დოდო ჭიჭინაძე

ერთი მსახიობის ბიოგრაფია #2
ალექსანდრე ელერდაშვილის რედაქტორობით
დაიბეჭდა 2003 წელს.

დოდო ჭიჭინაძე 

(1924-2009 წწ) 
საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობია. მან განასახიერა ოცდაათამდე თეატრალური 
და არაერთი კინოროლი 
(მოამზადა მაკა ახვლედიანმა, 
2003 წელი).


მე ცოტა „გადამეტებული“ ქართველი ვარ!... ქეთევან წამებულის შთამომავალი ვარ და მჯერა - რაც გადაგვარჩენს, ესაა ჩვენი რწმენა.

ამ ცხოვრებაში ბევრი მწარეც მინახავს, მაგრამ არცერთ ჩემს მოგონებაში ამას არ ვწერ, არ მინდა ცუდი ჰქონდეთ მაგალითად ახალგაზრდებს.

წლები მიდის და სილამაზე სადღაც ქრება, მაგრამ წლებს უფრო დიდი რამ მოაქვს - გონიერება, გამოცდილება და, რაც მთავარია, რჩება სიკეთე...





ნამდვილი სახელი თამარი
დაიბადა 1924 წლის 28 დეკემბერს, ქუთაისში.
გარდაიცვალა 2009 წლის 3 ნოემბერს, თბილისში
დედა - ანა ელიზბარის ასული ახვლედიანი.

"...დედაჩემი წარმოშობით ლეჩხუმიდან იყო. შეძლებულ ოჯახში დაიბადა.
შემდეგ ქუთაისში, ბიძის, ლევან ჩიქოვანის სახლში ცხოვრებდა, იქვე შეხვდა მამაჩემს".

მამა - ვასილ ეფრემის ძე ჭიჭინაძე.
"მამაჩემი თხემით ტერფამდე ქართველი იყო. ახალგაზრდობის პერიოდში მამა "ჩერქეზკაში" გამოწყობილი დადიოდა. იგი ფედერალისტი იყო, 1924 წელს დამწყვდეული იყო ვაგონში და დახვრეტას ელოდა..."

ძმა - რეზო ჭიჭინაძე.
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია "მონკავშირის" პრეზიდენტი.


* * *
სოლოლაკი...
ძველი, ორსართულიანი სახლი...
საღებავაცვენილი მასიური კარი რის ვაივაგლახით იღება...
ხვეული კიბის თავთან ქალის მშვენიერი ფიგურა ისახება... 
თვალი მკრთალ შუქს წამში ეჩვევა და მკაფიოდ არჩევს ყველასათვის ნაცნობი დახვეწილი სახის კონტურებს... მისალმების შემდეგ ბოდიშს იხდის:
- უკაცრავად, მაგრამ ოთახებში ისე ცივა, ხუთ წუთსაც ვერ გავძლებთ, აქეთ შევიდეთ! 
სუფთად გაწყობილ, მაგრამ არა მდიდრულ და არცთუ ჩვეულებრივ სამზარეულოში გაზქურის გახსნილი ღუმელიდან სითბო გამოდის. კიდევ კარგი გაზის მოწოდება განახლდა. ვერ ვარკვევ, სამზარეულოს რა ანათებს? სადღაც ზურგსუკან არსებული ფანჯარა, რომელსაც მე ვერ ვხედავ, თუ ერთადერთი ნათურა, მაგრამ ჩემთვის ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს - რაც მთავარია, ანათებს ჩემი მასპინძელი, მისი მადლიანი ეშხი და სათნოება: 
ქალბატონ დოდოს თვალებში ნაპერწკალი უკრთის, თუმცა სიღრმეში სევდა, ოდნავ შესამჩნევი სევდაც ლიცლიცებს... 
წლები მიდის....
40-60-იან წლებში და მას შემდგომაც დოდო ჭიჭინაძის განსაცვიფრებელ გარეგნობაზე თითქმის ლეგენდები დადიოდა და ეს მაშინ, როცა თბილისს მისი მეგობრების მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას ხიბლი მოსავდა, როცა საქართველოს ჰყავდა ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი და სხვა მრავალი მშვენიერი ქალბატონი.  

ერთხელ, პლასა დე მაიოროზე...

(ალბათ, ასე აღწერდა ამ სურათს გრიგოლ რობაქიძე
ესპანეთი... მადრიდი... პლასა დე მაიორო. ივლისის ხვატი და გუმბათის დაგრძელებული ჩრდილი... მილეთის ხალხი: ადგილობრივი თუ ჩამოსული... სიფრიფანა ჭიჭნაურის შლეიფთა შრიალი, ესპანური ეშხი, არაბული ტემპერამენტი, სკანდინავიური სიცივე, თუ ფრანგული სინაზე... ფერთა გამა და პალიტრა... და მაინც, მოედანი მოჯადოებულივით ირინდება; ათასი მზერა ერთ ქალს მოაცილებს. - ვინ არის: ესპანელი? იტალიელი? ბერძენი? არა, არცერთს არ ჰგავს!... ო, ქალწულო მარიამ, ვინ არის ეს ქალი?
ქალი კი დინჯად, დედოფლის თავდაჯერებული ნაბიჯით მიდის, კი არ მიდის მისრიალებს პლასა დე მაიოროზე. იგი ჩვეულია ამ ყურადღებას, მაგრამ წამით ისიც ჩერდება და უკან მიხედავს ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც თვალს არ აცილებს. - მამაკაცი ქართველს ჰგავს, ჰგავს კი არა, ზედგამოჭრილი ლადო ალექსი-მესხიშვილია - ფიქრობს ქალი.
დგანან და დუმან. მთელი პლასა დე მაიორო მათ შესცქერის. იმდენად დიდია უცხო ქვეყანაში ახლობელი სახის დანახვით გამოწვეული სიხარული, რომ თითქოს ყველაფერი დაბინდულა, გუმბათის წოპწოპა ჩრდილიც დაპატარავებულა.
მაგრამ კაცი ლადო არ არის და ისინი გზას განაგრძობენ.
- შესაძლოა, სულაც ესპანელი იყო - თავს იმშვიდებს ქალი, გიორგი მთაწმინდელი აკი ასე ამბობს ესპანელებზე: "არამცირედნი ნათესავნი ქართველთა..."
მას შემდეგ დოდო ჭიჭინაძე სულ ნანობს, რატომ არ გამოელაპარაკა იმ ნათესავს, ახლობელსა თუ შორეულს...

მანამდე იყო ბავშვობის ხანა

"მთელი წლის მანძილზე მე და ჩემი ძმა თბილისში ვსწავლობდით და ვცხოვრობდით გერმანელ ბიცოლასთან, ლილი პალთან, რომელსაც "ტანტე ლილის", ანუ დეიდა ლილის ვეძახდით. მისი წყალობით ჩვენ თავისუფლად ვსაუბრობდით სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და გერმანულად. ზაფხულს კი ყვარელში, ჩვენს სახლში ვატარებდით. მამიდას მივყავდით ხოლმე მატარებლით. მატარებელი ზოზინით მიდიოდა და მთელი გზა ატუზული ვიყავი ფანჯარასთან, რადგან ძალიან მენატრებოდა დედ-მამა, ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი, ერთხელ, ფანჯრიდან ყურებისას, ჩოჩორს მოვკარი თვალი, გამიხარდა და გადავწყვიტე, სიხარული მამიდისთვის გამეზიარებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა ერქვა პატარა ვირს და მოვრთე ყვირილი: "მამიდა, ვირიშვილი! ვირიშვილი!" მთელი მატარებელი ჩემს ნათქვამზე იცინოდა, მე კი ვერ გამეგო ამ სიცილის მიზეზი.
...სოფელში ყველა ეკლესიური ადათ-წესი შემონახული იყო. რამდენჯერ გვივლია ბავშვებს "ალათასა, ბალათასას" სიმღერით აღდგომა დღეს. მეზობლები პაწია კალათებში წითელ კვერცხებს და ტკბილეულს გვიწყობდნენ... ძალიან მიყვარდა ჭიაკოკონობა. ჩამოვაბამდით დიდ საქანელებს და კოცონს თავს ვევლებოდით. მახსოვს, ერთხელ კალოზე წავყევი ბავშვებს და შინ ბულულში ამოგანგლული მივედი, მოსამსახურე გვყავდა, დაშა, ღონიერი, მოსული გოგო... ოჰ, რა მომხვდა მისგან!
...ხუთი-ექვსი წლის ვიქნებოდი, როცა მამაჩემის მეგობარმა ლაქის ფეხსაცმელი მაჩუქა. გავიხარე, მაშინვე ჩავიცვი და მდინარესთან გავიქეცი. შილდაში ერთი გიჟი მდინარე ჩამოდის, ჩელთი. მე კი რა დიასახლისი ვიქნებოდი, ჩემი ახალი "ბაჩები" რომ არ გამერეცხა? ამ საქმიანობაში ვიყავი გართული, რომ მდინარემ ერთი "ბაჩი" მომტაცა.... მოვრთე ღრიალი, წამოვედი კოჭლობ-კოჭლობით, ცალი ფეხსაცმლით, ჩემი "პადრუგები" ძალზე შეწუხებულნი იდგნენ, მაგრამ უეცრად მომესმა, როგორ გადაულაპარაკა ერთმა გოგომ მეორეს, - "ძალიანაც კარგიო..."

ამბობენ - რძალი მულის ღირსების ყველაზე მკაცრი შემფასებელიაო
- დოდოს სილამაზე არ იყო მსუბუქი ეშხი და ოდენ ბანოვანება, ამბობს მისი რძალი, თავადაც მომხიბვლელი ქალბატონი, ბაბო მიქელაძე. - მათს ოჯახში შესვლის პირველსავე ხანებში, და მის შემდგომაც, დოდოს გვერდით ყოფნა, თუმც ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ მაინც მაბნევდა. ვცდილობდი ჩუმად, თვალის გაუსწორებლად მეცქირა ამ საოცრებისათვის, რადგანაც მისი გამოხედვა მაჯადოებდა. დოდოს თვალების სიღრმეში მოელვარე ცეცხლი გაუცნობიერებელი სილამაზის ალში მხვევდა.
- ქალბატონო ბაბო, ასეთ ქალს თაყვანისმცემლებიც მრავლად ეყოლებოდა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ დოდოს სილამაზე იმდენ მოწიწებასა და კრძალვას იმსახურებდა, რომ იოლად ვინ რას გაუბედავდა?

ქორწინება

პირადი ცხოვრება თავიდან არ აეწყო დოდოს. იგი ოჯახის რჩევის საწინააღმდეგოდ გათხოვდა და ინანა კიდეც, მეორედ კი უვაჟკაცესი და უძვირფასესი მეგობარი შეხვდა, ჩინებული ინჟინერი და ჩინებული მოქალაქე, ცნობილი ოჯახიშვილი და ცნობილი მოკრივე, დედით აბაშიძე და მამით ბუზოღლი. იგი თენცინგ ნორგეის (ევერესტის პირველდამპყრობის) ახლო მეგობარი იყო. თვითონ ხომ უყვარდა მოგზაურობა და დოდოსაც მთელი მსოფლიო შემოატარა.
* * *
პატარა ამონაწერი ქალბატონი დოდოს მოგონებებიდან:
"გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები...
ერთხელ ლაშიკო (თაბუკაშვილი) მეუბნება: გზაზე ვიდექით ბიჭები. ვხედავ, თქვენ და დედაჩემი (მედეა ჯაფარიძე) მოდიხართ. ჰოდა, კაცები თქვენზე ისეთ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, გასუსული ვიდექი, ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ქვეყნად, ალბათ, არავინ იყო!
მე, ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისაგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ - ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახისადმი: - ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო - სულ მეუბნებოდა და.... ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა, უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და, მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ, რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: "ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ, აქ, მმაჩის ბიუროში კი ამას ერთი თვე სჭირდებაო, უარს გვეუბნებიან. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ ერთი ამბავი ატეხეს - ახლავე მოაწერონ ხელიო... რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ამბის ატეხა მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის #4-მა რომ გაიგო, მთელი სახლი აივანზე გადმომდგარი, ტაშის გრიალით შემეგება.
ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე-დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება.... მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი.
(გაზეთი "თბილისი"~, 2000 წლის 21 დეკემბერი)   

საქართველოს ლამაზებო,
საქართველოს მანანებო!...

როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ მეოცე  საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის  ფოტოპორტრეტი ითხოვა (იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა),  მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: 
- ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) _ დიდებული ევროპაა! 
- ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია! 
- აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო. 
* * *
ზღაპრებში რომ გსმენიათ, სწორედ ასე იყო: ამ ოთხეულის მეგობრობის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თითქმის ერთი თაობისანი იყვნენ, ერთმანეთს ეცილებოდნენ სილამაზეში და ერთმანეთის მაინც არ შურდათ.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მედეა ჯაფარიძისა და დოდო ჭიჭინაძის პირველი შეხვედრა დოდოს აღმზრდელის ოჯახში, წვეულებაზე. 
- მე მაშინ პატარა გოგო ვიყავი, მედეა კი უკვე თეატრის დასში ირიცხებოდა, - იგონებს ქალბატონი დოდო. - ოთახში რომ შემოვიდა, ფარდიდან თავი გამოვყავი და მისმა სილამაზემ თვალები გამიშტერა. თვალებგაფართოებული, დაჟინებულ მზერას ვერ ვაშორებდი მედეას. ეს მანაც იგრძნო, ალბათ, და შემომხედა. ჩემი თვალები რომ დაინახა, ჩვეული გულუბრყვილობით შესძახა: "ღმერთო ჩემო, ეს რამხელა კაკლის მურაბებია!
- რა ვიცოდი, რომ იმ დღიდან მედეა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი გახდებოდა.
თუმცა ქალბატონი დოდოს სამეგობრო წრე უფრო დიდი იყო: დუდუხანა წეროძე, თამილა ლასხიშვილი, მზია მახვილაძე, ლეილა აბაშიძე.
_ ო, ლეილა, ლეილა!.. ის ჩინებული კინომსახიობია, ნამდვილი კინოვარსკვლავი!.. - ამბობს ქალბატონი დოდო. - მეც არაერთ ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ ვთვლი, რომ ძირითადად მაინც თეატრის მსახიობი ვარ. აი, ლეილა კი... იგი 50-60-იანი წლების ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავია. "ქაჯანადან" დაწყებული მან უამრავი სახე შექმნა ეკრანზე... 
- მაგრამ ამ დროს ეკრანი უკვე "დაპყრობილი" ჰქონდათ ქალბატონებს ვერიკოს და სესილიას... - ჩავერთე საუბარში.
- ეს ორი პიროვნება სულ სხვაა, ისინი მხოლოდ კინომსახიობები კი არა, საერთოდ დიდოსტატი არტისტები იყვნენ, რომლებსაც ერთნაირად შეეძლოთ ეკაშკაშათ სცენაზეც და ეკრანზეც. გარდა ამისა, მე მათ ჩემი ბედის მკვერავებად ვთვლი.

"ბედი ისეთი რამ არის..."

ერთნი ამბობენ - საკუთარ ბედს ადამიანი თავად ჭედსო, მეორენი ამტკიცებენ - ბედს შემოქმედი განაგებსო. 
ერთიც სწორია და მეორეც...
ჭიჭინაძეების ოჯახში ვერ წარმოედგინათ, რომ პატარა თამარი (დოდო) ექიმი არ გამოვიდოდა. ექიმობა დოდოსაც იტაცებდა და სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში (მაშინ ასე ხდებოდა). ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ოჯახს და დოდოს სურდათ, მაგრამ ბედმა თავისი ქნა: ახალგაზრდა ქალიშვილის გამორჩეული სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენია რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედას. ერთ მშვენიერ დღეს ვერის ბაზარში მყოფ დოდოს და მის მამიდას, რომელიც ძმიშვილს თითქმის გვერდიდან არ შორდებოდა, ვიღაც ქალბატონი აჩერებს და სთხოვს კინოსტუდიაში წაყოლას, სადაც იმჟამად "დავით გურამიშვილის" გადაღებას აპირებდნენ და ქეთევანის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მამიდამ თავი შორს დაიჭირა, რადგან იცოდა, მისი ძმა სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ რეჟისორებისა და ფილმის დირექტორის დაჟინებულმა თხოვნამ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გასჭრა.
როდესაც გასინჯვაზე მისული დოდო დაინახეს, ფილმის შემქმნელებმა თვალებს არ დაუჯერეს - იგი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ფილმის მხატვრის, თამარ აბაკელიას მიერ კარგა ხნით ადრე შექმნილ ქეთევანის სავარაუდო პორტრეტს. გაკვირვებული დარჩა თავად მხატვარიც.

ნიკოლოზ სანიშვილის მოგონებიდან:  
"მოსკოვში ყოფნისას მსახიობ მიხეილ გელოვანს ვთხოვე, დოდო ეტარებინა მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე და მისთვის სამსახიობო ანბანი ესწავლებინა.
ერთხელ მიშა გელოვანი მოვიდა და მითხრა: მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, სანამ არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო? 
თურმე მოსკოვის სამხატვრო თეატრში ყოფილან... "მესამე რიგში ვსხედვართ და ვუყურებთ წარმოდგენას, - ყვებოდა მიშა, - ჩვენს გვერდით ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი. წარმოდგენის ნაცვლად ეს ოფიცერი მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებისას იხელთა დრო და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილიო. არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ჩემი დისწულია-მეთქი.
- გათხოვილია? - ჩამეძია ოფიცერი.
- არა-მეთქი.
- მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღის შემდეგ ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდიო ამერიკაში..."
....დოდო სამხედრო ატაშეს, რა თქმა უნდა, არ გაჰყვა და გაემგზავრა ლენინგრადში, სადაც "დავით გურამიშვილის" გადაღება დასასრულს უახლოვდებოდა~.
* * *
- ბედმა გამიღიმა - ამბობს ქალბატონი დოდო პირველივე ფილმში პარტნიორად ჩვენი თეატრის დიდოსტატი გიორგი შავგულიძე შემხვდა... უდიდესი ხალასი ნიჭის პატრონი იყო ჟორა!

ერთი ეპიზოდი "დავით გურამიშვილის" გადაღების ისტორიიდან:
მიმდინარეობდა იმ კადრის გადაღება, როცა გურამიშვილს (შავგულიძეს) ქეთევანისთვის (დოდოსთვის) უნდა ეკოცნა. ჟორა დაიხარა კიდეც და ელოდა, რომ დოდო ბაგეს შეაგებებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! დოდოს ჩალურჯებამდე ჰქონდა ტუჩები მოკუმული.
რეჟისორმა შავგულიძეს დაუყვირა შორიდან:
- რა არის, კაცო, ქალისთვის არ გიკოცნია ჯერ?!
- ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არაო - მიუგო შავგულიძემ. 
- საერთოდ, - სიყვარულით იხსენებს დოდო, - ჟორასთვის სულ ასე "ბჟღარტი" ვიყავი, ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, როგორც ქალისთვის.

კინო თუ თეატრი

- მოდით ისევ პირველ როლს დავუბრუნდეთ, - ვთხოვე ქალბატონ დოდოს. 
- გადაღება სანკტ-პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) დაიწყო და ექვს თვეს გაგრძელდა. 
საქმეს დიდი სერიოზულობით მოვეკიდე და, მგონი, როლი "გამომივიდა". ფილმის გადაღებისას, რა თქმა უნდა, სამედიცინო ინსტიტუტში ვერ დავდიოდი და მივხვდი, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდებოდა. ერთი სიტყვით, არჩევანის წინაშე დავდექი - ან ექიმობა, ან მსახიობობა. მგონი, ყველაფერი ქალბატონმა ვერიკო ანჯაფარიძემ გადაწყვიტა მაშინ. - შენი ადგილი თეატრშია, მითხრა მან, - ეს არის შენი მოწოდება. 
მივხვდი რომ სიმართლეს მეუბნებოდა. 
* * *
- ქალბატონო დოდო, საუბრისას თქვენ, ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად, სესილია თაყაიშვილიც ახსენეთ და თქვით - ჩემი ბედის მკვერავები არიანო, მას რაღა ღვაწლი მიუძღვის? - შევაწყვეტინე საუბარი მასპინძელს.
- მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი როლი ივდითი იყო, "ურიელ აკოსტაში". რეპეტიციებზე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, აი, დადგა პრემიერის დღეც. ჩემს მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა. სცენაზე რომ აღმოვჩნდი, ყველაფერი დამავიწყდა. გავშეშდი და სიტყვა ვერ დავძარი - ტექსტი დამავიწყდა. ამ დროს კულისებიდან ნაცნობმა ხმამ რამოდენიმეჯერ გამიმეორა ივდითის ფრაზა: 
"ცხოვრების სიბრძნე... ცხოვრების სიბრძნე მიუწვდომი თილისმა არის.
ეს ჩემი საყვარელი დამრიგებელი და უფროსი კოლეგა სესილია თაყაიშვილი იყო. ტექსტს მკარნახობდა - გადავრჩი... სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, მადლიერებით აღსავსე და თან უზომოდ გაოცებული (სესილია იმ დღეს თეატრში არ უნდა ყოფილიყო), მე მივუახლოვდი ჩემს მხსნელს და ვკითხე:
- ქალბატონო სესილია, თქვენ რა იცოდით, რომ ასე დამემართებოდა-მეთქი. 
იცით რა მიპასუხა? სიტყვა-სიტყვით გეტყვით:
" - შე დურაქო, მე არტისტი ვარ, არტისტი, პარტნოი კი არა..."
ეს "დურაქო" ისე იყო ნათქვამი, რომ ათას "ჭირიმეს" და "გენაცვალეს" სჯობდა.
- უფროს სესილიასაც ხომ არ გაიხსენებთ, სესილია წუწუნავას - ვუკონკრეტებ ქალბატონ დოდოს.
 - ისიც ძალიან დიდი მსახიობი და ჩინებული პიროვნება იყო. მახსოვს, თეატრის დასში რომ მრიცხავდნენ, მომიახლოვდა და მიჩურჩულა:
- შვილო, ძალიან გამახარებ, თუ ერთ საგრიმიოროში ვიქნებითო. 
* * *
ასე დაიწყო დიდი სამსახიობო გზა თეატრსა და კინოში. ერთმანეთს ენაცვლებოდა სულ ახალ-ახალი სახეები: ქეთევანი ("დავით გურამიშვილი"), ივდითი ("ურიელ აკოსტა"), ეთერი ("ბედნიერი შეხვედრა"), მედეა ("მედეა"), თავადის ქალი ნინო ("ბაში-აჩუკი"), მზევინარი ("მოკვეთილი"), ხათუნა ("ჯარისკაცის ქვრივი"), დოდო ("შეწყვეტილი სიმღერა"), ანა ბატონიშვილი ("მეფე ერეკლე"), ლედი ანა ("რიჩარდ III"), ზოია ("ლამაზი მამაკაცი"), თინათინი ("რაიკომის მდივანი") და კიდევ ბევრი სხვა.
- და მაინც! - კინო თუ თეატრი? - მართალია, ასეთი შეკითხვა მსახიობისათვის ახალი არ - არის, მაგრამ ერთხელაც, დასაზუსტებლად მივმართავ ქალბატონ დოდოს.
- თეატრი! - უყოყმანოდ ამბობს იგი - რადგან ეს არის ცოცხალი, უშუალო კონტაქტი მაყურებელთან. თეატრი მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთდამოკიდებულებაა, გარდა ამისა, სცენა  მუდმივი ძიებისა და მიგნების საშუალებაა. კინოში როლს ერთხელ შეასრულებ და ამით მთავრდება, არის სხვა უამრავი ნიუანსიც...
- ექიმობა გსურდათ და მსახიობი გახდით. ასე იოლად როგორ შეელიეთ პირველ მიზანსა თუ მოწოდებას, ან თქვენს თავში ასე უეცრად მსახიობი როგორ აღმოაჩინეთ, არ გაგიჭირდათ?
- ბავშვობა ყვარელში გავატარე, შემდეგ მშობლებმა მე და ჩემი ძმა, რეზო, თბილისში ჩამოგვიყვანეს, სადაც, როგორც უკვე ვთქვი, გერმანელ ბიცოლასთან, ლილი პალთან ვცხოვრობდით. ჩვენი აღზრდა მან ითავა. იგი შესანიშნავი ადამიანი იყო... ზაფხულობით კი ყვარელში ჩავდიოდით. მე უზომოდ მადლობელი ვარ ამ ქალის, სწორედ მან ჩამინერგა საოცარი პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის გრძნობა. იგი სულ მეუბნებოდა, რომ უქმად გატარებული ერთი წუთიც კი უპატიებელი შეცდომაა ადამიანისათვის, რომ შრომა ყველაზე დიდი ნიჭია!
მე შრომამ მაქცია მსახიობად.
- მაგრამ შრომა დიდი ექიმადაც გაქცევდათ.
- შესაძლოა, მაგრამ ბედი ისეთი რამ არის...

ისევ ქალბატონი დოდოს რძლის, ბაბო მიქელაძის ნაამბობიდან:
- დოდოს და ჩემს მეუღლეს ულამაზესი მშობლები ჰყავდათ: ვასილ ჭიჭინაძე და ანა ახვლედიანი. ორივე სპეციალობით ფარმაცევტები იყვნენ და შვილების ექიმობაზე ოცნებობდნენ. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შვილები მშობლების პროფესიულ გზას არ გაჰყვნენ. ჩემი მამამთილი განსაკუთრებით დოდოს არჩევანმა გაანაწყენა. შვილს თურმე კარგა ხანს ხმას არ სცემდა. ვერაფრით ურიგდებოდა მის მსახიობობას. საქმე იქამდეც კი მისულა, რომ მაშინდელი ცკ-ს მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს, დაუბარებია და უთქვამს: - სწორედ დოდოსნაირი ახალგაზრდები ესაჭიროებაო დღევანდელ კინოს - და დოდოს ქება-დიდებას მოჰყოლია.
- მართალია ეს? - ვეკითხები ქალბატონ დოდოს.
- ასე იყო... მამაჩემი დიდხანს არ მცემდა ხმას.
- ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედსა და მომავალს.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მისი წინააღმდეგობა სხვა მოსაზრებასაც ეფუძნებოდა. მამაჩემისათვის წარმოუდგენელი იყო, რომ მისი შვილი მსახიობი, ე.ი. "საეჭვო პროფესიის" ქალი გამხდარიყო. ალბათ, მიმიხვდით, ვაჟი რომ ვყოფილიყავი, ამას უფრო იოლად შეეგუებოდა, თუმცა გაუხარდებოდაო, ვერც ასეთ შემთხვევაში ვიტყოდი. ოჯახური და საგვარეულო ტრადიციისათვის მიუღებელი იყო მსახიობობა. მაშინდელ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ასეთი აზრი ტრიალებდა.

ფესვები

- ...ჩვენ ჩვენივე წარსულიდან მოვდივართ, უხსოვარი წარსულიდან, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გამოიარეს. მამაპაპათა სისხლით ჩვენ არა მარტო ტრადიციები გადმოგვეცა, არამედ გენეტიკური მეხსიერებაც. - ვიწყებ ახალ თემაზე საუბარს - გიფიქრიათ თქვენს მოდგმაზე, ჯიშზე, გვარზე?
ქალბატონი დოდო დუმს, დუმს თანხმობის და კიდევ იმის ნიშნად, რომ ეს არის მისი ცხოვრების "მთავარი თემა".
- მე ქუთაისში დავიბადე, მაგრამ მამა იძულებული შეიქმნა ყვარელში გადასულიყო, ცოტა ხნით თვალს მორიდებოდა, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ გზით დამალვოდა მთავრობას. სწორედ კახეთმა გადაარჩინა იგი.
...ასე მგონია, კახეთში ახლაც ილიას სული ტრიალებს. მე კახელი ვარ! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იმათი სულისა ვარ, ასეა ჩემი ძმაც, ასეთები იყვნენ ჩვენი მშობლებიც.

ერთი "კახური კურიოზის" გახსენება
ერთხელ კახეთში ვართ, "მეფე ერეკლე" გვაქვს საგასტროლოდ წაღებული. მე ანა ბატონიშვილი ვარ, ბესიკი კი - იაშა ტრიპოლსკი. ყველაფერი კარგად მიდის, ჩამთავრდება ერთი სურათი, ჩაქრება სინათლე და იწყება მეორე, უკვე თავიც "მოვიკალი" და ტახტზეც ვწევარ, იაშაც შემორბის და "ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებოო" - დამტირის.... უცებ ვამჩნევ, მაყურებელთა დარბაზიდან ორი პატარა თავი გადმოიწია და გაფაციცებით მაკვირდება ორი წყვილი თვალი. მერე ერთი მათგანი, რვა-ცხრა წლის ბიჭუნა, დარბაზს გაბრწყინებული სახით გასძახის - "სუნთქავს განა?! სუნთქავს!" ატყდა ხარხარი, ტუჩებს სიმწრით ვუყრი თავს, იაშა თავზე მაცხრება და ისიც კვდება, რასაკვირველია, სიცილით... კიდევ კარგი, სინათლე ჩააქრეს.
* * *
_ რაკი საგვარეულო და საოჯახო ტრადიციები ახსენეთ, ჩემი ინფორმაცია მსურს გადავამოწმო. მართალია, რომ ჭიჭინაძეების გვარი წიწინაძეებიდან მოდის და ისინი აზნაურთა წოდებისანი არიან?
- ასეა.
- ისიც მართალია, რომ თქვენი გვარის ხალხი სამეგრელოშიც ცხოვრობს, იმერეთშიც, რაჭაშიც, ქართლშიც და კახეთშიც?
- დიახ, დიახ.
- და კიდევ, ჩემმა ნაცნობმა მი-თხრა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ჭიჭინაძეები თურმე ერთ-ერთი მეწინავენი იყვნენ რუსთავის სადროშოს ლაშქარში. ომის დროს მათ თურმე დროშა ეპყრათ და თანამოძმეებს მიუძღოდნენ...
- აი, ეს კი არ მსმენია, დიდი მადლობა! 

კახეთი... 
საქართველო...
მამული...
მამულიშვილობა....
ეროვნული ღირსებანი 
და ფასეულობანი....
აი, მისი "მთავარი თემა", მისი დაუსრულებელი ფიქრის საგანი და საუბრის დაუშრეტელი წყარო.
ცოტნე, ქეთევანი, თევდორე მღვდელი - აი, მისთვის ეროვნული ცნობიერების უმთავრესი ხატები.
ფარნავაზი, აღმაშენებელი, პატარა კახი - აი, გმირნი და ბუმბერაზნი.
შოთა, ილია, ვაჟა, გურამიშვილი - აი, ელვარე ნიჭი და სიბრძნე ქართული.
* * *
- სირცხვილია ჩვენი დამოკიდებულება სტალინისადმი - ამბობს ქალბატონი დოდო. _ ჩვენმა ოჯახმა რეპრესიების დროს დიდი მსხვერპლი ნახა, მაგრამ სტალინზე მაინც ვერ ვიტყვი აუგს. საბერძნეთი მაკედონელით ამაყობს, რომი - კეისრით, საფრანგეთი - ნაპოლეონით... და ეს იმ დროს, როცა მაკედონელი ბერძენი არ ყოფილა, კეისარი - იტალიელი, ნაპოლეონი - ფრანგი. სტალინი ქართველი იყო - გმირი ბუმბერაზთა შორის, ჯერ კიდევ არავის აუწონია მისი ღვაწლი საქართველოს მიმართ. დრო ყველაფერს ნათელს მოჰფენს... მე ე.წ. "სტალინელი" არ გახლავარ, მე ქართველი ვარ.
უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო (სხვას რომ თავი დავანებოთ, იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებსაც ლევან გოთუამ ლამის მთელი საქართველო ფეხით შემოატარა, ერთ-ერთი მეც ვიყავი), მაგრამ ამასთანავე მტკივა და მრცხვენია მისი დღევანდელი მდგომარეობა. ქართველი კაცის ზნეობა დამყარებულია ეროვნულ ტრადიციებზე და ილიასეულ ტრიადაზე - ენა, მამული, სარწმუნოება. როდესაც ვხედავ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს მამული, ეკლესია და მისი მრევლი, დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო, თითქოს უიმედობა მიპყრობს. ქართული ზნეობა, რომელიც უძვირფასეს ეროვნულ ფასეულობებზეა დამყარებული, აღარ შეგვრჩა. უამრავი მზაკვრული ჩანაფიქრი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ, რომ ქართველ კაცს ღირსება დააკარგვინონ, წაართვან ენა და რწმენა, შეუცვალონ ინტერესთა სფერო და სასოწარკვეთის გრძნობა დაეუფლოს, მაგრამ მე, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, მომავალს მაინც იმედიანი თვალით ვუყურებ. ქვეყანა, რომელსაც აქვს ასეთი კულტურა და ეროვნული ფასეულობები, არ შეიძლება არ გადარჩეს! არა, მე თქვენ გეკითხებით: 
ჩვენი ანბანის, "მრავალჟამიერის" და "ვეფხისა და მოყმის" შემქმნელმა ხალხმა, შეიძლება თავმოყვარეობა დაკარგოს?
* * *
იმას, რასაც ქალბატონი დოდო ამბობს, არცთუ იშვიათად გაიგებ დღევანდელ საქართველოში, მაგრამ როცა ამ ფრაზებს სხვები ამბობენ, ხშირად გრჩება შთაბეჭდილება, რომ დაზეპირებული კონსპექტით გესაუბრებიან. მისი საუბარი კი სხვაგვარია, წინადადებებსა და სიტყვებს შორის დიდი პაუზებია, მრავალწერტილებია, ეს კი უდიდესი ფიქრისა და განსჯის მაუწყებელ-მანიშნებელია, რომელიც ამ დასკვნას წინ უსწრებს. თვით ეს პაუზებიც ისე მღელვარეა, როგორც მისი საუბარი, ხოლო ვითომდაც იოლი დასკვნა ურთულეს ფიქრთა გამარტივებული ფორმაა.
რა საოცარია! მართლაც, ქალბატონ დოდოს, როცა საუბარი სამშობლოს შეეხება, ხმა უთრთის და თითებით თითქოს რაღაცას დაეძებს ნერვიულად მაგიდაზე, თვალებში სიამაყის ის ცეცხლი უელავს, ქეთევან წამებულის ჯიშს და მოდგმას რომ ეკადრება.
უბრალო დამთხვევაა, თუ ფიქრს მიმიხვდა?
- ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ქეთევან დედოფლის გაცოცხლება იყო სცენაზე - ამბობს იგი და ხმას სევდა უბზარავს.

სიკეთე

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს სიკეთის უანგაროდ, უჩუმრად ჩამდენ ადამიანს, უცნაურს უწოდებენ რატომღაც. ამიტომ, როდესაც ერთმა ნაცნობმა მითხრა ქალბატონი დოდო უცნაური ქალიაო, იმავე წამს მივხვდი, რაც ჰქონდა მხედველობაში. პიროვნება, რომელიც ქალბატონი დოდოს უცნაურობაზე მესაუბრებოდა მისი ახლობელია და ბევრი ასეთი რამ იცის დოდოს შესახებ. მისი ნაამბობიდან ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებდი.
ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში მაღალი "ინსტანციიდან" დარეკეს და დაიბარეს: ქალბატონი დოდო სასწრაფოდ გამოცხადდეს "სოფლტექნიკის" საწყობში და კუთვნილი ტრაქტორი წაიღოსო. თავდაპირველად ვერავინ მიხვდა, რაში სჭირდებოდა დოდოს ტრაქტორი, ერთხანს ისიც იფიქრეს, ვიღაც გვეხუმრაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სვანეთის ერთ-ერთი კოლმეურნეობის თავკაცს დოდოსთან დაეჩივლა: სოფელში ტრაქტორი გვჭირდება ჰაერივით, მაგრამ ჩემით ვერაფერს გავხდიო. ჰოდა, დოდოსაც საქმე გამოუჩნდა და, სადაც ჯერ არს, იქ მივიდა. 
უმშვენიერეს და სახელოვან ქალბატონს ტრაქტორს ვინ დაუკავებდა?!
მეორე ფაქტი თავად ქალბატონი დოდოს მიერ არის ნაამბობი და მისთვის ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი:
_ ახლა მთავრობა რაღაც სარჩოს მაძლევს ჰუმანიტარული დახმარების სახით... - ამბობს ქალბატონი დოდო, - ღმერთო ჩემო, - საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის გამოსაკვები გავხდი. სასირცხვილო ამბავია, სასირცხვილო! 
- ქალბატონი დოდო დუმს, კოპებს იყრის და უეცრად მისი სახე მახსენდება "ბაში-აჩუკიდან" და "ცისკარადან" - მაცდურის წინაშე ამაყიც, მომხიბლავიც და საავდროდ გამზადებულიც.
მასპინძელი ჩვეული მოძრაობით ამაგრებს სიგარეტს მუნდშტუკში, ცეცხლს უკიდებს და კვლავ იმეორებს სიტყვებს:
- ვაი, სირცხვილო!... იცი, მე დავთანხმდი ამ ჰუმანიტარულ დახმარებას, ამ ერთ ლიტრ ზეთს, მაკარონს, წიწიბურას... დავთანხმდი იმიტომ, რომ ერთ გაჭირვებულ მრავალშვილიან დედას ვაძლევ.
* * *
სხვისი მადლიც ბევრი ახსოვს ქალბატონ დოდოს, მაგრამ განსაკუთრებით ერთი შემთხვევა აგონდება:
- კარგა ხნის წინათ, საავტომობილო შემთხვევის გამო ერთ-ერთ საავადმყოფოში უგონოდ მიმიყვანეს, მანამდე ვერ მოვიხედე, სანამდე ნაცნობი სიმღერა არ ჩამესმა. ძალა მოვიკრიბე, ჯერ ყურთასმენა დავძაბე, შემდეგ თვალი გავახილე. საწოლთან ცინუკი დადიანი მეჯდა და მეგრულ სიმღერებს მიგალობდა. თურმე მთელი ღამე ასე გაეტარებინა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისმა სიმღერებმა გადამარჩინა. ო, რა ძალა და მშვენიერება იყო იმ ტკბილ ხმაში, თითქოს ზღვა მიმღეროდა.

წარსულში დაბრუნების საიდუმლო
რამდენ ხანს ვისხედით სამზარეულოში, ვერ გავარკვიე, მაგრამ სტუმრობა რომ გამიგრძელდა უდავო იყო. 
- ეგებ პირადი არქივიდან რამოდენიმე სურათი მომცეთ? - ვთხოვე მასპინძელს და წამოვდექი. - მალავე დაგიბრუნებთ.
ქალბატონი დოდო წინ გამიძღვა, ჯერ საძინებელი ოთახი გავიარეთ, იქიდან ცივ დერეფანში გავედით და კედელში მთელ სიმაღლეზე დატანებულ კარს მივადექით. კარს, ცხრაკლიტულს რომ შეეფერება, ისეთი ბოქლომი ედო. სანამ ქალბატონი დოდო ბოქლომს გასაღებს მოარგებდა, არ ვიცი, რამ გამაბედინა, მაგრამ ერთი მტკივნეული შეკითხვით მაინც მივმართე:
- თეატრიდან როგორ წამოხვედით, ძალიან გაგიჭირდებოდათ, ალბათ?
მასპინძელს არაფერი უპასუხია, როგორც იქნა მღელვარე თითებით გასაღები გადაატრიალა და კარი გააღო...
- რა ვქნა, ძვირფასო, ხომ ხედავ რა დღეში ვარ, ავარიული ბინაა, როდის დამემხობა თავზე არ ვიცი. - მაფხიზლებს ქალბატონი დოდოს  ხმა და მეც ვცდილობ ოთახში არსებულ ნივთებზე გადავიტანო ყურადღება.
* * *
"...ფიე, დრო ყოფილა, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები." - უთქვამს პოეტს... აი, ამ ოთახშიც, ყოფილა დრო, საქართველოს ულამაზესი ქალბატონები მსხდარან ერთმანეთის გვერდით: თამარ ციციშვილი, მარიკა და თამარ იშხნელები, ნატო და ანა ვაჩნაძეები, ცინუკი და ნელი დადიანები, თამარ აგიაშვილი, კლეოპატრა ჯაში (სულ თავადის ქალები და მასპინძელი დოდო ჭიჭინაძე).
ასეთი შეხვედრები ყველაზე უფრო შთამბეჭდავი მაშინ იყო, როცა ისინი მოსკოვიდან კნეინა ვახვახიშვილის ჩამოსვლის დროს იმართებოდა.
მასპინძელი, რომელსაც საუბრისას გავუშინაურდი, უეცრად თითქოს დამცილდა და უხილავი საფეხურებით შარავანდედიან წარსულში შებრუნდა.
დიდი ოთახის კედლიდან მისი ძველი პორტრეტი მიმზერდა, ცეცხლოვანი თვალები აუწერელ სილამაზეს მაფრქვევდა. 
... ღმერთო, საიდან მოდის ეს სილამაზე. თანაც ასე ნაცნობი და მშობლიური, იმავდროულად თბილიც და მიუკარებაც, მწველიც და მომნუსხველიც.
უზარმაზარი სასტუმრო ოთახი.
ჭერამდე აზიდული ძველებური, ძვირფასი კარადა. მასიური, ძველებური მაგიდა და სკამები. შავი როიალი, სხვაც ბევრი ამგვარი.
მუხის პარკეტი ისე ამობურცულა, რომ ტალღებივით გადადის, ჭერიდან იატაკამდე კედელს ვეება ბზარები დაჰყვება.
ცივა...
ალბათ, რა ბედნიერი ბრძანდებით, ქალბატონო დოდო, რომ წარსულში დაბრუნების საიდუმლო იცით, თანაც როგორ წარსულში! მეც რომ ვიცოდე ეს საიდუმლო, რა სიამოვნებით გამოგყვებოდით იმ წარსულში! - ვფიქრობ და კიბეზე ვეშვები.
- შემომიარე ხოლმე - მესმის მასპინძლის ხმა კიბის თავიდან.
სადარბაზო კარს დიდი გაჭირვებით ვაღებ და ქუჩაში გამოვდივარ...
- ცაზე სავსე მთვარეა...
ღმერთო ჩემო! საიდან მოდის ეს სილამაზე?!

მოგონებები უფროს მეგობრებსა და კოლეგებზე

გიორგი შავგულიძე

ნაზიმ ჰიქმეთის პიესაში "ლეგენდა სიყვარულზე" მე შირინს ვთამაშობდი, გიორგი შავგულიძე კი ფერჰადს. მე ზევით ვიდექი ხოლმე, საიდანაც უნდა დამენახა ფერჰადი, მასაც უნდა დავენახე და უნდა გაგვეთამაშებინა ერთი ნახვით შეყვარების სცენა. იგი აღტაცების ნიშნად მესროდა ვაშლს, მე კი ეს ვაშლი უნდა დამეჭირა ხელით. პირველ სპექტაკლებში ყველაფერი ზუსტად ხდებოდა, მაგრამ ერთხელ შემთხვევით ვაშლი თავის კაზმულობაზე მომხვდა და გვირგვინი გადამაძრო. მე კინაღამ ბრინჯივით დავიბენი.
- არასდროს არ უნდა დაიბნე, უნდა გაითამაშო, ვითომ ეს ასე უნდა მომხდარიყო - დამარიგა კულისებში ჟორამ.
შემდეგ სპექტაკლში პირდაპირ თავში დამიმიზნა და კიდევ გადამაძრო თავსამკაული. ერთხელ კინაღამ გადმოვვარდი ხიდურიდან, მაგრამ ამჯერად აღარც მე დავიბენი, ჩემი სამკაული გადავუგდე და ჟორას ქებაც დავიმსახურე.
* * *
მახსოვს, პეტრბურგში, ერმიტაჟში გადაღებები გვქონდა, საშინლად ციოდა, აპრილის შუა რიცხვები იქნებოდა. მზემ რომ გამოიხედა, ჩვენც შესვენებაზე გავედით ნევის სანაპიროზე. მსახიობმა ა.კუნევსკაიამ (იგი ელიზავეტა პეტროვნას როლს თამაშობდა, უზომოდ იყო შეყვარებული ჟორაზე და სულ ეპრანჭებოდა) უცბად წამოიძახა: აი, ის იქნება ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. სიტყვის თქმა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ შავგულიძე ნევაში აღმოჩნდა. ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ ტყუილად! - რიონისპირელმა ჭაბუკმა ნევასაც აჯობა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა.

სესილია თაყაიშვილი

ერთხელ მოსკოვში ვიყავით გასტროლებზე. თავისუფალი დღე გვქონდა.
- დოდოშკა, შენ მოსკოვი კარგად იცი, გამომყევი, ბავშვებისათვის რაღაცეები მინდა ვიყიდო - მითხრა ქალბატონმა სესილიამ.
გორკის ქუჩაზე ინგლისელები თუ ამერიკელები აგვედევნენ, სადაც შევედით, ყველგან შემოგვყვნენ. მათ თარჯიმანიც ახლდათ. ქალბატონმა სესილიამ მითხრა - არ გაბედო, რუსულად არ დაელაპარაკოო. მივხვდი, მათი გათამაშება მოინდომა. ერთ-ერთ მაღაზიაში თარჯიმანი აიძულეს, ეკითხა ჩვენთვის, თუ ვინ ვართ. ჩვენ, რასაკვირველია, გაოცებულები შევყურებდით, ვითომ არაფერი გვესმოდა, მათ კი ძალიან უნდოდათ ამოეცნოთ, თუ ვინ ვიყავით. "ესპანიოლ"? "ფრენჩ"? "დოიჩ"? - გვეკითხებოდნენ. ჩვენ უფრო დავაჭყიტეთ თვალები. რომ ვერაფერი გაგვაგებინეს, ერთმა მათგანმა ჩაიქნია ხელი და წავიდნენ. ალბათ, იფიქრეს, ვინ არიან ეს უპატრონოები, რომ არცერთ ენაზე არაფერი ესმითო - თქვა სესილიამ სიცილით.
სასტუმროში რომ დავბრუნდით, ქალბატონი ვერიკო გვეკითხება - სად დაიკარგეთ, მე შენ გეტყვი, დიდი ფულიანი ხალხი ხართ, რას ყიდულობდით ამდენსო?
სესილიამ საოცარი პოზა მიიღო და უპასუხა:
- გადავრიე მთელი მოსკოვი, უცხოელებიც და აქაურებიც უკან  მომდევდნენ - ვინ არის ეს "რიჟა კრასავიცაო"?!
* * *
სრულიად ახალგაზრდა სესილია და ვასო გოძიაშვილი შეუღლებულან. გენიალურ მსახიობებს შეეძინათ ვაჟი დავით გოძიაშვილი. მან სპეციალობად გეოლოგობა აირჩია და არა მსახიობობა. მსახიობების შვილებს თეატრი ანდამატივით იზიდავს, მაგრამ დათომ თავს "უშველა", არ გაება თეატრის სიყვარულის მახეში. ასე იყო თუ ისე, ოჯახი დაიშალა და სრულიად ახალგაზრდა ქალი პატარა ბიჭით მარტო დარჩა. დაიწყო მატერიალური თვალსაზრისით მძიმე, მაგრამ შემოქმედებითად საინტერესო ცხოვრება ქალისა, რომელიც იყო არა მარტო დიდი მსახიობი, არამედ თავდადებული დედაც. ბატონმა ვასომ და ქალბატონმა სესილიამ კარგად იცოდნენ ერთმანეთის ფასი და უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთის ნიჭს, მაგრამ, სავალალოდ, ერთად ცხოვრება არ გამოუვიდათ. მსახიობები ცოტა ჯიუტები ვართ და ორი საოცრად დიდი მსახიობი ერთად ძნელად შესათავსებელია. ასე მიდიოდა ქალბატონი სესილიას ცხოვრება - ეკონომიკურად დუხჭირი, შემოქმედებითად კი თეატრალური გამარჯვებებით აღსავსე. მოუსვენარი, მშფოთვარე, დიდი ენერგიით დამუხტული სულ ახლის ძიებაში იყო - რა კარგი როლიც უნდა მიეღო, უკმაყოფილოდ იტყოდა: `რა არის ეს, ვერაფერი გავიგე, აქ არაფერია სათამაშო!
...მართალიც იყო - იგი არასოდეს თამაშობდა, იგი ცხოვრობდა.

ვასო გოძიაშვილი

რაჭაში მივდიოდით, მახსოვს, ჟენიამ მე ჩამაბარა ვასო, ყურადღება მიაქციეო (ვასო უკვე მოხუცი იყო საკმაოდ) ვაგონში, როგორც იყო, დავაწვინე, ფერხთ გავხადე და მე ზემოთა თაროზე ავედი დასაწოლად.
წევს ვასო და ოხრავს, ოხრავს და რაღაცის თქმას აპირებს...
- მოხდა რამე, ბატონო ვასო? - ვეკითხები.
- ეჰ, დროება შეიცვალა - ადრე ქალები ქვემოთ იყვნენ, მე ზემოთ - ისევ ამოიოხრა ბატონმა ვასომ.

ლევან გოთუა

ბატონი ლევანის პიესები - "უძლეველნი",  "დავით აღმაშენებელი",  "მეფე ერეკლე" წლების მანძილზე იდგმებოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ბატონი ვახტანგ ტაბლიაშვილის რეჟისორობით შექმნილ ამ სპექტაკლებს უდიდესი წარმატება ჰქონდა. თორმეტი წელი ვთამაშობდი ანა ბატონიშვილს "მეფე ერეკლეში" და არ მახსოვს, ანშლაგი არ ყოფილიყო. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები.
როდესაც სპექტაკლზე ბატონი ლევანი გვესწრებოდა - მისი ისეთი დიდი რიდი გვქონდა, რომ ყველანი ძლიერ ვღელავდით. პრემიერის შემდეგ ბატონმა ლევანმა თავისი წიგნი მაჩუქა ავტოგრაფით - "ქართული სცენის ვარსკვლავს, მზეთუნახავ დოდო ჭიჭინაძეს, მადლიერებით - ლევან გოთუა". ამ წიგნს სათუთად ვინახავ.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ ამ დიდებული ქართველის ბედზე, რომელმაც ამდენი საშინელი ტანჯვა გამოიარა და ბოლომდე დარჩა სუფთა, ამაღლებული სულის ადამიანად. ახლაც მახსოვს მისი კეთილი ღიმილი... გასაოცარია, იმ ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულ, უკვე არც ისე ახალგაზრდა კაცს, როგორღა შემორჩა ისეთი ჭაბუკური შემართება - შეექმნა ლამაზი ოჯახი და მთელი ენერგიით განეგრძო ერის სამსახური!

...ჩემო ძვირფასო ქართველებო! ნუთუ ასეთი დიდი პიროვნება და ერისშვილი იქ არ უნდა განისვენებდეს, სადაც მისი ადგილია?

ფრაგმენტები ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინტერვიუდან

"დოდო ჭიჭინაძის დიდი საიდუმლო"

- ქალბატონო დოდო, იქნებ თქვენს ოჯახზე გვესაუბრა?
- ჩემი მამამთილი - მიხეილ ბუზოღლი - უნიჭიერესი ადამიანი იყო. მან გაიყვანა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი. ნობელთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული (მაშინ ბაქოს ნავთობი ნობელებს ეკუთვნოდათ), რომლის თანახმადაც ნავთობსადენის მშენებლობაში ჩემს მამამთილს მილიონნახევარი დოლარი უნდა მიეღო. ეს საბუთები ახლაც შენახული მაქვს. როდესაც ჩემს მამამთილს ჰკითხეს, ეს ფული ვოლგა-კამსკის ბანკში გადაგირიცხოთო თუ შვეიცარიაშიო, მიხეილმა ვოლგა-კამსკი ირჩია, ახლოს არისო. ეს იყო 1916 წლის ბოლოს და მალე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. საცოდავი კაცი სიკვდილამდე რევოლუციას და კომუნისტებს ლანძღავდა.
- თქვენი მეუღლის გარდა, სხვა შვილებიც ჰყავდა?
- სამი ვაჟი ჰყავდა. მესამე - კომპოზიტორი, ოთარ გორდელი - ჩემი დედამთილის, ნადია (ნადეჟდა) აბაშიძის იყო. ზაქარია ფალიაშვილისგან შეძენილი, ასე ამბობენ.
- და ეს თქვენმა მამამთილმა იცოდა?
- არა, ეს გვიან მოხდა, არ მსურს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ დროს ცოლქმარს არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ.
- სურვილი აღარ გქონდათ, რომ ის ფული მოგეკითხათ?
- ვოლგა-კამსკის ბანკში?! (იცინის). მიწებიც კი ჰქონდა თურქეთში, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა არ ღირს. ფულზე ხომ ოცნებაც არ შეიძლება. იცით, რას ვოცნებობ, იმ ფულით რას გავაკეთებდი? ავაშენებდი ერთ ლამაზ სახლს დიდი ეზოთი და ავიყვანდი ორმოც ბიჭს და ორმოც გოგოს (უპატრონოებს), მივუჩენდი საუკეთესო პედაგოგებს... გავზრდიდი... ეჰ, "პლანები" მაქვს შესანიშნავი.
- თქვენს მაზლებს თუ დარჩათ მემკვიდრეები?
- არა.
- ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, ძალიან გთხოვთ, თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ. ვიცი, რომ თქვენ და თქვენს მეუღლეს ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი. ნუთუ მას თქვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია უშვილობის გამო?
- მას იმ ასაკში გავყევი, რომ ასეთი პრეტენზიები აღარ ჰქონდა (ორმოც წელს ვიყავი გადაცილებული)... და ესეც რომ არა, შვილი უკვე ჰყავდა, ბიჭი.
ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ვაჟკაცი იყო, სპორტსმენი, მოკრივე. ახალგაზრდობაში ქალები უყვარდა ძალიან. ის ქალიც - "ნემკა ევრეიკა" - სპორტსმენი იყო, მასზე დაოჯახება კი არასოდეს უფიქრია. მაგრამ იცით რა? შვილი შენია? მიეცი გვარი!
- გვარს არ აძლევდა?
- მისცა. იმიტომ, რომ სირცხვილია, არ შეიძლება....
ქალბატონ დოდოს სახე დაუნაღვლიანდა, მოგონებებმა სადღაც შორს, წარსულში გაიტაცა. მე კი მჯერა, ის არ გამაწბილებს, ცნობისმოყვარეობით მოწამლულს საშველს დამაყენებს და თავის სანუკვარ საიდუმლოსაც გამანდობს. თან ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ ჭეშმარიტი ადამიანის თვალშეუდგამ კვარცხლბეკზე კვლავ ამაყად თავაწეული დარჩება.

(ირმა ვარსიმაშვილის ინტერვიუდან, 
ჟურნალი "პირველი სტერეო", 
2003 წელი, #14)

Комментариев нет:

Отправить комментарий