გრეის კელი (Grace Kelly) დაიბადა 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში.
იმხანად მამამისი, ჯეკ კელი, ქალაქის ნამდვილი გმირი იყო. მის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თანამოქალაქენი. დაიწყო რა უბრალო კალატოზად მუშაობა, ჯეკი მალე გახდა საკუთარი ფირმის - `კელი. აგურის სამუშაოები~ - მფლობელი. სწორედ ამ ფირმამ გახადა მომავალი პრინცესას მამა მილიონერი. გარდა ამისა, ეს კაცი თავგამოდებული სპორტსმენი გახლდათ და 1920 წელს ოლიმპიური ჩემპიონიც კი გახდა ნიჩბოსნობაში, რამაც მისი პოპულარობა ერთი ათად გაზარდა. იგი საკუთარ ოთხ შვილსაც ნამდვილ სპორტსმენებად ზრდიდა და პირველი მწვრთნელიც თავად გახლდათ მათი.
მისი მეუღლე, მარგარეტ მაიერი, ნამდვილად შეეფერებოდა სახელოვან ქმარს თავისი მშვენიერებით - ეს იყო მაღალი, წარმოსადეგი ქერათმიანი ქალი, სათნო გამომეტყველებით და მტკიცე ხასიათით. მარგარეტი წარმოშობით გერმანელი იყო, მაგრამ გათხოვების შემდეგ ქმრის კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო და შვილებსაც რელიგიური სულისკვეთებით ზრდიდა.
* * *
პატარა გრეისს განსაკუთრებით მამა უყვარდა და მუდამ ცდილობდა მიებაძა მისთვის, მაგრამ მტკიცე ხასიათი და დასახული მიზნისათვის ბრძოლა ნამდვილად დედისაგან დაჰყვა.
ბუნებით კი გულჩათხრობილი და მეოცნებე ბავშვი ყოფილა და საათობით შეეძლო თურმე განმარტოებულს ეთამაშა თავის თოჯინებთან და მათთვის ნაირგვარი ამბები და პიესები შეეთხზა. მაგრამ, როგორც ითქვა, მამა სპორტულ გართობებს არ აკლებდა, მით უმეტეს, რომ გრეისი საოცრად მოქნილი და ელასტიური იყო, ამიტომაც მოწიფულ ასაკში სერიოზულადაც კი გაჰყვა ერთხანს ტანვარჯიშს.
თუმცა მარტოობა და თავგადასავლების თხზვა უფრო იტაცებდა ჩვენი თხრობის გმირს, რასაც უდავოდ ხელს უწყობდა ბიძამისი, მსახიობი და დრამატურგი ჯორჯ კელი, რომლის ხელშეწყობითაც გადაეშვა იგი თეატრალურ სამყაროში, მაგრამ მანამდე სკოლა უნდა დაემთავრებინა, სადაც გოგონა 1934 წელს მიაბარეს. ეს იყო ნახევრად სასულიერო დანიშნულების სასწავლებელი, რასაც მეტად ამბიციური სახელი `ღვთისმშობლის აკადემია~ ერქვა და სადაც უმთავრესად დახვეწილი მანერების შესწავლაზე იყო გადატანილი ყურადღება.
გასაკვირი არაა, რომ გრეისი თავისი მორჩილებითა და ზრდილობით გამოირჩეოდა, თუმცა რაიმე საგანგებო სწრაფვა მეცნიერებებისადმი მას არ გააჩნდა (...და არც არავინ აძალებდა) და მთავარი, რაც ამ `აკადემიიდან~ გამოიტანა, იყო უსაზღვრო რწმენა რელიგიური მოძღვრებებისა და სწავლებებისადმი.
თუმცა...
ყველა ამჩნევდა, რომ ამ უკარება და ცივი გოგონას ბუნებაში რაღაც ეშმაკი იმალებოდა, რაც აუცილებლად იჩენდა თავს... ოდესმე. ამასობაში მას გარდატეხის ასაკიც დაუდგა, ამასობაში მამამისიც დარწმუნდა, რომ ზედმეტ რელიგიურობას ზედმეტი სპორტულობა სჯობდა და სწავლების მერვე წელს გოგონა `აკადემიიდან~ გამოიყვანეს, თუმცა მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე გრეისს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი `დებთან~ და აღსარებისთვისაც მხოლოდ თავისი ბავშვობის მოძღვარ-მასწავლებლებთან დაიარებოდა.
14 წლის ასაკში
გრეის კელი სხვა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მას საშუალება მიეცა თავის თანატოლ ბიჭებთან ჰქონოდა ურთიერთობა, თუმცა რაიმე საგანგებო ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა, რადგან ამ ასაკში იგი მორცხვი, გამხდარი, სათვალიანი გოგონა გახლდათ, რითაც `(ჯერ კიდევ) ბრიყვი ბიჭუნების~ მოხიბვლა, დაგვეთანხმებით, შეუძლებელია, მაგრამ ეს საკითხი არ აღელვებდა გრეისს, რადგან იმ ეშმაკმა (ზემოთ რომ ვახსენეთ) სამზეოზე გამოსვლა ინება და გოგონას სამსახიობო გართობა-გატაცებისაკენ გაუფრიალა გონება. ჰოდა, მოხდა ის საოცრება, რაც ნიჭიერებას აუცილებლად სჭირდება ასამოქმედებლად, ანუ გრეის კელიმ პირველად იგრძნო, რომ სცენა და მასთან დაკავშირებული სამყარო არის ის გარემო, სადაც იგი თავისუფლად გარდაიქმნება სხვა ადამიანებად, რის გაკეთებასაც ვერასოდეს ახერხებდა ცხოვრებაში. ამიტომაც გადაწყვიტა მტკიცედ... _ მსახიობი უნდა გავხდე!
...ამასობაში კი, როგორც ემართებათ ხოლმე ქალებს, გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ, გრეის კელი მთელ ქალაქში უმშვენიერეს ყმაწვილქალად გადაიქცა.
...ამასობაში ის `ბრიყვი ბიჭუნებიც~ ჭაბუკებად ჩამოყალიბდნენ და 16 წლის გრეისს კარზე თაყვანისმცემელთა რიგი დაუდგა!
ყოველივე ამას კი მეტისმეტი ყურადღებით აკონტროლებდა ჯეკ კელი (უკვე მილიონერი მამამისი!), რომელიც უბრალო პაემანზე სიარულს არ უშლიდა შვილს, მაგრამ თუკი ვინმე რასმეს ზედმეტს მოისურვებდა და ცოლად შერთვას დაუპირებდა მის საგანძურს (...თითქოს მამასაც სჯეროდაო, რომ ეს გოგონა პრინცესა უნდა გამხდარიყო!), ყველა გზა და კარი იგმანებოდა და თავხედი თაყვანისმცემელი იქაურობას სამუდამოდ შორდებოდა.
თუმცა არც გრეისს აკლდა კეთილგონიერება და არასოდეს გაიმეტებდა თავს ვინმე მეწვრილმანე სტივენის თუ კრივენისათვის, რადგან მას სხვა მომავალი ელოდა...
აკი მოგახსენეთ _ ეშმაკი სამზეოზე გამოვიდა!...
1947 წელს...
გრეის კელიმ საბოლოოდ დაასრულა დაწყებითი სწავლა-განათლების მიღება, მაგრამ რაიმე კონკრეტული, ახლოსამომავლო მიზანი კვლავაც არ გააჩნდა. ამა თუ იმ სამეცნიერო კოლეჯში სწავლის გაგრძელებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რადგან იქ მას ტყუილად უნდა დაეკარგა დრო (...რასაც ამერიკაში უფრთხილდებიან!), ამიტომაც მისი სახელოვანი ბიძის რჩევითა და რეკომენდაციით უკვე ქალიშვილობაში გადასული გრეისი ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიის მიმღებ კომისიას წარუდგინეს, სადაც მას, მართალია, შემწყნარებლურად მოუსმინეს, მაგრამ მაინც ჩარიცხეს, რადგან ამ შეუბღალავი მშვენიერების წინაშე თვით გულქვა პროფესორებიც საკუთარ უსუსურობას გრძნობდნენო... თითქოს.
ასე რომ, გრეის პატრისია კელიმ პირველი ნამდვილი ნაბიჯი გადადგა სამსახიობო ხელოვნებისკენ და...
ნიუ-იორკში, ეს მორცხვი და მორიდებული გოგონა, საზოგადოების მოყვარულ, თვალებაბრიალებულ ქალად იქცა, რომლის წვევაც ყველა თავყრილობისათვის საამო და საპატიო იყო. აქვე და ამასობაში პირველი მიჯნურიც გაიჩინა, მაღალი და წარმოსადეგი თანაკურსელი ჰერბი მილერი, რომლის დაპყრობამ კიდევ უფრო მყარი პრესტიჟი შეუქმნა აკადემიის სტუდენტთა თვალში. ნიუ-იორკი კი კიდევ იმითაა საოცარი თურმე, რომ ამ ქალაქში სრულიად მოულოდნელად შეიძლება ფოტომოდელიც გახდე (რატომაც არა?!), რის დასტურიც ჟურნალ `კოსმოპოლიტენის~ გარეკანზე მოხვედრაა. მას სთხოვდნენ რეკლამა გაეწია ამა თუ იმ სიგარეტის თუ საცვლებისათვის და გრეისიც სიამოვნებით თანხმდებოდა ამაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ გასართობს დიდი ფულიც მოჰქონდა. ამ ფულს კი იგი მამას უგზავნიდა, ვისაც ქალიშვილის ჩარევის გარეშეც შეეძლო სწავლის ხარჯები დაეფარა, მაგრამ გრეისი, და-ძმისაგან განსხვავებით, ყველაფრის გაკეთებას თავად ცდილობდა და არ სურდა ვალში დარჩენოდა მშობელ (მილიონერ) მამასაც კი!
ერთი სიტყვით, იმდენად ზღაპრულად და ჯადოსნურად მიემართებოდა მისი ცხოვრების გზა მწვერვალებისაკენ, რომ ნაცნობ-ახლობლებს, შურის ნაცვლად, შიშის გრძნობაც კი უჩნდებოდათ და ყველაფრის გამართლებას მის ფანტასტიურ მშვენიერებაში ეძებდნენ.
1948 წელს აკადემიის მკაცრმა პროფესორებმა გაცხრილეს სტუდენტები და დაიტოვეს მხოლოდ ისინი, ვისგანაც დიდ წარმატებას ელოდნენ (აკი გითხარით - დროს უფრთხილდებიან). რჩეულთა შორის იყო გრეის კელიც და იგი დონ რიჩარდსონის ჯგუფში ჩარიცხეს.
ეს ვიღაც რიჩარდსონი არავის დაამახსოვრებოდა ამქვეყნად, რომ არა გრეის კელისთან გაბმული მოულოდნელი რომანი და ის, რომ გრეისმა მასთან ქორწინებაზე თანხმობა გამოთქვა.
დიახ, ეს კაცი მიზანდასახული, ნიჭიერი პროფესიონალი გახლდათ, მაგრამ ისტორიას მაინც იმით შემორჩა. რომ პირველმა განიზრახა სერიოზულად გრეის კელიზე ქორწინება და თანხმობაც მიიღო, თუმცა ამას წინ აღდუგნენ ფილადელფიაში მცხოვრები მშობლები: მამამ, ჯეკ კელიმ, ზედაც არ შეხედა ამ `პროფესიონალ მსახიობს~, დედამ კი სადღაც გამოჩხრიკა, რომ ეს დონ რიჩარდსონი ჯერაც ქორწინებაში იმყოფებოდა თავის პირველ (?) ცოლთან და, ბუნებრივია, ქალიშვილს მასთან კავშირის ქონა აუკრძალა.
გრეისი პირველად დაუპირისპირდა დედმამას, მაგრამ მშობლებმა თავისი გაიტანეს და უთხრეს მას, რომ ნიუ-იორკში აღარ გაუშვებდნენ...
ეს მოხდა 1949 წელს
გრეის კელის სიყვარული წაუხდა...
ამავე წელს იგი პენსილვანიის თეატრში მიიწვიეს. 20 წლის გრეისმა ნამდვილი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო... ყველანაირად!
1949 წელს გრეის კელის ცხოვრებაში გამოჩნდა პირველი ნამდვილი (...და მერე როგორი ნამდვილი!) მონარქი _ თავად მოჰამედ რეზა ფეჰლევი - ირანის შაჰი!
ირანის შაჰმა გრეისს ცოლობა სთხოვა!
...მაგრამ გრეისმა შაჰის ცოლობას `არ გამოჰკრა ხელი~, რადგან მასზე მეტად თეატრი უყვარდა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, თეატრალური ხელოვნების მესვეურნი მანცადამაინც ვერ ახერხებდა მისი ნიჭისა და მშვენიერების წარმოჩენას და, მადლობა ღმერთს, ამასობაში იშვა და მომძლავრდა მისი უდიდებულესობა ტელევიზია, რომლის `ახლო პლანებსაც~ ნამდვილად გრეის კელის მსგავსი მზეთუნახავები სჭირდებოდა.
1950-53 წლებში გრეის კელიმ თითქმის სამოც ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა და მთელი ამერიკის საამბო და სათაყვანებელი ქალი გახდა. უფრო სწორად - `ვარსკვლავი~, რომლის ადგილიც იმხანად მხოლოდ ჰოლივუდი იყო.
ჰოლივუდში!
პირველ ფილმში 1951 წელს მიიღო მონაწილეობა. 1952 წელს კი ამ ფილმმა ყველა "ოსკარი" მოიგო და გრეის კელი (მერილინ მონროს ეპოქის დადგომამდე) ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებულ ვარსკვლავად იქცა.
1955 წელს იგი კიდევ ერთხელ წარდაგინეს `ოსკარზე~, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი ფილმისათვის `სოფლელი გოგონა~ და მან ეს პრემია დაიმსახურა კიდეც, თუმცა თავად ამ როლს საუკეთესოდ არ მიიჩნევდა. ასე და ამრიგად ამერიკის სუპერვარსკვლავად ქცეული კელი ამ ქვეყნის დელეგაციას ჩაუყენეს სათავეში, რომელსაც კანის ფესტივალში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ამ ფესტივალის ოფიციალური საცერემონიო ნაწილში გათვალისწინებული იყო ერთი ფორმალური მომენტი - მონაკოს პრინც რენიესთან სტუმრობა თავაზიანობის დასადასტურებლად. თავად გრეისს ეს ვიზიტი დიდად არ მოსწონდა, მაგრამ ჟურნალ "პარი მატჩის" გარეკანზე მოხვედრა ფრიად პრესტიჟული გახლდათ და (...სწორედ ამ ჟურნალმა მოაწყო ეს ვიზიტი) გრეისმაც დახარა თავი `კომერციული წინადადების~ წინაშე.
შეხვედრა შედგა
გრეის კელიმ და მონაკოს პრინცმა რენიე III-ემ ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი და ჟურნალის გარეკანისათვის გაუღიმეს კიდეც ურთიერთს.
ასე და ამრიგად, 1955 წლის მაისიდან ამ ორ პიროვნებას შორის გაცხოველებული მიმოწერა დაიწყო. რენიე მოხიბლული იყო იმით, რომ ეს უმშვენიერესი მსახიობი ქალი, სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, უაზროდ არ იპრანჭებოდა და თავი ღირსეულად ეჭირა, გრეისს კი ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდაო ამ კაცს.
სხვა რა უნდა სიყვარულს?!
1955 წლის მთელი ზაფხული მძიმე ფიქრებში გაატარა გრეისმა. იგი ხვდებოდა, რომ მიღებული `ოსკარი~ მისი შემოქმედების მწვერვალი იყო, რომ თავქარიანი რომანების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა; გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა ცხოვრებაში; ესმოდა, რომ მისი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით თხოვდებოდნენ; ხედავდა, რომ მერილინ მონრო მოდიოდა კინოში...
ამასობაში პრინცმა რენიე III-ემ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ `შესაბამისი მიზნით~ გრეისის მამას სწვეოდა ფილადელფიაში. მით უმეტეს რომ იგი უკვე 30 წელს გადაცილებული კაცი იყო და მონაკოს დინასტიური აუცილებლობა მისგან მემკვიდრის შექმნას ითხოვდა. ამ მიზნებისათვის კი გრეის კელიზე უკეთესი ქალი მას ამქვეყნად არ ეგულებოდა.
1955 წლის 25 დეკემბერს რენიე III თავის ამალით ჯეკ კელის სახლს ეწვია და ოფიციალური სურვილი გამოთქვა მის ქალიშვილზე ქორწინებისა. ფილადელფიელი მილიონერს რომ მოესურვა, მაინც ვეღარ აღუდგებოდა წინ ამ ქორწინებას, რადგან აქ მოქმედებდნენ არა მანიაკალურ-ამბიციური მისწრაფებანი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის ანგელოზები და გრეისის მშვენიერ ბაგეებსაც, თითქოს უნებლიედ, მაგრამ მტკიცედ წამოსცდა _ `თანახმა ვარ!~
1956 წლის 4 აპრილს გრეის კელი ხომალდ `კონსტიტუციით~ ამერიკიდან მონაკოში გაემგზავრა. ქორწილის ცერემონიალის გამართვა პრინცის პირად სამფლობელოში იყო განზრახული.
ქორწილი 1956 წლის 18 აპრილს შედგა.
გრეისმა თავად აირჩია საკუთარი ცხოვრების გზა და სხვაგან აღარსად ერთი ნაბიჯის გადადგმასაც აღარ აპირებდა.
მან აისრულა ოცნება, ცოლად გაჰყვა ნამდვილ უფლისწულს, ვისზედაც ყველა გოგონა ოცნებობს ბავშვობაში!
* * *
თაფლობის თვე ხმელთაშუაზღვისპირეთის შემოვლაში გაატარეს. მონაკოში დაბრუნებულებს ექიმებმა დაუდასტურეს, რომ პრინცესა გრეის კელი ფეხმძიმედ იყო. ზუსტად ცხრა თვეში იშვა კაროლინა ლუიზა მარგარიტა.
რენიე III-ეს კი ვაჟი უნდოდა და არც ამაში გაუტეხა გული მეუღლემ - ორი წლის შემდეგ მონაკოს ტახტს ღირსეული მემკვიდრე ალბერ ალექსანდრ ლუი პიერი აჩუქა.
რენიემ ბედნიერების მწვერვალები დალაშქრა.
* * *
1960 წელს გარდაიცვალა ჯეკ კელი, რაც დიდი ტრავმა იყო მისი მოყვარული ქალიშვილისთვის, და მან დედა და და-ძმა მონაკოში მიიწვია, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავის ყოფნა და ცხოვრება ტურისტთა უზომო ნაკადის ჩასვლას განაპირობებდა, ეს კი ამ ჯუჯა ქვეყნის ფინანსური წინსვლის წინაპირობა იყო.
გრეისმა აქტიური საქველმოქმედო საქმიანობაც წამოიწყო და მისი ხელშეწყობით მონაკოს წითელი ჯვარი მთელი მსოფლიოს ბავშვებს - პერუდან პაკისტანამდე - უწვდიდა დახმარების ხელს.
1965 წელს დაიბადა მთელი ოჯახის საყვარელი პრინცესა - სტეფანია მარია ელიზავეტა.
1967 წელს ოჯახი კიდევ ერთ შემატებას ელოდა, მაგრამ ამჯერად ნაყოფი დედის საშოშივე მოკვდა და ლამის ტრაგიკულად დასრულდა ნამდვილი ვარსკვლავის და ნამდვილი პრინცესას ცხოვრება.
* * *
1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი თავის უმცროს ქალიშვილ სტეფანიასთან ერთად მონაკოში გამგზავრებას აპირებდა. ამ დროისათვის სტეფანია უკვე 17 წლის იყო და რატომღაც სპორტული ავტომანქანების შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი დასჩემებოდა. გრეისმა თავად გადაწყვიტა საჭესთან დაჯდომა, რათა გზად ქალიშვილთან სერიოზული საუბარი გაება. მან იცოდა, რომ დიდი ვერაფერი მძღოლი იყო და გზაც რომ სახიფათო იყო, მაგრამ მაშინ, ამის შესახებ კი არა, გზასაცდენილი ქალიშვილის ბედზე ფიქრობდა...
თუმცა გზას თავად გრეისი ასცდა...
მონაკოს სერპანტინად დახვეული გზა იქცა გრეისის საბედისწერო შეცდომად. ერთ-ერთ მოსახვევში მან ვერ დაიმორჩილა საკუთარი "როვერი" და ქალიშვილთან ერთად 45 მეტრი სიღრმის ხევში გადაიჩეხა.
დედა-შვილი საავადმყოფოში მოათავსეს.
სტეფანია მხოლოდ მცირეოდენ დაშავდა.
* * *
სამშაბათს 14 სექტემბერს ექიმმა შატლენმა გრეისის ქმარ-შვილს განუცხადა, რომ ქალის მდგომარეობა უიმედოა და ისინი იძულებულნი არიან ხელოვნური კვების აპარატი გამოთიშონ.
ასე და ამრიგად, გრეის პატრისია კელი, მისი უბრწყინვალესობა, თავადი გრეის მონაკოელი 1982 წლის 14 სექტემბერს, 52 წლის ასაკში აღესრულა.
ამბობენ - მთელი მონაკო ტიროდაო იმ დღეს!
თავისი 52-წლიანი ცხოვრებით გრეის კელი ერთგვარ თილისმად იქცა მთელი თავისი თაობისათვის. იგი ერთგვარ ხატად თუ მის მაგვარ მცნებად შემორჩა ისტორიას.
მისი სახელი მითებითა და ლეგენდებით შეიმოსა, რადგან მას არასოდეს უღალატია თავისი ოცნებისათვის და დიდება ღირსებისამებრ დაიმსახურა.
Комментариев нет:
Отправить комментарий