ვივიენ ლი

(ერთი მსახიობის ბიოგრაფია #7)

ვივიენ ლი 

(1913 - 1967 წწ)
მსოფლიო კინოსა და თეატრის ერთ-ერთი განუმეორებელი მოვლენა, მან არცთუ ისე ხანგრძლივი კარიერის მანძილზე შექმნა ისეთი სცენიური, და განსაკუთრებით ეკრანული, სახეები, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შევიდა.

(გამოსაცემად მოამზადა 
ალექსანდრე ელერდაშვილმა, 2004 წ)







Vivien Leigh
(ნამდვილი სახელი და გვარი ვივიან მერი ჰარტლი)
დაიბადა 1913 წლის 5 ნოემბერს, ინდოეთის ქალაქ დარჯლინგში,
გარდაიცვალა 1967 წლის 7 ივლისს, ლონდონში


მამა - ერნესტ ჰარტლი, დაიბადა 1883 წელს 
დედა - გერტრუდა იაქჯი-ჰარტლი, დაიბადა 1888 წელს
პირველი ქმარი - ჰერბერტ ლი ჰოლმანი, დაიბადა 1900 წელს
ქალიშვილი - სუზანა ჰოლმანი, დაიბადა 1933 წელს
მეორე ქმარი - ლოურენს ოლივიე, მსახიობი, დაიბადა 1907 წელს

მაშინ, როდესაც ვივიენ ლის პარიზში გადაღებები ჰქონდა, ლოურენს ოლივიეს ბუკინგემის სასახლეში რაინდის ტიტულს ანიჭებდნენ. ეს ფაქტი ოლივიემ ტელეფონით აცნობა მეუღლეს, ამ უკანასკნელმა მიულოცა ქმარს, თუმცა იქვე დასძინა - არასოდეს მიწოდოო "ლედი ოლივიე"! - და ამის მიზეზი არ იყო მხოლოდ ის, რომ მისმა თანამეცხედრემ ოფელიას როლზე სხვა ქალი მიიწვია.
* * *
1967 წლის 8 ივლისს ლონდონის ყველა თეატრში წუთიერი დუმილი გამეფდა, ყველა თეატრში წუთიერად ჩაქრა რამპა და ყველამ თავი დახარა ვივიენ ლის ხსოვნის წინაშე...

ცოტა თუ მოიძებნება ისეთი მსახიობი, რომლის ბიოგრაფია იმდენ შემთხვევითობას, გაუთვალისწინებელ ცხოვრებისეულ ქარტეხილებს და უახლოეს ნათესავთაგან გაწეულ წინააღმდეგობას იტევს, რაც გენიალური ინგლისელი მსახიობის ვივიენ ლის ხანმოკლე წუთისოფელში მოხდა...
მივყვეთ მისი ცხოვრების დინებას. XX საუკუნის დასაწყისის ინდოეთიდან.

ვივიან მერი ჰარტლი (Vivian Mary Hartley) 1913 წლის 5 ნოემბერს, ოთხშაბათ საღამოს, ინდოეთის ქალაქ დარჯლინგში საკუთარი მშობლების სახლში დაიბადა. ვივიენის მამა ერნესტ ჰარტლი, იორქშირის საგრაფოში დაბადებული კაცი, 22 წლის ასაკში თავგადასავლების და კარიერის საძებნელად ინდოეთში ჩავიდა, ათას საქმეს და ხელობას მიჰყო ხელი, ერთხანს ქალაქ კალკუტის დრამატულ თეატრშიც თამაშობდა და საბოლოოდ ბირჟის მაკლერობით ირჩენდა თავს. იგი გამოუსწორებელი დონ ჟუანი გახლდათ, რის გამოც საოჯახო ცხოვრების დაწყებისთანავე კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა მეტისმეტი ზნეობითა და რელიგიურობით გამორჩეულ გერტრუდა იაქჯისთან თანაცხოვრებისას.
გერტრუდა იაქჯი-ჰარტლი ინდოეთში დაბადებული და აღზრდილი ქალი გახლდათ, მის ძარღვებში, მამის მხრივ, ირლანდიური სისხლი ჩქეფდა, დედა კი სომეხი ემიგრანტების შთამომავალი ჰყოლია და, როგორც ვივიენის ბიოგრაფები ამბობენ, სწორედ გერტრუდასაგან ნაბოძებმა "აღმოსავლურმა გენმა" გახადა (მომავალი) ვივიენ ლის მზერა ასეთი შეუცნობი და იმავდროულად ვნებიანი.
ერნესტმა და გერტრუდამ ერთმანეთი 1911 წელს გაიცნეს. ინგლისელ ავანტურისტს ნახვისთანავე შეჰყვარებია ქალი, რომელიც არანაკლებ მშვენიერი ყოფილა, ვიდრე მისი სახელგანთქმული შვილი. ერნესტიც თვალში მოსახვედრი კაცი იყო, თუმცა მან, შესაძლოა, უფრო იმით მოხიბლა მომავალი მეუღლე, რომ სამშობლოში, თავად ლონდონში, წაყვანას შეჰპირდა და აუსრულა კიდეც ეს ნატვრა გერტრუდას. სწორედ ლონდონში, 1912 წელს დაიწერეს მათ ჯვარი, მაგრამ მალევე მოუხდათ ინდოეთში დაბრუნება, რადგან ინდოეთის საქმეებში გაქექილი ერნესტ ჰარტლი საარსებო საშუალებას სწორედ (და მხოლოდ) იმ ქვეყანაში შოულობდა. იქვე იყო მისი "რომანტიული თავგადასავლების" ფართო ასპარეზიც...
ვივიან მერი ექვსი წლის ასაკამდე ინდოეთში ცხოვრობდა და იზრდებოდა. ამ მცირე ხანში მან წერა-კითხვის (უფრო სწორად კითხვის) ათვისება მოასწრო და, რა თქმა უნდა, პირველად იმ მწერლების (კეროლი, კიპლინგი, ანდერსენი) წიგნებთან განმარტოვდა, რომლებიც ინგლისურენოვანი სამყაროს საანბანო ავტორები არიან; 1920 წელს კი ვივიანი თავადაც ეწვია სამშობლოს, ინგლისს, თუმცა, როგორც ვარაუდობდნენ, მცირე ხნით, მაგრამ მისი ცხოვრების პირველი გაუთვალისწინებელი რამ სწორედ ლონდონში მოხდა - მოღალატე ქმრის თავგადასავლებით შეწუხებულმა გერტრუდამ ერნესტის დასჯა მოიწადინა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მისი ერთადერთი, ჯერ მხოლოდ შვიდი წლის გოგონა, მამას მოაშორა და რვა წლით მონასტერში გამოამწყვდია... ეს მართლაც სასჯელი იყო მამისთვისაც და შვილისთვისაც, დედამ კი თავისი აღმზრდელობით-რელიგიური ვალის აღსრულება კმაყოფილებით გაიაზრა.
* * *
კინოს მომავალი ლეგენდის ბედ-იღბალი, ალბათ, ამ მონასტერმაც განსაზღვრა, რადგან მისი მესვეურები მკაცრად ასრულებდნენ მშობელი დედის მითითებას და, გოგონას ისტერიული ტირილის და კატეგორიული მოთხოვნების მიუხედავად, მამასთან შეხვედრის ნებას არ აძლევდნენ, მით უმეტეს ზედმეტი იყო ინდოეთში დაბრუნებაზე ლაპარაკი, სადაც პატარა ვივიან მერი ჰარტლის თავისი საყვარელი სპილოები ელოდნენ თურმე.
ვივიენ ლის ბედ-იღბალი, შესაძლოა, იმანაც განსაზღვრა, რომ ამ მონასტერში ყოველ წელს სამოყვარულო სპექტაკლებს დგამდნენ (?!), სადაც მშვენიერი "ინდოელი გოგონაც" ასრულებდა პატარა როლებს. რომ არა ეს სპექტაკლები, მონასტრიდან საბოლოოდ გათავისუფლებული, უკვე საკუთარი ბედის გამგებელი ყმაწვილი ქალი, ალბათ, არასოდეს განაგრძობდა სწავლას დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. ამ სასწავლებელმა ვივიან ჰარტლის მისცა იმის საშუალება, რომ თავისუფლება სრული სიამით შეეგრძნო და მანაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ერთი მიზანი დაისახა:
"დედამ მე ბავშვობა და ოჯახი წამართვა და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა ავინაზღაურო!"
გარდა ხელოვნებისადმი სიყვარულისა, ნისლიანი და ნესტიანი ინგლისის მონასტერმა თბილ ინდოეთში დაბადებულ-გაზრდილი გოგონა კიდევ ერთი "წყალობით" დაასაჩუქრა - მას აქ სამუდამოდ დაუავადდა ფილტვები, რის მკურნალობასაც შეეწირა მთელი მისი ცხოვრებაც და სიცოცხლეც.
* * *
სამეფო აკადემიაში ვივიან მერი ჰარტლი 17 წლის ასაკში ჩაირიცხა, მანამდე კი ორი წლის განმავლობაში, მონასტერში მიღებული განათლების კვალობაზე, ჯერ იტალიის ქალაქ სან-რემოში და შემდეგ პარიზში მოწყალების დის სტატუსით იყო მივლინებული. უნდა ითქვას, რომ ყმაწვილქალს განათლებას მართლაც ვერავინ დაუწუნებდა; ეს მონასტრის დამსახურებაც იყო და მისი პირადი მცდელობის შედეგიც, რასაც, რა თქმა უნდა, ბუნებაც უწყობდა ხელს, ყოველივე ამან კი შედეგად ის გამოიღო, რომ ქალიშვილობაში გადამდგარი ვივიანი თავისუფლად ლაპარაკობდა სამ ენაზე - ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად - და ამ ენებზე არსებულ დიდ ლიტერატურასაც შესანიშნავად იცნობდა. ასეთ ინტელექტუალურ წარჩინებულობას კი ერთვოდა ის ფანტასტიური მშვენიერება, რაშიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველა ღირსება ერთად იყო თავმოყრილი და რაც, რაღა თქმა უნდა, მის ირგვლივ თაყვანისმცემელთა მთელ არმიას ქმნიდა. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, არც თავად იყო იმის უარმყოფელი, რომ ცხოვრების ყველა სიამე, და პირველ რიგში სიყვარული, რაც შეიძლება სწრაფად განეცადა...
1932 წელს....
ვივიან მერი ჰარტლი აკადემიის თანაჯგუფელებთან ერთად ლონდონში სეირნობისას მხედრების ჯგუფს გადაეყარა. ერთი ამ მხედართაგანი გოგონებს მიუახლოვდა და ვივიანის მეგობარ ქალიშვილს მიესალმა. ვივიანი შეუცნობი შურით აღივსო.
- ვინ არის? - ჰკითხა მან მეგობარს.
- ჰერბერტ ლი ჰოლმანი - უპასუხა ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე მეგობარმა - ხომ კარგი ბიჭია?
- ეს ნამდვილი ინგლისელია! მე მისი ცოლი გავხდები! - სრული პასუხისმგებლობით დაასკვნა ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელმა ვივიანმა.
- კი მაგრამ.... ის ჩემი საქმროა?!
- მე ეს არ მაინტერესებს - თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა "მოშურნემ" - ის ჯერ არ მიცნობს მე!
* * *
...ასეც მოხდა! - ექვსი თვის შემდეგ ჰერბერტ ლი ჰოლმანმა და ვივიან მერი ჰარტლიმ იქორწინეს.
...ზუსტად ორი წლის შემდეგ კი სხვა რამ მოხდა! - უკვე ვივიენ ლიმ (ლი ჰერბერტ ჰოლმანის "ჩანართი სახელია", ვივიანი ვივიენად კი ერთი რეჟისორის დაჟინების გამო გარდაიქმნა) ლონდონის სამეფო თეატრის სცენაზე იხილა 27 წლის ამომავალი ვარსკვლავი ინგლისური სცენისა ლოურენს ოლივიე და თანმხლებ მეგობარს ჩასჩურჩულა:
- აი, კაცი, რომლის ცოლობასაც ვნატრობ!
...ამ სურვილის ასრულებას კი მთელი ექვსი წელი მოანდომა ვივიენ ლიმ.
...ამ სურვილმა მას საკუთარი ბიოგრაფია წაართვა და ლოურენს ოლივიეს ცხოვრების შემადგენელ ნაწილად აქცია.
* * *
ახლა ძნელია იმის თქმა, უყვარდა თუ არა ვივიენს ქმარი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ განშორების შემდეგაც არ წყვეტდა მასთან მეგობრულ ურთიერთობას. ცნობილია ისიც, რომ ჰოლმანი მეტად მკაცრი მეუღლე გახლდათ, ვივიენს ზედმეტად სახლიდან გასვლის ნებას არ რთავდა, ქალიშვილის შეძენის შემდეგ კი საერთოდ მიატოვებინა აკადემიაში სწავლა, თუმცა მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე ვივიენმა მაინც მოახერხა ჟანა დ’არკის როლი ეთამაშა ბერნარდ შოუს პიესაში.
...მშობიარობა ძალზე მძიმე აღმოჩნდა, ბავშვი ერთი თვით ადრე დაიბადა და ვივიენს სამი კვირის განმავლობაში მოუხდა საავადმყოფოში ყოფნა.
- ბავშვს აღარასოდეს გავაჩენ! - განუცხადა ვივიენმა ახლობლებს - ეს საშინელი რამ არის!
ასე გაცხადდა ყველასათვის საბოლოოდ და ერთმნიშვნელოვნად, რომ ვივიენი ოჯახური ცხოვრებისათვის არ იყო მოვლენილი ქვეყნად.... მისი  ცხოვრების სანუკვარი ოცნება სცენა გახლდათ!
ჰოლმანი, როგორც ნამდვილი ინგლისელი, ცოლისაგან პედანტურ მორჩილებას და მეურნეობის გაძღოლას ითხოვდა. როგორც კი სიტყვა თეატრზე ჩამოვარდებოდა, ქმარი ხანგრძლივი ლექციების კითხვას იწყებდა და ხელოვნების მავნე ზემოქმედების დამტკიცებას ცდილობდა. ვივიენი კი - ახალგაზრდა, ჭკვიანი, ფართო განათლების მქონე ქალი - ცხოვრების გატარებას დიასახლისის რანგში არ აპირებდა.
ერთხელ ვივიენმა (სრულიად მოულოდნელად!) ვიღაც დამწყები პროდიუსერისგან კინოში გადაღების მიწვევა მიიღო და მან ქმარს საკითხი ასე დაუყენა:
- ან გადაღება ან გაყრა!
....ქმარმა ამ შემთხევაში პირველად დაიხია უკან, რადგან მიხვდა, რომ ეს კაპრიზი კი არა, რაღაც უფრო სხვა, უფრო დიდი მოვლენა იყო.
ფილმი სულელური კომედია აღმოჩნდა თავქარიანი გოგონების შესახებ, რომელშიც ვივიენს ერთი პატარა ეპიზოდი უნდა ეთამაშა, სადაც მას ევალებოდა, რომ სკოლის დირექტორისთვის ენა გამოეყო და თავხედურად ეთქვა: "თუ სკოლიდან გამრიცხავთ, მამაჩემი სამსახურს დაგატოვებინებთ"-ო. ეს დიდი ვერაფერი როლი გახლდათ, მაგრამ ვივიენი იმდენად სერიოზულად მოეკიდა მას, რომ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამ ფილმში მონაწილეთაგან მხოლოდ მისგან აიღეს ინტერვიუ და გაზეთშიც დაბეჭდეს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე მსახიობთა ცხოვრებაში, ეს ინტერვიუ შემთხვევით ხელში ჩაუვარდა სხვა პროდიუსერს, რომელიც იმედისმომცემ მსახიობებს დაეძებდა მთელ ინგლისში და ერთი ასეთთგანი სწორედ ვივიენში დაინახა.
- მე თქვენი მეუღლისაგან ვარსკვლავს შევქმნი! - პირობა მისცა პროდიუსერმა ჰოლმანს.
- მე კი არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ჩემი ოჯახის მყუდროება დაარღვიოთ! - უპასუხა ქმარმა.
...ვინმეს ეგონებოდა, ვივიენის აზრს არავინ უწევსო ანგარიშს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შორს იდგა ჭეშმარიტებისაგან, რადგან ვივიენმა (იმ პროდიუსერის ხელშეწყობით) თავად დაიწყო საკუთარი თავისგან ვარსკვლავის შექმნა. იგი არ აცდენდა არცერთ თეატრალურ პრემიერას, დაიარებოდა მოდურ კლუბებსა და რესტორნებში იმ იმედით, რომ მომხიბლავ ახალგაზრდა ქალს ვინმე ავტორიტეტული პროდიუსერი დაადგამდა თვალს.... და ასეც მოხდა! - ვივიენი კიდევ ერთ კომედიაში მიიწვიეს, შემდეგ ინგლისელი კლასიკოსის ჯორჯ პირსონის პიესაში უფრო დიდი როლიც შესთავაზეს და ეს უკვე წარმატების გარანტია იყო, თუმცა წარმატებას მხოლოდ ნიჭი არ ქმნის... ამისათვის უზადო სილამაზე, ადამიანური ხიბლი და შრომისმოყვარეობაცაა საჭირო, რასაც ნამდვილად მოჭარბებულად ფლობდა ვივიენი - კინოს მომავალი ლეგენდა.
დაიწყო აღიარებისაკენ სვლა, რასაც ქმრის გაღიზიანების მატება სდევდა თან, თუმცა ეს სულ არ აწუხებდა ვივიენს, რადგან მას ერთადერთი რამ აღელვებდა - არ გამოეტოვებინა არცერთი სპექტაკლი ლოურენს ოლივიეს მონაწილეობით; ამ უკანასკნელს კი უკვე ფართოდ ჰქონდა შეღებული დიდების ჭიშკარი.
* * *
ვივიენის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: მას თავს დააცხრნენ პროდიუსერები, მაგრამ ძირითადად თავქარიანი გოგონების როლებს სთავაზობდნენ, რაც ამბიციებით შეპყრობილ ახალგაზრდა მსახიობს, რა თქმა უნდა, არ აკმაყოფილებდა. მალე სერიოზული შემოთავაზებაც გამოჩნდა, ოღონდ თეატრიდან და ეს სახელოვანი თეატრალური კოლექტივი "ამბასადორი" გახლდათ.
....ვივიენ ლი პრემიერის დღესვე გახდა ვარსკვლავი!
....ცენტრალური გაზეთების მტკაველისოდენა სათაურები იუწყებოდნენ: "ახალმა ვარსკვლავმა ლონდონი დაიპყრო!"
...ჰოლმანს კი სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ სამუდამოდ გამოსთხოვებოდა ოცნებას მშვიდ ოჯახურ იდილიაზე.
იმხანად ვივიენი მხოლოდ 22 წლის იყო, ლოურენს ოლივიე - 28 წლის გახლდათ...
ლონდონის ორ ვარსკვლავს თავად ბედისწერამ მოუჭრა გზა - ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდროდნენ!...
* * *
არავინ იცის - ლოურენსი მივიდა ვივიენთან პირველად კულისებში წარმატების მისალოცად თუ ვივიენმა მოიმოქმედა ამგვარი რამ პირველად, თუმცა სანამ "რომანი" დაიწყებოდა, ოლივიემ და მისმა მეუღლემ ჯილ ესმონდმა, ჰოლმანი მეუღლითურთ სადილად მიიწვიეს საკუთარ სახლში; მაშინ ოლივიე რომეოს როლს თამაშობდა, ვივიენი კი ანას ("ჰენრიხ VIII") და არც არავის გაჰკვირვებია, როცა იმხანად ყველაზე ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრ კორდამ სწორედ ეს წყვილი მიიწვია ფილმში ("ცეცხლში გახვეული ინგლისი") ერთმანეთზე გამიჯნურებული ოფიცრის და ფრეილინას როლების შესასრულებლად.
...როცა ორი დიდი მსახიობი შეყვარებულთა როლებს ასრულებენ, ამას ორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს: ან ჭირის დღესავით უნდა შესძულდეთ ერთმანეთი, ან - პირიქით!
ოლივიეს ფრაზა, რომელიც მან გადაღებების დაწყებამდე თქვა, კინოს ისტორიაში შევიდა: "ჩვენ, ალბათ, იმით დავასრულებთ, რომ მაგრად ვიჩხუბებთ".
...სამი თვის შემდეგ ისინი სულ სხვა ადამიანები იყვნენ. ვივიენი და ლოურენსი წამითაც არ შორდებოდნენ ერთმანეთს. ისინი უბრალოდ ამბობდნენ - "ჩვენ საერთო საქმეს ვაკეთებთ!" - მაგრამ ირგვლივ ყველა კარგად ხედავდა იმას, რომ ეს ორი არსება ღმერთმა ერთმანეთისთვის შექმნა.
გადაღებებს შუა პაუზებში ოლივიე სადღაც იკარგებოდა, მაგრამ მისი მოძებნა ძნელი არ იყო, რადგან იგი ვივიენის საგრიმიოროს წინ იყო ატუზული. სცენები, სადაც ისინი ერთად მონაწილეობდნენ, ერთი ამოსუნთქვით იქმნებოდა; მათი ერთი კოლეგა ქალი ასე იგონებს ყოველივე ამას: "ვივი და ლარი ისე იყვნენ ერთმანეთში ჩანთქმულნი, რომ ირგვლივ ვერავის ამჩნევდნენ; მათ გარშემო იყო მხოლოდ უსასრულო და უკაცრიელი სივრცე".
ბოლოს რეჟისორმა ოლივიე და ლი თავისთან იხმო და მკაცრად მოითხოვა - შორს დაიჭირეთო ერთმანეთისგან თავი, თორემ მითქმა-მოთქმა და ჭორები ფილმის დასრულებას შეუშლისო ხელს.
გადაღებები, რა თქმა უნდა, მაინც დასრულდა და ჩვენი თხრობის გმირები საშინელ შოკში ჩავარდნენ - მათ ერთხანს განშორება მოუხდათ! - და გამოსავალი იმაში ნახეს, რომ (საკუთარი) კანონიერი მეუღლეების თანხლებით ყოველ კვირას თუ კვირაძალს ერთმანეთთან დაიარებოდნენ სტუმრად.
ჰოლმანმა იცოდა, რომ მისი მეუღლე დიდი მოწონებით სარგებლობდა მამაკაცთა შორის, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ვივიენი ზღვარს არასოდეს გადააბიჯებდა, მაგრამ ზემოთხსენებული სტუმრობების დროს იგი (ვივიენ ლი) თავს ძლივს იკავებდა მაცდუნებელ ზღვარზე გადაბიჯებისაგან... მაგრამ ზღვარი მაინც არსებობდა და მის დავიწყებას ორი ვარსკვლავი რეალურად არსებული სივრცისა და მანძილის მაქსიმალურად გაზრდით ცდილობდა; ასე მაგალითად: ლოურენსი მეუღლესთან ერთად იტალიის კუნძულ კაპრიზე გაემგზავრა დასასვენებლად (....და დასავიწყებლად!), ვივიენი კი მეგობართან ერთად ხანგრძლივი დროით რომში გადაბარგდა, ასევე დასასვენებლად (...და დასავიწყებლად!).
....ვოიაჟმა, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ უშველა!
"იტალიური არდადეგების" დაწყებიდან მესამე დღეს ვივიენ ლიმ მეგობარს განუცხადა, რომ სურვილი აქვს, იტალია დაათვალიეროს და განსაკუთრებით კუნძული კაპრი აინტერესებს.
* * *
ისინი ერთმანეთს სასტუმროს ვესტიბიულში გადაეყარნენ... "შემთხვევით". ვივიენს წამიერად გადაავიწყდა, რომ გათხოვილი ქალი გახლდათ, ლოურენსს ცოლის ხსენება აღარ უნდოდა!
სწორედ იმ დღეს გაიაზრეს მათ, რომ დამთრგუნავი მოლოდინის ხანა დასრულდა... რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ!
ჯილმაც გაიაზრა ყველაფერი და განუცხადა ქმარს, რომ მათს ერთად ცხოვრებას საფუძველი აღარ ჰქონდა.
ოლივიემ აცნობა სატრფოს, რომ ცოლი მას განქორწინებას ჰპირდება, ვივიენსაც სურდა მსგავსი "ინფორმაციის" მიწოდება, მაგრამ მანაც გაიაზრა: ჰოლმანი მას არ დაშორდებოდა; უფრო მეტად კი დედის ეშინოდა და არც შემცდარა - მისის ჰარტლმა თქვა:
- ქმართან გაშორება დიდი ცოდვაა, რასაც პატიება არ აქვს!
ჰოლმანმა სიდედრს მხარი დაუჭირა და...
ეს იყო პირველი ფსიქიური შეტევა, რაც ვივიენ ლის ცხოვრებაში დაფიქსირდა; ან იქნებ მეორე - მსგავსი რამ მას ერთხელ უკვე დაემართა, როცა ძალად გაამწესეს მონასტერში?! - არა! ის მხოლოდ კაპრიზი იყო ამასთან შედარებით. ამჯერად ვივიენს დაპირისპირება მოუხდა ყველასთან და ყველაფერთან: ახლობლებთან, პროდიუსერებთან, ეკლესიასთან... იგი სიგარეტს მიეძალა, აღარ დადიოდა მოძღვართან, აღსარება, როგორც ცხოვრების წესი, გაქრა მისი ცნობიერებიდან.
ვივიენის შემეცნებაში ჩამოყალიბდა ერთი მრწამსი - თუ სიყვარული ცოდვაა, მაშ, აღარც ქვეყნიერებას ჰქონია საფუძველი არსებობისა!
....და ვივიენ ლი მთელი არსებით მიეძალა საქმეს - ერთდროულად რამოდენიმე ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა; ერთი რიგითი ფილმის შექმნისას პროდიუსერებმა მას ლოურენს ოლივიე მოუყვანეს, მაგრამ, ყველაფრის ერთ ფოკუსში თავმოყრის გამო, მათ თითქოს დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ სიყვარული ცხრაკლიტულში ჩაიკეტა და ისე დაასრულეს გადაღება, რომ რეჟისორს ეჭვი მზერაშიაც კი არ გასჩენია. ალბათ, ამიტომაც გამოვიდა ეს ფილმი მდარე და მდორე და თავად პროდიუსერებმა შემოდეს ის "თაროზე".
* * *
1937 წლის იანვარში მორიგი პრემიერა შედგა, ლოურენს ოლივიემ ჰამლეტი ითამაშა. ოფელიას მისი ცოლი ჯილ ესმონდი თამაშობდა. ეს იყო ამ ქალის "გედის სიმღერა" სცენაზე....
პრემიერის შემდეგ გადაწყდა, რომ თეატრი "ოლდ ვიკი" დანიაში ჩასულიყო და იქ, დანიის პრინცის სამშობლოში, ჰამლეტის მშობლიურ ელსინორის კოშკში წარმოედგინათ შექსპირის ეს მარადიული ქმნილება. ამჯერად ლოურენს ოლივიეს მოეძალა კაპრიზი და მან ულტიმატუმით მიმართა თეატრის ხელმძღვანელობას - ოფელიას როლი ვივიენ ლიმ უნდა ითამაშოს! მოთხოვნა შესრულდა, ვივიენს ოფელიას როლი მისცეს. რეალური ელსინორის ინტერიერში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპეტიციები, მომდევნო მთელი კვირა კი თავად სპექტაკლის ჩვენებას მოხმარდა.
ისინი შეყვარებული ქალ-ვაჟის როლებს ასახიერებდნენ და სულ უფრო მეტად გრძნობდნენ, რომ თავადაც უყვარდათ ერთმანეთი. ელსინორის სპექტაკლებს ფანტასტიური წარმატება ხვდა წილად, შეყვარებულ მსახიობებს კი ახლა წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა - მათ გადაწყვიტეს ერთად განეგრძოთ ცხოვრება და აღარ დაჰბრუნებოდნენ ოჯახებს... ვივიენი მაშინ ოცდაოთხი წლის იყო, ლოურენსი ოცდააათის.
მათს კანონიერ მეუღლეებს სკანდალი არ გაუმართავთ. ჯილი შეხვდა ვივიენს, მგონი, აპირებდა აზრი შეეცვლევინებინა მისთვის, მაგრამ მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა დიად სიყვარულთან. ჰოლმანმა მხოლოდ ის იკითხა - საბოლოოა თუ არაო ეს გადაწყვეტილება და ყოფილი მეუღლისგან მიიღო მეტად თბილი წერილი, სადაც გამოთქმული იყო იმედი იმისა, რომ ისინი მეგობრებად დარჩებოდნენ ცხოვრებაში.
აუცილებელი პარალელი
(სხვათა შორის, ამავე 1937 წელს მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - ამერიკაში გამოვიდა მარგარეტ მიტჩელის რომანი "ქარწაღებულნი").
* * *
დასაწყისისათვის ოლივიემ ლონდონში ახალი სახლი იყიდა, შემდეგ ვივიენთან ერთად ვენეციაში გაემგზავრა. იქ მათ ვერავინ სცნობდა და ქუჩაში შეეძლოთ ეხეტიალათ, როგორც უბრალო ტურისტებს, ლონდონში დაბრუნების შემდეგ კი კვლავ მთელი არსებით მიეცნენ საყვარელ საქმეს. მართალია, ფილმები თუ სპექტაკლები, ზოგადი მნიშვნელობით, დიდად არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ მათ ერთად შეეძლოთ მუშაობა. მალე საინტერესო საქმეც გამოჩნდა და კვლავ ალექსანდრ კორდას წყალობით. მისი რეკომენდაციით ვივიენი მიიწვიეს ფილმში "იანკი ოქსფორდში". ეს უბრალო კომედია გახლდათ, რაღაც ახლანდელ "პოლიციის აკადემიის" სერიალს წააგავდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვივიენ ლი ამერიკის ეკრანებზე გამოჩნდა. ამერიკაში კი (...და ევროპაშიც) უკვე გატაცებით კითხულობდნენ მარგარეტ მიტჩელის ზემოთხსენებულ რომანს.
ვივიენი აბსოლუტურად იყო დარწმუნებული იმაში, რომ "ქარწაღებულნის" მთავარი პერსონაჟის, სკარლეტ ო’ჰარას როლი არის მხოლოდ მისი და სხვა არავისი. რა თქმა უნდა, ის აზრიც ტრიალებდა, რომ რეტ ბატლერის როლი მხოლოდ ოლივიეს შეეძლო ღირსეულად განესახიერებინა.

"ქარწაღებულნი"

როგორც იქნა, დადგა სანატრელი დღე და სტუდია MGM-მა შეისყიდა უფლება პოპულარული რომანის ეკრანიზირებისა. ინგლისელმა კინომოღვაწეებმაც არ დააყოვნეს და მთავარი როლების შესასრულებლად ამერიკელებს თავისი ფავორიტები - ოლივიე და ლი შესთავაზეს, მაგრამ პროდიუსერმა დევიდ სელზნიკმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ამის შესახებ საკითხის წამოჭრაც კი არ ღირდა. მიზეზი? მიზეზი თუნდაც ის გახლდათ, რომ ჰოლივუდში საკმაოდ მოიძებნებიან უფრო ნიჭიერი და ლამაზი გოგონები, ვიდრე ვიღაც ლონდონელი ლი და ასევე მრავლად არიან მამაკაცებიც, რომელთა გვარები უფრო უკეთ ჟღერდა, ვიდრე იმ პიროვნებისა, რომლის გვარი მხოლოდ ფრანგული სალათის ასოციაციას იწვევდა.
ასეც ხდება!
თუმცა იმხანად მოყვარულ წყვილს მთავარი დარტყმა მაინც პირად ცხოვრებაში ელოდათ; დეკემბერში ოლივიეს ყოფილმა ცოლმა საჯაროდ განაცხადა, რომ ლოურენსს განქორწინებაზე არ დასთანხმდებოდა, მის ფეხის ხმას ჰოლმანიც აჰყვა და არც მან "გაიმეტა" განქორწინება ყოფილი ცოლისთვის. მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ იმის იმედი, რომ ოლივიე-ლის წყვილს სიყვარული გადაუვლიდათ და ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ, მით უმეტეს, რომ ორივეს პატარა ბავშვები ჰყავდა: ვივიენს - სამი წლის გოგონა და ლოურენსს - ერთი წლის ვაჟი.
ვივიენს ისღა დარჩენოდა, რომ ზიზღნარევი გამოხედვით აღჭურვილი ნიღაბი "აეფარებინა" სახეზე, რათა როგორმე აეცილებინა თავიდან მის ცხოვრებაზე დამოკლეს მახვილით დაკიდული ფსიქიური შეტევა.... ისტერიკა. მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ მას (ვივიენს) ძალზედ მგრძნობიარე სული ჰქონდა, რომ უსამართლობის შეგრძნება ბედისწერად ჰქცეოდა მას და ამიტომაც სულ ადვილად შეეძლო წონასწორობის დაკარგვა. ოლივიეს კი არ სურდა ამის გაცნობიერება და სატრფოს წამიერ მრისხანებას და თავშეუკავებლობას პირად შეურაცხყოფადაც კი აღიქვამდა; თუმცა ეს შორიდან მაცქერალთათვის გადამეტებული სიყვარულის თანმდევ ეჭვიანობას ჰგავდა, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად იყო.
ოლივიეს ამბიციები იმ ზომამდეც კი მივიდა, რომ მან ვივიენს შვილთან შეხვედრა აუკრძალა, რაც ძალზედ სტანჯავდა ფსიქიკაშერყეულ ქალს და მის არსებაში განუზომელი დანაშაულის გრძნობას ბადებდა ყველას წინაშე: შვილის, დედის, ყოფილი ქმრის... ყველას წინაშე... თუმცა საყვარელი ადამიანის მიტოვებაც არ შეეძლო; მას ნამდვილად უყვარდა ლოურენს ოლივიე, ანუ ლარი, როგორც თავად მიმართავდა თავისი ცხოვრების მთავარ მამაკაცს.
აუცილებელი ინტერვიუ?!
...და ასეთ ვითარებაში ვივიენმა უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა; მან ოლივიეს ბინაში "თაიმსის" ჟურნალისტი მიიწვია და ინტერვიუ მისცა მას, სადაც გულახდილად ისაუბრა მის ცხოვრებაში არსებული პრობლემების შესახებ და ამით თითქოს საკუთარი გაჭირვებანი საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა.
- მთავარი მიზეზი ჩვენი ცოდვიანი ცხოვრებისა მდგომარეობს იმაში, - განუცხადა ვივიენმა ჟურნალისტს - რომ ჩემმა ქმარმა და ოლივიეს მეუღლემ ერთმანეთთან მოილაპარაკეს, რომ ჩვენ განქორწინება არ მოგვცენ.
საზოგადოებრიობამ კი ამ გამოწვევას დუმილით უპასუხა - თავად გაერკვიეთო სიტუაციაში. მხოლოდ ჰოლმანმა გააკეთა ჟურნალისტებისათვის დაზუსტება და განაცხადა, რომ განქორწინებას სამი წლის შემდეგ მისცემდა, როცა მათი ქალიშვილი სუზანა წამოიზრდებოდა.
საზოგადოებრივი აჟიოტაჟი ამით დასრულდა.
* * *
თეატრში მუშაობა კი გრძელდებოდა. ვივიენმა ოლივიესთან ერთად შექსპირის თითქმის ყველა პიესაში მიიღო მონაწილეობა. მორიგ ამერიკულ ფილმშიაც სცადა ბედი და გადაღებების დასრულების შემდეგ ზემოთხსენებულ სელზნიკს საკუთარი ფოტოც გაუგზავნა, სადაც იგი ზუსტად ისეთ სამოსში იყო გამოწყობილი, როგორსაც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ატარებდნენ ქალები, მაგრამ სელზნიკმა, მიიღო რა ეს ფოტო, კვლავ გაიმეორა:
- კარგი გოგონაა, მაგრამ ჩვენ უკეთესები გვყავს.
ასე რომ, ვივიენი არ მიიწვის ამერიკაში, სამაგიეროდ მიიწვიეს ოლივიე. რეჟისორმა უილიამ უაილდერმა მას ემილი ბრონტეს რომანის მიხედვით გადასაღებ ფილმში მთავარი როლი შესთავაზა. ოლივიემ სცადა რეჟისორისათვის ვივიენის კანდიდატურაც შეეთავაზებინა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
1938 წლის 5 ნოემბერს, ვივიენ ლის დაბადების დღეს, ოლივიე ლაინერ "ნორმანდიაში" ჩაჯდა და ამერიკისკენ მარტო გაემგზავრა.
ლოურენსის წასვლამ კვლავ უკიდურესად დაძაბა ვივიენის ფსიქიური სამყარო; მან საშინელი მარტოობა იგრძნო, ასე ეგონა, აღარავის სჭირდებოდა ამქვეყნად და ლამის დასთანხმდა დედის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ ოჯახს დაჰბრუნებოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს...
საოცარია! - დიდი მსახიობების ცხოვრებაში მოულოდნელი შემთხვევა ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს და მაშინაც ასე მოხდა:
ოლივიემ გადაღებებზე შემთხვევით ფეხი დაიზიანა და საავადმყოფოში მოუხდა დაწოლა. ამის შესახებ ვივიენმა გაზეთებიდან შეიტყო და ერთი კვირის შემდეგ იგი უკვე ლოს-ანჯელესში იყო. ლოურენსმა კი კეთილსინდისიერი მეოჯახის რეპუტაციის შელახვა არ ისურვა და ვივიენს ურჩია, რომ განცალკევებით დაბინავებულიყო რომელიმე სასტუმროში. ამ ფაქტმა ქალი აღაშფოთა, მაგრამ რას გააწყობდა, როცა ირგვლი "პურიტანული" ამერიკის წეს-ჩვეულებანი იყო გაბატონებული; იმ ამერიკისა, რომლის მთელ სიგრძეგანზე კინომოღვაწენი სკარლეტ ო’ჰარას როლის შემსრულებელს დაეძებდნენ. აშშ-ს ყოველი ქალაქი, დიდი თუ პატარა, თავის მოვალეობად თვლიდა, რომ საკუთარი პრეტენდენტი წარედგინა მომავალი კინოშედევრის სასინჯ გადაღებებზე. სკარლეტის როლს მთელი ამერიკა ეცილებოდა ერთმანეთს მაშინ, როცა რეტ ბატლერის როლზე ყველამ ერთხმად და უყოყმანოდ კლარკ გეიბლი დაამტკიცა.
არადა, სწორედ ასეთმა ქაოსმა შეუწყო ხელი ვივიენს, რომ საერთო ამერიკულ კონკურსში მას გაემარჯვა. პროდიუსერები ძირშივე უარყოფდნენ ცნობილ ვარსკვლავებს, რადგან ზოგ მათგანს გეიბლთან თამაში არ სურდა, რადგან იცოდნენ, რომ კლარკი თავის ნიჭით დაჩრდილავდა მათ; მეორენი უკვე ასაკს გადაცილებულნი იყვნენ, მესამენი სოფლის გოგონას ხასიათში ვერ ეწერებოდნენ; მეოთხეებს კომედიურ მსახიობებად იცნობდა მაყურებელი და ა.შ. ფილმის ეპიზოდების გადაღება უკვე დაწყებული იყო, მთავარი როლის შემსრულებელი კი ჯერაც არ ჩანდა, თუმცა ასეთი რამ ხშირად ხდება კინოში.
მოხდა ისე, რომ ოლივიე დევიდ სელზნიკის ძმას, მაირონს, დაუახლოვდა და მისი მეშვეობით პროდიუსერი დაითანხმა იმაზე, რომ ერთად ესადილათ, სადაც ვივიენს პირადად წარუდგენდნენ პროდიუსერს. თუმცა მანამდე თავად მაირონმა ნახა ვივიენი და დარწმუნდა იმაში, რომ ეს ტიპიური ინგლისელი ქალი გახლდათ - ლამაზი, ჭკვიანი და ამავე დროს აუღელვებელი და მედიდური. ამ კაცმა ჩათვალა, რომ სკარლეტის როლს ვივიენზე უკეთ ვერავინ ითამაშებდა და მოგვიანებით დანიშნული ვახშამი სასწრაფოდ გამართა...
მოგვიანებით, ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალზე სელზნიკმა თქვა:
- როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ ჩემს წინ ნამდვილი სკარლეტ ო’ჰარა იდგა!
სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ემოციის გამოძახილია. როლზე დამტკიცებამდე იყო დიდი რაოდენობის სასინჯი გადაღებები, სტუდიის ხელმძღვანელთა თათბირები, ეჭვები და პარალელურად სხვა პრეტენდენტების ძებნაც კი. სელზნიკს ესმოდა, რომ სკარლეტის როლი ვივიენ ლიმ უნდა ითამაშოს და მასზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს, მაგრამ აღელვებდა და აშინებდა ერთადერთი რამ - შესაძლოა, სკანდალი ამტყდარიყო, როცა საზოგადოება გაიგებდა, რომ ამერიკელთა სათაყვანებელი, ნამდვილად ამერიკელი ქალის როლს იგი უცხოელს მიანდობდა.
ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა. ვივიენმა ეს ფაქტი აუღელვებლად აღიქვა; როგორც ჩანს, მას სჯეროდა, რომ ამ როლს აუცილებლად მიიღებდა. კონტრაქტის დადებისას გაირკვა, რომ ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმებაზე მეუღლის თანხმობაა საჭირო და ახლაღა გაახსენდა ვივიენს ჰოლმანის არსებობა, ამ უკანასკნელმა კი, რა თქმა უნდა, უარით გამოისტუმრა ამერიკელი ემისრები. ვივიენმა ამჯერად ნამდვილად ინგლისური თავდაჭერილობა გამოამჟღავნა და არანაირი სკანდალი არ გაუმართავს, მან უბრალოდ თავაზიანი წერილი მისწერა ქმარს, სადაც განუცხადა, რომ მას კარგად ესმის,  ოჯახის შენარჩუნება აუცილებელია, მაგრამ...
თუმცა საქმე "მაგრამ"-ამდე არ მისულა, რადგან ყოჩაღმა იურისტებმა მოახერხეს კონტრაქტის ამ პუნქტის ისე შეცვლა, რომ პრობლემა მოისპო. დარჩა მხოლოდ ოლივიეს თანხმობა. მართალია, თავად ლოურენსი დაეხმარა სატრფოს იმაში, რომ მას ეს როლი მიეღო, მაგრამ ლარი უკიდურესად განრისხდა, როცა შეიტყო, რომ ფილმზე მხოლოდ ვივიენს ამტკიცებდნენ და რეტ ბატლერის როლს მას არ სთავაზობდნენ. თუმცა მრისხანების მიზეზი ისიც, იყო, რომ ვივიენი ხანგრძლივი დროით ამერიკაში უნდა დარჩენილიყო, თავად კი სულ მალე ინგლისში უწევდა დაბრუნება. საკითხის მოგვარებას თავად დევიდ სელზნიკი შეეცადა და ოლივიეს საკმაოდ მკაცრადაც მოჰკითხა პასუხი ეგოიზმისა გამო, მაგრამ სკანდალი მაინც ატყდა!
ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობებმა აღშფოთება ვერ დამალეს, როცა როლზე "ვიღაც ინგლისელი" დაამტკიცეს და გაზეთებსა და ტელევიზიაში ჩატარდა ინტერვიუების გაუთავებელი სერიალი, სადაც ამერიკელები ამტკიცებდნენ, რომ ბრიტანელი მსახიობი ვერ შეძლებდა ამერიკელი ქალის ხასიათის გადმოცემას, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ვივიენს მხარი "სამხრეთელთა კონფედერაციამ" დაუჭირა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სჯობდა სკარლეტის როლი ინგლისელს ეთამაშა, ვიდრე მათთვის საძულველი იანკების შთამომავალ ქალს.
* * *
გადაღებები 1939 წლის 26 იანვარს დაიწყო. როგორც ამ გადაღებათა ერთი მონაწილე მოგვითხრობს, ვივიენ ლი სამსახიობო სრულყოფილების და უშფოთველობის იდეალური განსახიერება იყო; კაცს ეგონებოდა, რომ იგი ამ როლს მთელი ცხოვრების მანძილზე თამაშობდა და ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ის.
ამერიკულ კინოში არ არსებობს ისეთი ცნება, რასაც როლის გახმოვანება ჰქვია. ხმა გადაღების პარალელურად გადასაღებ მოედანზევე იწერება. ამიტომაც ლაპარაკიც და სიმღერაც მთელი სისრულითაა საჭირო, რადგან მას აღარავინ ცვლის. სკარლეტს კი არათუ ამერიკული ინგლისურით, არამედ სამხრეთული აქცენტით უნდა ემეტყველა; კლასიკურ ინგლისურსა და ხსენებულ დიალექტს შორის კი თითქმის ისეთივე განსხვავებაა, როგორც იაპონური განსხვავდება ჩინურისგან. ვივიენმა სამხრეთული დიალექტი ისე სწრაფად აითვისა, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ასე ლაპარაკობდაო. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ გადაღების დაწყებამდე ვივიენი არ "შედიოდა" სკარლეტის როლში, რადგან ეს პერსონაჟი თავად მასში არსებობდა მუდამ. ოლივია დე ჰევილენდი კი, რომელიც მელანის როლს ასახიერებდა, ყოველი დუბლის წინ იზუთხავდა თავის რეპლიკებს. ამ დროს ვივიენი მშვიდად აბოლებდა სიგარეტს და გადამღები ჯგუფის წევრებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა. მის შენიშვნებს ყველა ყურადღებით ისმენდა, რადგან ეს, კაპრიზები კი არა, საქმიანი რჩევები იყო.
ახლა უკვირს ყველას, მაგრამ კლარკ გეიბლს დიდად არ სიამოვნებდა რეტ ბატლერის როლის თამაში; იგი მანამდე თავქარიანი ლოველასების როლებს იყო ჩვეული, რომელთა მიზანი მხოლოდ ქალთა გულების მონადირება გახლდათ. ახლა კი ბატლერის როლს საზოგადებრიობის ძალდატანებით ასრულებდა და შიშობდა, საკუთარი რენომე არ გამოსცლოდა ხელიდან. უარის თქმა არ შეეძლო, რადგან სტუდია "MGM"-ის ხელმძღვანელობა მთელ იმედს მასზე ამყარებდა და როლზე უარის თქმა მის მომავალ კარიერაზე ცუდად იმოქმედებდა. გეიბლი ყველანაირ საბაბს ეძებდა საიმისოდ, რომ როლზე უარი სხვისი ბრალეულობის გამო ეთქვა და ამ მხრივ იმედს სწორედ ვივიენზე ამყარებდა. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველი შეხვედრა ფოტოსინჯებზე უნდა შემდგარიყო. ამ გადაღებაზე ვივიენმა ორი საათით დაიგვიანა და გეიბლს მიეცა საშუალება პირველი უკმაყოფილება გამოეთქვა. მან პროდიუსერს განუცხადა, რომ ასეთ უდისციპლინო მსახიობთან არაფრის დიდებით არ იმუშავებდა და ამ დროს სტუდიის კარი ვივიენ ლიმ შეაღო...
- ასეთ მსახიობთან მეც არ ვიმუშავებდი! - ვივიენმა ეს ფრაზა ისევე უხეშად თქვა, როგორც მისი მომავალი პარტნიორი გაიძახოდა. აღმოჩნდა, რომ მას არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა, რადგან იგი მივიდა ზუსტად იმ დათქმულ დროს, როგორც ასისტენტებმა აცნობეს.
კლარკ გეიბლს წამიერად შეეცვალა სახე; იგი პირველად ხედავდა მამაკაცური მანერებით აღჭურვილ ქალს, რომელიც მოურიდებლად აბოლებდა სიგარეტს (ახლა ეს არავის უკვირს, იმ დროს კი ნორმიდან გადახვევას ნიშნავდა) და ირონიულად უმზერდა გარემომცველებს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამგვარი ილუზორული უხეშობის მიღმა საოცარი არისტოკრატულობა და ქალურობა ჩანდა...
ამ დღის შემდეგ კლარკს ხმამაღლა აღარ განუცხადებია, როლს არ ვითამაშებო, რადგან მას საოცრად სწყუროდა ვივიენთან ნაცნობობის გაღრმავება.
მუშაობას ხალისი დაეტყო, მაგრამ საქმეს თავად სელზნიკი აფუჭებდა, რომელიც დაუკითხავად იჭრებოდა გადაღებებში და არ იზიარებდა ბევრ კარგ მიგნებას. მან შუაგულ საქმეში კარგი რეჟისორი ჯორჯ კიუკორი არცთუ ნიჭიერი ვიქტორ ფლემინგითაც შეცვალა, მსახიობებს კი, მისი კაპრიზების გამო, ბევრი სცენის ხელახლა გათამაშება უწევდათ. ყოველივე ეს აღიზიანებდა ვივიენ ლის და ერთხელ გულახდილად წამოსცდა ოლივიესთან. რომ ამ ავანტიურაში თავის გაყოფა ნამდვილად დიდი შეცდომა აღმოჩნდა. თუმცა ამას ყველა მსახიობი ამბობს, როცა ფილმის გადაღება დიდხანს ჭიანურდება, მაგრამ ვივიენს ყველაზე მეტად ის აღაშფოთებდა, რომ მას აიძულებდნენ მისი პერსონაჟის ხასიათში ცვლილებები შეეტანა და არ ეთამაშა ისე, როგორც მას ჰქონდა მოფიქრებული. მას სურდა ეთამაშა ისე, როგორც რომანში ეწერა და არა სცენარით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად...
მალე ვივიენი აღმოჩნდა ის ერთადერთი მსახიობი, რომელიც თავს უფლებას აძლევდა, არ დასთანხმებოდა პროდიუსერის კაპრიზებს, სელზნიკი კი ამის საპასუხოდ ფარულ შურისძიებას მიმართავდა და მოითხოვდა, რომ ლოურენს ოლივიეს დაეტოვებინა ის ბინა, რომელიც საგანგებოდ ვივიენისთვის დაიქირავეს ბევერლი-ჰილზზე და ამას იმით ამართლებდა, რომ ფრთხილობდა პრესას არ გამოეკვლია მათი "ღალატი" კანონიერი მეუღლეების მიმართ. სწორედ ამის გამო გაემგზავრა ოლივიე ნიუ-იორკში, სადაც ბროდვეიზე როლი შესთავაზეს. ვივიენი მთელი არსებით ჩაეფლო მუშაობაში და სახლში შუაღამისასღა ბრუნდებოდა. ახალი რეჟისორი ფლემინგი, რომელიც პროდიუსერის სრულ მორჩილებას ამჟღავნებდა, ცდილობდა პატრონის მითითებისამებრ ფილმი ცრემლიან მელოდრამად ექცია და მხოლოდ ინგლისელი ვივიენის შეუდრეკელი ხასიათის წყალობით იქცა სკარლეტ ო’ჰარა ასეთ ცოცხალ და მრავალწახნაგიან პიროვნებად და არა თავქარიან პრანჭია ქალად.
გადაღებები დასასრულს უახლოვდებოდა, უკანასკნელი ხუთი თვის თავაუღებელმა შრომამ ვივიენის სახეზე ნაოჭები გააჩინა. მას ხასიათიც შეეცვლა და ყველაფერი აღიზიანებდა და ყოველ წვრილმანს მდგომარეობიდან გამოჰყავდა. იგი იმდენად შეიჭრა სკარლეტის როლში, რომ მასავით მიზეზიანი და სასტიკი გახდა. 27 ივნისს უკანასკნელი სცენა გადაიღეს. იგი, როგორც იქნა, გათავისუფლდა რუტინული შრომისგან და პრემიერამდე მიეცა უფლება ლოურენსთან ერთად მშობლიურ ინგლისში დაბრუნებულიყო.
ამასობაში კი ევროპა ომისათვის ემზადებოდა. ლონდონში სანგრებს თხრიდნენ, ქვიაშიანი ტომრებით ხერგავდნენ ქუჩებს. ვივიენი კვლავ შეეცადა ჰოლმანისგან განქორწინება მიეღო და პასუხად მოისმინა, რომ ახლა არ არის ასეთ წვრილმანებზე ფიქრის დრო. ჯილმა კი ლოურენსს უზარმაზარი ალიმენტი მოსთხოვა და ეს უკანასკნელიც იძულებული შეიქნა უარი ეთქვა განქორწინებაზე "მატერიალური მოსაზრებების გამო". ვივიენი ცდილობდა დაეთანხმებინა ლარი, რომ ცოლის ნებას დაჰყოლოდა და გადაეხადა ალიმენტი, ის (ოლივიე) ხომ საკმაოდ კარგ გასამრჯელოს იღებდა, მაგრამ ლოურენსი ეჭვობდა, რომ ჯილი ახალ საფუძვლებს მოიგონებდა ფულის გამოსაძალავად და ვერ შეძლებდა მის დაკმაყოფილებას.
სექტემბერში ოლივიე და ლი ამერიკაში დაბრუნდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ სანტა-ბარბარაში შედგა "ქარწაღებულნის" პრემიერა.
ეს იყო წარმოუდგენელი წარმატება!
ლოურენსი გააოგნა ვივიენის ეკრანულმა სახემ, მან არ იცოდა, რომ მის სატრფოს ასეთი ფანტასტიური ნიჭი ჰქონდა. შემდეგ პრემიერა ატლანტაში შედგა და მთელმა ჯორჯიის შტატმა ეს ფაქტი ზეიმის საგნად აქცია. გუბერნატორმა ვივიენი თავის სახლში მიიწვია მეგობრულ ვახშამზე. რომანის ავტორმა, მარგარეტ მიტჩელმაც გამოთქვა კმაყოფილება და მთელ გადამღებ ჯგუფს მადლობა მოახსენა, საამისოდ გაწეული ტიტანური შრომის გამო.
ოლივიეს კი - ლოურენს ოლივიეს! - გაზეთები ასე ახსენებდნენ: "ჯენტლმენი, რომელიც ვივიენ ლის გადაღებებზე თან ახლდა".
* * *
1940 წელს "ოსკარების" გადაცემის მორიგ ცერემონიალზე ფილმი "ქარწაღებულნი" რამდენიმე პრიზით დაჯილდოვდა, მათ შორის ჯილდოთი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის. ვივიენი აღტაცებას ვერ ფარავდა, მაგრამ მიღებულ "ოსკარს" ლარის არ უტრიალებდა თვალწინ და არცთუ უსაფუძვლოდ - ოსკაროსნებისათვის გამართულ წვეულებაზე პატივმოყვარე ოლივიემ ვივიენის ჯილდო ფანჯრიდან გადააგდო... იგი თავად იყო ამ ჯილდოს პრეტენდენტი, მაგრამ ჟიურიმ არ ჩათვალა საჭიროდ მისთვისაც მიენიჭებინათ ის.
ყველა მშვენივრად ხედავდა, რომ ფილმის მთელმა სიმძიმემ ვივიენის მხრებზე გადაიარა, რადგან ოსტატობით მას მხარი თავად გეიბლმაც კი ვერ აუბა ("ოსკარი" არც მას მიუღია). ვივიენი, რა თქმა უნდა, ამერიკის უპირველეს ვარსკვლავად იქცა; არა, ლარის არ მიუტოვებია იგი და არც თავად ვივიენი გაამაყებულა ამ წარმატებით. მას ეყო საიმისო ჭკუა, რომ საყვარელი ადამიანის წინაშე ზედმეტი თავმომწონებით არ შეელახა მისი შებღალული სამსახიობო თავმოყვარეობა. ვივიენი კვლავაც ბეჯითად იღებდა ყურად ოლივიეს რჩევებს და კვლავაც მასწავლებლად თვლიდა მას. ვივიენს არ დაუშვია ის შეცდომა, რაც ჯილს მოუვიდა - მან მომაბეზრებელ ტვირთად არ უქცია საყვარელ ადამიანს ზედმეტი მგრძნობიარობა.
ევროპაში კი უკვე ომის ქარცეცხლი მძვინვარებდა და მათ გადაწყვიტეს შტატებში დარჩენილიყვნენ. თუმცა ოლივიემ ოფიციალური განცხადებით მიმართა ბრიტანეთის საკონსულოს და გამოთქვა მზადყოფნა ისევე ემსახურა არმიაში, როგორც სხვა მისი თანამემამულენი იქმოდნენ ამას, მაგრამ მას უპასუხეს, რომ ამის საჭიროება ჯერ არ იყო.
ევროპაში ომი მეფობდა, ჰოლივუდი კი კვლავაც სრული დატვირთვით მუშაობდა. ვივიენს რეჟისორები მოსვენებას აღარ აძლევდნენ. მას კი მხოლოდ ლარისთან ერთად სურდა თამაში, მაგრამ ამ მოთხოვნას არავინ ასრულებდა ზნეობრიობის დაცვის მოტივით. არავინ იცის, ომმა იმოქმედა თუ ვივიენის ფანტასტიურმა წარმატებამ, მაგრამ საოჯახო ტვირთით დამძიმებულმა ოთხივე ადამიანმა ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ დროა, დასრულდეს ეს გაუთავებელი ორჭოფობა და თებერვალში ჯილმა განაცხადა, რომ თანახმაა ქმარს განქორწინება მისცეს ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. ჰოლმანიც თითქოს ამას ელოდაო და მანაც გამოთქვა თანხმობა ვივიენთან ოფიციალურ განქორწინებაზე. ბედნიერების ტალღაზე შემართულ წყვილს კვლავ გაუჩნდა იმის იმედი, რომ ერთად ითამაშებდნენ ფილმში, მაგრამ ადრე თუ "ამორალურობის" მოტივით ეუბნებოდნენ მათ უარს, ახლა პირიქით მოხდა; სელზნიკმა პირდაპირ განუცხადა მათ:
- აბა, ვის დაანტერესებს ეკრანზე იხილოს ის, თუ როგორ ეხვევა ქმარი საკუთარ ცოლს?!
ასე და ამრიგად როლი, რომელიც ოლივიეს უნდა ეთამაშა "ვატერლოოს ხიდში", ზედმეტად გადაპრანჭულ რობერტ ტეილორს მისცეს.
ამ ფილმში ვივიენს მეძავის როლი უნდა ეთამაშა. ეს არის კლასიკური მელოდრამა, რომელიც ათასჯერ გადაღეჭილ ბანალურ სიუჟეტზეა აგებული:
ქალი და ვაჟი ერთმანეთს ქუჩაში გაიცნობენ; მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ვაჟი ფრონტის წინა ხაზზე მიჰყავთ... მალე ქალი გაზეთიდან შეიტყობს, რომ მისი მიჯნური დაიღუპა და იძულებული ხდება სხეულის ვაჭრობით ირჩინოს თავი, მაგრამ.... ვაჟი ცოცხალი ბრუნდება და ქალი, გაიაზრებს რა საკუთარ ზნედაცემულობას, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.
ასეა თუ ისე, ომის თემის აქტუალობამ, ვივიენ ლის უზადო თამაშმა, რობერტ ტეილორის თვალისმომჭრელმა ელეგანტურობამ და შესანიშნავმა რეჟისურამ ბანალურობიდან პატარა შედევრი შექმნეს. ვივიენმა თავის გმირს მისცა ის ფსიქოლოგიური სიმართლე, რაც სცენარით არ იყო გათვალისწინებული, მან შესანიშნავად გაართვა თავი მთელ ტრაგიზმს და საბოლოო ჯამში დაამტკიცა, რომ იგი ერთი როლის მსახიობი არ არის და სამსახიობო მწვერვალების დალაშქვრა ადვილად ხელეწიფება.
პრესამ აღფრთოვანება ვერ დამალა, სელზნიკმა კი დიდად მოითბო ხელიც და ჯიბეც...
* * *
კინოში განცდილი მარცხის შემდეგ ოლივიემ თეატრში დააპირა რევანშის აღება. იგი რისკზე წავიდა; მთელი ფული (25 ათასი დოლარი), რაც ვივიენმა "ქარწაღებულინის" ჰონორარად მიიღო ოლივიემ "რომეო და ჯულიეტას" დასადგმელად გაიმეტა....
იმხანად უკვე იყო მითქმა-მოთქმა ვიღაც ახალგაზრდა ლამაზმანის შესახებ, ვის მიმართაც ნაზი გრძნობები გასჩენოდა ლოურენსს. ამ ჭორმა ვივიენამდეც მიაღწია და იმისათვის, რომ მეუღლე დაემშვიდებინა, ოლივიეს არც კი გაუხდია მსჯელობის საგნად ჯულიეტას როლის კანდიდატურები და რომეოს სატრფოს თამაში უყოყმანოდ ვივიენს მიანდო, თავად კი იყო პროდიუსერიც, დამდგმელი რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელიც და "ახალგაზრდა იმედის მომცემი მსახიობის" (ვივიენ ლის) უანგარო მასწავლებელიც. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა მეუღლე, რომ კინო არასერიოზული რამ არის, რომ თეატრში მწვერვალების დაპყრობას მხოლოდ ქმრის ხელშეწყობით შეძლებდა. ვივიენი ამ დამოძღვრას მორჩილებით ისმენდა.
სპექტაკლს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა... პრემიერაზე იყო სრული ანშლაგი... ყოველივე ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მაყურებელი თეატრში იმ მსახიობის სანახვად მივიდა, ვინც სკარლეტ ო’ჰარას როლი განასახიერა კინოში (!). კრიტიკამ აღფრთოვანება ვერ დამალა, ვივიენ ლის მიერ ნათამაშები ჯულიეტას ქება-დიდებას უძღვნიდა ყველა და, ამავე დროს, მიწასთან ასწორებდნენ ლოურენს ოლივიეს რომეოს, რომელიც ზედმეტად მამაკაცურად და დაბერებულადაც კი გამოიყურებოდა სცენაზე.
- კრიტიკოსებს ნუ დაუჯერებ - ამშვიდებდა ქმარს ვივიენი - შენ დიდებული რომეო ხარ!
...მაგრამ ლოურენსი კარგად ხედავდა, რომ ეს მხოლოდ ნუგეშისცემა იყო და სულ უფრო მეტად იკეტებოდა საკუთარ თავში. იგი ნერვიული და ზედმეტად ეჭვიანი გახდა. მას შურდა საკუთარი ცოლის, რომელიც ცდილობდა დაემშვიდებინა საყვარელი ადამიანი და ჯულიეტას როლზე უარიც კი განაცხადა, მაგრამ მისი შემცვლელი მსახიობი არსად მოიძებნა.
მალე "რომეო და ჯულიეტა" ნიუ-იორკში, ბროდვეიზეც წარმოადგინეს; სპექტაკლს იქაც დიდი წარმატება ხვდა, უფრო სწორად წარმატება ხვდა ვივიენს, ოლივიე კი კრიტიკამ ასე შეაფასა - "ეს არის ყველაზე ცუდი რომეო, რომელიც ოდესმე გვინახავს".
მიუხედავად ამისა, სპექტაკლი ამერიკის სხვა ქალაქების მაყურებლებსაც აჩვენეს. ამ ტურნეს გამუდმებით გასდევდა (ამერიკულ სტილში) გაკეთებული რეკლამა - "სახელგანთქმული საყვარლები ახლა სცენაზეც სიყვარულით არიან დაკავებულნი". ამას შემოჰქონდა მოგება, მაგრამ არავის მატებდა ღირსებას.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თეატრის პუბლიკას ბევრად უფრო დახვეწილი გემოვნება აქვს, ვიდრე კინომაყურებელს, და ყველა ამჩნვდა, რომ მთელ იმ სიდიადეს, რაც ვივიენის პერსონაჟს გააჩნდა, საგულდაგულოდ ჩქმალავდა ოლივიე. გაჩნდა აზრი იმის შესახებაც, რომ, თუ რეჟისორი ხარ, დარბაზში უნდა იჯდე და არა სცენაზე დაკუნტრუშობდე. ეს, რა თქმა უნდა ოლივიეს ეხებოდა, რომელიც მალე იძულებული შეიქნა სპექტაკლი რეპერტუარიდან ამოეღო, რადგან ის უკვე წამგებიან სანახაობად იქცა. ასე დარჩა ეს ორი დიდი მსახიობი უფულოდ და უსაქმოდ. ოლივიე საშინლად განიცდიდა ყოველივეს, რაც მოხდა, დღედაღამ კრიტიკოსებს ლანძღავდა და ბოლოს სმასაც მიეჩვია, არც ცოლთან კინკლაობას ერიდებოდა, რაც ვივიენის ფსიქიური აშლილობის კიდევ ერთი საბაბი გახდა. განქორწინება, ალბათ, გარდუვალი იქნებოდა მათთვის, რომ  არა ის ფაქტი, რომ ისინი უცხოელები იყვნენ ამ დიდ ქვეყანაში, რასაც ამერიკა ერქვა და მათ, ერთმანეთის გარდა, არავინ ჰყავდათ იქ ახლობელი.
ევროპაში კი კვლავ ომი მძვივარებდა.
ყველა ცნობილი ინგლისელი მსახიობი ფრონტზე იბრძოდა და ოლივიეს უმზერდნენ ისე, როგორც დეზერტირს. ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იყო ამ კაცისთვის და მან, როგორც ყველა სხვა საქმეში, აქაც ორიგინალობის გამოჩენა დააპირა - გადაწყვიტა თვითმფრინავის მართვა შეესწავლა და ომში საბრძოლო მფრინავის სახით გამოცხადებულიყო. მაგრამ, როგორც სულ მალე გაირკვა, ეს საქმე ასე ადვილი ასათვისებელი არ  იყო, და ოლივიემ განზრახვაზე ხელი აიღო... ოჯახური კატასტროფა ლამის კარს მოადგა მათ, მაგრამ საქმეში მათი ძველი მეგობარი, ისიც ამერიკაში გახიზნული კინორეჟისორი ალექსანდრ კორდა ჩაერთო, რომელმაც 1940 წლის შემოდგომაზე ოლივიე-ლის წყვილს ერთად თამაში შესთავაზა ისტორიულ კინოდრამაში "ლედი ჰამილტონი" და წინასწარ დიდი ავანსი გადაუხადა. ეს ფული საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ინგლისიდან ვივიენის დედა და ქალიშვილი და ოლივიეს ვაჟი ჩამოეყვანათ (ეს უკანასკნაელი მენინგიტით იყო დაავადებული). იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ფილმს თავად უინსტონ ჩერჩილის დაკვეთით იღებდნენ, როგორც ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას. ამბავი ემა ჰამილტონის და ცალთვალა ადმირალი ჰორაციო ნელსონის სიყვარულისა მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიულ მოვლენებთან და ნაპოლეონის თავდასხმისაგან ინგლისის დაცვას ეხება. ლედი ჰამილტონი ვივიენის ინტერპრეტაციით დახვეწილ და ტრაგიკულ პიროვნებად წარმოჩნდა (განსხვავებით 60-იან წლებში გადაღებული ფრანგული ვერსიისა, სადაც მიშელ მერსიე ავხორცი მდედრის სახით გვევლინება), ვივიენი-ემა ბევრად უფრო მაღლა დგას თავისი სულის სიდიადით, ვიდრე მისი გარემომცველი არისტოკრატული სამყარო და ვიდრე თავად ადმირალი ნელსონი. ასეა თუ ისე, ვივიენმა ოსტატობით კვლავ აჯობა ქმარს და ყველაზე უკეთ თავად ოლივიემ იგრძნო ეს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა ევროპაში, ამერიკაში კი ის საერთოდ არავის შეუნიშნავს, რადგან იქ მხოლოდ საკუთარი კინო და საკუთარი პრობლემები უყვარდათ.
ამერიკაში ყოფნისას ვივიენი მიმოწერას არ წყვეტდა ყოფილ ქმართან, რომელიც დაწვრილებით აღუწერდა იმ ვითარებას, რაც ლონდონში ტრიალებდა. ლონდონს კი იმხანად გერმანელთა თვითმფრინავები ბომბავდნენ. სულ მალე ვივიენე და ლოურენსი ინგლისში დაბრუნდნენ, მათ კარგად გაიაზრეს ის, რომ ამ დროს მათი ადგილი სამშობლოში იყო და არა სადღაც ამერიკაში.
1941 წლის გაზაფხულზე ამერიკამოვლილი მსახიობები ლონდონში დაბრუნდნენ. ვივიენს მაშინვე შესთავაზეს მთავარი როლი "ოლდ ვიკში", სადაც ბერნარდ შოუს "დოქტორის დილემას" დგამდნენ. ოლივიემ კი შეძლო მფრინავთა რაზმში ჩარიცხულიყო და ისიც მოქმედ არმიაში გაამწესეს.
"ოლდ ვიკის" თეატრი მაშინ ლონდონთან ახლოს მდებარე ერთ პატარა ქალაქში იყო გახიზნული და ვივიენს ყოველ დილით მატარებლით უხდებოდა მგზავრობა, რათა რეპეტიციაზე გამოცხადებულიყო, ოლივიე კი ასევე მატარებლით, თავის სამხედრო ნაწილში, ინგლისის სხვა ქალაქისაკენ მიემგზავრებოდა. სპექტაკლს წარმატება ხვდა, რის მიზეზიც ისევ და ისევ ვივიენ ლის შეუდარებელი თამაში იყო; იგი დიდებულად ასრულებდა ამორალური მხატვრის გატანჯული ქალიშვილის როლს.
თეატრმა წარმატებული საგასტროლო ტურნე გამართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, ლონდონში კი ამ სპექტაკლს მაყურებლით სავსე დარბაზი ადევნებდა თვალს მაშინ, როცა საღამოს საათებში გერმანელთა ავიაცია განსაკუთრებული ინტენსივობით ბომბავდა ქალაქს. მალე ვივიენი იმ "საფრონტო ბრიგადაში" ჩარიცხეს, რომელსაც მუსიკალური რევიუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე განლაგებულ ინგლისელთა ჯარებში უნდა ეჩვენებინათ. ბრიგადას დღეში რამდენიმე სპექტაკლის ჩატარება უწევდა; პაპანაქება სიცხემ და აუტანელმა შრომამ თავისი საქმე გააკეთეს - ვივიენი საშინლად დაიღალა და ძალა გამოეცალა, თუმცა დიდ კმაყოფილებას განიცდიდა იმით, რომ თანამემამულე ჯარისაკაცებს თავისი თამაშით სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებდა. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ვივიენი მაშინ ფეხმძიმედ იყო... დამღლელმა შრომამ და გაუთავებელმა მგზავრობამ კი მის დასუსტებულ სხეულში ტუბერკულოზის მორიგი შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინეს...
* * *
1941 წლის ზაფხულში ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხა თავს და მას ინგლისი და მისი დაპყრობა გადაავიწყდა კიდეც. როგორც ბიოგრაფები წერენ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ლოურენს ოლივიემ არმია მიატოვა და კვლავ თავის საქმეს დაუბრუნდა. მან ამჯერად კინორეჟისორობა სცადა და შექსპირის "ჰენრიხ V"-ის კინოვერსიის შექმნა გადაწყვიტა. ვივიენს კი მოულოდნელად ბერნარდ შოუს "კეისრისა და კლეოპატრას" ეკრანიზირებაში შესთავაზეს მთავარი როლის თამაში; ეს მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ მოწვევა ინგლისელი კინემატოგრაფისტებისგან მოვიდა, თორემ ამერიკელები, და განსაკუთრებით სელზნიკი, გამუდმებით სთავაზობდნენ როლებს ვივიენს წმინდა ამერიკულ დადგმებში, მაგრამ მუდამ უარს იღებდნენ, რადგან მსახიობმა უკვე კარგად იცოდა ჰოლივუდის გადასაღებ პავილიონებში გამეფებული სიტუაცია და აღარ სურდა მსგავსის გამეორება. გარდა ამისა, არც ქმართან უნდოდა ხანგრძლივი განშორება და ისიც უნდა ითქვას, რომ ოლივიე თავად ცდილობდა მეუღლისთვის ოკეანისგაღმა მუშაობა აეკრძალა, თუნდაც იმიტომ, რომ ეშინოდა, კვლავ რომელიმე შედევრში არ გაბრწყინებულიყო ვივიენის ნიჭი და კვლავ არ გადაესწრო სახელით და დიდებით "სერ ოლივიესათვის".
ვივიენი კლეოპატრას როლზე სიამოვნებით დასთანხმდა პროდიუსერებს მით უმეტეს, რომ ეს იყო დიდი დრამატურგის პიესა და მას მეტყველებაც ნორმალურ ინგლისურ ენაზე უხდებოდა. ყველაფერი იყო სათანადო დონეზე, მაგრამ ფილმის რეჟისორი პასკალი სელზნიკივით ჯიუტი და პედანტი აღმოჩნდა, თუმცა პროფესიონალიზმში ბევრად ჩამორჩებოდა ამერიკელ კოლეგას. ხსენებული პასკალი გამუდმებით კამათობდა მსახიობებთან, აიძულებდა მათ ხელმეორედ გადაეღოთ უკვე დასრულებული ეპიზოდი და ა.შ. ფილმის გადაღება წელიწადნახევარს გაგრძელდა და მსახიობები უსაშველოდ დაიღალნენ. დაიღალა ვივიენიც, რომელსაც კიდევ მეტი უბედურება დაემართა - ერთ-ერთი გადაღების დროს მას ფეხი დაუცურდა და (უკვე მეორედ) მოსწყდა მუცელი. საავადმყოფოდან იგი სრულიად გაოგნებული დაბრუნდა, მას საშინელი დეპრესია დაეწყო. ოლივიე უკვე სერიოზულად ფიქრობდა იმას, რომ მეუღლე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოეთავსებინა და ამაში თავად ვივიენმა შეუშალა ხელი, რადგან კატეგორიულად განუცხადა ქმარს - საავადმყოფოში მარტო არ გავჩერდებიო. რამდენიმე კვირა დასჭირდა იმას, რომ ვივიენი გონს მოსულიყო; კლეოპატრას როლი მან უგულოდ და უცეცხლოდ ბოლომდე მიიყვანა, მაგრამ ეს ფილმი კვლავაც მორიგ წარმატებად ჩაუთვალეს მას. ვივიენმა მთელი სისრულით შეძლო ეგვიპტის ბავშვურად ცელქი და ტირანივით თვალთმაქცი დედოფლის მთელი სულიერი სამყაროს ჩვენება.
ამასობაში ლოურენს ოლივიე თეატრ "ოლდ ვიკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. იგი, რა თქმა უნდა, კლასიკური პიესების რეპერტუარს ქმნიდა და მეუღლეს მთავარ როლებში ათამაშებდა. ამერიკაში კი დევიდ სელზნიკმა სასამართლოში იჩივლა იმ მოტივით, რომ, ძველი კონტრაქტის თანახმად, ვივიენ ლის კიდევ ერთ ამერიკულ ფილმში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ინგლისელი იურისტები ამერიკელ კოლეგებზე ყოჩაღები აღმოჩნდნენ და სელზნიკის ჩივილი თავიდან იქნა აცილებული. ვივიენი ინგლისში დარჩა და სამშობლოში საგასტროლო ტურნე გამართა. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს, ცივ და ნესტიან ლივერპულში, იგი სერიოზულად დაავადდა. ექიმებმა მას ურჩიეს მიეტოვებინა სცენა და ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ჩაეტარებინა. ოლივიემ ამ მიზნით ლონდონის შემოგარენში პატარა სახლი შეიძინა და მეუღლე ოთხი თვით საწოლს მიაჯაჭვა. ამგვარმა ყოფამ, რა თქმა უნდა, კვლავ გაამწვავა ვივიენის ფსიქიური აშლილობა და ხდებოდა ხოლმე, იგი იმ ზომამდე მივიდოდა, რომ ქმარს აღარაფრით შეეძლო მისი დამშვიდება.
ასე და ამრიგად, ვივიენის ავადმყოფობამ, გამუდმებით ფულის შოვნაზე ფიქრმა (....რათა პირველი ცოლისათვის ალიმენტი) ეხადა და თეატრში განცდილმა საკუთარმა წარუმატებლობამ ლოურენს ოლივიე მოულოდნელ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა - იგი სრული სერიოზულობით შეუდგა "რიჩარდ III"-ზე მუშაობას და ამით თითქოს სურდა, მის თავს დატეხილი ყველა უბედურება ამ გმირის ხასიათის ინტერპრეტაციაში ჩაედო და.... სპექტაკლმა გრგვინვასავით დაიქუხა ლონდონის ცაზე... რიჩარდის მონოლოგებმა მაყურებელზე ჰიპნოზივით იმოქმედეს... ლოურენს ოლივიე ინგლისის ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი გახდა და, როგორც იქნა, მიაღწია იმას, რისკენაც თითქმის ათი წლის განმავლობაში, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ისწრაფვოდა - მან ვივიენ ლის დიდება დაჩრდილა! ახლა უკვე გაზეთები ასე იხსენიებდნენ ვივიენს - "სახელოვანი მსახიობის ცოლი" - მცირე ხნით ადრე კი ლოურენსი იყო "სახელოვანი მსახიობის ქმარი".
* * *
1946 წლის გაზაფხულზე ვივიენი გამოჯანმრთელდა და მცირე ხნის წინ შეძენილი "ნოტლის" ციხე-დარბაზის მოწესრიგებას შეუდგა. ამ ძველ ნაგებობაში წყალგაყვანილობაც კი არ იყო, გამრჯე დიასახლისად ქცეულმა მსახიობმა ყველაფერი მოაწესრიგა და წვეულებების გამართვაც კი დაიწყო - მასთან ლონდონის მთელი თეატრალური ბოჰემა დაიარებოდა. მასპინძელი მხიარულებითა და სათნოებით ხიბლავდა წვეულებს, თუმცა ხანდახან უხეში ტონითაც ისტუმრებდა ზოგ აბეზარ სტუმარს. საკუთარმა ავადმყოფობამ შვილთან ურთიერთობის სურვილი გაუმძაფრა და ყოფილ მეუღლესთანაც მეგობრულ ურთიერთობას არჩევდა. მასთან სტუმრად ოლივიეს ვაჟიც დადიოდა, რომელმაც დეიდა ვივიენი ნამდვილად შეიყვარა. თავად ლოურენსს კი ჭირის დღესავით სძულდა წვეულებებიც, მოყაყანე სტუმრებიც და ძვირადღირებული ვახშმებიც. იგი გამუდმებით ბუზღუნებდა, დღის ბოლოს კი მთელ წყენას მეუღლეზე ანთხევდა. სიცოცხლის და ხალხისმოყვარე ვივიენისთვის კი ეს ყოველივე ჰაერივით იყო საჭირო...
სიყვარული თანდათან ქრებოდა...
ოლივიე ნელინელ შორდებოდა ცოლს...
ვივიენ ლი თითქმის გადაავიწყდა მაყურებელს.
* * *      
მალე ლოურენს ოლივიემაც მიიღო ნანატრი "ოსკარი" ფილმისათვის "ჰენრიხ V". ახლა უკვე აღარ ეშინოდა ვივიენს საკუთარი ჯილდოც გამოეფინა აშკარად და მან თავისი "ოსკარი" ქმრის კუთვნილის გვერდით განათავსა თაროზე. ოლივიე სრული სვლით მიიწევდა მსოფლიო დიდებისაკენ და შექსპირის რეპერტუარის საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა, ყოველივე ეს კი აძლევდა იმის უფლებას, რომ მეუღლისთვის ამაყად განეცხადებინა - შენ ჯერ შექსპირისთვის სათანადოდ არ ხარო მზად!
ამასობაში გავიდა ორი წელი და ვივიენ ლიმ კვლავ შეძლო სცენაზე გამოჩენა; მან ტორნტონ უაილდერის პიესაში - "სიკვდილის ზღვარზე" - მთავარი როლი შეასრულა და კვლავ დიდი წარმატება მოიპოვა.
ვივიენ ლის ჰქონდა ერთი დიდი ოცნება - ქმართან ერთად რომელიმე ფილმში კვლავ ერთად მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა, თუმცა ერთხელ ლამის აუსრულდა კიდეც ნატვრა...
ალექსანდრ კორდამ მას ანა კარენინას როლი შესთავაზა. გადაღების დაწყების ბოლო წუთამდე ვივიენ ლი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ვრონსკის როლს ოლივიეს მისცემდნენ, მაგრამ ამ როლზე მაინც სხვა მსახიობი დაამტკიცეს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ უარი თავად ლოურენსმა თქვა, რადგან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ კინოში ვივიენი მასზე უკეთ თამაშობს. თუმცა მას უარის თქმის მიზეზიც ჰქონდა, რადგან იმხანად კვლავ "ჰამლეტის" დასადგმელად ემზადებოდა და ოფელიას როლზე სრულიად ახალგაზრდა გოგონა ჰყავდა შერჩეული. ეს ფაქტი ვივიენისთვის ცოლქმრული ღალატის ტოლფასი იყო! ანა კარენინას როლი კი მან თავის შესაძლებლობებზე ბევრად უარესად შეასრულა თუნდაც იმიტომ, რომ უჭირდა ფრანგ რეჟისორ დიუვივიესთან მუშაობა, რომელიც ტოლსტოის რომანიდან ბანალურ მელოდრამას ქმნიდა.
მაშინ, როდესაც ვივიენ ლის პარიზში გადაღებები ჰქონდა, ლოურენს ოლივიეს ბუკინგემის სასახლეში რაინდის ტიტულს ანიჭებდნენ. ეს ფაქტი ოლივიემ ტელეფონით აცნობა მეუღლეს, ამ უკანასკნელმა მიულოცა ქმარს, თუმცა იქვე დასძინა - არასოდეს მიწოდოო "ლედი ოლივიე"! - და ამის მიზეზი არ იყო მხოლოდ ის, რომ მისმა თანამეცხედრემ ოფელიას როლზე სხვა ქალი მიიწვია.
ლოურენს ოლივიეს საკუთარი მიზნები გააჩნდა და გამუდმებით უარს ამბობდა იმ როლებზე, რასაც მას მეუღლესთან ერთად სთავაზობდნენ კინოს მოღვაწენი. სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშა ვივიენ ლიმ, ვთქვათ, დეზდემონას როლი, ან თუნდაც როქსანა "სირანო დე ბერჟერაკში". ოლივიეს განზრახული ჰქონდა "ოლდ ვიკის" ბაზაზე ეროვნული თეატრი შეექმნა, სადაც თავად იქნებოდა პროდიუსერიც, მთავარი რეჟისორიც და ძირითადი როლების შემსრულებელიც. ახალ თეატრში ვივიენისათვის ადგილი არ იყო გათვალისწინებული...
მანამდე კი "ოლდ ვიკი" საგასტროლოდ ავსტრალიაში გაემგზავრა. იმხანად ორი დიდი ინგლისელი მსახიობის, და თანაც მეუღლეების, დიდება ჭეშმარიტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდებოდა. ერთადერთი, რაც ჰარმონიას არღვევდა, მათი ხასიათები იყო. ვივიენი მთელი დასის სული და გული იყო. იგი გამუდმებით აწყობდა მხიარულ საღამოებს და პიკნიკებს, სერ ოლივიე კი ერიდებოდა საზოგადოებას, თვლიდა რა საკუთარ თავს მეტისმეტად მნიშვნელოვან პერსონად. აღარავის უკვირდა, რომ ცოლ-ქმარი ვეღარ უგებდა ერთმანეთს, რომ ხშირად კამათობდნენ და სკანდალებამდეც კი მიდიოდნენ. ამასთანავე ქალს ფსიქიური შეტევები გაუხშირდა, ოლივიე კი სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა თავის რიჩარდ III-ეს; იგი მსახიობებს ჯოხითაც კი სცემდა, გახდა უგულო, ეგოისტური და ძალაუფლების მოყვარული კაცი. არ შეიძლებოდა ეს ვივიენის ცხოვრებაზეც არ ასახულიყო.
და... ვივიენ ლის უარი აღარ უთქვამს, როცა ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა მის მიმართ "საგანგებო ყურადღება" გამოამჟღავნა. ეს ამბავი ოლივიეს ყურსაც მისწვდა და ასე დაიწყო მათ შორის აშკარა მტრობა. თვითმხილველების მონათხრობიდან ირკვევა, რომ ოლივიე ხშირად "მეძავად" იხსენიებდა ცოლს, ვივიენისთვის კი ქმარი მხოლოდ "ნაძირალა" იყო და სხვა არაფერი.
ლოურენს ოლივიემ მოგვიანებით ავტობიოგრაფიაში ჩაწერა: "მე ვივიენი ავსტრალიაში დავკარგე".
* * *
ინგლისში დაბრუნების შემდეგ ისინი მცირეოდნენ დამშვიდნენ და მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანეს. ოლივიემ მეუღლე ჟან ანუის "ანტიგონეშიც" კი ათამაშა... რა თქმა უნდა, მთავარ როლში, რასაც მსახიობმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. კრიტიკამ იგი ყველა დროის საუკეთესო მსახიობად მონათლა; ვივიენს კი ერთადერთი მიზანი ჰქონდა - დაემტკიცებინა ქმრისთვის, რომ მასზე ნაკლებად არ შეეძლო ტრაგიკული როლების თამაში და, ალბათ, ამიტომაც შეერწყა იგი ასე კარგად ანტიგონეს ხასიათს, უფრო სწორად მის მარტოობას. ოლივიე იძულებული გახდა ეღიარებინა მისი ტალანტი, მაგრამ მას არ შეეძლო, ან არ სურდა, გაეცნობიერებინა მეუღლის სულიერი მდგომარეობა და კვლავაც, აწ უკვე აშკარად, გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მას დიდებასა და ნიჭიერებაში სხვა ეცილებოდა.
....მათი სიყვარულის კვალიც აღარსად ჩანდა.
ვივიენმა მეგობრებს განუცხადა - "ჩვენი ოჯახი დასანგრევადააო განწირული" - მაგრამ მათ ერთად კიდევ ათი წელი იცხოვრეს.
ოლივიე-ლის დუეტის საქმიანი ურთიერთობანი კვლავ მომგებიანი იყო. მათს ერთობლივ სპექტაკლებზე იყო სრული ანშლაგი, კინოში მიღებული ჰონორარები კი თეატრის გასამრჯელოს ბევრად აღემატებოდა. ამიტომაც არ აპირებდნენ ისინი მაღალშემოსავლიანი "საოჯახო საწარმოს" დახურვას.
* * *
ოლივიეს ყურადღება მალე ბროდვეიზე მოდადქცეულმა პიესამ "ტრამვაი სახელად "სურვილი" (ავტორი - ტენესი უილიამსი) მიიპყრო და თავის თეატრშიც დადგა. ვივიენმა აქ ამორალური და ისტერიული ქალის, სახელად ბლანშ დიუბუას, როლი განასახიერა. პიესის მიხედვით ეს პერსონაჟი იძულებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავთ. ვივიენმა რაღაც გუმანით იგრძნო ამ ქალთან  მსგავსება და თამაშობდა ისე, როგორც საკუთარ თავს. რვა თვის განმავლობაში ეს სპექტაკლი ყოველ საღამო მაყურებელთა სავსე დარბაზს მასპინძლობდა. ვივიენი კვლავ ყურადღების ცენტრში და ქმრის შურის არეში მოექცა, მაგრამ ოლივიეს, როგორც თეატრის ხელმძღვანელს, არ შეეძლო მომგებიანი სპექტაკლი რეპერტუარიდან ამოეღო; მით უმეტეს, რომ სხვა სპექტაკლები, სადაც ვივიენი არ თამაშობდა, ზარალის მეტს არაფერს წარმოადგენდა. ამ სპექტაკლს ისეთი გრანდიოზული წარმატება ჰქონდა, რომ იანკებმა ერთხელაც დაარღვის ტრადიცია და "ნამდვილი ამერიკელი" ქალის როლზე ეკრანულ ვარიანტში უცხოელი ვივიენი მიიწვიეს. ფილმის გადაღება თეატრის რეჟისორ ელია კაზანს დაევალა, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა ის, რომ სხვა მსახიობებიც მხოლოდ თეატრალური წრიდან აიყვანა რეჟისორმა.
ასე და ამრიგად, ვივიენი მეორედ გაემგზავარა ამერიკის დასაპყრობად და ამჯერად ამ საქმემ მას დიდი სიამოვნება მიანიჭა. სხვათა შორის, სწორედ ამ ფილმში გამოჩნდა პირველად მარლონ ბრანდო, ვისთანაც ლიმ მცირე თავშეკავებულობის შემდეგ კარგი მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.
ბლანშის როლმა ვივიენ ლის მეორე "ოსკარი" მოუტანა!
1951 წლიდან, გადაღებების დასრულების შემდეგ ვივიენი ამერიკაში დარჩა და ბროდვეის სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. დამქანცველი შრომა ავიწყებდა მას მძიმე ოჯახურ ყოფას, მაგრამ ძირს უთხრიდა მის ჯანმრთელობას. იგი თავისი მეგობრის, სპენსერ ტრეისის, ბინაში ცხოვრობდა და თავის ოთახში არავის უშვებდა. მას დაეწყო ჰალუცინაციები, ძილში ბოდავდა, საჭმელს თითქმის არ ეკარებოდა. მიეძალა ალკოჰოლს, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ შეელია.
ინგლისში დაბრუნებისას კი, თვითნფრინავში, ვივიენს ისეთი საშინელი დეპრესია დაეწყო, რომ ლამის სამოსი შემოიხია ტანზე და თვითმფრინავიდან გადახტომას ითხოვდა. ყოველივე ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალი ქმრის ნებით და მცდელობით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოეთავსებინათ.
ინგლისურ კლინიკაში ვივიენმა რამოდენიმე თვე გაატარა, აქ ექიმების გადაწყვეტილებით დაუნიშნეს მას ელექტროშოკის სეანსები, რაც ათეული წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
არავინ იცის, საჭირო იყო თუ არა მის ფსიქიკაში ასეთი რადიკალური ჩარევა, თუმცა ის ფაქტია, რომ კლინიკაში მას მეტად უცნაურად, უფრო სწორად სასტიკად (!) მკურნალობდნენ, რაც მხოლოდ უმი კვერცხებით კვებას და შიშველი სხეულით ყინულოვან ზეწარში გახვევას გულისხმობდა. "ასე მეგონა, რომ შეურაცხადად მთვლიდნენ და იმიტომ მეპყრობოდნენ ასე ულმობლად. მე ხმის ჩახლეჩამდე ვკიოდი, ვუხმობდი ვინმეს, ვინც ამ საშინელებიდან მიხსნიდა" - განაცხადა ერთხელ დიდმა მსახიობმა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფსიქიური აშლილობის პროვოცირება ტუბერკულოზის მკურნალობისათვის არასწორად შერჩეულმა მედიკამენტებმა გამოიწვიეს. ასევე მოგვიანებით ჩატარდა ექსპერტიზა, რამაც ნათელყო. რომ ვივიენ ლის ჯანმრთელობის გაუარესება მეთოდურად და მიზანმიმართულად, მაგრამ გაუცნობიერებლად, ხდებოდა მედიკოსების მცდელობით... თუმცა ყველაფრის სათავე მაინც ვივიენის სიჯიუტე იყო, რაც, სიავესთან ერთად, შველოდა კიდეც მას, რადგან საკუთარ ორგანიზმსაც კი ეურჩებოდა და თამაშს განაგრძობდა.
კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ვივიენმა კვლავ დაიწყო მუშაობა. მას ერთდროულად რამდენიმე კარგ პიესაში მთავარი როლები შესთავაზეს. იგი კვლავ ოლივიესთან ერთად თამაშობდა; ისინი ცდილობდნენ კეთილგანწყობილი მეუღლეების იმიჯი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ყველასათვის ცხადი იყო, რომ მათი ქორწინება აღარ არსებობდა.
ვივიენი ახლა უფრო ხშირად ხვდებოდა ყოფილ ქმარს და ქალიშვილს; მის გვერდით იყო გამუდმებით დედა, მისის ჰარტლი. ოლივიემ მეგობართა საკუთარი წრე გაიჩინა და თავისუფალ დროს მათთან ატარებდა. ვივიენს ჰყავდა ერთადერთი მეგობარი, ახალგაზრდა მსახიობი პიტერ ფინჩი, რაც ოლივიეს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ეჭვზე... საოცარი ის არის, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი სცენაზე ერთად თამაშს! ალბათ, იმის წყალობით, რომ ორივე ჭეშმარიტი მსახიობი იყო და სცენაზე ყველაფერი ავიწყდებოდათ.
1957 წელს ოლივიემ მერილინ მონროსთან ერთად ითამაშა ფილმში "პრინცი და მსახიობი გოგონა" და გავრცელდა ჭორი, რომ მათ შორის რაღაც რომანი ჩაისახა, მაგრამ ჭორი ჭორად დარჩა. მონრო მას შემდეგ ორიოდეჯერ ინგლისშიც ჩავიდა ქმართან, არტურ მილერთან ერთად და მათ ოლივიე-ლის ოჯახში გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს.
სინამდვილეში ასაკში შესულმა ოლივიემ (მან ორმოცდაათს გადააბიჯა) სხვა საყვარელი გაიჩინა - ახალგაზრდა მსახიობი ჯოან პლოურაიტი და როცა მან სიყვარულში ღრმად შეტოპა, დღის წესრიგში განქორწინების საკითხი დადგა. ოლივიე ვერაფრით ახერხებდა ამ სურვილის გამჟღავნებას მეუღლესთან, რადგან შიშობდა ქალს ფსიქიური შეტევები არ განახლებოდა, მაგრამ მაინც იძულებული შეიქნა ეთქვა. ეს ფაქტი ვივიენმა თითქოს აუღელვებლად აღიქვა, მაგრამ ღამით კარზე ბრახუნი დაიწყო და უშვერად ლანძღავდა (ჯერ კიდევ) ქმარს. ოლივიე იძულებულ გახდა ძალით შეეთრია იგი საძინებელში და საწოლისკენ ჰკრა ხელი. ვივიენი საფეთქელით მიეჯახა საწოლის კიდეს და ამჯერად გადარჩა. ლოურენსი იძულებული გახდა გაშორებოდა იმ სახლს სამუდამოდ.
1957 წლის დეკემბერში ვივიენის ქალიშვილი სუზანა გათხოვდა. ოლივიე ჯვრისწერაზე მიიწვიეს; იგი ათიოდე წუთით გამოცხადდა, მიულოცა ახლადშეუღლებულებს და წავიდა. ვივიენის გვერდით ჰოლმანი დარჩა. ახლა მხოლოდ ეს კაცი იჩენდა მის მიმართ მზრუნველობას და ყურადღებას.
სახელგანთქმული ვივიენ ლი კვლავ განაგრძობდა სპექტაკლებში თამაშს, მაგრამ ამჯერად ოლივიეს გარეშე. მას თუნდაც საარსებოდ სჭირდებოდა მუშაობა, მას აღარაფერი გააჩნდა, რადგან მთელი მისი ჰონორარები ოლივიეს გრანდიოზულ სპექტაკლებში გაიფლანგა.
1958 წელს ვივიენის 45 წლის აღსანიშნავად ოლივიემ მას "როლს-როისი" აჩუქა და კვლავ სთხოვა განქორწინების ნებართვა. ქალმა უარი განაცხადა.
მალე ვივიენი ბებია გახდა.
ოლივიე პლოურაიტთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იგი დროდადრო ინგლისშიც ჩადიოდა, რათა ვივიენთან ერთად ნაირგვარ ღონისძიებაში მოეღო მონაწილეობა. 1960 წელს კი განქორწინების პროცესი მაინც შედგა.
ასე დასრულდა ლეგენდა ორი დიდი მსახიობის დიდი სიყვარულისა, რაც ოცდახუთი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო.
მარტოდდარჩენილი ვივიენ ლი შვიდი წლის განმავლობაში კვლავ თამაშობდა სცენაზე და ორ ჰოლივუდურ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ტუბერკულოზმა საბოლოოდ მოუსწრაფა მას სიცოცხლე.
შვიდი წლის განმავლობაში მას ჰყავდა უახლოესი მეგობარი, მსახიობი ჯონ მერივეილი და იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ისინი იქორწინებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა.
"ჰოლმანმა მე ცხოვრება მასწავლა, ოლივიემ - სიყვარული, მერივეილმა კი - მარტოობა" - ასეთი შეფასება მისცა ვივიენ ლიმ საბოლოოდ მისი ცხოვრების თანამგზავრ მამაკაცებს.
* * *
1967 წლის 7 ივლისს საწოლსმიჯაჭვულმა ვივიენ ლიმ მარტოობაში დალია სული, უფრო სწორად საწოლიდან გადმოვარდა და ისე გარდაიცვალა.
....მან ამქვეყნად მხოლოდ 53 წელი და რვა თვე იცოცხლა...
1967 წლის 8 ივლისს ლონდონის ყველა თეატრში წუთიერი დუმილი გამეფდა, ყველა თეატრში წუთიერად ჩაქრა რამპა და დარბაზში უკუნეთი გამეფდა....  ყველამ თავი დახარა ვივიენ ლის ხსოვნის წინაშე.
...წმინდა მარტინის ტაძარში, ვივიენ ლის ცხედართან დამშვიდობებისას, ლოურენს ოლივიე მოშორებით, სვეტსამოფარებული იდგა, მდუმარედ უსმენდა ჰენდელის მუსიკას და აწ უკვე უსულოდ დარჩენილ ვივიენთან მდუმარე მიზანსცენას თამაშობდა და ნელინელ ეშვებოდა ფარდა უკანასკნელი დიდი სპექტაკლისა...
* * *
22 წლის შემდეგ ვიღაც სტუმარმა შეაღო ოთახის კარი, სადაც 82 წლის ლოურენს ოლივიე მარტო იჯდა სავარძელში და უყურებდა ერთ ძველ ფილმს ვივიენ ლის მონაწილეობით.
"ეს იყო მსახიობი! - მოესმა სტუმარს ოლივიეს ხმა - ეს იყო ნამდვილი მსახიობი!" 

Комментариев нет:

Отправить комментарий