суббота, 5 сентября 2015 г.

ანა მანიანი

Anna Magnani

დაიბადა 1908 წლის 7 მარტს.
გარდაიცვალა 1973 წლის 26 სექტემბერს
* * *
იტალიური და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავი ანა მანიანი 1908 წელს დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდ­რ­იაში. მამამისი ეროვ-ნებით ეგვი­პტელი იყო, დედა კი იტა-ლიელი ჰყავდა, ემილია-რომანიის პროვინ­ც­იიდან - ეს არის ოფიციალური ინფო-რმაცია, რასაც კინოენციკლოპედიებში შეგიძლიათ წააწყდეთ. 

თუმცა არის მეორე ვერსიაც:
ანა მანიანი დაიბადა 1906 წელს რომში; დე­დ­ა­მისი მისი დაბადებისთანავე ეგვიპტეში გაემგზ­ა­ვრა, მამა უცნობია... 2 წლის გოგონა ეგვიპტეში ვიღაც არაბმა იშვილა და 5 წლის ასაკამდე ზრდ­იდა მას, დედამ კი მიატოვა და ვიღაც ღვთისნიე­რმა ხალხმა გოგონა იტალიაში დააბრუნეს... - ეს ინფო­რმაცია კი ახლახან გამოქვეყნებულ მონო­გ­რ­აფიაშია დაცული.
მოდით, ჩვენ მეორე ვერსიას მივყვეთ.
ასეა თუ ისე, ანა მანიანი იტალიაში დაბრუნდა და, როგორც იტყვიან, რაწამს მოვიდა გონს და ცნობასა, ნამდვილი მამის ძებნა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მისი ნამდვილი გვარი დელ დუჩე იყო.
"სულაც არ ვაპირებ, დუჩეს (მუსოლინის) შვილი ვეგონოო ვინმეს" - მოგვიანებით ჩვეული ირონიულობით განაცხადებს უკვე სახელოვანი ანა მან­იანი, თუმცა მანამდე დიდი ხნით ადრე, უპატრონო ბავშვთა სახლში გაზრდილი ყმაწ­ვილქალი, რომე­ლ­საც უკვე 15 წელი შესრულებოდა, დედის საძებნელად ეგვიპტეში გა­ემგზავრება; იქ დაახლოებ­ით ერთ წელს იცხოვრებს და სწო­რედ ეს გახდება საფუძველი იმ ჭორისა, რომ ანა მანიანის ეგ­ვ­ი­პტელი მამა ჰყავდა და იტალიელი მხოლოდ დე­დით იყო...
* * *
20-იანი წლების გარიჟრაჟზე ანა კვლავ იტ­ალიაში დაბრუნდა (დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ გვარი მან დედისა დაიტოვა და ნამდვილად იტა­ლიურად ჟღერს); ერთხანს ლიცეუმში სწავლობდა, მაგრამ მალე მიატოვა ეს სასწავლებელი და სანტა ჩეჩილიას აკადემიასთან არსებულ სამსახიობო ოსტატობის სკოლაში ამოყო თავი, რაც, ბუნებრივია არც მას და არც მის შემდგომ მრა­ვალ­რ­ი­ცხოვან ბიოგრაფებს არასოდეს გაუხდიათ ეჭვის საგნად. 
უნდა ითქვას, რომ ეს სასწავლებელი ერთ-ერთი ყვე­ლაზე პრესიტიჟული იყო მთელ რომში და იქ დახელოვნებულ მსახიობს ყველა მოწყალების თვალით უმზერდა. ანას შემთხვევაშიც ასე მოხდა და 1929 წელს დარიო ნიკოდემის თეატრალურ დასში მოხვდა და 1932 წლამდე თითქმის მთელი იტალია შემოიარა გასტროლებით. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ წლებში ჩაისახა ის უზარმაზარი სიყვარული ხალხისა, რითაც ანა მთელი ცხოვრების მანძილზე იყო განებივრებული და რამაც მისი სიკვდილის დღეს მთელი აცრემლებული იტალია ფეხზე დააყენა, თუმცა ჯერ გარდაც­ვ­ა­ლებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი დიდ ანა მანიანის და ჩვენც, შეძლებისგდაგვარად, მივყვეთ მას...
* * *
1934 წელს, გაჭირვებამ თუ სხვა მიზეზებმა, ანა კაბარეს კარზე მიიყვანეს, თუმცა - ზოგი ჭირი მა­რ­გებელიაო და - კაბარეში იგი ვიღაც დაინტერესებულმა პირმა შენიშნა და კინოში მიიწვია გადაღებებზე. მართალია, როლები მცირე და უმნ­იშვნელო იყო, მაგრამ კინემატოგრაფიულ გარემოში მოხვედრა უკვე დიდ რამეს ნიშნავდა. სხვათა შორის, მანიანის ბიოგრაფების აზრით, ომამდელ კინემატოგრაფში ასეთი სტილის მსახიობი ვერც ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწევდა, რადგან იმ ეპოქაში ფასობდა ე.წ. "თეთრი ტელეფო­ნების" კინო, სადაც ყველაფერი - სიუჟეტიდან და­წყებული და სცენო­გრაფიით დამთავრებული - ყა­ლ­ბი და დაუჯერებელი იყო. აბა, ვის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნამდვილი ქალი, დაბალი სოცი­ა­­ლ­ური ფენებიდან გამოსული ადამიანი სიურრეალ­ური სამყა­როს გადაპრანჭული გომბიოების რო­ლე­ბისათვის გამოდგებოდა?!

მალე კაბარეს ეპოქაც დასრულდა და ანა კვლავ თეატრს დაუბრუნდა უკვე როგორც ჩამოყალიბებული ამპლუისა და გემოვნების მსახიობი; სწორედ თეატრი იყო ის გარემო, სადაც ანა მანიანის მთელი თავის ნი­ჭიერების გამოვლინება შეეძლო, აქ იგი ყველანაირ როლს თამაშობდა, მის რეპერტუარში იყვნენ რო­გ­ორც უკიდურესად დრამატული, ასევე ზედმიწევნით კომიკური პერსონაჟები. 
1935 წელს ან ცოლად გაჰყვა რეჟისორ გოფ­რ­ედო ალესანდრინის. ეს­ეც ჩვეულებრივი მოვლენაა თეატ­რ­ა­ლურ სამყაროში, როცა მავანი რეჟისორი ყველაზე გამოჩენილ მსახიობს დაადგამს ხოლმე თვა­ლს და ეკლესიაშიც წაა­ბრძანებს... გვირგვინის დასადგმელად, მაგრამ ასეთი ვაჟბატონებისათვის არც ის არის უცხო ხილი, რომ მალევე მო­იბეზრონ "კოლეგა-ცოლი" და საცეცები სხვა ქალბატონებისაკენ მომართონ და ანასაც ასე დაემართა; მიუ­ხ­ედ­ა­ვად იმისა, რომ ახლადშეუღლებული ქალი ბე­ვრს ეცადა ოჯახის შესანარჩუნებლად, განქორწინება მაინც გარდუვალი შეიქნა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სინიორ ალესანდრინი დიდი ვერაფერი რეჟისორი იყო და თავის ყოფილ ცოლს მხოლოდ თეატრალური როლებისათვის დაბადებულად თვლ­იდა. 1936 წელს ამ კაცმა ფილმიც კი გადაიღო ("რაინდობა") და ანას პატარა, უმნიშვნელო როლი მისცა, თანაც ისე, რომ არცერთ ახლო პლანზე არ დაუფიქსირებია ანას სახე...
* * *
მოსახდენი კი მაინც მოხდა და იმ "თეთრი ტე­ლ­ეფონების" ხანა რომ დასრულდა და მაყურ­ე­ბ­ე­ლს ნამდვილი კინემატოგრაფის ხილვის სურვილი რომ გაუჩნდა (ეს 1940-44 წლებით თარიღდება), იტალიელმა კინომოღვაწეებმაც ნამდვილი მსახიობების ძიება დაიწყეს და, რა თქმა უნდა, ანა მანიანი სერჩათ ხელში.
მანამდე კი...
მარტოდ დარჩენილმა ანამ კვლავ კაბარეს მი­აშურა და ერთადერთი გაღიმება ბედისა ის აღმოჩნდა, რომ იქ მას იტალიური და მსოფლიო კინოს მეორე გამოჩენილი ოსტატი, მაღალი საზოგადოებიდან მოსული, არისტოკრატი ტოტო დახვდა, რომელსაც, კაცმა არ იცის რა მიზეზის გამო, მსახიობობა და პუბლიკის გალაღება მოსურვებ­ოდა. ეს ამბავი კი 1941 წლით თარიღდება...
იმხანად, როგორც თეატრის ისტორიკოსები ამბობენ, ტოტომ და ანამ ისეთი შესანიშნავი წყვ­ილი შექმნეს, რომ მაყურებელი აწყდებოდა თეატრალურ და საკონცერტო დარბაზებს. ხალხი მათში რაღაც ჩვეულს, საკუთარს და სისხლხორცეულს ხედავდა და აღარც არ­ავის გაჰკვირვებია, რომ იმ დროს ჯერ კიდევ უცნობმა ვიტორიო დე სიკამ ანა ფილმ "ტერეზა-პარასკევას" მთავარი როლის შესასრულებლად სწ­ო­რედ ანა მანიანი მიიწვია. ეს იყო პერსონაჟი, რომლის განსახიერება მხოლოდ ანას შეეძლო; ეს იყო ხალხის წიაღიდან გამოსული, უშუალო და გულღია ქალი, რომელიც თავის ტემპერამენტითა და გულწრფე­ლ­ობით ყველას ატყვ­ევ­ებდა.

ტრაგიკული ჩანართი
ვიტორიო დე სიკასთან შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, 1940 წელს ანამ ერთი ახალგაზრდა, მასზე 9 წლით უმცროსი მსახიობი კაცი მასიმო სერატო გაიცნო. მათი რომანი თავბრუდავმხვევი სისწრაფით განვითარდა, მაგრამ ასეთივე ელვი­ს­ებური სის­წ­რაფით დასრულდა, რადგან იმ ყმა­წ­ვილს ერთადერთი ღირსება აღმოაჩნდა, რაც ზემოთხსენებული "თეთრი ტელეფონების" ქალებისათვის თუ იქნებოდა მოსაწონი (ზედმეტი პატივმოყვარეობა!) და შეყვარებულთა წყვილმა უდა­რდელად მიატოვა ერთმანეთი, მაგრამ დარჩა ნაყოფი ამ სიყვარულისა - პატარა ლუკა, რომელმაც 1942 წელს ანას დედობრივი გრძნობა გაუღვიძა; თავად ანა კი ამ პატა­რა არსებ­ას ბედისწერისაგან ბოძებ­ულ საჩუქრად მიიჩნევდა და თავზედაც ენით აუწერელი სიყვა­რულით დაჰკან­კალებდა. პატარა ლუკას ამქვეყნად მოვლინებამ ანას თუნდაც ისეთ რო­ლ­ზე ათქმევინა უარი, რო­გ­ორიც ლუკინო ვის­კონტის შემოთავაზება იყო ფილმში "წყალდიდობა", მაგრამ ამის გამო მსახიობი ოდნავად­აც არ შეწუხებულა, რადგან შვილის არსებობა უფრო მეტად უღირდა... საა­რ­სებოდ კი კვ­ლავაც ესტრადაზე გა­მოდიოდა ალდო ფაბრიცისთან ერთად, მაგრამ იმავე მოწყალე ბედისწერამ სისასტიკეც არ მოაკლო მო­ს­იყვარულე დედას და პატარა ლუკა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოსტაცა მას...
ანა მანიანიმ მორიგი დარტყმა მიიღო წუთისოფლისაგან... იგი მორიგი მწუხარების ობიექტი შეიქნა.
* * *
ანა მანიანის და მთელი იტალიური კინოს გარდამტეხი დღეები 1945 წელს დაიწყო, როცა რობერტო როსელინიმ და სცენარისტმა სერჯო ამიდეიმ გადაწყვიტეს საბოლოოდ გამოეხსნათ კინო არისტოკრატული კლანჭებიდან და ხალხის კუ­თვნილებად ექციათ. კინომცოდნეთა ენით რომ ვთქვათ, დაიწყო ნეორეალიზმის ხანა, რომლის სათავედაც მიჩნეულია ფილმი "რომი ღია ქალაქია" და რომლის შექმნა-გადაღებასაც წინ მრავალი სიძ­ნ­ელე აღუდგა, მრვალმა მოღვაწემ მიიჩნია, რომ ამ ფილმით მათი კინომატოგრაფიული კარიერა დასრულდებოდა და ყოველგვარად უშლიდნენ ხელს მის დაბადებას, მაგრამ ეს ისეთი სიახლე იყო, რაც თითქმის სტიქიას უტოლდებოდა და მის შეჩერებას ვერავინ შეძლებდა.
ეს ფილმი არის თხრობა იმ ამბებისა, რაც რომში მოხდა ფაშისტთა ოკუპაციის პერიოდში. ანასათვის იმდენად ახლობელი და საყვარელი იყო ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი, მდენად ჰგავდა იგი მისსავე შემქმნელი მსახიობის ბი­ოგრაფიას, რომ ანამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მის ნახვაზე უარი თქვა... მას აღარ შეეძლო ერთხელ კი­დევ განეცადა ყოველივე ის, რაც ცხოვრებაში და­ატყდა თავს.
ამ ფილმის დასრულებისა და განუზომელი წა­რ­მატების შემდეგ ანა მანიანი კინემატო­გ­რაფში შევიდა როგორც მსახიობი-სიმბოლო ახალი კინ­ოსკოლისა. 1946 წლიდან მოყოლებული ფილმი ფილმს მოსდევდა და ანას პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა; "ბანდიტი" - 1946, "დეპუტატი ანჯელინა" - 1947, "ოცნება გზაზე" - 1948, "ასუნტა სპინა" - 1949 და სხვა, თუმცა მათ შორის მაინც უნდა გამოირჩეს იმავე რობერტო როსელინის ფი­ლმი "სიყვარული" და ლუკინო ვისკონტის მწარე სიმართლით გაჯერებული კომედია "ყველაზე ლა­მაზი", რაც მოგვი­თ­ხ­რობას ამბავს ქალისას, რომელიც საკუთარ ქალიშვილს კინოკარიერას უმზადებს. ამავე წლებში ანა მანიანი ფრანგმა ჟან რენუარმაც მიიწვია ფილმში "ოქროს კარეტა", რომელიც იტალიურ თემაზე იყო აგებული და თავდაპირველად მის გადაღებას ლუკინო ვისკონტი აპირებდა.
ეს იყო წლები, რამაც შექმნა დიდი ანა მანიანი - ჩამოყალიბებული, სრულყოფილი, შეუდარებელი  მსახიობი, რომლის ნიჭიერებასაც ბადალი არ ჰყავდა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ოკეანისგაღმელმა კინომოღვაწეებმაც დაადგეს თვალი გენიალურ იტალიელ ქალს და მანაც ვერ გა­უძლო ამ ცდუნებას და 1954 წელს ჰოლივუდის მოწვევა მიიღო. 
ამერიკაში ცხოვრებამ და მოღვაწეობამაც თა­ვისი შედეგი გამოიღო. 1955 წელს გამოვიდა ფი­ლმი "სვირინგიანი ვარდი", რომლის სცენარი აღიარებულმა მწერალმა და დრამატურგმა ტენესი უილიამსმა სპეციალურად ანა მანიანისათვის შე­ქმნა, ანას პარტნიორი კი ამ ფილმში ლეგენდარული ბერტ ლანკასტერი აღმოჩნდა. ასე და ამ­რიგად ანა მანიანი გახდა პირველი იტალიელი მსახიობი, რომელმაც "ოსკარის" პრემია დაიმსახურა. ხსენებული ფილმის შემდეგ გადაიღეს კიდევ ორი ფილმი, სადაც ანამ ენტონი კუინთან ("ველური ქარი" - 1957) და მარლონ ბრანდოსთან ერთად ("გველის ტყავი" - 1959) მორიგი დასამახსოვრებელი სახეები შექმნა.

ნოსტალგია

იტალიელი რის იტალიელია, თუ მარადიული ქალაქის მომხიბვლელობამ არ დააბრუნა თა­ვის ქვეყანაში?!
ანასაც შეუჩნდა მონატრების ჭია და რომის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. იგი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ამერიკული წარმატებები დიდად არაფერში აღელვებდათ მის თანამემამულეებს და მისი არყოფნის პერიოდში ახალი სახეების ხილვას მისჩვეოდნე ეკრანზე. ამერიკამ თითქოს თავად ანაც შეცვალაო, იგი ზედმეტად "მოუხერხებელი" და მომთხოვნი აღმოჩნდა ახალ რელსებზე გადასული რეჟისორებისათვის და თითქმის ყველამ ზურგი აქცია მას. მთელი სამი წლის განმავლობაში ანას შესთავაზეს ორად ორი როლი, რომლებმაც დიდი ვერაფერი სახელი შემატეს მის დიდებას.
ასე გაგრძელდა 1962 წლამდე, ვიდრე პიერ პაო­ლო პაზოლონიმ არ მიიწვია ანა თავის გახმაურებულ ფილმში "მამა რომა", სადაც მსახიობმა შე­ქმნა ასაკოვანი მეძავის სახე, რომელიც ყველაფერს სწირავს საკუთარი შვილის გადასარჩენად. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა, მაგრამ პაზოლინისთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან თავად რეჟისორმა განაცხადა, რომ მანიანი თავისი ავტორიტეტითა და პიროვნებით ზეწოლას ახდენს მასზე, თავად მსახიობმა კი მოგვიანებით დაიჩივლა: "პაზოლინიმ უბრალოდ გამომიყენაო მე".
ამის შემდეგ ანა მანიანი კიდევ ორჯერ გამოჩნდა ეკრანებზე, ერთი მათგანი იყო სტენლი კრამერის ფილმი "სანტა-ვიტორიის საიდუმლო" და მისი უკანასკნელი ფილმი ფედერიკო ფელინის ფილმში "რომი" (1972), სადაც მანიანი აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო, რადგან იგი უკვე ამ ქალაქის ჭეშმარიტ სიმბოლოდ იყო ქცეული; მან ამ ფილმში საკუთარი თავი - ანა მანიანი - ითამაშა.
* * *
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ანა მანიანი უფრო ტელევიზიაში მუშაობდა, რომელსაც ადრე დიდი ნდობით არ ეპყრობოდა. 70-იან წლებში მან ოთხი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ალფრედო ჯანეტის მიერ შექმნილ ტელესერიალებში, რომლებიც იმხანად ჯერ კიდევ არ ხასიათდებოდნენ "სამხრეთამერიკული მგრძნობიარობით" და გარკვეულწილად ხელოვნების ნიმუშებსაც წა­რმოადგენდნენ.
* * *
1973 წლის სექტემბერში მანიანი საავადმყოფოში მოათავსეს და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მან აღასრულა მისთვის განკუთვნილი ჟა­მი წუთისოფლისა. მისი სიკვდილის დღეს ტელევიზიამ აჩვენა ფილმი "1870 წელი", რომელიც ჯერ კიდევ არ ენახა ფართო მაყურებელს და რაც საგანგებოდ ამ დიდებული მსახიობის ხსოვნის უკვდავსაყოფად იქნა დასრულებული გარდაცვალებამდე მცირე ხნით ად­რე. მანიანიმ თავად ვერ ნახა ეს ფილმი, მაგრამ ის ნახეს მილიონობით მაყურებლებმა, რომელთათვისაც ანა მანიანი ჭეშმარიტი ქალის სიმბოლოდ დარჩა, ქალისა, რომელიც ხალასი, შეუბღალავი და შეურყვნელია, რომელიც განზე დგას წუთისოფლის ყველა მანკიერებისაგან.
...ეს იყო ქალი!
...ეს იყო მსახიობი, რომელმაც მთლიანად უძღვნა საკუთარი თავი მაყურებელს!
...და ლეგენდად იქცა!
* * *
ანა მანიანის ფაკრძალვის დღეს რომში ყველა დაწესებულება დაკეტილი იყო, არავინ მუშაობდა. "სანტა მარია სოპრა მინერვას" ეკლესიის წინა მოედანზე, რომელიც ხალხით იყო სავსე, პირდაპირ იატაკზე, ბალდახინის გარეშე (ძველრომაელ დიდგვაროვანთა წესისამებრ), დასვენებული იყო "სასახლე" მისი სხეულით.
...და როცა იგი გამოასვენეს ეკლესიიდან და "სასახლე" ხალხის ხელებზე გაცურდა, მოედანზე აპლოდისმენტებმა იფეთქეს.
მანიანის ნეშტს მიასვენებდნენ, ბრბო შუაზე იპობოდა და ყველა უკრავდა ტაშს... უკრავდა ტაშს, ესალმებოდა და ემშვიდობებოდა თავის საყვარელ მსახიობს და მის მიერ "შესრულებულ" უკანასკნელ როლს მიცვალებული ქალისას! 

Комментариев нет:

Отправить комментарий