понедельник, 18 августа 2014 г.

ინგრიდ ბერგმანი

Ingrid Bergman

დაიბადა 1915 წლის 29 აგვისტოს, სტოკჰოლმში
გარდაიცვალა 1982 წლის 29 აგვისტოს, ლონდონში

...იგი, რა თქმა უნდა, დიდი მსახიობი იყო და ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი კინოსა და თეატრის გარეშე და, როცა ხდებოდა ხოლმე ფეხმძიმობის ან ქმრის, რობერტო როსელინის, ხუშტურების გამო მუშაობას ვერ ახერხებდა, მას თითქოს რაღაც ახრჩობდა და პირველსავე შემთხვევას იყენებდა, რომ გადაღებებზე წასულიყო. იგი ამ დროს არც მესამეხარსიხოვან რეჟისორებთან მუშაობაზე ამბობდა უარს და თავისი ხიბლით იმდენად აკეთილშობილებდა საშუალო ფილმებს, რომ კრიტიკოსები შემწყნარებლობით აღიქვამდნენ მათ, კარგ ფილმებს კი მისი მონაწილეობა უცილობლად შედევრებად აქცევდა ხო­ლმე. ინგრიდ ბერგმანი შვიდჯერ იქნა წარდგენილი "ოსკარის" პრემიაზე და ორჯერ "კასაბლანკისა" და "შემოდგომის სონატისათვის" მიენიჭა ეს პრემია.

და მაინც - ინგრიდ ბერგმანი პირველ რიგში იყო ქალი, რომელიც სიყვარულს დაეძებდა ამქვეყნად.

მისი პირველი ქმარი პეტერ ლინდსტრომი ყველა საკითხის გათვალისწინებით ნამდვილად დადებითი პიროვნება იყო. ნებისმიერი შვედი ქალი ბედნიერი იქნებოდა ასეთ ქმართან ცხოვრებით (ინგრიდ ბერგმანი კი, მიუხედავად ვისკისადმი ტრფიალისა და ჰოლივუდის ზიზილ-პიპილების გათავისებისა, პირველ რიგში შვედი ქალი იყო). პეტერი 24 წლის ასაკში სტომატოლოგიის პროფესორი გახდა, იყო შესანიშნავი მოთხილამურე, მოკრივე და საოცრად ლამაზი მამაკაცი. მან პირველად რომ იხილა 17-18 წლის ინ­გრიდი, რომელიც მაშინ თეატრალური სტუდიის სტ­უ­დენტი გახლდათ, დიდი სიმპათიით განეწყო მის მიმართ და, ამ რომანის ჩასახვა სადმე სამხრეთში რომ მომხდარიყო, ქორწინება, ალბათ, დაუყოვ­ნებლივ მოხდებოდა, მაგრამ, როგორც ითქვა, რომანის ორივე მონაწილე შვედი გახლდათ და მათ მთელი ექვსი წლის განმავლობაში მოუხდათ ერთმანეთის აზომვა-თვალიერება, რათა ტრადიციული მოთ­ხოვნები და ახლობელთა მყარი საოჯახო ნორმები არ დაერღვიათ.
ინგრიდის ახლობლები ხედავდნენ, რომ პეტერზე უკეთეს კანდიდატურას ვერასოდეს შეარჩევდნენ თავისი უდედმამო ნათესავისთვის და ყველანაირად უწყობდნენ ხელს ამ რომანს. თავად ინგრიდი? არა, არც ინგრიდი იყო წინააღმდეგი ლოველასი პროფესორის გვერდით ყოფნისა, რადგან იგი მის ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვისთანაც თავისუფლად შეეძლო ცხოვრებაზე საუბარი...

ცხოვრება კი ინგრიდს ძალიან აინტერესებდა!

ისინი დასეირნობდნენ სტოკჰოლმის ქუჩებში და ინგრიდი ლაპარაკობდა, გაუთავებლად ლაპარაკობდა იმის შესახებ, თუ როგორ უღებდა მამა მას, ორი წლის გოგონას, სამოყვარულო ფილმებს; უყვებოდა იმას, თუ რა კარგი დედა ჰყავდა მას, რომელიც სამიოდე წლის ინგრიდს ერთხელ სადღაც დაეკარგა და დიდი ხნის შემდეგ სასაფლაოზე იპოვა მისი გადიდებული სურათი; მოუთხრობდა იმას, თუ როგორ გააცნეს მას ვიღაც დეიდა, რომელიც მამამისის მეგობარი იყო თურმე... რომ სულ მალე მამაც დაეღუპა და მისი აღზრდა მამიდამ იკისრა; მოუთხრობდა გიმნაზიის ამბებსაც, თუმცა მთავრი მაინც მორიგი ტრაგედია იყო, მას რომ დაატყდა თავს, როცა ის ერთადერთი მზრუნველი მამიდაც გარდაეცვალა და თავად მასაც მოესურვა სიკვდილი, რადგან ეგონა, რომ მხოლოდ იგი იყო დედის, მამის და მამიდის სიკვდილის მიზ­ეზი... რომ კვდებოდა ყველა, ვის მიმართაც მას დიდი სიყვარული გააჩნდა.
პეტერი ყოველივე ამას პროფესიული ინტერესებითაც უსმენდა და ინგრიდის საუბარს ავადმყოფის აღსარებასავით აღიქვამდა. მან შეძლო დაერწმუნებინა ქალი, რომ ახლობელთა სიკვდილში ბრალი მის სიყვარულს კი არა უკურნებელ სენს - კიბოს მიუძღოდა და რომ მას არ უნდა შეშინებოდა კვლავაც ვინმეს შეყვარება, რადგან სიყვარული სიცოცხლის სათავეა და არა სიკვდილის.

როგორც იქნა, მათ იქორწინეს და ეს მაშინ მოხდა, როცა პეტერი 30 წლის, ხოლო ინგრიდი 23 წლის, სტოკჰოლმის ერთ-ერთი თეატრის უკვე ამომავალი ვარსკვლავი იყო. 

"ხიფათში იგდებო თავს - ქორწინების წინ უთხრეს პეტერს კე­თილისმსურველებმა - ხომ იცი რა თავქარიანნი არიან ეს მსახიობები, მით უმეტეს ლამაზმანებიო" - მაგრამ პეტერი მაინც წავიდა რისკზე და ყველაფერი სრულიად უღრუბლოდ და ბედნიერად დაიწყო. ინგლისში გატარებული თაფლობის თვის შემდეგ ისინი სტოკჰოლმში დაბრუნდნენ და პეტერის უზ­არმაზარ ბინაში დასახლდნენ, სადაც ყოველკვირეულად მეჯლისებს მართავდნენ მეგობარ-ნაცნობებისათვის. ინგრიდი, რო­გორც დარბაისელ შვედ ქალბატონს შეეფერება, აკურატულად წარმართავდა საოჯახო ცხოვრებასა თუ მეურნ­ე­ობას, არ ერიდებოდა არანაირ შრომასა და ხელსაქმეს და ის ფაქტი, რომ 1937 წელს იგი შვედეთის საუკეთესო მსახიობად დაასახელ­ეს, არანაირი საგა­ნგებო აჟიოტაჟ­ის მიზეზი არ გამხდარა. მისთვის მთავარი მეუღლეობა იყო და თავისი სათაყვანებელი პეტერის გარეშე ნაბიჯსაც არ დგამდა. რომ არა პეტერი, იგი ჰოლივუდზე ფიქრს ახლოსაც არ გაიკარებდა; ჰოლივუდში კი პროდიუსერ დევიდ სელე­ზნიკს გაგებული ჰქონდა ამბავი გენიალური შვედი მსახიობის ამობრწყინების შესახებ და ემისარს ემისარზე აგზავნიდა სტოკჰოლმში, რათა ამ ქალისთვის ნებისმიერ გა­ს­აგებ ენაზე განემარტათ, რომ ევრ­ოპაში ომია, ჰოლივუდში კი ფული და დიდებაა, რაც მისთვისაცაა გამზადებული და მხოლოდ მისი ჩასვლა და ფილმ "ინტერმეცოში" მონაწილეობაა საჭირო, რათა კვირეულად 2500 დოლარის ოდენობის ჰონორარი მიეღო (თვით ვივიენ ლის "ქარწაღებულნის" გადაღებებზე ორჯერ ნაკლები ეძლეოდა).
...და პეტერმა გადაწყვიტა, რომ ინგრიდი ჰოლივუდში უნდა გამგზავრებულიყო. "პიას რა ეშველება?" - ესღა აღმოხდა ინგრიდს, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ ხვდა დედობის პატივი და ახლა თავის გოგონასთან განშორება ეძნელებოდა. "მე მას ძიძას მოვუძებნიო" - უპასუხა ქმარმა და ასე დასწამეს ცილი მეგაზეთეებმა ინგრიდს შვილის მიტოვებაში.

პეტერმა არათუ შეასრულა დაპირება, არამედ სულ მალე ჰოლივუდში ჩააკითხა მეუღლეს, მისი საქმეების წარმართვაც იკისრა, ზღვის პირას საუ­კეთესო ვილაც უყიდა და უკვე წამოჩიტულ პიასაც შესაშური მზრუნველობით უვლიდა, მაგრამ...

რატომ დაშორდნენ ერთმანეთს?!
იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არ ბუდობდა მათში!
იმიტომ, რომ ინგრიდის ცხოვრება მოდიდან გა­სულ ტვიდის პალტოს დაემსგავსა, იმიტომ, რომ მას ვნებები სჭირდებოდა და არა კეთილდღეობა, რომ ყვავილები ერჩია მილიონიან ქვითრებს...
პეტერი ყველაფერზე თვალს ხუჭავდა და პატიებით ეკიდებოდა ინგრიდის ყოველგვარ კაპრიზს. მან მეუღლეს ფოტოგრაფ რობერტ კაპოსთან გაბმული ხანმოკლე რომანიც კი აპატია და ამას თავისი სულ­გრძელობით ხსნიდა, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც იმ შემოსავლების შენარჩუნება იყო, რასაც ხსენებული პროდიუსერი დევიდ სელეზნიკი პატიოსნად უხდიდა მათ. თავად ინგრიდმაც მალე მიივიწყა ეს რომანი, რადგან ის ფოტოგრაფი არაფრით სჯობდა მის გასაქმოსნებულ სტომატოლოგ ქმარს. ოჯახის გადასარჩენად მათ მეორე შვილის ყოლაც დააპირეს და მთელ იმედებს იმ ჯერარშობილ არსებაზე ამყარებდნენ, მაგრამ...

მის ცხოვრებაში შემოიჭრა რობერტო როსელინი და ყველაფერი მიანგრ-მოანგრია!
გარეგნულად ეს ცნობილი რეჟისორის ცნობილ მსახიობთან შეხვედრას ჰგავდა და მას პეტერიც ესწრებოდა (...თავისი საქმიანი იერით). ინგრიდი კი ჩუმ­ად იჯდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწ­ეოდა და როსელინის მოსწავლე გოგონასავით უმზერდა, რადგან დიდი ხანია, რაც მის ფილმს - "რომი ღია ქალაქია"  - აღმერთებდა და ერთხელ წერილიც კი მისწერა იტალიელ მაესტრო: "მე, ინგრიდ ბერგმანი, აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემოქმედებით და მსურს თქვენთან მუშაობაო..." და აი, პარიზის ფეშენებელურ რესტო­რანში ნახეს მათ ერთმანეთი და ინგრიდი მიხვდა, რომ იგი გადაურჩა წუთისოფლის ამაოებას, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ ეს იმავ­დ­როულად მის დაღუპვასაც ნიშნავდა.
ეს მოხდა 1948 წლის 29 აგვისტოს, როცა ინგრიდ ბერგმანს ზუსტად 33 წელი შეუსრულდა.
...როსელინის კი, როგორც მას სჩვეოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა ფილმის გადაღება სურდა და რის შესახებ იქნებოდა სცენარი. მას საერთოდ არ უყვარდა ისეთ მოსაწყენ საკითხებზე ფიქრი, როგორიც სცენარია. იგი გადაღებებს შემოქმედებითი ფანტაზიით წარმართავდა და რო­ცა აღმოაჩენდა, რომ შემდგომი მუშაობისათვის სცენარი აღ­არ აქვს, ტოვებდა გადაღებებს და კვირაობით იკარგებოდა სადმე მახლობელ პლაჟზე.
...და ახლაც როსელინი ხედავდა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავს, რომლის მეშვეობითაც იგი დიდ თანხას იშოვიდა, თუმცა ეს ვარსკვლავი მას ძალიან მოსწონდა! ჰოდა, რობერტო უნებლიედ მისწვდა ყვავილს და ფურცლების მოწყვეტით მკითხაობა დაიწყო  - "გადავიღოთ ფილმი - არ გადავიღოთ ფილმი - გადავიღოთ - არ გადავიღოთ - გადავიღოთ!"
"გადავიღოთ!" - დაეთანხმა ინგრიდიც და უმალ ქმრის გამყინავი მზერა იგრძნო, რომელსაც ჯერ ჰონორარისა და მუშაობის პირობების განსაზღვრა აინტერესებდა.
* * *
ორი ამგავრი დიამეტრალურად საწინააღმდეგო მამაკაცი, როგორებიც იქ ისხდნენ, ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნებოდა: პეტერი გახლდათ შვედი კვადრატში თავისი ზომიერი და თანაბარი ბუნებით, როგორც ქალაქის გაზონი, რობერტო კი იყო იტალიელი კუბში - იდუმალი და გამოუცნობი, როგორც უღრანი ტყე... 

...მაშ ასე: ინგრიდ ბერგმანი ორი მამაკაცის დაპირისპირების ობიექტი გახდა: პეტერის, რომელიც უწესიერესი მეოჯახე იყო და რობერტო როსელინის, ვინც მოცემულ მომენტში არასოდეს იცოდა, თუ რამდენი ცოლი, შვილი და საყვარელი ჰყავდა. იმ დროს (1948 წელს) როსელინის 5 სა­აშკარაოზე გამოყვანილი ცოლი "უმშვენებდა ოჯახს": 1. მის ამერიკა-46, რომელსაც როსელინი რატომღაც ფილმებში იღებდა... 2. დიდი ანა მანიანი, რომელიც რობერტოს ნამდვილად უყვარდა... 3. სტრიპტიზის მოცეკვავე... 4. ვიღაც უნგრელი ქალი... და ბოლოს -  5. ვიღაც ოფიციალური ცოლი.  

რობერტოს კი ყველაზე მეტად ავტომობილები უყვარდა.
ინგრიდმა და პეტერმა როსელინი საშობაოდ თავისთან, ჰოლივუდის ერთ-ერთ ვილაში მიიწვიეს და მაშინ მოხდა ერთი პატარა (...პატარა, რაც ხში­რად დიდი ამბების მიზეზი ხდება) ამბავი:
ინგრიდის ქალიშვილმა, 10 წლის პიამ მშობლებს ველოსიპედის ყიდვა სთხოვა და ინგრიდი ქალი­შვ­ი­ლ­თან ერთად მის შესაძენად გაეშურა. მაღაზიაში კი გოგონას, ველოსიპედის ნაცვლად, გასაბერი ძროხა  მოეწონა (...ო, რა მშვენიერი რამ არისო! - ინგრიდსაც აღმოხდა....), მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვე­ტილებით გოგონას მაინც ველოსიპედი უყიდეს, რადგან მას (პეტერს), ცოლის მიერ გამომუშავებული  ფულის გადახდა 75-დოლარიანიან ძროხაში მეტისმეტ ხელგა­შლი­ლო­ბად ეჩევენა...
ამასობაში მათთან ჩამოვიდა რობერტო როსე­ლ­ინი, რომელიც  მეორე დღესვე, რა თქმა უნდა, ნამ­დ­ვილი იტალიელივით მოიქცა და მის მასპინძელ ცოლ-ქმარს საჩუქრები მიართვა - უძვირფასესი ჰალსტუხი პეტ­ერს და ორიგინალური ხელჩანთა ინგრიდს. მან არც პატარა პია დატოვა უსაჩუქროდ და მაღაზიიდან სწორედ ის ძროხა "მოუყვანა", რომელიც გოგონას მამამ სიძვირის გამო არ უყიდა (!!!).
...ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როსელინიმ ამ ყველაფერიში 300$ დახარჯა, რომელიც მასპინძელი პეტერისაგან ისესხა, რადგან თავად მას ერთი გრ­ოშიც არ გააჩნდა ჯიბეში.
...ორიოდ თვეში ინგრიდ ბერგმანი რომში რო­ს­ე­ლინისთან  გაემგზავრა. ქალმა თან პირადი ნივთების პა­ტარა ჩემოდანი წაიღო, როგორც ჩვეულებრივ და­ი­არებოდა ხოლმე გადაღებებზე და ვერავინ იფ­იქრებდა იმას რომ მას ოჯახში დაბრუნება აღარ ეწ­ერა. ამას თავად ინგრიდიც ვერ იფიქრებდა, მაგრამ...
წარმოიდგინეთ რომი, ფედერიკო ფელინის კო­მპლიმენტები, ტემპერამენტული თაყვანი­სმ­ცე­მ­ლები, ყვავილები, ყვავილები და რობერტოს ვნებიანი მზერა...

გაუძლებდა ამას რომელიმე ქალი?!
ინგრიდმაც ვერ გაუძლო და იგი რომში დარჩა!
...გაზეთებში კი გამოჩნდა იტალიის პეიზაჟების ფონზე ხელიხელჩახუტებული ინგრიდისა და რობ­ერტის  ფოტოები და... მთელი ამერიკა წყევლა-კრუ­ლვითა და გლოვით გამოემშვიდობა მითს ინგრიდ ბერგმანის წმინდანობის შესახებ. მისი და პეტერის ოჯახი წესიერებითა და პატიოსნებით ჰოლივუდში სანიმუშოდ იყო მიჩნეული. პუბლიკას ხიბლავდა ეს ოჯახური იდილია და უცებ!...
როგორ გაბედა ეს ინგრიდ ბერგმანმა?!

...ვინაა იგი ბოლოსდაბოლოს?!
ინგრიდს მაშინვე შეეძლო ჩაეფარცხა ეს ყვე­ლა­ფერი და პეტერთან დაბრუნებულიყო, მაგრამ მან სიყვარული არჩია ავტორიტეტს და მკაცრადაც და­ისაჯა: ჯერ ამერიკამ, შემდეგ შევედეთმა და ბოლოს მთელმა ევროპამ მოიკვეთა იგი... ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და თანაც ისე, რომ პატიების არა­ნაირი შეღავათი არ დაუტოვა - მცირეოდეხნის წინ წმინდანად შერაცხული ქალი ზნედაცემული მეძავის ტიტულებით შეიმოსა.
პეტერს კი ისღა დარჩა სანუგეშოდ, რომ  შური­ს­ძიების მიზნით განქორწინების პროცესი გულის­გამაწვრილებლად გაჭიმა და გაქცეულ ცოლს შვილის ნახვა აუკრძალა. 
ინგრიდმა კი როსელინის ბიჭი გაუჩინა.
ასე დაიწყო იტალიაში ფოტოსიგიჟე. რეპო­რტ­ი­ორები მიაწყდნენ სამშობიაროს, სადაც ინგრიდი ახლად­შობილ ვაჟთან ერთად იწვა, რაღას არ იგო­ნებდნენ ისინი (ფოტოგრაფები), რომ პალატაში შე­ე­ღწიათ - მშობიარე ქალად იკატუნებდნენ თავს, ექ­თნებს უზარმაზარ ქრთამებს აძლევდნენ, წვიმის მი­ლებზე დაცოცავდნენ - და ეს ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ იმ­ის­ა­თ­ვის, რომ რომელიმე გაზეთის პი­რველ გვ­ერდზე რა­ღაც ამგვარი რამ დაეწერათ: "მან ამერიკაში მი­ატოვა გოგონა, რათა იტალაში ბიჭი გაეჩინა". შვედ­ე­თის პრესამ იგი "ეროვნულ დრ­ოშაზე წაცხებულ ლაქად" მონათალა, ერთმა ამერიკელმა მოძღვარმა რა­დიოში მთელი ქვეყნის გასაგონად ინგრიდ ბერგმანს "ბიწიერების სიმბოლო" უწოდა; კინოგაქირავებაში ბერგმანის ფილმები აკრძალეს, რადიოარქივებიდან ყველა მისი ჩანაწერი ამოიღეს...
რობერტო როსელინიმ კი მშვიდად გააფორმა განქორწინება მორიგ ყოფილ ცოლთან და ინგრიდს ოფიციალურად სთხოვა ხელი, თუმცა მათი ქო­რ­წინება, როგორც ითქვა, ყოფილ ქმართან გან­ქო­რწინების გაჭიანურების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო და ახლადშობილი ბიჭუნა როს­ე­ლ­ინიმ ასე წარუდგინა ოფიციალურ ინსტანციებს - "რობერტო როსელინის ვაჟი, დედის ვინაობა დაუდგენელიაო". ასე რომ, ინგრიდ ბერგმანი შეიქნა იმ ეპოქის, და საერთოდ XX საუკუნის ყველაზე ცნო­ბილი ანონი­მ­ური დედა!...

დრო გავიდა
ყველაფერი ნელინელ მო­წესრიგდა, როსელინიმ ინ­გ­რიდი და თავისი პატარა რო­ბერტინო სანტა-მარი­ნე­ლ­ას ერთ თვალწარმტაც ვი­ლაში დაასახლა, თავად კი აღ­­ივსო შემოქმედებითი იდ­ეებით, პროდიუსერების ძიე­ბაში დაიწყო წანწალი და გა­მუდმებით მონაწილეობდა სპორტული ავტომობილების შეჯიბრებებში, რომელთა გა­რეშე მას ცხოვრება ვერ წარ­მოედგინა... ინგრიდი კი უვლ­იდა ბავშვს და კვლავ კინოზე ოცნებობდა.
"შენ მხოლოდ ჩემს ფი­ლ­მ­ებში ითამაშებო!" - განუც­ხა­და ერთხელ მას ეჭვიანმა და თავქ­არ­ი­ანმა როსელინიმ და თავის გენიალურ ცოლს სამუდ­ამოდ აუკრძალა გადაღება სხვა რეჟი­სო­რ­ებთან, არადა, მასთან მუშაობაზე ოცნებობდნენ ფელინიც, ვისკონტიც და სხვებიც...
მიუხედავად ამგვარი ტირანიისა, ინგრიდი მო­რ­ჩილად იტანდა განმარტოებულ ცხოვრებას, რადგან მას ნამდვილად უყვარდა რობერტო როსელინი, რო­მელიც, თითქოს შეგნებულად და თითქოს გაუა­ზრ­ებლად, ყველანაირად ცდილობდა, რომ ცოლის ცხო­ვრებიდან კინემატოგრაფი ამ­ო­ეშალა. იგი ცოლს ამერიკაში დატოვებული შვილის ნახვასაც უკრძ­ალავდა, თუმცა არც ყოფილი ქმარი იყო ამის მომხრე და პატარა პიას შთააგონებდა, რომ დედისათვის სი­ძუ­ლვილით აღსავსე წერილები მიეწერა.
1951 წელს ინგრიდ ბერგმანმა კვლავ იგრძნო, რომ ფეხმძიმედაა და სულ მალე ორი მშვენიერი გოგონა, ტყუპები - იზაბელი და იზოტა შობა და მის დღიურში ასეთი ჩანაწერი გამოჩნდა - "ჩემი ერთადერთი ბედნიერება იტალიაში შვილების გაჩენააო", თუმცა ამ ბედნიერებას ქმრის უზარმაზარი ვალები და კი­ნოსთან ხანგრძლივი განშორება აფერმ­კრთ­ა­ლებდა. ასე და ამგვარად, ერთ მშვენიერ დღეს ინგრიდ ბერგმანმა იგრძნო, რომ მას როსელინის აღარც პი­როვნება და აღარც შემოქმედება აღარ აღელვებდა, ამას დაერთო ისიც, რომ ამერიკამ მას ქვეყანაში შე­სვლის ნება დართო; დართო და იგი მაშინვე მი­იწვიეს ფილმ "ანასტასიაში" გადასაღებად (...რამაც რო­სელინი გააცოფა, მაგრამ ცოლს ვეღარ შეა­ცვლევინა გადაწყვეტილება). ამ ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა და მაყურებელმა კვლავ გა­აღმერთა ინგრიდ ბერგმანის ნიჭი; ფილმს პარიზში დადგმული სპ­ექ­ტაკლი "ჩაი და თანაგრძნობა" მოჰყვა, რაც ბერ­გმანისთვის ნამდვილი ტრიუმფი აღმოჩნდა და...

ინგრიდ ბერგმანი თავის თაყვანისმცემლებს დაუბრუნდა
ამასობაში როსელინიმ კიდევ ერთი ცოლი შე­ი­რთო, რაც ინგრიდისათვის არც მოულოდნელობა ყოფილა და არც შოკი, რადგან მას ბებერი იტა­ლიელი დონ ჟუანი აღარ უყვარდა.         
ინგრიდის მესამე სიყვარული და ქმარი ლარს შმი­დტი გახლდათ. ათლეტური აღნაგობის ევროპელი პროდიუსერი, რომელიც პირველი შეხვედრისას ინგრიდს რატომღაც ოფიციანტი (?!) ეგონა. ქალი თავისი ორი ქორწინებით იყო გატანჯული, კაციც დიდ პრობლემებში იყო გახლართული ყოფილი ცოლის გამოისობით და მათ გაუგეს ერთმანეთს... ისინი და­რწმუნდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და ინგრიდის ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. თვით პიამაც კი აპატია დედას და მასთან ერთად მთელი ზაფხული გაატარა.
რაც შეეხება როსელინის, იგი თავის 27 წლის ტოპ-მოდელ ცოლთან განმარტოვდა, კვლავ შემო­ქმე­დ­ებ­ით იდეებში ჩაეფლო და ინგრიდისაგანაც ადვილად მიიღო განქორწინება. ასე დასრულდა ინგრიდ ბერგმანის ცხოვრებაში "იტალიური კოშმარი" (მსგავსი რამ ოდრი ჰეპბერნსაც დაემართა იტა­ლ­იაში, თუ გახსოვთ) და მშვენიერი დღეების წყება დაუსრულებლად გადაება ერთმანეთს, რის მთავრი ხელშემწყობიც სწორედ ლარს შმიდტი გახლდათ.
ერთადერთი ულტიმატუმი, რაც შმიდტმა ინგ­რიდს წაუყენა შემდეგი გახლდათ: მან სტოკჰოლმის მახლობლად პატარა კუნძული შეიძინა და ერთ მშვენიერ დღეს ცოლს განუცხადა, რომ მისთვის სიურპრიზი აქვს მომზადებული და თითქმის უბრძნა, რომ მასთან ერთად შვედეთში წასულიყო. სამ­შობ­ლოში დაბრუნება უკვე ენით აუწერელი სიურპრიზი გახლდათ ინგრიდისათვის, მაგრამ იქ მას მეტი აღფ­რთ­ოვანება ელ­ოდა - თანა­მემა­ულეებმა მას ყვ­ელაფერი აპა­ტიეს! საყ­ვა­რ­ელმა კაცმა კი საჩუქრად ის პატარა კუნ­ძუ­ლი დანხოლმენი აჩუქა, რომ­ლის სიახლოვესაც ბავშვობა ჰქო­ნდა გატარებ­უ­ლი ინგ­რ­იდს!...
ამ კუნძულზე არ იყო არც ელექტრობა, არც ტელეფონი და ტელევიზია და არც კინოს ხმაურიანი სამყარო, იყო მხოლოდ ის ბედნიერება, რა­საც სახელოვანი შვედი მს­ა­ხიობი მთელი ცხოვრების მა­ნძილზე დაეძებდა. მარ­თა­ლია, ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჯერაც საკმაოდ ჯანმაგარ ლა­რსს სხვა ქალი შეუყვარდა და ეს საიდუმლო ინგრ­იდსაც გაანდო, მაგრამ ისინი ერთმანეთს მაინც არ დაშორებიან, რადგან ერთ საშინელ დღეს გაირკვა, რომ ინგრიდი უკურნებლი სენითაა დაავადებული და ეს სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა  შვედეთის სამეფო თეატრში მისი დაბრუნება უნდა მომხდარიყო...

... ინგრიდი ორიოდე კვირით ლოგინს მიეჯაჭვა, მერე კვლავ შეძლო წამოდგომა და ზღვის ნაპირას ჩადიოდა ხოლმე, იჯდა საათობით და, მგონი, არაფერს ნანობდა; ერთხელ კი მან ლარსს სთხოვა - "როცა მე... როცა აღარ... ჩემი ფერფლი ამ ნაპირზე გააბნიეო!"~ მისმა საყვარელმა ლარსმა უხმოდ დაუქნია თავი..
სამი დღის შემდეგ ინგრიდ ბერგმანი გარდაიცვალა...