მერილინ მონრო
Marilyn Monroe
(1926 - 1962 წწ)
(1926 - 1962 წწ)
იგი მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთ ლეგენდად იქცა მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს არანაირი პრესტიჟული სამსახიობო პრემია არ დაუმსახურებია, იგი იყო განუმეორებელი მოვლენა, რაც ყველა ეპოქის მაყურებლის ყურადღების ცენტრში იქნება.
(მოამზადეს ნინო მაღალაშვილმა და ალექსანდრე ელერდაშვილმა, 2005 წ)
ვინ იყო ის - მსახიობი თუ უბრალოდ მოდელი? ...მის კარიერაში გარეგნობა ნამდვილად მთავარი იყო - სავსე მკერდი, ვიწრო წელი თუ ჩამოქნილი ფეხები, რასაც ვნებიანი მზერაც ამშვენებდა... გარეგნობა, რა თქმა უნდა, კორექტირებული იყო პლასტიკური ქირურგიით და გრიმით, მაგრამ ვერანაირი მაკიაჟი მაინც ვერ შეძლებდა იმ ანდამატური მიმზიდველობის (...გნებავთ, ამას აურა დაარქვით) შეცვლას, რის წყალობითაც იგი ეკრანზე გამოჩენისთანავე იპყრობდა ყურადღებას და მაყურებელს აიძლებდა, სულმოუთქმელად ედევნებინა თვალი მისი ყოველი მიმოხვრისთვის...
დაბადებისეული სახელი - ნორმა ჯინ მორტენსონ-ბეიკერი
დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს. ლოს-ანჯელესში
გარდაიცვალა 1962 წლის 5 აგვისტოს, ბრინტვუდში (კალიფორნიის შტატი)
დედა - გლედის ბეიკერი
ქმრები: ჯეიმზ დოუერტი, ჯო დი მაჯიო, არტურ მილერი
* * *
“მე უკანონო შვილი ვარ.... ამ ცნების პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ყველაფერი, რასაც მამაზე ან მამებზე ლაპარაკობენ, მტკნარი სიცრუეა“
1926 წელს გლედის ბეიკერი ჰოლივუდის ერთ-ერთი სტუდიის სამონტაჟო საამქროში მუშაობდა... მას სიგიჟემდე უყვარდა თავისი გოგონა.... "შეხედეთ! განა არის ვინმე ამაზე მშვენიერი?" - ხშირად იმეორებდა გლედისი და პატარა ნორმას უფრო გასამშვენიერებლად ხან წარბებს გამოუქნიდა და ხან ლოყებს მოუხატავდა; ეს ქალი ავტობუსით მგზავრობაზედაც კი ამბობდა უარს, რათა ფული დაეზოგა და ქალიშვილისთვის კოსმეტიკური საშუალებები ეყიდა.
უილშირის ქუჩაზე მდებარე პატარა სახლში, სადაც გლედისი მშობიარობის შემდეგ დაბრუნდა, მამაკაცები არ ცხოვრობდნენ. ასე რომ, ახალშობილს ქალთა აბსოლუტურ გარემოში უხდებოდა ცხოვრება, გლედისი კი მას დედობასაც უწევდა და ითავსებდა "მამობასაც", თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს ქალი თავის ერთადერთ შვილს სწირავდა ყველაფერს, რაც გააჩნდა და სრულ უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, რომ ნორმა ჯინი ამქვეყნად ულამაზეს და უჭვიანეს ბავშვად ჩაეთვალა.
კარიერის დასაწყისი
დიახ, სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს იმ ქმედებათა მთლიანობას, რასაც დედა ახორციელებდა შვილის მიმართ - გოგონას ჯერ პირველი კბილიც არ ამოსვლოდა და მშობელი მას უკვე მომავალ კინოვარსკვლავს უწოდებდა!
გოგონა ოდნავ რომ წამოიზარდა, მას ცხოვრების სრული თავისუფლება მიეცა, არავუნ და არასოდეს ზღუდავდა მის საქციელს და ისიც მთელი სისრულით იყენებდა ამ "ბედნიერებას", მაგრამ ყოველგვარ სილაღეს გააჩნია თავისი საზღვარი და ნორმა ჯინისთვისაც დადგა ეს ასეთი ცუდი დღე:
ერთხელ, დილაადრიან ნორმა ჯინს მეზობლის ქალები შემოეხვივნენ და შემწყნარებელი თვალებით დაუწყეს მზერა; მალე დედის მეგობარი გრეის მაკ კიც გამოჩნდა, გოგონას მოეხვია და უთხრა: "შეგიძია დეიდა გრეისი დამიძახო... დღეის შემდეგ მე გიპატრონებ... სანამ დედაშენი საავადმყოფოში იქნება..."
თუმცა "დეიდა გრეისმა" პირობა ვერ შეასრულა და გოგონას მოვლა-პატრონობა ლოს-ანჯელესისი საქალაქო მმართველობას მიანდო. ამ ორგანიზაციის ჩინოვნიკებმა ნორმა ჯინი ერთ ოჯახს მიაბარეს და ამის სანაცვლოდ ამ ოჯახს ყოველთვიური 20-დოლარიანი დახმარება დაუნიშნეს.
უდედმამო გოგონას ამჯერად ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა:
"ენა დაიმოკლეო.... უაზროდ ნუ იღიმებიო.... მუხლებზე კაბა ჩამოიწიეო... დაიფიცე, რომ არასოდესს და არსად ალკოჰოლს არ მიეკარებიო..." - გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ მომავალ მერილინ მონროს იმ თუ მეზობელი ოჯახების ყველა ზრდასრული წევრები.
"მე თერთმეტი ოჯახი მზრდიდა" - ასე თქვა ერთხელ ინტერვიუში უკვე სახელოვანმა კინოვარსკვლავმა, თუმცა არც "დეიდა გრეისს" დავიწყებია გოგონა; კვირაობით მოდიოდა ეს ქალი და ნორმას ბევერლი ჰიილზისკენ მიასეირნებდა. ეს ის ადგილია, სადაც, როგორც წესი, კინოვარსკვლავები ბინადრობენ, შემდეგ კი ჩინური თეატრისკენაც გაისეირნებდნენ და გოგონა ათვალიერებდა ვარსკვლავთა მიერ ამ თეატრის წინ, თაბაშირზე ამოტვიფრულ ფეხის თუ ხელის ანაბეჭდებს, დეიდა გრეისი კი სრული თავდაჯერებით ჩასჩიჩინებდა გოგონას: "ცოტაც მოითმინე, შვილო, და შენი ანაბეჭდიც გაჩნდება აქ!“
აი, ასე მიედინებოდა ნორმა ჯინ ბეიკერის ცხოვრება "მზიურ შტატში", სადაც მას ერთი ოჯახიდან მეორეში, ერთგვარი ადათ-წესებიდან სხვაგვარში და ლამაზი ოცნებიდან უფრო ლამაზში უხდებოდა გადაბარგება... გლედის ბეიკერი კი ამასობაში შეურაცხადთა სახლში, უფრო სწორად - საგიჟეთში, აწყდებოდა კედლებს და შვილთან შეხვედრას ითხოვდა...
1935 წელს, როცა ნორმას ჯერ კიდევ ცხრა წელი არ შესრულებოდა, ისე, რომ ნორვოკის სულის ავადმყოფთა სახლში გამოკეტილი დედის ერთხელ ნახვაც არ ეღირსა, მას დეიდა გრესი ეწვია და გამოუცხადა, რომ ამიერიდან აღარ მოუწევდა ერთი ოჯახიდან მეორეში წანწალი... ჩაულაგა ჩემოდანი, მოჰკიდა ხელი და ქალაქის განაპირა უბნისკენ წაიყვანა. იქ ნორმა ჯინმა თვალი რომ მოჰკრა დიდასოებიან აბრას - "ლოს-ანჯელესის თავშესაფარი" -, ტირილი მორთო და დაიყვირა - "მე ხომ ობოლი არ ვარ, დედაჩემი ჯერ ცოცხალია" - და დეიდა გრეისისგან ასეთი პასუხი მოისმნინა: "ცოცხალია?!ამას თუ სიცოცხლე ჰქვია..."
თავად მერილინის მოგონებებიდან:
"სწორედ ამ თავშესაფარში დამიზიანდა მეტყველება და ენის ბორძიკით დავიწყე ლაპარაკი... პირველ დღეს, როცა ამ სახლის დერეფანში ძალით მიმათრევდნენ, ველიდან გავუსხლტი მათ და უცებ თავშესაფრის უზარმაზარ სასადილო ოთახში მოვხვდი.... ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რამაც ჩემს გონებაში სამუამოდ და სრულად ჩამოაყალიბა თავად სიტყვა... თავად აზრი... ობლობა".
* * *
თავშესაფარში ნორმა რაღაც არაამქვეყნიურ, გაძვალტყავებულ არსებას დაემსგავსა და ერთადერთი, რითაც მისი ცნობა შეიძლებოდა, ღიმილი გახლდათ, თუმცა მისთვის დამახასიათებელი ენერგიულობაც და თავდავიწყების უნარიც შეინარჩუნა. იგი ყველას თავზარს სცემდა უგნური გამბედაობით, თუნდაც საქანელათი ისეთ სიმაღლეზე ადიოდა, რომ ნამდვილად ამართლებდა არაამქვეყნიური არსების "სტატუსს".
ნორმას 11 წელი რომ შეუსრულდა, მისი შვილად აყვანა დეიდა გრეისის ერთმა გადაბერებულმა ნათესავმა ისურვა და აიყვანა კიდეც; ასე რომ, გოგონა ახალ მეურვესთან, შნაბერა ქალბატონ ენ ლოუერთან გადაბარგდა...
ნორმა ჯინი მიაბარეს სკოლაში, რომელიც ლოს-ანჯელესის მდიდრულ უბანში მდებარეობდა. მისი მთავარი პრობლემა იმხანად თანაკლასელთა გაუთავებელი შეკითხვები იყო, რომლებსაც ნორმას წარმომავლობა აინტერესებდათ, ასე რომ, გოგონას უამრავი სიცრუის თქმა უხდებოდა, რათა ღირსეული დედ-მამის შვილად გაესაღებინა თავი. ასე მაგალითად - მან აცნობა ახალ მეგობრებს, რომ მოხუცი ენ ლოუერი მათი მოსამსახურე იყო, რომელსაც დიდი დამსახურება ჰქონდა მათი ოჯახის წინაშე და ახლა გასაგდებად ებრალებოდათ.
ამასობაში 1939 წელიც დადგა, ნორმას 13 წელი შეუსრულდა. მოხუცმა ("მოსამსახურე") ენ ლოუერმა ვეღარ შეძლო დაუოკებელი გზნების მქონე გოგონას მოვლა და დეიდა გრეისმა, როგორც იქნა, გაბედა და ახლადწამოჩიტული ქალიშვილი თავის ოჯახში წაიყვანა, მაგრამ ეს საკმაოდ დაგვიანებული ჟესტი იყო იმისათვის, რომ ნორმა ჯინზე რაიმე შთაბეჭდილება მოეხდინა. იგი (ნორმაზე მოგახსენებთ) ბავშვი კი არა, ნაადრევად მომწიფებული მშვენიერი ქალი იყო, რომელიც დეიდა გრეისის ოჯახში შევიდა, არა უპატრონო ბავშვის, არამედ სრულფასოვანი კონკურენტი მდედრის იმიჯით...
ასე დაიწყო ნორმა ჯინის ცხოვრების ახალი ეტაპი...
ბიჭუნებიდან კაცუნებამდე
ნორმა, რა თქმა უნდა, სამეგობროდ მასზე ბევრად უფრო დიდ ბიჭებს არჩევდა. მისი სიმაღლე იმხანად 1 მეტრსა და 63 სანტიმეტრზე დაფიქსირდა და აღარც არასოდეს გამაღლებულა მეტად. მთავარი კი ისაა, რომ ქუჩაში გასული ყმაწვილქალის არდანახვა შეუძლებელი იყო, რადგან მისი სიარული არ იყო უბრალოდ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, ეს გახლდათა რწევათა და მიმოხვრათა მთელი კასკადი და ფეიერვერკი.
" დეიდა გრეისს" და "ბებია ენს" ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, აშფოთებდათ და ორივემ ერთხმად გადაწყვიტეს, ნორმა გაეთხოვებინათ; ეს მათ ერთადერთ ხსნად და საშველად მიიჩნიეს, საშველი კი ქალებმა ჯეიმზ დოუერტიში - მეზობლად მცხოვრებ აწოწილ ყმაწვილში - ნახეს.
პირველი ქორწინება
იმხანად ორმა ფაქტმა ნორმას მთელი არსება შეძრა; ერთი ქორწინებამდე მცირე ხნით ადრე მოხდა, როცა გაიგო, რომ "ბეიკერი" მისი მამის კი არა, დედის გვარი ყოფილა, მეორე კი ქორწინებისთვის მზადებისას იყო, როცა მას 'დეიდა გრეისმა" აჩუქა წიგნი, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა - "მზადება შეუღლებისთვი". ამ იაფფასიან გამოცემაში ცოლქმრობა განხილულუი იყო, როგორც ადამიანთა მოდგმის გარდაუვალი აუცილებლობა... წიგნი მთავრდებოდა ასეთი ფრაზით: "ნამდვილი სიყვარული წლებს და გამოცდილებას მოაქვს".
1942 წლის 19 ივნისს ბენტლი-ავენიუზე მდებარე სახლში თეთრ საქორწილო კაბაში გამოწყობილი ნორმა ჯინი ისე თრთოდა და კანკალებდა, კაცს ეგონებოდა, კვლავაც ობოლთა თავშესაფარში წაყვანის ეშნიაო; მთელი პროცესიის განმავლობაში მომავალი მერილინი ტუჩებს იკვნეტდა და გაუაზრებლად იჩეჩავდა მხრებს. აუცილებელ რიტუალებს ვახშამიც მოჰყვა, შემდეგ კი მხიარული კომპანია ჰოლივუდის საღამოს კაბარე "ფლორენციულ ბაღისკენ" გაეშურა; მხოლოდ აქ შეძო ნორმამ მთელი დღის ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლება და საცეკვაო მოედანზე თავდავიწყებით გადაეშვა, რასაც დამსწრე აუდიტორიის აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვა. აი, ამას კი მისი უკვე ქმარი ჯეიმზ დოუერტი ნამდვილად არ ელოდა - ნუთუ მისი ცოლი ის ქალია, ვინც პუბლიკის გასართობადაა გაჩენილი?! ჯეიმზის გულში ეჭვი ბობოქრობდა იმის გააზრებისას. რომ მისი ახლადშერთული მეუღლე იმ საღამოს, ქმრის გარდა, ყველას და ყველაფერს ეკუთვნოდა. ნორმას საცეკვაოდ მიწვევას ერთმანეთს არ აცლიდნენ აღგზნებული მამაკაცები და ყველა, თითქოს პირი შეუკრავთო. ნამდვილი ოვაციით ეგებებოდა ქარივით მქროლავ პატარძალს.
საქორწილო საღამო ჯეიმზის სკანდალური რეოლიკით დასრულდა, რომელიც მან ყველას გასაგონად უთხრა ნორმას:
- ნუთუ ვერ ხედავ, რომ ამ ხალხს მაიმუნივით ართობ?!
გამთენიისას, როგორც იქნა, საბანქვეშ შეიყუჟა ნორმა და თავისთვის ჩაიბურტყუნა:
- მაიმუნები ვართ, აბა, რა?!
ოჯახი
ახალდაქორწინებულებმა ბინა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში, ვან-ნაისში დაიდეს...
სულ რაღაც ორიოდე დღეში ნორმას უკვე ჭირივით სძულდა საათობრივად გათვლილი კვების რეჟიმი, ვერ იტანდა ჭუჭყიანი თეფშების დანახვას. იგი ასობით საქმეს ერთად ჰკიდებდა ხელს და ბოლომდე არცერთი არ მიჰყავდა.... ძალიან მალე გააცნობიერა, რომ გათხოვილი ქალის ყოფა არაფრით სჯობდა ობოლთა თავშესაფარში ცხოვრებას. შეიძლება ითქვას, რომ ნორმას ცხოვრების დინებას თვისობრივი ცვლილება არ განუცდია. ამიტომაც გადაწყვიტა, თავად მოეფიქრებინა ისეთი რამ, რითაც ცხოვრებას გაიხალისებდა და ეს ხალისი ქალმა "შარმის" გაკვეთილებში ჰპოვა, თუმცა მასწავლებლისთვის არ მიმართავს, რადგან მისი ენაბლუობა მეტისმეტად კომიკურად წარმოაჩენდა მას და ამიტომაც მარტო, რაღაც სახელმძღვანელოებით სწავლობდა "შარმს". ნორმა სადმე სხვენზე ან სარდაფში გამოიკეტებოდა ხოლმე და საათობით იმეორებდა საკუთარ სახელს სულ უფრო სწრაფად და სწრაფად, რათა ენის ბორძიკისთვის თავი დაეღწია (სწორედ ასე ურჩიეს მას "შარმის სკოლიდან" მიღებულ წერილში). ასე გადაება დღე დღეს და დადგა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ჯეიმზ დოუერტი საზღვაო ფლოტში სამსახურისთვის გაიწვიეს და ნორმას საშუალება მიეცა მუშაობა დაეწყო ერთ-ერთ საავიაციო ქარხანაში. პირველხანებში იგი კონტროლის განყოფილებაში მუშაობდა, სადაც პარაშუტების გამართულობას ამოწმებდა, შემდეგ სამღებრო საამქროში გადაიყვანეს, სადაც მისი მოვალეობა სპეციალური სითხით თვითმფრინავების დაფარვა იყო.
არმიელთა ფოტომოდელი
იმხანად აშშ-ს არმიაში ერთი წესი იყო - უმაღლესი მთავარსარდლობის გადაწყვეტილებით ქვეყნის ქარხნებსა და ფაბრიკებში რეგულარულად იგზავნებოდნენ ფოტოგრაფები, რომელთაც ჯარისკაცებისთვუის უნდა გადაეღოთ მათი მეუღლეების ფოტოები და ამით მათი (ჯარისკაცების) საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინათ.
მალე არმიელი ფოტოგრაფი ბერბენკის საავიაციო ქარხანასაც ეწვია ჯეიმზ დოუერტისთვის მისი მშვენიერი მეუღლის ფოტოს გადაღების მიზნით.
"დადექით სამუშაო ადგილთან და სურატს გადაგიღებთ" - თითქმის ბრძანების კილოთი უთხრა ფოტოგრაფმა ნორმას და ამ უკანასკნელსაც დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია. მან თეზოების რიტმული რხევით ჩაუარა გვერდით ფოტოგრაფს და თავის სამუშაო ადგილთან მეტისმეტად მკერდგამოწეულმა დაიკავა ადგილი. ფოტოგრაფს, მგონი, მოეწონა ეს ახლადაღმოჩენილი მოდელი, ორიოდე სხვა სურათიც გადაუღო (სენდვიჩით ხელში, შესვენების ჟამს, პარკში სეირნობისას და ა.შ.) და აღფრთოვანებულ ნორმას უთხრა: "შეიძება ეს ფოტოები გაზეთშიც გამოვაქვეყნოთო". ამ მიზნით მან ტელეფონის ნომერიც გამოართვა ქალს და შეჰპირდა, რომ გაზეთის გამოსვლას შეატყობ ინებდა...
სწორედ ამ ფოტოგრაფის წყალობა იყო, რომ ნორმა ჯინ ბეიკერის გარეგნობით სასტუმრო "ამბასადორის" ფოტომოდელთა სააგენტო დაინტერესდა.
ნამდვილი კარიერის დასაწყისი
ეს 1945 წლის ივნისის ერთ მზიან დღეს მოხდა.
ნორმა საგულდაგულოდ და დიდხანს ემზადებოდა ამ დღისთვის. მას ერთადერთი რამ აშინებდა - ვაითუ სწორად ვერ შევარჩიეო კაბის ფერი?! იგი იმხანად არაფრით გამოირჩეოდა ათასობით ქერათმიანი ქალისგან, რომლებიც ჰოლივუდის პროსპექტზე დასეირნობდნენ. ნორმა უფრო მეტად თრთოდა და კანკალებდა, ვიდრე ქორწინების დღეს, მაგრამ ამ თრთოლვას შიში აღარ ახლდა... ფოტომოდელების სააგენტოდან ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა კინოგადასაღებ პავილიონამდე; ბინიდან ნორმა ცისფერი კაბით და შავი სათვალით გამოვიდა და ისე ჩიარა ვან-ნაისი კვარტალები, თითქოს ნამდვილი კინოვარსკვლავი იყო და ყურადღების მიპყრობას ერიდებაო. მისმა დედამთილ მამათილმა (...რომლებიც ნორმას ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ) იფიქრეს - სამსახურში წავიდაო ჩვენი რძალი და მწარედ მოტყუვდნენ. "ცისფერი წიგნის" სააგენტოში მისვლიდან მეორე დღესვე მიატოვა მან საავიაციო ქარხანა, რადგან უკვე საბანაო კოსტუმების რეკლამირების მთავარ ფოტომოდელად იქცა.
ნორმა ჯინი უკვე რეგულარულად ფიგურირებდა ისეთი ჟურნალების ფურცლებზე, როგორებიცაა "პიკი", "ლაიფი", "სერ!" და სულ უფრო აქტიურად ზემოქმედებდა ამ ჟურნალებით დაინტერესებული მამაკაცების ფსიქიკაზე. ფოტოკამერის წინ ერთი საათით დგომას (ან ჯდომას, ან წოლას) იმდენი ფული მოჰქონდა ნორმასთვის, რამდენიც - ქარხანაში ერთი კვირის მუშაობას. მას ერთადერთი რამ ევალებოდა - ობიექტივისკენ მიემართა გამჭვირვალე აბრეშუმით დაფარული მხრები, მკერდი, თეძოები თუ სხეულის სხვა ნაწილები, რომელთა დასაფიქსირებლად არცთუ იშვიათად ფოტოგრაფებს იგი მალიბუს პლაჟზე მიჰყავდათ.
ნორმა ჯინს, სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მეტისმეტად მეტყველი სახე და ვნებიანი გამოხედვა ჰქონდა; შეიძლება ითქვას, მისი სახე მთავარ როლს ასრულებდა ამ ეროტიულ თამაშში და სწორედ ეს იპყრობდა ჟურნალების მომხმარებელთა ყურადღებას. რომლებმაც ჯერ არ იცოდნენ ამ ახალი მოდელის არც სახელი და არც ვინაობა.
მალიბუდან ჰოლივუდისკენ
ხსენებულმა პუბლიკაციებმა ერთხელ დიდი კინოკომპანიის შეფის ჰოვარდ ჰიუსის ყურადღებაც მიიპყრო და მას დიდი ხნის ძებნა არ დასჭირვებია - კინოკომპანიის აგენტებმა მალე მოძებნეს მშვენიერი ფოტომოდელი.
პირველსავე შეხვედრაზე ჰიუგსმა ნორმას შოტლანდიური ვისკი შესთავაზა და შემდეგ ფირმის სპეციალური ბლანკი გაუწოდა.
" - რას იტყოდით კონტრაქტის თაობაზე? - ჰკითხა კინოკომპანიის მოსმა და დაამატა - წაიღეთ სახლში და ყურადღებით გაეცანით.... ნუ იჩქარებთ!"
ჰოვარდ ჰიუგსის კონტრაქტი მომავალი კინოვარსკვლავის დაკაბალებას 75 წლის განმავლობაში ითვალისწინებდა. ამ ხნის მანძილზე მას ექნებოდა საკმაოდ დიდი ხელფასი, მაგრამ მას არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა დამქირავებელი კომპანიის ნებართვის გარეშე.
იმ დღიდან მოყოლებული ნორმა ჯინი ჰიუგსის ზარის მოლოდინში ტელეფონს ვერარ შორდებოდა. ჰოვარდი მეტად რომანტიკული ბუნების კაცი აღმოჩნდა; მას გამუდმებით სადღაც ეჩქარებოდა და ნორმას მხოლოდ ტელეფონის ყურმილით უგზავნიდა კოცნას. ქალი მთელი არსებით იყო მოხიბლული ამ თავზეხელახებული მილიონერით, რომელიც, მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა, ნამდვილად აფასებდა ნიჭს და მშვენიერებას, რის დასტური თუნდაც ის გახლავთ, რომ სწორედ მას ეკუთვნის კინოსამყაროს სხვა არანაკლებ ლეგენდარული ვარსკვლავის აღმოჩენაც, რომლის სახელი და გვარი ოდრი ჰეპბერნი გახლავთ.
ჰიუგსს რამდენიმე მდიდრული სახლი ჰქონდა, რომელთაგან ზოგიერთში ფეხიც კი არ ჰქონდა შედგმული. ერთხელ მან დაურეკა ნორმას და უთხრა: "შენს მეგობარ ქალთან ერთად პალმ-სპრინგში" მეწვიეო. ნორმა ჯინმა იფიქრა, რომ დადგა მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე და ჰოვარდი ბოლოსდაბოლოს ოფიციალური წინადადებით მიმართავდა, კაცმა კი მას მხოლოდ ის განუცხადა, რომ გადაუდებელი საქმის გამო ლოს-ანჯელესიდან სასწრაფოდ უნდა გაფრენილიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს "გადაუდებელი საქმე" ჰოვარდის ახაკუ საყვარელი იყო... თუმცა ნორმა მაინც ელოდა ჰოვარდის ზარს... ორიოდე კვირის შემდეგ ჰიუგსი გამოეხმაურა მას და ფლეიტაზე დამკვრელი მუსიკოსის პატარა ქანდაკება გამოუგზავნა საჩუქრად. ფლეიტისტი, რომლის ღირებულება 500 ფრანკს შეადგენდა, მხოლოდ დადასტურება იყო სასიყვარულო ურთიერთობის დასასრულისა...
მერილინ მონრო
1946 წლის აგვისტოში სტუდია "მე-20 საუკუნე ფოქსმა" მერილინ მონროსთან გააფორმა კონტრაქტი. (სწორედ ამ კონტრაქტში მოიხსენიეს იგი პირველად მერილინ მონროდ), რომლის თანახმადაც მომავალ მსახიობს კვირაში 125 დოლარს გადაუხდიდნენ, გარდა ამისა, ცეკვის და სიმღერის მასწავლებლის გაკვეთილების დანახარჯსაც აუნაზღაურებდნენ...
მერილინ მონროს დებიუტი კინოში 1947 წელს შედგა ფილმში "სახიფათო წლები" (Dangerous years), ამას მალე მოჰყვა ფილმი "სკუდა ჰუუ, სკუდა ჰეი" (Scudda hoo, Scudda hay). მაგრამ "ფოქსის" სტუდიასთან ურთიერთობა მალე გაუფუჭდა მერილინს, რადგან მისი შეფის, ჯოზეფ შენკის, დამოკიდებულება მისდამი ქალმა სერიოზულად აღიქვა. შენკი არ იყო წინააღმდეგი, რომ მერილინს "კეთილგანწყობა" გამოემჟღავნებინა ბევრი სხვა გავლენიანი პროდიუსერის მიმართაც და... მერილინი იძლებული გახდა მიეტოვებინა სტუდია "ფოქსი".
იმავე წელს მერილინმა კიდევ ორიოდე როლი შეასრულა უმნიშვნელო ფილმენი და ამით დამთავრდა მისი კონტრაქტი სტუდია "ფოქსთან". შემდეგ იყო პეგი "გუნდის მომღერლებში" (ეს ფილმი "კოლამბია ფიქჩერზმა" გადაიღო); მიუხედავად დადებითი რეცენზიებისა, არც ამ სტუდიამ მოინდომა მერილინთან თანამშრომლობის გაგრძელება. მერილინი იძლებული გახდა კვლავ ფოტომოდელად ემუშავა. სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული შიშველი ფოტო კალენდრისთვის, რომელიც 1953 წელს "პლეიბოიმ" გადაბეჭდა; ამ ფოტომ მერილინს 50 დოლარი მოუტანა, ხოლო გამომცემელს - 2 მილიონი.
1950 წელი მერილინისთვის ბედნიერი გამოდგა, მან ხუთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ჯონ ჰიუსტონის კრიმინალურ დრამაში 'ასფალტის ჯუნგლები". აბრეშუმის პიჟამოში გამოწყობილმა ქერა ლამაზმანმა ჯოზეფ მანკიევიჩის ყურადღება მიიპყრო, იგი ახალ სახეს ეძებდა ფილმისთვის "ყველაფერი ევას შესახებ (სხვათა შორის, საბჭოთა კინოგაქირავებამ ეს როლიც და პერსონაჟიც საერთოდ ამოჭრა). 1951 წელს მერილინმა მიიღო როლი ფილმში "სიყვარულის ბუდე'. ამ დროისთვის იგი უკვე აღა იყო უცნობი მსახიობი, წარმატება ერთბაშად მოვიდა. სტუდია "ფოქსმა" მერილინს მოულოდნელად შესთავაზა მთავარი როლი ფილმშ "დემონი შუაღამისას იღვიძებს", მაგრამ ფილმი ჩავარდა და "ფოქსმა" ამაში მერილინი დაადანაშაულა. ის ავადსახსენებელი კალენდარიც ცხვირწინ აუფრიალა. ამჯერად სკანდალმა მერილინის სასარგებლოდ იმოქმედა. 1951 წლის ბოლოსთვის მსახიობი თაყვანისმცემლებისგან კვირაში 2 ათასზე მეტ წერილს იღებდა. 1953 წელს მერილინს ორმაგად გაუმართლა, მან მთავარი როლი შეასრულა ბილი უაილდერის კომედიაში "ჯენტლმენები ქერათმიანებს ამჯობინებენ", სადაც თავისი ცნობილი სიმღერა "ბრილიანტი ქალიშვილის საუკეტესო მეგობარია" შეასრულა; მერილინი კვირაში უკვე 1200 დოლარს იღებდა.
მეორე ქორწინება
...ამავე 1953 წელს მერილინ მონრო შეხვდა ბეისბოლისტ ჯო დემაჯიოს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დიდი სპორტიდან უკვე წასული იყო, პრეზიდენტზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა; იფი მერილინზე 11 წლით უფროსი გახლდათ, მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და მერილინს თითქმის მამის მაგივრობას უწევდა, რომლის არყოფნასაც მუდამ მწვავედ განიცდიდა.
იმავე 1953 წელს მერილინმა კომედიაში - "როგორ გავყვე ცოლად მილიონერს - ისეთ სუპერვარსკვლავებთანმ ითამაშა, როგორებიც იყვნენ ბეტი გრეიბლი და ლორენ ბეკოლი. უნდა ითქვას, რომ თავის პარტნიორებს მან ბევრად აჯობა; მერილინს გაშიშვლება არ სჭირდებოდა, რათა ყურადღება მიეპყრო, არც ბევრი ლაპარაკი ინტერესის გამოსაწვევად. იმხანად მერილინს თავისი კარიერისადმი უვე სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა და გადაწყვიტა ესწავლა; იგი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან არსებულ კურსებზე ჩაეწერა, მაგრამ დროის უქონლობის გამო სწავლა მალე შეწყვიტა. იგი ნამდვილად დაკავებული იყო, დადიოდა სიმღერის გაკვეთილებზე, სწავლობდა ინტერვიუს მიცემის ხელოვნებას, პოზირებდა რეკლამისთვის; მსახიობის ხელოვნებას მიხეილ ჩეხოვთან ეუფლებოდა, სწავლობდა აგრეთვე ფსიქოლოგიას, ისტორიას... ერთი სიტყვით ცდილობდა, გემოვნება დაეხვეწა. ყოველივე ამის წყალობით მერილინისთვის თამაში ერთგვარ რელიგიად იქცა... მას გადასაღებ მოედანზე მეტად მიხეილ ჩეხოვთან, სახლში "ალუბლის ბაღის" მიზანსცენების გარჩევა აინტერესებდა. ერთხელ ჩეხოვმა უთხრა, რომ იგი გამუდმებით ასხივებდა ეროტიკულ ენერგიას, თითქოს მუდამ აღგზნებული იყო, ამიტომ სტუდიის მეპატრონეთათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მის სამსახიობო ნიჭს, ისინი მერილინში მხოლოდ სექს-სტიმულატორს ხედავდნენ და.... თითქოს ჩეხოვის ამ სიტყვების დასადასტურებლად მერილინი მთავარ როლზე დაამტკიცეს ფილმში "ქალიშვილი ვარდისფერ საცვლებში". ამან მერილინი აღაშფოთა! მისი სექსუალურობის სიმბოლოდ იქცა კადრი ბილი უაილდერის ფილმიდან, სადაც ნიუ-იორკის მიწისქვეშა გადასასვლელის სარქველზე მდგომ მერილინს მოულოდნელად ქარი კაბას აუფრიალებს. სწორედ ამ მომენტში ერთ-ერთმა მეგობარმა გადასაღებ მოედანზე ჯო დიმაჯიო მიიყვანა და მან საკუთარი თვალით იხილა ამ სანახაობით აღტყინებული ხალხის ბრბო...
მერილინი დიდხანს აჭიანურებდა დიმაჯიოსთან ქორწინებას, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ამ დროისთვის მას უკვე ესმოდა მნიშვნელობა სიტყვისა "ფრიგიდული", რომელიც მის მიმართ ხშირად გაეგონა... პლანეტის ყველა მამაკაცის ოცნების ქალი მართლაც "ცივი" გახლდათ, სექსი მერილინში ზიზღს იწვევდა და. როგორც ჩანს, ეს ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმით იყო გამოწვეული. თავის წიგნში მერილინი აღწერს, როგორ გააუპატიურა ერთმა ჯენტლმენმა პურიტანმა, რომლის ოჯახშიც იგი ცხოვრობდა; მერილინს არასოდეს, ბავშვობაშიც კი არ უოცნებია სიყვარულზე, მაგრამ მთელი არსებით სურდა გარშემომყოფთა ყურადღება მიეპყრო; იგი ხშრად წარმოიდგენდა, როგორ შედიოდა ეკლესიაში ფრიალა კაბით, საცვლების გარეშე, ხალხი კი ცდილობდა კაბის ქვეშ შეეჭვრიტა, მერილინს სრულიად აკმაყოფილებდა მისკენ მიპყრობილი აღტაცებული მზერა, ეს იყო და ეს.
დიმაჯიოსთან ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა; მათ მეტწილად სხვადასხვა ოთახში ეძინათ, დიმაჯიოს აღიზიანებდა მერილინისადმი საზოგადოების ცნობისმოყვარეობა, მისი გაურკვეველი სიახლოვე ნატაშა ლეიტესთან, რომელიც სტუდიამ მიუჩინა მერილინს; ერთხელ დიმაჯიომ ნატაშა სახლიდანაც კი გააგდო, რადგან იგი შუაღამისას გამოცხადდა ვითომდა სარეპეტიციოდ. ჯომ მერილინს პირდაპირ დაუსვა საიკითხი - ან ის ან ჯინო! მერილინს კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა... გზათების თანახმად, საზოგადოება მისთვის პირველი და უკანასკნელი სიყვარული გახლდათ... ჭკუიდან შემშლელი მანერა სიარულისა, სავსე მკერდი, გამოკვეთილი თეძოები და გასაგიჟებელი ღიმილი რეჟისორებისთვის არასოდეს იყო გაიგივებული გონიერებასა და კდემამოსილებასთან. როგორც ბილი უალიდერი ხუმრობდა, მერილინს ქვის მკერდი და ბამბის ტვინი ჰქონდა... რეჟისორებმა ეს ხუმრობა მაშინვე აიტაცეს.
1959 წელს მერილინმა კვლავ ითამაშა ბილი უაილდერის ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან". რეჟისორის აზრით, მერილინის ორ ფილმში გადაღებისთვის იგი (რეჟისორი) "მეწამული გულის" ორდენს იმსახურებდა, თუმცა ზოგიერთი პარტნიორი, მათ შორის ლოურენს ოლივიეც (ისინი ერთად თამაშობდნენ ფილმში "პრინცი და მანეკენი გოგონა") ფიქრობდა, რომ მერილინი სილამაზესთან ერთად საკმაოდ გამჭრიახ გონებასაც ფლობდა.
მესამე ქორწინება
მერილინს ინტელექტუალური მამაკაცები იზიდავდა... მას ძალზედ მოსწონდა სათვალიანი ჯენტლმენები... მოხიბლული იყო დრამატურგ არტურ მილერით და.... დიმაჯიოსთან განქორწინების შემდეგ მერილინმა იუდაიზმი მიიღო, 1956 წლის ივნისში კი ცოლად გაჰყვა ხსენებულ დრამატურგს.
კინოშ კი მერილინს წინანდებურად ერთი ტიპის - თავქარიანი და სულელი ლამაზმანების - როლებს აძლევდნენ, ამის საპასუხოდ მერილინმა პრიმადონას თვისებები გამოავლიბა 1956 წელს ფილმ "ავტობუსის გაჩერების" გადაღებების დროს. მან, როგორც იქნა, სერიოზული დრამატული როლი მიიღო... ჰოდა, მერილინმა პარტნიორების არჩევა თავად დაიწყო: ზოგს არჩევდა ან იწუნებდა ახალგაზრდობის, ზოგსაც სიბერის გამო; ზოგი მეტისმეტად დაბალი იყო მისთვის, ზოგიც - უზომოდ მაღალი. როცა რეჟისორმა ჯორჯ კიუკორმა 1960 წელს ფილმის "მოდი, დაწექი ჩემთან" გადაღებისთვის მზადება დაიწყო, სადაც მთავარი როლი მერილინს უნდა ეთამაშა, აღმოჩნდა, რომ არცეთ ცნობილ მსახიობს, მათ შორის არც კერი გრანტს, არც როკ ჰადსონს და არც გრეგორი პეკს მერილინთან მუშაობა არ სურდა...
მერილინი პანიკამ შეიპყრო.
ნამდვილი სიყვარული
...ამ დროს ჰოლივუდში ივ მონტანი ჩავიდა, რომელიც მერილინს ნამდვილ მხსნელად მოევლინა. ქალს თავდავიწყებით შეუყვარდა მონტანი და დარწმუნებული იყო, რომ უშნო, მძმე ხასიათის სიმონა სინიორესთან ქორწინება მონტანს მხოლოდ კარიერის შესაქმნელად სჭირდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა... პარიზში გამგზავრებისას ივ მონტანი მერილინს მხოლოდ ამ სიტყვებით დაემშვიდობა - "შენთან დრო სასიამოვნოდ გავატარე".
1958 წელი მერილინისთვის მძიმე აღმოჩნდა - მოეშალა მუცელი; ამას დაერთო ფსიქიური აშლილობა ფილმის "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები" არიან გადაღებებზე; ჯეკ ლემონი და ტონი კერტისი მალავდნენ, რომ მერილინი მათ ძალიან აღიზიანებდათ. თავად მონროც ჯიუტობდა, ფხუკიანობდა, ხანდახან მოითხოვდა ერთი დუბლი 30-ჯერ გადაეღოთ.... შედეგად ფილმმა, რომელზედაც სამი მილიონი დოლარი დაიხარჯა, ნახევარი მილიარდი მოგება მოიტანა. ჯაზის მომღერალი გოგონას როლი, რომელიც მილიონერზე გათხოვებაზე ოცნებობდა, მერილინისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა.
* * *
პირად ცხოვრებაში კი არაფერმა გაუმართლა; არტურ მილერის პიესებით მოხიბლულ მერილინს იმედი მალე გაუცრუვდა, ცხოვრებაში მილერი საკმაოდ გულგრილი ადამიანი აღმოჩნდა, მას სავსებით აკმაყოფილებდა ამერიკის სექს-სიმბოლოს ქმრის ტიტული, ხოლო მეუღლის პრობლემები საერთოდ არ აღელვებდა.
მერილინისთვის მილერის უკანასკნელი საჩუქარი აღმოჩნდა ფილმ "მოუსვენრების" (1961 წ) სცენარი, სადაც მერილინს პარტნიორობას კლარკ გეიბლი უწევდა. ეს უკანასკნელი მერილინს მამას ახსენებდა, რომელსაც მხოლოდ ფოტოებით იცნობდა; ფილმის გადაღებებზე არსებულმა მძმე პირობებმა გეიბლს ჯანმრთელობა შეურყია და გადაღებების დამთავრების შემდეგ სულ მალე გარდაიცვალა... გეიბლის მეუღლე ქმრის სიკვდილში მერილინს ადანაშაულებდა.
1961 წლის იანვარში მერილინი არტურ მილერს დაშორდა, თებერვალში კი ნერვული შეტევების გამო ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მერილინი ვეღარ იტანდა კინოს და სძულდა ყველა ფილმი, სადაც თავად ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და რეჟისორების ყოველ ახალ შემოთავაზებაზე უარს აცხადებდა...
მერილინი და პრეზიდენტი
1961 წლის 19 მაისს მერილინმა პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღე სიმღერით მიულოცა
ჯონ კენედი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მერილინ მონროს კარიერას, გაპრეზიდენტემადეც და, მით უმეტეს, ამის შემდეგაც. ერთხელ ასეთი ამბავიც მოხდა:
ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში ჟაკლინ ბუვიეზე დაქორწინებიდან ცოტა ხანში კენედიმ ხერხემლის ოპერაცია გაიკეთა; მას პალატაში საწოლთან საყვარელი მსახიობი, მერილინ მონროს, უზარმაზარი ფერადი პლაკატი ჰქონდა გაკრული. სენატორის სანახავად საავადმყოფოში მისულმა მისმა თანაშემწემ გაოცება ვერ დამალა, როცა მერილინის სურათი იხილა; მისი გაოცება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სურათი თავდაყირა ეკიდა და ამიტომ მერილინს ძალიან გამომწვევი პოზა ჰქონდა მიღებული. "მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები ძალიან აწუხებდა, კენედის მუდამ ეღიმებოდა, როცა ამ სურათს შეავლებდა ხოლმე თვალს" - იხსენებს კენედის თანაშემწე.
"აფიშის მოჩვენება" 1957 წელს რეალობად იქცა; ეს სანტა-მონიკაში მოხდა, სადაც კენედის და პატი და მისი მეუღლე პიტერ ლოფორდი, დიდბრიტანელი ელეგანტური მსახიობი, ცხოვრობდნენ. ლოფორდები თავის მდიდრულ ვილაში ხშირად მართავდნენ წვეულებებს; სწორედ ერთ-ერთი ასეთი წვეულების დროს გაიცნეს ერთმანეთი მერილინმა და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, მაგრამ მათ შორის რომანი მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყო. კენედიმ მერილინს შესთავაზა, დასწრებოდა დემოკრატების შეკრებას ლოს-ანჯელესში, სადაც მისი მეუღლე, ჟაკლინი, მისვლას არ აპირებდა. ამერიკაში არავინ მისცემდა ხმას ცოლის მოღალატე პრეზიდენტობის კანდიდატს, მაგრამ კენედი არაფერს ერიდებოდა, იგი მთელ თავისუფალ დროს მერილინთან ატარებდა. მერილინმა იმედოვნებდა, რომ ეს უბრალო სასიყვარულო თამაში არ იქნებოდა და მათი ურთიერთობა უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდა.
გაპრეზიდენტების შემდეგ კენედი კვლავ აგრძელებდა მერილინთან შეხვედრებს. პაემანზე მერილინს მუდამ უზარმაზარი შავი სათვალე ეკეთა და თავისუფალი კაბა ეცვა. სწორედ ასე გამოწყობილი ავიდა ერთხელ იგი პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე, რითაც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი.
მერილინი გამუდმებით ურეკავდა კენედის თეთრ სახლში და პარალელურად სწერდა წერილებს, სადაც დაჟინებით სთხოვდა, საპასუხოდ სასიყვარულო ლექსები გამოეგზავნა. ერთხელ, 1962 წლის დასაწყისში, მერილინმა ისიც კი გაბედა, რომ ჟაკლინს, კენედის კანონიერ მეუღლეს დაურეკა და განუცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, პრეზიდენტ კენედის გაჰყოლოდა ცოლად (?!)
* * *
1962 წელს პრეზიდენტის დაბადების დღე ახლოვდებოდა; მას 45 წელი უსრულდებოდა. ამ დღისთვის ნიუ-იორკის "მედისონ სქვერ გარდენში" გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელსაც დემოკრატიული პარტიის 15 ათასი მხარდამჭერი დაესწრო.
პრეზიდენტს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა, როგორებიც იყვნენ ჯაზის მშვენება ელა ფიტცჯერალდი და ოპერის გამოჩენილი მომღერალი მარია კალასი.
მაგრამ სიმღერით (?!) მერილინ მონრომ იმ კონცერტზე ყველა დაჩრდილა.
* * *
კონცერტის შემდეგ მერილინმა და პრეზიდენტმა რამდენიმე საათი ერთად გაატარეს, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, მერილინი ამ დროს ისეთი მთვრალი იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე ფრაზის წამღერება მოახერხა, მაგრამ ეს მხოლოდ ჯონმა შეამჩნია. უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნილიყო, მან მერილინი სასწრაფოს შინ გაამგზავრა... ეს მათო ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა...
ჯონის ძმამ, რობერტმა, და გამოძების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ედგარ ჰუვერმა პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ლოფორდების ვილაზე მოსასმენი აპარატურა იყო დაყენებული და მერილინთან მისი ერთ-ერთი შეხვედრა ფირზე იყო ჩაწერილი... ჯონმა სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, მერილინთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა; მერილინი ჯონს სასოწარკვეთილ წერილებს სწერდა, განუწყვეტლივ ურეკავდა და ემუქრებოდა, რომ ყველაფერს უამბობდა ჟურნალისტებს. "იმისთვის, რომ დაემშვიდებინა, ჯონმა, ბოლოსდაბოლოს, გადაწყვიტა, მერილინთან საკუთარი ძმა, რობერტი გაეგზავნა" - იხსენებს ლოფორდი, რომლის ვილაშიც იმ დროს მერილინი ცხოვრობდა. ახლა იგი ყველას არწმუნებდა, რომ რობერტი მასზე აპირებდა დაქორწინებას....
ამასობაში მერილინი სულ უფრო ხშირად და დიდი დოზით იღებდა ნარკოტიკებს. ლოფორდის აზრით, მისი გამრუდებული ფანტაზიები სწორედ ალკოჰოლის და ძლიერი საძლე საშუალებების ზემოქმედებით იყო გამოწვეული.
"მე ვარწმუნებდი მერილინს, შეეწყვიტა ამ სისაძაგლეების მიღება, რადგან მის კარიერას საფრთხე დაემუქრებოდა" - ამბობს ლოფორდი... რობერტ კენედიც უკვე ცდილობდა, მისგან შორს დაეჭირა თავი.
"ისინი ყველანი ერთნაირები არიან - ამტკიცებდა მონრო - ჯერ გამოგიყენებენ, შემდეგ კი ნახმარი ცხვირსახოცივით მოგისვრიან".
1962 წლის 3 აგვისტოს მერილინმა რობერტს დაურეკა სან-ფრანცისკოში, სადაც ეს უკანასკნელი ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა და კატეგორიულად სთხოვა, სასწრაფოდ მასთან მისულიყო. რობწრტი უხალისოდ დასთანხმდა. მათ შორის ბობოქარი სცენა გაიმართა, რისი მოწმეც კვლავ ლოფორდი გახდა. მერილინი ისტერიკაში ჩავარდა, რობერტს ემუქრებოდა, რომ დილით პრეს-კონფერენციას მოიწვევდა და ყველაფერს უამბობდა ჟურნალისტებს იმის შესახებ, თუ როგორ მოექცნენ მას ძმები. ამ სიტყვების გაგონებაზე ბობი მიტკალივით გაფითრდა და მერილინს მკურნალი ფსიქიატრის მოყვანა შესთავაზა....
ლოფორდი ხშირად ახვედრებდა ჯონს და მერილინს ერთმანეთს თავის ვილაში. როცა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, დემოკრატიული პარტიიდან და ლოს-ანჯელესში სიტყვა წარმოთქვა, მერილინი მის გვერდით იყო და ამხნევებდა მას. გარკვეული დროის შემდეგ კი ქალი უკვე რობერტთან ერთად გაემგზავრა ლოფორდის ვილისკენ....
ბევრი ფიქრობს, რომ მერილინს ორივე ძმასთან ჰქონდა სექსუალური კავშირი... რაც შეეხება სიყვარულს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ძმები კენედები მერილინში მხოლოდ გასართობს ეძებდნენ და ბოლოს მობეზრებული თოჯინასავით მოისროლეს.
თვითმკვლელობა?
1962 წლის 4 აგვისტოს, კვირას ღამით, 36 ასაკში მსახიობი მერილინი მონრო გარდაიცვალა.
რა იყო ეს - თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?
...ძმები კენედების მკვლელობის შემდეგ ეს საქმე უფრო მეტად გაეხვია ბურუსში.
* * *
დაკრძალვის ცერემონიალს მერილინის მეორე ქმარი, ჯო დიმაჯიო, ხელმძღვანელობდა, რომელიც ყოფილი მეუღლის კუბოსთან არცერთ ცნობილ ადამიანს არ უშვებდა, რადგან მსახიობის სიკვდილში სწორედ მათ ადანაშაულებდა, პანაშვიდებს კი ლი სტრასბერგი უწევდა ორგანიზებას; ეს უკანასკნელი მუდამ ცდილობდა მერილინი ჰოლივუდისთვის ჩამოეშორებინა და მისთვის თეატრის სცენაზე დაემკვიდრებინა ადგილი.
* * *
მერილინს თავის ერთადერთ ჭეშმარიტ მეგობრად გრიმიორი უიტნი სნაიდერი მიაჩნდა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მერილინმა სწორედ სნაიდერს სთხოვა, მისი სიკვდილის შემთხვევაში მისი ცხედრისთვის სათანადო ყურადღება მიექცია. უიტნი ერთადერთი ადამიანი გახლდათ, რომელსაც მორგიდან მსახიობის ცხედრის გამოტანა სთხოვეს.
მალე მერილინისა და კენედების ურთიერთობის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. როგორც მერილინის უახლოესი მეგობარი რობერტ სტელეცი ამტკიცებს, მერილინს ამ საბედისწერო დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული: პრეს-კონფერენცია და ადვოკატთან შეხვედრა. სტელეცის თქმით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მერილინი აპირებდა მათთვის ძმებ კენედებთან ურთიერთობის შესახებ მოეთხრო. მერილინის აზრით, ძმები მას სასტიკად მოექცნენ. 4 აგვისტოს საღამოს რობერტს მისთვის რომ დაერეკა ან მისულიყო მასთან, შესაძლოა ეს ტრაგედია არ მომხდარიყო.
როგორც სტელეცი ამტკიცებს, იმ საღამოს პიტერ ლოფორდის ბინაში წვეულება უნდა გამართულიყო. ეს რობერტის ინიციატივა გახლდათ, მაგრამ იმ წვეულებაზე არც რობერტი და არც მერილინი არ ყოფილან.
როგორც დაკითხვაზე ლოფორდმა განაცხადა, მერილინმა იმ საღამოს მას დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან დაღლილი იყო და წვეულებაზე ვერ მივიდოდა.
იმ მოვლენების მრავალი მოწმის აზრით, მერილინი უბრალოდ აიძულეს, რომ გაჩუმებულიყო.
არსებობს, აგრეთვე, ვერსია, რომ მერილინი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებმა მოკლეს, რათა ძმები კენედების რეპუტაცია გადაერჩინათ.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მერილინმა აბორტი გაიკეთა. სავარაუდოდ, ბევშვის მამა რობერტ კენედი იყო; მსახიობების ნაცნობები ამტკიცებენ, რომ მერილინი არაერთგზის ცდილობდა რობერტთან შეხვედრას, მაგრამ ამაოდ...
მერილინის გარდაცვალება ერთგვარ "ამერიკულ ტრაგედიად" იქცა. ამერიკელების თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მათი ეროვნული ოცნების მზე ჩაესვენა, ოცნებები კი იშვიათად სრულდება...
პატარა გოგონა, რომელიც არც არასოდეს დაქალებულა, ცხოვრებისათვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. იგი ძალზედ დაუცველი, ფაქიზი და სუსტი გახლდათ იმისათვის, რომ ცხოვრების დარტყმებისათვის გაეძლო და მათ შებრძოლებოდა....
მერილინ მონროს აღიარება სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ
* * *1953 წლის ზაფხულში ვოლივუდის ბულვარზე, ჩინური თეატრის მოპირდაპირე მხარეს, მერილინმა თაბაშირზე ხელის ანაბეჭდი დატოვა
* * *1954 ლის დასასრულს გრინების სახლში ცხოვრების დროს მერილინმა ცნობილ ტყავისყდიან რვეულში თავისი ლეგენდარული დღიურების წერა დაიწყო. დღიურში შეტანილია ჯონ კენედისთან საუბრის ნაწყვეტები,
* * *1954 წლის მარტში მერილინმა მიიღო ჯილდო "ყველაზე პოპულარული მსახიობის" ტიტულისათვის.
* * *1955 წელს არისტოტელე ონასისს, მონაკოს კურორტებზე ტურისტების მისაზიდად გადაწყვეტილი ჰქონდა, მერილინი მონაკოს პრინცზე დაექორწინებინა, რის წინააღმდეგი არც მსახიობი გახლდათ, მაგრამ ამ იდეას განხორციელება არ ეწერა, რადგან, როგორც გაირკვა, პრინცს სულ სხვა გეგმები ჰქონდა.
* * *მერილინის გრდაცვალების შემდეგ უამრავი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სადაც რეჟისორები მსახიობის იდუმალებით მოცული ცხოვრების, მისი მომხიბვლელობისა და მოულოდნელი დაღუპვის ახსნას ცდილობდნენ. ასევე დაიწერა მრავალი წიგნი და, რაც დრო გადის, ჰოლივუდის ლეგენდის შესახებ ინტერესი არათუ კლებულობს, არამედ სულ უფრო იზრდება და იზრდება.
* * *1999 წელს ჟურნალმა "პლეიბოიმ", მკითხველთა გამოკითხვის თანახმად, მერილინ მონროს მე-20 საუკუნის ნომერი პირველი სექს-სიმბოლო უწოდა.
* * *2001 წლის აპრილში ერთ-ერთმა ბრიტანულმა ჟურნალმა ჩაატარა გამოკითხვა - თანამედროვე ვარსკვლავთაგან ვის მიაკუთვნებდით "სამყაროს ყველაზე სექსუალური ქალის" ტიტულს? მერილინ მონრომ, რა თქმა უნდა, არც ამ სიაში დაუთმო პირველი ადგილი ვინმეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий