пятница, 12 сентября 2014 г.

გრეტა გარბო

Greta Garbo

ნამდვილი სახელი და გვარი
გრეტა ლოვისა გუსტაფსონი

დაიბადა 
1905 წ 18 სექტემბერს, სტოკჰოლმში
გარდაიცვალა 
1990 წ 15 აპრილს ნიუ-იორკში

36 წლის ასაკში, ბრწყინვალე კარიერის მწვერვალზე ყოფნისასა გრეტა გარბომ მოულოდნელად მიატოვა კინო. შეთხზული სახელით - "მის ჰარიეტ ბარუნი" - იგი ნიუ-იორკის სასტუმროების აპარტამენტებში მიიმალა, რათა სამუდამოდ ქცეულიყო ლეგენდად... ზღაპრად... ზმანებად.

...ჟურნალისტებმა მაინც მიაკვლიეს მის სამყოფელს და სასტუმროს მოხელეები ქრთამით აავსეს, რომ როგორმე მოეგდოთ ხელთ ინფორმაცია კინოვარსკვლავის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ამგვარ განცხადებებს ისმენდნენ - "მის ბრაუნი თითქმის არ არსებობს, უბრალოდ დროდადრო მისი მატერიალიზება ხდება სივრცის გარკვეულ ნაწილში..."

...უკანასკნელი ფილმი მისი მონაწილეობით 1941 წელს დასრულდა. მან 1990 წლამდე იცოცხლა და ამ ხნის განმავლობაში არცერთ თავშეყრაზე არ გამოჩენილა, არცერთი ინტერვიუ არ მიუცია... 60-იანი წლების გარიჟრაჟზე იგი ერთადერთხელ დაენახა ხალხს, როცა მექსიკელი ინდიელების ყოფისადმი მიძღვნილი გამოფენაზე გაემგზავრა... ჟურნალისტები აედევნენ მის კვალს, მაგრამ მუზეუმის დარბაზებში მაინც ვერსად წააწყდნენ და... წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მუზეუმის ერთი თანამშრომლის გაოცება, როცა გამოფენის დახურვის შემდეგ გრეტა გარბო ინდიელთა საექსპონატო გამოქვაბულიდან გამოვიდა...

* * *
მაინც რა იყო მასში ისეთი, რაც კინოკარიერის დამთავრებიდან ათი, ოცი, ოცდაათი და ორმოცდაათი წლის შემდეგაც კი აღელვებდა პუბლიკას? რა აიძულებდა რეპორტიორებს, რომ ჩუმად ეცქირათ მის ფანჯარაში ერთი პატარა კადრის მოსაპოვებლად, ჟურნალისტებს კი სასტუმროს პერსონალი მოესყიდათ ორიოდე სტრიქონის დასაწერად?
- პირველი - გრეტა გარბო იყო ლამაზი ქალი! მართალია, ბევრი ლამაზმანი უნახავს ჰოლივუდს, მაგრამ თუკი ამ ქალბატონებს გადაღებამდე სპეციალური კოსმეტიკური პროცედურის ჩატარება სჭირდებოდათ, გარბოს სილამაზე არაფერს მსგავსს არ საჭიროებდა: მისი გადაღება შეიძლებოდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერი განათებით - იგი ყველგან მშვენიერი იყო.
- მეორე - გრეტა გარბო დიდი მსახიობი იყო! იგი თამაშობდა დედოფლებსაც და ობოლ მაწანწალებსაც, ანა კარენინასაც და მატა ჰარისაც... ეს ადამიანი ახერხებდა აბსოლუტური დამაჯერებლობით გარდასახულიყო ნებისმიერ პერსონაჟად. რაღაც იდუმალი ინტუიცია კარნახობდა იმას, რაც არ იცოდნენ არც სცენარისტებმა, არც პროდიუსერებმა და არც რეჟისორებმა და ეს ხდებოდა არა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე. 

30-იან წლებში ჰოლივუდს შვედეთის ტახტის კრონპრინცი ეწვია და, ბუნებრივია, მოისურვა გარბოსთან ეთად ესადილა. სადილი მართლაც მეფური იყო, გრეტა გვირგვინოსნის გვერდით იჯდა და გაოცებული უმზერდა იმ ნაირგვარ დანა-ჩანგალს და სხვა საგნებს, რაც მას ცხოვრებაში არასოდეს ენახა. გარბომ გადაწყვიტა თვალი ედევნებინა პრინცისათვის და იმავე ნივთებით ესარგებლა, რასაც დიდი სტუმარი მოიხმარდა, მაგრამ მოხდა კურიოზი - პრინცი იმდენად ააღელვა ამ უმშვენიერესი ქალის სილამაზემ, რომ სრულიად არამიზნობრივად იხმარდა მაგიდის ინვენტარს, რასაც ზუსტად იმეორებდა გრეტა გარბოც!

- მესამე - ამ ადამიანში იმალებოდა რაღაც იდუმალი ძალა... თითქმის იისფერ თვალებში ენით გამოუთქმელი სიღრმე მოჩანდა, რასაც იმდენად დიდი წამწამები ერტყა გარს, რომ მათი ყოველი დაფახულება პეპლის გაფრენის ხმას გამოსცემდა... მისი ფანტასტიური აღნაგობა მამაკაცებში ასეთივე ფანტასტიურ სექსუალურ ჟინს აღძრავდა. მისი ყოველი მიმოხვრა იმდენად გრძნობიერი იყო, რომ არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ქალთა ყურადღებასაც იპყრობდა. რეჟისორმა ჯორჯ კიუკორმა მის შესახებ თქვა: "მას შეუძლია ერთი შეხედვით ვნების ტყვეობაში მოგაქციოთ, მას შეუძლია თქვენთან ღამეც გაატაროს, დილით კი ზიზღით მოგიშოროთ თავიდან, მაგრამ ჭეშმარიტ გრძნობიერებას გრეტა გარბო მაინც კინოკამერისათვის ინახავს!..."

* * *
გრეტა ლოვისა გუსტაფსონი 1905 წელს სტოკჰოლმში მოევლინა ქვეყნიერებას. მისი ოჯახი არათუ არ იყო მდიდარი, საშინელ სიღარიბესაც კი განიცდიდა. მშობლებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ სამ ქალიშვილს სწავლის პირობები შეუქმნეს. 14 წლის ასაკში გრეტას მამა გარდაეცვალა და იგი იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა, რათა რაიმე სამსახური ეშოვა. მან ეს მოახერხა კიდეც და მზა სამოსის მაღაზიაში შლაპების მოდელიორად მოეწყო. იქ მის მშვენიერებას ვიღაცამ მოჰკრა თვალი და შვედეთის ყველაზე ცნობილ რეჟისორს, მორიც სტილერს აცნობეს, რომ სტოკჰოლმში კინოს მომავალი ღვთაება დადის და არც შემცდარან. 
პირველი, რაც სტილერმა გააკეთა, გვარის შეცვლა გახლდათ. მან გუსტაფსონს უფრო ჟღერადი გარბო არჩია და სულ მალე, როცა იგი ჰოლივუდში სამუშაოდ მიიწვიეს, ახლადმონათლული გრეტა გარბოც თან წაიყვანა. მაგრამ სტილერს ამერიკაში მკაცრ ჩარჩოებში ჩატევა მოსთხოვეს - მას უნდა გადაეღო ორი ფილმი უკვე წინასწარშერჩეული მსახიობების გამოყენებით. ასე რომ, გრეტას დებიუტი არ შედგა, რამაც საბოლოოდ დააშორა კიდეც ეს ორი ადამიანი ერთმანეთს.

გრეტა გარბო მატო დარჩა, მან არათუ ჰოლივუდის ზნე-ჩვეულებანი, ინგლისური ენაც კი არ იცოდა და აბა, რას გახდებოდა იმ ეპოქის კინოინდუსტრიაში გაქექილ ვარსკვლავებთან თუ რიგით მსახიობებთან, მაგრამ ამ ქალის მშვენიერება იმდენად მომნუსხველი იყო, რომ მას ვერცერთი ნორმალური მამაკაცი გვერდს ვერ აუვლიდა და ყველა არცოდნას აპატიებდა. ასეც მოხდა - გრეტა გარბო ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს და ფილმის გამოსვლის მეორე დღესვე იგი ვარსკვლავად შერაცხეს.
ასე დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერა, რამაც ერთ მშვენიერ დღეს გრეტა გარბო "ანა კარენინასთან" მიიყვანა. ამ ფილმში მისი პარტნიორი იყო ჰოლივუდური მუნჯი კინოს უპირველსი არტისტი, თვალისმომჭრელი მომხიბვლელობის მამაკაცი ჯონ გილბერტი, რომელმაც გადაღების პირველსავე დღეს დაიგვიანა და როცა გრეტას წარუდგინეს, ქალის შვედური აქცენტით ნათქვამი რაღაც ასეთი ფრაზა მოესმა - "სად იყავით აქამდე, სერ?!", მაგრამ გილბერტმა ეს სიტყვები ვერ გაიაზრა, რადგან გრეტა გარბოს იისფერი თვალების სიღრმეში იძირებოდა... ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მეორე დღესვე ხელი ეთხოვა ჰოლივუდის ნებიერს დამწყები მსახიობი ქალისათვის და თანხმობაც კი მიიღო, მაგრამ...
ქორწინების წინა ღამე გარბომ და გილბერტმა ერთად გაატარეს, დილით კი სრულიად მოულოდნელად ქალს გაქცევის სურვილი გაუჩნდა. კაცმა ეს ჩვეულებრივ ახირებად მიიჩნია და დანიშნულ საქორწილო რიტუალზე მაინც გამოცხადდა იმ იმედით, რომ გრეტა დაუბრუნდებოდა, მაგრამ საპატარძლო არ გამოცხადდა და ჰაერში სკანდალის სუნი დატრიალდა... სტუდია MGM-ის ხელმძღვანელი ლუის მეიერი გილბერტის დამშვიდებას შეეცადა და დაახლოებით ასეთი რამ უთხრა - "ნუ დარდობ, ძმობილო, ლამაზ ქალთან გატარებული ღამე ხომ შეგრჩებაო!" და იმავ წამს ისეთი დარტყმა მიიღო უპატარძლო სიძისაგან, რომ უგონოდ დაეცა ძირს. ის იყო და ის, 37 წლის ჯონ გილბერტი აღარასოდეს გამოჩენილა ეკრანზე... ლუის მეირმა სამუდამოდ მოუსწრაფა მას კინოკარიერა.

* * *
უცნაურად თავმოყვარე და დამოუკიდებელი აღმოჩნდა ეს გაიდეალებული შვედი ქალი. მისი ნაცნობები ამბობდნენ, რომ ამ ქალს შეუძლია იდუმალებად აქციოს ჩვეულებრივი დილის საუზმეც კიო. მოგვიანებით კი, უფრო წონაშემატებულ ვარსკვლავად ქცეულ გრეტას უკვე იმდენად შეეძლო გარემომცველთა ნება-სურვილის დამორჩილება, რომ ნებისმიერ კონფლიქტში აუღელვებლად წარმოთქვამდა - "მე ეს ყველაფერი მომბეზრდა... დროა, შვედეთში დავბრუნდე" - და დიდიან-პატარიანად მთელი ჰოლივუდი მის წინაშე მუხლებზე ეცემოდა ვედრებით, რომ ეს არ მოემოქმედებინა ცოცხლად მოარულ ქალღმერთს.

* * * 
30-იანი წლების ბოლოს გრეტა გარბო გადაიღეს ფილმში "ნინოჩკა", სადაც მისი ნიჭიერების კიდევ ერთი წახნაგი წარმოჩნდა. 1941 წელს კი ჰოლივუდთან მისი კონტრაქტის ვადა ამოიწურა და დაიწყო მითქმა-მოთქმა ახალი კონტრაქტის შესახებ, რაც სახელოვან მსხიობს უფრო დიდ პერსპექტივას ჰპირდებოდა, მაგრამ ქალმა ყველასათვის მოულოდნელად პროდიუსერებისა და რეჟისორების მთელ არმიას მშვიდად განუცხადა - "მე მინდა მარტო ვიყო!" - და აასრულა კიდეც ეს.

...თუმცა ნიუ-იორკის სასტუმროში გამოკეტილი ქალის შესახებ ამ სასტუმროს ერთმა მოსყიდულმა მოხელემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას რომანი აქვს გაბმული სესილ ბიტონთან, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირადი ფოტოგრაფი გახლდათ და რომელმაც მოგვიანებით "ოსკარიც" კი მიიღო, როგორც ფილმ "ჩემი მშვენიერი ლედის" ფოტოგამფორმებელმა.
ბიტონმა და გარბომ ერთმანეთი 1932 წელს გაიცნეს, როცა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ფოტოგრაფმა მიიღო ნებართვა მსახიობის პორტრეტი შეექმნა. გამოთხოვებისას გარბომ მას ვარდი აჩუქა, რომელსაც ბაგეებითაც კი შეეხო. ბიტონმა დიდი სიყვარულის ნიშნად ეს ვარდი 1946 წლამდე შეინახა და დაუფასდა კიდეც - გარბო თავად შეუძღვა ცნობილ ფოტო ხელოვანს საკუთარ აპარტამენტებში. რამოდენიმე საათის შემდეგ გაბრუებლი და ბედნიერი კაცი ნიუ-იორკის ხმაურიან ბრბოს შეერია და საბოლოოდ იგრძნო, რომ ამ ქალის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
ამ დღიდან მოყოლებული 20 წლის განმავლობაში ცდილობდა სესილ ბიტონი განდეგილად ქცეული გრეტა გარბო ცოლობაზე დაეთანხმებინა; იგი ლონდონში ცხოვრობდა და სატრფოს ყოველ გამოხმაურებაზე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ნიუ-იორკში, მაგრამ ამაოდ. ამ ყველაფერმა საბოლოოდ კომიკური იერი შეიძინა, როცა გარბოს და ბიტონის ასაკი 60-ს გადასცილდა. ბიტონი 1980 წელს გარდაიცვალა და ანდერძად დატოვა, რომ სატრფოსაან საჩუქრად მიღებული ვარდი მისთვის საფლავში ჩაეყოლებინათ... ამ ვარდს იგი 48 წლის განმავლობაში ინახავდა!

* * *
გარბო თითქმის არაფერს კითხულობდა, არ დადიოდა კინოში. ფელინის თუ ძეფირელის სახელები მისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო. ერთხელ, ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობისას მას ახლადგამოცემული წიგნი მიართვეს, სადაც მისივე შემოქმედებითი ბიოგრაფია იყო აღწერილი; გარბომ რაღაც მადლობის სიტყვები ჩაიბურტყუნა და წიგნი ზღვაში მოისროლა.
მასთან დაახლოებული თითოოროლა ადამიანი აღნიშნავდა, რომ იგი ბავშვურად კაპრიზული და ეგოისტური პიროვნება იყო და მოითხოვდა, რომ მთელ მსოფლიოს ყოველთვის ყვარებოდა. იგი არანაირ წვეულებაზე არ დადიოდა, არ პასუხობდა წერილებზე. თუკი ვინმე ყურადღების ნიშნად საჩუქარს მიართმევდა, ბარათის წაუკითხავად უკან აბრუნებდა ძღვენს.
...თუმცა გრეტა გარბო იშვიათად ყველაზე სასურველი სტუმარი იყო უინსტონ ჩერჩილის, არისტოტელე ონასისის თუ როტშილდების ვილებში. ამ "დახურული" ვახშმების მონაწილენი დროდადრო წერდნენ, რომ იქ გრეტა გარბო მთელი თავისი ბრწყინვალებითა და ნიჭიერებით ელავდა, თუმცა კი ასაკის ნაკვალევი მაინც გამოჭვიოდა ქალის უზადო მშვენიერებაში....

* * *
გრეტა გარბოს სიკვდილის შემდეგ მისი დიდი ქონება, 32 მილიონი დოლარი მემკვიდრეობით ერთ-ერთ დისშვილს ერგო. მისი სურვილი იყო, რომ სტოკჰოლმში დაეკრძალათ, მაგრამ მთელმა რიგმა იურიდიულმა სირთულეებმა გამოიწვია ის, რომ ურნა, სადაც მისი ფერფლი იყო მოთავსებული, ცხრა წლის განმავლობაში ნიუ-იორკის დამკრძალავ კანტორაში ინახებოდა. ამ დროის განმავლობაში შვედეთის დაზვერვამ მოიძია მასალები იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში საგანგებო მისიით აღჭურვილი გრეტა გარბო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდა. გაირკვა, რომ ამ ქალის კავშირები და გავლენა ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი იყო იმისა, რომ ფაშისტებმა ვერ შეძლეს ატომური იარაღის შექმნა.

ამქვეყნიდან წავიდნენ ყველა ისინი, ვინც გრეტა გარბოს იდუმალი რომანებისა და თავგადსავლების მოწმე იყო, თუმცა არც მათ შეეძლოთ ერთმნიშვნელოვნად გაეცათ პასუხი კითხვაზე - რატომ მიატოვა გრეტა გარბომ კინო?

ბოლოსდაბოლოს ცხრაწლიანი იურიდიული გაწამაწია დასრულდა და შვედეთის მთელი დედაქალაქი შეიკრიბა სტოკჰოლმის სასაფლაოზე, რათა უკანასკნელად შეხვედროდა და დამშვიდობებოდა დიდ მსახიობს. მაგრამ ცერემონია არ შედგა. გრეტა გარბო სიკვდილის შემდეგაც ერთგული დარჩა მარტოობისა...  მისმა დისშვილმა რაღაც შეუცნობი შინაგანი ხმის კარნახით დარძალვა მეორე დღისათვის გადაიტანა; მას ახლაც არ შეუძლია ამგვარი გადაწყვეტილების ახსნა, იგი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ცერემონია მოუაზრებელი ძალის ზემოქმედებით ჩაშალა...
გენიალურმა მსახიობმა და უმშვენიერესმა ქალმა საკუთარი ფერფლიც კი მარტოობაში მიაბარა მიწას!

გაზეთი "ფანტაზია" #241, 2001 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий