ბრიჯიტ ბარდო

(ერთი მსახიობის ბიოგრაფია #3)

ბრიჯიტ ბარდო 

Brigitte Bardot 
(დაიბადა 1934 წელს)
მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთი განუმეორებელი და გამოჩენილი მსახიობია, რომელსაც არასოდეს მიუღია პრესტიჟული კინოპრემიები, მაგრამ ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება კინოს ნამდვილ ვარსკვლავად.
1952-73 წლებში ბრიჯიტ ბარდომ 49 ფილმში მიიღო მონაწილეობა და 45 წელია
მსოფლიოს 100 ულამაზესი ადამიანის სიაში უცვლელად ფიგურირებს 
(მოამზადა ალექსანდრე ელერდაშვილმა, 
2003 წ)

"`წარსული ჩემთვის არ არსებობს... მე ერთი დღით ვცხოვრობ. 
ერთადერთი, რასაც ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, არის ის, მოცემულ მომენტში რასაც ვაკეთებ. 
ახლა მე მხოლოდ დღევანდელობით ვცხოვრობ, კინო ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს, მე ის მხოლოდ მახსოვს".
* * *
"ქრება ახალგაზრდობა, ქრება სილამაზე, ქრება ყველაფერი, მაგრამ თუ ქალს შეუძლია მამაკაცის სიყვარულს თანაუგრძნოს, ის მუდამ მშვენიერი იქნება... ასაკის მიუხედავად!"

* * *
(ნამდვილი სახელი და გვარი - კამილა ჟევალ ბარდო)
დაიბადა 1934 წლის 28 სექტემბერს, პარიზში.

მამა - ლუი ბარდო, მეტსახელად "პილუ", პარიზელი მეწარმე, ქარხნების მფლობელი,
დაიბადა 1896 წელს.
დედა - ანა-მარი მიუსელი, დიასახლისი, მეტსახელად "ტოტი". დაიბადა 1912 წელს
და - მარი-ჟან ბარდო

* * *
1933 წლის 3 აგვისტოს მუსიე ლუი ბარდომ მასზედ 16 წლით უმცროს ანა-მარი მიუსელზე იქორწინა (თავად კი 37 წლის გახლდათ მაშინ).
მათი შეუღლების შედეგად 1934 წლის 28 სექტემბერს, 13 საათსა და 20 წუთზე დაიბადა ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, რომელსაც მშობლებმა სახელად კამილა (შემდგომში ბრიჯიტი) უწოდეს.
* * *
დედას და მამას სათვალავი ერეოდათ ქალიშვილის სატრფიალო თავგადასავლებისა. ისინი მოკითხვას რომ უგზავნიდნენ ვინმე ვადიმს, მისი ადგილი თურმე უკვე ჟაკს ჰქონია დაკავებული... შემდეგ ბობს გიუნტერი შეენაცვლა... 
მუსიე ბარდოს არასოდეს მოჰკლებია საფიქრალი საკუთარი ქალიშვილისა გამო. ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა შვილს იმედიანი მომავალი ჰქონოდა. 
მამა-ბარდო რამოდენიმე დიდი ქარხნის მფლობელი იყო და შემოსავალიც საკმაოდ სოლიდური და სტაბილური გააჩნდა. იგი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი გვარი მთელი მსოფლიოსათვის გახდებოდა ცნობილი! არადა, ერთხელ ერთმა მაწანწალა ბოშამ უმკითხავა და უთხრა - შენ ამერიკაშიც კი გაგიცნობენო და მართალი აღმოჩნდა ის მარჩიელი, რადგან მუსიე ბარდოს ქალიშვილმა მთელი მსოფლიოს მამაკაცები გადარია! 
* * *
ქალები თვალის დასანახად ვერ იტანდნენ ბრიჯიტს და იმდენადაც კი, რომ ერთხელ, როცა დამწყები მსახიობი თავის დუბლიორს საავადმყოფოში ეწვია, მას თავს სანიტარი ქალი დაესხა და კარგად გალანძღა - "შე წყეულო მეძავო! ნუთუ კაცები არ გყოფნის?! დაგვიტოვე ვინმე ჩვენც, ჩვეულებრივ ქალებს"-ო.
* * *
მას მოსვენებას არ აძლევდნენ რეპორტიორები. იგი აძევებდა ამ მომაბეზრებელ არსებებს საკუთარი სახლიდან, ესროდა მათ პეტარდებს, ისინი კი ამერიკელ ტურისტებად ასაღებდნენ თავს და ჩუმად იპარებოდნენ იმ პლაჟზე,  სადაც ბრიჯიტი მზეს ეფიცხებოდა; შედიოდნენ მის ბინაში ელექტრიკოსების, სანტექნიკოსების თუ მუშების სამოსგადაცმულნიც.
* * *
50-იანი წლების დასასრულს, მსოფლიო გამოფენაზე ვატიკანის პავილიონში ეკიდა ბრიჯიტ ბარდოს ფოტო ცოდვის არსის საილუსტრაციოდ. არადა, რამოდენიმე წლის შემდეგ იგი საფრანგეთის ოფიციალური სიმბოლოს - მარიანას - სახის შესაქმნელად მოდელის სახით იდგა მხატვრების წინაშე. 

"საძაგელი იხვის ჭუკი"

სკოლის ასაკში ბრიჯიტს სარკეში ჩახედვა არ უყვარდა - სანუგეშოს იქ ვერაფერს ხედავდა. წინწამოწეული კბილები, დაელმებული თვალები, საზიზღრად გაფშეკილი, ღია წაბლისფერი თმა საფიქრალის მეტს არაფერს აძლევდა გოგონას. დედა და ბებია, როგორც ბრიჯიტს ეჩვენებოდა, სულ არ ზრუნავდნენ მის გარეგნობაზე და უფრო მეტ ყურადღებას ბავშვობიდანვე მზეთუნახავად მიჩნეულ მის დას, პატარა მარი-ჟანს, უთმობდნენ.
ერთი სიტყვით, სანაღვლო და საწუხარი მრავლად იყრიდა თავს მის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაში და სამომავლოდ კარგს არაფერს უქადდა მას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მუსიე ლუი ბარდო მეტისმეტად აფორიაქებული დაბრუნდა სახლში და მეუღლეს (...გაუაზრებელი სიამაყით!) ამცნო:
"საძაგელი იხვის ჭუკი ქალად იქცა... ჩემი ასაკის კაცებიც კი ჭკუას კარგავენო მისთვის". 
ეს დღე სადღაც 40-იანების ბოლოს დადგება, მანამდე კი მუსიე ლუიმ თავის ოჯახთან ერთად ომის საზარელი წლები უნდა განვლოს...

პირველ გათხოვებამდე

ომის წლებში, მიუხედავად ოჯახში (და ყველგან!) არსებული სირთულეებისა, ბრიჯიტი ცეკვის შესწავლას შეუდგა და ეს საქმე ბევრად უკეთ გამოუდიოდა, ვიდრე სკოლაში სწავლა (სხვათა შორის, საბალეტო სკოლაში მან საკმაოდ დიდ კონკურსში გაიმარჯვა, სადაც ერთ ადგილზე თხუთმეტი პრეტენდენტი მოდიოდა). იგი სახლში თავზე ჭიქადადგმული დაიარებოდა, მისი საროსავით ამართული სხეული და ნარნარი სიარული ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ჭიქა დაწებებული ჰქონდა თავზე, რაც დედის აღფრთოვანებას იწვევდა და არც მოპრიალებულ იატაკს უქმნიდა რაიმე საშიშროებას. ყოველივე ამის ფონზე გრძელდებოდა ფაშისტური ბომბების აფეთქებები, ქუჩებში პატრულირება, შემდეგ საფრანგეთის განთავისუფლება და ბრიჯიტს ბაკალავრის გამოცდების ჩაბარებამაც მოუწია, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ გაართვა თავი, სამაგიეროდ საბალეტო სკოლის დამაგვირგვინებელ გამოცდაზე ყველა გადარია.
...მშობლები კი ბრიჯიტს მაინც ოჯახზე თავდატეხილ უბედურებად თვლიდნენ.
ბარდოები საკუთარ თავს ტრადიციული ოჯახის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ და მათი ქალიშვილიც აუცილებლად ასეთივე ოჯახის შვილს უნდა მისთხოვებოდა _ მეწარმეს ან ადვოკატს.
ასე და ამრიგად, ომი დასრულდა და არც არავის გაჰკვირვებია, როცა, ერთ მშვენიერ დღეს, ბრიჯიტ ბარდო ნამდვილი და (მათთვის შეუცნობი) პრინცესას იერით გამოეცხადა გარემომცველ მეშჩანურ საზოგადოებას.
აღარც იმას გაუოცებია ვინმე, ბრიჯიტს ჟურნალ "ვოგის" (სხვა წყაროების თანახმად "ელეს") გარეკანისთვის ფოტოს გადაღება რომ სთხოვეს, თუმცა დედის თანხმობის მიღება არც ისე იოლი აღმოჩნდა. სწორედ ეს ჟურნალი ჩაუვარდა ხელში რეჟისორ მარკ ალეგრეს და მან ეს მშვენიერი არსება კინოსინჯებზე მიიწვია... ასე დაიწყო ბრიჯიტ ბარდოს ვარსკვლავიერი ოდისეა!
...პირველი კინოგადაღება კი პირველ სატრფიალო რომანს დაემთხვა.
* * *
...ვერავინ წარმოიდგენდა, რომ როჟე ვადიმი მომავალში კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ოსტატი გახდებოდა. იმხანად ეს ყმაწვილი, რუსი ემიგრანტის შვილი, ჯერ კიდევ ვადიმ პლემიანნიკოვად იწოდებოდა. მართალია, იგი მხოლოდ ასისტენტი იყო რეჟისორისა, მაგრამ თავისი გაცრეცილი შავი სვიტრით, გაბურძგნული თმითა და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით რეჟისორ ალეგრესა და მთელი კინოგადამღები ჯგუფის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მის მხილველ ბრიჯიტ ბარდოს კი აღტაცება და გაოგნება ერთდროულად დაატყდა თავს. თეორიულად (ჯერ კიდევ მადემუაზელ) ბრიჯიტს, დიდი ხანია, ვიღაცის შეყვარება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ასეთ გაბრუებას ნამდვილად არ ელოდა.
რომანი მართლაცდა სანაქებო გამოუვიდათ! 
გამიჯნურებული ყმაწვილი ამშვიდებდა ბრჯიტს, როცა ეს უკანასკნელი კამერის წინ ღელავდა, საათობით ესაუბრებოდა კინოს შესახებ, მიაცილებდა სახლში და ერთ მშვენერ დღეს ბრიჯიტმა ყმაწვილი ოჯახში შეიპატიჟა, ჩაის დასალევად. სტუმარს ყველა თავაზიანად მოეპყრო, მაგრამ როცა იგი წავიდა, მადამ ბარდომ მოსამსახურეს სთხოვა ყოველი შემთხევისათვის ვერცხლის კოვზები მაინც გადაეთვალა... რუსი ემიგრანტების შთამომავალი, რომელიც ლუკმაპურს კინოში დაეძებდა, ბარდოებისათვის შოკისმომგვრელი არსება აღმოჩნდა.
დიახ, ოჯახი არ იყო კმაყოფილი ქალიშვილის კინოთავგადასავლებით, მაგრამ თავს ბაბუა-ბარდოს მიერ ნაუცბადევად წამოსროლილი ფრაზით "იმშვიდებდნენ" - თუ მეძავობა უწერია, კინოს გარეშეც მოახერხებსო ამას! მამის მიერ მოგვიანებით ჩადენილმა საქციელმა კი ქალიშვილს კოშმარული ზმანებები დამართა. ეს ასე მოხდა: ოჯახის უფროსმა თავის ნაშიერს ტრადიციულ გარემოში აღზრდილი ვაჟი გააცნო, რომელმაც კინოშიაც კი წაიყვანა "გეგმით გათვალისწინებული საცოლე", მაგრამ, როგორც ითქვა, თექვსმეტიოდე წლის ბრიჯიტისათვის ამგვარ ადამიანთან ურთიერთობა სიზმარეული კოშმარების სათავედ იქცა.
ორიოდე დღის შემდეგ ბრიჯიტი, რა თქმა უნდა, ვადიმთან ერთად, კვლავ წავიდა კინოში, საიდან დაბრუნებულსაც მამა რევოლვერით შეიარაღებული დახვდა და ისტერიული ყვირილი შეაგება "დაუგეგმავ სასიძოს" - თავი დაანებეო ჩემს ქალიშვილს (რასაც შესაბამისი სალანძღავი სიტყვებიც მოაყოლა). ამ ყვირილზე დედა-ბარდოც გამობრძანდა სახლიდან, ქმარს იარაღი გამოართვა და ვადიმს იგიც დაემუქრა - ყმაწვილი თავისას თუ არ მოიშლიდა, (სასიდედრო) საკუთარი ხელით მოკლავდა მას!
ასე და ამრიგად გადაწყდა, რომ "ხელიდან წასული" ქალიშვილი ინგლისის რომელიმე კერძო სკოლაში გაეგზავნათ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ბრიჯიტი სამზარეულოში შევიდა, გაზის ონკანი გახსნა და ქურაზე დაემხო.
უცნაური სუნი პირველად მოსამსახურეს ეცა, შემდეგ მთელი ოჯახი მიხვდა, რაც ხდებოდა სამზარეულოში, მათ შეამტვრიეს კარი, ქალიშვილი მოასულიერეს და ინგლისის საკითხი სამუდამოდ მიეცა დავიწყებას. იმავდროულად ისიც გაირკვა, რომ ქალწულობა, რის გამოც ასე წუხდნენ და შფოთავდნენ მშობლები, შარშანდელი თოვლივით აღარ ახსოვდა მის ყოფილ მფლობელს, უკვე მადამ ბარდო-უმცროსს..
* * *
ბრიჯიტმა განაგრძო როჟე ვადიმთან სატრფიალო თავგადასავალი, ამ უკანასკნელმა კი იგი ხელოვნების სამყაროში შეიყვანა დამწყები მსახიობი, რასაც პარალელურად გემბანებზე გამართულ სპექტაკლებში ცეკვა და პოპულარული ჟურნალებისათვის მოდელიორობა სდევდა. შედეგმაც არ დააყოვნა - ბრიჯიტ ბარდოს უკვე ხალხი ქუჩაში აჩერებდა - "შენ ის არა ხარ, აქა და აქ რომ ცეკვავდიო?!" და ა.შ.
1952 წლის ერთ მშვენიერ დღეს ბრიჯიტს შესთავაზეს პატარა ეპიზოდში პარტნიორობა გაეწია იმხანად უკვე პოპულარული კომიკოსის, ბურვილისათვის, კარგ თანხასაც შეპირდნენ, მაგრამ გადაღებებმა მას სიამოვნება არ მოჰგვარეს და, რაც ყველაზე მთავარია, მან სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა...
გადაწყდა -- კინო აღარასოდეს უნდა ეხსენებინათ მასთან! 
ბრიჯიტი ვადიმთან ერთად შვეიცარიაში გაიპარა და იქვე გაიკეთა აბორტი, საფრანგეთში დაბრუნებულს კი სახლში აღარ დაედგომებოდა, თვრამეტი წლისაც უკვე შესრულებული იყო და, ბუნებრივია, აწ უკვე თავის პირველ ოფიციალურ ქმართან გადასახლდა საცხოვრებლად. 
მათი საქორწინო მოგზაურობა კანის ფესტივალზე სტუმრობით დაგვირგვინდა, სადაც როჟე ვადიმი  ინტერვიუებს იწერდა კინოს ცნობილი ვარსკვლავებისაგან (....მან იმხანად, ოჯახი რომ გამოეკვება, ჟურნალ "პარი-მატჩში" დაიწყო მუშაობა, ჟურნალისტად). ბრიჯიტს ძალიან-ძალიან შურდა მათი, თუმცა განგებამ სხვაგვარად განსაჯა - მაშინდელი "ვარსკვლავები" ახლა პრაქტიკულად აღარავის ახსოვს, ბრიჯიტ ბარდოს კი ვერავინ ვერასოდეს ივიწყებს.

პატარა როლები კინოსა და თეატრში, გამუდმებული უფულობა, მშობლებთან კინკლაობა, საოჯახო უღელი

საოჯახო ცხოვრება კი  მიდიოდა ისე, როგორც ახლადდაქორწინებულ "არტისტებს" შეეფერებოდათ: თავბრუდამხვევი ღამეები, იდილიური საუზმეები ორი პერსონაჟისათვის, ცხოვრება მუყაოსშირმებიან პატარა ოთახში, საპირფარეშოდან მომავალი ჩარეცხვების ხმები, კომბოსტოს სუნით გაჟღენთილი სამზარეულო, ჭუჭყიანი მაისურებით და თეთრეულით სავსე სააბაზანო... ერთი სიტყვით, მძიმე ყოფამ მოსპო დიდი სიყვარული და რომში, გადაღებებზე ყოფნისას, ბრიჯიტმა პირველად უღალატა ქმარს, პარიზში დაბრუნებულმა კი გამწყრალი მეუღლის გული კვლავაც სინაზითა და სიმსუბუქით მოინადირა...
იმ პერიოდისათვის ბრიჯიტს როლების საკმაოდ დიდი ნუსხა ჰქონდა დაგროვილი, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს პატარა როლი, რომელიც რენე კლერმა შესთავაზა მას "დიდ მანევრებში". ამ ფილმში მას თავად ჟერარ ფილიპთან და მიშელ მორგანთან ერთად მოუწია მუშაობა და მას ნამდვილი მსახიობის სახელი მოუტანა. მალე იგი კვლავ იტალიაში გაემგზავრა, იქ ვიტორიო დე სიკასთან, ალბერტო სორდის და მარჩელო მასტროიანისთანაც მოუხდა პარტნიორობა, თავად იტალიური თავგადასავლები კი ერთ დიდ კარნავალად იქცა მისთვის, საიდანაც კვლავ პოპულარობით თავბრუდახვეული დაბრუნდა და "ვარსკვლავთა სენითაც" საკმაო დოზირებით დაავადდა. 
ფრანგი ლამაზმანით მალე ამერიკაც დაინტერესდა და მას შვიდწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს ოღონდ იმ პირობით, რომ ევროპულ კინოს ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ უნდა გაკარებოდა. ბრიჯიტი ჯერ დაეთანხმა ამ წინადადებას, მაგრამ მალევე უარყო, რადგან კონტრაქტში რაღაც კაბალური პირობები დალანდა, მას კი არასოდეს შეეძლო არტახებში ცხოვრება. ბრიჯიტი კვლავ ევროპაში დარჩა და ბევრ დიდ მსახიობთან ერთად ითამაშა ფილმებში, რითაც ჩინებული სამსახიობო განათლება მიიღო. ამგვარ განათლებას იგი ვერასდროს დაეუფლებოდა დრამატული ხელოვნების სკოლაში, სადაც, რა თქმა უნდა, არც არასოდეს უცდია კარის შეღება.
* * *
ასე ყალიბდებოდა ფენომენი XX საუკუნის ტიპიური ქალისა, რასაც მხოლოდ ბრიჯიტ ბარდოს სახელი შეიძლება დარქმეოდა, ანუ:
ერთმანეთს გადაჯაჭვული ტრადიციულობა და თავქარიანობა, მოვალეობის გრძნობა და უნებლიე შეცოდებანი, ერთგულების გააზრება და ღალატის გარდუვალობა...
ანუ უბრალოდ ქალი! 
ქალი,  რომლის ფერხთითაც მთელი ქვეყნიერება დაემხო თავისი ზნეობრიობისა და ცდუნებების სრული დემონსტრირებით.
* * *
მალე ვადიმმა და მისმა მეგობარმა, პროდიუსერმა რაულ ლევიმ, ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. ვადიმი სცენარის წერას შეუდგა, სადაც მთავარი როლი, რა თქმა უნდა, ბრიჯიტს უნდა ეთამაშა. ფილმს ასეთი სახელი მოუძებნეს - `და  ღმერთმა შექმნა ქალი~ - და მას არცთუ დიდი წარმატება ხვდა საფრანგეთის კინოგაქირავებაში, სამაგიეროდ ამერიკაში მილიონობით დოლარი მოიხვეჭა. ვადიმი განვლილი ათწლეულის საუკეთესო ფრანგ რეჟისორად აღიარეს, ბრიჯიტს "ფრანგი სექს-სიმბოლოს" ტიტული მიაკუთვნეს და ასე დასრულდა ამ აღიარებული წყვილის საოჯახო იდილია... დიახ, ბრიჯიტ ბარდო, ღმერთთან ერთად, როჟე ვადიმმაც შექმნა, მაგრამ ამ ფილმზე მუშაობის პროცესში დასრულდა მათი სიყვარული, რადგან კინოგადაღებებზე ბრიჯიტ ბარდომ ჟან-ლუი ტრენტინიანი გაიცნო!

დიდი სიყვარულის დასაწყისი

არა, "დიდ სიყვარულში" ტრენტინიანისადმი დიდი გრძნობა სულაც არ იგულისხმება (თუმცა არც უამისობა შეიმჩნეოდა), ტრფობის მასშტაბურობაში იმ სატრფიალო თავგადასავლების დიდი ნუსხაა გააზრებული, რომლის სისრულის ცოდნაზე პრეტენზია თავად ტრფობის მთავარ სამიზნესაც არასოდეს ჰქონია (ბევრი თავისი "გაელვებული" საყვარელი ბრიჯიტმა უბრალოდ ხსოვნის გარეშე დატოვა). იცვლებოდნენ სახეები და სახელები, მოქმედების ადგილები, კანისა და თმის ფერი, თვალები, გულწრფელი აღსარებები, მაგრამ არ იცვლებოდა მთავარი - ბრიჯიტ ბარდოს ყველა რომანი ერთი და იმავე სცენარით ვითარდებოდა.
იგი წამიერად წამოეგებოდა ხოლმე ვნების ანკესს, საკუთარ თავს მთლიანად უძღვნიდა საყვარელ კაცს, მაგრამ - რა ექნა! - არ შეეძლო მხოლოდ ერთი პიროვნების მფლობელობაში ყოფილიყო და ამაში თავად ტრენტინიანიც ძალიან მალე დარწმუნდა. მანამდე კი ბარდოსა და ტრენტინიას სიყვარულმა ერთხელ კიდევ ააფორიაქა ქალის მშობლები ოჯახის ყველა სხვა წევრთან ერთად, რადგან მათს წრეში გამოჩნდა მორიგი ემიგრანტი, ამჯერად იტალიელთა ჯიბეცარიელი შთამომავალი, რომლის გვარის წარმოთქმის სირთულის გამო, ჟან-ლუის უბრალოდ "კონდიტერად" მოიხსენიებდნენ. ბრიჯიტი კი ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავდა, მაგრამ რა მისი ბრალი იყო, რომ ამასობაში ტრენტინიანი ჯარში გაიწვიეს და მარტოდ დარჩენილი ქალი ცნობილმა მომღერალმა ჟილბერ ბეკომ აცდუნა?!
თუმცა უნდა ითქვას, რომ ბრიჯიტს ნამდვილად გულწრფელად უყვარდა ჟან-ლუი! იმხანად საფრანგეთი ალჟირში ომს აწარმოებდა და ქალი ძალზედ ღელავდა თავისი მეწყვილის ბედ-იღბალისა გამო. "ფრანგი სექს-სიმბოლო" ნაირგვარ სამხედრო უწყებაში დაიარებოდა, არც ალერსიან მზერას იშურებდა სამხრეებიანი ჩინოვნიკებისთვის (...რომლებიც თავის მხრივ ქალის ცდუნების შანსს არ უშვებდნენ ხელიდან) და ასე ახერხებდა ტრენტინიანთან პაემანის უფლების მოპოვებას.
ხსენებული ჟილბერ ბეკო კი იმხანად ძალზედ პოპულარული, მომხიბლავი და მეტად თავდაჯერებული კაცი გახლდათ. ასე რომ, მას არ გასჭირვებია, მარტოობისაგან  შეწუხებული ქალისაგან ვახშმად წვევის მიღებაც და მისი განხორციელებაც, მაგრამ განა იყო ბრიჯიტის ბრალი ის, რომ ტრენტინიანი რიგგარეშე თავისუფალ დღეს მიიღებდა თავისი ოფიცრისაგან და იგი ორის ნახევარზე თავს წამოადგებოდა ღალატით გაბრუებულ ცოლს?!
...როგორც თავად ბრიჯიტ ბარდო იგონებს, არანაირი ჩხუბი და დავიდარაბა არ მომხდარა, კაცები ერთად გავიდნენ მისი ბინიდან.
...კინემატოგრაფის წყალობით კი ბრიჯიტმა საოცარი პოპულარობა მოიხვეჭა, მასთან ურთიერთობას დიდ პატივად თვლიდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთხელ თავად ინგლისის დედოფალმაც კი მიიწვია იგი წვეულებაზე. ამერიკელი მაგნატები ხომ არაფერს იშურებდენ ფრანგი სექს-სიმბოლოს მოსანადირებლად... სხვათაშორის, იგი ძალზედ დაუახლოვდა მერილინ მონროს და მათ შორის გულთბილი მეგობრობაც დამყარდა, რამაც ამ უკანასკნელის უდროო სიკვდილამდე გასტანა. 
* * *
1957 წელს ფილმი "პარიზელი გოგონა" კანის ფესტივალზე აჩვენეს და, ბუნებრივია, ბრიჯიტ ბარდოსაც შესთავაზეს იქ გამგზავრება, რაზედაც პროდიუსერებმა ცივი უარი მიიღეს. ბოლოს ამ უკანასკნელებმა მაინც შეძლეს მოტყუებით ბრიჯიტის კანში ჩაყვანა, აუხსნეს რა მას, რომ მთელი გადამღები ჯგუფი მიემგზავრება იქ რაღაც კადრის ხელახლა გადასაღებად.
აღნიშნული ფესტივალი კიდევ იმითაც გამოირჩეოდა, რომ იქ უკვე ჩასულები იყვნენ და მაყურებლებს ფანტასტიური ჩაცმულობითა და დახვეწილებით აღფრთოვანებას ჰგვრიდნენ სოფი ლორენი და ჯინა ლოლობრიჯიდა. ამ ფაქტმა მთლად გადარია ბრიჯიტი და  კინოს სამყაროს ელიტარულ მოჩვენებითობაზე შური იმით "იძია", რომ დაჯილდოების ცერემონიაზე სამუშაო ტანსაცმლითა და ჩექმებით გამოცხადდა... ასეთმა გაუგონარმა სითამამემ გააცოფა პროდიუსერები, სამაგიეროდ პუბლიკას გადაავიწყდა სოფიც და ჯინაც.
* * *
ეკრანზე იგი ისეთივე იყო, როგორიც ცხოვრებაში - თავქარიანი, ნაზი და ახირებული, დიდი, სხივმოსილი თვალებით, მოელვარე ღიმილით და ოქროსფერი თმებით, რაც ლომის პატარა ბოკვერს ამსგავსებდა მას.
ჟან-ლუი ტრენტინიანი რამდენიმე წლის განმავლობაში ესიზმრებოდა ბრიჯიტს და ამის პარალელურად თავისი პერიპეტიებით ვითარდებოდა რომანი ჟილბერ ბეკოსთან.
ბეკო ცოლიანი იყო, დამალობანას თამაში კი ბრიჯიტისათვის დამამცირებელი იყო. ერთხელ ბეკომ იგი ჟენევეში, გასტროლებზე გაიყოლა და მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ოფისში კაცს დიდხანს მოუწია დაყოვნება, ბრიჯიტს კი მოსწყინდა მანქანაში მარტოს ლოდინი და გამუდმებული სიგნალით ისე გააყრუა იქაურობა, რომ გრანდიოზული სკანდალი ატყდა... შედეგად ბრიჯიტი გაექცა ჟილბერ ბეკოს, რადგან მანქანაში გამოკეტილ ლამაზმანს პირველმა დახმარების ხელი მაშინ ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობმა გიტარისტმა, საშა დისტელმა გაუწოდა.

აბა, რა ექნა?! როდემდე მჯდარიყო მანქანაში მოწყენილი?!

საშა დისტელი ის კაცი აღმოჩნდა, ვისაც ნამდვილად შეეძლო სხვისი სიკეთის საკუთარ სარგებლად გამოყენება. იგი ბრიჯიტის სახლში გადაბარგდა და მის იმიჯს აქტიურად იყენებდა საკუთარ სარეკლამო კამპანიაში. საშამ სიმღერაც კი დაწერა - "ბრიჯიტ" - რითაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, მაგრამ მალე ქალს მობეზრდა ტიპიურ "ალფონსთან" ყოფნა და ბედმაც ხელი გაუწოდა მას, რადგან ახალგაზრდა მსახიობი ჟაკ შერიე შეახვედრა. 
ყოველივე ეს სულ რაღაც ორი-სამი წლის განმავლობაში მოხდა, რომლის განმავლობაშიც ფრანგულ კინოში დიდი ძვრები ხდებოდა:
1959 წელს ფრანგულ ეკრანს თავისი ნამუშევრები წარუდგინეს ტრიუფომ, გოდარმა და შაბროლმა, რაც კრიტიკოსებმა "ახალი ტალღის" სახელით მონათლეს, თუმცა არც ძველი ყაიდის ფილმები რჩებოდა ყურადღების გარეშე, რასაც კრისტიან-ჟაკის "ფანფან-ტიულპანის" წარმატება ადასტურებს, ამავე რეჟისორმა გადაიღო ბაბეტას შესახებ არსებული ცნობილი ფილმიც და ამჯერად მთავარ როლზე, ჯინა ლოლობრიჯიდას სანაცვლოდ, ბრიჯიტ ბარდო მიიწვია. ბრიჯიტმა ჟაკ შერიე სწორედ ამ ფილმზე მუშაობისას გაიცნო. (შერიე ფილმში ახალგაზრდა ლეიტენანტის, ბაბეტას შეყვარებულის როლს ასრულებს).
* * *
ქმრების და საყვარლებისთვის ბრიჯიტ ბარდოს ყოველთვის სიკეთე მოჰქონდა. მისი წყალობით საშა დისტელი ცნობილი მომღერალი გახდა, სხვებმა პროდიუსერობას მოჰკიდეს ხელი, შოუ-ბიზნესშიც მოიმაგრეს ფეხი და ეს ყველაფერი იმის გამოისობით, რომ მათ ბრიჯიტ ბარდოსთან ნაცხოვრები მამაკაცების დამღა ჰქონდათ დასმული, რაც ყოველთვის იყო მოქცეული პრესის ყურადღების ცენტრში. თუმცა ჟაკ შერიე, მისი მომავალი ქმარი და შვილის მამა, იყო ერთადერთი პიროვნება, ვისაც ბრიჯიტ ბარდომ ცხოვრება დაუნგრია.

ჟაკ შერიე - მეორე ქმარი

მამაკაცებს შეეძლოთ ბრიჯიტთან მოემოქმედებინათ ყველაფერი, რასაც ისურვებდნენ: წაერთმიათ მისი თავი იმისთვის, ვინც ქალს მოცემულ მომენტში უყვარდა, ეცხოვრათ მის ხარჯზე, საკუთარი ნება-სურვილით წარემართათ მისი თავისუფალი დრო, მაგრამ საკუთრებად ქცევა ვერავინ მოახერხა და სწორედ ამ საკითხში წაიტეხა კისერი ჟაკ შერიემ, რომელსაც არ ეწერა თავისი სახელოვანი მეუღლის პიროვნულ თვისებებში არც ჩახედვა და არც გააზრება.
1959 წელს ბრიჯიტმა შეიძინა კარგად მოწყობილი მყუდრო ორსართულანი სახლი, ვილა "Madrague" სენ-ტროპეში, რადგან მიხვდა, რომ პარიზი მას სულს უხუთავდა. ჟაკ შერიეს კი არაფერი გააჩნდა, გარდა იმისა, რომ პოლკოვნიკის შვილი იყო. იგი უბადრუკ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და საკვებითაც კი ვერ ანებივრებდა საკუთარ თავს. ერთხანს ბრიჯიტი მის ბინაში დაიარებოდა და მისი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ამგვარი ყოფა საზიანო პირველ რიგში ქალის მშვენიერებისათვის გახდებოდა და ერთ კონკრეტულ დღეს ბრიჯიტმა სატრფიალო მოვალეობის აღსასრულებლად შერიე თავის სახლში მიიწვია, სადაც ახლადშეყვარებულ წყვილს (უკვე მერამდენედ!) ყოფილი საყვარელი წამოადგა თავს. ამჯერად დისტელმა და შერიემ ხელჩართული ბრძოლით გადაწყვიტეს ქალზე მფლობელობის უფლებათა დადგენა, რასაც შედეგად საშა დისტელის წასვლა და ჟაკის დარჩენა მოჰყვა. თუმცა სხვა შედეგი ასეთი "მკვეთრი მოსახვევისა" უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა - ბრიჯიტი დაორსულდა და მალე შობა კიდეც ვაჟი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქალმა გააკეთა ყველაფერი, რათა ეს ბავშვი არ მოვლინებოდა ქვეყნიერებას და ამ მიზნით ერთხელ თავიც კი მოიწამლა, მაგრამ მომავალი სიცოცხლე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და გაუძლო ცხრათვიან პატიმრობას მოძულე დედის საშოში.
ამჯერად ბრიჯიტის მშობლებმა მოუწონეს შვილს არჩევანი (პოლკოვნიკის შვილი იყო, სხვა თუ არაფერი) და საქორწინო რიტუალისათვის მზადებასაც გულწრფელი ენთუზიაზმით შეუდგნენ. 
ბრიჯიტ ბარდოს მორიგი ქორწინება, რა თქმა უნდა, პრესისათვისაც აღმოჩნდა მორიგი "პური არსობისა", რაც მათ მკითხველთა ფართო აუდიტორიის მოზიდვაში დაეხმარა. საქორწილო ცერემონიაზე ჟურნალისტებს ჟანდარმები ძლივს აკავებდნენ, მშობიარობა კი ქალს სულაც სახლში მოუხდა, რადგან ეშინოდა, რომ საავადმყოფოსაკენ მიმავალ სამედიცინო მანქანას რეპორტიორები გზას გადაუღობავდნენ და ბავშვის მოვლინება ამქვეყნად საფრთხის წინაშე დადგებოდა.
1960 წლის 11 იანვარს ბავშვი, რა თქმა უნდა, იშვა, რამაც კიდევ უფრო გაახელა სენსაციური ფოტომასალის მოყვარულთა მთელი არმია და ბრიჯიტი იძულებული შეიქნა ორიოდე ფოტოგრაფის მიღებას დათანხმებულიყო... როგორც მოგვიანებთ გაირკვა, ბრიჯიტის და ნიკოლას (ასე დაარქვეს ბავშვს) პირველი კონტაქტის ამსახველმა კადრებმა ხსენებულ ფოტოგრაფებს უზარმაზარი ფინანსური სარგებელი მოუტანა. 
* * *
ქორწინებისა და მშობიარობის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართა. შერიეს სურდა ნორმალური ოჯახი ჰქონოდა, რასაც ბრიჯიტი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს შეუქმნიდა, რადგან იგი კვლავ განაგრძობდა კინოში თამაშს და კვლავაც სურდა, მხიარულად გაეტარებინა თავისუფალი დრო. ჟაკს კი ნერვიულობის ნიადაგზე გარემომცველ ადამიანებთან ურთიერთობანი გაუფუჭდა, მცირე ხანში იგი სამი წლით ჯარშიც გაიწვიეს და მას ნელინელ დაეწყო სიგიჟის პროცესის გააქტიურება.
შერიეს არ სურდა ალჟირში ომი. პირველად მან ნერვული მოშლილობის სიმულირებით აიცილა ომში წასვლა, შემდეგ ნამდვილად დაკარგა გონი, რადგან ყაზარმაში რამოდენიმე კვირის გატარება მოუხდა. ერთხელ ხელზე ძარღვებიც კი გადაისერა და სამხედრო ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოხვდა, სადაც მას უკვე რამოდენიმე თვის იძულებითი ცხოვრება გაატარებინეს. საბოლოოდ სამხედრო ექიმები იძულებულნი გახდნენ შერიე ჯარიდან დაეთხოვათ.
სახლში დაბრუნებულ ჟაკს უკვე ზევარსკვლავად შერაცხული მეუღლე დახვდა, თავად კი კვლავაც არაფერს წარმოადგენდა - ბრიჯიტის სახსრებით არსებობდა, მის სახლში ცხოვრობდა და ვერაფრით ახერხებდა იმას, რომ ბრიჯიტ ბარდოს იგი ოჯახის უფროსად ეცნო. ჟაკ შერიე პატრიარქალურ ოჯახში იყო აღზრდილი, მას სურდა მბრძანებელი ყოფილიყო სახლში და ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, თუმცა მსხვერპლის გაღებაც შეეძლო, ასე მაგალითად: იმისათვის, რომ ცოლშვილთან გაეტარებინა ერთი ზაფხული, მან უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში "მცხუნვარე მზეზე", არადა, ამ ფილმის შემდეგ მას ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდა ყველა. 
მშობიარობის შემდეგდროინდელი პერიოდი დასრულდა თუ არა, ბრიჯიტმა კვლავ გადაწყვიტა ძველი ცხოვრებით განეგრძო ქვეყნად სვლა და ქმარს აცნობა, რომ გადაღებებზე მიდის, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფათა მთელი კომპლექტით შეზავებული არნახული სკანდალი მოჰყვა და დღის წესრიგში ბუნებრივად დადგა განქორწინების საკითხი. 
განქორწინება ოფიციალურად 1963 წელს დაფიქსირდა, პატარა ნიკოლა ბებიის (ბრიჯიტის დედის) ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელის დაუძლურების შემდეგ კი ბავშვის აღზრდა მთლიანად მამამ ივალდებულა.
* * *
სხვათა შორის, დედა ნიკოლას საკმაოდ არაეთიკურად (შეიძლება ითქვას უდიერადაც კი!) მოიხსენებს თავის ვრცელ ავტობიოგრაფიულ თხზულებაში "ინიციალები BB", თუმცა შვილიც დედის "ღირსეული ანალოგი" აღმოჩნდა, სრულწლოვანების მიღწევისთანავე დედას სასამართლოში უჩივლა ისეთი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მიზეზების საფუძველზე, რაც ჩვენს ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს. არც დედამ დააყოვნა საპასუხო რეაქცია და საჯაროდ განაცხადა: "ეს ბავშვი იყო სიმსივნე, რომელიც ცხრა თვე ტანჯავდაო ჩემს სხეულს". 

კაცი, როგორც სიყვარულის ობიექტი

ბრიჯიტს კი ახალი რომანების სერია დაეწყო: 1) მსახიობი სემი ფრეი, რომელიც ასევე გაიწვიეს ჯარში (როგორც ჩანს, სამხედრო უწყების მონაწილეობა ბრიჯიტის სასიყვარულო ამბებში ბედისწერით იყო განსაზღვრული); 2) ბრაზილიელი გიტარისტი და პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ბობ ზაგური, 3) მილიონერი პლეიბოი გიუნტერ საქსი (ფრანგული წაკითხვით - "საში"), რომელიც მოგვიანებით ბრიჯიტის ოფიციალური მესამე ქმარი გახდა და ა.შ. ყოველ მათგანში ქალი ღირსებათა კორიანტელს ხედავდა, იგი ყველასთან დამყოლი და დამჯერი მდედრი იყო, თუმცა ბედისწერის ვერც იმ "წიაღსვლას" ასცდა ვერასოდეს, რაც ყოველი ახალი მიჯნურის მის სახლში გადაბარგებას და ფაქტიურად მის ხარჯზე ცხოვრებას გულისხმობდა.
მამაკაცებს შორის ბრიჯიტი პაუზას არასოდეს აკეთებდა, ერთი სატრფიალო თავგადასავალი მეორეს კი არ ენაცვლებოდა, წინამორბედის დასრულებამდე იწყებოდა, სქემა კი -  სასაცილოც კია და უცნაურიც - ყოველთვის ერთნაირი იყო: თავგადასავლის ორივე მონაწილეზე დატეხილი მოულოდნელი მეხი... ახლადწამოჩიტული ვნების წინააღმდეგ უძლურება... ვოდევილური სამკუთხედი... და, რა თქმა უნდა, ცრემლები. როგორც სასწორის ნიშნით დაბადებულ ქალებს სჩვევიათ, ბრიჯიტი ყოველთვის ორჭოფობდა და განშორების გადავადებას ცდილობდა, სრული გულწრფელობით ისწრაფვოდა იმისკენ, რომ მის გამო მოდავე მამაკაცები შეერიგებინა და შემდეგ დიდხანს დასტიროდა მათ შორის დამარცხებულს გამარჯვებულის მკერდზე. 
თუმცა "ლოგინი" - მისგან გამომდინარე ყველა მსხვილმან-წვრილმანით - მთავარი არასოდეს ყოფილა ქალის ცხოვრებაში, მას უბრალოდ სინაზე და მოფერება უყვარდა, უფრო სწორად ვინმეს მფარველობაში ყოფნა და ვიღაცისადმი ქალური მზრუნველობის გამომჟღავნება. შესაძლოა, მამაკაცებთან ურთიერთობაში  ყოველივე ამის არასრულყოფილმა გამოვლინებამ განაპირობა ის, რომ დროთა განმავლობაში ბრიჯიტ ბარდო სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ასაკოვან ადამიანებს და ცხოველებს. მან თავის მოხუც გაღატაკებულ გუვერნანტ ქალს და მძიმედ დაავადებულ ძიძას ბინებიც კი უყიდა და სიცოცხლის ბოლომდე მატერიალურად უზრუნველყოფდა მათ, უპტრონო, მშიერი ძაღლის ან კატის დანახვაზე კი მას ამქვეყნად, შესაძლოა, ყველა მამაკაცი ერთად დავიწყებოდა.

ეპოქის ცვლილება

60-იანი წლები მსახიობის კარიერაში ნაკლები წარმატებით დაიწყო. ერთი საშუალო დონის ფილმი მეორეს მისდევდა, დაიწყო გაწელილი კონფლიქტების სერია. "მიშვებული სადავის" გადაღებისას ბრიჯიტი რეჟისორსაც კი წაეჩხუბა და უარი განაცხადა გადაღების გაგრძელებაზე. პროდიუსერები იძულებულნი გახდნენ ფილმის დასამთავრებლად როჟე ვადიმი მოეწვიათ, მაგრამ საქმეს ვერც მან უშველა და ფილმი ჩავარდა. ამ ფილმს "ცნობილი სასიყვარულო თავგადასავლები" მოჰყვა, სადაც ბრიჯიტს აწ უკვე პარტნიორთან, ალენ დელონთან, მოუხდა დავა, რადგან დელონი გამუდმებით ცდილობდა, საკუთარი სილამაზე ქალის მშვენიერებაზე მეტად წარმოეჩინა. ამ ფილმში ტრენტინიანიც გამოჩნდა და ბრიჯიტი მიხვდა, რომ მის მიმართ აღარანაირი გრძნობა აღარ გააჩნდა. შემდეგ იყო "პირადი ცხოვრება" მარჩელო მასტროიანისთან ერთად და სწორედ ეს ფილმი იქცა მისი ცხოვრების ბედისწერად, რადგან იგი საბოლოოდ და სერიოზულად დაინტერესდა ცხოველთა ბედით ჩვენს პლანეტაზე.
მას შემდეგ ბრიჯიტმა არაერთი თხა და ცხვარი გადაარჩინა ყასბების დანას, მის ქალაქგარეთა სახლში მშვიდად ცხოვრობდა სახედარი, იქვე იყვნენ ძაღლები და კატებიც. მათთან ბრიჯიტი ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე ადამიანების გვერდით _ ცხოველები არაფერს ითხოვდნენ მისგან, არასოდეს უმართავდნენ სკანდალს და უყვარდათ ისეთი, როგორიც არის მოცემულ დღესა და საათში.  
* * *
1962 წელს ბარდო გადაიღეს ფილმში "ჯარისკაცის დასვენება". ამჯერად მისი პარტნიორი გახლდათ რობერ ოსეინი (იგი წარმოშობით აზერბაიჯანელია, გვარად ჰუსეინოვი). მისი საყვარლობა კი ბრიჯიტს ნამდვილად არასოდეს მოსურვებია და, შესაძლოა, ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ 1964 წელს უკვე სახელოვანმა ბარდომ ოსეინთან ერთად თამაშზე უარი განაცხადა, როდესაც ანი და სერჟ გოლონების ცნობილი რომანის "ანჟელიკას" გადაღება გადაწყვიტეს. რეჟისორი იძულებული გახდა, მაშინ ყველასათვის უცნობი მიშელ მერსიე მიეწვია ანჟელიკას როლზე...
მოგვიანებით ბრიჯიტმა ძალზედ ინანა, რომ უარი თქვა უკვე სერიალად ქცეულ "ანჟელიკაში"  მონაწილეობაზე.
1963 წელს ბრიჯიტ ბარდოს სერიოზულ კინოსთან მოუხდა შეხვედრა, ჟან-ლუკ გოდარი ემზადებოდა ფილმ "სიძულვილის" გადასაღებად, რომელიც ალბერტო მორავიას ცნობილი რომანის საფუძველზე უნდა შექმნილიყო. "ძველი კინოს ვარსკვლავს" ნოვატორ რეჟისორთან უნდა ემუშავა და, რა დასამალია, ორივე მათგანი ღელავდა. კინოგადამღები ჯგუფი სამხრეთი იტალიის ერთ მიყრუებულ სოფელში ჩავიდა და მუშაობას შეუდგა, მაგრამ, მიუხედავად გადასაღები მასალის მთელი სერიოზულობისა, გადაღების პროცესი თავად მსახიობებმა ერთ დიდ გართობად აქციეს, სადაც 30 წელს მიტანებული ბრიჯიტი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში (მამაკაცის მთავარ როლებს აქ მიშელ პიკოლი და უცნობი ამერიკელი მსახიობი ასრულებდნენ). მხოლოდ რეჟისორი ინარჩუნებდა საქმიან სახეს, რამაც ვერაფერი სარგებელი მოიტანა და ფილმი საბოლოოდ უსუსური ქმნილება გამოვიდა. ამას გოდარის კიდევ ერთი უღიმღამო ფილმი მოჰყვა ("მომხიბლავი სულელი"), რომელიც ინგლისში გადაიღეს და სადაც ბრიჯიტს მოსვენებას არ აძლევდნენ იქაური ჟურნალისტები და საბოლოოდ გამოიკვეთა ის აზრი, რომ მის სამსახიობო იმიჯს საზოგადოება ნაკლებად აქცევდა ყურადღებას, მათთვის მთავარი იყო ბრიჯიტ ბარდო, როგორც ქალი!
...მაგრამ ბარდო არ ნებდებოდა ბედს და კვლავაც ცდილობდა საკუთარი ხელოვნება წარმოეჩინა, რის დასტურიცაა თანხმობა, რაც მან განაცხადა სკანდალურ "ვივა მარიაში" მონაწილეობაზე. აქ, მის გარდა, მონაწილეობა ჟანა მოროსაც უნდა მიეღო და მათ მოძრავი ცირკის შანსონიეტი ქალების განსახიერება ევალებოდათ, გადაღებები მექსიკაში იყო დაგეგმილი. ძნელ სამუშაო პირობებს რეპორტიორების გაუთავებელი ვიზიტები დაერთო ბრიჯიტი, როგორც ყოველთვის, თავს არიდებდა მათ, ჟანა მორო კი სიამოვნებით პოზიორობდა მათი კამერების წინაშე და შედეგად მთელმა მსოფლიომ დაინახა ამ უკანასკნელში მშვენიერი ქალი და ბარდოს პირველად ეწვია რაღაც შურისმაგვარი გრძნობა, რასაც მან უპრობლემოდ დააღწია თავი და ასე დაიწყო მის ცხოვრებაში მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ფეიერვერკი სილამაზის ყველა ატრიბუტის დემონსტრირებისა,  მით უმეტეს, რომ ფილმის პრემიერა ჯერ ნიუ-იორკში და შემდეგ ლოს-ანჯელესში, კონკრეტულად ჰოლივუდში შედგა, სადაც ისედაც უხვად იყვნენ თავმოყრილნი კინოს ლამაზმანები. 
ბრიჯიტ ბარდომ პირველად დაისახა მიზნად დაეჩრდილა ისინი ყველანი ერთად და დიდებულად გაართვა ამ საქმეს თავი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჟურნალისტ-რეპორტიორებმა გააფუჭეს, რომლებიც გაოგნებული დაეხარბნენ აქამდე ძნელადმოსაპოვებელ "მასალას" და მსახიობს კვლავ გაუჩნდა ერთადერთი სურვილი - დაბრუნებულიყო სახლში და გარიდებოდა ყველას და ყველაფერს.
ბრიჯიტი დაბრუნდა პარიზში, სადაც მას ხუთი ძაღლი ელოდებოდა, მეექვსე კი, გერმანული ნაგაზი, დაბრუნების ნიშნად ალენ დელონმა აჩუქა.

კინოკარიერის დასასრული
  
სახელოვან ბრიჯიტ ბარდოს ჟურნალისტები კვლავ არ ანებებდნენ თავს, უსაქმური პაპარაცი ფოტოგრაფები საათობით ისხდნენ მისი სახლის წინ, რათა რაიმე პიკანტური კადრი მოეგდოთ ხელთ, თაღლითები კი, ვითომდაც ბრიჯიტ ბარდოს ბინაში ექსკურსიის ჩასატარებლად, ბილეთებს ავრცელებდნენ დოყლაპიებს შორის. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ მისი ურთიერთობა მამაკაცებთან კარგავდა გულწრფელობას; ასე მაგალითად, ბრიჯიტის მესამე ქმარმა გიუნტერ საქსმა ქალზე სანაძლევოს გამოისობით იქორწინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს კაცი ნამდვილიად ბრიჯიტის მსგავსი ქალისათვის იყო მოვლენილი ქვეყნად, ასეთი იდეალური და იდილიური წყვილი, ალბათ, ბევრი არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე. 
ისინი ერთმანეთს ქალაქგარეთა გასეირნებაზე შეხვდნენ, შემდეგ სმოკინგში გამოწყობილი საქსი ვილაში ეწვია ბრიჯიტს და მის წვევას "დაემთხვა" ვერტმფრენიდან გადმოშვებული ალისფერი ვარდების წვიმა. გიუნტერ საქსის პიროვნებაში მშვენივრად უთავსდებოდა ერთმანეთს გერმანული პუნქტუალობა და, ვთქვათ, ათას ერთი ღამის ზღაპრებისათვის დამახასიათებელი ფანტასტიური იდეები და ფუფუნების სიყვარული და, რაც ყველაზე მთავარია, - თვითრეკლამის დიდი სურვილი. მან ბრიჯიტს ხელის თხოვნის ოფიციალური წინადადებით "ლაჟვარდოვან ნაპირზე" მიმართა, 7 კვირიანი ნაცნობობის შემდეგ, 1966 წლის 14 ივლისს ქორწინება ლას-ვეგასში დააფიქსირეს, ხოლო საქორწინო მოგზაურობა მექსიკასა და ტაიტიზე განახორციელეს. მსოფლიოს ბევრმა წამყვანმა გამოცემამ ამ მოვლენას მთლიანი ნომრები მიუძღვნა, თუმცა საფრანგეთში ეს ფაქტი უარყოფითად აღიქვეს, რადგან ბრიჯიტ ბარდო თითქმის უკვე ქცეულიყო ეროვნულ მონაპოვრად და მას არ ეკადრებოდა ცოლად გაჰყოლოდა გერმანელს... ქალს კი ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, სულ არ აღელვებდა, რადგან მას მორიგი სიყვარული ეწვია და თავს ბედნიერადაც კი გრძნობდა. 
* * *
გიუნტერი მეუღლისაგან საგანგებოს არაფერს ითხოვდა, "სრული იმიჯისათვის" მას უბრალოდ სჭირდებოდა მსოფლიოში ყველზე ცნობილი ქალი, სანაცვლოდ კი მას სთავაზობდა სიყვარულს (შესაძლებლობის ფრაგლებში) და მფარველობას (მაქსიმუმის ზღვარზე). იგი ძალზედ მდიდარი კაცი იყო, მიღებული ჰქონდა კარგი განათლება, მეგობრობდა პაბლო პიკასოსთან, ირანის შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევისთან და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან!... მაგრამ ამ ქორწინებიდან მაინც არაფერი გამოვიდა, ბრიჯიტმა და გიუნთერმა მაინც ვერ შექმნეს ოჯახი, თუმცა არ დაუკლიათ საამისო მცდელობა: საქორწილო მოგზაურობის შემდეგ ბავარიაში, გიუნტერის დედას ეწვივნენ, ვიზიტი გამართეს გენერალ შარლ დე გოლთან, დაესწრნენ კანის ფესტივალს და ა.შ.
...მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.
როგორც ინფორმაციის სანდო წყაროები ავრცელებდნენ მითქმა-მოთქმას, გიუნტერმა მოკლე ხანში თავის ძველ ქალბატონებთან განაახლა სატრფიალო ვოიაჟები, არც ბრიჯიტს უღალატია მისთვის ჩვეული სისხლხორცეული ცხოვრების წესისთვის და ერთ მშვენიერ დღეს საქსი ისე გაქრა, რომ მეუღლეს მხოლოდ მოკლე ბარათი დაუტოვა, რაც განქორწინების შესახებ პათეტიურ თხოვნას შეიცავდა მხოლოდ. 
კინომ კი მას 1967-69 წლებში კვლავ ორი-სამი უღიმღამო ფილმი შესძინა, რასაც ყველასათვის კარგად ცნობილი "მენავთობე ქალები" მოჰყვა (კლაუდია კარდინალესთან ერთად), შემდეგ კიდევ იყო ორიოდე ფილმი კინოს ისეთ სახელოვანი წარმომადგენლების გვერდით, როგორებიც არიან შონ კონერი, ლინო ვენტურა, ანი ჟირარდო...
ამასობაში ბრიჯიტს 39 წელი შეუსრულდა და ერთ მშვენიერ დღეს მან იგრძნო, რომ დროა, დაისვენოს როგორც მამაკაცებისაგან, ასევე კინოსაგან. გაბრწყინებული ღიმილის მქონე გოგონა, რომელიც ოდესღაც მთელი მსოფლიოს მამაკაცების აღტაცებულ მზერას ფლობდა, დაღლილ და იმედგაცრუებულ ქალად იქცა. კინოს კი ერთი მიზეზით განუდგა - უკანასკნელმა ორიოდე როლმა დიდი ვერაფერი წარმატება მოუტანა და მას არ სურდა საკუთარი სახელის საბოლოოდ ძირს დაცემა. 
მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ბრიჯიტ ბარდოს უკვე აღარ აინტერესებდა "ეს ყველაფერი".
ასე და ამრიგად, 70-იანი წლების დასაწყისში ქალი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საკუთარი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, იღებს გადაწყვეტილებას, რომ სამუდამოდ ჩამოშორდეს კინოს და ცხოვრება ოთხფეხა მეგობრებს მიუძღვნას...  

ყოფის ფილოსოფია

...ჟურნალისტებმა გამოთვალეს, რომ ბრიჯიტი ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ თხოვდებოდა და მისი საქროწინო ხანა საშუალოდ ორ წელიწადს გრძელდებოდა.
ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ არცთუ უსაფუძვლო ვარაუდის დონეზე შეიძლება იმის მტკიცება, რომ ბრიჯიტ ბარდოსათვის მთავარი ის კი არ იყო, თუ ვისთან მოუწევდა ღამის გათევა, არამედ ის - თუ სად მოუწევდა სასიყვარულო ურთიერთობათა აღსრულება. მუდამ უკმაყოფილო ვარსკვლავი თავზარს სცემდა სასტუმროების მფლობელებს. იგი შემოივლიდა ხოლმე მთელ შენობას, რათა სასურველი ნომერი ეპოვნა და იმ ლეკვს ჰგავდა, დასაძინებლად სასურველი ნოხის ძებნაში მთელ სახლს რომ გადაატრიალებს ხოლმე. იგი არასოდეს დაეძებდა ფუფუნებას და ხდებოდა ისე, რომ შემოთავაზებულ ლუქსს დამხმარე სათავსოდ გამოყენებულ ოთახს არჩევდა, ოღონდ კი მისი კარი სადმე ბაღში ან ზღვის ნაპირზე გასულიყო. შესახლდებოდა ნარჩევ ფართში და მაშინვე იწყებდა ავეჯის გადაადგილებას, თუნდაც ერთი ღამის გათევა ჰქონოდა დაგეგმილი იქ...
ზემოთხსენებული თემა ასეთი პასაჟითაც შეიძლება გაგრძელდეს:
ბრიჯიტ ბარდოს სიგიჟემდე უყვარდა ნაირგვარი უძრავი ქონების შეძენა და შემდეგ არქიტექტორებისა და დიზაინერების წვალება იმ ზომამდე, ვიდრე ყველას თავიდან არ მოიცილებდა და ყველაფერს საკუთარი ჭკუით არ მოაწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი პარიზის საკმაოდ წელმომართულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა, მას ყოველთვის და უფრო მეტად სოფლის ყოფა მოსწონდა... ეს იყო მისი ცხოვრების სტილი, რასაც მუდამ ბუნებრივად მისდევდა და გემოვნებაზე ვერანაირ ძალდატანებას ვერ იტანდა. 

ცხოვრების დაღმართზე

...ბრიჯიტ ბარდო კვლავაც იყო ბევრი მამაკაცის სასურველი ქალი.
...კინოფესტივალებზე მას კვლავაც ეხვია გარს თაყვანისმცემელთა არმია, რომელიც თავის კერპს თვითმფრინავის ტრაპთანვე ხვდებოდა და ყვავილებს ფეხქვეშ ფიანდაზად უფენდა.
 ....მას კვლავაც არ ასვენებდნენ აბეზარი ფოტორეპორტიორები.
მაგრამ ცხოვრებაში რაღაც დაირღვა, მასთან ურთიერთობისაკენ ახლა თავხედი ყმაწვილებიღა ისწრაფვოდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი ჰქონდათ - სახელოვანი ქალის ხარჯზე ეცხოვრათ. ასე მაგალითად, ვინმე სტუდენტი პატრიკი მის კმაყოფაზე რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო. იგი განუკითხავად ხარჯავდა ბრიჯიტის ფულს, ამტვრევდა მის მანქანებს, არც ცემა-ტყეპას აკლებდა ქალს. საბოლოოდ იგი ბრიჯიტმა თავიდან მოიშორა, თუნდაც იმის გამო რომ ამ ყმაწვილმა სიცილით ამცნო ბარდოს პრეზიდენტ დე გოლის გარდაცვალების ამბავი, რომელსაც ქალი დიდ პატივს სცემდა.
პატრიკი ასევე ყმაწვილმა კრისტიანმა, ყოფილმა ბარმენმა შეცვალა, რომელიც კუნთებით დამშვენებული ბრიყვი არსება გახლდათ და, შესაბამისი უხეშობითა და სიბრიყვით გაატარა რა რაღაც ხანი მსოფლიო კინოს ვარსკვლავთან, ისიც უკვალოდ გაქრა.
1983 წელს მან კიდევ ერთი და, მგონი, უკანასკნელი თავქარიანობა მოიმოქმედა. მას იმხანად ჯერ კიდევ არ შესრულებოდა 50 წელი და, შესაძლოა, მცირეოდენი სურვილი სატრფიალო თავგადასავლების კიდევაც შემორჩენოდა, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, დეპრესიამ იმძლავრა და ერთხელ იგი შუა ზღვაში მოტივტივე ნავზე ნარკოტიკებით გაბრუებული იპოვეს. ეს იყო თვითმკვლელობის მესამე მცდელობა მისი მხრიდან. ამბობენ,  იგი სიკვდილსაც მეტად მშვენიერი იერით ხვდებოდაო.
ცხოვრება გაგრძელდა და ბრიჯიტი თავის ცხვრებსა და სახედრებს სენ-ტროპეს ვილა "Madrague"-ში დაუბრუნდა, თუმცა 1992 წელს მეოთხედ მოუხდა გათხოვება. ამჯერად მისი რჩეული ბიზნესმენი ბერნარ დ’ორმალი აღმოჩნდა, რომელიც საფრანგეთის უმაღლეს სამთავრობო ეშელონებთან მეტად დაახლოებული ადამიანია. ქორწინება ამავე წლის აგვისტოში შედგა...
ბრიჯიტ ბარდომ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გაკეთა: "ერთადერთი, ვინც ჩემთვის არსებობს, ეს არის კაცი, ვინც ჩემს ქმრად ითვლება, ამჯერად ეს ბერნარი გახლავთ - პიროვნება, რომელიც ჩემთან ძალზედ ახლოსაა, ვინც ყოველთვის მამშვიდებს, ვინც ნუგეშს მცემს მწუხარე დღეებში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სიცოცხლე მასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო, ყველაფერი დანარჩენი თითქოს სხვა ყოფაა, რომელიც სხვა განზომილებაში მოხდა~.
* * *
1997 წელს ბარდომ გამოაქვეყნა მემუარები, სადაც ცუდად მოიხსენია საკუთარი შვილი ნიკოლა და მისი მამა ჟაკ შერიე. ამ უკანასკნელებმა თავი ისე შეურაცხყოფილად იგრძნეს, რომ სასამართლოს მიმართეს, რომელმაც მემუარების ავტორს 53 ათასი დოლარის გადახდა დაავალა ქმარ-შვილისადმი მიყენებული მორალური ზიანისათვის.

ბრიჯიტ ბარდოს ფონდი

- ბრიჯიტ ბარდოს წყალობით მსოფლიოში ტკივილი, როგორც ძალდატანებითი განცდა, მნიშვნელოვნად შემცირდა: ადრე საფრანგეთის ცხოველთა სასაკლაოებზე პირუტყვი ნელი, მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა. ბრიჯიტი ხუთი წელი ებრძოდა ყასბებს და შეძლო კიდეც დახოცვის ამგვარი მეთოდის აკრძალვა. 
- ბრიჯიტ ბარდომ გადაარჩინა ბევრი ის მაიმუნი, რომლებსაც ავიაფირმები კატაპულტირების შემოწმების მიზნით ცოცხლებს ბეტონის კედლებზე ანარცხებდნენ.
- ბრიჯიტ ბარდოს ბრძოლა საბრალო ცხოველების უფლებათა დასაცავად ბევრი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ჯერ კიდევ კინოში მოღვაწეობისას, იგი მექსიკიდან მავრიკიმდე, ყველგან მფარველობდა უპატრონო ცხობველებს, თუ შეეძლო სახლში მიჰყავდა ისინი, შემდეგ ნაირგვარ ინსტანციაში დადიოდა, რათა პირუტყვთა თავშესაფრების ფინანსირებისათვის მიეღწია.
არცთუ ისე ხანდაზმულ ასაკში ბრიჯიტ ბარდომ სამუდამოდ თქვა უარი ბეწვეულის ტარებაზე, გახდა აბსოლუტური ვეგეტარიანელი და დააარსა საკუთარი ფონდი, რომლის საქმიანობა მთელ მსოფლიოშია გაშლილი.
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ბრიჯიტ ბარდო რომის პაპს ეწვია და შესთავაზა მას აფრიკის მოშიმშილე ცხოველებისათვის ენციკლიკის გამოქვეყნება. პაპმა მას მას დელიკატურად შეახსენა, რომ იქ ადამიანებიც შიმშილობენ, რამაც ბარდო სულით ხორცამდე შეძრა და პაპი სამუდამოდ ამოშალა მისთვის პატივსაცემი ადამიანების სიიდან.
ახლა ბარდო აშენებს ცხოველთა თავშესაფრებს, მკურნალობს და უვლის მათ; გარს იკრებს თავის მსგავს ენთუზიასტებს, ამიტომაც მისი ვილა ნამდვილ ზოოპარკადაა ქცეული...
გაზაფხულობით სახელოვანი ქალი რეზინის ჩექმებს იცვამს, ცხვრებთან და თხებთან ერთად ტალახში დააბოტებს და თავს შესანიშნავად გრძნობს.

ციტატები ავტობიოგრაფიული წიგნიდან "ინიციალები BB"

* * * "დედას და მამას ფრანგულად ველაპარაკებოდი, ბიძიას - იტალიურად. იტალიურად უკეთ ვლაპარაკობდი, ვიდრე ფრანგულად და ჩემს მშობლიურ ენაზე მეტყველებისას ყოველთვის იტალიური აქცენტი მქონდა".
* * * "ალენ დელონი?
იგი დაინტერესებილი იყო მხოლოდ იმით, თუ როგორ იყო განათებული მისი სახე და მისი სათუთი ცისფერი თვალები და სულ არ აღელვებდა პარტნიორი ქალები. ალენი ლამაზი მამაკაცია... მაგრამ ჩემს სასტუმროში ლუდოვიკო XVI სტილის კომოდი რომ დგას, ისიც ლამაზია".
* * * "მთელი მსოფლიო ან არაფერი!
ნუთუ იმის გააზრება, რომ შენ ნახევარ მსოფლიოს უყვარხარ, ნუგეშს განიჭებს?! ნახევარი მსოფლიო არაფერია ჩემთვის... მე ერთადერთი რამ მჭირდება ამქვეყნად - მყავდეს გვერდით მამაკაცი, ვისაც დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ვეყვარები! მე ვითხოვ ყველაფერს, ან არაფერს".
* * * "რეპორტიორმა ერთხელ მკითა, თუ რას ვფიქრობ თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის შესახებ:
- ქირურგს - ვუპასუხე - დღეს შეუძლია ადამიანის ცხვირს ყველაფერი გაუკეთოს, რაც მოესურვება, ალბათ, ერთი რამის გარდა - მას არ შეუძლია გადააჩვიოს ცხვირი სხვის საქმეებში ჩარევას.
* * * "ეს ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენ ყველა ერთმანეთს ლოგინში ვხვდებით".
* * *არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის რვა საათიდან შუაღამემდე.
* * *მოღალატედ ყოფნა სჯობს, ვიდრე ერთგულება, რასაც ყოფნის სურვილი არ ახლავს.
* * * ცოლქმრობა არის კონტრაქტი, რასაც ყოველდღე გადასინჯვა და ხელახალი დამტკიცება სჭირდება.
* * * ჩვენს დროში საკმარისია მამაკაცთან ნახევარი წელი იმეგობრო და შენ უკვე პატარძლად გაცხადებენ.
* * * ყველაზე ლამაზი დღე ჩემი ცხოვრებისა იყო ღამე.
* * *მე იმდენად მადლიერი ვარ ჩემს მიერ განვლილი წლებისა, რომ მზად ვარ საკუთარ თავს მუხლზე დავუდგე.
* * *რაც უფრო მეტად ცდილობენ ქალები გათავისუფლებას, მით უფრო უბედურნი ხდებიან ისინი.
* * *მე მგონია, რომ მამაკაცები თაყვანს მცემდნენ, როცა პოპულარული ვიყავი და ეს თაყვანისცემა მეკუთვნოდა არ მე, არამედ ჩემს გარეგნობას, უფრო სწორად იმას, რომ მე მერქვა ბრიჯიტ ბარდო. ხოლო თავად მე და ჩემი პიროვნება არ მგონია, რომ ვინმეს ოდესმე ჰყვარებოდა~.
* * *თუ ხანდახან გაწითლება მიწევს, ეს მხოლოდ სიამოვნების გამო ხდება.
* * *სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.


2 комментария:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ОтветитьУдалить
  2. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ОтветитьУдалить