среда, 7 мая 2014 г.

რომი შნაიდერი

გერმან. Romy Schneider

ნამდვილი სახელი და გვარი - Rosemarie Magdalena Albach-Retty

დაიბადა
1938 წლის 23 სექტემბერს ვენაში 
გარდაიცვალა
1982 წლის 25 მაისს პარიზში

დღე, როცა მე შენ აღარ მეყვარები, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იქნება


რომი შნაიდერი იყო პიროვნება, რომლის ეროვნების განსაზღვრისას ხშირად ხმარობდნენ ცნებას "ევროპელი"


ისინი პარიზში მიფრინავდნენ - მაგდა შნაიდერი და მისი 20 წლის ქალიშვილი რომი (ნამდვილი სახელი როზმარი ალბახ-რეტი). იმ დროისათვის რომი უკვე ცნობილი მსახიობი იყო და ოდნავ გამომწვევადაც ეჭირა თავი. ამის საფუძველიც ჰქონდა, რადგან ავსტრიის იმპერატრიცა სისის შესახებ გადაღებულ ფილმებში მან იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ყოველდღე ექვსასამდე წერილი მისდიოდა მთელი მსოფლიოდან, სადაც სიყვარულის ახსნის გარდა არაფერი ეწერა. მას სცენარებს სცენარებზე აყრიდნენ და ერთხელ დაიჩივლა კიდეც - "ამ ბრიყვი რეჟისორების ყველა ფილმში რომ მიმეღო მონაწილეობა, ალბათ, ყველა იმ სენტიმენტალურ ამბავში მათამაშებდნენ, რაც კი უკანასკნელი რვა საუკუნის მანძილზე მომხდარაო". იმხანად რომი ისე იყო გადაღლილი ყველაფრისაგან, რომ კინოგადაღების ხსენებაზე საკუთარ თავზე ყოველგვარ კონტროლს კარგავდა და რაგინდარა მოღვაწეს - გნებავთ ხელოვანს და გნებავთ პოლიტიკოსს - უხეში ფრაზებით ისტუმრებდა. დედამისი კი, ფრაუ მაგდა ისევ და ისევ არჩევდა ქალიშვილისათვის შესაფერის სცენარებს, რეჟისორებს, ქვეყნებს...  აი ახლაც, ქალიშვილის თანხმობის გარეშე ამ სულელურ "კრისტინაში" გადაღებების კონტრაქტზე მოაწერა ხელი და სასწრაფოდ პარიზისაკენ ააღებინა გეზი გადაღლილ-გადაღიზიანებულ რომის...
* * *
პარიზის აეროპორტში ავსტრო-გერმანელი ლამაზმანის დასახვედრად ჟურნალისტთა მთელი არმია იყო შეკრებილი და ცოტა ვინმემ თუ შენიშნა, რომ ტრაპთან პირველი ერთი ყმაწვილი მიიჭრა და რომის უზარმაზარი თაიგული გადასცა. ამ ყმაწვილს (ალენ დელონს) მაშინ საფრანგეთში თითქმის არავინ იცნობდა, "კრისტინაში" მიღებული მთავარი როლი კი მას დამსახურების კვალობაზე კი არა "ჩაწყობით" ერგო. ეს უგვარო და უსწავლელი ფრანგი ყმაწვილი ვერც ზრდილობით დაიკვეხნიდა, ამიტომაც მის მეგობარს არ გაჰკვირვებია, რომის შესახებ რომ თქვა ხმამაღლა (ფრანგულად) - "გაფუფუნებული გერმანელი ბატიაო". მაშინ ეს სიტყვები ჟურნალსტებს რომ გაეგოთ, ალბათ, გაზეთს არ დატოვებდნენ აუჭრელებელს...
"კრისტინას" გადაღების იდეა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავად რომის დედას მოსვლია თურმე, რომელიც საკმაოდ ცნობილი ავსტრიელი მსახიობი იყო მანამ, სანამ მისმა ქალიშვილმა არ დაჩრდილა მისი სახელი, თუმცა მასში დედობრივმა გრძნობამ უფრო იმძლავრა და შვილის მიმართ შურის ნასახიც კი არ გასჩენია... ამიტომაც ერთდროს სავარსკვლავო როლი პიესაში "კრისტინა" მაგდამ რომისათვის გაიმეტა და მისი ეკრანიზირების იდეაც მანვე ჩააწვეთა რეჟისორებს.
გადაღებები ძნელად და სკანდალურად დაიწყო. რომი და ალენი გამუდმებით კინკლაობდნენ, პრანჭია გოგონა და ლაზღანდარა ყმაწვილი ვერაფრით ეგუებოდნენ ერთმანეთს, კამათობდნენ და ფილმის შემქმნელები სიგიჟემდე მიჰყავდათ. ერთხელ კოცნის სცვენის გადაღებისას კი დელონის გათავხედება იმ ზომამდე მივიდა, რომ კინოკამერა დაავიწყდა და კოცნას კინაღამ "რეალური საქმე" მიაყოლა... ეს უკვე მეტისმეტი იყო, რომიმ მიატოვა გადაღებები, მრისხანება და სიძულვილი შეატოვა ალენს და პარიზიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ...

სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია

გადაღებები მალე გაგრძელდა და... ფილმის დასრულებამდე ორიოდე დღით ადრე რომი თავად გამოუტყდა ალენს სიყვარულში. ამ ამბავმა ფრაუ მაგდას ყურამდეც მიაღწია და შვილს ირონიულად შეუფასა გულის რჩეული, რაზედაც პასუხად მიიღო - "ალენი ნამდვილი კაცია და არა ის აკვარიუმის ბაყაყი, შენ მთელი ცხოვრება გარს რომ გეხვივნენო."
ჰოდა, რა გასაკვირია, ვენაში დაბრუნებულმა რომიმ პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება რომ მიიღო და, მიატოვა რა ყველა და ყველაფერი, ორიოდე დღეში კვლავ პარიზის თვითმფრინავში ამოყო თავი. მის დედას და მამინაცვალს, ჰერ ბლატც-ხაიმს, რომელიც რომის ყველა ფილმის პროდიუსერობას ცდილობდა სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, რომ ქალიშვილისათვის მუდარით აღსავსე წერილი არ მიეწერათ - ალენთან ურთიერთობას ოფიციალური ხასიათი მიეციო.
ასე გაჩნდა გერმანიის გაზეთებში წერილები ამგვარი სათაურებით:
ფრანგმა ვიგინდარამ ჩვენი ვარსკვლავი მოიტაცაო

დელონს სულაც არ აღელვებდა ამგვარი შეურაცხყოფანი, მაგრამ ნიშნობის პროცედურას მაინც გაჭირვებით გაუძლო. მას ლამის გული ერეოდა გადაპრანჭული სიდედრ-სიმამრის ხილვისას და ვერც მალავდა ამას. მიღებები, წვეულებები, ელიტარული საუბრები, მაქმანიანი კაბები.. ეს არ იყო პარიზელი ჭაბუკის საქმე, რომელსაც მძიმე ბავშვობა და ინდოჩინეთის ომი ჰქონდა საკუთარი ბიოგრაფიის აქტივში და აი, ბედმა მას "უმუხთლა" და მისთვის მიუღებელი საზოგადოების ქალი შეაყვარა...
რომის კი.... რომის ნამდვილი ცხოვრება ენატრებოდა და მისი ხილვა მხოლოდ პარიზში, თავისი საყვარელი ადამიანის ქალაქში შეეძლო, სადაც დელონი ავსტრიის არმიის ოფიცერი კი არა (როგორც ეს ფილმ "კრისტინაში" იყო), არამედ გახეხილ შარვალში გამოწყობილი პარიზელი ბიჭი იყო მხოლოდ. საოცარი კი ისაა, რომ რომის პარიზში უცნაური გრძნობა დასჩემდა - იგი რატომღაც პროვინციელ გოგონად გრძნობდა თავს ამ სულაწრიალებულ ფრანგებში და ვერაფრით ეგუებოდა ამ ქალაქს. იგი შესჩიოდა ალენს, სთხოვდა დახმარებას, ტიროდა, მაგრამ დელონს არაფრით შეეძლო გაეცნობიერებინა, თუ რით იყო უკმაყოფილო მისი საოცნებო ქალი და საშველად ირონიასღა იშველიებდა თან ქვეცნობიერად გრძნობდა, თუ როგორ დნებოდა და ქრებოდა რომი შნაიდერში ბიურგერული ზნეკეთილობა. 
ყველაზე მეტად რომის პარიზელი ახალგაზრდების დამოკიდებულება აღიზიანებდა სიყვარულისა და სექსის მიმართ; მას არაფრით შეეძლო იმასთან შეგუება, რომ პარიზში არავინ მალავდა თავის სატრფიალო თუ ინტიმურ თაგდასავლებს, ისინი იმასაც კი არ მალავდნენ, როცა სიყვარული "სამზე იყოფოდა" და, მით უმეტეს, თუ სამივე ერთი სქესის ადამიანები იყვნენ... ალენის ერთი მეგობარი კაცი ერთხელ რომის გამოუტყდა - ბიჭუნებისაკენ მიწევსო გული... ზოგჯერ ისიც სწვდებოდა მის სმენას, რომ ალენ დელონიც მონაწილეობსო ამგვარ ორგიებში და რომი შნაიდერმა ვეღარ შეიკავა თავი, მასში იფეთქა იმ ქალმა, რომელიც შემდგომ არაერთხელ გამოჩენილა ეკრანზე, მაგრამ მაშინ იგი ალენ დელონის სიყვარულის ტყვეობაში იყო და...  

სიყვარული მას ვალდებულებად მიაჩნდა

დელონი კი თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებდა და არც მალავდა იმას, რომ საღამოების გატარებას მარტო რომისთან არ აპირებდა. ერთი სიტყვით... თუმცა ჩვენთვის საინტერესო მაინც რომი შნაიდერის სამსახიობო კარიერაა და ამ კუთხით ის უნდა ითქვას, რომ მან სულ მალე (1961 წელს) პარიზის სცენაც დაიპყრო, როცა დელონთან ერთად ვისკონტის მიერ დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა (...ამით მათ სამივემ - შნაიდერმა, დელონმა და ვისკონტიმ დაამტკიცეს, რომ კინომსახიობებს თავისუფლად შეუძლიათ თეატრალური საოცრებების მოხდენა).
1964 წლის ერთ მშვენიერ დღეს რომიმ ალენისაგან წერილი მიიღო - "მე შენ გიბრუნებ თავისუფლებას და თან გატანო ჩემს გულს". ქალმა ამ წერილს არ უპასუხა, იგი გრძნობდა, რომ კატასტროფა მზადდებოდა მის ცხოვრებაში და ასეც მოხდა - იმავე წელს ალენ დელონმა ოფიციალურად იქორწინა ნატალი ბარტელემიზე.

ცხოვრება კი გაგრძელდა. რომი სრულიად შეიცვალა და კვლავ დედის დამჯერ გოგონად იქცა; ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ იგი ფრაუ მაგდას რჩევით დრამატურგ ჰარი მაიენს გაჰყვა ცოლად. მათი ქორწილი 1966 წელს შედგა, როცა რომი ფეხმძიმობის მეხუთე თვეში იყო... ცხოვრება დაწყნარდა, რომი მეტი აქტიურობით შედგა კინოგადაღებებს, მაგრამ ერთმა სატელეფონო ზარმა უცებ ყველაფერი შეცვალა...
იმ დღეს ჰარის დაბადების დღე იყო, რომი წვეულებისათვის მზადებაში იყო და უცებ ტელეფონმა დარეკა - ეს ალენ დელონი იყო, რომელსაც თურმე მიეტოვებინა თავისი ოჯახი და ოთხი წლის ვაჟი, რაღაც მკვლელობასთან დაკავშირებულ ამბავშიც გახლართულიყო, შემოქმედებით კრიზისსაც განიცდიდა და... მშველელად მხოლოდ რომისღა ხედავდა, რომელსაც ფილმ "აუზის" გადაღებებზე იწვევდა. ამ ამბის გამგონე ჰარიმ გულგრილად თქვა - ეს რომ მარლონ ბრანდოს გაეკეთებინა, მე ნამდვილად ვიეჭვიანებდიო, მაგრამ ვინაა ეს ლაწირაკი დელონი, რომ მისთვის აფორიაქება ღირდესო - და ცოლს დასთანხმდა პარიზში წასვლაზე.
"დელონი ჩემთვის მკვდარი სიყვარულია" - აცხადებდა რომი.
"მე და რომის ახლა ერთმანეთი მხოლოდ სცენარის მიხედვით გვიყვარსო" - ამ აზრს ალენ დელონი ავითარებდა.

გაზეთები კი კვლავ აჭრელდა აუზის პირას მოალერსე ყოფილი საყვარლების ფოტოებით და არც აღარავის გაჰკვირვებია, ერთ დღეს თვალებანთებული გერმანელი ქალი რომ იხილეს პარიზის ბომონდის შეკრებაზე. ამგვარი აღფრთოვანების მიზეზი კი, რა თქმა უნდა, კვლავ ალენ დელონი გახლდათ.
ასე დაირღვა ჰარმონია რომი შნაიდერის ცხოვრებაში. იგი წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა გაჰქცეოდა საკუთარ თავს. ამ ხნის განმავლობაში ექვს ფილმის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა, იგი ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა და სულ უფრო ეუცხოებოდა საკუთარი ოჯახი და მასზედ ნამდვილ მოთაყვანე ქმარი ჰარი მაიენი.
ჰარიმ კი, ოდესღაც ხელხვავიანმა დრამატურგმა და რეჟისორმა მიატოვა თავისი საქმე და გალოთდა. კინოგადაღებებით თავმობეზრებული რომიც გაუშინაურდა ალკოჰოლს და სულ მალე პრაქტიკულად უარი თქვა კინოზე. იგი ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს ამბობდა საკმაოდ საინტერესო სცენარებზე, სხვა მსახიობები კი, რომლებიც ამ სცენარებით გადაღებულ ფილმებში თამაშობდნენ, სულ მალე ვარსკვლავები ხდებოდნენ. რატომ თქვა უარი მან "ქალი და მამაკაცის" გადაღებებზე? (იქ შემდეგ ანუკ ემე ათამაშეს). ეგებ იმიტომ, რომ საფრანგეთი და სიყვარული მასში მტკივნეულ მოგონებებს იწვევდა?! რამ აუცრუა მას გული ფილმზე "უკანასკნელი ტანგო პარიზში"? ალბათ, იმავე მიზეზებმა?! ამ ფილმის რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ კი, რომის ნაცვლად, მისი მოგვარე მარია შნაიდერი მიიწვია, რათა რომისაგან იმედგაწბილებულს რაღაცით მაინც ენუგეშებინა თავი. სამაგიეროდ, როცა ალენ დელონმა მას პაწაწინა როლი შესთავაზა ფილმში "ტროცკის მკვლელობა", მან მიატოვა ყველაფერი და მექსიკაში გაქანდა გადაღებებზე. სხვათა შორის 1971 წელს დელონმა კიდევ ერთი "დონ ჟუანური რეკორდი" დაამყარა: ერთი წლის განმავლობაში მან მიიღო მონაწილეობა  მიიღო სამ ფილმში, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ მისივე ყოფილი ცოლი ნატალი, იმჟამინდელი საყვარელი მირეი დარკი და მისი მარადიული საცოლე რომი შნაიდერი.
მალე რომი ისევ მარტო დარჩა. 1973 წელს იგი საბოლოოდ გაშორდა ქმარს და ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე ბატონი მაიენის მათრახის ცემას ვეღარ ავიტანო!" მალე ბატონმა მაიენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პრესამ და პუბლიკამ რომის ლანძღვა დაიწყო, თავად რომი კი "პლეიბოსათვის" შიშველ ფოტოგადაღებაში მონაწილეობდა. საზოგადოებრიობამ კვლავ კბილები აილესა მის მიმართ, მან კი ამასობაში მეორედ გათხოვება მოასწრო და გოგონაც შობა, თუმცა მალევე გაირკვა ამ ქორწინების სიცარიელეც და მსახიობი ქალი კვლავ მარტო დარჩა.
* * *
ერთადერთი, რასაც მის ცხოვრებაში აზრი გააჩნდა, იყვნენ შვილები; განსაკუთრებულად მას ვაჟი დევიდი უყვარდა და დიდ ტანჯვას განიცდიდა იმის გამო, რომ იშვიათად ხვდებოდა მას; და ბედმა აქაც უმუხთლა რომის, თოთხმეტი წლის დევიდი რკინის მესერზე გადახტომისას რაღაცას მოედო და მკერდით რკინის წვეტიან შვერილს წამოეგო.... დევიდის დაკრძალვა ალენ დელონმა ითავა და ოთხ კედელში გამოკეტილი გაუბედურებული რომიც არ მიუტოვებია; მათი პირველი ერთობლივი ფილმის "კრისტინას" მთავარი პერსონაჟის სიტყვებს - "დღე, როცა მე შენ აღარ მეყვარები, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იქნება" - რომი ხშირად ახსენებდა ალენს და უყვარდა იგი ცხოვრების უკანსკნელ წუთამდე.
1982 წლის 30 მაისს პარიზის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე დიდი ასოებით ეწერა - "რომი შნაიდერმა თავი მოიკლა". ერთი კვირის შემდეგ "პარი მატჩში" გამოჩნდა ალენ დელონის ეპიტაფია - "მშვიდობით, ჩემო თოჯინავ!":
"მე მეუბნებიან, რომ შენ ცოცხალი აღარ ხარ!... ვარ მე ამაში დამნაშავე? დიახ, ვარ! შენმა გულმა ჩემს გამო შეწყვიტა ძგერა - წერდა ალენ დელონი - ჩემს გამო, რადგან 25 წლის წინ "კრისტინას" გადაღებაზე პირველად ვაკოცეთ ჩვენ ერთმანეთს!..."

Комментариев нет:

Отправить комментарий