Gina Lollobrigida
დაიბადა 1927 წლის 4 ივლისს
დაიბადა 1927 წლის 4 ივლისს
ლოლობრიჯიდა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია მსოფლიო კინოხელოვნებაში, ვისაც მთელი ეპოქისა და თაობის სიმბოლოობა არგუნა ღმერთმა. ეს არის ქალი, რომლის სახელის ხსენება 50-60-იან წლებში სილამაზის, უფრო სწორად მომაჯადოებელი მშვენიერების ტოლფასი იყო და რაც ყველაზე მთავარია, მან ეს "იმიჯი" დღემდე შეინარჩუნა, მაშინ როცა მისი თანამედროვე ბევრი მშვენიერი და ნიჭიერი მსახიობი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. ყოველივე ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ჯინა ლოლობრიჯიდა, მიუხედავად თავისი განუზომელი პოპულარობისა, არასოდეს იყენებდა ბოროტად ამ დიდებას, ანუ "თავაშვებული ვარსკვლავიერი" ცხოვრებით არ ცხოვრობდა და მანკიერი სკანდალებით არასოდეს კვებავდა ჭორისა და მითქმა-მოთქმის მოყვარულებს.
ამის მიზეზი, შესაძლოა, ის გახლავთ, რომ ჯინა მარავლმხრივი ხელოვანია და ხელოვნებას არასოდეს უყურებს "გამოყენებითი" მიზნით.
* * *
Lillo, როგორც მას თაყვანისმცემლები მოიხსენიებენ, დაბადებითვე იყო "განწირული" პოპულარობისათვის და ამის საბუთად თუნდაც იმ ფაქტის მოყვანა შეიძლება, რომ 1930 წელს 3 წლის ჯინა (იტალიის პროვინცია აბრუძანას ქალაქ სუბიაჯოს მკვიდრი) იტალიის ულამაზეს ჩვილად აღიარეს. გარწმუნებთ, მსგავს ფაქტს ვერცერთი ვარსკლავის ბიოგრაფიაში ვერ შეხვდებით; თუმცა, როგორც ამ წერილის პათოსიდან გრძნობთ, ჯინას ეს პოპულარობა "თავში არ ავარდნია" და ბავშვობის დანარჩენი ხანა მუსიკის, სიმღერის, სკულპტურისა და ფერწერის შესწავლას მოანდომა.
...და მაინც, მიუხედავად ასეთი მიზანმიმართული აღზრდისა, იტალიელი ლამაზმანების ბიზნესით დაკავებული ადამიანები არასოდეს ანებედნენ თავს ჯინას და გამუდმებით ნაირგვარ კონკურსებზე იწვევდნენ, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებეს ვეღარ აღწევდა ჯინა ამ სფეროში, ალბათ, იმიტომ რომ ტანაშოლტილი ლამაზმანების გვერდით მისი მინიატურული ფიგურა დიდ შთაბაეჭდილებას ვეღარ ახდენდა და ყველაზე მეტი, რაც მისთვის გაიმეტეს ამ სფეროს ბიზნესმენებმა, 1947 წლის მის იტალიის კონკურსზე მე-3 ადგილი იყო.
* * *
მაგრამ, საბედნიეროდ ამქვეყნად არსებობს ისეთი მშვენიერი სფერო, რასაც კინო ჰქვია და სწორედ მან მოქცია თავის კლანჭებში ეს მშვენიერი გოგონა, რომელსაც სულ მალე ერგო ტიტული, რომელსაც. ალბათ, სხვა ვერასოდეს მიიღებს - თანამემაულეებმა მას “Gina Nazionale” უწოდეს და ეს იმ ორიოდე ფილმის შემდეგ მოხდა, რაც 50-იანი წლებისათვის ევროპულ კინოში მთელ ეპოქად იქცა; ესენია კრისტიან ჟაკის "ფანფან ტიულპანი" (Fanfan La Tulipe, 1951) და რენე კლერის "ღამის ლამაზმანები" (Les Belles De Nuit, 1952); ეს ფილმები იმდენად მნიშვნელოვანი კინონაწარმოებები აღმოჩნდა, რომ ისინი თვით საბჭიურმა ცენზურამაც კი ვერ დაიწუნა და თავისი (საბრალო საბჭოელი) მაყურებლის სანახავადაც გაიმეტა.
საერთოდ ჯინა ლოლობრიჯიდას 1946-85 წლებში 70-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ ყოველი როლი საგანგებო მოვლენა იყო. ასეთ მოვლენად რამოდენიმე ფილმი შეიძლება ჩაითვალოს, თუნდაც ლუიჯი კომენჩინის ფილმები "პური, სიყვარული და ფანტაზია" (Pane, Amore e Fantasia, 1953) და `პური, სიყვარული და ეჭვიანობა~ (Pane, Amore e Gelosia, 1954), მაგრამ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დიდი მოვლენა მაინც ჯინა ლოლობრიჯიდას მიერ განსახიერებული ესმერალდა იყო ვიქტორ ჰიუგოს რომანის ეკრანიზაციაში - "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" (NOTRE-DAME DE PARIS, 1957).
* * *
ევროპა ევროპად, მაგრამ, მოგეხსენებათ კინოს მექა მაინც ჰოლივუდია და იქაურმა ბიზნესმენებმა არ დაიშურეს მცდელობა, რათა ჯინა ლოლობრიჯიდა ამერიკაში გადაებირებინათ და მისგან, როგორც ეს ამერიკელებს კარგად სჩვევიათ "რაღაცის სიმბოლო" შეექმნათ ბიზნესის საკეთილდღეოდ.
ჯინა წავიდა ამერიკაში! ამერიკაში, სადაც მერილინ მონროს ზეობის ხანა იდგა!
ჰოლივუდში ჯინამ თითქმის ხუთი წელი გაატარა (1961-66 წწ.) და გარკვეული რაოდენობის ფილმებშიაც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მალე დარწმუნდა თავადაც და მისი მიმპატიჟებლებიც, რომ ჰოლივუდი ლოლობრიჯიდას საქმე არ იყო... რომ მისი ინტერესები უფრო ნამდვილი ხელოვნების ფარგლებშია მოქცეული და ნაკლებად ექვემდებარება კინოწარმოების ინტერესებს...
ამასობაში ასაკმაც თავის ქნა, მისი ოდნავ შელახული მშვენერებით ვეღარ კმაყოფილდებოდნენ რეჟისორები და ჯინას მისი პროფესიისა და პოპულარობის პიროვნებისათვის მეტად უცნაური გატაცება გაუჩნდა - ეს ფოტოგრაფია გახლავთ. ამ ფაქტს კინოვარსკვლავმა ასეთი ახსნა მოუძებნა: "ეს ერთგვარი შურისძიებაა კინოსამყაროზე. იქ მე ვაკეთებდი იმას, რაც სხვებს სურდათ, ფოტოკამერა კი მე არჩევანის სრულ თავისუფლებას მაძლევს". და შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროშიც გასაოცარ წარმატებებს მიაღწია ჯინამ, იგი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფოტოხელოვანდ აღიარეს, მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოს მოედო და საოცარი სინამდვილით ასახავდა 70-80-იანი წლების ადამიანთა ცხოვრებას. 1976 წელს ჯინამ რეჟისორობაც სცადა, ოღონდ არა მხატვრულ კინოში, არამედ კინოდოკუმენტალისტიკაში და თავის ნამუშევრის თემად მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი პიროვნება, ფიდელ კასტრო აირჩია.
* * *
ამბობენ, ასაკში შესულ ჯინას ხასიათი დაუმძიმდაო და ამის დასტურად ბერლინის კინოფესტივალზე ატეხილი სკანდალი მოჰყავთ, როცა ჯინამ ჟიური არაობიქტურობაში ამხილა, მაგრამ ეგებ ეს ასაკი კი არა სამართლაინობის სამსახურია.
* * *
ჯინას ჰყავს ვაჟი მილკო, მისი ქმარი კი ეროვნებით უნგრელი გახლდათ...
Комментариев нет:
Отправить комментарий