია ეჭვი მერილ სტრიპის გულწრფელობაში და, ალბათ, ამიტომაც დაუჯერს მას... დავიჯეროთ ჩვენც, რომ კინო ჰობია და სხვა არაფერი ამ გენიალური მსახიობისთვის! 

ინტერნეტში მოძიებული მასალების საფუძველზე წერილი შეაკოწიწა ჯერ კიდევ უცნობმა კინოკრიტიკოსმა (მაგრამ მაინც) ალექსანდრე ელერდაშვილმა (2002 წელი, გაზეთი "ფანტაზია" #271

суббота, 5 сентября 2015 г.

ანა მანიანი

Anna Magnani

დაიბადა 1908 წლის 7 მარტს.
გარდაიცვალა 1973 წლის 26 სექტემბერს
* * *
იტალიური და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავი ანა მანიანი 1908 წელს დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდ­რ­იაში. მამამისი ეროვ-ნებით ეგვი­პტელი იყო, დედა კი იტა-ლიელი ჰყავდა, ემილია-რომანიის პროვინ­ც­იიდან - ეს არის ოფიციალური ინფო-რმაცია, რასაც კინოენციკლოპედიებში შეგიძლიათ წააწყდეთ. 

თუმცა არის მეორე ვერსიაც:
ანა მანიანი დაიბადა 1906 წელს რომში; დე­დ­ა­მისი მისი დაბადებისთანავე ეგვიპტეში გაემგზ­ა­ვრა, მამა უცნობია... 2 წლის გოგონა ეგვიპტეში ვიღაც არაბმა იშვილა და 5 წლის ასაკამდე ზრდ­იდა მას, დედამ კი მიატოვა და ვიღაც ღვთისნიე­რმა ხალხმა გოგონა იტალიაში დააბრუნეს... - ეს ინფო­რმაცია კი ახლახან გამოქვეყნებულ მონო­გ­რ­აფიაშია დაცული.
მოდით, ჩვენ მეორე ვერსიას მივყვეთ.
ასეა თუ ისე, ანა მანიანი იტალიაში დაბრუნდა და, როგორც იტყვიან, რაწამს მოვიდა გონს და ცნობასა, ნამდვილი მამის ძებნა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მისი ნამდვილი გვარი დელ დუჩე იყო.
"სულაც არ ვაპირებ, დუჩეს (მუსოლინის) შვილი ვეგონოო ვინმეს" - მოგვიანებით ჩვეული ირონიულობით განაცხადებს უკვე სახელოვანი ანა მან­იანი, თუმცა მანამდე დიდი ხნით ადრე, უპატრონო ბავშვთა სახლში გაზრდილი ყმაწ­ვილქალი, რომე­ლ­საც უკვე 15 წელი შესრულებოდა, დედის საძებნელად ეგვიპტეში გა­ემგზავრება; იქ დაახლოებ­ით ერთ წელს იცხოვრებს და სწო­რედ ეს გახდება საფუძველი იმ ჭორისა, რომ ანა მანიანის ეგ­ვ­ი­პტელი მამა ჰყავდა და იტალიელი მხოლოდ დე­დით იყო...
* * *
20-იანი წლების გარიჟრაჟზე ანა კვლავ იტ­ალიაში დაბრუნდა (დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ გვარი მან დედისა დაიტოვა და ნამდვილად იტა­ლიურად ჟღერს); ერთხანს ლიცეუმში სწავლობდა, მაგრამ მალე მიატოვა ეს სასწავლებელი და სანტა ჩეჩილიას აკადემიასთან არსებულ სამსახიობო ოსტატობის სკოლაში ამოყო თავი, რაც, ბუნებრივია არც მას და არც მის შემდგომ მრა­ვალ­რ­ი­ცხოვან ბიოგრაფებს არასოდეს გაუხდიათ ეჭვის საგნად. 
უნდა ითქვას, რომ ეს სასწავლებელი ერთ-ერთი ყვე­ლაზე პრესიტიჟული იყო მთელ რომში და იქ დახელოვნებულ მსახიობს ყველა მოწყალების თვალით უმზერდა. ანას შემთხვევაშიც ასე მოხდა და 1929 წელს დარიო ნიკოდემის თეატრალურ დასში მოხვდა და 1932 წლამდე თითქმის მთელი იტალია შემოიარა გასტროლებით. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ წლებში ჩაისახა ის უზარმაზარი სიყვარული ხალხისა, რითაც ანა მთელი ცხოვრების მანძილზე იყო განებივრებული და რამაც მისი სიკვდილის დღეს მთელი აცრემლებული იტალია ფეხზე დააყენა, თუმცა ჯერ გარდაც­ვ­ა­ლებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი დიდ ანა მანიანის და ჩვენც, შეძლებისგდაგვარად, მივყვეთ მას...
* * *
1934 წელს, გაჭირვებამ თუ სხვა მიზეზებმა, ანა კაბარეს კარზე მიიყვანეს, თუმცა - ზოგი ჭირი მა­რ­გებელიაო და - კაბარეში იგი ვიღაც დაინტერესებულმა პირმა შენიშნა და კინოში მიიწვია გადაღებებზე. მართალია, როლები მცირე და უმნ­იშვნელო იყო, მაგრამ კინემატოგრაფიულ გარემოში მოხვედრა უკვე დიდ რამეს ნიშნავდა. სხვათა შორის, მანიანის ბიოგრაფების აზრით, ომამდელ კინემატოგრაფში ასეთი სტილის მსახიობი ვერც ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწევდა, რადგან იმ ეპოქაში ფასობდა ე.წ. "თეთრი ტელეფო­ნების" კინო, სადაც ყველაფერი - სიუჟეტიდან და­წყებული და სცენო­გრაფიით დამთავრებული - ყა­ლ­ბი და დაუჯერებელი იყო. აბა, ვის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნამდვილი ქალი, დაბალი სოცი­ა­­ლ­ური ფენებიდან გამოსული ადამიანი სიურრეალ­ური სამყა­როს გადაპრანჭული გომბიოების რო­ლე­ბისათვის გამოდგებოდა?!

მალე კაბარეს ეპოქაც დასრულდა და ანა კვლავ თეატრს დაუბრუნდა უკვე როგორც ჩამოყალიბებული ამპლუისა და გემოვნების მსახიობი; სწორედ თეატრი იყო ის გარემო, სადაც ანა მანიანის მთელი თავის ნი­ჭიერების გამოვლინება შეეძლო, აქ იგი ყველანაირ როლს თამაშობდა, მის რეპერტუარში იყვნენ რო­გ­ორც უკიდურესად დრამატული, ასევე ზედმიწევნით კომიკური პერსონაჟები. 
1935 წელს ან ცოლად გაჰყვა რეჟისორ გოფ­რ­ედო ალესანდრინის. ეს­ეც ჩვეულებრივი მოვლენაა თეატ­რ­ა­ლურ სამყაროში, როცა მავანი რეჟისორი ყველაზე გამოჩენილ მსახიობს დაადგამს ხოლმე თვა­ლს და ეკლესიაშიც წაა­ბრძანებს... გვირგვინის დასადგმელად, მაგრამ ასეთი ვაჟბატონებისათვის არც ის არის უცხო ხილი, რომ მალევე მო­იბეზრონ "კოლეგა-ცოლი" და საცეცები სხვა ქალბატონებისაკენ მომართონ და ანასაც ასე დაემართა; მიუ­ხ­ედ­ა­ვად იმისა, რომ ახლადშეუღლებული ქალი ბე­ვრს ეცადა ოჯახის შესანარჩუნებლად, განქორწინება მაინც გარდუვალი შეიქნა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სინიორ ალესანდრინი დიდი ვერაფერი რეჟისორი იყო და თავის ყოფილ ცოლს მხოლოდ თეატრალური როლებისათვის დაბადებულად თვლ­იდა. 1936 წელს ამ კაცმა ფილმიც კი გადაიღო ("რაინდობა") და ანას პატარა, უმნიშვნელო როლი მისცა, თანაც ისე, რომ არცერთ ახლო პლანზე არ დაუფიქსირებია ანას სახე...
* * *
მოსახდენი კი მაინც მოხდა და იმ "თეთრი ტე­ლ­ეფონების" ხანა რომ დასრულდა და მაყურ­ე­ბ­ე­ლს ნამდვილი კინემატოგრაფის ხილვის სურვილი რომ გაუჩნდა (ეს 1940-44 წლებით თარიღდება), იტალიელმა კინომოღვაწეებმაც ნამდვილი მსახიობების ძიება დაიწყეს და, რა თქმა უნდა, ანა მანიანი სერჩათ ხელში.
მანამდე კი...
მარტოდ დარჩენილმა ანამ კვლავ კაბარეს მი­აშურა და ერთადერთი გაღიმება ბედისა ის აღმოჩნდა, რომ იქ მას იტალიური და მსოფლიო კინოს მეორე გამოჩენილი ოსტატი, მაღალი საზოგადოებიდან მოსული, არისტოკრატი ტოტო დახვდა, რომელსაც, კაცმა არ იცის რა მიზეზის გამო, მსახიობობა და პუბლიკის გალაღება მოსურვებ­ოდა. ეს ამბავი კი 1941 წლით თარიღდება...
იმხანად, როგორც თეატრის ისტორიკოსები ამბობენ, ტოტომ და ანამ ისეთი შესანიშნავი წყვ­ილი შექმნეს, რომ მაყურებელი აწყდებოდა თეატრალურ და საკონცერტო დარბაზებს. ხალხი მათში რაღაც ჩვეულს, საკუთარს და სისხლხორცეულს ხედავდა და აღარც არ­ავის გაჰკვირვებია, რომ იმ დროს ჯერ კიდევ უცნობმა ვიტორიო დე სიკამ ანა ფილმ "ტერეზა-პარასკევას" მთავარი როლის შესასრულებლად სწ­ო­რედ ანა მანიანი მიიწვია. ეს იყო პერსონაჟი, რომლის განსახიერება მხოლოდ ანას შეეძლო; ეს იყო ხალხის წიაღიდან გამოსული, უშუალო და გულღია ქალი, რომელიც თავის ტემპერამენტითა და გულწრფე­ლ­ობით ყველას ატყვ­ევ­ებდა.

ტრაგიკული ჩანართი
ვიტორიო დე სიკასთან შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, 1940 წელს ანამ ერთი ახალგაზრდა, მასზე 9 წლით უმცროსი მსახიობი კაცი მასიმო სერატო გაიცნო. მათი რომანი თავბრუდავმხვევი სისწრაფით განვითარდა, მაგრამ ასეთივე ელვი­ს­ებური სის­წ­რაფით დასრულდა, რადგან იმ ყმა­წ­ვილს ერთადერთი ღირსება აღმოაჩნდა, რაც ზემოთხსენებული "თეთრი ტელეფონების" ქალებისათვის თუ იქნებოდა მოსაწონი (ზედმეტი პატივმოყვარეობა!) და შეყვარებულთა წყვილმა უდა­რდელად მიატოვა ერთმანეთი, მაგრამ დარჩა ნაყოფი ამ სიყვარულისა - პატარა ლუკა, რომელმაც 1942 წელს ანას დედობრივი გრძნობა გაუღვიძა; თავად ანა კი ამ პატა­რა არსებ­ას ბედისწერისაგან ბოძებ­ულ საჩუქრად მიიჩნევდა და თავზედაც ენით აუწერელი სიყვა­რულით დაჰკან­კალებდა. პატარა ლუკას ამქვეყნად მოვლინებამ ანას თუნდაც ისეთ რო­ლ­ზე ათქმევინა უარი, რო­გ­ორიც ლუკინო ვის­კონტის შემოთავაზება იყო ფილმში "წყალდიდობა", მაგრამ ამის გამო მსახიობი ოდნავად­აც არ შეწუხებულა, რადგან შვილის არსებობა უფრო მეტად უღირდა... საა­რ­სებოდ კი კვ­ლავაც ესტრადაზე გა­მოდიოდა ალდო ფაბრიცისთან ერთად, მაგრამ იმავე მოწყალე ბედისწერამ სისასტიკეც არ მოაკლო მო­ს­იყვარულე დედას და პატარა ლუკა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოსტაცა მას...
ანა მანიანიმ მორიგი დარტყმა მიიღო წუთისოფლისაგან... იგი მორიგი მწუხარების ობიექტი შეიქნა.
* * *
ანა მანიანის და მთელი იტალიური კინოს გარდამტეხი დღეები 1945 წელს დაიწყო, როცა რობერტო როსელინიმ და სცენარისტმა სერჯო ამიდეიმ გადაწყვიტეს საბოლოოდ გამოეხსნათ კინო არისტოკრატული კლანჭებიდან და ხალხის კუ­თვნილებად ექციათ. კინომცოდნეთა ენით რომ ვთქვათ, დაიწყო ნეორეალიზმის ხანა, რომლის სათავედაც მიჩნეულია ფილმი "რომი ღია ქალაქია" და რომლის შექმნა-გადაღებასაც წინ მრავალი სიძ­ნ­ელე აღუდგა, მრვალმა მოღვაწემ მიიჩნია, რომ ამ ფილმით მათი კინომატოგრაფიული კარიერა დასრულდებოდა და ყოველგვარად უშლიდნენ ხელს მის დაბადებას, მაგრამ ეს ისეთი სიახლე იყო, რაც თითქმის სტიქიას უტოლდებოდა და მის შეჩერებას ვერავინ შეძლებდა.
ეს ფილმი არის თხრობა იმ ამბებისა, რაც რომში მოხდა ფაშისტთა ოკუპაციის პერიოდში. ანასათვის იმდენად ახლობელი და საყვარელი იყო ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი, მდენად ჰგავდა იგი მისსავე შემქმნელი მსახიობის ბი­ოგრაფიას, რომ ანამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მის ნახვაზე უარი თქვა... მას აღარ შეეძლო ერთხელ კი­დევ განეცადა ყოველივე ის, რაც ცხოვრებაში და­ატყდა თავს.
ამ ფილმის დასრულებისა და განუზომელი წა­რ­მატების შემდეგ ანა მანიანი კინემატო­გ­რაფში შევიდა როგორც მსახიობი-სიმბოლო ახალი კინ­ოსკოლისა. 1946 წლიდან მოყოლებული ფილმი ფილმს მოსდევდა და ანას პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა; "ბანდიტი" - 1946, "დეპუტატი ანჯელინა" - 1947, "ოცნება გზაზე" - 1948, "ასუნტა სპინა" - 1949 და სხვა, თუმცა მათ შორის მაინც უნდა გამოირჩეს იმავე რობერტო როსელინის ფი­ლმი "სიყვარული" და ლუკინო ვისკონტის მწარე სიმართლით გაჯერებული კომედია "ყველაზე ლა­მაზი", რაც მოგვი­თ­ხ­რობას ამბავს ქალისას, რომელიც საკუთარ ქალიშვილს კინოკარიერას უმზადებს. ამავე წლებში ანა მანიანი ფრანგმა ჟან რენუარმაც მიიწვია ფილმში "ოქროს კარეტა", რომელიც იტალიურ თემაზე იყო აგებული და თავდაპირველად მის გადაღებას ლუკინო ვისკონტი აპირებდა.
ეს იყო წლები, რამაც შექმნა დიდი ანა მანიანი - ჩამოყალიბებული, სრულყოფილი, შეუდარებელი  მსახიობი, რომლის ნიჭიერებასაც ბადალი არ ჰყავდა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ოკეანისგაღმელმა კინომოღვაწეებმაც დაადგეს თვალი გენიალურ იტალიელ ქალს და მანაც ვერ გა­უძლო ამ ცდუნებას და 1954 წელს ჰოლივუდის მოწვევა მიიღო. 
ამერიკაში ცხოვრებამ და მოღვაწეობამაც თა­ვისი შედეგი გამოიღო. 1955 წელს გამოვიდა ფი­ლმი "სვირინგიანი ვარდი", რომლის სცენარი აღიარებულმა მწერალმა და დრამატურგმა ტენესი უილიამსმა სპეციალურად ანა მანიანისათვის შე­ქმნა, ანას პარტნიორი კი ამ ფილმში ლეგენდარული ბერტ ლანკასტერი აღმოჩნდა. ასე და ამ­რიგად ანა მანიანი გახდა პირველი იტალიელი მსახიობი, რომელმაც "ოსკარის" პრემია დაიმსახურა. ხსენებული ფილმის შემდეგ გადაიღეს კიდევ ორი ფილმი, სადაც ანამ ენტონი კუინთან ("ველური ქარი" - 1957) და მარლონ ბრანდოსთან ერთად ("გველის ტყავი" - 1959) მორიგი დასამახსოვრებელი სახეები შექმნა.

ნოსტალგია

იტალიელი რის იტალიელია, თუ მარადიული ქალაქის მომხიბვლელობამ არ დააბრუნა თა­ვის ქვეყანაში?!
ანასაც შეუჩნდა მონატრების ჭია და რომის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. იგი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ამერიკული წარმატებები დიდად არაფერში აღელვებდათ მის თანამემამულეებს და მისი არყოფნის პერიოდში ახალი სახეების ხილვას მისჩვეოდნე ეკრანზე. ამერიკამ თითქოს თავად ანაც შეცვალაო, იგი ზედმეტად "მოუხერხებელი" და მომთხოვნი აღმოჩნდა ახალ რელსებზე გადასული რეჟისორებისათვის და თითქმის ყველამ ზურგი აქცია მას. მთელი სამი წლის განმავლობაში ანას შესთავაზეს ორად ორი როლი, რომლებმაც დიდი ვერაფერი სახელი შემატეს მის დიდებას.
ასე გაგრძელდა 1962 წლამდე, ვიდრე პიერ პაო­ლო პაზოლონიმ არ მიიწვია ანა თავის გახმაურებულ ფილმში "მამა რომა", სადაც მსახიობმა შე­ქმნა ასაკოვანი მეძავის სახე, რომელიც ყველაფერს სწირავს საკუთარი შვილის გადასარჩენად. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა, მაგრამ პაზოლინისთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან თავად რეჟისორმა განაცხადა, რომ მანიანი თავისი ავტორიტეტითა და პიროვნებით ზეწოლას ახდენს მასზე, თავად მსახიობმა კი მოგვიანებით დაიჩივლა: "პაზოლინიმ უბრალოდ გამომიყენაო მე".
ამის შემდეგ ანა მანიანი კიდევ ორჯერ გამოჩნდა ეკრანებზე, ერთი მათგანი იყო სტენლი კრამერის ფილმი "სანტა-ვიტორიის საიდუმლო" და მისი უკანასკნელი ფილმი ფედერიკო ფელინის ფილმში "რომი" (1972), სადაც მანიანი აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო, რადგან იგი უკვე ამ ქალაქის ჭეშმარიტ სიმბოლოდ იყო ქცეული; მან ამ ფილმში საკუთარი თავი - ანა მანიანი - ითამაშა.
* * *
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ანა მანიანი უფრო ტელევიზიაში მუშაობდა, რომელსაც ადრე დიდი ნდობით არ ეპყრობოდა. 70-იან წლებში მან ოთხი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ალფრედო ჯანეტის მიერ შექმნილ ტელესერიალებში, რომლებიც იმხანად ჯერ კიდევ არ ხასიათდებოდნენ "სამხრეთამერიკული მგრძნობიარობით" და გარკვეულწილად ხელოვნების ნიმუშებსაც წა­რმოადგენდნენ.
* * *
1973 წლის სექტემბერში მანიანი საავადმყოფოში მოათავსეს და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მან აღასრულა მისთვის განკუთვნილი ჟა­მი წუთისოფლისა. მისი სიკვდილის დღეს ტელევიზიამ აჩვენა ფილმი "1870 წელი", რომელიც ჯერ კიდევ არ ენახა ფართო მაყურებელს და რაც საგანგებოდ ამ დიდებული მსახიობის ხსოვნის უკვდავსაყოფად იქნა დასრულებული გარდაცვალებამდე მცირე ხნით ად­რე. მანიანიმ თავად ვერ ნახა ეს ფილმი, მაგრამ ის ნახეს მილიონობით მაყურებლებმა, რომელთათვისაც ანა მანიანი ჭეშმარიტი ქალის სიმბოლოდ დარჩა, ქალისა, რომელიც ხალასი, შეუბღალავი და შეურყვნელია, რომელიც განზე დგას წუთისოფლის ყველა მანკიერებისაგან.
...ეს იყო ქალი!
...ეს იყო მსახიობი, რომელმაც მთლიანად უძღვნა საკუთარი თავი მაყურებელს!
...და ლეგენდად იქცა!
* * *
ანა მანიანის ფაკრძალვის დღეს რომში ყველა დაწესებულება დაკეტილი იყო, არავინ მუშაობდა. "სანტა მარია სოპრა მინერვას" ეკლესიის წინა მოედანზე, რომელიც ხალხით იყო სავსე, პირდაპირ იატაკზე, ბალდახინის გარეშე (ძველრომაელ დიდგვაროვანთა წესისამებრ), დასვენებული იყო "სასახლე" მისი სხეულით.
...და როცა იგი გამოასვენეს ეკლესიიდან და "სასახლე" ხალხის ხელებზე გაცურდა, მოედანზე აპლოდისმენტებმა იფეთქეს.
მანიანის ნეშტს მიასვენებდნენ, ბრბო შუაზე იპობოდა და ყველა უკრავდა ტაშს... უკრავდა ტაშს, ესალმებოდა და ემშვიდობებოდა თავის საყვარელ მსახიობს და მის მიერ "შესრულებულ" უკანასკნელ როლს მიცვალებული ქალისას! 

суббота, 29 августа 2015 г.

იტალიური კინოს ყველაზე ლამაზი ქალი

კლაუდია კარდინალე 

Claudia Cardinale

დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ტუნისის დედაქალაქ ტუნისში, როგორც კლოდ ჟოზეფინ როზ კარდინალე.
დაბადებით - აფრიკელი, აღზრდით - ფრანგი, ეროვნებით - იტალიელი...
მთავარი ფილმები: "ლეოპარდი" (1963 წ. რეჟ. ლუკინო ვისკონტი), "81/2" (1963, რეჟ. ფედერიკო ფელინი), "ერთხელ ველურ დასავლეთში" (1969, სერჯო ლეონე), "ფიტცკარალდო" (1982, ვერნერ ჰერცოგი).
გადაღებულია მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში - "წითელი კარავი" (1971).

მის ანგარიშზე უკვე 95 კინოფილმი ითვლება და კვლავაც იღებს მონაწილეობას გადაღებებში, ოღონდ სატელევიზიო ფილმებში.

* * *
ეს იყო 50-იანი წლების დასაწყისში, ტუნისში რაღაც საქველმოქმედო მეჯლისი უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარალელურად ტუნისის ყვლაზე ლამაზი იტალიელი გოგონა უნდა აერჩიათ. დარბაზის შესასვლელთან კი იდგა გოგონა და მეჯლისის ბილეთებს ყიდდა... უცებ მას ვიღაც სწვდა და აღტაცებით შესძახა: "ულამაზესი გოგონა დარბაზში კი არა, მის გარეთააო" და გოგონა გონსაც არ იყო მოსული, რომ იგი მშვენიერ სამოსში გამოაწყეს და იმ მეჯლისის ულამაზესი ქალბატონის გვირგვინით შეამკეს... პრიზი კი გამარჯვებისათვის ვენეციის კინოფესტივალზე დასწრება გახლდათ... ასე მოხვდა ტუნისელი კლაუდია კარდინალე თავისი სამშობლოს უპირველეს კინოფორუმზე და მთელი ვენეციის ფოტორეპორტიორები თავს დაეხვივნენ მას და მაშინვე დაანათლეს ტიტული "ულამაზესი იტალიელი ქალისა", რაც კლაუდიამ შემდგომ მთელი სისრულით დაადასტურა...

არადა, წუთისოფლის ამგვარი ზღაპრული შემობრუნების პარალელურად კლაუდიას ცხოვრებაში საკმაოდ ბინძური ამბები განვითარდა... ვიღაც არისტოკრატმა ნაძირალამ აცდუნა იგი და ტუნისში დაბრუნებულმა გოგონამ ისღა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. ეს ამბავი კლაუდიას ცხოვრებისათვის ნამდვილად წარღვნის მაგვარი მოვლენა გახდა და იგი თვითმკვლელობისათვის გაემზადა, მაგრამ კინოს სამყაროში ახლადმოვლენილი ლამაზმანის სიკვდილს არავინ დაუშვებდა და ამიტომაც ერთმა უმსხვილესმა იტალიურმა კინოკომპანიამ კლაუდია სასწრაფოდ გააგზავნა გადაღებებზე რომში; კლაუდიას ფეხმძიმობის ამბავი კი დასამალი რომ ვეღარ შეიქნა, მან ყველაფერი პროდიუსერ ფრანკო კრისტალდის გაანდო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მშვენიერი გოგონა საღი და საღსალამათი შესდგომოდა კინოსამსახიობო კარიერას. კრისტალდიმ კლაუდია ლონდონში გაამგზავრა, მშობიარობის ყველანაირი ხარჯებიც თავად გაიღო და ახლადშობილი ბავშვი იტალიაში ჩამოიყვანა, როგორც კლაუდიას ძმა (...კლაუდიას დედაც წინასწარ იყო შემზადებული); სანაცვლოდ კი ფრანკო კრისტალდიმ კლაუდიას გული მოინადირა და მალე ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება დიდი ვერაფერი სახარბიელო აღმოჩნდა კლაუდიასათვის...
მალე კლუდიას ცხოვრებაში გამოჩნდა ლუკინო ვისკონტი, რომლის შესახებაც მან თქვა, რომ ამ რეჟისორს შეუძლია მსახიობად თვით ქვაც აქციოსო... თავის მხრივ არც ლუკინომ დაიშურა კლაუდიასათვის საქებარე სიტყვები და იტალიური კინოს ყველაზე ამაღელვებელი ქალი უწოდა; ასეა თუ ისე, მათ ერთმანეთი იპოვეს, არადა, ამ მშვენიერი ტუნისელის გულის მოგებას თვით ალბერტო მორავიაც ცდილობდა და მას "სიყვარულის ქალღმერთიც" კი უწოდა. თუმცა კლაუდიას ღირსებათა ყველაზე ორიგინალური შემფასებელი რეჟისორი დევიდ ნაივენი აღმოჩნდა, რომელმაც ერთხელ თქვა: "კლაუდია არის ყველაზე კარგი ქმნილება, რაც იტალიელებს შეუთავაზებიათ მსოფლიოსათვის, თუ, რა თქმა უნდა, მაკარონს არ ჩავთვლით"-ო.

იმპროვიზირებული ინტერვიუ

- უკვე თორმეტი წელია, რაც თქვენ კინო მიატოვეთ... რატომ მოხდა ეს?
- ყველაფერში ასაკია დამნაშავე... ახლაც მთავაზობენ როლებს, მაგრამ ეს უბრალოდ გაგრძელებაა ჩემი წარსულისა, მასში სიახლე არაფერია, მე კი გამუდმებით ძიებაში ვარ და ამიტომ მივაშურე თეატრს... იქ ჩემი სამსახიობო კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო.
- გახსოვთ, ჰოლივუდშიც რომ მიგიწვიეს?
- ეს 1963 წელს მოხდა; კონტრაქტის გაფორმებამდე მცირე ხნით მერილინ მონროს საგრიმიოროში მომიხდა ჩამოჯდომა...
- ეს ალბათ განგების ნება იყო, რადგან თქვენც მერილინივით სექს-ბომბის სახელი მოგაკერეს...
- ალბათ... მე ხმელთაშუაზღვისპირა ჰეტერადაც მომნათლეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არასოდეს ყოფილა რეალური ამბავი, რადგან მე არასოდეს გავშიშვლებულვარ კინოკამერის წინ...
- ძნელია ამის დაჯერება?!
- უნდა დაიჯეროთ, სხვა გზა არ გაქვთ.
- თქვენ ძალიან ბევრს ეწევით.
- ვიცი. ძალიან ბევრს ვეწევი; მე ეს თავადაც მიკვირს, რადგან თამბაქოს სუნს ვერ ვიტან... ერთხელ, "სანდრას" გადაღებებზე ლუკინო ვისკონტიმ მოისურვა, რომ ჩემს გმირს სიგარეტი მოეწია, მე მას დავუჯერე და ახლა სანანებლად მექცა ეს.
- თქვენს ბინაში უამრავი ყვავილებია.
- სადაც არ უნდა ვცხოვრობდე - სახლში თუ სასტუმროში - მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ბევრი ყვავილები მეხვიოს გარს... რაც უფრო მოწყენილი ვარ, მით უფრო დიდ თაიგულს ვაკეთებ ხოლმე და ეს სევდას მიქარვებს.
- რა არის თქვენთვის პარიზი?
- ჩემი ცხოვრება გამუდმებულ მგზავრობებში გავატარე და ძალზედ მიხარია, რომ ახლა პარიზში, ჩემს სახლში ვატარებ უმეტეს დროს. მე აქ ყველაფერი მიყვარს: ჩემი ბინა, მზე, სენა... ძალიან მიყვარს ამ მდინარის თვალთვალი, ეს რაღაცით ჩემს ცხოვრებას წააგავს...
- რომმა მოგაბეზრათ თავი?
- არა, მე პარიზში 1989 წელს ჩამოვედი გადაღებებზე; მაშინ ჩემი გოგონა 10 წლის იყო და ძალიან მინდოდა, რომ მას ფრანგულ სკოლაში ესწავლა... აი, ასე, ჩემი გოგონას წყალობით (სხვათა შორის მასაც კლაუდია ჰქვია) დავრჩი მე პარიზში.
- თქვენ ტუნისში ძალიან უყვარხართ...
- წარმოშობით მე აფრიკელი ვარ, იქ ჩემი წინაპრები დიდ ხნის წინ დასახლდნენ; სულ ახლახანს მე ჩემს "ძმასთან" ერთად ტუნისში მომიწია ჩასვლა და იქ გრანდიოზული შეხვედრა მომიწყეს, როგორც ეროვნულ გმირს. მეორე დღეს, პარიზში რომ დავბრუნდი, მე ვიღაც ტიპი ამედევნა და მოსვენებას არ მაძლევდა. მალე გაირკვა, რომ ისიც ტუნისელი იყო და მხოლოდ იმისათვის დამდევდა, რომ ორიოდ სიტყვა ეთქვა - "თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელი და დიდება ხართო". აფრიკამ დიდი კვალი დაამჩნია ჩემს ხასიათზე და ამას ყოველდღე და ყოველ წუთს ვგრძნობ.
- თქვენი შემხედვარე ადამიანი იფიქრებს, რომ დრო შეჩერებულია... თუმცა ადამიანები მაინც მიდიან აქედან, თუნდაც - მასტროიანი.
- ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო. მე და მარჩელოს ხომ დიდი შემოქმედებითი ბიოგრაფია გვაკავშირებდა. იგი დეკემბერში დაიღუპა, იანვარში კი ახალი ტელესერიალის გადაღება უნდა დაწყებულიყო ჩვენი მონაწილეობით...
- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით... თუნდაც ფრანკო კრისტალდი გავიხსენოთ.
- იგი ძალზედ ინტელიგენტური მამაკაცი იყო; მან დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე, მაგრამ ჩვენ ოჯახი კი არა რაღაც "ამერიკული" საქორწინო გარიგება გვქონდა და ყველაფერი კინოს მოთხოვნებს ემორჩილებოდა; მე არანაირი პირადი სურვილების ასრულების უფლება არ გამაჩნდა და თანდათან ვგრძნობდი, რომ ადამიანი კი არა კინოს მოსამსახურე გავხდი. მე კი ვერასოდეს შევეგუებოდი ტყვეობას...
- ...და ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრეთ.
- დიახ, სულ მალე ტუნისელი გოგონა აღმოჩნდა ისეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, როგორიც თუნდაც  მარლონ ბრანდოა... თუმცა ამერიკულმა ცხოვრებამ ჩემში ალერგია გამოიწვია; წარმოიდგინეთ, მე იქ მსუქან ქალს მეძახდნენ მაშინ, როცა წელის შემოწერილობა 50 სანტიმეტრზე მეტი არ მქონდა და ალენ დელონის ხელებშიაც კი ეტეოდა. ჩემგან გახდომას მოითხოვდნენ, რათა მათს ვარსკვლავებს დავმსგავსებოდი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და ამიტომაც მივატოვე ამერიკა...
- და მაინც ვინ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მამაკაცი?
- პასკალ სკიტიერი, ჩემი ქალიშვილის მამა.
- ჯორჯო არმანი?
- თხუთმეტი წელია ჩვენ მეგობრები ვართ და არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იგი ჩემთვის საგანგებოდ კერავს კაბას. მისი კაბა პირველად 1953 წელს ჩავიცვი კანის კინოფესტივალზე და მას შემდეგ მე მის გემოვნებაზე ვარ მთლიანად დაყრდნობილი; საკმარისია იხილოთ ჯორჯოს ვილა, რომ დარწმუნდეთ იმაში, თუ რა ესთეტია იგი. რა თქმა უნდა, მე სხვა კაბებიც მაქვს, მაგალითად ნინა რიჩისა, მაგრამ ჯორჯო არმანის ნახელავი ჩემში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევენ. ყველაზე საყვარელი კაბა კი არის ის, რომელიც 25 წლის წინ "ოსკარის" პრემიის მიღებისას მეცვა და იმედი  მაქვს, რომ მას ჩემი ქალიშვილიც ჩაიცვამს ქორწინების ცერემონიალზე...