четверг, 22 октября 2015 г.

ლაიზა მინელი

Liza May Minnelli


დაიბადა 1946 წლის 12 მარტს

ლონდონის "პალადიუმი" გაირინდა და თვალს ვერ აშორებდა სცენაზე ნიავივით მქროლავ ყმაწვილქალს, გაირინდა და გადაავიწყდა, რომ აქ ჯუდი გარლანდის სანახავად მოვიდნენ; ლირიული ჯუდი საკუთარი ქალიშვილის ცეცხლოვანი სოლო-პაუზების ფონზე უსუსური და დროგადასული ჩანდა. უფრო მეტიც, ლონდონის მრავლისმნახველი და თავშეკავებული პუბლიკა ფეხზე დგებოდა და ოვაციით ეგებებოდა ლაიზას ყოველ გამოჩენას.
მთლად დაბნეული ჯუდი სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა, იგი მიდიოდა შვილთან და მის ხელში ჩაბღუჯული მიკროფონის გამოტაცებას ცდილობდა; იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი სპექტაკლია და დედა შვილს სცენაზე თავის დაჭერას ასწავლის. პუბლიკა უნებლიედ აჰყვა ამ მოულოდნელ ტრიუკს და ვერ გრძნობდა, რომ ვითარება დრამატულ ელფერს იღებდა. საკონცერტო სცენა პირადი ანგარიშსწორების ადგილად იქცა... ლაიზა მინელიმ ბოლოსდაბოლოს დაამტკიცა, რომ იგი არის ლაიზა!... და არა მხოლოდ "ჯუდი გარლანდის ქალიშვილი", როგორც მას აქამდე მოიხსენიებდნენ.
* * *
- რა მშვენიერი გოგონა ჰყავს ჯუდის!
- ზედგამოჭრილი დედაა!
- ო, ეს ხომ მშვენიერი ჯუდის გოგონაა!
...პატარა ლაიზას გამუდმებით ესმოდა ეს ფრაზები, იგი მორჩილად და მოკრძალებით უღიმოდა კომპლიმენტების ავტორებს, საღამოს კი ძილის წინ ღმერთს ევედრებოდა: "ღმერთო, არ მინდა დედაჩემის მსგავსი კაპრიზული ვიყო! არ მინდა მას ვგავდე, არ მინდა მასავით ყველას ვაწვალებდე და დავყვიროდე!... არ მინდა, ღმერთო!"
* * *
უცხო თვალისათვის ლაიზას ბავშვობა თვალისმომჭრელი და შესაშური იყო. აბა, წარმოიდგინეთ: მას ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილებთან უწევდა მეგობრობა - დინა მარტინასთან, ლანა ტერნერთან, ოსკარ ლევანტთან; მამამისი, ჰოლივუდელი რეჟისორი ვინსენტ მინელი, გადაღებებზე თან დაატარებდა გოგონას და არაერთ ეპიზოდშიც უთამაშებია ნამდვილი ვარსკვლავების გვერდით; მათს ვილაში, რომელიც ლოს-ანჯელესის განაპირას იყო აგებული, გამუდმებით საზეიმო ვითარება სუფევდა - ნაირგვარი გადაპრანჭული ადამიანები თითქოს საგანგებოდ მოდიოდნენ აქ, რომ ლაიზას გასართობად ათასგვარი საშუალება მოეგონებინათ; დედასთან ერთად სადმე რესტორანში რომ შევიდოდა, ხომ მაგიდასთან მისვლას არ აცლიდნენ და მაშინვე სთხოვდენენ ავტოგრაფს, არა მარტო სახელოვან დედას, არამედ მის ქალიშვილსაც...  ჯუდი ესტრადის მომღერალიც იყო და მისი პატარა გოგონა არაერთხელ გამოსულა სცენაზე მასთან ერთად ყვავილების ზღვაში ჩასაფლობად... 
ეს ზღაპარი დასრულდა მაშინ, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.
ქმართან ყოფნა ასე თუ ისე აკავებდა ჯუდი გარლანდის დაუოკებელ კაპრიზულობას, მარტო დარჩენის შემდეგ კი მან ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა; მას კიდევ ორი შვილი ჰყავდა სხვა ქორწინებიდან და ამ შვილების ზრდასთან ერთად ჯუდი გარლანდის ხასიათიც სულ უფრო უარყოფითობისაკენ იხრებოდა. ამას დაერთო ისიც, რომ თავაშვებულმა ცხოვრებამ ერთდროს ამერიკელთა სათაყვანებელი ფერია "ტაბლეტებსა"და ალკოჰოლს მიაჩვია  და ლაიზას არაიშვიათად უხდებოდა უდედოდ დარჩენა, რადგან ჯუდის სულ უფრო ხშირად აგზავნიდნენ "დასავენებელ კლინიკებში" შესაბამისი სამედიცინო სამსახურები. "განკურნებული" ჯუდი ერთხანს მშვიდდებოდა, მაგრამ სულ მალე უარეს დაძაბულობას ქმნიდა და პატარა ლაიზა ბევრჯერ გამხდარა იმის მოწმე, თუ როგორ ცდილობადა დედამისი თვითმკვლელობის ინსცენირებას გარკვეული ადამიანების დასაშინებლად.
დედის სიკვდილი არ იყო ერთადერთი შიში, რაც ლაიზას ბავშვობას გასდევდა მუდამ; ამას ზედ ერთვოდა ის განცდებიც, რაც დედის ხანგრძლივ გაუჩინარებასთან იყო დაკავშირებული და რაც გამუდმებული პრობლემის წინაშე აყენებდა გოგონას: 
-  დამიბრუნდება თუ არა დედა?
- მარტო დავრჩები თუ არა?
* * *
დადგა დრო, როცა ლაიზას დამოუკიდებლად შეეძლო სცენაზე გამოსვლა და დასაწყისისათვის მან, თავის პროდიუსერთან ერთად, ბროდვეის ერთ პაწია თეატრში მიუზიკლის დადგმა განიზრახა. პრემირამდე ლაიზა ღმერთს ევედრებოდა, რომ დედამისი არ მოსულიყო, მაგრამ მას ეს იმედი გადეწურა, როცა დაინახა, როგორ შევიდა მაყურებელთა დარბაზში რეპორტიორებით გარსშემორტყმული ჯუდი გარლანდი, რომელსაც აბრეშუმის ქათქათა კაბაზე წითელი ვარდი ჰქონდა დაბნეული; და მოხდა ის, რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა ლაიზას - იმ საღამოს მისი პრემიერა კი არა ჯუდი გარლანდის ახალი კაბის დემონსტრირება დაერქვა და გაზეთებმაც ასევე დაწერეს:
"იგი დედამისს ტყუპისცალივით ჰგავს, თუმცა სხვაობა ისაა, რომ ჯუდი გარლანდს იმ საღამოს მშვენიერი კაბა ეცვა, ლაიზა კი უფრო თავისი სხეულის სიშიშვლით ცდილობდა მაყურებლის მოხიბლვას..."
აღშფოთებულმა ლაიზამ მტკიცედ გადაწყვიტა, შური ეძია!
* * *
1966 წელს ლაიზას მიანიჭეს საგანგებო პრემია, როგორც მიუზიკლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს. 
- დაიწყო ეპოქა, რასაც პროდიუსერების ენაზე "ხელიდან ხელში გადასვლა" ჰქვია. 
- დაიწყო ეპოქა, რომლის პირველ პერიოდსაც "მანჰეტენის დედოფლობა" ერქვა!
- დაიწყო ეპოქა, როცა ყოვლისმცოდნე რეპორტიორები გულდაგულ აღუწერდნენ პუბლიკას ყველა იმ თავგადასავალს, რაც ლაიზას ელოდა სპექტაკლის დამთავრების შემდეგ. "ყველას, ვინც ალერსიანად გაუღიმებს ლაიზა მინელის და შეაქებს მის ახალ კაბას, აქვს შანსი იმისა, რომ იმ საღამოს მის ლოგინში აღმოჩნდეს" - წერდა პრესა და ეს გარკვეულწილად სინამდვილეს შეეფერებოდა; ლაიზასთვის სულ ერთი იყო, ვინ გაუწევდა ღამეულ კომპანიას, ვინმე ბობოლა ბიზნესმენი თუ პუბლიკიდან წამოჩიტული ლამაზი ჭაბუკი, მთავრი ის იყო, რომ იგი მარტო არ დარჩენილიყო; ლაიზას იმხანად ნაირგვარმა "ფობიებმა" შეუტიეს, რომელთაგან ყველაზე ძლიერი მაინც მარტოობის შიში გახლდათ, ამიტომაც ყოველ საღამოს დგებოდა საკითხი - ვინ იქნება მის გვერდით დილამდე და თუ ასეთი არავინ აღმოჩნდებოდა, ლაიზა მთელი ღამე ბარში იჯდა ან დისკოტეკაზე ცეკვავდა.
...და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე ჯუდი გარლანდს აღარ სიამოვნებდა გაზეთებში ამგვარ ინფორმაციასთან დაპირისპირება: "დედის კალთას მოშორებული ლაიზა თავით გადაეშვა ცხოვრების მორევში". შესაძლოა, ჯუდი გარლანდი სინდისმაც შეაწუხა და ყურშიც ჩაესმა პატარა ლაიზას გამუდმებული ვედრებანი - "დედიკო, არ წახვიდე!" (ან უფრო უარესი - "დედიკო, არ მოიკლა თავი!"), "დედიკო, მარტო დარჩენის მეშინია!", "დედიკო, დამიბრუნდი!" - ასეა თუ ისე, ამ ქალში დედობრივმა ინსტინქტმა იმძლავრა, შვილის "გადარჩენა"  დააპირა და ყველაფერი საკუთარ სტილში მოაწყო.
რამოდენიმე დღის შემდეგ ჯუდიმ "შემთხვევით" გააცნო საკუთარ ქალიშვილს ავსტრალიელი მუსიკოსი პიტერ ალენი. პიტერს ლამაზი თვალები ჰქონდა და შესანიშნავი კომპლიმენტების შეთხზვა შეეძლო. ერთი სიტყვით, ჯუდის მოსწონდა ეს მუსიკოსი და მოაწყო ისე, რომ ლაიზა და პიტერი ერთმანეთს ნიუ-იორკის ბოჰემაში გადაეყარნენ.
დამყოლი და გულუბრყვილო ლაიზას მოხიბლვა უმარტივესი რამ გახლდათ, საჭირო იყო მხოლოდ ალერსიანად ჩაგეხედათ მისთვის თვალებში და ოფიციალურ მიღებაზე მაგიდის ქვეშ ხელზე მოფერებოდით და... ერთხელ, ასეთი უნებლიე მოფერებისას, პიტერმა ლაიზას თითზე "შემთხვევით" ბრილიანტის ბეჭედი ჩამოაცვა და ყურში ჩასჩურჩულა - "ცოლად თუ გამომყვები, უბედნიერეს ქალად გაქცევო!"
ლაიზას აღფრთოვანების გარდა არაფერი დარჩენოდა, რადგან ოცნება ძლიერ მამაკაცურ მხრებზე დაყრდნობისა ხორცს ისხამდა. არც დედამ დაახანა და უმალ დააკვალიანა შვილი - "ლაიზა, ეს შენი ბედიაო! იგი ნამდვილი მამაკაცი და ნიჭიერი მუსიკოსიაო!" - თუმცა ამ აღფრთოვანებას არ იზიარებდა ლაიზას მამა, რომელიც ნიშნობაზე საგანგებოდ ჩავიდა პარიზიდან ლონდონში და მთელი საღამო სევდიანმა გაატარა მარტოობაში.
ლაიზას ნიშნობა 60-იანი წლების ლონდონის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად იქცა თუნდაც იმიტომ, რომ საღამოს საკუთარი სურვილით "ბითლზის" ოთხეულიც დაესწრო. ექსტრავაგანტურ ყვითელ კაბაში გამოწყობილი ლაიზა მთელი საღამო თავბრუდამხვევად ცეკვავდა, იგი გრძნობდა, რომ პუბლიკა მას ორაზროვნად უმზერდა, (...მაგრამ მაინც ცეკვავდა), რომ ყველაზე მეტად მაინც ჯორჯ ჰარისონის ვნებიანი მზერა სდევდა მის მიხრა-მოხრას და ამიტომაც გამუდმებით დაეძებდა პიტერის თვალებს (ხომ არ ეჭვიანობსო?!), რასაც ვერსად ხედავდა; საღამო რომ დასრულდა ლაიზამ თავისი საქმროს ძებნა დაიწყო ბრბოში, დიდხანს ეძება, მაგრამ ვერსად იპოვა და ბოლოსდაბოლოს გადაღლილ საპატარძლოს ისღა დარჩენოდა,  რომ მისთვის ალერსით გაშლილ ჯორჯ ჰარისონის ლაბადაში ჩაეყვინთა.
...იმ ღამეს ჯორჯ ჰარისონმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა ლაიზა მინელი.
მოგვიანებით დაქორწინებული პიტერი და ლაიზა ჰარისონის ამბავს აღარ იხსენებდნენ, ისინი მანჰეტენზე ერთ ძვირფას ბინაში დასახლდნენ და ბედნიერი წყვილის თამაში დაიწყეს. ლაიზამ ამჯერად მტკიცედ გადაწყვიტა - ახლა ცოლი ვარ და ღალატზე ლაპარაკი ზედმეტიაო. მას არ სურდა დედას დამგვანებოდა, რომელიც ერთი ქმრიდან მეორის ხელში გადადიოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების ასრულება ძალზედ ძნელი აღმოჩნდა. ლაიზა მიუზიკლში მღეროდა, პიტერი საგასტროლო ტურნეებში მთელ ამერიკას გარს უვლიდა და სულაც არაა გასაკვირი, რომ ლაიზას ახალი მეგობარი-თანამოსაუბრე გამოუჩნდა, მავანი ნიუ-იორკელი მოდელიორი; და როცა პიტერი სახლში არ იყო, ლაიზა მასთან გამთენიამდე ლაყბობდა და არაფრის დიდებით არ დადიოდა დისკოტეკებზე; მან ხომ მშვენივრად იცოდა, რითაც მთავრდებოდა ხოლმე ამგვარი გასეირნებანი.
1969 წელს თვით ყველაზე მოკირკიტე კრიტიკოსებმაც სათანადოდ დააფასეს ლაიზას ნიჭი, ხოლო მისმა ფილმმა - "უნაყოფო გუგული" - "ოსკარის" პრემიაზე წარდგენაც კი დაიმსახურა. ამ ფილმში ლაიზამ მიტოვებული სატრფოს როლი განასახიერა და მისი ფრაზა - "ეს შეუძლებელია?!" - მოარულადაც კი იქცა იმ ხანებში, რადგან ამავე ფრაზის წარმოთქმა მას ცხოვრებაშიც მოუხდა, როცა შეიტყო, რომ პიტერს მის დედიკოსთან ჰქონია გაბმული სატრფიალო რომანი. ამ ფაქტის გაცნობიერებამ ლაიზა ისტერიამდე მიიყვანა და, რომ არა მისი მეგობარი-თანამოსაუბრე, მავანი ნიუ-იორკელი მოდელიორი, მას შესაძლოა სიცოცხლე თვითმკლელობითაც დაესრულებინა.
ლაიზამ სახალხოდ განაცხადა, რომ მას დედა აღარ ჰყავს და ეს ასეც მოხდა - 1969 წლის 29 ივნისს სატელეფონო ზარმა ადრიანი დილით გააღვიძა ლაიზა და მას აცნობეს - ჯუდი გარლანდი 47 წლის ასაკში ბარბიტურატების ზედმეტი დოზით გარდაიცვალაო.
 - "ეს შეუძლებელია?!" - მესამედ აღმოხდა ლაიზას იმ წელს ეს ფრაზა და ისე განაგრძო ცხოვრება, რისაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ეშინოდა  - დედამ ამჯერად მართლა მოიკლა თავი და სამუდამოდ მიატოვა ლაიზა. და დაიწყო თავბრუდამხვევი ცხოვრება, რომლის გასაძლებად და გადასატანად ნიუ-იორკელი მოდელიორი არაიშვიათად ნარკოტიკებით გატენილ ფლაკონებს ჩუქნიდა კაბარედან კაბარეში და ფილმიდან ფილმში მოწანწალე ლაიზას.
აი, ასე მივიდა ლაიზა 1973 წლამდე, როცა ბობ ფოსმა მას მთავრი როლის შესრულება შესთავაზა ყველაზე გახმაურებულ ფილმში "კაბარე"; ეს ფილმი, გარდა სხვა ღირსებებისა, იმით აღმოჩნდა აღსანიშნავი, რომ პრესამ და კრიტიკამ ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტა ლაიზას გაიგივება და შედარება დედასთან; ჯუდი გარლანდი ვერაფრით-ვერასდროს ვერ განასახიერებდა ასეთ როლს; მხოლოდ ლაიზა იყო იმის შემძლე, რომ შლაპაში და შავ  წინდებში გამოწყობილი ბერლინელი თავქარიანი ქალის სახე აღებეჭდა ეკრანზე.
დედას ლაიზა პირადი ცხოვრებითაც არ ჰგავდა; მართალია არც ჯუდი განიცდიდა მამაკაცთა ცვალებადობის  ნაკლებობას, მაგრამ ლაიზა მთლად "გადაირია" ამ ასპარეზზე და შედეგმაც არ დააყოვნა - მას არც მეტი, არც ნაკლები "სექსუალური ზვიგენი" შეარქვეს, რომლის მსხვერპლთა კლასიფიცირებაც კი მოახდინეს დაინტერესებულმა პირებმა "ფრანგული, იტალიური, ბრიტანული თუ ამერიკული სიების" სახით (ფრანგულ სიას, მაგალითად, სათავეში შარლ აზნავური ედგა).
მხოლოდ 1974 წლის განმავლობაში ლაიზამ ორჯერ მოასწრო ოფიციალურად გათხოვება, თუმცა ყველასათვის ისიც კარგად იყო ცნობილი, რომ პარალელურად მრავალრიცხოვან საყვარლებთანაც ახერხებდა და ასწრებდა შეხვედრას და  ეს მისი ნიუ-იორკელი მეგობარი-თანამოსაუბრის მანჰეტენზე განლაგებულ ბინაში ხდებოდა. ლაიზას მამა, ვინსენტ მინელი, ხედავდა ყოველივე ამას, მაგრამ მხოლოდ ის შეეძლო, რომ შვილი მკაცრად გაეფრთხილებინა - "ეს ამბავი კარგად არ დასრულდებაო!"
...ყოველივე ეს ბანალურ ანეკდოტს ჰგავდა, რომლის მთავრი პერსონაჟი იმხანად, სხვათა შორის, ცნობილ რეჟისორი მარტინ სკორსეზე გახლდათ. მავანი მოდელიორი ასეთ სცენას იხსენებს:
"ერთ საღამოს ლაიზა ერთ-ერთ ქმართან, ჯეკ ჰეილისთან ერთად ქუჩაში მისეირნობდა და გზად მარტინ სკორსეზე შემოხვდათ, რომელიც გააფთრებით მიიჭრა მათთან და ლაიზა საყვედურებით აიკლო იმის გამო, რომ მიხაილ ბარიშნიკოვთან ჰქონდა რომანი და მას "ღალატობდა" ყოველივე ამას უშფოთველად უსმენდა ოფიციალური ქმარი და არც კი დასმულა რიტორიკული კითხვა - ვის ღალატობდა ლაიზა მინელი?!
სამოცდაათიანი წლების ბოლოს ლაიზას დროისტარებისათვის "54-ე სტუდია" ჰქონდა შერჩეული, სადაც იმხანად ნიუ-იორკის მთელი ბოჰემა იყრიდა თავს. იქ ყოველ საღამოს ელიზაბეტ ტეილორი მიდიოდა, რათა მოძალებულ სიმსუქნეზე ესაუბრა; იქ მიკი ჯაგერი მიხაილ ბარიშნიკოვის მხრებზე მშვიდად თვლემდა; იქ ტრუმენ კეპოტი თავის მორიგ პლასტიკურ ოპერაციას "ასველებდა"... იქ ლაიზას პრემიერების ზეიმები აღინიშნებოდა.
მეორე დღეს კი ლაიზა აუცილებლად გამოდიოდა სცენაზე, საღამოს აუცილებლად ატარებდა დროს საყვარლის კომპანიაში, ღამით აუცილებლად მიდიოდა "54-ე სტუდიაში" და... ერთ მშვენიერ დღეს, ლაიზა შუა სიმღერაში გაჩერდა, სიტყვები გადაავიწყდა და უაზროდ მიაშტერდა მაყურებელს. მისმა გონებამ თითქოს საბოლოოდ უარი თქვა ამ გიჟურ გაწამაწიას ბოლომდე მომსახურებოდა. გონებას სხეულმაც აუბა მხარი და 1980 წელს, შობამდე ოთხი დღით ადრე, როცა ლაიზა მამასთან უნდა წასულიყო ლოს-ანჯელესში, მას სიცხემ აუწია, უმოძრაოდ ჩაეშვა სავარძელში და ერთადერთი, რითაც შეღავათი გაუწია მას გონებამ და სამსახურზე უარი აღარ უთხრა, გახლდათ ის, რომ დროზე გაახსენა, სად იდო ბლოკნოტი, სადაც ანონიმური ფსიქიატრიული სამსახურის ტელეფონის ნომერი ეწერა. როდესაც ექიმებმა ვინაობა და სამსახურეობრივი საქმიანობა ჰკითხეს, ლაიზამ ისღა უპასუხა - "ჩემი ცხოვრება კაბარეაო" -  და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისაგან გაჟღენთილი სხეული ხანგრძლივი დროით ჩააბარა შესაბამის ექიმებს.  ცნობილი კალიფორნიელი ექიმის ბეტი ფორდის დასკვნა კი ასეთი გახლდათ: ლაიზა იმ ხაფანგში მოხვდა, რომელსაც მთელი ცხოვრება გაურბოდა. იგი ვერასოდეს გათავისუფლდა სულიერი ამბოხისაგან, რაც მას დედის კალთიდან გამოსვლისაკენ უბიძგებდა.
ბეტი ფორდს მკურნალობის საკუთარი მეთოდი გააჩნდა. იგი ყოველ დღე აძალებდა გრძელი და აღმსარებლური წერილი მიეწერა ლაიზას ჯუდი გარლანდისათვის, რომლის სიკვდილიდან თითქმის თორმეტი წელი იყო გასული და მაინც... არავინ იცის, რის ფასად უჯდებოდა ლაიზას ამგვარი წერილების წერა, არავინ, გარდა მისი ექიმისა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ყოველი ასეთი თხზულების დასაწერად მას დღეში სამი საათი ეხარჯებოდა.
კლინიკიდან ლაიზა სულ სხვა ადამიანის სახით გამოვიდა. მას უკვე აღარ სჭირდებოდა სტიმულატორები და მარტოობის ბავშვობისდროინდელი შიშიც აღარ ზემოქმედებდა მაგიურად მასზე.
"პირველად მრავალი წლის განმავლობაში ჩემს სულში სიმშვიდე გამეფდა - იგონებს ლაიზა - პირველად ცხოვრებაში აღარ ვიგრძენი საკუთარი თავისადმი შიში და ზიზღი; ბოლოსდაბოლოს დავვრწმუნდი იმაში, რომ მე დედაჩემი მიყვარდა და ბევრი სიკეთე ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ მისი წყალობით მოხდა."
ახალი ცხოვრება ახალი გათხოვებით აღინიშნა. იგი ცოლად გაჰყვა ყველსათვის უცნობ მოკრძალებულ მოქანდაკეს მარკ გეროს. ლაიზამ მასთან საოცარი სულიერი სიახლოვე იგრძნო, როცა შეიტყო, რომ ამ მოქანდაკესაც ორწლიანი დეპრესია გადაუტანია და რომ გაუმარჯვია კიდეც ამ დეპრესიასთან ჭიდილში. მარკი იყო ნაზი, ოჯახის მოყვარული კაცი, არასოდეს უწევდა ხმას და გამუდმებით უმტკიცებდა ლაიზას, რომ მისგან შვილის ყოლა უნდა.
ახალი ქმრის თანხლებით ლაიზამ გრანდიოზული ტურნე განახორციელა საფრანგეთში (მასთან ერთად თვით შარლ აზნავური მღეროდა). შემდეგ ამერიკას შემოუარა გარშემო ძველ მეგობარ ფრენკ სინატრასთან ერთად; არც თავის საყვარელი ინგლისი დაივიწყა და მასაც დიდი გასტროლებით ეწვია. ლაიზას მეგობრები თვლიდნენ, რომ დროა მას ჯუდი გარლანდის რეპერტუარიდანაც ამოეღო სიმღერები და ეს არანაირ საშიშროებას არ შეუქმნიდა მას; იგი ხომ "ოსკარის", 4-გზის "ტონის" მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი იყო.
- "რის გეშინია? - ეკითხებოდა მარკი - ხომ ხედავ, აქ ყველგან წერია ლაიზა მინელი და არა ჯუდი გარლანდი?"
* * *
....1995 წელი. ლაიზას კონცერტი იმავე "პალადიუმში". ახლა იგი ნიავივით ვეღარ დაჰქრის სცენაზე.  იგი ახლა მშვიდად და აუღელვებლად დგას; მისი შემხედვარე ძნელად თუ დაიჯერებს კაცი, რომ 48 წლის ლაიზა მინელიმ სულ მცირე ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. კონცერტის წინ იგი რეპორტიორებს გამოუტყდა: "მე არავის არაფერს ვეუბნები, უბრალოდ მრცხვენია! ხალხი მეკითხება - რა გჭირს ფეხზე? მე კი ვპასუხობ - არაფერი, ფეხსაცმელი მიჭერს... ახლა აეროპორტში რომ გავივლი, ხომ წარმოგიდგენიათ რა ზრიალს ატეხენ აპარატები... სამაგიეროდ აღარაფერი მტკივა..."
იმ საღამოს თეძოში ლითონის პროთეზჩადგმული ლაიზა კვლავ "პალადიუმის" დედოფალი იყო. მან ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომლის ბოლოს, ყველას გასაოცრად ოდნავ ჩახლეჩილი ხმით გამოაცხადა - "ახლა კი  სიმღერა ჯუდი გარლანდის რეპერტუარიდან..."

воскресенье, 18 октября 2015 г.

მარლენ დიტრიხი

Marie Magdalene "Marlene" Dietrich

დაიბადა 1901 წლის 27 დეკემბერს, ბერლინში
გარდაიცვალა 1992 წლის 6 მაისს, პარიზში

დაბადებით გერმანელი, პასპორტით ამერიკელი და მსოფლმხედველობით პარიზელი...
იგი 50 წლის ასაკის შემდეგაც გასაოცარი სილამაზით გამოირჩეოდა...
მარლენ დიტრიხს ტიპიურად ჰოლივუდური სახე, მაგრამ არაჰოლივუდური ღიმილი ჰქონდა, თუმცა მთავარი მისი ღირსება მაინც ფანტასტიური მშვენიერების ფეხები იყო, რის გამოც ამ ქალბატონს ჰოლივუდში მეტსახელად - The Legs - უწოდეს.
საოცარია, მაგრამ, მგონი, არ არსებობს არცერთი ფოტოსურათი, სადაც მარლენ დიტრიხი ცუდად გამოიყურება. საოცარი კი იმიტომაა, რომ საქვეყნოდ იყო აღიარებული დიტრიხის არაფოტოგენიურობა. უბრალოდ იგი ამაშიაც პროფესიონალი გახლდათ და მშვენივრად ესმოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გადაღებისას განათებას და ყოველთვის თავად ხელმძღვანელობდა გადასაღებ მოედანზე ამ საქმით დაკავებულ პერსონალს. მის პორტრეტებზე სინათლე ყოველთვის ზემოდან ქვემოთ ეცემა, რაც მისი მაღალი შუბლის კარგად წარმოჩენის საშუალებას იძლეოდა და პორტრეტის რაღაც იდუმალ, ამოუცნობ ხაისიათს ქმნიდა. დიტრიხის თაყვანისმცემლებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ერთ-ერთი მისი ადრეული ფილმი, რომელიც გადაღებულ იქნა რამოდენიმე წლით ადრე,  ვიდრე მას იპოვიდა და მეგა-ვარსკვლავად აქცევდა კინორეჟისორი ჯოზეფ ფონ შტერნბერგი. შეიძლება ნაძლევის დადება, რომ მარლენს იმ ადრეულ ფილმში ვერავინ იცნობს, რადგან იმ პერიოდში იგი ჩაპუტკუნებული, რიგითი დიასახლისის იერით გამოირჩეოდა და ეს უკანასკნელი მთელ ძალას იმაზე ხარჯავდა, რომ ნამდვილი ქალის გარეგნობა ჰქონოდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მიეღწია ამისთვის.
...ეს ფონ შტერნბერგმა იცოდა.
ამ რეჟისორმა მალევე გაიაზრა, თუ რა შესაძლებლობანი იმალებოდა ამ კარგად განათლებულ, გოეთეს ზეპირად მცოდნე, ფრანგულად უზადოდ მოლაპარაკე, როიალზე შესანიშნავად დამკვრელ ქალში, რომელსაც ყველაფერთან ერთად "დიასახლისის" ფენომენალური იმიჯიც ჰქონდა. ფონ შტერნბერგმა მარლენს დიეტა დაუნიშნა და ქალმა მოკლე ხანში 15 კილოგრამი დაიკლო; გააგზავნა სტომატოლოგთან და სიბრძნის ოთხი კბილი ამოაძრობინა (რათა გამოკვეთილი ყვრიმალები ჰქონოდა და მრგვალი სახე ისე დაჰგრძელებოდა, რომ დახვეწილება და არისტოკრატულობა შეეძინა). სწორედ ამ რეჟისორმა შექმნა განათების ის პრინციპიც,  რაც ზემოთ ვახსენეთ და რასაც დიტრიხის გარეგნობის წარმოჩენა საოცარი ეფექტურობით შეეძლო.
მისი პირველი ნაბიჯი იმ ტრიუმფისაკენ, რითაც მსოფლიო მოაჯადოვა, იყო ფილმი "ცისფერი ანგელოსი". სცენარს საფუძვლად ჰენრიხ მანის რომანი "პროფესორი უნრატი" დაედო. დიტრიხი აქ მსუბუქი ყოფაქცევის ქალ ლოლა-ლოლას თამაშობდა, რომელიც ღუპავს გიმნაზიის ერთ პატიოსან პროფესორს. როცა რეჟისორის დაჟინებით გადასაღებ მოედანზე დიტრიხი გამოიძახეს, მას გერმანული და მსოფლიო კინოს იმდროინდელი ვარსკვლავი ემილ იანინგსი დახვდა იქ. სასინჯი გადაღებების დასრულების შემდეგ იანინგსმა განაცხადა: "ამ ქალს თვალების ისეთივე ბუნდოვანი გამომეტყველება აქვს, როგორც იმ ძროხას, რომელიც მშობიარობას იწყებსო". ფონ შტერნბერგს ტიტანური ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდა, რათა დაეთანხმებინა პროდიუსერები, რომ როლზე სწორედ დიტრიხი დაემტკიცებინათ. დიტრიხს ამ ფილმიდან ჰონორარის სახით მარლენს სულ რაღაც 5 000 დოლარი ერგო, თუმცა ეს ათჯერ მეტი იყო იმაზე, რასაც იგი თეატრში შესრულებული ეპიზოდური როლებიდან იღებდა.
მარლენის სამსახიობო სტილიც სწორედ ფონ შტერნბერგმა განსაზღვრა. ბეწვეული, ძვირფასეულობა, ტანზე შემოტმასნილი სამოსი და მამაკაცური გარდერობი - აი, ის სიახლე, რამაც 30-იანი წლების ქალთა მოდაში რევოლუცია მოახდინა. 
ფილმ "მაროკოში" გამოჩენის შემდეგ, სადაც მარლენი ფრაკით, შარვლითა და ცილინდრით იყო შემოსილი, მთელი მსოფლიოს ქალებს რატომღაც მამაკაცური ტანსაცმლის ტარება მოესურვა უცებ. ეს ფილმი უკვე მარლენის "ჰოლივუდურ ეპოქას" განეკუთვნება და მისი გადაღებები სკანდალით დაიწყო, რადგან დაწყებისთანავე მის შეწყვეტას აპირებდნენ. როცა პირველი გადაღებული კადრები პროდიუსერებს აჩვენეს, ისინი აღშფოთებაში მოიყვანა მარლენის გერმანულმა აქცენტმა - იგი ისე წარმოთქვამდა ზოგ ინგლისურ სიტყვას, რომ ზოგ პროდიუსერს გულიც კი შეუღონდა. აქ კვლავ ფონ შტერნბერგმა იმარჯვა, მთელი თავისი პროფესიონალიზმის გამოვლენა დასჭირდა ამ რეჟისორს და არც შემცდარა. როგორც კი გამოვიდა ფილმი ეკრანებზე, მარლენ დიტრიხი ამერიკის უპირველეს ვარსკვლავად იქცა. მასთან ნაცნობის გაბმას ყველა ცნობილი ადამიანი ნატრობდა. მილიონერები მის ფერხთით მილიონებს ყრიდნენ. კრიტიკოსები მას დითირამბებს უთხზავდნენ, თუმცა გადასაღებ მოედანზე მას კვლავ უხდებოდა ასეთი ფრაზების მოსმენა - "იდექი მანდ და არ გაინძრე, ქალო!"; "ეი შენ, გაშალე მხრები და დაგვენახე!" "გარკვევით ილაპარაკე, გერმანელო!"... ერთადერთი კომპლიმენტი შეიძლება ასეთი ყოფილიყო: "არა უშავს, რაღაც გამოვიდა..."
* * *
ომამდელი კინომსახიობები ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობებს ფლობდნენ, ვიდრე ახლანდელი ვარსკვლავები. მათ ნამდვილად შეეძლოთ ცეკვაც და სიმღერაც და ამ მხრივ არც მარლენ დიტრიხი ყოფილა გამონაკლისი. იგი გერმანული კაბარეების სულისკვეთებით გაჟღენთილ, ყოველთვის კარგი ტექტით აღჭურვილ სიმღერებს მღეროდა, რაშიც ზომიერად იყო განაწილებულიო ყველაფერი: სატირაც, პოლიტიკაც, ვნებებიც და ფრივოლურობაც. მისმა ოდნავ ხრინწიანმა, სექსუალურმა ხმამ აღტაცებაში მოიყვანა თვით ერნესტ ჰემინგუეი, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ სიმღერით შეძლებდა ეს ქალი ევროპისა და ამერიკის დაპყრობასო.
* * *
დიტრიხმა პირველად რომ გადასერა ოკეანე და ამერიკის მიწაზე ფეხი რომ დადგა, პირველი გრძნობა შიში იყო. მას ეშინოდა, რომ ამ ქვეყანაში დაიკარგებოდა, სადაც ადამიანები მის სახელსაც კი ვერ წარმოთქვამდნენ სწორად. მას ახალი ფსევდონიმის მოფიქრებაც კი უნდოდა, მაგრამ ფონ შტერნბერგმა არ მისცა ამის უფლება და დაარწმუნა, რომ მალე მისი გვარი ძალზედ პოპულარული გახდებოდა, მიუხედავად იმისა, სწორად წარმოთქვამდნენ მას თუ არა. შტერნბერგი აქაც არ შემცდარა. ორიოდე წელიწადში ახლად დაბადებული ამერიკელი გოგონების უმრავლესობას სახელად მარლენი ერქვა.
სხვათა შორის "მარლენი" დიტრიხმა თავად დაირქვა 13 წლის ასაკში, როცა თავისი ორის სახელიდან - მარია მაგდალენადან - ერთი შექმნა.
  
მარლენ დიტრიხის კარიერა თავბრუდამხვევ სიმაღლეებს იპყრობდა. მას ყოველწლიურად რამოდენიმე ფილმში უხდებოდა გადაღება; დასაწყისში - მხოლოდ ფონ შტერნბერგთან, ხოლო მათი დაშორების შემდეგ (...რაც  სტუდია "პარამაუნტის" ჩარევითაც მოხდა) დიტრიხი სხვა რეჟისორებთან მუშაობდა, რომელთა შორის მისთვის ყველაზე მისაღებნი ბილი უაილდერი და ორსონ უელსი იყვნენ, ალფრედ ჰიჩკოკს და სტენლი კრამერს მარლენი უბრალოდ არ ცნობდა.
...ცხოვრებით კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ კინოთი არ ცხოვრობდა:
გათხოვება რომ მოისურვა, ქმრად ერთ-ერთი პირველი ფილმის რეჟისორის ასისტენტი რუდოლფ ზიბერი ირჩია და მისგან ქალიშვილიც იყოლია; კაცმა რომ თქვას, მარლენი არც არასოდეს დაშორებია ოფიციალურად ქმარს და მისდამი მთელი ცხოვრების მანძილზე უნაზეს გრძნობებს ინარჩუნებდა... სატრფიალო რომანები კი მრავლად ჰქონდა და მთელ მსოფლიოსაც მრავალმხრივი ჭორების საშუალებას აძლევდა:
...მარლენმა მოისიყვარულა და მალევე მიატოვა დიდი მწერალი ერიხ მარია რემარკი ("ტრიუმფალური თაღი" სწორედ მას ეძღვნება)...
...წლების განმავლობაში ვნებიანი და წამებული ტრფობა ჰქონდა გაბმული ჟან გაბენთან; გაბენთან კავშირი მაშინ გაწყდა, როცა ქალმა საბოლოოდ უარყო დიდი ფრანგი მსახიობის წინადადება ცოლობაზე (...გაბენმა მალე დომენიკ ფურიეზე იქორწინა, რომელიც მარლენს ტყუპისცალივით ჰგავდა...)
მარლენ დიტრიხი მთელი ცხოვრების მანძილზე ეთაყვანებოდა ერნესტ ჰემინგუეის და მათ ორივეს აღმოაჩნდათ იმდენი ნებისყოფა და გონიერება, რომ პლატონური სიყვარული ლოგინამდე არ მიეყვანათ; სანაცვლოდ კი ერთმანეთისადმი ისეთი სიწმინდე და ერთგულება შეინარჩუნეს, რაც ძნელად მოიძებნება ადამიანთა მთელი თანანაცნობობის ისტორიაში.
* * *
30-იანი წლების შუახანებში, როცა დიტრიხმა დაინახა, თუ რა ხდება მის მშობლიურ გერმანიში, მან საბოლოოდ გადაწყვიტა ამერიკაში დამკვიდრებულიყო, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი აშშ-ს მოქალაქეობაც მიიღო და ამის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მარლენს არანაირი სურვილი არ ჰქონდა ნაცისტებთან ურთიერთობისა. უფრო მეტიც - მან საკუთარ თავში იმდენი ვაჟკაცობა მოიძია, რომ ომის დროს ამერიკელ მსახიობებთან ერთად ევროპაში გაფრენილიყო და ფრონტის ხაზზე ამერიკელი ჯარისკაცების გასამხნევებლად კონცერტები გაემართა. ერთხელ, უკვე ომის მიწურულს, მას კონცერტი ჰქონდა პატარა გერმანულ ქალაქ აახენში; თავისი გამოსვლის დასასრულს მან კინოთეატრის მფლობელისაგან კმაყოფილებით მიიღო წინადადება ჭიქა ყავის შესმაზე ...მას არწმუნებდნენ - ყავა შეიძლება მოწამლული იყოსო, მაგრამ დიტრიხმა არაფრით არ დაიჯერა, რომ გერმანელები მის მოკვლას ისურვებდნენ; როცა მარლენმა ჰკითხა ამ ქალაქის მასპინძლებს - რატომ უკრავდნენ მას ასე აღტაცებით ტაშს, ისინი ხომ ბარიერის სხვადასხვა მხარეს იდგნენ?! - პასუხად მიიღო: "თქვენ ჩვენთვის უპირველესად გერმანელი "ცისფერი ანგელოზი" ხართ და შემდეგ ამერიკის მოქალაქეო".
კინომ მაინც აჯობა ომს! მარლენს ომი ბავშვობიდანვე სძულდა - იქ მისი ოჯახის ყველა მამაკაცი დაიღუპა, ომმა მარლენის ულამაზეს დედას სამუდამოდ ჩააცვა სამგლოვიარო ძაძები, ომის გამოისობით დიტრიხმა სამშობლო მიატოვა... და, ალბათ, სისხლისღვრის მიმართ პროტესტის ნიშანი იყო ის პათოსი, რაც სახელოვანმა მსახიობმა და მომღერალმა თავის ცნობილ სიმღერაში - "სად არის ჩვენი ყვავილები?" - ჩააქსოვა. ეს სიმღერა მთელმა მსოფლიომ აიტაცა.
* * *
ამაყი, თავნება, ირონიული და მოუხელთებელი მარლენ დიტრიხი ძალზედ საღად მოაზროვნე, მაგრამ საკმაოდ ცრუმორწმუნე ქალი გახლდათ. მას ხშირად საყვედურობდნენ, რომ მეტისმეტად იყო გატაცებული ჰოროსკოპით, რომ ნაბიჯსაც არ დგამდა პირადი ასტროლოგის რჩევის გარეშე; და ეს სავსებით შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან დიტრიხი უფრო დიდ პატივს სცემდა "მთვარეულ მეცნიერებას", ვიდრე ნებისმიერ სხვა რწმენასა თუ რელიგიას. ეს საოცრად ენერგიული და აქტიური ქალბატონი ხშირად უმძაფრეს დეპრესიაში ვარდებოდა; იგი ძველ გერმანულ არისტოკრატულ ტრადიციებზე იყო აღზრდილი და თვლიდა, რომ ადამიანმა თავად უნდა იტვირთოს საკუთარი ცოდვების მონანიება და არასოდეს გამოამზეუროს ისინი.
ხდებოდა ხოლმე. რომ ცივი, უკარება და მედიდური მარლენ დიტრიხი ივიწყებდა თავის ხასიათს და უნაზეს გრძნობებსა და საათობით გაბმული საუბრების სურვილს ამჟღავნებდა მათ მიმართ, ვისაც უფრო ხშირად არ სწყალობდა. ჰემინგუეის თქმით, მარლენს თავად ჰქონდა დაწესებული საკუთარი ცხოვრების წარმართვის წესები, რომლებიც არანაკლებ მკაცრი და შეზღუდული იყო, ვიდრე ათი მცნება. 
ამბობდნენ, რომ მარლენი საოცრად გულუბრყვილო ადამიანი იყო. ჰიტლერის რეიხი ყველა საშუალებას ხმარობდა, რომ დიტრიხი გერმანიაში დაებრუნებინა; მას ჰპირდებოდნენ, რომ მისი დიდი მოთაყვანე ადოლფ ჰიტლერი თავად შეხვდებოდა მას რკინიგზის სადგურზე და წითელი ფარდაგით მოფენილი გზებით სასახლემდე მიაცილებდა. მსახიობი უარყოფდა ამას, თუმცა ხსენებულ გულუბრყვილობას ამ უარყოფაშიც ამჟღავნებდა:
"ეს წინადადება რომ მიმეღო, ალბათ, გერმანიის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა! მე შევძლებდი ჰიტლერი დამერწმუნებინა, რომ ხელი აეღო ამ სისხლისღვრაზე.. არც ევროპა დაინგრეოდა და არც მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა!... ქალს დიდი საქმეების აღსრულება შეუძლია... თუ ლოგინამდე გამოგყვა..."
* * *
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე დიტრიხი 60-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მაგრამ მათგან ოთხიოდეს თუ მიიჩნევდა მსახიობი "ნამდვილად წარმატებულად". ომის შემდეგ მან კერპის, ცოცხალი ლეგენდის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა; მას უკვე აღარ სთავაზოდნენ დიდ როლებს, ჰონორარები მცირდებოდა და მარლენის წინაშე სიღარიბის პრობლემაც გაცხადდა. და აი, 1953 წელს დიტრიხმა გაიცნო ლას-ვეგასის კაზინოს და სასტუმრო "საჰარას" მფლობელი, რომელმაც მას კონცერტებით გამოსვლა შესთავაზა. ასე აგორდა ტრიუმფის ახალი ტალღა... მარლენი მღეროდა სიმღერებს, რაც მაყურებელთა დიდ ნაწილს ნოსტალგიურ გრძნობებს უღვიძებდა, მისი სიმღერები არ იყო მხოლოდ ვოკალური ნაწარმოებები, თითოეული მათგანი ერთი დასრულებული პიესა გახლდათ ვნებების სისრულითა და ტრაგიზმის გარდუვალობით.
"მე არ მიყვარს, როცა ჩემს გარშემო ხალხი ირევა - წერდა დიტრიხი - მაგრამ მარტოობაც საშინელი დარტყმაა... მას ვერაფერს მოუხერხებ!..." ცხოვრების ბოლო წლები კი სწორედ მარტოობასთან ბრძოლაში გაატარა, რასაც ხელი შეუწყო 1975 წელს სიდნეიში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როცა იგი კონცერტზე წაბორძიკდა, დავარდა და თეძოს ძვალი მოიტეხა. ამის შემდეგ პრაქტიკულად აღარავის უნახავს მარლენ დიტრიხი; იგი ლოგინს მიეჯაჭვა და მკურნალობამ მთელი მისი ფულადი სახსრები შეიწირა. იგი ირონიულად წერდა: "ფეხები, რომლებმაც მე სახელი და დიდება მომიტანეს, ჩემივე სიღატაკის მიზეზი გახდაო". 
* * *
სიცოცხლის ბოლო წლები მარლენმა თავის საყვარელ პარიზში, მონტენის ავენიუს ერთ პატარა ბინაში გაატარა. გარე სამყაროსთან მას მხოლოდ სატელეფონო კავშირი ჰქონდა. მართალია, მან 90 წელს გადააბიჯა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი მაინც შვილისაგან მიყენებული წყენა გაუხდა; შვილი, მარია, რომელიც მარლენს სიგიჟემდე უყვარდა, საკმაოდ სულმდაბალი ადამიანი აღმოჩნდა. ეს ქალბატონი მსახიობი კი გახდა, მაგრამ დედის ბრწყინვალების ნასახიც კი არ გააჩნდა და ყურადღების მისაპყრობად დაწერა წიგნი - "დედაჩემი - მარლენ დიტრიხი" - სადაც საკუთარი მშობელი წარმოაჩინა, როგორც პატივმოყვარე და მეწვრილმანე ქალი, რომლისთვისაც, დიდებისა და სექსის გარდა, ქვეყნად არაფერი არსებობდა. წიგნში ისეთი დეტალებითა და ფერებითაა აღწერილი დიტრიხის პირადი ცხოვრება, რომ ამ მსახიობის თვით ყველაზე დიდ მოძულესაც კი სიბრალულის გრძნობას გაუჩენს; სიბრალულს იმისას, რომ დიდ პიროვნებას დაუმსახურებლად უღალატეს...
წიგნის გამოსვლიდან ორიოდე დღის შემდეგ ღრმად მოხუცებული მარლენ დიტრიხი ინფარქტით გარდაიცვალა...
* * *
მარლენ დიტრიხი არ ყო გენიალური მსახიობი ან გენიალური მომღერალი; იგი იყო გენიალური ადამიანი, რომელიც სხვა გენიალურ პიროვნებებს სასიცოცხლო ძალას მატებდა. 
ჰემინგუეი წერდა: "როცა უყურებ და უსმენ მას, რწმუნდები - რანაირ ჯოჯოხეთშიაც არ უნდა გიხდებოდეს ყოფნა, ამ ქალმა შენზე ადრე გამოიარა ეს წამება და... გადარჩა!"

пятница, 16 октября 2015 г.

მარჩელო მასტროიანი

Marcello Vincenzo Domenico Mastroianni
დაიბადა 1923 წლის 28 სექტემბერს
გარდაიცვალა 1996 წლის 19 დეკემბერს  
დიდი მარჩელო, ერთ პატარა ქალაქში კი არა, დიდ სოფელში დაიბადა, მშობლები ჩვეულებრივი გლეხები ჰყავდა...
ომის დროს გერმანელთა ტყვეობაში მოხვდა და საკონცენტრაციო ბანაკშიც ამოყო თავი; მადლობა ღმერთს, რომ გადაურჩა იქაურობას, ვენეციამდე ჩაღწევა მოახერხა და ომის დამთავრებამდე ერთი ქალბატონის ბინაში იმალებოდა...
პირველ ფილმში 1947 წელს გადაიღეს.
1950 წლისათვის უკვე 20-მდე ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (საერთოდ კი 100-ზე მეტია ფილმია მის ანგარიშზე) და, მსოფლიო თუ არა, ევროპა მაინც იცნობდა მას.
1950 წელს ცოლად შეირთო ვინმე ფლორა კარაბელლა და მასთან თითქმის 20-წლიანი სამეუღლეო პრაქტიკა გაიარა, რომლის განმავლობაშიც ქალიშვილის ყოლაც მოახერხა.
ყველაფერი 20 წლის შემდეგ დაიწყო... პარიზში

"ფლორა, ფლორა, მან მე უარი მითხრა" - ჩასძახოდა ყურმილს გამწარებული მარჩელო - მე სიკვდილის მეტი არაფერი მინდა!" კანონიერი ცოლი კი (ფლორა კარაბელა), რომელმაც მარჩელოს ნება დართო პარიზში წასულიყო და მისი საოცნებო ქალისათვის სიყვარული აეხსნა, მშვიდი ტონით ურჩევდა ქმარს, სატელეფონო საუბრების ვალი დაეფარა და რომში დაბრუნებულიყო.


იმავე საღმოს მარჩელო, ნაწანწალები ძაღლივით ბუხართან იყო მიმჯდარი და ცოლის საყვედურებს ისმენდა; ფლორამ იმიტომ დართო ნება მას "მცირეოდენი გართობისა", რომ ღრმად იყო დარწუნებული - ვერცერთი ლამაზმანი ვერ დაარღვევდა მათს 20-წლიან საოჯახო იდილიას. შეუღლებისთანავე ცხადი იყო ამ ქალისათვის, რომ (ეს კალმით ნახატი) მარჩელო მისი ერთგული უბრალოდ ფიზიკურად ვერ იქნებოდა და მაშინვე აპატია ქმარს ყველა წარსული და მომავალი საღალატო გასეირნებანი. ფლორას ერთი იტალიური სიბრძნეც კარგად ახსოვდა - "იტალიელი კაცი შეიძლება აღმერთებდეს ცოლს, ფეხქვეშ ეგებოდეს საყვარლებს, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით მას მხოლოდ საკუთარი დედა უყვარს""- და ამიტომაც ზედმეტი სკანდალებით არ აწუხებდა მარჩელოს... ხანდახან კი ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით, დატუქსავდა ხოლმე მას.
მაგრამ ამჯერად პარიზიდან დაბრუნებულ მარჩელოს, მგონი, ბევრად უფრო სერიოზული სენი შეჰყროდა; ეს არ იყო რაღაც "მცირეოდენი გართობა", ის ვიღაც "ფრანგი გომბიო", მგონი, მართლა შეჰყვარებოდა მარჩელოს.
...და ფლორა არ შემცდარა
მთელი წლის განმავლობაში მარჩელო ემუდარებოდა ფლორას, რომ განქორწინება მიეცა მისთვის; ფლორა უარზე იდგა - ხან ემუქრებოდა და ხან ფეხებს უკოცნიდა, მეზობლების თვალწინაც კი გათათხა ერთხელ (იტალიურ სტილში), მაგრამ მარჩელოს არაფერმა უშველა. ბოლოს ფლორამ სახალხოდ აკადრა - "უკვე 49 წლის ხარ და აღარაფერი შეგიძლია" და არც ამან გაჭრა... მარჩელო ისევ განქორწინებას ითხოვდა და ფლორა დანებდა... ...განქორწინდნენ!
...გახარებული მარჩელო პარიზისაკენ გაფრინდა. მართალია, ის "ფრანგი გომბიო" სატელეფონო ზარებზედაც აღარ პასუხობდა, მაგრამ მარჩელოს სჯეროდა, რომ ამ ქალს მაინც მოიგდებდა ხელთ; ბოლოსდაბოლოს იგი ხომ მსოფლიო დონის მსახიობი მარჩელო მასტროიანი იყო?!
"ფრანგი გომბიო" კი კეტრინ დენევი გახლდათ!
მათ ერთმანეთი 1970 წელს, გადაღებებზე გაიცნეს; პირველად რომ შეავლო თვალი - "ჩვეულებრივი ნომენკლატურული ლამაზმანიაო" - გაიფიქრა მარჩელომ, მაგრამ რაღაც ყურადღების გამოჩენა მაინც მოისურვა - სუნამო შეუქო და დაუფასა "კლასიკურად გატრუნულ" კეტრინს. არა, მარჩელოს მართლა უყვარდა სუნამოები, მას რაღაც ბუნებრივი მიდრეკილება ჰქონდა სურნელებისადმი და საკუთარი მამაც კი მხოლოდ სუნით ახსოვდა. იმხანად მარჩელო ერთგვარ სატრფიალო დეპრესიაში იყო ჩავარდნილი; მცირე ხნით ადრე მას სამუდამოდ გაეწყვიტა კავშირი ჰოლივუდელ ფეი დანაუეისთან და მძიმედ განიცდიდა ამას. მან სიყვარულის გლოვის ნიშნად (...რასაც აშკარა დემონსტრირებას უკეთებდა) თმები მოკლედ შეიჭრა, თვალებზე შავი სათვალეები გაიკეთა და მთელ საღამოებს თავის ავტოფურგონში ატარებდა...
ხომ უნდა სცოდნოდა მთელ მსოფლიოს, რომ მარჩელო იტანჯებოდა?!
სხვათა შორის იმხანად კეტრინიც იტანჯებოდა, რადგან სულ ახალი დაშორებული იყო მორიგ ქმართან, ფრანსუა ტრიუფოსთან და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 27 წლის გახლდათ, მარჩელოს უკვე "ცივი და უკარება" ქალის სახელით გააცნეს (უფრო სწორად წაეჭორავნენ მომავალ პარტნიორზე).
"ვინც გინდათ ის იყოსო” - უპასუხა მასტროიანიმ და კვლავ ავტოფურგონში ჩაიკეტა.
სიყვარულის დილეგში
დაიწყო გადაღებები, მარჩელო და კეტრინი ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, რომლებსაც დაკარგული შვილის ხსოვნა აერთიანებდათ. მსახიობები, მოგეხსენებათ, უმაღლესხარისხოვანნი იყვნენ, მაგრამ რეჟისორი ნადინ ტრენტინიანი მაინც რაღაცით უკმაყოფილო გახლდათ და ასეთი რამ მოიფიქრა: მასტროიანი და დენევი ერთ მშვენიერ დღეს ოთახში ჩაკეტა, თვითონ და მთელი გადამღები ჯგუფი კი იქაურობას გაშორდნენ, რათა კარი არავის გაეღო მათთვის. ოთახში თითქმის არ იყო ავეჯი, არც ტელევიზორი და ტელეფონი, არანაირი გაზეთები... იყო მხოლოდ მცირეოდენი საკვები და, რა თქმა უნდა, სასმელი...
ორიოდე დღის შემდეგ პატიმრები გარეთ გამოუშვეს; გადასაღები სცენა დიდებულად, სულ "ვაშა, ვაშას" ძახილით გადაიღეს და... ერთი სიტყვით, მარჩელოს და კეტრინს ერთმანეთი შეუყვარდათ!
...და სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო!
კაცი რომში ცხოვრობდა, ქალი პარიზში; ისინი ყოველდღე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს (ტელეფონით!); კაცი (მარჩელო) ათას მიზეზს თხზავდა, რომ დღეცისმარე არ გამოეტოვებინა სატელეფონო საუბრის გარეშე; "საღამოს კი რაიმე ყვავილს ავიღებდი ხოლმე (სულერთია რომელს - გვირილას, ნარცისს, ვარდს...), ვწყვეტდი ფურცლებს და ვეკითხებოდი - "ვუყვარვარ არ, ვუყვარ... იმ ქალს (კეტრინს)" - ასე იგონებს მარჩელო თავის იმჟამინდელ ყოფას. მთელი რომი კი გაოცებული ადევნებდა თვალს საღამოობით ყვავილით ხელში მოსეირნე მარჩელოს და ვერაფრით გარკვეულიყო თავისი კერპის სულიერ მდგომარეობაში.
დილით ისევ მეორდებოდა: - "რომში ჩამოვიდე?! ჩქარი მატარებლით?! არა, მარჩელო, ვერ ჩამოვალ, გადაღებები მაქვს; ხმას რატომ არ იღებ, ცუდად ხომ არ ხარ?! მარჩელო... მარჩელო?!"
- "კარგად ვარ... მაგრამ მოვკვდი"
...და ასე შემდეგ... ყოველდღე!
O,Paris, Paris!
სხვა გზა აღარ ჰქონდა მარჩელოს, ადგა და პარიზში გადასახლდა, სადღაც ლათინურ კვარტალში ბინა იქირავა, კეტრინის საყვარელი სუნამოთ გაჟღინთა ბალიში და მოთმინებით აღიჭურვა.
ფლორაც ელოდა მარჩელოს და სწამდა, რომ მისი ქმარი აუცილებლად დაუბრუნდებოდა ოჯახს...
დიახ, გადასახლდა მარჩელო პარიზში, რათა ახლოს ყოფილიყო სანატრელ სატრფოსთან, მაგრამ ვერც ამან უშველა საქმეს, რადგან კეტრინი (დენევზე მოგახსენებთ) გადაღებების მომიზეზებით თავს არიდებდა თავის იტალიელ მიჯნურს. გადაღებების გარდა, მათს შეხვედრებს კეტრინის ვაჟის, კრისტიანის არსებობაც უშლიდა ხელს, რადგან მკაცრი და კარგამოკეტილი დედის ნება-სურვილით მას უცხო მამაკაცი ახლოს არ უნდა გაჰკარებოდა. მარჩელო კი... მარჩელო ნაირგვარ სათამაშოებს უგზავნიდა კრისტიანს (მას ბავშვები ნამდვილად უყვარდა!), არც საჩუქრებზე ინანებდა ფულს, მაგრამ არ იქნა და არ გალღვა ამ ფრანგი ქალის გული...
...და მაინც გალღვა
ახლა წარმოიდგინეთ სიყვარულით ჭკუადაკარგული მარჩელო მასტროიანი, წარმოიდგინეთ პარიზის საამო საღამოს ფონზე გაფენილი იტალიური სასიყვარულო ფრაზები (წარმოიდგინეთ?) და საკუთარ თავს უპასუხეთ (ქალბატონებს მივმართავთ) - გაუძლებთ ყოველივე ამას და არ უპასუხებთ - ჰო, მარჩელო... მეც მიყვარხარო! (...ნებისმიერ ენაზე!).
დაახლოებით ასეთი რამ დაემართა კეტრინ დენევსაც და არა მარტო დაემართა, მოხდა სასწაული - მელანქოლიური კეტრინი პარიზის ყველაზე მხიარულ ქალად იქცა; მან მარჩელოსთან ერთად საფრანგეთის ყველა პრესტიჟული რესტორანი მოიარა, იგი აღარც ბანკეტებს ერიდებოდა და აღარც დანსინგებს!...
აი, ესაა სიყვარული!
ბედნიერებით გაოგნებული მარჩელო კი პატარა ბიჭს დაემსგავსა; მართალია, მან იცოდა, როგორ უნდა მოენადირებინა ქალის გული (მანამდე საყვარლები არ ჰყავდა, თუ რა?), იცოდა, რომ საჩუქრებითა და ზიზილ-პიპილებით უნდა აევსო სატრფოს შემოგარენი, მაგრამ კეტრინი სხვებს არ ჰგავდა - იგი არასოდეს არაფერს ითხოვდა; ასე რომ. მარჩელო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მან არ იცოდა, როგორ ეამებინა სანატრელი ქალისათვის, მით უმეტეს, რომ ნებისმიერ საჩუქარს კეტრინი საკმაო გულგრილობით ხვდებოდა. ბოლოს მთალად გაიგიჟა თავი (დიახ, მარჩელომ!) და კეტრინს ნიცაში, ზღვის პირას, მწვანეში ჩაფლული ვილა უყიდა. აქ ერთხელაც გალღვა კეტრინის გული და მარჩელოს მადლიერი თვალით შეხედა, მაგრამ... პარიზში დაბრუნებულ მარჩელოს სასტუმროს მოხელემ ახალთახალი "იაგუარის" გასაღები გადასცა. მანქანები ყოველთვის წარმოადგენდნენ მარჩელოს სისუსტეს, მაგრამ ამჯერად მას გუნება გაუფუჭდა, რადგან "იაგუარი" მას კეტრინმა აჩუქა და თითქოს აგრძნობინა - ვალში არასოდეს დაგრჩებიო...
ეს ხომ შეურაცხყოფაა ნამდვილი მამაკაცისთვის?!
მაგრამ ნიცაში და "იაგუართან" მათ მაინც ბედნიერი დღეები გაატარეს, თუმცა ერთი რამ მაინც ჩრდილავდა მათს ბედნიერებას - მარჩელოს ხმაურიანი, სტუმრებით სავსე საღამოები უყვარდა, კეტრინს კი ჭირივით სძულდა შეზარხოშებული საზოგადოება. "პიკნიკის" მეორე დღეს მარჩელო ღრიალებდა და თმებს იგლეჯდა - რით ვერ გასიამოვნე... მთელი ჩემი ფანტაზია გავაუპატიურე, რათა შენთვის ორმოცი სადღეგრძელო შემეთხზაო! (ეს მარჩელოს სიტყვებია) და მაინც ვერაფრით დავიმსახურეო შენი ღიმილი!... კეტრინი კი გულგრილად დუმდა, მალე იგივე მეორდებოდა, კეტრინი ისევ დუმდა... გულგრილად; მესამდებოდა და ისევ დუმდა... მაგრამ ერთხელ ვეღარ მოითმინა და უპასუხა: "ბავშვობაში ერთმა მთვრალმა გამაუპატიურა და მას შემდეგ მეშინიაო მათი" (ეს კეტრინის სიტყვებია)
საბრალო კეტრინი!
კეტრინს ჟურნალისტებიც ეჯავრებოდა, სათოფედ არ იკარებდა მათ და, ალბათ, საამისო მიზეზიც გააჩნდა; მარჩელოს კი, სიამით აღავსებდა ამ ჭორიკანა არსებებთან ბაასი და სწორედ ამ საკითხში დაუშვა ის შეცდომა, რაც ლამის სიყვარულის ფასად დაუჯდა მას.
ერთ მშვენიერ დღეს, ფლორასაგან განქორწინების თანხმობა რომ მიიღო, მარჩელომ საბოლოოდ გადაწყვიტა კეტრინისათვის ხელი ეთხოვა და თავისი "იაგუარით" საყვარელი ქალის სახლისაკენ გაეშურა; თან ორიოდე ჟურნალისტიც გაიყოლა (როგორც წესი და რიგია!) და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - კეტრინ დენევმა სახალხოდ განაცხადა, რომ არასოდეს აპირებს ამ იტალიელის ცოლობას... მიზეზი კი იმ ჟურნალისტების თანხლება იყო!
O, Mamma Mia!
აქამდე მარჩელოს თავად საყვარლები აბეზრებდენ თავს და ურთიერთობათა დაკანონებას ცდილობდნენ, მარჩელო კი, როგორც ნამდვილ იტალიელ დონ ჟუანს შეეფერება, მარჯვედ იცილებდა თავიდან ამ ხიფათს... ახლა კი, მან, მარჩელომ, ხელი სთხოვა ქალს (....რომელიც თურმე უკვე მარჩელოს შვილს ატარებდა მუცლით... ეს ჯერ მარჩელომ არ იცოდა) და უარი მიიღო?! O,Mამმა Mია! ეშმაკმაც დალახვროს ეს პარიზი და მისი ლამაზმანებიც, მორჩა იტალიაში ვბრუნდები... დამთავრდა (ეს მარჩელოს ფიქრებია)... და დაბრუნდა კიდეც იტალიაში, სადაც თავქარიანობისათვის იგი თავად ფედერიკო ფელინიმ და ჯულიეტა მაზინამაც კი გაკიცხეს თურმე...
მაგრამ სულ მალე... 

დადგა 1971 წლის გვიანი შემოდგომა და მთელი მსოფლიოს გაზეთები სენსაციამ მოიარა - მარჩელო და კეტრინი პარიზის უნივერმაღებში ბავშვის ტანსაცმელს ყიდულობდნენო. მარჩელო ბედნიერების საზღვრებს ვერ სცნობდა, იგი წამითაც არ შორდებოდა ფეხმძიმე კეტრინს, ექიმთანაც კი დაჰყვებოდა და დაწვრილებით სწავლობდა მისი ორსულობის მსვლელობის ყველა ნიუანსა და ასე და ამრიგად იშვა გოგონა, რომელსაც მამამ კიარა-შარლოტა დაარქვა და 50 წლის ასაკში მყოფმა (მცირე ხნით) სრულყოფილად იგრძნო, თუ რა არის ამქვეყნიური ბედნიერება.
მარჩელოს კიარა გამორჩეულად უყვარდა; მას სხვა ქალიშვილიც ჰყავდა ოფიციალური ცოლისგან, არაკანონიერ შვილებს ხომ თვლა არ ჰქონდა (სხვათა შორის ისინიც ყველა გოგონები იყვნენ), მაგრამ კიარა-შარლოტა მაინც ყველას და ყველაფერს ერჩია ამქვეყნად და როცა ჟურნალისტებმა ერთხელ ამის მიზეზიც იკითხეს, მარჩელომ უპასუხა - "მე მის დედას ვაღმერთებო!"
კიარა ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი დედ-მამა საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს... დაშორდნენ ისე, რომ დაქორწინება მაინც ვერ მოახერხეს და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ამის მიზეზი მაინც კეტრინი, უფრო სწორად მისი თავნება ხასიათი იყო - იგი უბრალოდ ვერ ეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი ვინმეს, არათუ ბატონობის, არამედ თანაზიარობის ჭრილშიც კი... ეს ამბავი მარჩელოსათვის საბოლოოდ მაშინ გაცნობიერდა, როცა მან ერთ ჟურნალში ამოიკითხა ამბავი იმისა, თუ როგორ უყვარდა რეჟისორ როჟე ვადიმს კეტრინი, როგორ შექმნა მისგან მსახიობი და შვილის შეძენის შემდეგ როგორ მიიღო მისგან უარი...
რა ვქნათ - ასეთი ქალია!
... და მარჩელო დაუბრუნდა თავის მარად ერთგულ ფლორას, თუმცა არასოდეს გაუწყვეტია კავშირი კიარასთან, რომლის ხილვა სიცოცხლით აღავსებდა მსოფლიო კინოს მაესტროს.
ერთხელ მამა შვილთან ჩასულა პარიზში და მასთან ერთად კინოთეატრში წასულა. ფილმიც საგანგებოდ შეარჩიეს თურმე - ის, სადაც დედა (კეტრინი) თამაშობდა. მცირე ხნით ისინი, სამივე ისევ ერთად აღმოჩნდნენ და კიარა სიხარულს ვერ მალავდა, მაგრამ მალე მასაც გაუფუჭდა ხასიათი და მარჩელოს კატეგორიულად მოსთხოვა:
- "წავიდეთ მამა აქედან..."
- "რატომ, შვილო?!"
- "იმიტომ, რომ მეცოდები... შენ ფილმს არ უყურებ... შენ ტირიხარ!"
...დიახ, კეტრინ დენევმა მასტროიანის სიყვარული უარყო!

ალექსანდრე ელერდაშვილი, გაზეთიფანტაზია” #204-205, 2001 წელი