(ერთი მსახიობის ბიოგრაფია #5)
მე მინდა, რომ ხალხის გულში
დავბინავდე, ჩავესახლო,
რაც შევქმენი ცხოვრებაში,
თქვენ გეკუთვნით, ჩემო ხალხო.
დეე, გული თქვენ სიხარულს,
მარცვალ-მარცვალ მიპოვნიდეს,
თქვენი ჭირი შემეყაროს
თქვენს ხვიჩია იპოლიტეს.
იპოლიტე ხვიჩია
დავბინავდე, ჩავესახლო,
რაც შევქმენი ცხოვრებაში,
თქვენ გეკუთვნით, ჩემო ხალხო.
დეე, გული თქვენ სიხარულს,
მარცვალ-მარცვალ მიპოვნიდეს,
თქვენი ჭირი შემეყაროს
თქვენს ხვიჩია იპოლიტეს.
იპოლიტე ხვიჩია
(1910 - 1985 წწ)
ქართული კინოს და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. მან არაერთი სახასიათო და კომიკური პერსონაჟის სახე შექმნა, რითაც მაყურებლის განუზომელი სიყვარული დაიმსახურა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს ხსოვნაში.
"ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სახალხო არტისტის წოდება კი 13 ივლისს მივიღე, 1960 წელს..."
"მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე..."
იპოლოტე ალექსის ძე ხვიჩია (ნამდვილი გვარი ყვინჩია)
დაიბადა 1910 წლის 31 დეკემბერს, ხონის რაიონის სოფელ კონტუათში
გარდაიცვალა 1985 წლის 31 იანვარს, თბილისში
მეუღლე - ლუბა ქარქაშაძე (მერჯანიძე)
შვილი - ნუნუ ხვიჩია, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
შვილიშვილები: მანანა, ავთანდილი, მაკა, ბესო, ნუკრი
იპოლოტე ხალხის სიხარული
ქართულ თეატრს, და შემდგომში კინოს, ყოველთვის ჰყავდა დროის შესაფერი დიდი კომიკოსები და ეს არც არის გასაკვირი ისეთი ხალხისა და ქვეყნისათვის, რომლის ხასიათსა და ისტორიაში არტისტული გარდასახვის ნიჭსა და ტრადიციებს ძალზე ღრმა ფესვები აქვს.
ძალიან შორს არ წავალთ: მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როცა ქართულ სცენასა და ეკრანზე უკვე ელავდნენ სანდრო ჟორჟოლიანი და სრულიად ახალგაზრდა აკაკი კვანტალიანი, ხონის პატარა თეატრში ამობრწყინებას იწყებდა ქართული კომედიის განუმეორებელი ოსტატი იპოლიტე ხვიჩია, მაგრამ პატარა ქალაქის მასშტაბები იპოლიტეს ნიჭის გამოსავლენად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნებოდა ისევე, როგორც არც ქუთაისის და არც თბილისის სცენა არ ეყო შემოქმედს და თავისი შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი კინოს შეალია.
არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ იგი მსოფლიო კლასის კომიკოსი იყო. ტოტოს, ბურვილს, ილინსკის, ფიუნესს, ბენი ჰილს მაინცდამაინც არც ენა სჭირდებათ და არც მოძრაობა, უიმისოდაც ეტყობათ სახეზე, "ვინც ბრძანდებიან". იპოლიტე ხვიჩია არაფრით ჩამორჩებოდა მათ!
ბატონი იპოლიტე რა ელვარებითაც გამოჩნდა მაყურებლის წინაშე, იმავე ელვარებით ისე წავიდა, რომ მისი ნიჭი ღრუბელს არასდროს მოჰფარებია, ჩავარდნა არ ჰქონია. ან კი როგორ უნდა ჰქონოდა?! - სცენაზეც და ეკრანზეც ის იყო, რაც ცხოვრებაში.
დღე პირველი
1910 წლის 31 დეკემბერი, ხონის რაიონის პატარა სოფელი კონტუათი. ახალი წელი მოდის, თოვს და ყინვა ძვალრბილში ატანს. სანიმუშო გლეხკაცის ყვინჩიას მრავალრიცხოვანი ოჯახი თოფის სროლით, თითქოს ნაადრევად შეხვდა ახალ წელს - ბატონ ალექსანდრეს (იონა) და ქალბატონ პისტის მეექვსე შვილი (მეოთხე ვაჟიშვილი) შეეძინათ, რომელსაც რატომღაც მითიური სახელი, იპოლიტე, დაარქვეს...
დღე უკანასკნელი
1985 წლის 31 იანვარი, თბილისი. სუსხიანი ზამთრის საღამოა. ქარს მიწაზე დაუწვენია ხეები.
საბურთალოზე, ოთხსართულიანი სახლის მე-3 სართულზე ხალხმრავლობაა. "სასწრაფო დახმარების" მეორე ბრიგადაც მოვიდა. ორი პროფესორი, ოთხი ექიმი, ექთნები და სანიტრები თავს დასტრიალებენ პაციენტს. თავზარდაცემულები ძალას არ იშურებენ რომ როგორმე უშველონ...
რაღა მათ ხელში უნდა დალიოს სული ამ ოქრო კაცმა?!
* * *
იპოლიტემ თვალი გაჭირვებით მოავლო იქ მყოფთ და სიმწრით ჩაიღიმა
- გიჭირთ ხომ?... - მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ შალიკიასაც ძალიან უჭირდა მაშინ... - და მომაკვდავმა სვენებ-სვენებით დაიწყო:
- ადიდებულ რიონს შალიკია მოჰქონდა. ხიდზე გალაკუნა იდგა და მდინარის პირას მდგარ ივანიჩკას ჩასძახა... "რას მიშტერებიხარ ბიჭოოო... მოსდე ის კეტი და ამოსწიე... ეე, მაგერ ჯოხიო... ივანიჩკამ მოსდო ჯოხი და ამოათრია.... ამოათრია და დასცხო ხელოვნური სუნთქვა... ხაპავს და ხაპავს შალიკია წყალს, გალაქტიონმა ხიდიდან დაუძახა... ბიჭო, ამოაყოფიე მაგი ტრაკი წყლიდან, თვარა დაცალა რიონიო"...
იპოლიტემ ხელახლა მოავლო თვალი ყველას
- წასულია ჩემი საქმე, ხომ?!.. არ იკივლოთ და არ შეძრათ ქვეყანა!
იპოლიტეს ბაგეზე შეეყინა ბოლო სიტყვა...
* * *
ეს იყო 74 წელსა და ერთ თვეში გავლილი გზის უკანასკნელი მონაკვეთი, უკანასკნელი დღე.
იპოლიტე იწყებოდა ასე
იპოლიტე მაშინ ძალიან პატარა იყო და ზუსტად არ ახსოვდა, როგორ დაეწვათ სახლი, მაგრამ ნალიას თავშეფარებული წვრილშვილიანი ყვინჩიების ოჯახი მაინც იმედიანად ხვდებოდა ყოველ ცისმარეს. ალექსანდრე (იონას) და პისტის დიდი საზრუნავი ჰქონდათ - ექვსი შვილი უნდა გამოეკვებათ და აღეზარდათ. საღამოობით შუაცეცხლთან შეიკრიბებოდნენ: საშა (ალექსანდრე), ევგენია (ჟენია), ლუბა, კაკო, სერგო (სირიო) და იპოლიტე (კუშიე), რომელთაც დედა წიგნებს უკითხავდა და ართობდა. და-ძმებში განსაკუთრებით გამორჩეული იყო უფროსი ძმა, წიგნის მოყვარე საშა, რომელსაც ყველაფერში ბაძავდა პატარა კუშიე, შეიპარებოდა "ქუხნაში" (სამზადში), დადგებოდა ძველისძველი სარკის წინ და იმეორებდა საშას მოძრაობებს.
ბავშვები სოფელ ნახახულების სკოლაში სწავლობდნენ, სადაც იპოლიტეს უფროსმა ძმებმა, აკაკიმ და საშამ, დრამატული წრე შექმნეს. სკოლაში კლასებს ხის ტიხრები ყოფდათ, მოხსნიდნენ ტიხრებს და სცენაც მზად იყო, მაგრამ კუშიეს (იპოლიტეს) პირველმა გატაცებამ თითქოს მალე გადაუარა და 14 წლისამ თბილისში, სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იპოლიტე მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად, შემდეგ - ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულას აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზე, მერე ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამუშაში, ჭუბერში - და აცურებდა ენგურზე, მაგრამ აქაც დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან არცერთი ეს საქმე არ იყო დაუდგრომელი ყმაწვილის ჭეშმარიტი გატაცება (მუშაობდა სოხუმშიც - მეთულუხჩედ და პურის მცხობლადაც კი).
ამასობაში საშა ყვინჩიას ხონის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოეყალიბებინა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი გამხდარიყო. იგი "ვარდელის" ფსევდონიმით მოღვაწეობდა და ორ პიესაზე მუშაობდა: "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და "ჩათრევას ჩაყოლა სჯობია."
1929 წლის 20 სექტემბერს ამ ორი წარმოდგენით გაიხსნა ხონის რაიონული თეატრი პირველი სეზონი. საშამ კუშიეც მიიწვია თეატრში და აი, 1932 წლის 10 სექტემბერს შეშინებული და მღელვარე იპოლიტე ხვიჩია პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე.
22 წლის ჭაბუკი ძნელ და საინტერესო აღმართს შეუყვა.
* * *
იპოლიტე მთელი მონდომებით მუშაობდა, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ძმას არწმუნებდა - "მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო". ის კი არადა, დედაც კი მიუგზავნა საშა-რეჟისორს, - "დამეხსნას თავისი კომედიური როლებითო"...
ხონის თეატრში იპოლიტემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა: ბახვა ფულავა ("სამი სიცოცხლე"), კინტო ვანუა ("ქრისტინე"), ბორისი ("ჟანგი"), ყვარყვარე, ("ყვარყვარე თუთაბერი") ალმასხანი ("ნაგანი"). ნეოფიტე ("ნეოფიტე მთქნარია") და სხვა.
1936 წელს იპოლიტე სამუშაოდ გადავიდა ტყიბულში, მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში, გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად. სადაც ორი წლის განმავლობაში ხან მსახიობად და ხან რეჟისორად ევლინებოდა მაყურებელს.
იმ დროს ქუთაისის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მისულმა დოდო ანთაძემ, რომელიც დასს ახალი მსახიობებით აკომპლექტებდა, იპოლიტეც მიიწვია. მათი მოლაპარაკების დროს დიალოგი მცირეოდენი იუმორითაც წარიმართა:
- მობრძანდი, დაბრძანდი, წარმომიდექი...
- ახლა არ ვიდექი და დაჯექიო? - მე იპოლიტე ვარ ყვინჩია...
- ააა... ყვინჩია, არა? მერე? შევცვალოთ "ყ" "ხ"-თი, რა მოხდება, ამით, დაშავდება რამე ვითომ?
- არც არაფერი, ერთი ოხერია ორივე!
ასე გახდა კუშიე ყვინჩია იპოლიტე ხვიჩია. ზემოთ მოყვანილი დიალოგის შემდეგ იოლი მისახვედრია, რა ჟანრის როლებში დააკავებდა დოდო ანთაძე იპოლიტეს. მისი ჯვებე ქილორდავას, კოხტაიას, ქუჩარას, ნაცარქექიას, ტიტიკოს, ბურდღუ ტაბაღუას, ტრუფალდინოს და სხვების დანახვ-აზე ქუთაისელ მაყურებელს წლების მანძილზე მუცელზე კანი არ შერჩა. ის კი მაინც იხვეწებოდა:
- რა დაგემართათ, ერთი ტრაგიკული როლი რა გაგიხდათ ჩემთვისო. (ბატონ იპოლიტეს ეს ნატვრა ერთხელ კინაღამ რეალობად ექცა კინოში, მაგრამ მაშინ ამ როლს სხვა გენიალური შემსრულებელი გამოუჩნდა.) როგორც არ უნდა ეფიქრა იპოლიტეს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე, იგი მაინც შეუდარებელი კომიკოსი იყო. სცენაზე მის ყოველ გამოჩენას, ჯერ ღიმილი შემდეგ კი თავშეუკავებელ ხარხარი მოსდევდა მაყურებლისა. იპოლიტესათვის დამახასიათებელი განუმეორებელი იმპროვიზაციის უნარი კი ხშირად მრავალ კურიოზად ქცეულა სცენაზე თუ მის მიღმა.
* * *
ქუთაისში "ყვარყვარე თუთაბერი" ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. ამ პიესის მთავარი გმირის შემსრულებელი კაპიტონ აბესაძე მუდამ თვითდაჯერებული იყო იმაში, რომ სცენაზე ვერანაირი მოულოდნელობა და კურიოზი ვერ გამოიყვანდა მდგომარეობიდან. მაგრამ არსებობდა ისეთი კურიოზიც, რომელსაც "იპოლიტე" ერქვა და კაპიტონის წარმოსახვაში ვერ თავსდებოდა.
იმ დროს, როცა ყვარყვარე თავის კაბინეტში შესული ჩამოძონძილი, ჩამოკონკილი, ფეხსაცმელმობრეცილი, ქუდჩამოფხატული წვინტლიანების, ყაყუტას, ქუჩარას და ლირსას ჩაყრას ბრძანებს ციხეში, პიესის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ისინი ბადრაგს უნდა გაჰყვნენ, მაგრამ ქუჩარამ (იპოლიტემ) ასე გააგრძელა როლი:
დასტაცა ტელეფონის ყურმილს ხელი და უკუღმა ჩასძახა:
რევკომო, ალო, რევკომო! რევკომო, მოგვხედე, გვიშველე, ბატონო, არავინაა, მოგვხედოს ამ უპატრონოებს?
ტელეფონის ყურმილის უკუღმა მომარჯვება და ეს "რევკომო!" ისეთი მოულოდნელი იყო ყვარყვარეს როლის შემსრულებლისთვის, რომ მას (კაპიტონ აბესაძეს) ენა ვეღარ მოაბრუნდა და სიცილი აუვარდა.
ამის შემხედვარე ქუჩარამ (იპოლიტემ) როლი ასე გააგრძელა:
"აბა! რავა გეგონა შენ, რევოლუცია მარტო შენთვისაა, შენ გგონია, შენს მეტი, არავინ გვიპატრონებდა?"
კულისებში დოდო ანთაძემაც ვერ შეიკავა თავი სიცილისაგან, გონს რომ მოეგო, "ფარდაო" დაიძახა. მაგრამ სპექტაკლის შემდეგ კრიტიკამ იპოლიტეს ეს იმპროვიზაცია არ მოუწონა.
* * *
იპოლიტემ თავის მოღვაწეობაში ერთხელ კიდევ მიიღო საყვედური, ოღონდ ამჯერად თეატრის ხელმძღვანელობისაგან, მაგრამ ეს საყვედური, იმპროვიზაციისთვის კი არა, კაცური პრინციპების გამო შეხვდა:
მაშინ საქართველო თავის საყვარელ მსახიობს, გიორგი შავგულიძეს გლოვობდა. ამ დროს ქუთაისის თეატრში განაწილებული იყო პოლიკარპე კაკაპაძის "კოლმეურნის ქორწინების" როლები. ხარიტონის როლზე იპოლიტე ხვიჩია გახლდათ დანიშნული და რეპეტიციებიც უკვე დაწყებული იყო. თეატრი დედაქალაქში საგასტროლოდ ემზადებოდა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა და მთავარმა რეჟისორმა აკაკი ვასაძემ "კოლმეურნის ქორწინება" საგასტროლო რეპერტუარში შეიტანა.
იპოლიტე ხვიჩიამ იმდენად განიცადა გიორგი შავგულიძის გარდაცვალება, რომ სპექტაკლზე არ მივიდა - "ჟორას შემდეგ ამ როლს ვეღარ ვითამაშებო" - თქვა.
აკაკი ვასაძემ იპოლიტეს უარი არ მიიღო და ოფიციალური საყვედურიც კი გამოუცხადა მას...
* * *
ქუთაისის თეატრში გაღრმავდა და გაფართოვდა იპოლიტე ხვიჩიას ნიჭი და ტალანტი, აქ მიიღო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და სახალხო არტისტის წოდებები. მაგრამ, ბუნებრივია, თბილისი ქუთაისს მთლიანად ვერ დაუთმობდა იპოლიტეს.
1961 წელს კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მიწვევით იპოლიტე სამუშაოდ რუსთაველის თეატრში და "ქართულ ფილმში" გადავიდა და ოჯახითურთ დედაქალაქში დაფუძნდა, მაგრამ ქუთათურებისათვის არასდროს უღალატია, ის ბოლომდე დარჩა ქუთათური! აღიარება, პატივისცემა, სიყვარული, გულწრფელი ტაში, ჯანსაღი სიცილი გადმოჰყვა იპოლიტეს ქუთაისიდან დედაქალაქში.
რუსთაველის თეატრი დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა თბილისში ჩამოსულ იპოლიტეს. მას ასეთი მისალმება დაახვედრეს:
"ჩვენო ძვირფასო იპოლიტე!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსთაველის თეატრში! გისურვებთ წარმატებას და მრავალ შემოქმედებით სიხარულს. რუსთაველის თეატრი ღრმად სცემს პატივს თქვენს ნიჭს და დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა. იყავით მხნედ, როგორც თქვენ მშობლიურ ოჯახში, იყავით ბედნიერი და დღეგრძელი."
რუსთაველის თეატრის კოლექტივი.
* * *
რუსთაველის თეატრში იპოლიტემ რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი შემატა თავის სცენურ სახეთა გალერეას: ტრიფონი ("მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონი ("უკანასკნელი მასკარადი") და ა.შ.
1966 წლის 13 აპრილს კი "უკანასკნელი მასკარადი" უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა იპოლიტესათვის, იგი მთლიანად მიეჯაჭვა კინოსა და ტელევიზიას. მაგრამ უმთავრეს მიზნად მაინც თეატრში დაბრუნება მიაჩნდა.
* * *
ციფრი 13 და მისი შებრუნებული 31 საკრალური იყო მსახიობისთვის.
31-ში დაიბადა.
31-ში გარდაიცვალა.
13 "იპოლიტე" შეასრულა კინოში.
იპოლიტე ამ ციფრს, 13-ს ასე გამოთქვამდა: "დუჟინს პლუს ერთი."
* * *
ერთ-ერთ ინტერვიუში (კორესპ. ვ. ჟღენტი "ახალგაზრდა კომუნისტი," 1979 წ 11 დეკემბერი) იპოლიტე ეკითხება კორესპონდენტს:
- რამდენი შეკითხვა გამოგვივიდა?
- თერთმეტი.
- თუ შეიძლება, კიდევ ორი შეკითხვა რომ დავუმატოთ? ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების (დღეს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის) 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაც 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის 13 ნომერი მხვდება; სახალხო არტისტის წოდებაც 1960 წლის 13 ივლისს მივიღე; ახალი ბინა სევასტოპოლზე - 13 ივნისს და ა.შ.
* * *
დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ფილმების ჩამოთვლა, რომელშიც იპოლიტეს თამაშობდა:
იპოლიტე - "პიერი მილიციის თანამშრომელი"
იპოლიტე - "შეხვედრა წარსულთან"
იპოლიტე - "მალე გაზაფხული მოვა"
"ქალაქი ადრე იღვიძებს", "ღიმილის ბიჭები", "ბზიანეთი", "მეზობლები", "მხიარული რომანი", "რაჭა ჩემი სიყვარული", "ანარეკლი", "დილის ნისლივით", "მუქარა შუაღამისას".
ცამეტი იპოლიტე, ცამეტი ერთმანეთის მსგავსი, მაგრმა მაინც განსხვავებული... მაგრამ, ამ ცამეტი იპოლიტეს გარდა, კინოში მას მრავალი სხვა გმირიც ჰყავს განსახიერებული.
* * *
ამდენი სახის შექმნისათვის იპოლიტეს ღვაწლი, ვფიქრობთ, მაინც არ დაფასდა ისე, როგორც იმსახურებდა, თუმცა კი იგი ერთადერთი მსახიობია, რომლის პრიზი დაარსდა ქართულ სამსახიობო არეალში - პრიზი საუკუთესო კომიკოსისა, რომელიც გივი ბერიკაშვილს, კახი კავსაძესა და რეზო გაბრიაძეს აქვთ მიღებული), .
იპოლიტე არ იყო განებივრებული სახელმწიფო ჯილდოებით და საფესტივალო პრიზებით, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ქართულ კინოფილმებს შორის კომედიამ იმ უმაღლეს საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწია, რაც სხვა ჟანრის ფილმებს ხვდა წილად.
ქართული იუმორი, შეიძლება ითვას, იმდენად თავისებურია, რომ მას სხვა იოლად ვერ ხვდება და მაინც ერთხელ, კანის ფესტივალზე, ფილმში "ბურთი და მოედანი" იპოლიტეს "კუჭკუჭიმ" თვით ჟან გაბენის გაოცება გამოიწვია თურმე: რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს თარჯიმნის მეშვეობით უთქვამს:
"რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ?"
ფესტივალებთან დაკავშირებით კი თურმე ერთხელ ჰკითხეს იპოლიტეს:
- ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო?
- იმიტომ რომ, - დაუმარცვლავს თავისებური მახვილებით მსახიობს - ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონ".
* * *
დიახ, იპოლიტე მთელი თავისი ცხოვრებით, ნიჭით და ხასიათით წმინდა ქართული მოვლენა იყო.
მის შესახებ უთქვამთ:
"...იპოლიტე ხვიჩია - ქართველი ბურვილი" - აცხადებს იუნესკოსთან არსებული სპორტული ფილმების ფესტივალების საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი, იუგოსლაველი დრაგან იანკოვიჩი.
"ბედნიერად ვთვლი თავს, რომ იპოლიტესთან მომიხდა მუშაობა" - ამბობს სერგეი ფილიპოვი.
..."ამაზე ლამაზი წუთები ცხოვრებაში არ გვქონია" ამბობენ ფილმში - "არც ერთი წუთი დასვენების გარეშე" - მთავარი გმირების შემსრულებლები მორგუნოვი და ვიცინი.
..."ჩემი დიდი სურვილია გავხდე იპოლიტეს პარტნიორი" - იწერებოდა ნიკულინი.
* * *
იპოლიტეს მიერ განსახიერებულ გმირებს მაყურებელი კარგად იცნობს, მაგრამ მისი თანდაყოლილი იუმორი ცხოვრებაშიც არანაკლებ "მწვავე" იყო და ყოველთვის აღწევდა შესაბამის მიზანს.
ასე მაგალითად:
ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტემ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს: სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს; სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს - "სულ ესაა, ამაზე დამიძახე"?
შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. "ხაჭაპუროვნაც" (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ "შემოქმედებას" მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს - "სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!" ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:
"ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი!" (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).
* * *
"ბურთი და მოედნის" გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო.
საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ, სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.
მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა #13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავის "იმას".
- რას ეძებ, ვერიჩკა? - ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.
გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და...
დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.
- დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?
- კაი ახლა, ვერიჩკა - ეხვეწება იპოლიტე. - რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის.... აბა?!
* * *
ცივი ზამთარი იყო. ბუხუტი ზაქარიაძე სოფლიდან ჩამოვიდა, ჩამოიტანა გოჭი, ქათამი, დედას პურები და ბიჭები შინ მიიპატიჟა. კარგად რომ იქეიფეს, შუაღამისას იპოლიტემ წინადადება შეიტანა:
- ბუხუტის ტუალეტი ეზოს ბოლოსაა, ბარემ სახლებში გავიქცეთ და ამით ბუხუტიც გადარჩება და ჩვენცო.
შევარდა გათოშილი იპოლიტე სახლში. ღამის სამი საათია, ტუალეტში შესვლამდე ჩაიყო შარვალში ხელი, აქეთ მოიძია, იქით მოიჩხრიკა ის "მთავარი", მაგრამ რად გინდა - სიცივეში მობუზული არსად ჩანდა; არადა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთილმა იყვირა:
- ლუბა!
- რა იყო, კაცო, რა მოგივიდა? - გამოეხმაურა ლუბა საძინებლიდან.
- რა და, შენ რომ რამეს ხელს მოჰკიდებ, რომ არ დაიკარგოს, ხომ არ იქნება!...
* * *
"ფეოლას" გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ.
გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში უკვე მზით ნასიამოვნები სესილია შეხვდა.
- აუ, სესილია, გამომასწარი?
- რა გინდა, ბიჭო, რა?
- რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტუმში.
- უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! - სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტუმში მოეჩვენა იპოლიტეს.
- დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს...
- დამეკარგე აქედან....
* * *
სიკო დოლიძის ფილმში - "ქალაქი ადრე იღვიძებს" - იპოლიტე მუშის როლს ასრულებდა. ამ როლის ასათვისებლად იპოლიტეს ხშირად უხდებოდა ელმავალმშენებელ ქარხანაში ყოფნა, სადაც ერთი მუშა, სახელად თორნიკე, ძალიან დაუახლოვდა და თითქმის ყოველ დღე იპოლიტესთან ერთად მიირთმევდა ქალბატონ ლუბას გამოტანებულ საუზმეს.
იპოლიტეს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა თორნიკეს ყოველდღიური თანამეინახეობა. ერთხელაც კვერცხი აიღო და ითხლიშა მოტვლეპილ შუბლზე, გაფცქვნა, მეორე კი თორნიკეს გაუწოდა, იმასაც მოტვლეპილი შუბლი ჰქონდა, თორნიკემაც ითხლიშა კვერცხი, ოღონდ მოუხარშავი, იპოლიტე ნეტარებით შეაცქერდა კვერცხის გულით მოთხუპნულ თორნიკეს ცხვირპირს.
საღამოს შინ დაბრუნებულმა კარებშივე მიახარა ლუბას - ისე ითხლიშა, ეჭვიც არ შეპარვიაო...
* * *
რეზო ჭარხალაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის "მეზობლების" გადაღება ქართლში, მდინარე ქსანზე მიმდინარეობდა. იპოლიტეს მოპარული შვიდთუმნიანი ღორით 4-5 მეტრის სიმაღლეზე გადებულ დიდ მორზე უნდა გადაევლო.
- ვერ გადავალ! - უკან დაიხია იპოლიტემ.
- გადახვალ! - ჩააცივდა რეჟისორი.
- რომ ჩავვარდე? - გაგიჟდა იპოლიტე.
- რა გიჭირს მერე? - გაცურავ..... იყვირა რეჟისორმა.
- თუ არაფერი მიჭირს, შენ გადავარდი, ცურვა არ ვიცი, კაცო, ცურვა! - იკივლა იპოლიტემ.
- მომიყვანეთ მყვინთავები! - იხუმრა რეჟისორმა.
- გადი, იპოლიტე, აგერ ვართ ჩვენ!... წაახალისეს გადამღები ჯგუფის წევრებმა.
- აგერ კი ხართ, იქ კი არ მეყოლებით, რომ ჩავვარდე?! - ბურდღუნით დაიძრა მორისაკენ. თან საჩვენებელი თითით წყლისკენ უთითებდა, მეორეთი კი ღორს მიათრევდა.
- ეს სცენარით გათვალისწინებული არ არის - არ ცხრებოდა რეჟისორი
- წინ, იყურე წინ! - უძახდნენ მსახიობები, მაგრამ ამის თქმა და ფეხის დაცდენა ერთი იყო. იპოლიტემ ღორთან ერთად მდინარეში მოადინა ზღართანი. ატყდა დიდი ვაი-ვიში, არც იპოლიტე ჩანდა და არც ღორი. ცოტა ხანში გამოჩნდა ღორი, რომელსაც კბილები ჩაევლო იპოლიტეს წითელ-ყვითელი ყვავილებით მოჩითული პერანგისთვის და დიდი მონდომებით ექაჩებოდა სახალხო არტისტს.
- კარგია, ძალიან კარგი, ერთი დუბლი კიდევ?! იხუმრა გულშემატკივრებიდან ერთ-ერთმა!
- გადაირია ეს ხალხი, მგონი, - მომილოცეთ რომ ამ ტრიუკიდან უვნებელი გადავრჩი _ აკივლდა განწირული იპოლიტე.
უცებ მოიხედა და ღორი არსადაა... დიდუ! სადაა სიმწრით გადარჩენილი მწვადი? ფუი, იმის გაქცევა იქნება! დამიჭირეთ! მომიყვანეთ! - ყვიროდა, როგორც შეეძლო.
* * *
იპოლიტე და რეზო ხობუა პარტნიორები იყვნენ ერთ-ერთ სპექტაკლში. მოხდა ისე, რომ სპექტაკლის წინ მივიდა იპოლიტე რეზოსთან და სთხოვა - დღეს იქნებ ეს სცენა "გავიტანოთ", ძალიან მეჩქარებაო. რეზოს მეტი რა უნდოდა, სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, მივიდა საგრიმიოროში, გამოართვა მორიგეს დიდი ბოქლომი, იპოლიტეს პალტოს ღილკილოებში გაუყარა და ასე დაუმაგრა საკიდარზე. თავისი სცენის შემდეგ იპოლიტე ამოვარდა საგრიმიოროში, სასწრაფოდ გაიხადა, ჩაიცვა თავისი ტანსაცმელი და ემზადება გასაქცევად, მაგრამ აღარ მოყვა პალტო ხელში... დაკეტილია ბოქლომით. ლამის გაგიჟდა, მიხვდა ვინც მოუწყო ეს ოინი:
- სადა ხარ, რეფერო (ასე ეძახდა რეზოს სიყვარულით) მოგკლავ იცოდე!
მაგრამ რეზო როგორ გამოჩნდებოდა. დააგვიანდა იპოლიტეს იმ დღეს!..
გაიარა რამდენიმე სპექტაკლმა... იპოლიტე "ჩუმადაა", არადა ყველა ელოდება, რომ, დღეს თუ არა ხვალ, რაღაც უნდა მოხდეს, "საქმე" ასე იოლად არ ჩაივლის. "რეფეროც" ფრთხილობს, მაგრამ ერთ დღესაც ბიჭები მანქანით მოადგნენ - სპექტაკლის შემდეგ საქეიფოდ წავიდეთო... რეზოს ეჩქარება. იპოლიტე იცინის... ახლა რეზო ამოვარდა ოთახში, ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყო, "შიპლეტებში" ფეხები ჩაყო და უნდა გაიქცეს, მაგრამ იატაკზე ცხვირპირით დაენარცხა, წარბიც გაუსკდა... ამბის გასარკვევად მისულებს "შიპლეტები" სულ მცირე ოცდაათი ლურსმნით მაინც დახვდათ იატაკზე დაჭედილი.
იპოლიტე, რა თქმა უნდა, არსად ჩანდა...
* * *
60-იან წლებში ბ-ნმა დოდო ანთაძემ რუსთაველის თეატრში იპოლიტესთვის სპეციალურად დადგა ლევან სანიკიძის კომედია "ქუთათურები". სპექტაკლში იყო ასეთი ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან, ხსენებული ეპიზოდი კი სინათლის ჩაქრობით მთავრდებოდა.
მსახიობისათვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოეტანათ და მასაც უფიქრია, ამაზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო, უფიქრია და ღვინით სავსე ჭურჭელი კულისებში დაუდგამს, სპექტაკლისათვის განკუთვნილ ბოთლებშიც ეს ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს.
პიესის მიხედვით, ოფიციანტი ერთხელ უნდა შესულიყო სცენაზე და ცარიელი ბოთლები გაეტანა, ამჯერად კი ათჯერ მაინც მოუწია სავსე ბოთლების შეტან-გატანა. სცენა ათწუთიანიც კი არ იყო, მაგრამ ნახევარ საათს გაგრძელდა სადღეგრძელეობსა და ცეკვა-თამაშში.
ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა:
- გვეყო, ბატონო იპოლიტე, დავამთავროთ!
- შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ?! ახლა ვიწყებ ქეიფს! - ჰკრა ხელი, გადააყენა თამადობიდან და დაიწყო სადღეგრძელოები. თამარ მეფიდან მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა და არც მაყურებელი დაივიწყა:
"თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო; ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო" და ასე შემდეგ... შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა.
ჯემალ ღაღანიძემ მობოდიშებით ყურში ჰკითხა იპოლიტეს:
- ვერიჩკა ვინ არის?
იპოლიტემ კითხვითვე უპასუხა:
- აბა, ვისას ვართ?!
- ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთ - არ ეშვებოდა ჯემალი, რომელსაც თავისი "გაბარიტების" გამო ღვინო ნაკლებად მოეკიდა.
- რა უნდა დავამთავრო?! - წამოხტა იპოლიტე მაგიდიდან, დანა აიღო, ჩაიდო პირში და დაიწყო ცეკვა.
ახლა კარლო საკანდელიძეს მიუბრუნდა ჯემალი ხვეწნით:
- ჩაარტყი, კარლო, ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ (პიესის თანახმად, სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა, სინათლეს არ აქრობდნენ სცენზე. ბოთლის ჩარტყმა ნიშანი იყო გამნათებლისთვის).
- რა ჩავარტყა? ბუტაფორული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამ?! - მოუბრუნდა კარლო.
- ჩაარტყი!
- კი ბატონო, ჩავარტყამ! - წაავლო ნამდვილ ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა შეშინებულ ძიძავას, რომელმაც სცენაზე დაიწყო სირბილი და ყვირილი - მომკლავს, ხალხო, მომკლავს.
გამნათებელმა, როგორც იქნა, ჩააქრო სინათლე. სიცილით დაოსებული მაყურებელი კი იატაკზე გორავდა.
ეს იყო, ალბათ, რუსთაველის თეატრის არსებობის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მსახიობებმა სცენაზე ქეიფი ნამდვილი ღვინით გამართეს.
* * *
ბოლოხანს ჯანმრთელობაშერყეული იპოლიტე სახლიდან გასვლას ერიდებოდა. ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და, რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს. ვაი მისი ცოდვა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა! მნიშვნელობა არ ჰქონდა, შინაური იყო თუ გარეული, კივილამდე იყო კენჭების ტკაცუნი. ბოლოს მაინც, რა დიდი მოთმინებაც უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგეს, სახლში წასვლის დროც დაუდგებოდა. წასასვლელად წამომდგარი სტუმრის დანახვაზე ელდანაცემი იპოლიტე რას არ მოიმოქმედებდა, პარტნიორი რომ არ დაეკარგა.
ერთ-ერთი ასეთი მომთმენი და ნარდის დიდი მოყვარული გახლდათ ჟურნალისტი და პოეტი კირა კვეიძე, რომელთანაც იპოლიტე სულ ჩხუბობდა. ქვის მოპარვა და წვრილმანი "ხულიგნობა" აუტანელს ხდიდა თამაშს. ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ იპოლიტე გაკაპასებულ მოწინააღმდეგეს სახლში გააგდებდა. მეორე დღეს აწკრიალდებოდა ტელეფონი და წინა დღის თამაშის სატელეფონო გარჩევა იწყებოდა, საღამოს 9 საათზე კი ინიშნებოდა ახალი მატჩი.
ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შედეგად შეიქმნა ასეთი ხელწერილი:
"მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:
1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).
2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო. კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.
3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.
4. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).
5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.
6. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი.
...ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.
რაზედაც ხელს ვაწერ, იპ.ხვიჩია
P.შ. ხელწერილზე კი ვაწერ ხელს, მაგრამ თუ ავდექი, თქვენ მოგი.........ვთ კარგის ტრ.......ებს.
თქვენი იპო
* * *
როგორც ითქვა, სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონ იპოლიტეს, ავადმყოფობის გამო, სახლიდან გასვლა უჭირდა, ამიტომ უმეტესად სულისმოსათქმელად აივანზე იჯდა ხოლმე, საიდანაც ხან ეზოში მიმდინარე ბიჭების ფეხბურთს მსაჯობდა, ხან კი ვიღაცას ემასლაათებოდა მაღლიდან.
ერთხელ ეზოში რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს და იპოლიტემ, რა თქმა უნდა, ზევიდან ყველა მშენებელი გაიცნო...
იმ დღეს იპოლიტე, ჩვეულებისამებრ აივანზე დაჯდა, ხელში კი შალითაში გახვეულ ჩვილს ანანავებდა და უმღეროდა. უეცრად, თითქოს ვიღაცამ უკბინაო, მუშებს დაჰკივლა:
- მოდით, მიშველთ, ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია ამის ამდენხანს ფერება და აწი თქვენ დაიჭირეთო. - ეს თქვა და შალითებში გახვეული ჩვილი მეოთხე სართულიდან გადააგდო.
მუშები თავპირისმტვრევით გამოცვივდნენ ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ ხელი შეახეს თუ არა, "ბავშვი" შალითებიდან "ამოძვრა" და იქვე დაიწყო ხტუნვა.
ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი და სიმწრის ოფლის წმენდა...
იპოლიტემ ხუთლიტრიანი, ღვინით სავსე ტიკი გადაუგდო მუშებს.
* * *
ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა. ოთახში რომ შევიდა, მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შებრუნდა და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო. იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ამის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერთად პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის არიდებდა თავს.
ხსენებული უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც კი მიმართა ახლობლებს:
- თქვენი ჭირიმე, თუ ჩემ დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.
- რატომ, ბატონო იპოლიტე?
- ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით.
ამ ერთხელ მაინცო...
ბატონი იპოლიტეს ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა...
1985 წლის 7 თებერვალს, როცა ქარი ტოტებს ალეწავდა ხეებს, ქუჩაში მიმავალ სამგლოვიარო პროცესიაში იპოლიტეს სურათზე აღბეჭდილი ღიმილიანი სახის დანახვაზე ყველა მწარედ ტიროდა. ხალხი დასტიროდა არა მარტო იპოლიტეს, არამედ საკუთარ თავსა თუ ოჯახში გაქვავებულ სიხარულს...
ისინი პირადად იცნობდნენ იპოლიტეს
"ბატონი იპოლიტე მოვლენა იყო, როგორც მსახიობი და, განსაკუთრებით კი, როგორც მსახიობი-კომედიოგრაფი. მისი მადლი ქართულ კინოში ძალიან დიდია. ეს მთელი ეტაპია ქართული კინოსი". (რეზო ჩხეიძე)
"იპოლიტესთან ბევრი როლი მითამაშია. ის იყო საოცარი პარტნიორი, კარგი მეგობარი; ჩვენ, გარდა სცენისა და ეკრანისა, ოჯახებითაც ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა ჩვენი ნაცნობობის საუკეთესო შენაძენად მიმაჩნია... მე მაინც მგონია, რომ კიდევ მეტის შექმნა შეეძლო იპოლიტეს. ალბათ, ვერ მივხედეთ, როგორც საჭირო იყო". (მარინე თბილელი)
"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ იპოლიტე საშიში პარტნიორი იყო. ყოველ სპექტაკლში რაღაც ახალ იმპროვიზაციას შემგვთავაზებდა, თუ ყიჩაღად არ იქნებოდი, შეიძლება ჩაფლავებულიყავი კიდეც". (გივი თოხაძე)
"ასეთი ნიჭის პატრონი საზღვარგარეთ მილიონერი იქნებოდა, მაგრამ ის ქართველი იყო და იზიარებდა თავისი ხალხის ბედს". (ვასილ კიკნაძე)
"იპოლიტე იყო უდიდესი მსახიობი, უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი - ეს კიდევ საკითხავია. ის არის საქართველოს ნაციონალური იპოლიტე ხვიჩია - ასე მოვიხსენიებ მე უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით". (ბუბა კიკაბიძე)
"გადაღების მოედანზე ისეთი ამბავი ტყდებოდა, როცა ბატონი იპოლიტე გამოჩნდებოდა, ისეთი ღრიანცელი, ტაში, შეძახილები, რომ ზოგჯერ გადაღების საშუალებაც არ იყო. იგი უნიკალური მსახიობი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ: მომთმენი, პატიოსანი, უზომოდ ნიჭიერი, უცნაურად სევდიანი, რბილი, თბილი, ამაყი, და თავმდაბალი". (მედეა ჩახავა)
"იპოლიტე ხვიჩია იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც უკვე კონკრეტულიდან განზოგადებულ ნიღაბამდეც კი მივიდნენ.
ბედნიერია ის ქვეყანა, ვისაც ჰყავს ჩარლი ჩაპლინი.... და მარტო ის ქვეყანა? ჩარლი მსოფლიოს კომიზმის აღიარებაა.... მე არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ იპოლიტე ხვიჩია თავისი შემოქმედებით ამშვენებს მსოფლიოს კომედიის ვირტუოზ შემსრულებელთა პლეადას..." (გიგა ლორთქიფანიძე)
"ბუნებამ უხვად დააბერტყა უზარმაზარი იუმორი, მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხიბლი, უდიდესი ფანტაზია და დაუჯერებელი, აბსურდული სცენების გამართლების უნარი". (ოთარ მეღვინეთუხუცესი)
"მისი დავიწყება კი არა, ხსოვნის ოდნავ განელებაც წარმოუდგენელია. ხოლო ამას სხვანაირად სამსახიობო ხელოვნების უკვდავება ჰქვია. დიდება მის სულს, მარად წარუშლელ დიდხელოვნებას, მის კეთილ ოჯახიშვილობას, მამულიშვილურ ღვაწლმოსილებას" (ლევან სანიკიძე)
"პირველ მერცხალს" რომ ვიღებდით, იპოლიტე ხვიჩიასა და დოდო აბაშიძეზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული, მაგრამ ბატონ იპოლიტეს პირობა ჰქონდა ჩემთვის მოცემული, რომ გადაღების პერიოდში წვეთ ღვინოს არ დალევდა. ერთხელ დოდომ და იპოლიტემ ფოთის სასტუმროს აივანზე გამომიყვანეს და სასტუმროს ტერიტორიაზე მათზე მონადირე სიბნელეში სხვადასხვა ადგილებზე განლაგებულ მოძალადეებს ასე მიმართეს: დიდი სიამოვნებით გეახლებოდით, მაგრამ ამ ქალბატონს დავპირდით, რომ გადაღების პერიოდში ღვინო არ დავლიოთ... უნდა ითქვას, რომ მათ პირნათლად შეასრულეს ეს პირობა. (ნანა მჭედლიძე)
ისინი პირადად იცნობდნენ იპოლიტეს
"ბატონი იპოლიტე მოვლენა იყო, როგორც მსახიობი და, განსაკუთრებით კი, როგორც მსახიობი-კომედიოგრაფი. მისი მადლი ქართულ კინოში ძალიან დიდია. ეს მთელი ეტაპია ქართული კინოსი". (რეზო ჩხეიძე)
"იპოლიტესთან ბევრი როლი მითამაშია. ის იყო საოცარი პარტნიორი, კარგი მეგობარი; ჩვენ, გარდა სცენისა და ეკრანისა, ოჯახებითაც ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა ჩვენი ნაცნობობის საუკეთესო შენაძენად მიმაჩნია... მე მაინც მგონია, რომ კიდევ მეტის შექმნა შეეძლო იპოლიტეს. ალბათ, ვერ მივხედეთ, როგორც საჭირო იყო". (მარინე თბილელი)
"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ იპოლიტე საშიში პარტნიორი იყო. ყოველ სპექტაკლში რაღაც ახალ იმპროვიზაციას შემგვთავაზებდა, თუ ყიჩაღად არ იქნებოდი, შეიძლება ჩაფლავებულიყავი კიდეც". (გივი თოხაძე)
"ასეთი ნიჭის პატრონი საზღვარგარეთ მილიონერი იქნებოდა, მაგრამ ის ქართველი იყო და იზიარებდა თავისი ხალხის ბედს". (ვასილ კიკნაძე)
"იპოლიტე იყო უდიდესი მსახიობი, უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი - ეს კიდევ საკითხავია. ის არის საქართველოს ნაციონალური იპოლიტე ხვიჩია - ასე მოვიხსენიებ მე უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით". (ბუბა კიკაბიძე)
"გადაღების მოედანზე ისეთი ამბავი ტყდებოდა, როცა ბატონი იპოლიტე გამოჩნდებოდა, ისეთი ღრიანცელი, ტაში, შეძახილები, რომ ზოგჯერ გადაღების საშუალებაც არ იყო. იგი უნიკალური მსახიობი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ: მომთმენი, პატიოსანი, უზომოდ ნიჭიერი, უცნაურად სევდიანი, რბილი, თბილი, ამაყი, და თავმდაბალი". (მედეა ჩახავა)
"იპოლიტე ხვიჩია იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც უკვე კონკრეტულიდან განზოგადებულ ნიღაბამდეც კი მივიდნენ.
ბედნიერია ის ქვეყანა, ვისაც ჰყავს ჩარლი ჩაპლინი.... და მარტო ის ქვეყანა? ჩარლი მსოფლიოს კომიზმის აღიარებაა.... მე არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ იპოლიტე ხვიჩია თავისი შემოქმედებით ამშვენებს მსოფლიოს კომედიის ვირტუოზ შემსრულებელთა პლეადას..." (გიგა ლორთქიფანიძე)
"ბუნებამ უხვად დააბერტყა უზარმაზარი იუმორი, მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხიბლი, უდიდესი ფანტაზია და დაუჯერებელი, აბსურდული სცენების გამართლების უნარი". (ოთარ მეღვინეთუხუცესი)
"მისი დავიწყება კი არა, ხსოვნის ოდნავ განელებაც წარმოუდგენელია. ხოლო ამას სხვანაირად სამსახიობო ხელოვნების უკვდავება ჰქვია. დიდება მის სულს, მარად წარუშლელ დიდხელოვნებას, მის კეთილ ოჯახიშვილობას, მამულიშვილურ ღვაწლმოსილებას" (ლევან სანიკიძე)
"პირველ მერცხალს" რომ ვიღებდით, იპოლიტე ხვიჩიასა და დოდო აბაშიძეზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული, მაგრამ ბატონ იპოლიტეს პირობა ჰქონდა ჩემთვის მოცემული, რომ გადაღების პერიოდში წვეთ ღვინოს არ დალევდა. ერთხელ დოდომ და იპოლიტემ ფოთის სასტუმროს აივანზე გამომიყვანეს და სასტუმროს ტერიტორიაზე მათზე მონადირე სიბნელეში სხვადასხვა ადგილებზე განლაგებულ მოძალადეებს ასე მიმართეს: დიდი სიამოვნებით გეახლებოდით, მაგრამ ამ ქალბატონს დავპირდით, რომ გადაღების პერიოდში ღვინო არ დავლიოთ... უნდა ითქვას, რომ მათ პირნათლად შეასრულეს ეს პირობა. (ნანა მჭედლიძე)
ბროშურის მომზადებისას გამოყენებულია ნუნუ ხვიჩიას "მონოგრაფია მამაზე"
გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 2002
ტექსტი დასაბეჭდად მოამზადა მაკა ახვლედიანმა
Комментариев нет:
Отправить комментарий