Marlon Brando
დაიბადა 1924 წლის 3 აპრილს
ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში
ე.წ. საშუალო სკოლა მარლონ ბრანდოს არ დაუმთავრებია. ნიუ-იორკზე ოცნებობდა და გადაბარგდა კიდეც იქ თავის დასთან და ხან სატვირთო მანქანის მძღოლად, ხან ლიმონათის გამყიდველად და ხან რად და ხან რად მუშაობდა. მსახიობობაზე ოცნებობდა და მალე სამსახიობო სტუდიაშიც შეძლო მოხვედრა (თან, რა თქმა უნდა მუშაობდა!); ფული ცოტა ჰქონდა, გარდერობში ერთი მაისური და ერთი ჯინსის შარვალი ეკიდა, მაგრამ ასეთი ცხოვრება მოსწონდა კიდეც, რადგან თავს თავისუფლად გრძნობდა და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალ ლამაზმანებთან ატარებდა დროს... სწორედ ასეთი მარლონ ბრანდო იხილა დრამატურგმა ტენესი უილიამსმა, რომელიც იმხანად, 1950 წელს, თავისი პიესისათვის "ტრამვაი - სურვილი" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. ამ, სტენლი კოვალსკის, როლზე ბრანდო დაუფიქრებლად გაამწესეს და... ამერიკელ ახალგაზრდობას სათაყვანოდ ახალი სექს-სიმბოლო გამოუჩნდა. ამავე როლით ბრანდო ჰოლივუდშიც მოხვდა, თუმცა იქაურ წესებს ვერანაირად აუღო ალღო და ამიტომაც მეტსახელად "ველური ბიჭი" შეარქვეს, რაც დღემდე შემორჩა მას. ახალგაზრდა ამერიკა კი წმინდანივით ეთაყვანებოდა თავის კერპს და მასზედ ცუდი არაფრის გაგონება არ სურდა ჰოლივუდის კოკობზიკებისაგან განსხვავებით, რომელთაც ამ გლეხუჭას სახელის ხსენებაზე ალერგია ემართებოდათ და წამდაუწუმ გაიძახოდნენ - "დანა-ჩანგლის ხმარებაც კი არ იცისო!"... არადა, ამ კინოინდუსტრიის ყველა შტატიანი ლამაზმანი მალულად ეკურკურებოდა და ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ "აქტიური ლაშქრობის" დასაწყებად. მარლონს კი უფრო უბრალო, ლათინური ან აზიური წარმოშობის შავტუხა გოგონები მოსწონდა და ამგვარ პარადოქსულობას თავადვე მარტივად ხსნიდა - ",მათში ჰოლივუდის ტურფების სიყალბე კი არა, ნამდვილი ცხოვრებააო ჩაქსოვილი!"
1957 წელს, ფილმ "საიმონის" გადაღებებზე ბრანდომ კინოპავილიონში თვალი მოჰკრა ინდოელ მსახიობს, ანა კაშფის, რომელსაც სწორედ ისეთი გრძელი თმა, ისეთი უძირო თვალები და ისეთი იდუმალი ღიმილი ჰქონდა, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არასდიდებით არ შეეძლო მარლონ ბრანდოს... და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, უნებლიე ყურადღება თავზეხელაღებულ სიყვარულში გადაიზარდა... დიახ, სწორედ ეს გახლდათ ის ერთადერთი ქალი, ვისთვისაც ღირდა ამქვეყნად ცხოვრება.
...მაგრამ ღირდა კი?!
ქორწინების მეორე დღესვე გაირკვა, რომ ანა კაშფი ვინმე უელსელი უილიამ პატრიკ ო,კალეგანის შვილი ყოფილა და ინდოეთში სულ ორიოდე წელი გაეტარებინა, სადაც თითოოროლა როლი ითამაშა თურმე და ჰოლივუდში ბედის საცდელად ჩაიყვანა მისმა გაიძვერა მამამ. მამა-შვილმა კონკრეტული სამიზნეც მალევე მოინიშნეს (მარლონ ბრანდოზე მოგახსენებთ), იცოდნენ რა ამ "ველური ბიჭის" ეკზოტიკური გემოვნების ამბავი და... შედეგმაც არ დააყოვნა! ასეა თუ ისე, ბრანდო მოტყუებული აღმოჩნდა და ერთხანს მდუმარედ იტანდა ამ შეურაცხყოფას, მაგრამ მზაკვრობით შექმნილი ოჯახის ტყვეობას ვეღარ გაუძლო და კვლავ მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების მორევში გადაეშვა. ეს, შესაძლოა, შურისძიებაც იყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ განცხადება განქორწინებაზე თავად "ინდოელმა პატარძალმა" შეიტანა, რომელმაც სასამართლოზე რატომღაც განაცხადა - "ბრანდოსთან თანაცხოვრება დოღის ცხენის ყოფას ჰგავსო", თუმცა ნამდვილი მიზეზი მაინც მისი ქმრის თავაშვებული ცხოვრება იყო, რომელიც მისთვის სასურველ აზიელ გოგონებთან თურმე მეუღლის საძინებელშიც კი იქცევდა თავს.
განქორწინებისათვის, რა თქმა უნდა, ანას ფეხმძიმობასაც არ შეუშლია ხელი და პირველი ქორწინების გაუქმება დაფიქსირდა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე ქორწინება - ბრანდომ ამჯერად სამხრეთამერიკელი მსახიობი მოვიტა კასტანედა დაისვა ცოლად... მეორის შემდეგ მესამეც ადვილი საქმე აღმოჩნდა და ვიეტნამელი ფრანდ ნგუენიც ჩაეწერა მარლონ ბრანდოს ცოლების სიაში. მეოთხე პუერტორიკოელი როტა მორენო გახლდათ, თუმცა ცხოვრების მთავარი ქალის ძიება კვლავ გაგრძელდა და ამ ძიებამ ბრანდო კუნძულ ტაიტიზე ჩაიყვანა, სადაც იგი მორიგ როლში უნდა გადაეღოთ ფილმში "ამბოხება ბაუნტიზე". ამ გადაღებებზე ბრანდოს შესთავზეს, რომ თავადვე შეერჩია პარტნიორი ქალი, საამისოდ თექვსმეტი კანდიდატურა წარუდგინეს და ნება დართეს მას, რომ ყოველ მათგანთან ერთი საღამო გაეტარებინა სასტუმროს ნომერში. არჩევანი საბოლოოდ ჭურჭლის მრეცხავ ტერიტა ტერიიპაიზე შეჩერდა... ამ უკანასკნელმა კი ბრანდოს მალე ბიჭი _ ტეოტა _ გაუჩინა.
აღნიშნული ფილმის გადაღებებზე მრავალჯერ იჩინა თავი ბრანდოს თავნებობამ (იგი არ სწავლობდა ტექსტს, გადაღებებზე უძინარი ცხადდებოდა, აბუჩად ეპყრობოდა რეჟისორის მითითებებს, ითხოვდა დამატებით ჰონორარებს...), რაც საბოლოო ჯამში სტუდიას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა. თავად ფილმმა კი დახარჯული თანხის ნახევარიც ვერ ამოიღო და ეს წარუმატებლობა, რა თქმა უნდა, ბრანდოს დაბრალდა. ჰოლივუდის მაგნატებს ეჭვი შეეპარათ ბრანდოს მონაცემებში, სკანდალი სკანდალს მოსდევდა, თავად მსახიობი კი სულაც არ ნაღვლობდა ამას და სულ მალე იგი ამერიკელ ინდიელთა მოქალაქეობრივი უფლებებისათვის მებრძოლთა რიგებში იხილეს (?!). იმავე ხანებში ბრანდო პათეტიკური სიტყვით წარდგა პუბლიკის წინაშე შავკანიანთა ლიდერის ჯეიმზ ჰატონის დაკრძალვაზე და სახალხოდ განაცხადა - "თეთრკანიანები საზიზღარი რასისტები არიანო!". ამ კამპანიებში მონაწილეობას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ პოლიციამ ბრანდოს 25 მლნ. დოლარის გადახდა მოსთხოვა შეგნებული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის.
არც ამას შეუწუხებია "ველური ბიჭი" და რასობრივი პრობლემების გადაჭრის პარალელურად პირველ ცოლთან ხანგრძლივი სასამართლო პროცესი გამართა მათი ვაჟის, კრისტიანის, თავისთან გადასაყვანად იმ მიზეზისა გამო, რომ დედის ამორალურ ქცევებს ბავშვის ფსიქიკის დაზიანება შეეძლო... ანა კაშფი დიდხანს გაიძახოდა - კრისტიანი დაიღუპებაო ბრანდოს მრავალრიცხოვან შვილებსა და საყვარლებშიო, მაგრამ მამამ პროცესი მაინც მოიგო და თავისი პირმშოს აღზრდა თავად იკისრა.
კინოში კი მარლონ ბრანდოსათვის წარუმატებლობათა სერია დაიწყო, თუმცა იმდენ ჰონორარს მაინც იღებდა, რომ ტაიტის ნაპრებთან რამოდენიმე პატარა კუნძული შეეძინა, სადაც ტარიტასთან ერთად სამოთხისებრ ცხოვრებაში ჩაეფლო. ჰოლივუდში იგი გადაავიწყდათ, კრიტიკოსებმა მისი კარიერა დასრულებულად ჩათვალეს... ბრანდო კი არაფრისდიდებით არ ეთანხმებოდა ამას და ელოდა თავის დროს. ეს დროც დადგა: ფრენსის ფორდ კოპოლა "ნათლიმამას" გადაღებისათვის ემზადებოდა და დონ კოლრეონეს როლისათვის მსახიობს ეძებდა. ამ ვითარებაში თავად ბრანდომ გამოიჩინა აქტიურობა და თავისსავე სახლში გადაღებული კინოსინჯებით ეწვია რეჟისორს. კოპოლა გაეცნო ამ სინჯებს და აღტაცებით შესძახა - "ნამდვილი იტალიელია, მაგრამ ვინააო ეს მსახიობი?!"
ეს მსახიობი მარლონ ბრანდო გახლდათ, რომლის თამაშმა დიდად შეუწყო ხელი "ნათლიმამას" საოცარ პოპულარობას და კრიტიკამ ერთხმად აღიარა ბრანდოს ტრიუმფალური დაბრუნება ჰოლივუდში.
..."ოსკარების" გადაცემის ცერემონიალზე მარლონ ბრანდოს სახელი რომ გამოაცხადეს, სცენაზე პატარა ინდოელი გოგონა ავიდა და განაცხდა - მისტერ ბრანდო პრემიის მიღებაზე უარს ამბობს ინდიელთა ჩაგვრის პროტესტის ნიშნადო. ამგვარი გაუგონარი დემარშის შემდეგ ჰოლივუდმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ბრანდოზე და ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი ù"უკანასკნელი ტანგო პარიზში" მართლაც მისი უკანასკნელი მნიშვნელოვანი კინონამუშევარი აღმოჩნდა.
ასე გამოიკეტა მარლონ ბრანდო საყვარელ ტაიტიზე 20 წლის განმავლობაში და 90-იანი წლების დასაწყისამდე თითმის აღარ გამოჩენილა აქტიურ კინოინდუსტრიაში. მისი უკანასკნელი სკანდალები კი შვილების ცხოვრებას უკავშირვება, რომელთა რიცხვი 11-ს აღწევს და სხვაობა პირველსა და უკანასკნელს შორის 42 წელია. ხუთი შვილი მას სამმა ცოლმა გაუჩინა, სამი გვატემალელმა დიასახლისმა კრიტინამ აჩუქა, სამი დანარჩენი კი შემთხვევითი რომანების წყალობით იშვნენ... თუმცა ის კი ყველგან და ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ მამა არცერთ მათგანს უყურადღებოდ არ ტოვებს და არც ფინანსურ დანაკარგებს ერიდება მათი ბედნიერებისათვის.
...ყოველ საღამოს მარლონ ბრანდო სამხრეთის ზღვებში ჩაკარგული თავისი პატარა კუნძულის სანაპიროზე ზის და მოციმციმე ვარსკვლავებს შესცქერის... მის ყურთასმენას ქარის ნაზი შრიალიც სწვდება, ტალღების ჩუმი დუდუნიც ესმის, მაგრამ მას არაფერი ახსოვს ვარსკვლავების ციმციმის გარდა...
..და თითქოს რაღაცას ელოდებაო...
Комментариев нет:
Отправить комментарий