(ერთი მსახიობის მიოგრაფია #4)
თენგიზ არჩვაძე
(მოამზადეს მაკა ახვლედიანმა და ალექსანდრე ელერდაშვილმა, 2003 წ)
"...მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება"
"...პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს".
"...როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს.
...თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია".
დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში.
დედა - კლავდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე.
წარმოშობით რაჭველი, სოფელ მრავალძალიდან.
მამა - გრიგოლ დავითის ძე არჩვაძე.
მეუღლე - ნელი ფილიაშვილი, პროფესიით ფილოლოგი და მსახიობი.
ქალიშვილები:
ნატო - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
ნათია - ინგლისური ენის სპეციალისტი.
შვილიშვილები:
ანა ქებურია, მარიამ და ირინე ქავთარაძეები.
შვილთაშვილი - ნატუკა ხუნდაძე
ამონაწერი ოცდაშვიდი წლის წინანდელი ინტერვიუდან
"...თენგიზი ისეთი ექსტაზით ლაპარაკობს კინოზე, რომ უნებლიედ მებადება კითხვა, სად უფრო "აინტერესებს და მოსწონს" მას თამაში - თეატრსა თუ კინოში.
(მონოლოგის გაგრძელება)
თაყვანისმცემლები
თენგიზ არჩვაძე
დაიბადა 1932 წელს
საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობია. თეატრსა და კინოში განსახიერებული აქვს ასზე მეტი როლი.
(მოამზადეს მაკა ახვლედიანმა და ალექსანდრე ელერდაშვილმა, 2003 წ)
"...მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება"
"...პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს".
"...როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს.
...თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია".
დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში.
დედა - კლავდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე.
წარმოშობით რაჭველი, სოფელ მრავალძალიდან.
მამა - გრიგოლ დავითის ძე არჩვაძე.
მეუღლე - ნელი ფილიაშვილი, პროფესიით ფილოლოგი და მსახიობი.
ქალიშვილები:
ნატო - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
ნათია - ინგლისური ენის სპეციალისტი.
შვილიშვილები:
ანა ქებურია, მარიამ და ირინე ქავთარაძეები.
შვილთაშვილი - ნატუკა ხუნდაძე
* * *
თენგიზ არჩვაძე მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 50-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა. სხვა გამორჩეულ შემოქმედთა გვერდით ყოფნამ ხელი არ შეუშალა მის ნიჭს, რათა მხოლოდ მისეული გზით განვითარებულიყო. ამ მსახიობის სამყარო წმინდა და თვითმყოფადია, ხმაც კი აბსოლუტურად გამორჩეული აქვს. ბატონი თენგიზის მიერ წარმოთქმულ ფრაზაში მკაფიოდ ისმის ქართული ენისათვის დამახასიათებელი გამოკვეთილი ხმოვანება. სასიამოვნო ტემბრსა და ფოლადისებრ ჟღერაში თითქოს ძალაც იგრძნობა და ხავერდოვნებაც. იგი მშვიდად საუბრობს, მაგრამ მის მიღმა შინაგანი ღელვა, ემოცია და მგზნებარება იგრძნობა, მსმენელიც ასეთივეა - მშვიდად გისმენს და მის რეაქციას ნაუბარზე უსიტყვოდაც გრძნობ. საერთოდ სიტყვაძვირია.
თენგიზ არჩვაძის პიროვნებას რომ ეცნობი, ნელინელ აცნობიერებ, რომ ის არა მარტო დიდი არტისტი, არამედ თავისი პიროვნული თვისებებით ჭეშმარიტი ქრისტიანიც გახლავთ. საკუთარ ტკივილსა და სიხარულს მორჩილად და, ამავე დროს, დიდი ღირსებითა და სიყვარულით ატარებს.
ალბათ, ამის გამოც უყვარს ბატონ თენგიზს ასე უსაზღვროდ მთა - ამაყიც და შეუვალიც, გულჩათხრობილიც და ფაქიზიც,
"- მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია - ამბობს ბატონი თენგიზი - ზღვარი არა აქვს ამ სიყვარულს, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან".
ფსიქოლოგიურად რთული და მტკიცე ხასიათის გმირების ოსტატია. მისი თითქმის ყველა პერსონაჟი იბრძვის და ამტკიცებს საკუთარ თავს. მსახიობი უარყოფით როლებშიც კი ცდილობს ძლიერი ნებისყოფის გმირი წარმოადგინოს, რათა ამით ხელი შეუწყოს მის გვერდით სიკეთის მკვეთრ გამოვლენას.
თენგიზ არჩვაძე არ ეკუთვნის იმ კატეგორიის მსახიობებს, ეგრეთწოდებული "ვარსკვლავის" თვითდაჯერება რომ სჭირთ. პირიქით, მისი აურა სასიამოვნოს ხდის მასთან ურთიერთობას. ბინა, რომელშიც ბატონი თენგიზი ცხოვრობს, სულაც არ ჰგავს აფიშებითა და სურათებით კედელაჭრელებულ მსახიობების ოთახს. აქაც იგრძნობა მისი არამყვირალა, თავმდაბალი, ჩუმი ბუნება.
მისი უშუალობა, ვაჟკაცობა, სისადავე და გულითადობა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
კედელზე მხოლოდ რამდენიმე მოკრძალებული ფოტო და ფერწერული ნამუშევარია. კარადაზე შავი ჩოხაა ჩამოკიდებული საკიდარზე, ჩანს, პატრონი ისე უფრთხილდება მას, რომ, ნაკეცების დადების გამო, კარადაში შეკიდვის ეშინია.
"- ეს ჩოხა ახლახან შევიკერე და 26 მაისს მსურს ჩავიცვა. სამწუხაროდ, ნაბადი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ჩრჩილმა გააფუჭა და მე ნუ დამდებთ ბრალს. საერთოდ კი, ნაბდის ფასი მხოლოდ მთაში მოსიარულე კაცმა იცის" - ამბობს ბატონი თენგიზი.
დიდი და ნათელი ოთახის სხვადასხვა კუთხეში საეკლესიო და საერო ლიტერატურა, ხანჯლები და წამლები აწყვია... ირგვლივ რწმენა, ინტელექტი, ასაკი, ნებისყოფა, და ტკივილია გამეფებული.
...ყოველივე ეს კი სადღაც დაიწყო.
* * *
ამონაწერი ავტობიოგრაფიიდან
* * *სწავლა დავიწყე თბილისის მე-19 საშუალო სკოლაში, შემდეგ კი ვაჟთა მე-20 სკოლაში ვსწავლობდი.
* * *1951 წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც 1955-ში დავამთავრე.
* * *1955 წელს დავოჯახდი
* * *1967 წელს მომენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
* * *1956-67 წლებში ვმუშაობდი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 1967-72 წლებში კი - რუსთავის თეატრში.
* * *1972 წელს კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დავუბრუნდი.
* * *1979 წელს მომენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
* * *1981 წელს მომენიჭა სახელმწიფო პრემია.
* * *1985 წელი - რუსთაველის პრემია.
ერთი მსახიობის მონოლოგი
"გვარით და ჯილაგით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან, გახლავართ, დაბადებით კი თბილისში დავიბადე, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც თბილისში ცხოვრობდნენ.
ბაბუა, დავით არჩვაძე, რეაქციის წლებში, 1907 წლის 15 სექტემბერს მოკლეს, სიცოცხლე იმათ მოუსწრაფეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილია მოკლა. სრულიად ახალგზარდა ბებია მარტო დარჩა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მამა, გრიგოლ დავითის ძე არჩვაძე, უფროსი იყო მათ შორის და ძალაუნებურად ოჯახის სიმძიმე მასაც დააწვა. ოჯახს სათავეში იგი ჩაუდგა - და-ძმები გაზარდა, განათლება მიაღებინა. გაჭირვების მიუხედავად, წიგნის სიყვარული არ განელებია, უყვარდა ლიტერატურა, ახალგაზრდობაში ლექსებსაც წერდა. ბავშვობიდან სძულდა პოლიტიკა და პოლიტიკოსები, უკომპრომისო კაცი იყო (პოლიტიკური კარიერა არც მე მხიბლავდა, არასდროს არცერთი მთავრობის კაცი არ ვყოფილვარ, ამ თვისებით, ალბათ, მამას დავემსგავსე). მამაჩემი ერთი პერიოდი, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაზეთის რედაქტორადაც მუშაობდა ჭიათურაში. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები "შემობრძანდნენ" საქართველოში, სერგო ორჯონიკიძე გადაეკიდა მამაჩემს და მამამაც მიატოვა ყველაფერი, თბილისში გადმობარგდა...
დედა - კლაუდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე დიასახლისი იყო. ძირითადად საოჯახო საქმით და ჩვენი აღზრდით იყო დაკავებული.
ოჯახის არცერთ წევრს თეატრთან პროფესიული შეხება არ ჰქონია.
* * *
თბილისის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, "ვორონცოვზე" ვცხოვრობდით, სადაც თითქმის ოცდაათი წელი გავატარე. ახლაც დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი ძველი სახლი, პატარა "იტალიური" ეზო, ერთ ოჯახად მცხოვრები ქართველები, ებრაელები, სომხები ერთმანეთის ჭირისა და სიხარულის გამზიარებლები იყვნენ, ერთი სტუმარი ყველას სტუმრად ითვლებოდა. საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენს ეზოში.
ბავშვობა უბედნიერესი ხანაა!
მე გულჩათხრობილი ბავშვი გახლდით, მეოცნებე... ჩხუბი და დავიდარაბა არასოდეს მყვარებია.
ჯერ მე-19 საშუალო სკოლაში, ხოლო შემდეგ ვაჟთა მე-20 სკოლაში ვსწავლობდი. მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, გეოგრაფიაც მიყვარდა, აი, ტექნიკურ საგნებს კი ნაკლებად ვწყალობდი.
ხატვა ჩემი სერიოზული გატაცება იყო. ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელთ, სადაც მომიწევდა, - ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს.
პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი. იქვე დრამწრეც იყო. მე და ჩემმა მეგობარმა გურამ მაცხონაშვილმა (შემდგომში თეატრის რეჟისორმა) დრამწრეში შესვლა გადავწყვიტეთ. იქ ისეთი ბრწყინვალე პედაგოგები - და საერთოდ ქართველები - ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ვახტანგ სულაქველიძე და ნოდარ ჩხეიძე. ისინი არამარტო მსახიობებად, არამედ ქართველებად და მეგობრებად გვზრდიდნენ. მოწიფულობაში ბატონი ვახტანგი და ნოდარი ჭეშმარიტ უფროს მეგობრებად მექცნენ.
ჩემთან ერთად პიონერთა სასახლის დრამწრეში ფეხი აიდგეს ზინა კვერენჩხილაძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა, რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე კი იქ დაგვხვდნენ (რამაზი და გურამი ჩემზე 4-5 წლით უფროსები არიან).
ნორჩ მსახიობთა თეატრში ჩემი პირველი როლი "აჩაკუნე" იყო პიესა "პატარა მეგობრებში".
ზაფხულობით პედაგოგებს ჩვენი დრამწრის წევრები ქვიშხეთში, "ბერიას" ბანაკში მიჰყავდათ. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო. პიონერთა სასახლეს უკავშირდება ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები. სწორედ დრამწრე იყო იმის მიზეზი, რომ მეცხრეკლასელი სკოლიდან ქუჩაში გამიძახეს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს გატაცებას არასერიოზულად უყურებდნენ და გაკვეთილებს რომ ვაცდენდი, გამოუსწორებელ ყალთაბანდად მთვლიდნენ. მერე, იცოცხლეთ, მსახიობის გზას რომ სერიოზულად გავყევი, ვინ იცის, რამდენი სპექტაკლის შემდეგ დამხვედრია თეატრის გამოსასვლელთან ჩემი სკოლის დირექტორი, თვალცრემლიანი და გახარებული.
...სხვათაშორის, მე ჯერ ინსტიტუტში მომცეს დიპლომი, სკოლის ატესტატი კი მხოლოდ ამის შემდეგ მიბოძეს.
ბაბუა და "მარუსი"
პირველად დედულეთში, მრავალძალში, ბაბუამ, ნიკოლოზ სხირტლაძემ რომ წამიყვანა, 9-10 წლისა ვიქნებოდი. ომი ახალი დაწყებული იყო (მანამდე ზაფხულობით, დასასვენებლად კოჯორსა და წაღვერში დავდიოდი). შორაპნიდან საჩხერემდე "კუკუშკით" ჩავედით. სადგურზე ჩალვადრები დაგვხვდნენ ცხენებით. ნაქერალას ქედი უნდა გადაგვევლო, მთელი დღე სჭირდებოდა მგზავრობას. გზაზე შემოგვაღამდა, ბაბუა ერთი ეზოს კარს მიადგა და დაიძახა - მასპინძელო! მასპინძელო! - და ის ღამე იმ მასპინძელთან გავათიეთ. კარგად, ქართულად მოგვეფერნენ, დილით კეთილი გზა გვისურვეს და გამოგვიშვეს.
დიდი სითბო და სიყვარული იცოდნენ საქართველოში, სტუმარი უყვარდათ ძალიან!
რაჭის სილამაზემ გამაოცა. ჩემს დედულეთში, მრავალძალში, წმინდა გიორგის შესანიშნავი ეკლესია იყო, რომელიც ამ 10-12 წლის წინ მიწისძვრამ, სამწუხაროდ, მთლიანად დაანგრია.
დიდად შემიყვარდა იქაურობა, რაჭის ხშირი სტუმარი გავხდი.
ბაბუას რაჭაში ცხენი ჰყავდა - "მარუსა" ერქვა, ჩერქეზული იყო. 14 წლის ვიქნებოდი მაშინ, ცხონებულმა ბაბუაჩემმა ცხენი რომ შემიკაზმა. "შენს ტოლებს არაფერში გამოაკლდეო" - მითხრა და შქმერის კლდეში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ჩვენს ახლობლებთან გამიშვა. გასაკვირია, მაგრამ ქალაქში გაზრდილმა ბიჭმა მშვიდობით მოვახერხე სოფელში ჩასვლა. საღამოს უკან დაბრუნება მოვისურვე, შევჯექი ჩემს ცხენზე და წამოვედი. ჭალებს რომ მოვუახლოვდი, ცხენმა აქეთ გაიწია, მე სხვა მხარეს გავქაჩე, ერთხანს მაწვალა, მაგრამ ბოლოს დამყვა.... მთელი ღამე ვიარე, როცა ირიჟრაჟა, მივხვდი, რომ გზა ამრეოდა და სხვა მხარეში ვიყავი გადასული. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. უკან უღრანი ტყე იყო. ახლა კი ჭკუა ვიხმარე, ცხენს დავუჯერე, აღვირი მივუშვი და შინ მშვიდობით დავბრუნდი.
ძალიან ჭკვიანია ცხენი!
ეს იყო ჩემი პირველი გამოცდა და პირველი დამოუკიდებელი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
რთული გზა
როგორც ვთქვი, ხატვისთვის თავი არასოდეს დამინებებია, ახლაც მიყვარს, მაგრამ ერთხელ, სამწუხაროდ, ცუდ ხასიათზე მყოფმა, ყველა ჩემი ნახატი დავწვი... ისევე, როგორვ გოგოლმა, "მკვდარი სულების" შემდგომი ნაწილები.
ასეა თუ ისე, პიონერთა სასახლის დრამწრის წყალობით მხატვრობას მსახიობობა ვარჩიე და უგამოცდოდ ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში.
პირველ კურსზე ქალბატონი ლილი იოსელიანი გვასწავლიდა, შემდეგ აკაკი ვასაძე და ბოლო კურსზე - აკაკი ხორავა. აკაკი ხორავასთან ერთად სცენაზეც კი ვითამაშე ალექსანდრე სუმბათაშვილის ცნობილ პიესაში "ღალატი".
* * *
IV კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ვასო ყუშიტაშვილმა და ამავე თეატრის დირექტორმა, ივანე გვინჩიძემ, თეატრში მიმიყვანეს. მაშინ ვახტანგ ტაბლიაშვილმა "ერეკლე მეფე" დადგა და მე რუსი დესპანი ოფიცრის როლი მათამაშეს. სცენაზე რუსულად ვლაპარაკობდი. ბედის დაცინვაც ეს იყო - ქართულ თეატრში სამსახიობო საქმიანობა რუსული ტექსტით დავიწყე.
* * *
კინოში პირველი როლი ეპიზოდური მქონდა. სიკო დოლიძემ გადაიღო ფილმი "ფატიმა". მე თეთრი ჩოხა მეცვა, თავადი ბადალაევი ვიყავი. მთავარი როლი კი "კეთილ ადამიანებში" ვითამაშე. როლზე წინასწარი სასინჯი გადაღების გარეშე ამიყვანეს. არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ დიდი სკოლა მქონდა გავლილი პიონერთა სასახლეში, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტის ოთხი-ხუთი წელი იყო. ისიც შეიძლება ითქვას, რომ, მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციით, ბაში-აჩუკის როლის შესრულების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიყავი, თუმცა არჩევანი ოთარ კობერიძეზე შეჩერდა და ეს სრულიად ლოგიკური იყო, რადგან მაშინ იგი, თავისი ასაკითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, უფრო შეესაბამებოდა ბაში-აჩუკის როლს
* * *
ხანდახან ერთდროულად ოთხ-ხუთ ფილმში მიმუშავია. შატილიდან მურმანსკში მიწევდა გადაბარგება, მურმანსკიდან გემით - ფრანც იოსების მიწაზე, იქიდან - კიევში (სერგო ფარაჯანოვი იღებდა ფილმს "კიევის ფრესკები", რომელიც საბოლოო ჯამში ეკრანზე არ გამოუშვეს).
ასეთ დაძაბულ ცხოვრებას კარგი სპორტული მომზადებაც სჭირდებოდა... ჰოდა, აქვე ის ამბავიც მინდა გავიხსენო, სტუდენტობისას ფარიკაობაზე რომ დავდიოდი და ვარჯიშის დროს სასიკვდილო ჭრილობა რომ მივიღე. მაშინ 21 წლის ვიქნებოდი, თითქმის მთელი წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გავატარე. სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს იულია ფარეშაშვილს უნდა ვუმადლოდე. აღარავინ ფიქრობდა, რომ ხელში კვლავ ავიღებდი დაშნას, მაგრამ მე ფარიკაობისთვის თავი არ დამინებებია.
* * *
მსახიობისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ არის მისი პარტნიორი. პარტნიორები თუ ერთმანეთს დიდ პატივს არ სცემენ, არაფერი გამოვა, ერთ საქმეს ვერ გააკეთებენ. მე ამ მხრივ ბედმა გამიღიმა! ჩემი პარტნიორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ომიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, სოფიკო ჭიაურელი, ლია ელიავა... რომელი ერთი ჩამოვთვალო - ქართული თეატრისა და კინოს ნაღები. ეს პიროვნებები ჩვენი სცენისა და ეკრანის ისტორიას ქმნიდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც ქმნიან.
მსახიობმა თავისი გმირის ხასიათი კარგად უნდა შეისწავლოს, ბოლომდე უნდა ჩაწვდეს მას. მერე კი ეს გმირი ისე ახლობელი ხდება, რომ შეიძლება ვერც გაარჩიო - ეს "შენ" ხარ თუ "ის".
სპექტაკლში "ასის წლის წინათ", რომელიც მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა ილიას "მგზავრის წერილების" მიხედვით, ავტორს, მთხრობელს ვასახიერებდი. მთელი სპექტაკლი მე მიმყავდა. ამ როლზე მუშაობისას დიდი შრომის გაწევა მომიხდა, მას ჩემი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი დავახარჯე. სანაცვლოდ კი რაღაც შუცნობი სიამაყე და სიხარული დამიტოვა ამ როლმა.
* * *
როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს (თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია). უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა.
უარყოფითი გმირიც კი გამოკვეთილი, სრულყოფილი უნდა იყოს და ესთეტური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა ჩანდეს. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა, ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს.
ბევრ რამეზე მწყდება გული. რის გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობები. ხელოვნებაში ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნებაა გადამწყვეტი. ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი.
...რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!
ამონაწერი ოცდაშვიდი წლის წინანდელი ინტერვიუდან
("მე მაინც მსახიობობას ვირჩევდი",
ჟურნალი "ახალი ფილმები",
ინტერვიუს უძღვება თეიმურაზ მაღლაფერიძე, 1976 წელი)
"...თენგიზი ისეთი ექსტაზით ლაპარაკობს კინოზე, რომ უნებლიედ მებადება კითხვა, სად უფრო "აინტერესებს და მოსწონს" მას თამაში - თეატრსა თუ კინოში.
დაუფიქრებლად მპასუხობს:
- თეატრში - და თითქოს უღრმეს საიდუმლოს მანდობსო, ჩუმად განაგრძობს: - იცი, მაყურებელი, ჩაბნელებული დარბაზი, მუდამ ხახადაღრენილ გველეშაპს მაგონებს. გამოდიხარ სცენაზე და იცი, საკმარისია ერთი დაუფიქრებელი, არაზუსტი ნაბიჯი, ან სიტყვა და, მაშინვე გველეშაპის ხახაში ამოყოფ თავს და შენც მთელი ძალღონის დაძაბვით ცდილობ ხელიდან დაუსხლტე აშკარა დაღუპვას. წვალობ, ჭირის ოფლში იწურები, და თანდათან, შენდა გასაოცრად და გასახარელად ატყობ, რომ გველეშაპი შინაურდება, გადაყლაპვით აღარ გემუქრება და პირიქით, შენი სურვილების მორჩილი ხდება. და შენც მართავ მას ისე, როგორც მოგესურვება, მომთვინიერებლივით. ასე მეორდება ყოველ გამოსვლისას სცენაზე - გინდა შეჩვეული იყოს როლი და გინდა შეუჩვეველი. აი, სწორედ აქ იმალება ის უღრმესი აზარტი, რომელსაც თუკი ერთხელ ეზიარება მსახიობი, მერმე სამუდამოდ მისი ტყვე რჩება. ცხადია, რაც უფრო კარგად შეგიძლია "გველეშაპის" მოთვინიერება, მით უფრო კარგი მსახიობი ხარ, კინოგადაღებისას ასეთი წამლეკავი აზარტი, საეჭვოა, რომ ესტუმროს მსახიობს. ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე ვლაპარაკობ. ამიტომაც მირჩევნია თეატრში თამაში.
ცოტა ხანს შეჩერდა და დაუმატა:
- ეჰ, საკმაოდ სევდიანი პროფესიაა მსახიობობა.
- ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხევაში, მსახიობობას აღარ ისურვებდი? - შევუბრუნე კითხვა.
- სხვათაშორის, ამას წინათ მცხეთაში, ვახშმობისას, იური იარვეტმა (ეს ესტონელი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი, გრაფი სეგედის როლს ასრულებს "დათა თუთაშხიაში" - რედ.) ზუსტად იგივე მკითხა, - გაეცინა თენგიზს.
- რა უპასუხე? - დავინტერესდი.
- ვუპასუხე, რომ კვლავაც მსახიობობას ავირჩევდი. მერე მე ვკითხე: თქვენა-მეთქი?
- მე, ალბათ, არაო - მითხრა იარვეტმა, - ნამეტნავად ბევრი ჭკუის მასწავლებელი გვყავს მსახიობებს და იმიტომო.
- დამაფიქრა ამ სიტყვებმა. რაღა დავმალო, მართალიც მეჩვენა, მაგრამ...
თენგიზი წამით შეყოვნდა:
- მე მაინც მსახიობობას ავირჩევდი.
(მონოლოგის გაგრძელება)
დღესდღეობით ჩვენი კინო თითქოს ჩაკვდა, ძალიან უჭირს, თეატრმა კი მაინც ბევრ რამეს გაუძლო. თეატრი ხელოვნების უძველესი დარგია და ეს ბევრს ნიშნავს. მასაც უჭირს, მაგრამ თავის გადარჩენას მაინც ახერხებს. მჯერა, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
პოპულიზმი, ნარცისიზმი - ეს უცხოური სიტყვებია, ქართულად ამას ამპარტავნობა ესადაგება. სულხან-საბა ამბობს: "ამპარტავანი - თავისი ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, გულმაღალი და სწავლის მოთაკილე". დიახ, ამპარტავნობაა ის, რასაც მოსდევს სიყალბე და დილეტანტიზმი! რას მოვესწარი - მდაბიონი ამაღლდნენ, აღმეტებულნი დაეცნენ, უზრდელი გაძღა, ზრდილობიანი დაიმშა, უმეცარნი ხელმწიფობენ და ბრიყვნი თამადობენ.
პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი - ნაღდი.
როცა აღარ ხარ და შენს "დაუხმარებლად" იზრდება შენი სახელი - აი, ამას ვცემ პატივს და კიდევ პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივით: კირითხუროს, დურგალს, მეწაღეს, მწერალს, მსახიობს... ნაღდის სახელის მაძიებელ ყველა კაი ყმას!
* * *
ერთ ამბავი გამახსენდა:
ერთხელ მურმან ლებანიძემ რუსთაველის საზოგადოებაში მისვლა მთხოვა. ვიფიქრე, რამე პოლიტიკურ პარტიაში არ გამაწევრიანონ-მეთქი და ფეხი ვითრიე, ბოლოს მურმანმა ამიხსნა, რუსთაველის საზოგადოების წევრი უნდა გახდეო. პოლიტიკური ხომ არაფერია-მეთქი ვიკითხე, ჰოდა, რომ დავრწმუნდი, პოლიტიკური არაფერი იყო, მივედი. არაჩვეულებრივად შემხვდნენ. ქალბატონმა ლენამ (მურმანის მეუღლემ) რაღაც კონვერტი გადმომცა, ვიფიქრე, ალბათ, ადრესია. მერე ბატონმა მურმანმა მითხრა, სახლამდე მე თვითონ გაგაცილებ და ვიდრე ფანჯრიდან არ გადმოიხედავ და არ დავრწმუნდები, რომ სახლში ხარ, მანამ არ წავალო. მივხვდი, საქმე რაღაცაში იყო. თურმე კონვერტში 2000 ლარი ჩაუდიათ. ასე შემატანინა ძღვენი ოჯახში ბატონმა მურმანმა.
ასეთებიც მომხდარა
მე და რეზო ლაღიძეს ერთხელ გვითხრეს - პარიზში უნდა წახვიდეთ, ფესტივალზე გაიმარჯვეთ და პრიზებით გაჯილდოებენო.
დაგვიბარეს "კაგებეში" და თავიანთ პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს...
შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც სავარძელში მჯდარი ჩინოვნიკი დაგვხვდა. ჩვენთვის სკამიც არ შემოუთავაზებია, პირდაპირ შეუდგა ანკეტის შევსებას:
- სახელი?
- რევაზი, ბატონო!... რეზოს მეძახიან.
- გვარი?
- ლაღიძე.
- პროფესია?
მეგობარმა, რომელიც თან გვახლდა, ვეღარ მოითმინა და გაკვირვებულმა განმარტება სცადა:
- კომპოზიტორია, ბატონო, ნუთუ "თბილისო" მაინც არ...
პოლკოვნიკმა მეგობარს სიტყვა არ დაამთავრებინა და იმავე კითხვებით მე მომმართა.
ანკეტის შევსების შემდეგ მე და რეზოს რაღაც ნემსები გაგვიკეთეს, იმხელა შპრიცები იყო, ახლაც შიშით მახსენდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა, ჩავსხედით მე და რეზო თვითმფრინავში, ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს და სადაცაა გავფრინდებით. რეზო შეფიქრიანებული მეკითხება:
- კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფაო?!
მე ვამშვიდებ: - შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია! პარიზში რომ ჩავალთ, იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ-მეთქი.
ამ ლაპარაკით ვართ გართულნი და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ჩამოგვსვევს... ბუნებრივია, ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
...რეზო ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ამ ამბის გამხელის უფლება არ მისცემია, მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე.
* * *
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფილმი "წითელი კარავი", რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა (რუსეთში - კალატოზოვი, რომელსაც ეკუთვნის ბევრი ცნობილი ფილმი და მათ შორის "მიფრინავენ წეროები"). ფილმის ერთი ნაწილი მოსკოვში გადავიღეთ, მეორე კი ფრანც იოსების მიწაზე, ჩრდილოეთ პოლუსთან. იქ გატარებულმა სამმა თვემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე: თეთრი ღამეები, თეთრი დათვები.... ისინი ისე ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, რომ პურს ვუყრიდით კიდეც. ფრანც იოსების მიწაზე მურმანსკიდან ყინულმჭრელით გავემგზავრეთ, ხუთი დღე ვიყავით ზღვაში. ამ ფილმში დასავლეთის კინოს ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: შონ კონერი, პიტერ ფინჩი, მასიმო ჯიროტი, კლაუდია კარდინალე, მაგრამ ფრანც იოსების მიწაზე ისინი რატომღაც არ წამოიყვანეს და დუბლიორებით შეცვალეს.
შონ კონერისთან დაკავშირებით ასეთი რამ მახსნდება:
იგი წარმოშობით შოტლანდიელია და საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე თურმე ურჩიეს - კავკასია მოინახულე, იქ ბევრი მთაა, როგორც შოტლანდიაშიო.
ჰოდა, მე ვიფიქრე ორი კვირით ჩამომეყვანა საქართველოში, შევუთანხმდი კალატოზოვს, მაგრამ ჩემი ფიქრი ფიქრადვე დარჩა... ორი კვირა "შესაბამის ორგანოებში" მაწვალეს დაკითხვებით და შონ კონერიც ვეღარ ჩამოვიყვანე. მან ამის მიზეზი უჩემოდაც გაიგო. "საქართველოში ჩამოსვლა აღარ მინდაო" - სიცილით მეუბნებოდა. საქართველოს სანაცვლოდ ჩემს უცხოელ კოლეგებს, შონ კონერის და პიტერ ფინჩს, კვირა დილით რესტორან "არაგვში" ვეპატიჟებოდი... ეს შეიძლებოდა. კონერის ისე მოეწონა ჩვენებური ხაში, რომ კვირამდე ვეღარ ითმენდა და სულ იმას მეკითხებოდა - რატომ არ შეიძლებოდა, დილის გარდა, სხვა დროსაც ვჭამოო ხაში?! ერთხელ კი პიტერ ფინჩმა მითხრა - "დანახარჯს ყოველთვის შენ რატომ იხდი, მილიონერები ხომ ჩვენ ვართო." მე ვუპასუხე: "- თქვენ მილიონერები ხართ, მე კი ქართველი-მეთქი".
ჩემი სვეტიცხოველი
"ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა... ყველაფერი ჩემშია. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, ისევ ჩემს სულში დარჩებიან მარადიულად. მოწიწებასა და სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება. ჩუმად, ჩემთვის, ჩემის ძალითა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია.
ყველა ეს სიყვარული, როგორც ოქრომკედის ერთი დიდი და ლამაზი გორგალი ჩვენს ტაძრებში დევს. ყველა ტაძარი სასოების სახლია. ყველა ტაძარს, დიდსა თუ პატარას, ხიბლი აქვს. ძალიან მიყვარს "სამების ტაძარი", სადაც ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა დაიწერეს ჯვარი. მე თავად "სიონში" ვარ მონათლული. მრავალძალში წმინდა გიორგი დიდებული ეკლესია იყო, ახლა, როგორც ზემოთაც ვთქვი, ეს ეკლესია მიწისძვრისაგანაა დანგრეული... მასთან ჩემი ბავშვობის ბევრი მოგონება მაკავშირებს.
სვეტიცხოველი ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშია, ტაძართატაძარი. არა მგონია, მისი მსგავსი რამ კვლავ ავაგოთ ქართველებმა. გულახდილად გეტყვით, დღეს თბილისში მშენებარე, ახალი, დიდი ტაძრის ნახვას გავურბივარ, - ვაითუ, არ მომეწონოს-მეთქი.
თაყვანისმცემლები
...თაყვანისმცემლებიო? - მეკითხებით.
ასეთები ბევრნი იყვნენ. საიდან არ მომდიოდა წერილები: ციმბირიდან, ვლადივოსტოკიდან... უმეტესად ქალები მწერდნენ. წერილებს ჩემს მეუღლეს ვაძლევდი -შენ უპასუხე-მეთქი. დღეში რატომ ასი წერილი არ მომდიოდა, მაგრამ არ მაღიზიანებდა, მყვირალა სიტუაციებიდან ყოველთთვის იოლად ვახერხებდი თავის დაძვრენას.
დღესაც ბაზარში თუ ტრანსპორტში როცა მცნობენ და პატივისცემის გამოხატვა სურთ, თავს უხერხულად ვგრძნობ, მსურს განვერიდო. ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ:
სამარშრუტო ტაქსით რომ ვმგზავრობ ხოლმე, მგზავრობის ფულის გადახდას არ მაცლიან, ხან თავად მძღოლები არ მართმევენ ფულს. განსაკუთრებით უხერხულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ქალბატონები ამჟღავნებენ მსგავს პატივისცემას.
ჰოდა, ერთხელაც, ნასვამმა და საკუთარ თავზე გაჯავრებულმა, თითქოს გამოწვევა მივიღე და სამარშრუტო ტაქსის მთელ შემადგენლობას პატივი ვეცი - "ყველასი გადახდილია-მეთქი!"
ქალის იდეალიო? - მეკითხებით.
ქალის იდეალად ოთარაანთ ქვრივის სახე დარჩა ჩემთვის. მას ძალიან ჰგავდა ბებიაჩემი ნატო, რომელიც ოცდაშვიდი წლის ასაკში დაქვრივდა და ხუთი შვილი გაზარდა ღირსეულად. ამიტომ დავარქვი ჩემს უფროს ქალიშვილს მისი სახელი (ბიჭი რომ მყოლოდა, აუცილებლად ბაბუაჩემის, დავითის სახელს დავარქმევდი).
ქალის იდეალს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკური გარეგნობა არ აყალიბებს. დიახ, ქალი მშვენიერი უნდა იყოს, მაგრამ უფრო მეტად თავის ღირსებას უნდა სცეს პატივი, ოჯახის ერთგული უნდა იყოს, ბურჯი უნდა იყოს ოჯახისაც და, აქედან გამომდინარე, ერისაც.
* * *
შვილებთან ურთიერთობაში მინდა, მკაცრი ვიყო, მაგრამ არ გამომდის, დამთმობი ვარ. ალბათ, რიდია მთავარი. მამაშვილის ურთიერთობაში ოქროს კვეთი უნდა არსებობდეს, როდის, რა დონეზე, რა უნდა გაღელვებდეს და რა გწვავდეს შვილთან მიმართებაში, ამას თერმომეტრით ვერ გაზომავ და საშუალო ტემპერატურას ვერ დაადგენ. თუ ნამდვილი მამა ხარ, ალბათ, ნამდვილი უფროსი მეგობარიც უნდა იყო, გამგებიც და მასწავლებელიც, დამთმობიც და პრინციპულიც.
მე მაქვს ჩემი შვილების იმედი, მაგრამ მთავარია, მათ ჰქონდეთ ჩემი იმედი.
პირველი შეხვედრა სასმელთან
სახლში დიდი მარანი გვქონდა, მამაჩემი ჩინებულ წითელ ღვინოს აყენებდა. 26-27 წლამდე ღვინო დათრობამდე არ დამილევია, მაგრამ სუფრის სიყვარული კი დიდი მქონდა.
რა ტრადიცია იყო, რა მაღალი დონე!
სიმონიკა სხირტლაძე კი, რომელიც დედის მხრიდან ბიძად მერგებოდა, ხომ, მგონი, მთელ საქართველოში ცნობილი თამადა იყო. დიდი სიტყვა-პასუხის კაცი გახლდათ, ძალზედ განათლებული და ნამდვილი ინტელიგენტი, ტრადიციების დიდი მოყვარე და კარგი მსმელი, ღვინო არ ეკიდებოდა იოლად.
ერთხანს სასმელი ვერც მე მათრობდა ადვილად. ახლა საერთოდ აღარ ვსვამ, ამიკრძალეს... არადა, ჩემთვის წარმოუდგენელია, კაცი ღვინოს არ სვამდეს. კახური ღვინო მიყვარდა განსაკუთრებით, თუმცა კი მაინცადამაინც სასმელს არ განვარჩევდი...
ხედავთ?! - მე უკვე წარსულ დროში ვლაპარაკობ...
"სუფრული ჩანართი" ზურაბ ქაფიანიძის მოგონებიდან
"როდესაც თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს, ვერ იტანს, თუ ვინმე ლაპარაკობს. ჰოდა, ყოველთვის გასაოცარი სიჩუმეა ხოლმე.
ერთხელაც, რაჭაში ვართ...
ქეიფსა და ერთმანეთის სიყვარულობაში ალიონიც წამოგვეპარა. თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ყველას უხარია ხესაც, მიწასაც, კავკასიონსაც, ზემოდან რომ დაგვცქერის... ასეთი განწყობა ახლავს თენგიზის სადღეგრძელოს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა! თენგიზი გაჩერდა... მამალიც გაჩერდა... თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და, ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა, მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეარხია. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა!
...იმ მამალს "თენგიზის მამალი" დავარქვით. ვინც მაშინ რაჭაში ამ დიდი მსახიობის ნახვა ვერ მოასწრო, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე.
მთა და ცხენი
"...მარტოობა მიყვარს, საკუთარ თავთან დიალოგი მშველის ხოლმე ყოველთვის. მთაში უკეთ ვგრძნობ თავს, მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან. ყოფილა შემთხვევა, მარტოდმარტოს გამიტარებია მთელი შვებულება მთაში, ხევსურეთში. კარავი, სიახლოვეს წყალი და მცირეოდენი საკვები საკმარისია... თუ ცხენიც გყავს, ეს ხომ ნეტარებაა!
უდიდესი ბედნიერება იყო, მთაში მზის ამოსვლას რომ ავასწრებდი ადგომას, ავიდოდი სერზე, დავდგებოდი და ველოდი მზის ამოგორებას. ის დალოცვილიც მალე ამობრძანდებოდა ცის თაღზე და გავარვარებული ბურთივით თავს წამომადგებოდა.
ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა!
ძმობა და ქალაქელობა
...ურთიერთობაში კაცი აბსოლუტურად გახსნილი უნდა იყოს. ნათქვამია _ დაფარული ეშმაკისა არისო. ალალ ურთიერთობაში კონტაქტი ადვილად მყარდება, ხეკეთილისგან ნაყოფიც კეთილი გამოდის.
ძველი იმდენად ძვირფასია, რომ ახალი კონტაქტების სურვილი აღარ მაქვს. ძველებიდან ბევრნი აღარ შემოვრჩით ერთმანეთს. სამწუხაროდ, ასე ყოფილა ოდითგან: კაცი, რომელიც მთლიანად იხარჯება, ადრე მიდის ამქვეყნიდან. მე როგორ შემოვრჩი დღემდე, მიკვირს...
მეუბნებიან - "მაგარი ჩამოსხმა" ხარო.
ასაკით ჩემზე უფროსი მეგობრებიც მყავდა და უმცროსებიც. ჩემზე ერთი დღით უფროსიც რომ ყოფილიყო, მასთან უფრო მოკრძალებული დამოკიდებულება მქონდა. ვიცოდი უფროს-უმცროსობის ყადრი! როგორც გითხარით, ჩემი დიდი სამეგობროდან წუთისოფელს და ერთმანეთს ცოტანიღა შემოვრჩით, მაგრამ სიყვარული არ გაგვნელებია. ზოგი მსახიობია, ზოგი მწერალი, ზოგი ინჟინერი, გეოლოგი, მხატვარი და ასე შემდეგ.
ერთი მათგანია ნავთობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, თეიმურაზ ებრალიძე, რომელიც პიონერთა სასახლიდან მომყვება. ჩემი გაჭირვების ტალკვესი იგია. ან რომელი ერთი მეგობრის იმედი არა მაქვს ფიზიკოს თამაზ ჩანტლაძის თუ სხვების? მსახიობებს აღარ ჩამოვთვლი, ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ ყველა.
* * *
ძველი თბილისი, კაცობა, კაიყმობა, ურთიერთპატივისცემა და გატანა ერთი და იგივეა. ადრე თბილისში მცხოვრები კაცი არასოდეს იტყოდა - თბილისელი ვარო, იგი ქალაქელს უწოდებდა თავს. "ქალაქად" მოიხსენიებდა თბილისს პერიფერიაში მცხოვრებიც, რადგან "ქალაქის" ცნება მხოლოდ თბილისს ეკუთვნოდა. იყო ქუთაისიც, თელავიც, ფოთიც, სოხუმიც, ბათუმიც და გორიც, მაგრამ ქალაქი მხოლოდ თბილისს ერქვა და ეს იმიტომ კი არა, რომ, ვთქვათ, ქუთაისი ან სხვა დანარჩენი, ქალაქი არ იყო, არა, მაშინ სიტყვა დედაქალაქს არ ხმარობდნენ და ქალაქი სწორედ რომ დედაქალაქს ნიშნავდა.
იმ ქალაქს - გულიანს, ნაღდს და საოცრად ლამაზს, თავის ჭრელაჭრული უბნებით და გულღია ქალაქელებით - მართლაც ვერ ვივიწყებ!
* * *
წარსული წარსულს ჩაბარდა, დღევანდელობას ყოფა ჰქვია,
მომავალი, კაცმა არ იცის, როგორი იქნება... მგონი, სასიკეთო პირი არ უჩანს...
...თუმცა, ვინ იცის?!"
ახლობლების და კოლეგების თვალით დანახული თენგიზ არჩვაძე
* * *
დედამ და მამამ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს ერთმანეთი, ჯგუფელები არიან, ერთად სწავლობდნენ.
მიყვებიან ხოლმე, რომ ისინი ისეთი წყვილი ყოფილან, ქუჩაში რომ მიდიოდნენ, ყველა თვალს აყოლებდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ეს შემდგომი ცხოვრებითაც დაამტკიცეს, ერთმანეთს შეაბერდნენ. მამაჩემი ტრადიციების დიდი მიმდევარია, ძალიან უყვარს ოჯახი. ამერიკულ ფილმებში რომაა, დედა შვილს ეუბნება, მიყვარხარო, სულ მიკვირს ხოლმე, აბა რა უნდა იყოს, რა არის ამაში გასაოცარი?! დედა და მამა ერთმანეთის საოცრად ერთგულები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირდა, ხან - გვილხინდა. ამ ყველაფერს გაუძლეს და ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ. ორივე ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ძალიან პრინციპული, მომთხოვნი საკუთარი თავის და სხვების მიმართ (ნატო არჩვაძე, ჟურნალი "სარკე" #47, 2002 წ).
* * *
თენგიზ არჩვაძის სული და სხეული გაჟღენთილია პოეზიით, განსაკუთრებით უყვარს ხალხური პოეზია, რომლის ნიმუშებსაც ასე საუცხოოდ წარმოაჩენს ხოლმე, იგი ზოგადქართული პიროვნებაა, ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრია.
ხშირად უკითხავთ ჩემთვის, მუშნი ზარანდიას უარყოფითი სახის შესრულება როგორ შესთავაზეთო. იყო მოსაზრება, არჩვაძეს დათა თუთაშხია ეთამაშა. მაგრამ ეს სრულიად გამიზნულად გავაკეთე. მინდოდა დამეპირისპირებინა ორი ღირსეული მეტოქე, მუშნი და დათა - არჩვაძე და მეღვინეთუხუცესი, არც დათაა იდეალური პიროვნება, ხოლო ზარანდიას თავისი პოზიცია აქვს, შესაძლოა, ის რამეში ცდება, მაგრამ კანონის კაცია, გულწრფელად სჯერა თავისი შეხედულებებისა, ერთგულად ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლებას. სწორედ ამ ორი ღირსეული ადამიანის შერკინებამ გახადა ფილმი საინტერესო. სხვაგვარად იგი შეიძლება პრიმიტიული გამოსულიყო (გიგა ლორთქიფანიძე).
* * *
იგი ჟან გაბენს გვაგონებს, ძუნწი გამომსახველი ხერხებით ძერწავს სახეს, ვერც იტყვი, თამაშობსო, ეს გარეგნულად, თორემ სინამდვილეში მის სულში ისე ჩასახლდება პერსონაჟი, რომ ზღვარი იშლება მსახიობსა და გმირს შორის (გაზეთი "მშვიდობა ყოველთა", ნოემბერი, 2001 წ).
* * *
თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა (კარლ ლინეკი, ქართველების ამერიკელი სიძე, თენგიზ არჩვაძის საიუბილეო საღამოზე წარმოთქმული სიტყვიდან).
* * *
დიდი ხნის წინათ ლიტველი კინორეჟისორი ვიტაუტას ჟალაკიავიჩუსი ფილმს იღებდა სალვადორ ალიენდეზე. მამა როლზე მიიწვია, უარი უთხრა. რეჟისორს მოვეწონე და როლი შემომთავაზა. გადაღებები კოლუმბიასა და ჩეხოსლოვაკიაში იყო დაგეგმილი. ძალიან გამიხარდა, მაგრამ მამამ არ გამიშვა, სტუდენტობისას ერთ ბერძნულ ფილმშიც მიმიწვიეს, მაგრამ ვერ წავედი, ესეც მამაჩემის დამსახურებაა (ნატო არჩვაძე, გაზეთი "ეპოქა", 2001 წ).
* * *
ყოველ დილას ადრე დგება და ჩუმად მიდის საყიდლებზე. არასოდეს არაფერს ვავალებთ, თვითონ იცის, რა გვჭირდება, რა უნდა მოიტანოს. ოღონდ მთელ ფულს ხარჯავს, რაც აქვს. ზოგჯერ მეორე დღისთვის ხუთი თეთრიც აღარ რჩება. თუ ფული აქვს, შეუძლია, დღეში რამდენჯერმე ჩავიდეს მაღაზიაში და შვილიშვილებს ის უყიდოს, რაც მათ უყვართ (ნათია არჩვაძე, გაზეთი "ეპოქა", 2001 წ).
* * *
`თენგიზი უსაყვარლესი მსახიობი და პიროვნებაა, რაც ასე იშვიათია ხელოვნებაში. როდესაც ვიღებდით ფილმს "შეხვედრა მთაში" მახსოვს, კოლია სანიშვილმა მითხრა, ხევსურული კილო შეისწავლეო. არადა, მთის ქალებს ლაპარაკი არ უყვართ. ერთი მშვენიერი ხევსური ქალი, სახელად სამძივარისა შევარჩიე, დავდევ და ველაპარაკები, ის კიდევ ყველაფერზე "ჰოს" ან "არას" გაიძახის.
- რა ვქნა, ბატონი კოლია, არაფერი გამომდის, ყველაფერზე "ჰოს" და "არას" გაიძახის სამძივარისა-მეთქი, - შვჩივლე რეჟისორს.
- სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი თენგიზი უყვარსო - გამოსავალიც მასწავლა.
გამოგიტყდებით და, არა მარტო მას, თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი (ლეილა აბაშიძე, გაზეთი "თბილისი", ნოემბერი, 2001 წ).
* * *
`თენგიზ არჩვაძე თხემით ტერფამდე ქართველი, ამავე დროს, ევროპული ტიპის ინტელიგენტის განსახიერებაა. მისი ბუნებისათვის უცხოა ყოველივე მოჩვენებითი, გარეგნული ეფექტები. სცენაზეც და ცხოვრებაშიც უტყუარია, არავის არასოდეს ბაძავს, არაფერს "თამაშობს". მის არსებაში საოცარი ჰარმონიულობით თავსდება ეროვნული ბუნება და ორგანული ევროპულობა (თეატრმცოდნე ნადია შალუტაშვილი).
ჯემალ მონიავა - "სიზმრად ნანახი კაცი" (ფრაგმენტები)
კარგა ხნის წინათ ერთმა ახლობელმა სიზმარი გამანდო:
- მესიზმრა, საშინელი თოვლ-ჭყაპი იყო. ხალხით გაჭედილი ქუჩაში ორმოს პირზე ფეხი დამიცდა და წელამდე წუმპეში ჩავარდი. ვყვირივარ, ვიხვეწები და ხალხს არ ესმის ჩემი ვედრება. თითქოს ვერც ხედავს ჩემს წამებას, სასოწარკვეთილი შევბღაოდი ქვეყნიერებას და ამ დროს, ხალხს უცებ თენგიზ არჩვაძე გამოეყო, დაიხარა, ხელი ჩამჭიდა, ამომათრია, მომიარა, მომიალერსა, გზაზე დამაყენა და მკითხა:
- შინამდე მისვლა ხომ არ გაგიჭირდებათ?
მადლობა გადავუხადე. მივდიოდი მტკივანი ფეხის ფრატუნით, თან უკან ვიხედებოდი. იდგა კარგა ხანს, მიყურებდა ალერსიანი, მზრუნველი თვალებით. იქნებ კიდევ დასჭირდეს ჩემი მიხმარებაო. ასე იდგა, ვიდრე ხალხს არ შევერიე.
იმ სიზმრის მნახველი კაცი თენგიზ არჩვაძეს არც იცნობს. მასთან არავითარი პირადი კონტაქტი არა ჰქონია. არასოდეს არ გამოლაპარაკებია, ხელი არ ჩამოურთმევია, უბრალოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის ცნობიერებამ, სიზმარში ამოუტივტივა პიროვნება, რომელიც ზნეობრივი, მაღალი მორალური თვისებებით იქნებოდა აღჭურვილი. ეს კაცი თენგიზ არჩვაძე გამოდგა.
ვგონებ, ეს ბედნიერებაა.
ბედნიერებაა დადიოდე ქვეყნად ჩუმად, უხმაუროდ და შენდა უნებურად უყვედრებელ, უანგარო, წინასწარ მოუფიქრებელ სიკეთეს აფრქვევდე. ასეთია თენგიზი.
მის ღიმილს განზომილება არა აქვს - უკიდეგანოა და ხალასი.
მისი ხელის ჩამორთმევა ადამიანური სითბოს გადმომდებია.
მის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო საოცარი პოეტური ოდაა.
* * *
თენგიზ არჩვაძეს ქართულ სცენასა და ეკრანზე წილად ხვდა გმირის, წინამძღოლის, ერისკაცის, მეფის და მოქალაქის განსახიერება.
ესეც ბედნიერებაა.
ამ ბედნიერებას ყველა მსახიობი ვერ შესწვდება. ამისათვის, ნიჭთან და გარეგნობასთან ერთად, საჭიროა პირადი, მოქალაქეობრივი, მამულიშვილური და ზნეობრივი თვისებები. ყველა ეს თვისება აუცილებლად საჭიროა, რომ ერის წინაშე წარდგე არსაკიძედ, ალუდა ქეთელაურად, მეფე ალექსანდრედ, ერეკლე მეორედ, ინჟინრად, მეცნიერად თუ მხატვრად.
თენგიზ არჩვაძეს თავად აქვს ლიტერატორისა და მხატვრის ალღო და თვალი. შრომისგან დაცლილ-გამოფიტულს ნიჭის ასავსებად შეუძლია მარტოდმარტო გადავიდეს თუშეთში.
ეს მიწის სიყვარულია.
ერთხელ ასეთი რამ თქვა: - "დათვის ჯვარზე კესანესავით ხევსურის გოგო იდგაო".
ეს ლიტერატურის ნიჭია.
თბილისიდან მცხეთისაკენ მიმავალი ვერ ისვენებს. თავს ვერ იოკებს. აი, ამ ბილიკებით დადიოდა ვახტანგ გორგასალი თბილისისაკენ სანადიროდო. ზაჰესის წინ აზიდული თხემისაკენ გაგახედებს, გველეშაპის ნაწოლივით ბალახმოუდგმელ გზას დაგანახვებს, აქ გადიოდა ევროპისა და აზიის შემაერთებელი საქარავნო გზაო. მერე მოგიყვება, ებრაელმა ძმებმა როგორ ჩამოიტანეს ქრისტეს პერანგი მცხეთაში. იმ წვეროკინს გაჩვენებს, გაცისა და გაიმის კერპები რომ დაიწვა. იმ ადგილზე ჩაგიყვანს, ნინოს შეგონებით, მირაინ მეფემ მცხეთელები რომ დანათლა. სვეტიცხოვლის ეზოში კი ხმა ჩაუწყდება. აღარ ისმის მისი ბუბუნი, აღარ ბორგავს, აღარ ხმაურობს. დადის გაყურსული, აღერილი თავით და თითქოს ხელახლა ეძებს არსაკიძის მოჭრილ მარჯვენას, თვალს ჩამოავლებს ჩუქურთმების ჩხებს და როცა მიაგნებს, თვალები დაეცვარება.
უცებ შეუძლია მოიწყინოს. სიცილიდან უცებ შეუძლია ცრემლის ფრქვევაზე მიდგეს. ასევე შეუძლია უცებ დაიწყოს ვაჟას კითხვა, ილიას კითხვა, გალაქტიონის კითხვა, თუმცა თავი არასოდეს გამოუდვია - მკითხველი ვარო.
რაც შეუქმნია, სიყვარულით შეუქმნია. მოჭრილი მარჯვენის ფასად შეუქმნია. ამიტომაც შეუგრძვნია მაყურებელს, ამიტომაც გამოცხადებია სიზმრად სუფთა კაცი, უმწიკვლო კაცი.
არასოდეს დამავიწყდება 1979 წელს მარჯანიშვილის თეატრის საიუბილეო საღამო ფილარმონიის დიდ დარბაზში. ჩემს გვერდით იჯდა, როცა საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებებს აცხადებდნენ, დაასახელებდნენ გვარს, ატყდებოდა ტაში, ზოგზე - მეტი, ზოგზე - ნაკლები. ამ დროს თენგიზ არჩვაძის გვარი გამოაცხადეს. წარმოუდგენელი რამ მოხდა, გეგონებოდათ, სადაცაა ჭერი ჩამოინგრევაო. ხალხი ფეხზე წამომდგარი, ყიჟინით სცემდა ტაშს. ცრემლი მომადგა, ტანში გამცრა. ალალ იყოს. ეს ჭეშმარიტად სახალხო აღიარებაა!
ბევრჯერ აღვფრთოვანებულვარ მისი როლებით. ხშირად გვერდითაც ვმდგარვარ, გადმომდებია მისი სითბო და სიმხურვალე... მაგრამ რა სიხარულიც ილიას როლის განსახიერებით მომანიჭა, ღმერთმა მრავალგზის გამიმეოროს ქართულ თეატრში.
აქ გამოანათეს მისმა შესაძლებლობებმა.
ამ როლში მოიყარა თავი ყველა მისმა არტისტულმა და მოქალაქეობრივმა თვისებამ. არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არცერთი თვალში საცემი ჟესტი.
დგას სცენაზე ერის წინამძღლი - მოხდენილი, ლამაზი, დარბაისელი, დინჯი, დაფიქრებული, თვალებში სევდაჩამდგარი, ილიას აზრის სიღრმით აკიაფებული და გადმოუქუხს თერგის ღრიალი, მისი ტალღების უკიდეგანო სრბოლა. ხელში სანთლებით დახუნძლული შანდალი უჭირავს ამ თერგდალეულ კაცს, ნიშანი ნათელისა, განათლებისა, გარეთ გასვლისა და ეღვენთება სანთლის წვეთები მხრებზე, გულისპირზე, ხელებზე. ცხელია ახალგამდნარი სანთლის წვეთი. საკმარისია თითზე დაგეცეთ, აუტანელ ტკივილს მოგაყენებთ. თენგიზი კი დგას გოლგოთაზე - სცენაზე უხვად ეღვრება გავარვარებული წვეთები და იწვის. იწვის სანთლებთან ერთად, თავად სანთლად ქცეული. იმიტომ, რომ ილიაა და თუ არ დაიწვა, ბნელს ვერ გაანათებს. მერე კი საგრიმიოროში, ცივი წყლის ქვეშ კარგა ხანს უჭირავს ხელის მტევანი, ტყლაპად ქცეულ სანთლია ნაღვენთებს იცლის თითებიდან და ბედნიერია. ბედნიერია, რომ კიდევ ერთხელ დაიწვა.
არსაკიძის მოჭრილი მკლავის ფასად არის ნათამაშები ბევრი მისი როლი.
ერთხელ, დიდი ხნის წინათ, როცა ჯერ კიდევ ბევრს არ ჰქონდა მოვლილი თუშეთის ბილიკები, თენგიზმა თუშეთიდან ჩამოიტანა ფრაზა, რომელიოც დღეს, ოდნავ შეცვლილიც კი, ხშირად გვესმის. მახსოვს, სუნთვა ეკვროდა, აღტაცებული ყვებოდა:
- შენაქოში, საფლავის ქვაზე, ზედ მიწის პირზე ასეთი რამ წავიკითხე: "ვინამ თქვა თუშთა გალევა, ნაპირმოტეხა ცისია-ო". როგორი აღფრთოვანებული იყო ამ ლაკონური ფრაზის სიდიადით და ყოვლისმომცველობით!
არ მოატყდება ნაპირი თენგიზ არჩვაძის შემოქმედებით ცას, ვინაიდან ძარღვმაგარია ქართულ სიტყვასავით. ფრთამოხატულია გაზაფხულის ფერებივით, ქედმაგარია და ქარაფის სიმტკიცე აქვს. არ მოტყდება, რადგან სიზმრად ნანახი კაცია უკვე.

ОтветитьУдалитьEriskacia dgegdzeli gvimyopos gmertma