воскресенье, 25 мая 2014 г.

ავა გარდნერი

 Ava Lavinia Gardner

დაიბადა 1922 წლის 24 დეკემბერს აშშ-ს ქალაქ გრაბტაუნში (ჩრდ. კაროლინის შტატი) 
გარდაიცვალა 1990 წლის 25 იანვარს ლონდონში

"50-იანი წლების ულამაზესი ქალი"

...დიახ, სწორედ ეს ტიტული მიაკუთვნა პრესამ და მაყურებელმა ავა გარდნერს!...
იგი  მთელი მსოფლიოსათვის უპირველესად მართლაც ლამაზ ქალადაა ცნობილი და შემდეგ ახსენდებათ, რომ ეს ქალი შესანიშნავი მსახიობიც იყო!... ამის დასტური კი ის ორიოდე ფილმია, რაც ჩვენს მაყურებელს უნახავს; ესენი გახლავთ "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", "შიშველი მახა", "მაიერლინგი" და სხვა. 
* * *
ავა გარდნერის მშვენიერება მისი გამოჩენისთანავე გახდა მამაკაცთა მღელვარების მიზეზი ჰოლივუდში და ასეთი "მოთხოვნილება" მასზე მის შემდგომ ცხოვრებაში მთელი სისრულით აბობოქრდა; ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ჰოლივუდში კარგა ხნით ადრე შემუშავებულმა "სავარსკვლავო სისტემამ" და ლეგენდების შეთხზვის მეთოდმა, მაგრამ არც სინამდვილე იშურებდა ავასათვის  ზღაპრულ "მიზანსცენებს" და მის ფერხთით ეცემოდნენ ამერიკის ყოველგვარი ელიტისა თუ ბომონდის აღიარებული რაინდები...

როგორც ითქვა, ავა გარდნერის შესახებ უამრავი ლეგენდა შეთხზეს მისმა თანამედროვე "ფანტაზიორებმა", რომელთაგან ერთი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, ეს მის უკიდურესად უბედურ ბავშვობას შეეხება და, როგორც ჩანს, გარკვეულწილად სიმართლესთანაცაა წილნაყარი.
1922 წელს, როცა ავა გარდნერი მოევლინა ქვეყნიერებას, მამამისი ჩრდილოეთ კაროლინის ერთ მიყრუებულ ფერმაში მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი როგორმე გამოეკვება. ჩვენთვის უცნობია, ავას შემდეგ თუ შეიძინა ამ ოჯახმა კიდევ შვილი, მაგრამ მომავალი კინოვარსკვლავის რიგითობაც შვილებში საკმაოდ არასახარბიელო იყო - იგი თავისი მშობლების მე-7 შვილი გახლდათ.
ლეგენდააო ვთქვით, მაგრამ მაინც მივყვეთ მისი ბიოგრაფების მონათხრობს და დავიჯეროთ, რომ ქალი, რომელიც 40-50-იან წლებში მთელ ამერიკას "მშვენიერების ბნედას" ჰგვრიდა, სადღაც 30-იანი წლების დასაწყისში ფეხშიშველი დაწანწალებდა ჩრდ. კაროლინის უკაცრიელ გზებზე და იშვიათ გამვლელ-გამომვლელს ლუკმა პურს სთხოვდა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ოჯახის მამა ადრე გარდაიცვალა, დედამ სარჩოს საშოვნელად კარდაკარ სიარული დაიწყო და შვილებსაც "მიეცათ სრული უფლება", რომ თავად მოეპოვებინათ პური არსობისა.
ასე რომ, ავა გარდნერის მდივან-მემანქანეობა უფრო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი ოჯახის რეპუტაციის კვალობაზე, ვიდრე დამცირებად; მაგრამ ეს არ არის მთავარი... მთავარი ისაა, რომ იქ, სადღაც ვიღაცის ოფისში ღირსეულად დაფასდა ლამაზი ქალის სილამაზე და იგი ფოტომოდელირებისათვის მიიწვიეს!.. 
აქ მთავრდება ლეგენდა და იწყება ავა გარდნერის ნამდვილი სამსახიობო თავგადასავალი! 
* * *
როგორც ჩვენ არაერთი :კინოქალღმერთის" ბიოგრაფიიდან ვიცით, მოდელირებიდან "ჰოლივუდამდე", როგორც წესი, ერთი ნაბიჯიღა რჩება ხოლმე და ავა გარდნერასაც გადაადგმევინეს ეს ნაბიჯი - მას გაუფორმეს კონტრაქტი კვირაში 50%-იან ანაზღაურებაზე. ჯერ, რა თქმა უნდა, ეპიზოდური როლები იყო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1946 წელს გარდნერმა ჰემინგუეის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმ "მკვლელებში" მთავარი როლი განასახიერა თავად ბერტ ლანკასტერთან პარტნიორობით. ამას მოჰყვა ფილმი "ოცნებებით მოვაჭრენი" (The Hucksters, 1947)  და ასე იშვა ჰოლივუდის ახალი სექს-სიმბოლო (...ამ ტიტულში იმხანად მას მხოლოდ რიტა ჰეიუეტი - "პლეიბოის" ვერსიის ლამაზმანი # 11 - ეცილებოდა).
ამასობაში პირად ცხოვრებაშიც ჰქონდა მოპოვებული ავა გარდნერს გარკვეული "წარმატებები", რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ 1946 წლისათვის უკვე ორი ქმარი ჰყავდა გამოცვლილი... აი, 1948 წელს კი დაიწყო სწორედ ის ბობოქრება, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ და ეს 11 წლიანი რომანი-ქორწინება გახლდათ თავად ფრენკ სინტარასთან; ამ ორი ვარსკვლავის სიყვარული და შემდგომ მეუღლეობა დიდხანს იყო ამერიკული თუ მსოფლიო ჭორების მასაზრდოებელი წყარო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა წყარო ადრე თუ გვიან შრება და ასე დაემართა გარდნერ-სინატრას წყვილსაც... ისინი 1957 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ერთგვარად საბედისწერო ამოჩნდა ავა გარდნერისათვის, რადგან მან თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ამერიკა (...და შესაბამისად ჰოლივუდიც) მიეტოვებინა და ევროპაში გადასახლებულიყო, სადაც მას, როგორც ჩანს ელოდნენ, რადგან უმალ შესთავაზეს როლი იმ ცნობილ ფილმში, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობ სახელწოდებით "შიშველი მახა". ეს ისტორიული მელოდრამა დიდი ესპანელი მხატვრის გოიას ცხოვრებას ეხება და გარდნერმა მხატვრის საყვარელი არსების, ჰერცოგინია ალბას როლი განასახიერა. სხვათა შორის, ესპანელებისადმი სიყვარული არც პირად ცხოვრებაში დაჰკლებია ჩვენი თხრობის გმირს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 60-70-იანი წლების გასაყარი მან "კორიდის ქვეყანაში" გაატარა, თავდავიწყებით უყვარდა რა ერთი ესპანელი მატადორი... და საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ავა გარდნერის პირადი ცხოვრება და ბობოქარი რომანები არასოდეს იყო შენიღბული და მთელი საზოგადოების სააშკარაოზე ვითარდებოდა, რაც მის მიმართ ყოველთვის კეთილად განაწყობდა პრესას, რადგან იგი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მეგაზეეთებისათვის "პური არსობისა" გახლდათ.   
* * *
ზოგადად მსოფლიო კინემატოგრფში კი ავა გარდნერის შესახებ დამკვიდრდა აზრი, რომ იგი არის ერთი გარკვეული ამპლუის მსახიობი; მისი პერსონაჟები არიან, ასე ვთქვათ საბედისწერო, ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, ერთგვარად გაუბედურებული და მტაცებელი ქალები, რომლებიც სიგიჟემდე უყვარდებათ მამაკაცებს, თუმცა ამგვარი იმიჯის წიაღში ავა გარდნერი, თავისი ნიჭიერების წყალობით, ახერხებდა  თავისი პერსონაჟების სულიერი დრამისა და ტრაგედიის მთელი სისრულით გამოვლინებას. 
* * *
ავა გარდნერი 1990 წლის 25 იანვარს, ლონდონში,  პნევმონიით გარდაიცვალა და, როგორც ამბობენ, ცხოვრების უკანასკნელი წლები მხოლოდ საკუთარი არსების შეგნებულ თვითგანადგურებას მოახმარა... უკიდურესი მშვენიერება უკიდურეს სიმახინჯეებში ჩაკლა და გაანიავა...
არავინ იცის, თუ რატომ მოიქცა ასე?!

...თუმცა მისი ცხობრება  ხომ ერთი დაუსრულებელი ლეგენდა იყო!... 

Комментариев нет:

Отправить комментарий