среда, 9 сентября 2015 г.

მერილ სტრიპი

MERYL STREEP

დაიბადა 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ სამიტში.
* * *
მერილს ბავშვობიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული, რომ მშობლების საამაყო შვილი ყოფილიყო. ადრეულ ასაკშივე მან თმები თეთრად შეიღება, სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზები მოირგო და სასკოლო თეატრში ჩაეწერა. იგი სიმღერის მასწავლებელთანაც დადიოდა, რომელიც მას ძალზედ ნიჭიერად თვლიდა და ფულსაც კი არ ახდევინებდა გაკვეთილებში. ასე რომ, არავის გაჰკვირვებია, როცა მერილმა მსახიობობა გადაწყვიტა და იელის უნივერსიტეტი და შემდეგ დრამატული სკოლა დაამთავრა. 

1975 წლის შობის დღესასწაული
ეს დღესასწაული მერილს არასოდეს დაავიწყდება - სწორედ ამ დღეს დაურეკა მას ადგილობრივი თეატრის დირექტორმა და მონაზონი ქალის როლის თამაში შესთავაზა. იგი უკვე 26 წლის იყო და დიდი კარიერის იმედი გადაწურულიც კი ჰქონდა, მაგრამ... სასწაული მაინც მოხდა! მონაზონის როლმა მას სახელი გაუთქვა და სულ მალე ბროდვეის ორმა თეატრმა მიიწვია იგი შექსპირის პიესებში სათამაშოდ და ასე დაიწყო დიდი კარიერა, რასაც, ბუნებრივია, რომანული თავგადასავლებიც აედევნა თან. სხვათა შორის, იმხანად მისი პარტნიორი ჯერ კიდევ უცნობი (მაგრამ მაინც!) ალ პაჩინო იყო, მაგრამ მერილმა სხვა ირჩია გულის სწორად - ასევე მსახიობი ჯონ კეიზელი - და 1977 წლის შობას უკვე დაწყვილებული შეხვდა.

პირველი ფილმი
პირველი ფილმიც 1977 წელს ეწვია მას, ეს გახლდათ ფრედი ცინემანის "ჯულია". კინოკარიერასაც მიეცა სტარტი და მის იღბლიან გადაღებებსაც, რასაც იმხანად ჯერ კიდევ უცნობმა (მაგრამ მაინც!) რობერტ დე ნირომ შეუწყო ხელი. ამ უკანასკნელმა რეჟისორ მაიკლ ჩიმინოს ფილმისათვის "ირმებზე მონადირე" (...რაც ვიეტნამის ომს ეხება) მერილ სტრიპის გასინჯვა შესთავაზა. ჩიმინომ კი ფილმში არა მხოლოდ მერილი, არამედ მისი მეუღლეც დააკავა და ახლადშეუღლებულთა ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ... საზღვარი მაინც ბოგინობდა თურმე სადღაც მათს მახლობლად, რადგან ჯონ კეიზელს მოულოდნელად კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
მეუღლეებმა მაინც შეძლეს ფილმის დასრულება, სადაც ვიეტნამის ომში გაწამებული ჯარისკაცის ბედს სასიკვდილოდ განწირული მსახიობის ხვედრიც გადაეჯაჭვა და, ალბათ, ამიტომაც შეიძინა ასეთი დამაჯერებლობა ამ კინონამუშევარმა.
"ირმებზე მონადირემ" ოთხი "ოსკარი" დაიმსახურა, თავად სტრიპი კი "მეორე პლანის საუკეთესო მსახიობად" აღიარეს.

სიკვდილთან ბრძოლა
მერილი დარწმუნებული იყო, რომ გადაარჩენდა ჯონს და საამისოდ ძალას არ იშურებდა. იგი  ქმართან სავადმყოფოში გადასახლდა და პარალელურად მუშაობდა, განუზომლად ბევრს თამაშობდა კინოსა თუ ტელევიზიაში და არც უშედეგოდ, რადგან მისმა ერთ-ერთმა როლმა უმაღლესი სატელევიზიო პრემია "ემიც" კი დაიმსახურა. 
...საღამოობით კი სასთუმალთან ეჯდა საყვარელ ადამიანს და მის გასამხნევებლად ამა თუ იმ პიესის რეპეტიციასც კი გადიოდა, მაგრამ უკურნებელ სენთან ბრძოლამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ჯონ კეიზელი 1978 წლის 23 მარტს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ცხოვრება
დიდი ტრაგედიის და მარტოობის გამო მერილი თავისი ძმის მეგობართან, დონ ჰამერთან გადასახლდა, რომელიც ახალგაზრდობაში პიროვნულად მრავალი ნაკლისაგან კონსტრუირებული ყმაწვილი იყო, თუმცა კი თავს ხელოვანად თვლიდა და  ხისა და ლითონის ნაირგვარი კონსტრუქციების ფორმებს აკოწიწებდა. ამ კაცმა, ყველას გასაოცრად მერილის გულის მონადირება შეძლო და შედეგად, 1979 წლის 14 ნოემბერს მათ შეეძინათ პირველი შვილი (მას კიდევ სამი მოჰყვა) - ჰენრი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა უკვე ცნობილი მსახიობის ცხოვრება.
ასე დაიწყო მერილმა ბრძოლა ნაირგვარი საზოგადოებრივი განშტოებებით, თუნდაც: გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავისათვის და ატომური იარაღის აკრძალვისათვის  და, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტმა მას "წლის ყველაზე გამოჩენილი ქალის" ტიტული მიანიჭა, სამადლობელო სიტყვაში სრული გულწრფელობითა და პირდაპირობით ამხილა ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქალისადმი ფრივოლურ დამოკიდებულებაში.

პირველი ტრიუმფი
მიუხედავად როლების სიჭარბისა, მერილის პირველი ტრიუმფი მაინც 1979 წელს შედგა, როცა მან დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმში "კრამერი კრამერის წინააღმდეგ". ეს ძალზედ ძნელი როლი იყო მისთვის, რადგან მას ეკრანზე მცირე ხანს უწევდა ყოფნა იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი პარტია მაინც დასტინ ჰოფმანს მიჰყავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სტრიპმა დაამტკიცა, რომ უკეთესი თუ არა,  ღირსეული პარტნიორი მაინც იყო ჯერ არცთუ ისე ცნობილი (მაგრამ მაინც!) დასტინ ჰოფმანისა და გაიმარჯვა! გაიმარჯვა იმდენად, რომ მორიგი "ოსკარი" მოიპოვა.
დასტინ ჰოფმანთან კი მას მაინცადამაინც კარგი შემოქმედებითი ურთიერთობა ვერ გამოუვიდა იმ გაგებით, რომ "კრამერების" შემდეგ ყველა წინასწარმეტყველებდა ამ წყვილის შემდგომ ტრიუმფალურ სვლას ეკრანებზე, მაგრამ ეს ორი "ზვიგენი" რაღაც "არტისტული პრინციპების" გამო შეეჯახა ერთმანეთს (სადაც უპირატესობა უდავოდ დასტინს ჰქონდა) და, შესაძლოა, ამის შედეგიც იყო, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მერილ სტრიპი საერთოდ აღარ გამოჩენილა კინოში და, ასე ვთქვათ, სცენაზე გამოიკეტა.

"ფრანგი ლეიტენანტის ქალი"
ამ ფილმის გადაღებების დაწყებამდევე იყო ცნობილი, რომ კარელ რეისი მთავარი როლისათვის ვარაუდობდა მერილ სტრიპს და სხვას არავის მით უმეტეს, რომ მის პარტნიორად რეჟისორმა შეარჩია ჯერ კიდევ უცნობი (მაგრამ მაინც!) ჯერემი აირონსი, რომლის საწინააღმდეგო კაპრიზულად შერაცხულ მერილს არაფერი უნდა ჰქონოდა. 
...და რეჟისორი არ შეცდა! სტრიპ-აირონსის დუეტმა დიდებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ასე იშვა მორიგი შედევრი ჰოლივუდური კინოინდუსტრიისა.
ამ ფილმს კიდევ ორიოდე სხვა ნამუშევარი მოჰყვა, სადაც უკვე მერილის მხოლოდ ფანტასტიურ თამაშს ელოდნენ კინომოღვაწენი და არცერთ მათგანს არასოდეს გამტყუნებია მოლოდინი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მზადება იყო იმ მართლაც ფანტასტიურ-ფანტასმაგორიული, მაგრამ სრულიად ტრივიალური და, შეიძლება ითქვას, ყოფითი ფილმისა, რასაც ასევე უბრალო და უპრეტენზიო სახელი - "შეყვარებულები" - ჰქონდა.
1984 წელს დასრულდა ზემოთხსენებული ფილმის გადაღება. ფილმში მერილის პარტნიორი უკვე ცნობილი (და მერე როგორი ცნობილი!) რობერტ დე ნირო იყო. ათასობით ფილმი გადაუღიათ კინოს ასწლოვან ისტორიაში შეყვარებულების თუ სიყვარულით გამოწვეული ოჯახური ღალატის შესახებ, მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელმა დაიჯეროს ორი ადამიანის ერთად ყოფნის აუცილებლობა მრავალი წინაპირობაა საჭირო და უმთავრესი მათგანი მსახიობების დამაჯერებელი თამაშია, ანუ უნარი იმისა, რომ ტრივიალური ადიულტერი უზენაეს გრძნობამდე ამაღლდეს. ეს შეძლო სტრიპმა და შეძლო დე ნირომაც! ამიტომაც დღეს, როცა კინოხელოვნების "სატრფიალო" ნიმუშების დასახელებას სთავაზობენ კინომოყვარულებს, "შეყვარებულების" ხსენება არავის ავიწყდება სხვა შედევრების გვერდით.

* * *
ამერიკელ კინოკრიტკოსებს არასოდეს ეპარებოდათ ეჭვი მერილის განსაკუთრებულ ნიჭიერებაში, მაგრამ ისინი მიჩვეულნი იყვნენ ამ ქალის ხილვას ტრაგიკული პათოსით განმსჭვალულ ნამუშევრებში, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, როცა დაიწყეს გადაღება კომიკური ელფერით მოსილი ფილმისა, სადაც მერილს მრავალნაქმარევ-ნაყვარებ-გადანაყვარები ქალის როლი უნდა ეთმაშა, უნდა ყოფილიყო ცოლი იმ კაცისა, რომლის როლშიაც ტრაგიკომედიის გენია, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი (და მერე როგორი ცნობილი!) ჯეკ ნიკოლსონი სცდიდა ძალას....
დიახ! მერილ სტრიპმა კიდევ ერთხელ დაა¬მტკიცა, რომ მის ნიჭიერებას ამპლუა და საზღვარი არ გააჩნია და 1985 წელს ნიკოლსონის დაჩრდილვით (ეს უდავო ფაქტია) მორიგი წარმატება მოიპოვა.

"ნარშავი" (ЧЕРТОПОЛОХ, HEARTBURN)
მერილი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით და გამუდმებით ახალი როლებისა და განსხვავებული ხასიათის გმირებისაკენ ისწრაფვის. ასე მოხდა 1987 წელსაც, როცა მან უყოყმანოდ გამოთქვა თანხმობა ეთამაშა ბრაზილიელი კინორეჟისორის ექტორ ბაბენკოს ამერიკულ ფილმში "ნარშავი. აქ მას მთავარი როლი არ ჰქონია, რადგან წინა პლანზე ისევ და ისევ ჯეკ ნიკოლსონი იყო, მაგრამ ეს როლი მაინც საეტაპო აღმოჩნდა ჩვენი თხრობის გმირისათვის. მერილმა ამ ფილმში საძაგელი და საძულველი ქალის სახე შექმნა, რაც მანამდე არ ყოფილა მის პრაქტიკაში.
"ჰელენი (მერილის პერსონაჟი) მსახიობური გარდასახვის ფანტასტიური ნიმუშია" - ასე შეაფასა სტრიპის ნამუშევარი ნიკოლსონმა. მისი გმირის სიკვდილის სცენას რამდენიმე დუბლის გადაღება დასჭირდა, რომელთა ინტერვალებში მერილი გაუნძრევლად იწვა და საკუთარ თავს როლიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევდა. "რა სჭირს ამ ქალს?!" - გაოცებით ეკითხებოდა ოპერატორი რეჟისორს, ბაბენკო კი განაგრძობდა გადაღებას და მხოლოდ მაშინ, როცა სამუშაო დრო დასრულდა, მერილი ნელინელ, თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში უბრუნდებოდა ჩვეულ სამყაროს, სადაც იგი თითქოს ახალ ადამიანად დაბრუნდა.

აი, მსახიობი!
ეს ფრაზა ბრაზილიელ რეჟისორს აღმოხდა და იგივე გაიმეორეს 1988 წელს კანის ფესტივალის ჟიურის წევრებმაც, სადაც სტრიპის მორიგი ნამუშევარი იყო წარდგენილი ფილმში "ძახილი წყვდიადში. ამ ფილმში განსახიერებული როლისათვის მას წლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული მიენიჭა, არადა, მხოლოდ ფილმის სიუჟეტის გახსენებაც კმარა იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რა ოსტატობის გამოვლენაა საჭირო იმისათვის, რომ მაყურებლის სიმპათია დაიმსახუროს საკუთარი ჩვილი ბავშვის მკვლელობაში ბრალებულმა დედამ (სტრიპი სწორედ ამ ქალის როლს ასრულებს), რომელსაც მხოლოდ რვა წლის შემდეგ ეხსნება ეს საშინელი ბრალდება....

დიდი კომიკოსი (?!)
ცნობილია, რომ მერილ სტრიპისადმი საგანგებოდ თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას არასოდეს მალავს რობერტ დე ნირო. იგი ქედს იხრის ქალის ნიჭიერების წინაშე და აფასებს მას არა მხოლოდ, როგორც მსახიობს. "ეს ქალი დაბადებით კომიკოსია - თქვა ერთხელ დე ნირომ - იგი მომხიბვლელი ადამიანია, მასში უსაზღვრო მიმზიდველობაა დაბუდებული. ქალი მსახიობი კინოში ძირითადად იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყურება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ სილამაზესაა ადევნებული. მერილი კი სულ სხვა გზებით დადის და ამიტომაც გაოგნებამდე მიჰყავს პარტნიორებიც და გადამღები ჯგუფიც. იგი 30-იანი წლების მსახიობთა ტრადიციებს აგრძელებს, რომლებსაც სილამაზეზე მეტად პიროვნული ღირსებების გამოვლენა ევალებოდათ. მე ვიცნობ ერთადერთ მსახიობ ქალს, ეს არის მერილ სტრიპი" - ასკვნის რობერტ დე ნირო.

* * *
ზემოთ სადღაც გაკვრით ვახსენეთ, რომ მერილ სტრიპი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა 70-იან წლებში, თუმცა ამგვარ ცხოვრებასა და საქმიანობას ახლაც განაგრძობს.
ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ დასრულებული წარმატებული კამპანიის შემდეგ მსახიობმა ახალი ფრონტი გაშალა, ამჯერად მისი რისხვის საგანი საკვებში ნიტრატების არსებობა იყო. მან პირადად მიმართა თეთრ სახლს, რათა ამ ბრძოლაში დახმარება და მხ-არდაჭერა ამერიკის მთავრობისგანაც ჰქონოდა. "მე მინდა, რომ მაღაზიაში დამშვიდებული სინდისით ვიარო - განაცხადა სტრიპმა - არ მსურს, მაწუხებდეს იმის შიში, რომ ჩემსას თუ სხვის შვილებს კიბოთი დაავადება ემუქრება!" (ციტატის დასასრული).
დიდებულ მსახიობს ყოველთვის ახსოვს საკუთარი მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი ვალდებულებანი ხალხის წინაშე. "დიადი ნდობა იმისა, რომ სხვის "მე"-ს ჩაწვდე მხოლოდ მსახიობებს ხვდათ წილად - ამბობს სტრიპი - ამიტომაც სწორედ მათ ევალებათ ადამიანთა გულებს შორის კავშირის დამყარება. კინოს მე ყოველდღიური ცხოვრებიდან გავყავარ სადღაც განუსაზღვრელად უფრო დი და მნიშვნელოვან გარემოში... ადამიანურობაში! ესაა მთავრი ჩემს შემოქმედებაში".
* * *
გადასაღები მოედნის მიღმა კი მერილ სტ¬რიპი მშვიდ, მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწევა თავის ქალაქგარეთა მყუდრო, შეიძლება ითქვას, პატარა სახლში, რომელიც კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. აქ იგი ოთხ შვილს ზრდის - ორ ვაჟს და ორ ქალიშვილს. სახლს მხოლოდ ორი დამხმარე ხელი - მებაღე და ძიძა - ემსახურება, სხვა დანარჩენს ოჯახის წევრები უძღვებიან. კონექტიკუტის შტატში მერილის მეუღლეს დიდი სტუდია აქვს და გამუდმებით საქმეშია ჩაფლული, თავად მსახიობი კი ყოველ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოცნებაც კი არ შეეძლო ასეთ ჰარმონიულ ცხოვრებაზე, სადაც ოჯახი და კინემატოგრაფი სრულიად უმტკივნეულოდ თანასაზრდოობს. სტრიპი არც იმას მალავს, რომ ეთაყვანება თავის დაბრძენებულ და დაჭკვიანებულ მეუღლეს, სწორედ იმ დონ ჰამერს, ვინც არცთუ საამოდ მოვიხსენიეთ წერილის დასაწყისში.
...ქმრის გონზე მოყვანაც ერთ-ერთი ღირსებაა მერილ სტრიპისა, თუმცა ამას იგი სახალხოდ არ აცხადებს, რადგან ჟურნალისტები მისი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხედავენ ყველაფერს.

* * *
1999 წელს მერილ სტრიპი მორიგ "ოსკარზე" იყო წარდგენილი ფილმისათვის "ჭეშმარიტი ფასეულობა", მაგრამ, საერთო მხარდაჭერის მიუხედავად, პრემია მას არ ერგო. ამის გამო სახელოვან მსახიობს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და უფრო მეტად იმით გააოცა მისი თაყვანისმცემლები, რომ ყველას გასაგონად განაცხადა - "კინო ჩემთვის მხოლოდ ჰობია, რაც ოჯახური პრობლემებისაგან დასვენებაში მეხმარეობაო".
ჯერ არავის შეუტანია ეჭვი მერილ სტრიპის გულწრფელობაში და, ალბათ, ამიტომაც დაუჯერს მას... დავიჯეროთ ჩვენც, რომ კინო ჰობია და სხვა არაფერი ამ გენიალური მსახიობისთვის! 

ინტერნეტში მოძიებული მასალების საფუძველზე წერილი შეაკოწიწა ჯერ კიდევ უცნობმა კინოკრიტიკოსმა (მაგრამ მაინც) ალექსანდრე ელერდაშვილმა (2002 წელი, გაზეთი "ფანტაზია" #271

Комментариев нет:

Отправить комментарий